ძებნის რეზულტატი:

ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება იმაზე, იქნება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა გარდამტეხი მომენტი ომში - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება იმაზე, იქნება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა გარდამტეხი მომენტი ომში. „ჯერ კიდევ კონტრშეტევის ადრეული ეტაპია და ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ეს გარდამტეხი მომენტი ომში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

ნიდერლანდები F-16-ებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას იწყებს, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში სასწავლო ცენტრი ყალიბდება

ნიდერლანდები, რომელიც პარტნიორებთან ერთად მუშაობს სასწავლო ცენტრის შესაქმნელად, F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას რამდენიმე თვეში დაიწყებს. ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ წარმომადგენელთა პალატას უკვე აცნობა. „მე ახლახან ვაცნობე წარმომადგენელთა პალატას უკრაინის ახალი მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ დავიწყებთ F-16 წვრთნას რამდენიმე თვეში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას“, - ამბობს ოლონგრენი. ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ზე უახლოეს თვეებში დაიწყება. „ნიდერლანდები და ევროპის რამდენიმე ქვეყანა მუშაობენ, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება რაც შეიძლება მალე დაიწყოს. პარალელურად, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში სასწავლო ცენტრი იქმნება“, - აცხადებენ სამიისტროში.  

ოლივერ ვარჰეის თქმით, 12 პრიორიტეტის შესრულება უნდა დაჩქარდეს

ევროკავშირი საქართველოს რეფორმების ძალისხმევას მხარს უჭერს. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს რეფორმების ძალისხმევის მიმართ, პრემიერ-მინისტრთან გამართული დისკუსიის ფოკუსში იყო. ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე წერს. ვარჰეი საბჭოს მიერ დასახული 12 პრიორიტეტის განხორციელების დაჩარების მოწოდებით გამოდის, რათა საქართველომ ევროკავშირის გზაზე წინსვლა შეძლოს. „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, - წერს ოლივერ ვარჰეი. მთავრობის ადმინისტრაცია: პრემიერმა ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს ელიან ტილიეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო პარტნიორობას და ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. პრემიერ-მინისტრმა ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან შეხვედრისას ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და  ევროკომისიის 12 პრიორიტეტის დიდი ნაწილის შესრულების მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზი გაუსვა წლის ბოლოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო წელს პირველადაა წარმოდგენილი მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო კულტურულ ფესტივალში, როგორიცაა "ევროპალია". ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფესტივალი სრულად ეძღვნება საქართველოს, რაც ბელგიის სამეფოსა და მთლიანად ევროპაში ქვეყნის შესახებ ცნობადობის გაზრდას და საქართველოს ევროპული კულტურის პოპულარიზაციას მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს. ირაკლი ღარიბაშვილმა  საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ელიან ტილიემ საქართველოს დელეგაციას ბელგიის სამეფოს პარლამენტის ისტორიული შენობა დაათვალიერებინა“, - წერია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბაქომ, აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სამხედროების მონაწილეობით, წვრთნებს უმასპინძლა

"Eternity-2023" - ბაქოში კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები გაიმართა, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, ასევე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მისივე თანახმად, სწავლება ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო ადმინისტრაციის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრში ჩატარდა. წვრთნებზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ორგანიზების ამოცანები შესრულდა. საერთაშორისო წვრთნების მთავარი მიზანია სამი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და თავსებადობის უზრუნველყოფა. გასულ წელს წვრთნები თურქეთში, 22-28 ოქტომბერს გაიმართა.  

ნიდერლანდები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რაკეტის აღმომჩენ რადარებს შეიძენს

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 150 მილიონი ევროს ღირებულების ოთხ VERA-EG -ის ტიპის სარადარო სისტემას შეიძენს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაჯსა ოლლონგრენი ჰოლანდიის პარლამენტისადმი წერილში წერს. ნიდერლანდები, რომელიც პარტნიორებთან ერთად მუშაობს სასწავლო ცენტრის შესაქმნელად, F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას რამდენიმე თვეში დაიწყებს. ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ წარმომადგენელთა პალატას უკვე აცნობა. „მე ახლახან ვაცნობე წარმომადგენელთა პალატას უკრაინის ახალი მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ დავიწყებთ F-16 წვრთნას რამდენიმე თვეში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას“, - ამბობს ოლონგრენი. ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ზე უახლოეს თვეებში დაიწყება. „ნიდერლანდები და ევროპის რამდენიმე ქვეყანა მუშაობენ, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება რაც შეიძლება მალე დაიწყოს. პარალელურად, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში სასწავლო ცენტრი იქმნება“, - აცხადებენ სამიისტროში.    

ვარჰეი: გულწრფელად მწამს, რომ საქართველო შეასრულებს საჭირო პირობებს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას

მე გულწრფელად მწამს, რომ საქართველო შეასრულებს საჭირო პირობებს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, განაცხადა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ევროკომისრის თქმით, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები ობიექტურად  იქნება შეფასებული და შედეგებს მოიტანს. „ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ გზაგასაყარზე. ერთი წლის წინ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ამ კონტექსტში, მოხარული ვარ, რომ საქართველოში რეფორმები მიმდინარეობს და გვინდა, ვიხილოთ მდგრადი, წარმატებული პროცესი. გარწმუნებთ, თქვენი დაძაბული სამუშაო, ვალდებულებები, რომელიც აიღეთ, შეფასებული იქნება ობიექტურად და მოიტანს შედეგებს ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გახლავთ უმთავრესი ინსტრუმენტი, რომელიც დააახლოებს საქართველოსა და ევროკავშირს ყოველ დღე. მილიარდ 200 მლნ ინვესტიციებით, რომლის მობილიზება უკვე მოხდა, ჩვენ ველოდებით ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიც არის შავი ზღვის ელექტროენერგიისა და ციფრული კაბელი, რომელიც განხორციელდება უახლოეს თვეებში და კიდევ უფრო დაგვაახლოებს. საღამოს ვნახავთ, რა აკავშირებს ქართველებს ერთმანეთთან – ღრმა სიყვარული ქვეყნის მიმართ, საკუთარი ნდობა, საქართველოს სილამაზე და ევროპის სიძლიერე. ასეთი სულისკვეთებით, ყველა პროფესიის ქართველს შეუძლია, საკუთარი მისწრაფებები დაუკავშიროს ერთმანეთს საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მე გულწრფელად მწამს, რომ საქართველო შეასრულებს საჭირო პირობებს შემდეგ წელს და ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. დასკვნისთვის მინდა, მოვუწოდო ყველას, დაესწრონ ყველა ღონისძიებას, რომელიც დაგეგმილია, რადგან საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია და ბევრი რამეც არ ვიცით ევროპაში საქართველოს შესახებ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მისივე თანახმად, საქართველო ევროპული ქვეყანაა, თავისი გულითა და სულით, ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს, მე აქ ვდგავარ და ვამბობ, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ევროკომისარი  დამსწრე საზოგადოებას ქართულად მიესალმა. „ჩემთვის დიდი პატივია, დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებოდე და თქვენთან ერთად აღვნიშნო საქართველოს დამოუკიდებლობა. „ევროპალიის“ ფესტივალი ეძღვნება საქართველოს. ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა, გამოვიკვლიოთ საქართველოს ბრწყინვალე წარსული, მდიდარი კულტურა, ტრადიციები, თანამედროვე ხელოვნება და ასევე, დავინახოთ საქართველოს უახლოესი მომავალი. მქონდა პრივილეგია, რამდენჯერმე ჩამოვსულიყავი თქვენს ბრწყინვალე ქვეყანაში. ჩემი მანდატის დასაწყისიდან, ყველაზე მეტად მაკვირვებდა, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ეს გახლავთ ტრადიცია და სტუმართმასპინძლობა. ისეთი რამ, რაც დღეს ჩანს და რაზეც შეგვიძლია, ჩვენი საერთო მომავალი ავაშენოთ. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა საქართველოს წარსული აღვნიშნოთ, მაგრამ ჩვენი მზერა მიპყრობილია მომავლისკენ. საქართველო ფუნდამენტურად ევროპული ქვეყანაა, თავისი გულითა და სულით. ჩვენი საერთო ფესვები და მემკვიდრეობა უბრუნდება ბერძენთა და რომაელთა დროს, ღირებულებები კი, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, გვაკავშირებს ევროპულ ოჯახთან. მე აქ ვდგავარ და ვამბობ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

პრემიერი ბელგიაში: რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ასუსტებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს, საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და თავისუფალი სამყაროს გვერდით

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა. მან გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და თავისუფალი სამყაროს გვერდით. „ძვირფასო სტუმრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეხვედრა ევროპის ისტორიის კრიტიკულ მომენტში მიმდინარეობს. რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და თავისუფალი სამყაროს გვერდით, უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან. თავისუფალი სამყარო დღეს სერიოზული გლობალური გამოწვევების წინაშეა. რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო ომის დასაწყისი, რომელიც ყველას გვეხება. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველო ძალიან ხშირად განიცდიდა რუსულ აგრესიას. მოგეხსენებათ, რომ 15 წლის წინ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. ჩვენმა ქვეყანამ დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადა და ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ. და ბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ ყოფნისთვის და გაგიზიაროთ ქართველების მტკიცე რწმენა, რომ ქართველთა მრავალი თაობის მიზნის მიღწევა - ჩვენი ღირსეული ადგილის დაკავება ევროპის დემოკრატიულ ერთა ოჯახში, არა მხოლოდ საქართველოს ინტერესშია, არამედ, ასევე გახდის ამ ოჯახს უფრო ძლიერს და კიდევ უფრო გაერთიანებულს. დიდი მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა.  

ჰაჯა ლაჰიბი: ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებში - ლისაბონიდან თბილისამდე

ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ , - ამის შესახებ ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა ჰაჯა ლაჰიბმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჰაჯა ლაჰიბმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი. „ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს დღეს აღსანიშნავი. დილით ბრწყინვალე პოლიტიკური გზავნილების ურთიერთგაცვლა მოხდა ჩვენს მთავრობებს შორის. ორმხრივი ურთიერთობები განვიხილეთ, ვისაუბრეთ მიღწეულ პროგრესზე და არსებულ შესაძლებლობებზე მომავალში. ევროპას მიმართა საქართველოს იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. საქართველო გახლავთ ევროპული ოჯახის ნაწილი, რისი დემონსტრირება მოახდინა ასევე მოლდოვამ. ევროკავშირს და საქართველოს შორის კავშირები არსებობს 20 წლის განმავლობაში და ახლა არის ყველაზე უფრო მჭიდრო“. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესებას ელის. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებში ლისაბონიდან თბილისამდე. ჩვენ საერთო მომავალს ვაკვირდებით. ბელგია საქართველოს გვერდით დგას და ჩვენ გავაგრძელებთ იგივეს ხვალ და მომავალშიც, დიდი მადლობა”, - განაცხადა ჰაჯა ლაჰიბმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.  

აშშ-ის სამხედროებმა, რუსეთის ქცევის გამო, ახლო აღმოსავლეთში F-22-ის ტიპის მოიერიშეები განალაგეს - მედია

„რუსული თვითმფრინავების მზარდი სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევის გამო“ რეგიონში, აშშ-ის სამხედროებმა, ლენგლის საჰაერო ძალების ბაზიდან, ახლო აღმოსავლეთში F-22 Raptors-ის ტიპის მოიერიშეები განალაგეს. განაცხადა შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ოთხშაბათს. ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს. „ეს განლაგება აჩვენებს აშშ-ის უნარს, ხელახლა განათავსოს ძალები და განათავსოს უდიდესი ძალა მომენტალურად“, - ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში. CENTCOM-ის მეთაურმა, გენერალმა ერიკ კურილამ გააკრიტიკა რუსეთის „სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევა“. „შეთანხმებული ზომების რეგულარული დარღვევა ზრდის ესკალაციის ან არასწორი გათველბის რისკს“, - განაცხადა გენერალმა. უფრო ადრე, აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა სირიაში კონფლიქტის რისკის შემცირების პროტოკოლის დაცვა შეწყვიტეს.  

გასული კვირის შემდეგ, რუსული ძალების წინსვლა არ დაფიქსირებულა - მალიარი

რუსულმა ჯარებმა გაზარდეს თავდასხმების რაოდენობა ფრონტზე, ცდილობენ, შეაჩერონ უკრაინის შეტევა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაჯერებულად მიიწევენ წინ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა. „მტერი აქტიურად იყენებს ATGM-ს და კამიკაზე თვითმფრინავებს, ასევე ცდილობს, შეაჩეროს ჩვენი შეტევა და მიაყენოს სხვადასხვა სახის დაზიანება“, - განაცხადა მალიარმა და ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთში ამჟამად წინსვლა ძალიან რთულია, მაგრამ პროგრესი დამაჯერებელია. მალიარის თქმით, ფრონტზე, ამ დროისთვის, უკრაინის ჯარები აწარმოებენ როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი ოპერაციებს სხვადასხვა მიმართულებით. თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სასტიკი ბრძოლები გრძელდება. მისივე თანახმად, გასულ კვირას და ამ კვირაში ორი, დღის განმავლობაში რუსული ძალების წინსვლა არ დაფიქსირებულა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. გასული დღის განმავლობაში იქ 40-მდე საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა, ბრძოლები გრძელდება.  

აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს

ექსკლუზივი Europetime-თან კომენტარში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. აქედან გამომდინარე აშშ მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას, რომლის მიზანიც ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის ყველაზე პერსპექტიული სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირებაა. ევროკავშირისა და EBRD-ის ანგარიშის მიხედვით, რკინიგზის, გზების აღდგენისა და მოდერნიზაციისთვის, პორტების გამტარუნარიანობის გაზრდისა და საზღვრებზე ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ინვესტიციებია საჭირო. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა: ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს სამუშაო ადგილებს მოუტანს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის ტენდერის მიმართულებით წინ წაიწევს“, - მიიჩნევენ ვაშინგტონში. სატრანსპორტო მარშრუტებზე საბოლოო ანგარიში, რომლის მიზანს ასევე წარმოადგენდა ქსელის განვითარებისთვის ძირითადი ქმედებების შეთავაზება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მიმართულებით, 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება. კვლევას, რომელსაც ევროკომისია აფინანსებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს. „ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ვაღიარებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) კვლევას და მოუთმენლად ველით მის შედეგებს, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის წინასწარი დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. (TITR) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. საბოლოო კვლევის შედეგები ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი. კვლევას ევროკომისიის დაფინანსებით EBRD ატარებს.

ISW: უკრაინელებმა კონტრშეტევა სულ მცირე სამი მიმართულებით წარმატებით განაგრძეს

„ომის შემსწავლელი ამერიკულ ინსტიტუტის“ თანახმად, უკრაინულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, კონტრშეტევითი ოპერაციები მინიმუმ 3 მიმართულებით განაგრძეს და წარმატებას მიაღწიეს. „უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 14 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა ბახმუტის მიმართულების დაუზუსტებელ მონაკვეთებში 200-500 მეტრით წინ წაიწიეს, ზაპოროჟიეს მიმართულებით კი 300-350 მეტრით“, - აღნიშნულია ანგარიშში. ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, უკრაინული და რუსული წყაროები იუწყებოდნენ, რომ გასული დღის განმავლობაში ბრძოლა გაგრძელდა დონეცკის დასავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით, მაკარივკის გარშემო და ზაპოროჟიეს ოლქში, ორიხივის სამხრეთით. ანგარიშში წერია, რომ უკრაინის ტავრისკის ძალების ჯგუფის პრესსპიკერის ვალერი შერშენის თქმით, უკრაინული ძალები ტავრისკის მიმართულებით პრიორიტეტს ანიჭებენ რუსეთის ელექტრონული ომის სისტემებზე დარტყმას; „ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა“ ადრე შეაფასა, რომ რუსეთის ელექტრონული ომის შესაძლებლობებს ფრონტის ამ ნაწილში უკრაინის თავდასხმების გართულებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.  

ოკუპირებული ყირიმიდან დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა მოიგერიეს. სერგეი აქსიონოვის ტელეგრამ-არხზე იუწყება, რომ 9 დრონიდან 6 საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 3 კი, „ჩაახშეს და დასვეს“. აქსიონოვის თანახმად, ერთი ასეთი დრონი მაინც აფეთქდა სოფელ დოკუჩაევოში, სადაც ჩამსხვრეულია სახლების ფანჯრები. ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო მმართველი წერს, რომ მსხვერპლი არ არის და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. რუსეთის ხელისუფლება მის მიერ ოკუოირებულ ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაში პერიოდულად ადანაშაულებს, რასაც კიევი ოფიციალურად არ ადასტურებს.   

NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საბერძნეთის ხომალდებზე ქართული ქვედანაყოფის განთავსებას ახალი შეთანხმება დაარეგულირებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის უწყებათაშორის საერთაშორისო შეთანხმებას მოეწერა ხელი NATO-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ფარგლებში, საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფის განთავსებასთან დაკავშირებით, საქართველომ და საბერძნეთმა შეთანხმება გააფორმეს. მისი მიზანი ორმხრივი ვალდებულებების დარეგულირებაა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ნიკოლოზ შარაძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარია თეოდორუს შეხვდა.შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორის საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის მიზანია, დაარეგულიროს ორმხრივი ვალდებულებები საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე NATO-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ქვედანაყოფის ასვლის, განთავსების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დეტალებთან დაკავშირებით.საბერძნეთი იყო პირველი სახელმწიფო რომელმაც, მზაობა გამოთქვა, NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა.2022 წლის მაისში, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველო საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო გახდა უფლებამოსილი, შეიტანოს საკუთარი კონტრიბუცია NATO-ს ოპერაციაში და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ალიანსს საზღვაო უსაფრთხოების კუთხით. NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველი“ (MSO SEA GUARDIAN) 2016 წლის ნოემბერში ამოქმედდა და 2001-2016 წლებში მიმდინარე NATO-ს მე-5 მუხლის ქვეშ მოქმედი საზღვაო ოპერაცია - „აქტიური ძალისხმევა“ (Operation Active Endeavor) ჩაანაცვლა. NATO-მ საქართველოს ალიანსის საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია ”ზღვის მცველის” ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა ოპერაცია „ზღვის მცველი“ ალიანსის საზღვაო ძალების ერთადერთი საზღვაო ოპერაციაა, რომლის სამოქმედო არეალიც ხმელთაშუა ზღვას მოიცავს. ოპერაციის მთავარი მიზანია ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საფრთხეებზე დროული რეაგირება. აღნიშნული ოპერაცია ზღვაზე ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მცდელობის აღკვეთაზეა ორიენტირებული. 2016 წელს, საქართველომ NATO-ს ძალთა რეზერვში (Pool of Forces) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფების გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად განაცხადა და NATO-ს მიერ დადგენილი შეფასებების სტანდარტების თანახმად, აღნიშნული ჯგუფების მომზადება დაიწყო. შსს-ს თანახმად, მას შემდეგ, რაც კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით დაასრულეს NATO-ს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველო ოპერაცია „ზღვის მცველში“ ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ქვეყანა ისწრაფვის ალიანსში გაწევრიანებისკენ. დროთა განმავლობაში NATO-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრი განვითარდა, რომელიც მიმართულია საქართველოს მიერ რეფორმების დარგში გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერისკენ და მის მიერ დასახული მიზნის, ინტეგრაცია მოახდინოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ხელშეწყობისკენ. ქვეყანას საკუთარი წვლილი შეაქვს NATO-ს ეგიდით გამართულ ოპერაციაში “ზღვის მცველი” (Sea Guardian) და გარდა ამისა იგი თანამშრომლობს ალიანსის მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ბევრ სხვა სფეროში.  

თბილისიდან ბათუმში მიმავალი ავტობუსის დაწვის საქმეს შსს იძიებს

რატომ დაიწვა 15 ივნისის ღამეს თბილისიდან ბათუმში მიმავალი 50 მგზავრზე გათვლილი ავტობუსი და ვინ არის დამნაშავე, ამ საკითხთან დაკავშირებით,  პოლიციაში უკვე გამოკითხეს ავტობუსის მფლობელი კომპანია "მეტროს" თანამშრომლები. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით - სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლის წაკიდებით ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან ორ წლამდე პატიმრობით. უწყების თანახმად, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. თბილისიდან ბათუმში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის აღაიანის მონაკვეთზე დაიწვა. რადიო თავისუფლების ცნობით, გუშინ, გვიან ღამით კომპანია „მეტროს" ავტობუსში ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. „მეტროს“ ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ ყველა იმ მგზავრს დაუკავშირდებიან, რომელიც გუშინ ამ ავტობუსით გადაადგილდებოდა და ზარალს აუნაზღაურებენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტობუსიდან ჩამოსვლა მოასწრეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ავტობუსი, რომელიც 15 ივნისს, ავტობანზე დაიწვა, 50 მგზავრზე იყო გათვლილი და ბილეთები სრულად გაყიდული ჰქონდათ. კომპანიის მენეჯერი, ანა კერძევაძე აღნიშნავს, რომ მგზავრებს ზარალი პრაქტიკულად არ მიუღიათ. "როგორც კი შენიშნეს პრობლემა, დარეკეს კომპანიაში. არცერთ მგზავრს არ აქვს დაზიანებები. როგორც ვიცი, საბარგულიდან ჩანთების და ჩემოდნების გამოღებაც მოხერხდა - მხოლოდ სალონში არსებული წვრილმანი ნივთები ყურსასმენები და დამტენები დაზიანდა. როგორც კი გავიგეთ ხანძრის შესახებ, ახალი ავტობუსი გავგზავნეთ დაახლოებით 50 წუთში და ბათუმში წაიყვანა მგზავრები", - ამბობენ კომპანიაში რადიო თავისუფლების ცნობით. აქვე განმარტავენ, რომ ავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა.  

უკრაინა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის როლს ასრულებს - ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ახლა რეალურად NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის როლს ასრულებს და ცივილიზებულ ევროპას ბარბაროსული რუსეთისგან იცავს. „ჩვენ უკვე მივაღწიეთ შთამბეჭდავ შედეგებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ალიანსის წევრ ქვეყნებთან მუშაობის წყალობით. ჩვენ უკვე შევაგროვეთ წარმოუდგენლად მრავალფეროვანი იარაღისა და აღჭურვილობის არსენალი“, - აღნიშნა რეზნიკოვმა. რეზნიკოვი ხაზს უსვამს, რომ მთელი ქვეყანა ელოდება სიცხადეს: „როდის და როგორ გავხდებით ალიანსის სრულუფლებიანი წევრი“. „უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები ცდილობენ, ნატო-ს ქვეყნებთან მაქსიმალურ თავსებადობას მიაღწიონ. ჩვენი მიზანია, შევასრულოთ ყველაფერი, რაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების კომპეტენციაში შედის, რათა ვილნიუსში მაქსიმალურად გათავისუფლდეს სივრცე სახელმწიფოს მეთაურების დონეზე საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.  

რუსეთის ძალების მიერ გაშვებული 20-ვე დრონი და ფრთოსანი რაკეტა განადგურებულია - უკრაინა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, რუსების მიერ 15 ივნისის ღამის საჰაერო თავდასხმის დროს გაშვებული Shahed-ის 20-ვე დრონი, 4 ფრთოსანი რაკეტიდან ერთი და Orlan-10 ტიპის სადაზვერვო დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინას Х-101/Х-555 ტიპის ფრთოსანო რაკეტებით, ასევე Shahed -136/131 დრონებით დაესხნენ თავს. რაკეტები Tu-95ms ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავებით კასპიის ზღვიდან გაუშვეს. ერთ-ერთი რაკეტა უკრაინელებმა გაანადგურეს, დანარჩენი კი დნეპროპეტროვსკის ოლქში სამრეწველო ობიექტებს მოხვდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა დრონები ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან გაუშვეს და უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს. გარდა ამისა, უკრაინელმა დამცველებმა Orlan-10 ტიპის სადაზვერვო დრონი გაანადგურეს, რომელიც საჰაერო დაზვერვას აღმოსავლეთის მიმართულებით ახორციელებდა.  

15 წლის ბათუმელ გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ პირს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე აცხადებს, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით, ბრალდებული და დაზარალებული ერთ მისამართზე, ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ. პროკურორის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, შესაძლოა, ბრალდება აღნიშნული პირის მიმართ დამძიმდეს, ან გამოიკვეთოს სხვა პირების ბრალეულობა. „ვინაიდან სენსიტიურ თემასთან გვაქვს საქმე, გარდაცვლილია არასრულწლოვანი, სხვა დეტალებისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა ალექსანდრე ძირკვაძემ. ბათუმში, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულთან სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა, ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, არასრულწლოვანმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  

ჰერჩინსკი: კონსტრუქციული სიახლეები გვჭირდება, უნდა გავაუმჯობესოთ საქართველოს აღქმა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში

ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი, ძალიან არსებითი დისკუსია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „მინდა დავადასტურო, რომ ორშაბათს საღამოს მე, ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად მიწვეული ვიყავი პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი, ძალიან არსებითი დისკუსია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, მაგრამ რადგან ეს იყო დახურული შეხვედრა, მე თავს შევიკავებ დეტალებში შესვლისგან”, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა მედიასთან, „რედისონში“ უსაფრთხოების კონფერენციისას ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს მაღალი თანამდებობის ოფიციალურ პირებს შორის დიალოგი ინტენსიურად მიმდინარეობს. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია ამ დიალოგის გაგრძელება. „შარშან, როდესაც ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა მიენიჭებინათ, მათ ასევე შეათანხმეს 12 პრიორიტეტი, 12 საკითხი, სადაც საქართველომ უნდა გააძლიეროს რეფორმები. ეს სამუშაო პროცესია უკვე ბევრი რამ არის მიღწეული. მინდა, მივულოცო მთავრობას ბევრი რეფორმა, ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებულია, მაგრამ ზოგიერთი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დაუსრულებელია და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პროგრესს დავინახავთ და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მეტი პროგრესი იქნება მიღწეული 12 პრიორიტეტის განხორციელების კუთხით. ამავდროულად, ჩვენ ასევე გვჭირდება საქართველოდან მომავალი პოზიტიური, კონსტრუქციული სიახლეები, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საქართველოს აღქმა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ასევე, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენი მხრიდან ვეცდებით, ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან და მხარი დავუჭიროთ მთავრობას, რათა შეიქმნას ძალიან პოზიტიური ატმოსფერო, რომელიც დაეფუძნება 12 პრიორიტეტის განხორციელებას, ისევე, როგორც საქართველოს საერთო აღქმას“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ცნობისათვის, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს 12 ივნისს შეხვდა.  

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას მასპინძლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებულ ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებას მასპინძლობს. შსს-ს ცნობით, წვრთნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პროგრამის "PPRD East 3"-ის ფარგლებში ხორციელდება და როგორც საშტაბო, ასევე, საველე კომპონენტებს მოიცავს. აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მონაწილეობით, საქართველოში ფართომასშტაბიანი საერთაშორისო წვრთნები იმართება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სწავლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. PPRD ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროექტს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირებისა და მზადყოფნის დონის ამაღლებაა. PPRD პროექტში საქართველოსთან ერთად, მთავარი ბენეფიციარი ქვეყნები უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი არიან.