ძებნის რეზულტატი:
სახელმწიფო დეპარტამენტი: ქართველი ხალხი ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს თავისი ჯარი, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ უვიზო რეჟიმი
„ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ცნობისთვის,10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
რუსეთში, ნორილსკში საწყობები იწვის
რუსეთში, ნორილსკში 3 000 კვ.მ ფართობზე მდებარე საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა. რუსული მედიის ცნობით, თავდაპირველად ხანძრის ფართობი 1,5 ათასი კვადრატული მეტრი იყო, თუმცა მალევე გაორმაგდა. ხანძრის ლიკვიდაციას 40-ზე მეტი ადამიანი და 12 ტექნიკა ცდილობს. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. რეგიონის გუბერნატორმა და ხელისუფლებამ ფედერალური დახმარება მოითხოვეს.
ვატიკანის ბიბლიოთეკა ქართველი მკვლევრებისა და მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება
ბიბლიოთეკაში, საქართველოს შესახებ დაცულ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელი გახდება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაფორმდება. აღნიშნული შეთანხმება, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვატიკანში შეხვედრის შემდეგ შედგა. „შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ ქართველი ბიბლიოთეკარები და არქივარიუსები ჩაერთონ შესაბამის პროგრამებში, რომლებიც გაივლიან გადამზადებას. კვლევითი და მეცნიერული საქმიანობის კუთხით ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ცნობილია, რომ ვატიკანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცავი აქვს, სადაც ძალიან ბევრი ისტორიული წყაროა დაცული მე-15 საუკუნიდან დღემდე. მათ შორის ეს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდებს მოიცავს,“ - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ. მისივე თქმით, ასევე საუბარია, რომ ვატიკანის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა ჰქონდეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტს, რათა მომავალში გაიგზავნოს მკვლევარები დაცული მასალების შესასწავლად.
მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, იტალიაში ჩავიდეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში შესაძლოა, 13 მაისს ჩავიდეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA წერს. კერძოდ, შაბათ-კვირას დაგეგმილი ვიზიტის დროს, ზელენსკი შესაძლოა, მოკლე ვიზიტით იტალიაშიც ჩავიდეს, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯა მელონის და რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდება. ზელენსკი უკვე იმყოფებოდა ფინეთსა და ნიდერლანდებში. უკრაინის პრეზიდენტი 13 მაისს, გერმანიაში გეგმავს ჩასვლას.
იაპონია უკრაინელ ლტოლვილთა დასახმარებლად, $1 მილიარდს გამოყოფს - მედია
იაპონიის ფინანსთა მინისტრმა 11 მაისს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ერთი მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს უკრაინის მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც ლტოლვილები მიიღეს. იტყობინება CNN. აპრილის შუა რიცხვებში იაპონიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის გრანტის გამოყოფის შესახებ. ეკონომიკური აღდგენის პროგრამის ფარგლებში, სახსრები ძირითადად გამოიყოფა ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების, განაღმვის და სხვა ინიციატივების მხარდასაჭერად. მთლიანობაში, იაპონია გეგმავს, რომ წლის განმავლობაში, 600 მილიონ დოლარზე მეტი გაიღოს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის.
ISW: უკრაინელებმა ბახმუტთან რუსების ზოგიერთი პოზიცია გაარღვიეს
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ლოკალური კონტრშეტევების შედეგად, ბახმუტის მახლობლად გაარღვიეს რუსეთის ძალების ზოგიერთი პოზიცია. მათ შორის, უკრაინელებმა დაიკავეს ბახმუტი-ჩასივ იარის ავტომაგისტრალის მონაკვეთი, რომელიც ქალაქ ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს. არ არის დაკონკრეტებული, გაარღვიეს, თუ არა თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის პოზიციები ბახმუტის მახლობლად, რის შესახებაც სხვადასხვა წყარო წერდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ცნობებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 59 საავიაციო და 6 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ქალაქებზე, სლავიანსკზე, კონსტანტინოვკასა და ზაპოროჟიეზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტისა და მარინკისთვის. ამასთანავე, მოწინააღმდეგემ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 95-ჯერ დაცხრილა თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 44 შეტევა.
მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. 10:00 საათზე, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით აღევლინება საზეიმო წირვა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო აღავლენს. წმინდა სინოდმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. 2019 წელს, მთავრობის მიმართვის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღედ დაწესდა. ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ ზეიმობს – 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის, ხოლო 13 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეს.
ჩვენს კონსერვატიულ დამოკიდებულებას ალტერნატივა არ აქვს და პირდაპირ კავშირშია ჩვენს სუვერენიტეტთან და უსაფრთხოებასთან - თავდაცვის მინისტრი
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსერვატიულ ფორუმში მონაწილეობა ძალიან წარმატებული პროექტია. „ჩემი აზრით, ჩვენს ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ლიბერალიზმი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევხედოთ რელიგიური და მორალური პრიზმიდან, პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვისა თუ შენარჩუნების. თუ უკითხავთ ჩვენს ოპონენტებს, როგორია ჩვენი გენოფონდი, როგორია მისი პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ამის ხელშეწყობა, ამ პრიზმიდან მინდა ვაჩვენო ჩვენს ოპონენტებს, ეს იქნება კატასტროფა და საქართველოს სუვერენიტეტის რისკები, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო. ასე რომ, ჩვენ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ შინაგანად პრემიერი და ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებას ვემხრობით. შეიძლება ითქვას, კონსერვატიულობა არის ჩვენი მთავარი იდეა, ჩვენი ხელისუფლების. მე ვერ ვხედავ ამის ალტერნატივას უსაფრთხოების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს ცნობით.
ჯინ შაჰინი: ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც მათი ქვეყნის 20%-ს აკონტროლებს
ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე საუბრისას ამბობს, რომ ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც მათი ქვეყნის 20%-ს აკონტროლებს. „ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და ინარჩუნებს კონტროლს მათი ქვეყნის 20%-ზე. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს“, - წერს ამერიკელი სენატორი Twitter-ზე.
პროკურატურა აცხადებს, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინა და ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. გამოვლენილია დიდი ოდენობით თანხის თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდებისას მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ინტერნეტ-სივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს და დაზარალებულებს - აშშ-ის მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხები საქართველოში, მათ მიერვე დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. აღნიშნული გზით, ერთ-ერთი ბრალდებული და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები, დაზარალებულთა კუთვნილ დაახლოებით 1 820 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ. შემდგომში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თანხის ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, დანაწევრებით გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ანგარიშებზე, რა გზითაც 1 770 000 აშშ დოლარის ლეგალიზაცია მოახდინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ტრანსნაციონალური დანაშაული. „ბრალდებულმა, საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს მათი კლიენტების სახელით, სხვადასხვა მიზნობრიობით თანხის საქართველოში, მის მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვასთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებები გაუგზავნა, რა გზითაც აღნიშნული საწარმოების კუთვნილ 445 000 ევროს მოტყუებით დაეუფლა. შემდგომში, ბრალდებულმა, ფიქტიური დანიშნულებებისა და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი, დანაწევრებით გადარიცხა სხვადასხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, რა გზითაც 100 000 ევროს ლეგალიზაცია მოახდინა. ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითობისა და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიულ პირებს ბრალდება წარედგინათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. ბრალდებულ ფიზიკურ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Abrams-ის ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში გადაეცემა - ოსტინი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა სენატში, სამხედრო ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართული მოსმენის დროს განაცხადა, რომ ამერიკული Abrams-ის ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში გადაეცემა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ტანკების მიწოდების დასაჩქარებლად, პროგნოზი ასეთია - შემოდგომის დასაწყისი“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. მისი განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს უკვე აქვთ „წვდომა“ Abrams-ის რამდენიმე ტანკზე, რათა დაიწყონ ეკიპაჟების მომზადება იმ ტანკებისთვის, რომლებიც მოგვიანებით ჩამოვლენ. პენტაგონი იმედოვნებს, რომ დაპირებული ტანკების უკრაინაში ჩასვლამდე ეკიპაჟები მზად იქნებიან მათ სამართავად.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. "ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 197 670 (+ 750); ტანკი - 3 745 (+5); ჯავშანტექნიკა - 7 295 (+8) საარტილერიო სისტემა - 3 068 (+15);სარაკეტო სისტემა - 559 (+2)", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
გარდაბანში მკვლელობა მოხდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა, რასაც ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ცნობილია, კაცი სამართალდამცავებმა დააკავეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
აზერბაიჯანმა ევროპაში გაზის ექსპორტი 4 თვეში 10,5%-ით გაზარდა
აზერბაიჯანმა 4 თვეში ევროპაში 4 მილიარდ კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა. გაზის ექსპორტი იანვარ-აპრილში 10,5%-ით გაიზარდა. ევროპაში 3,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. გარდა ამისა, თურქეთში 3,4 მილიარდი კუბური კუბური მეტრი გაზი იყო ექსპორტირებული, ხოლო საქართველოში - 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. „ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 1,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა“, - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.
უკრაინას ბახმუტში წინსვლა აქვს - ოფიციალური პირი
უკრაინის ძალებმა ბახმუტთან 2 კილომეტრით წინ წაიწიეს. იუწყება თავდაცვის მინისტრის მოადგილე. უკრაინამ პარასკევს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს დონეცკის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბახმუტის გარშემო, რომელიც თვეების განმავლობაში რუსეთთან ბრძოლის ეპიცენტრია. რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ მის დაპყრობას. ქალაქის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია და იქ ომის დაწყებამდე 72 000 ადამიანი ცხოვრობდა. „მტერმა ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადა. ჩვენ ამ კვირაში ბახმუტში არცერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს“, - განაცხაად ჰანა მალიარმა.
ერდოღანის მთავარი კონკურენტი რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს
თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ფართო ოპოზიციური კოალიციიდან, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის კონკურენტად მიიჩნევა, რუსეთს საარჩევნო კამპანიაში ჩარევაში ადანაშაულებს. ქემალ ქილიჩდაროღლუმ ტვიტერზე დაწერა, რომ რუსები „შეთქმულებისა და „ფეიკების“ უკან დგანან". „თუ გსურთ ჩვენი მეგობრობის გაგრძელება 15 მაისის შემდეგ, ხელები შორს თურქეთის სახელმწიფოსგან“, - ნათქვამია ტექსტში. ამასთან, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ის კვლავ თანამშრომლობისა და მეგობრობის მომხრეა. განახლება: კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ „თუ ვინმემ ბატონ ქილიჩდაროღლუს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა, ისინი მატყუარები არიან". ერდოღანის მთავარი კონკურენტი აცხადებს, რომ „ავტორიტარიზმს“ დაასრულებს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს არის დაგეგმილი. მთავარი მეტოქეები არიან ერდოღანი და ქილიჩდაროღლუ. გამოკითხვების უმეტესობის მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს მცირე უპირატესობით, მაგრამ სავარაუდოა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური იქნება საჭირო.
2023 წლის აპრილში ინფლაციამ 2.3% შეადგინა - საქსტატი
2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით, 2023 წლის აპრილში ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა, რაც 0.4 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 2.7-პროცენტიან ინფლაციაზე. "რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 5.1%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 6.8%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 1.5%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 9.2%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – 6.1%; ჯანმრთელობის დაცვა – -8.2%; ტრანსპორტი – -13.7%; კავშირგაბმულობა – -3.0%; დასვენება, გართობა და კულტურა – 3.3%; განათლება – 7.0%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 10.8%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 11.3%", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისიდან ბაქომდე სარკინიგზო ხაზი ავაშენეთ, რითაც შუა დერეფანი ვითარდება - ილდირიმი
„საქართველოსთან შევთანხმდით შუა დერეფანზე, ავაშენეთ სარკინიგზო ხაზი თბილისიდან ბაქომდე, რითაც აღორძინდება შუა დერეფანი“, - ამის შესახებ თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარის მოადგილემ, ბინალი ილდირიმმა განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მან გააკრიტიკა ოპოზიციური ბლოკის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ძველი აბრეშუმის გზის იდეის გამო, რომელიც აზერბაიჯანის გვერდის ავლით, ჩინეთს ევროპასთან თურქეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს. ილდირიმის შეფასებით, თურქული სამყარო აზერბაიჯანის გარეშე წარმოუდგენელია. ილდირიმმა ასევე აღნიშნა, რომ შუა დერეფანი გამოცოცხლდა. „სამხრეთის დერეფანი ირანის გავლით მიდის ჩინეთში, იმ პირობებში, როცა ჩვენი საზღვრები სომხეთთან დაკეტილია, საქართველოსთან შევთანხმდით შუა დერეფანზე, ავაშენეთ სარკინიგზო ხაზი თბილისიდან ბაქომდე, რითაც აღორძინდება შუა დერეფანი", - აღნიშნა ილდირიმმა.
ვინც აცხადებს, რომ ორმხრივი სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, საქართველომ უნდა გარისკოს სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა - პაპუაშვილი
ვინც ამბობს, რომ ორმხრივი სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, საქართველომ უნდა გარისკოს სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. "ერთი წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის კეთილსინდისიერი პარტნიორები. თავიდანვე ვთქვით და ამ პრინციპს მივყვებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს. სხვათა შორის, ამაზეც თავიდან ჰქონდათ თითქოს ატეხილი სკანდალი, თუმცა შემდეგ ოპოზიციის თითო-თითო წარმომადგენელი დაეთანხმა პრინციპს, რომ საქართველომ არ უნდა დააწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამას ეთანხმებოდნენ, ახლა თითქოს სხვა შეფასებები ისმის, როცა საუბარია სავიზო შეზღუდვებზე რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს იგივე სანქციაა. ამიტომ ორი პრინციპია მთავარი – საქართველო უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ტერიტორიები არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია და ესკალაციის ბოლოს შეიძლება იყოს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი, რაც არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. ვინმეს ინტერესში თუ შედის, რომ აქ კონფლიქტი იყოს, მაშინ თქვას, განაცხადოს და იმსჯელოს იმ საკითხზე, უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამბობს, რომ საქართველომ ორმხრივი სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, რომ საქართველომ უნდა გარისკოს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა რუსეთთან", - თქვა პირველი არხის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
ზელენსკის ოფისში უარყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს „ევროვიზიის“ მაყურებლებისადმი მიმართვა სურდა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი არ ადასტურებს ინფორმაციას იმი შესახებ, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა, მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიის“ აუდიტორიისადმი მიემართა. უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი სერგი ნიკიფოროვი Facebook-ზე წერს, რომ პრეზიდენტის ოფისს „ევროვიზიის“ ორგანიზატორებისთვის არ მიუმართავს ფინალში, ან კონკურსის ნებისმიერ სხვა ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინ გამოსვლის თხოვნით. მანამდე, The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა „ევროვიზიის“ მრავალმილიონიანი მაყურებლისთვის მიემართა და მოეწოდებინა რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ. ამასთან, თავად კონკურსის ორგანიზატორის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდა განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროვიზია“ საერთაშორისო გასართობი შოუა, მისი დაარსებისთანავე დადგენილი მკაცრი წესების და პრინციპების დაცვით ტარდება და კონკურსის არაპოლიტიკური ხასიათი გამორიცხავს „ევროვიზიის“ ფარგლებში პოლიტიკური განცხადებების შესაძლებლობას. „ევროვიზია 2023" უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, რადგან წინა წლის კონკურსში სწორედ უკრაინულმა ჯგუფმა - Kalush Orchestra-მ გაიმარჯვა. უკრაინაში ომის გამო, წლევანდელ კონკურსს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული მასპინძლობს. 2022 წელს, ბრიტანეთის წარმომადგენელმა ხსენებულ კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა.