ძებნის რეზულტატი:

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის დრო შემცირდება

რას გულისხმობს ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის ფარგლებში აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გასამარტივებლად გაფორმებული შეთანხმება, ამასთან დაკავშირებულ დეტალებზე აზერბაიჯანული მედია წერს. მისი ცნობით, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და სამეწარმეო კომიტეტის თავმჯდომარემ თაჰირ მირკიშილმა მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მონაცემთა წინასწარი გაცვლის შეთანხმება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქონლის შეუფერხებლად და სწრაფ საერთაშორისო ტრანსპორტირებას სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით. ასევე, ტვირთების გადაზიდვისას დროის შემცირებას. „თანამშრომლობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საბაჟო კონტროლზე დახარჯული დრო უნდა შემცირდეს, პროცედურები გამარტივდეს მონაცემთა გაცვლის პირველადი ელექტრონული სისტემების გამოყენებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქონელს, რომელიც საჭიროებს სწრაფ ტრანსპორტირებას, ინსპექტირების ჩატარებას რისკის ანალიზის საფუძველზე. მიიღებენ ერთობლივ ზომებს გარკვეულ პუნქტებზე, გაუზიარებენ ერთმანეთს რენტგენის გამოსახულებებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციას ტექნოლოგიების განვითარებაზე 6 თვის განმავლობაში გაცვლიან. „დაგეგმილია სამმხრივი თანამშრომლობის კომისიის შექმნა ყველა საკითხის მოსაგვარებლად. ხელშეკრულების დეპოზიტარი გახლავთ თურქეთი, ხელშეკრულება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დოკუმენტი თურქულ მხარეს ექნება“, - აღნიშნა მირკიშილმა. შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები არიან აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი, თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო და საქართველოს შესამოსავლების სამსახური. BTK-მა 2022 წელს 432,284, 2017-2022 წლებში კი, 1,347,585 ტონა ტვირთი გადაზიდა.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით, წელს დაგეგმილზე მეტის, 1,125 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება

წლის ბოლომდე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, 1,125 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება. განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრთან სერიკ ჟუმინაგარინთან შეხვედრისას. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „აზერბაიჯანი ყოველთვიურად იღებს ყაზახეთის ნავთობით დატვირთულ 12-დან 14-მდე ტანკერს. ეს დამაკმაყოფილებელი მონაცემებია. მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმება წელს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, 2023 წლის ბოლომდე 1,125 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას შევძლებთ“, - განაცხადა მინისტრმა. შაჰბაზოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პროდუქტიული თანამშრომლობის დასაწყისია და ამ მხრივ, შესაძლოა, ბაქო-სუფსის მილსადენი იყოს შესანიშნავი ალტერნატივა ყაზახური ნავთობის გადაზიდვისთვის.  

112-ის შეფერხების გამო, ალტერნატიული ნომრები მოქმედებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 შეფერხებით მუშაობს. უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206 598087761 577011139 577011174 591544384 591946840 591946870 591544375 ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რუსეთის ქალაქს დრონებით ისევ შეუტიეს

რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი იუწყება, რომ რუსეთის ქალაქ ვორონეჟზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ვორონეჟი, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით, 180 კილომეტრში მდებარეობს, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებს ესაზღვრება. ხსენებულ ოლქებზე შეტევები ბოლო პერიოდში ხშირია, რაშიც, რუსეთის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს. თავის მხრივ, კიევი თავდასხმებში მონაწილეობას არ ადასტურებს.  

მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია

საპენსიო სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, წმინდა ამონაგები 584.5 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 405 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,781 პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 10,668,997.13 ლარს შეადგენს.  

პაკისტანმა და თურქმენეთმა TAPI-ის გაზსადენის პროექტზე მუშაობა დააჩქარეს

პაკისტანმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ გეგმას (JIP), რომ თურქმენეთის, ავღანეთის, პაკისტანისა და ინდოეთის (TAPI) გაზსადენის პროექტზე მუშაობა დააჩქარონ. ხელმოწერის ცერემონიას ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. შეთანხმებას პაკისტანში, თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტისას გაფორმდა. თურქმენეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის ხედვის მნიშვნელოვანი კომპონენტი, TAPI-ს გაზსადენის პროექტი უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას როგორც პაკისტანში, ასევე, მთელ რეგიონში. „ეს პროექტი არის პაკისტანისა და თურქმენეთის სტრატეგიული თანამშრომლობის გამოვლინება ენერგეტიკულ სექტორში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. TAPI-ს გაზსადენის პროექტი მიზნად ისახავს ბუნებრივი აირის მიწოდებას თურქმენეთის გალკინიშის გაზის საბადოდან პაკისტანში, ავღანეთის გავლით. მილსადენის მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო.  პროექტის მოცულობა 33 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში. მილსადენის სიგრძე 1814 კილომეტრია.  

„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მანდატი ფართოვდება

ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსის, ეკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება, რაც მათ დროულ ჩართულობას და რეაგირებას გულისხმობს. „განხილვის პროცესშია საკანონმდებლო ცვლილებები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომ უფრო დროული რეაგირება და საქმიანობა შეეძლოს რეგულირების სააგენტოს. პარლამენტში მიმდინარეობს ამ პროექტის განხილვა. მნიშვნელოვანია ის, რომ თუ პაციენტი მომართავს რეგულირების სააგენტოს განცხადებით და საჩივრით, დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო დაუყოვნებლივ რეაგირებას ვერ ახდენს, ამასთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა მიმართოს. სასამართლომ 72-საათის განმავლობაში შუამდგომლობა უნდა წარმოადგინოს რეგულირების სააგენტოში, ასევე მიაწოდოს მხარეებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს გარკვეულწილად აფერხებს რეგულირების სააგენტოს დროულ და ოპერატიულ საქმიანობას. დაუყოვნებლივ ვერ ვრეაგირებთ პაციენტის საჩივართან დაკავშირებით და მეორე, როდესაც მხარე შუამდგომლობის მისვლისთანავე ამ შემთხვევის შესახებ იგებს, რეგულირების სააგენტოს კომისიას რეალური ფაქტები აღარ ხვდება. იქ წესრიგდება დოკუმენტაციები, ექიმების განმარტებები, უკვე ინფორმაციული ხდება ეს საკითხი დაწესებულებისთვის, რაც რეგულირების სააგენტოსთვის ეფექტიანი არ არის. ამ კანონპროექტის ცვლილების შემდეგ, გვექნება დროული რეაგირება და უფრო რეალური ფაქტი იქნება წარმოდგენილი იმისთვის, რომ პაციენტმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს“,- განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.  

სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს „ფრი მიშას“ კამპანიას - პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს „ფრი მიშას“ კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი „მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს „ფრი მიშა“ კამპანიას. ეს სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ხელისგულზე დევს. სააკაშვილი ვიდრე საქართველოში შემოიპარებოდა და ციხეში აღმოჩნდებოდა, მანამდეც ვხედავდით, როგორ დადიოდა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის კორიდორებში, როგორ ართმევდნენ ხელს, მასთან, კრიმინალ ადამიანთან სემინარს ატარებდნენ. ადამიანთან, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და ამაზე არავინ დავობს. სააკაშვილს ვინც მაშინ ახალისებდა, მათ შორის, იმით, რომ საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეტარებინა, შემოპარულიყო და ქვეყანა აერია, დღეს ეს ადამიანები დგანან და კვლავ იცავენ, მის ციხიდან დახსნას ცდილობენ. ამას პოლიტიკური კორუფციის გარდა, ჯიუტ „ფრი მიშას“ კამპანიად, ვერ ავხსნი“, – განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ომის შედეგად, უკვე 487 ბავშვი დაიღუპა - უკრაინა

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 486 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 009 -ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა: დონეცკის რეგიონში - 464; ხარკოვის ოლქში - 283, კიევის ოლქში - 128, ჩერნიგოვის ოლქში - 70, ლუგანსკის ოლქში - 67, ნიკოლაევის ოლქში - 89, ხერსონის ოლქში - 105, ზაპოროჟიეს ოლქში - 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 80. პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

უკრაინის შსს-ს ცნობით, კახოვკის ჰესის ნგრევით გამოწვეულმა წყალდიდობამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

კახოვკის კაშხლის განადგურების შედეგად ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილში 5 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, 9 ივნისის მდგომარეობით, ხერსონის ოლქში დატბორილია 48 დასახლებულ პუნქტი. მათგან 34 - მდინარე დნეპრის მარჯვენა და 14  - რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარცხენა ნაპირზე. ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, დატბორილია 3 625 სახლი. ევაკუირებულია 2 412 ადამიანი. ნიკოლაევის ოლქში: დატბორილია 23 დასახლებული პუნქტი. ევაკუირებულია 815 მოქალაქე. რაც შეეხება ხერსონის ოლქის მეორე ნაწილს, დნეპრის მარცხენა ნაპირს, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, კრემლის მიერ ე.წ. გუბერნატორად დანიშნული ვლადიმირ სალდოს მიერ ტელეგრამით დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები ადგილობრივ დე ფაქტო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ 17 დასახლებულ პუნქტში დატბორილია 22 200-მდე სახლი და ევაკუირებულია 5 800-ზე მეტი ადამიანი. სტიქიური უბედურების ზონაში ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით ვერ მოწმდება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი      

უკრაინის უშიშროების სამსახური: რუსი ჯარისკაცი ადასტურებს, რომ კახოვკის კაშხალი რუსეთმა გაანადგურა

უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრების თანახმად, სავარაუდოდ, რუსმა სამხედრომ განაცხადა, რომ რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი ხერსონის ოლქში. რუსეთის მიერ ოკუპირებული კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი მდინარე დნიპროზე, 6 ივნისს განადგურდა, რამაც სამხრეთ უკრაინაში ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. უკრაინის ცნობით, კაშხალი რუსმა ძალებმა ააფეთქეს. მოსკოვის მიერ „დანიშნული“ ე.წ. მთავრობა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში ნგრევაში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა, ეს პრეტენზია სწრაფად უარყო კიევმა და შეახსენა კრემლს, რომ უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, რუსმა ჯარებმა კაშხალზე ასაფეთქებელი ნივთიერებები უკვე გასულ წელს მოათავსეს. უკრაინის ოფიციალური პირები არაერთხელ ამბობდნენ, რომ კახოვკის კაშხლის გარე თავდასხმებით განადგურება შეუძლებელი იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ საერთაშორისო მედია იმის გამო გააკრიტიკა, რომ „რუსული ნარატივებით ეხმიანებიან კაშხლის აფეთქებას“. კულებამ აღნიშნა, რომ ეს „ფაქტებს და პროპაგანდას თანაბარ პირობებში აყენებს". კაშხლის რღვევით გამოწვეულმა მასობრივმა წყალდიდობამ შესაძლოა, უკრაინელი სამხედროების მოსალოდნელი კონტრშეტევა ქვეყნის სამხრეთში გაართულოს. ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი Europetime-თან ამბობს, რომ უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი თუმცა უკრაინის სამხრეთის სამხედრო სარდლობის პრესსპიკერი, ნატალია ჰუმენიუკი ამბობს, რომ კახოვკის ჰესზე აფეთქებამ მომავალი ბრძოლის ლანდშაფტი შეცვალა და არა გეგმები. რუსეთის ჯარებმა სრულმასშტაბიანი ჭრის პირველ დღეებში დაიკავეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგური და მას შემდეგ აკონტროლებენ მას.

სააპელაციოს უვადო მოსამართლემ, შოთა გეწაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, შოთა გეწაძემ, თანამდებობა დატოვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, გეწაძე სხვა თანამდებობაზე დანიშვნის გამო, პირველი ივნისიდან გათავისუფლდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ, პირადი განცხადებით, სხვა თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველზე, მოსამართლის თანამდებობა დატოვა. საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, შოთა გეწაძე დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე შვეიცარიის კონფედერაციაში, სადაც საქმიანობას მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან შეუდგება. ეს ფაქტი შოთა გეწაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა. „2023 წლის 2 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, შოთა გეწაძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ პროტოკოლის დეპარტამენტში, ღონისძიებების და ცერემონიების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განაგრძობს. სხდომაზე ასევე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე პირველ ივნისს დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ახალ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ აცნობა, რის გამოც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება მოითხოვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა ხმა მოსამართლის გათავისუფლების შესახებ საკითხს. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად სასამართლოს ერთი კარგი მოსამართლე მოაკლდება. შესაბამისად, 2023 წლის 1-ელი ივნისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლე შოთა გეწაძემ, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის 13-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 43-ე მუხლის, „მ“ ქვეპუნქტის თანახმად მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია მოსამართლის სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა“, - აღნიშნულია "სასამართლოს გუშაგის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ბაზარზე მოლდოვური ავიაკომპანია - FLYONE შემოდის

დაბალბიუჯეტური მოლდოვური ავიაკომპანია FLYONE კიშინეუ - თბილისი - კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის, ფრენები მიმდინარე წლის 20 ივნისიდან ყოველდღიურად შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 8 ივნისს მიანიჭა.  

გურჯაანის მერმა თანამდებობა დატოვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობა დატოვა. მუშაობას ჯანდაცვის სფეროში გააგრძელებს, სადაც ის არჩევამდე მუშაობდა. „ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში. ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს - გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად", - დაწერა ზურაბ უტიაშვილმა. Facebook-ზე. უტიაშვილი გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს. ის გურჯაანის მერის თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აირჩიეს. მერის მოვალეობას მოადგილე, ლერი გელენავა შეასრულებს.  

ისლანდია მოსკოვში საელჩოს ხურავს

ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა, რათა მოსკოვში ისლანდიის საელჩოს დახურვის შესახებ ეცნობებინა. გადაწყვეტილება პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ისლანდიამ ასევე მოსთხოვა რუსეთის ფედერაციას, „შეამციროს რეიკიავიკში საქმიანობის მასშტაბები“ და შეამციროს დიპლომატიური მისიის სტატუსი. ამასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას. ისლანდია იმუშავებს საელჩოს ხელახლა გახსნაზე. „დღევანდელი ვითარება უბრალოდ არ იძლევა საშუალებას, რომ ისლანდიის მცირე დიპლომატიურ სამსახურს ჰქონდეს საელჩო რუსეთში. ვიმედოვნებთ, რომ პირობები ოდესმე მოგვცემს საშუალებას, გვქონდეს ნორმალური და ნაყოფიერი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ეს დამოკიდებულია კრემლის გადაწყვეტილებებზე“, - ნათქვამია ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთში ისლანდიის საელჩო 1944 წლიდან (გარდა 1951-1953 წლებისა) ფუნქციონირებს, მაგრამ ახლა რუსეთთან სავაჭრო, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები ისტორიულ დაბალ დონეზეა.   

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6069 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6069 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6069 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6102 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8053 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8005 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

დატბორილი ტერიტორიებიდან ხალხის ევაკუაცია გრძელდება - ზელენსკი

რუსეთი პასუხისმგებელია ამ მიზანმიმართულ დანაშაულზე ადამიანების, ბუნებისა და თავად სიცოცხლის წინაშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ჩვენ ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ. ევაკუაცია გრძელდება. სადაც კი შეგვიძლია ხალხის გამოყვანა წყალდიდობის ზონიდან, ჩვენ ამას ვაკეთებთ. სახელმწიფოს საგანგებო სამსახური, პოლიცია და სამხედროები დიდ საქმეს აკეთებენ. მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, დატბორილია 3 625 სახლი. ევაკუირებულია 2 412 ადამიანი. ნიკოლაევის ოლქში: დატბორილია 23 დასახლებული პუნქტი. ევაკუირებულია 815 მოქალაქე. რაც შეეხება ხერსონის ოლქის მეორე ნაწილს, დნეპრის მარცხენა ნაპირს, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, კრემლის მიერ ე.წ. გუბერნატორად დანიშნული ვლადიმირ სალდოს მიერ ტელეგრამით დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები ადგილობრივ დე ფაქტო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ 17 დასახლებულ პუნქტში დატბორილია 22 200-მდე სახლი და ევაკუირებულია 5 800-ზე მეტი ადამიანი. სტიქიური უბედურების ზონაში ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით ვერ მოწმდება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი  

ცნობილია, რაზე ისაუბრეს, ოლაფ შოლცმა და ირაკლი ღარიბაშვილმა

ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნებს შორის არსებული კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებაზე ვისაუბრეთ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. "შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის.მთავრობის მეთაურის თქმით, ფედერალური კანცლერი საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის ღიად უჭერს მხარს, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.   

ოლაფ შოლცმა საქართველოს მთავრობას აუცილებელი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შეხვედრის შინაარსს ავრცელებს. გერმანული მხარის ცნობით, ლიდერების მიერ განხილულ საკითხებს შორისაა: გერმანია-საქართველოს მრავალმხრივი თამაშრომლობის გაღრმავება, უსაფრთხოების და ევროპის პოლიტიკის აქტუალური საკითხები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გლობალური შედეგები. ცნობილია, რაზე ისაუბრეს, ოლაფ შოლცმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია კვლავინდებურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ კურსს და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები საჭირო რეფორმების გატარების მიმართულებით. კანცლერის ოფისის ინფორმაციაში მითითებულია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები განსაზღვრავს კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას. ამ კონტექსტში კანცლერმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მომავალი კვირების განმავლობაში მაქსიმალურ ძალისხმევა მიმართოს აუცილებელი ღონისძიებების დროულად და ძალზე აქტიურად გასატარებლად. „უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბრისას ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ფედერალური კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც შეინარჩუნებენ ღია და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს და კვლავინდებურად ექნებათ მჭიდრო კომუნიკაცია”, - ნათქვამია გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ზელენსკი აშშ-ის დახმარებაზე: ვუახლოვდებით ჩვენი მიწების გათავისუფლებას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს დახმარებისთვის მადლობას უხდის. შესაბამისი პოსტი ზელენსკის Twitter-ზე გავრცელდა. „კახოვკის ჰესის აფეთქების გამო უპრეცედენტო რუსული ტერორისა და ეკოციდის ფონზე, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით  მიწის გათავისუფლებას!" წერს ზელენსკი. აშშ უკრაინას 2.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უსაფრთხოების სფეროში უკრაინისთვის დახმარების გაწევის ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა, რომელიც მრეწველობასთან და პარტნიორ ქვეყნებთან გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებას ითვალისწინებს, შესაბამისად აღჭურვილობა უკრაინას უახლოეს პერიოდში არ გადაეცემა. სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს რაკეტებს Patriot-ის ტიპის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, Hawk-ის ტიპის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს, 105 მმ და 203 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, Puma უპილოტო საავიაციო კომპლექსებს, საბრძოლო მასალას სარაკეტო სისტემებისთვის ლაზერული დამიზნებით, ასევე, დახმარებას ტექნიკის მომზადებაში, ტექნიკურ მომსახურებასა და უზრუნველყოფაში. „შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას უკრაინისთვის შესაძლებლობების მისაცემად, რომელიც საჭიროა ბრძოლის ველზე საჭიროებების და უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.