ძებნის რეზულტატი:
კულება: უკრაინაში უცხო ქვეყნები ჯარებს ომის დასრულებამდე არ განათავსებენ
უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნები შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე ჯარისკაცებს არ განათავსებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ტელეკომპანია 1+1-ს განუცხადა, რომ უკრაინა სხვა ქვეყნის ჯარების განთავსებას არ ითხოვს. „უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე, უცხო ქვეყნები არ განათავსებენ ჯარებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. უფრო მეტიც, ჩვენ ამას არ ვითხოვთ - ჩვენ ვამბობთ: მოგვეცით იარაღი, ჩვენ ვიცით, როგორ ვიბრძოლოთ. მან კიდევ ერთხელ გაომეორა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ამ ომს ვერ დაასრულებს, მაგრამ შეაჩერებს ახალ ომებს. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, მისი ბრიგადები NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებში განლაგდებიან და დაიცავენ მათ. შეგახსენებთ, NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა, გამოთქვა ვარაუდი, რომ NATO-ს წევრმა გარკვეულმა ქვეყნებმა, შესაძლოა, გამოთქვან მზადყოფნა უკრაინაში ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით, თუ წევრი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე კიევს უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მისცემენ.
ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მოსაზრებების მიღებას აანონსებს
ევროპის საბჭოს კონსტიტუციური სამართლის ექსპერტთა ორგანო, ვენეციის კომისია 9-10 ივნისს პლენარულ სხდომას გამართავს. სხდომის განმავლობაში მოსალოდნელია საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მოსაზრებების მიღება. სხდომა მედიისთვის დახურული იქნება. პრესრელიზი გამოქვეყნდება ორშაბათს, 12 ივნისს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღებული მოსაზრებები გამოქვეყნდება ვენეციის კომისიის ვებგვერდზე. საქართველოს პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში კიდევ ერთხელ , 14 აპრილს გაგზავნა. დაჩქარებული მოსაზრების მისაღებად გაგზავნილ წერილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს ხელს. 13 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო. მაანამდე დოკუმენტი ვენეციის კომისიამ შეაფასა და დასკვნა გამოაქვეყნა. 14 მარტს გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ორგანომ, ვენეციის კომისიამ, საქართველოს ხელისუფლებას სისტემური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა, რაც გამორიცხავს „დეოლიგარქიზაციის" მისაღწევად, კონკრეტული პირების სამიზნედ ქცევას. ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის პოზიციას იმეორებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. დოკუმენტის მიხედვით, კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ ის ოპოზიციაზე გავრცელდება. კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე: ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან დასკვნის თანახმად, „ოლიგარქიზაცია“ პოლიტიკური მანდატის გარეშე პოლიტიკური ძალაუფლების არაგამჭვირვალედ განხორციელების, პარლამენტებზე, მთავრობებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებზე გავლენის ერთობლიობის შედეგია; ასევე, მედიაზე გავლენა ან ფლობა; გადამწყვეტი თუ არა, მონოპოლიური გავლენა მთელ რიგ სფეროებზე, როგორიცაა, ენერგეტიკა, სამთო საკითხები, ნავთობი და გაზი, მეტალურგია, უძრავი ქონება. ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების ასეთი გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა ძალიან კომპლექსური საკითხია. ვენეციის კომისიის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კონკრეტული კანონმდებლობა, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის ვალდებულება ასევე იყო ევროკომისიის კონკრეტული რეკომენდაცია საქართველოსა და მოლდოვის მიმართ. „მას შემდეგ, საქართველომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ძალიან მჭიდროდ არის დაფუძნებული უკრაინის კანონმდებლობაზე. თუმცა, თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკური მიდგომა“. კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ დეოლიგარქიზაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს სისტემური მიდგომით, რომელსაც აქვს პრევენციული ეფექტი და მიზნად ისახავს მრავალ სფეროს, როგორიცაა, მედიასთან, ანტიმონოპოლიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებთან, გადასახადებთან, ანტიკორუფციულ და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. კომისიის შეფასებით, საქართველოს კანონპროექტი ფოკუსირებულია ეგრეთ წოდებულ „პერსონალურ“ (დასჯის) მიდგომაზე, რომელიც ცდილობს ე.წ. „ოლიგარქების“ იდენტიფიცირებას კონკრეტული კრიტერიუმების მეშვეობით, მაგალითად, როგორიცაა, სიმდიდრე, მედიამფლობელობა და ასე შემდეგ. ეს მიდგომა, ვენეციის კომისიის აზრით, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკებს, რაც პოტენციურად ზიანს აყენებს პოლიტიკურ პლურალიზმს. კომისია პირის „ოლიგარქად“ დასახელების უფლებამოსილების არა მთავრობაზე, არამედ, სხვა ორგანოებზე გადაცემას უწევდა რეკომენდაციას. ცნობისთვის, 14 მარტს, ამ დასკვნის გასაჯაროებამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ვენეციის კომისიისგან არ არის წინააღმდეგობა, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ წარდგენილი კანონი მიიღოს, თუმცა აქვს რეკომენდაციები, რასაც განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“. „რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, როგორც გახსოვთ, პოლიტიკურ დისკუსიაში საუბარი იყო ორ საკითხზე. ერთი - რამდენად იყო ეს მართლაც უკრაინული კანონის თარგმანი; და მეორე - ჰქონდა თუ არა საქართველოს კონტექსტით გათვალისწინებული უფლება, რომ მიეღო იგივე კანონი, რაც არის უკრაინაში. ეს ჰგავს იმავე დისკუსიას, რომელიც გვქონდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. იქაც იგივე იყო, რამდენად იყო ეს ამერიკული და რამდენად ჰქონდა საქართველოს, ამერიკისგან განსხვავებით, უფლება, რომ ასეთი კანონი მიეღო. ორივე საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს ნამსჯელი. პირველზე, არის თუ არა ეს უკრაინული კანონი, მან თქვა - კი, და ერთადერთი სხვაობა ამ ორ კანონს შორის არის ის, რომ უკრაინის შემთხვევაში რეესტრს აწარმოებს პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში - მთავრობა, რაც გასაგებია, რადგან საქართველოში პრეზიდენტს აქვს სხვა ფუნქციები; მეორე - შეიძლება თუ არა, საქართველომ მიიღოს ასეთი სახის კანონი, ამაზეც აქვს ნამსჯელი და რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ არის. აქვთ რეკომენდაციები შემუშავებული, რომლებზეც ჩვენც გვქონდა საუბარი, როცა ამ პროექტს განვიხილავდით, რომ ტერმინოლოგია იყო უფრო მკვეთრად დასაზუსტებელი. კელი დეგნანი „დეოლიგარქიზაციაზე: არ ვფიქრობ, რომ სხვისი პრაქტიკის პირდაპირ გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, კარგად იმუშავებს მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა, უფრო მეტი დეტალიზაცია ამ ტერმინებზე. ასევე, პროცედურული დაცვის მექანიზმები, გასაჩივრების უფლება და ა.შ. ასევე, რაც შეეხება შედეგებს, მისი პროპორციულობის უზრუნველყოფა. არის კონკრეტული რეკომენდაციები, რასაც განვიხილავთ და ამის შესაბამისად იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 2022 წლის 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6102 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6102 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6102 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6137 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8005 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8001 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0004 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში გამართავს.
კალიურანდი: შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ ღიაა, ის შეიძლება, დაიხუროს
ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა, რომ დასამალი არაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დასავლელ პარტნიორებს შორის, და განსაკუთრებით კი ევროპარლამენტთან, ურთიერთობა გასული წლის განმავლობაში "მშფოთვარე და ქაოსური" იყო. კალიურანდის თქმით, რომლის ციტატსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს, ეს არის „შესაძლებლობის უნიკალური ფანჯარა და არ ვიცით, როდემდე იქნება ის ღია, ის შეიძლება მალე დაიხუროს. ამიტომ, ეს ისტორიული შანსი უნდა იყოს გამოყენებული“. ამავე სხდომიდან: კალიურანდი: საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ კალიურანდმა ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც, „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება“ ევროპარლამენტარის თქმით, პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია კალიურანდის თქმით, საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას და ეს არ იმიტომ, რომ მან ვერ მოახერხა რუსეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძევება, არამედ, ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ძალადობის, დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გამო: „პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას აწყობდნენ „უცხოური აგენტების შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გამო, იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა, რომ ლგბტ-ების უფლებების ხელშეწყობა არის უმცირესობის ძალადობა უმრავლესობის მიმართ. მთავრობისა და მმართველი პარტიის რუსეთთან მიმართ ორაზროვანი პოზიციის გამო, რაც გამოხატულია ხელისუფლების დაჟინებული უარით, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს და ახლახან განახლებული პირდაპირი ფრენებით რუსეთსა და საქართველოს შორის“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტარი სხვა მისი კოლეგების და საქართველოში ევროკავშირის ელჩის მსგავსად ფიქრობს, რომ საქართველო დღეს გზაჯვარედინზე დგას. „როგორც ვთქვი, შესაძლებლობების ფანჯარა კვლავ ღიაა. საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ერთი მიდის მომავლისკენ ევროკავშირთან, მეორე კი უკან წარსულში. არჩევანი თქვენზეა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გასულ წელს შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეკუთვნოდე ევროკავშირს არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები და ეს არ ეხება მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტარის შეფასებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება. მისივე შეფასებით, ოპოზიციამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით და მედიაციის პროცესში არჩართვით. „ეს ყველაფერი ოპოზიციურ პარტიებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისკენ. ევროპარლამენტარის განცხადებით, პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პარტიებსაც ეკისრებათ. ბევრჯერ მითქვამს, რომ მათ უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, 2019 წელს პარლამენტში შესვლაზე უარის განცხადებით, მედიაციის პროცესში არჩართვით. მათი პარლამენტში მუშაობა და კონსტრუქციული წვლილი 12 პრიორიტეტის შესრულებაში ასევე მნიშვნელოვანია. მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ ამ პარლამენტში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს პოლიტიკური სპექტრის ბევრ მხარეს. მინდა გავიმეორო, რომ ევროპული პარლამენტი რჩება ერთგული და მზად არის დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარებაში და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის კუთხით წინსვლაში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ამავე გამოსვლაში მან ისაუბრა „ომში ჩათრევის“ დეზინფორმაციულ კამპანიაზე და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა: „არცერთ მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი სისხლიან ომში ჩათრევა“, - აზუსტებს ევროპარლამენტარი. „ჩვენ ამას არ ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს. არცერთ თქვენს მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი ჩათრევა სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი“, - აღნიშნა მარინა ევროპარლამენტარმა.
2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება - კალაძე
2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს. კახა კალაძე მარინა კალიურანდის განცხადებაზე: ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს „ჩვენ ვართ ის გუნდი, ის ხელისუფლება, ვინც ისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ, ვინც მიისწრაფვის იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ჩვენი ოჯახის გაწევრიანება ევროპულ, დიდ ოჯახში. რეალურად, ვისაც კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები აქვს გადადგმული, ეს არის „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან მოყოლებული, მაგრამ არის მეორე თემა, ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ, როდესაც სიმართლეს ეუბნებიან. მესმის, რომ მწარე მოსასმენია და რთულია მათთვის სიმართლე, თუმცა ჩვენ, რომ ეს თავის დროზე გაგვეკეთებინა და სიმართლე გვეთქვა, თუნდაც, ჩვენი მეგობრებისთვის, დარწმუნებული ვარ, ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, შეიძლება არ ყოფილიყო“, - განაცხადა კახა კალაძემ. კალიურანდმა ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც, „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება“ ევროპარლამენტარის თქმით, პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია
ოლეკასი 12 პრიორიტეტზე: გავეცანი, რა გააკეთა საქართველომ, კარგი წიგნია, გილოცავთ, თუმცა ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს
გავეცანი იმას, თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ. თუმცა, ვფიქრობ ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ჯოზას ოლეკასიმ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ აქ შეკრებილები ვართ საქართველოს საუკეთესო მეგობრები და წარმატებას ვუსურვებთ მას ევროინტეგრაციაში. გავეცანი იმას თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ. თუმცა ვფიქრობ ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს მოუსმინოთ. არამხოლოდ აგვიხსნათ ჩვენ თუ რა გააკეთეთ, არამედ ერთმანეთთან ისაუბროთ. ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ბიუროკრატიულად, არამედ უნდა იყოს რეალური ცვლილებები. პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პოლარიზაცია ძალიან ძლიერია. უმრავლესობამ, მმართველმა გუნდმა უნდა გამონახოს საშუალება, რომლითაც ეს პრობლემა მოგვარდება. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება", - განაცხადა ჯოზას ოლეკასმა. კალიურანდმა ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც, „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება“ ევროპარლამენტარის თქმით, პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხი ცალმხრივი გადაწყვეტილება არ არის - ლუკ დევინი
ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი, რადგან ამას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ დევინმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა. „თქვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-ს გაფართოება არის უკრაინაში ომის მიზეზი. პრობლემა ის არის, რომ პრემიერ-მინისტრმა მიზეზად მხოლოდ ნატო-ს გაფართოება დაასახელა, რაც რუსული ნარატივია და თან სრული სიცრუე, იმიტომ, რომ 2008 წლიდან, გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებიდან, რომელიც ეხებოდა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას 2022 წლამდე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არანაირი პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა უკრაინის ნატო-ში გასაწევრიანებლად. ასე რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო რუსეთისთვის”, - აღნიშნა ლუკ დევინმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
ირანმა და ავღანეთმა მარშრუტზე „ჰაფი - ჰერატი“, სარკინიგზო გადაზიდვები ერთობლივად შეასრულეს
ირანმა და ავღანეთმა მარშრუტზე „ჰაფი - ჰერატი“, სარკინიგზო გადაზიდვები ერთობლივად შეასრულეს. მარშრუტის სიგრძე შეადგენს 225 მკ-ს, რომლიდანაც 140 კმ ავღანეთში, ხოლო 85 კმ - ირანში გადის. პროექტის წარმოადგენს 2 მილიარდი დოლარის ღირებულების „ხუთი ერის სარკინიგზო დერეფნის (Five Nations Railway Corridor - FNRC) ნაწილს, რომელიც გაივლის ირანის, ავღანეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და ჩინეთის ტერიტორიებს. დერეფნის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 2000 კმ-ს შეადგენს. ინფორმაციისთვის, ჰაფი არის ქალაქი ირანის ხორასან-რეზავის ოსტანში; ჰერათი კი, ქალაქი ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ორივე სახელმწიფო დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული მძიმე სანქციების ქვეშაა, ამ ახალი რგოლის ფუნქციონირება უქმნის მათ შესაძლებლობას დაუკავშირდნენ დანარჩენ ლოგისტიკურ სამყაროს, როგორიცაა, ხუთი ერის სარკინიგზო დერეფანი.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალას იყენებს, რაც 2008 წელს საქართველოთი დაიწყო
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც 2008 წელს საქართველოთი დაიწყო. სტოლტენბერგის თქმით, ფუნდამენტურად, რისიც პრეზიდენტ პუტინს ნამდვილად ეშინია, არის არა NATO, არამედ, თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოებები, რომლებიც ძირს უთხრიან მის ძალაუფლებას მოსკოვში. „უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ, მეზობლად გვყავს რუსეთი, რომელიც მზად არის მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, არაერთხელ, არამედ რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში, რაც ფაქტობრივად 2008 წელს საქართველოთი დაიწყო“. „დანარჩენ ევროპას თუ შევხედავთ - დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას - ისინი სხვადასხვა მხარეს იყვნენ ომებში, რომლებიც ევროპაში საუკუნეების განმავლობაში მძვინვარებდა, და ახლა ისინი საუკეთესო მეგობრები და მოკავშირეები არიან NATO-სა და ევროკავშირში. ამდენად, რა თქმა უნდა, სწორი იყო ამის იმედი გვქონდა რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაშიც. მაგრამ შემდეგ, თანდათანობით, დავინახეთ, რომ რუსეთი სხვაგან მიდიოდა საკუთარი ქმედებებით საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც მან საკუთარი გავლენის სფეროს დამყარება სცადა, რომელშიც დიდი ერები აკონტროლებენ, რას აკეთებენ პატარა ერები. და შემდეგ NATO-ს თანდათანობით, რა თქმა უნდა, დასჭირდა არა დიალოგზე, არამედ, შეკავებასა და თავდაცვაზე აქცენტის გაკეთება, კონკრეტულად კი, 2014 წლიდან. ასე რომ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ ერთგვარი აკადემიური დისკუსია - ეს მნიშვნელოვანია - იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო სხვანაირად. მაგრამ საერთო სურათი არის ის, რომ ჩვენ, NATO-ს მხრიდან, ნამდვილად ვცდილობდით რუსეთთან ურთიერთობას. ფუნდამენტურად, რისიც პრეზიდენტ პუტინს ნამდვილად ეშინია, არის არა NATO, არამედ, თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოებები, რომლებიც ძირს უთხრიან მის ძალაუფლებას მოსკოვში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას არ სურს იხილოს წარმატებული, თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა: ვინაიდან ამან ნამდვილად კითხვის ქვეშ დააყენა მისი იდეა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოს და დარჩეს ხელისუფლებაში რუსეთში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შალვა პაპუაშვილი: ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი - სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „სარკეში ჩახედვაზე“ ევროპარლამეტარ კალიურანდის რეპლიკას უპასუხა. პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს ურჩევს, მათ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციებს ჩახედონ. „რაც ჩვენ მოვისმინეთ, აქ პიროვნული გაღიზიანებები და ანტიპათიები იგრძნობოდა ზოგიერთ განცხადებაში, რაც არ არის სერიოზული და ევროპული დამოკიდებულება. რაც შეეხება სარკეში ჩახედვას, ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი - სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის ქალბატონმა კალიურანდმა. ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ჩახედონ, რომელიც ამ ბოლო სამ რეზოლუციაში იყო და რომელსაც პასუხი გასცა მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ. ის ჩანაწერები ნახონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა და იხილონ ის პროპაგანდა, რომელსაც აყოლილი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციების ინიციატორები. დაფიქრდნენ, იქნებ, არის დრო, რომ გამოასწორონ საკუთარი შეცდომები ქართველი ხალხის წინაშე, გადახედონ საკუთარ პოზიციებს, რომელმაც დააზიანა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ საკითხს ასე შეხედონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა მედიასთან. „როდესაც მე ვახსენე აგრესიის წახალისება, მე ვგულისხმობდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს, რომელიც მან 12 მარტს მისცა ტელეკომპანია „იმედს“, მან თქვა: „ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს, რატომ გვკარნახობენ რა გავაკეთოთ, მათი სურვილი იყო და არის საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ომში!“ ეს არის პრემიერ-მინისტრის სიტყვები. თუ გსურთ მე განცხადებების ორი გვერდი მაქვს და შემიძლია კითხვა გავაგრძელო, გსურთ ყველა განცხადების მოსმენა?! მე მხოლოდ იმის თქმა მსურდა, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვესმის ანტიდასავლური რიტორიკა, რომ ისმის ბრალდებები პარლამენტის წევრების წინააღმდეგ, რომ არის ბრალდებები ევროპარლამენტის პოლიტიკური ფრაქციებისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუციების წინააღმდეგ, ჩვენ ეს მოწმენდილ ცაზე არ მოგვაქვს, ეს არის თქვენი ლიდერების მიერ გაკეთებული კონკრეტული განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის და ვიღებთ აქ ბრიუსელში. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ თუ თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს დღევანდელ დისკუსიას მივყავართ პოლარიზაციამდე საქართველოში. ჩემი რჩევა იქნება, ნუ ადანაშაულებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად“, - მიმართა კალიურანდმა „ქართული ოცნების“ წევრს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრაზე. ცნობისთვის, მაია ბითაძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის შეფასებები, რაც მან მოისმინა შეურაცხმყოფელი და იმედის გამაცრუებელი იყო. ბითაძის შეფასებით, ზოგი განცხადება, არა დეპოლარიზაციის, არამედ, პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამავე სხდომიდან: კალიურანდი: საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ორ გზას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ კალიურანდმა ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც, „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება“ ევროპარლამენტარის თქმით, პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია
დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა
დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. მინსკი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ხელშეწყობაში მისი როლის გამო დასანქცირდა. ახალი ზომები მოიცავს იმპორტის აკრძალვას და ინტერნეტით პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ახალი პაკეტი ზრდის ეკონომიკურ ზეწოლას ლუკაშენკოსა და მის რეჟიმზე, რომელიც აქტიურად ეხმარება რუსეთის ძალისხმევას ომში, უგულებელყოფს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს“. სანქციები მოიცავს ბელორუსიდან ოქროს, ცემენტის, ხე-ტყისა და კაუჩუკის იმპორტის აკრძალვას და ამავე დროს დიდი ბრიტანეთიდან ბელორუსში ბანკნოტების, სამრეწველო აღჭურვილობის, ასევე, ისეთი საქონლის, ტექნოლოგიებისა და მასალების ექსპორტის ბლოკირებას, რომლებიც შეიძლება, გამოყენებული იყოს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად. ბელორუსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება, მაგრამ უშუალოდ არ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში. ამავე დროს ქვეყანაში განლაგებულია რუსეთის სამხედრო კონტინგენტი და სამხედრო ავიაცია. რუსეთის და ბელორუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ
რუსეთის ჯარებმა ხერსონის დატბორილი რეგიონი, ადგილზე ზელენსკის ჩასვლიდან მალევე დაბომბეს - მედია
რუსეთის ჯარებმა ხერსონის რაიონი დაბომბეს. მანმადე, 8 ივნისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის სამხრეთში მდებარე რეგიონს ეწვია. იქ მაშველთა ჯგუფები მუშაობენ მდინარე დნეპრზე კაშხლის განადგურებით გამოწვეული ყალდიდობის შედეგად ჩარჩენილი ათასობით ადამიანის გადასარჩენად. რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, ხერსონის კორაბელის რაიონში დაახლოებით 14_00 საათზე რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა (თბილისის დროით 12:00). ამ დროს მაშველები რეზინის ნავებით აგრძელებდნენ ადამიანების ევაკუაციას, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დატოვებული სტიქიის ზონა. მოსახლეობამ და მაშველებმა ერთ-ერთ მშრალად გადარჩენილ მონაკვეთზე მდებარე შენობებს შეაფარეს თავი. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ რუსები ბომბავდნენ ხერსონის სანაპირო ზონებს და ქალაქ ხერსონის ცენტრს. უკრაინის არმიის ჯარისკაცმა, რომელმაც ვინაობის გამჟღანვება არ ისურვა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რუსეთის არტილერიის მთავარი სამიზნე იყო დატბორილი სარკინიგზო ხიდი. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ წყალდიდობამ აიძულა რუსეთის ჯარები, დნეპრიდან აღმოსავლეთით კიდევ უფრო ღრმად დაეხიათ უკან, ისინი განაგრძობდნენ მდინარის იმ ნაპირის დაბომბვას, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა ნაკლები ინტენსივობით. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სამაშველო სამუშაოებს კიდევ უფრო აბრკოლებს წყალდიდობის შედეგად გადაადგილებული ნაღმები. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ხერსონის ევაკუაციის დროს დაბომბვის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ СNN იტყობინება. დაშავებულთა შორის არიან საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ორი თანამშრომელი, პოლიციელი, ექიმი და მოხალისე გერმანიიდან, განაცხადა ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა.
რუსი ტურისტები და ტუროპერატორები საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების მაღალი ფასით არიან უკმაყოფილო - მედია
რუსი ტურისტები და ტუროპერატორები საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების მაღალი ფასით არიან უკმაყოფილო. რადიო თავისუფლების ცნობით, სტატიები ამის შესახებ რუსულ მედიაში გამოქვეყნდა. საქართველოსთან ავიამიმოსვლამ მოლოდინები არ გაამართლა, წერს "Аргументы и факты" და ამატებს, რომ თვითმფრინავები ნახევრად ცარიელი დაფრინავენ. გამოცემა ავრცელებს რუსეთის სამ ქალაქში ჩაწერილი რესპონდენტების კომენტარებსაც. უფრო ადრე რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირმაც აღნიშნა, რომ ავიაბილეთების სიძვირის გამო საქართველოში მოგზაურობაზე დიდი მოთხოვნა არ არის. თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, რეისების დამატება რუსეთიდან მასობრივი ტურისტული ნაკადის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ავიაკომპანია Georgian Airways-ი რუსეთის მოქალაქეებს ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს სთავაზობს. ბილეთების ფასი ამ რეისებზეც საკმაოდ მაღალია. მაგალითად, მოსკოვი-თბილისი-პარიზის და პარიზი-თბილისი-მოსკოვის რეისზე ბილეთები 1200 დოლარი ღირს. 15 ივნისიდან ავიაკომპანია სალონიკის მიმართულებით, 5 ივლისიდან კი ნიცის მიმართულებით ამატებს რეისებს. Georgian Airways-ის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ უკმაყოფილოა თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისებზე მოთხოვნის ნაკლებობით. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა 20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო. 29 მაისს, ევროკავშირმა რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო, საქართველოს დემარში გამოუცხადა. კრიტიკული განცხადებები გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტში. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სანქციების გვერდის ავლაზე ო’ბრაიენის ნათქვამი, მედიის მიერ არის ინტერპრეტირებული
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და „ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მხრიდან საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში - ამ შემთხვევაში, გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოყვანილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება“. „სამწუხაროა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება კვლავ ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის მიერ ხდება ბ-ნ ჯიმ ო’ბრაიანის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია. საინტერესოა, რომ Politico პუბლიკაციის საფუძვლად იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ 7-8 ივნისს, სართაშორისო ანალიტიკური ცენტრის - საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე https://www.youtube.com/watch?v=Z-jdOX42Cow ღია დისკუსიის დროს გამართულ დიალოგს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებს და აშშ-ის და ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიზნით. დისკუსიისას წამოჭრილ საკითხზე, თუ რომელ ქვეყნებთან მიდის მუშაობა სანქციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით და რამდენად წარმატებულად ახერხებს აშშ და ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის პრევენციას, საქართველო ნახსენები იყო არა როგორც ქვეყანა, სადაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, არამედ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია. სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის აქტიური და ქმედითი თანამშრომლობის გათვალისწინებით, მიუხედავად ზემოხსენებული მედია საშუალებებისა და ცალკეული პოლიტიკოსების ინტერპრეტაციისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზეზად საქართველოს მოაზრება არ ასახავს არც შეერთებული შტატების პოზიციას და არც ჩვენი თანამშრომლობის ხასიათს ამ მიმართულებით. საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
რუმინეთი რუსეთში საელჩოს პერსონალს ამცირებს
რუმინეთის მთავრობამ აცნობა მოსკოვს, რომ ბუქარესტში საელჩოს პერსონალის 51 კაცით შემცირებას ითხოვს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს. ბუქარესტი რუსეთის დიპლომატიური მისიის 21 წარმომადგენლისა და 30 სხვა პერსონალის შემცირებას ითხოვს. ეს აიხსნება რუსეთის წარმომადგენლობის დონის რიცხობრივ შესაბამისობაში მოყვანის სურვილით რუმინეთის წარმომადგენლობის დონესთან რუსეთის ფედერაციაში. გასაწვევი პირებისა და თანამშრომლების არჩევანი ამ დროისთვის რუსულ მხარეს რჩება. რუსულ მხარეს ამ მოთხოვნის შესასრულებლად 30 დღე აქვს. რუსეთის ელჩი ვალერი კუზმინი რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 8 ივნისს დაიბარეს. გადაწყვეტილება ასახავს ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ დონეს, რომელიც მკვეთრად შეამცირა რუმინეთმა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო.
აშშ და დიდი ბრიტანეთი ახალ ეკონომიკურ ალიანსს ქმნიან
დიდი ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება და აშშ-ის ლიდერი, ჯო ბაიდენი ახალ ეკონომიკურ პარტნიორობას სახელწოდებით - „ატლანტიკური დეკლარაცია" აცხადებენ. BBC-ს თანახმად, ეს არ არის იგივე, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ შექმნილია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ეს „შეამცირებს მოწყვლადობას“ მიწოდების ჯაჭვებში და „რუსეთს გლობალურ ბაზარზე თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს“.სუნაკი ამბობს, რომ ეს ნიშნავს აშშ-ის ახალ ინვესტიციას დიდ ბრიტანეთში და სავაჭრო ბარიერების შემცირებას "მომავლის ტექნოლოგიებში". „ეკონომიკური და თავდაცვითი თანამშრომლობა „უნდა იყოს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის ალიანსის ორი საყრდენი“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა, სამშაბათს, აშშ-ში გამგზავრების წინ.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო, რომლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა, ცოცხალია - მედია
უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო ზურაბ მუშუქია, რომლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მედიაში 7 ივნისს ვრცელდებოდა, ცოცხალია. ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა ოჯახის წევრებზე დაყრდნობით. ოჯახის ახლობლების თქმით, ზურაბ მაშუქიას ოჯახთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა. ცნობისთვის, უკრაინაში მებრძოლი ზურაბ მუშუქიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის ბახმუტთან აფეთქებას ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ქართველი სამხედრო ცოცხალია.
აშშ უკრაინას ახალ, $2 მილიარდიან სამხედრო დახმარებას უგზავნის - Bloomberg
Bloomberg-ის ცნობით, პენტაგონი უკრაინას 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების გრძელვადიანი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. თანხა უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა. დახმარება მიემართება Hawk-ის სარაკეტო გამშვებების, ასევე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის GEM-T და PAC-3 რაკეტების შესყიდვისკენ. ახალი დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განცხადება დღეს გაკეთდება.
ჟიტომირის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა - უკრაინული მედია
უკრაინული მედია ზვიაგელის საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟიტომირის ოლქში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ქალაქის მერის, ნიკოლაი ბოროვეცის განცხადებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 სახლი განადგურდა და ათობით დაზიანდა. ამასთან, დაშავებულ მოქალაქეებს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა და რივნესა და ჟიტომირის ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა.