ძებნის რეზულტატი:

პენტაგონმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

სამშაბათს პენტაგონმა უკრაინისთვის მორიგი პაკეტის გადაცემის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. დახმარება მოიცავს HIMARS საბრძოლო მასალებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და ჯავშანტექნიკას. უკრაინა მიიღებს უფრო მეტ ბრედლის ქვეით საბრძოლო მანქანებს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა გაანადგურა დასავლეთის მიერ მიწოდებული რამდენიმე ტანკი.  აშშ უკრიანას დამატებით 325 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას უგზავნის. უკრაინა NASAMS-ისა და HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლოს მასალას მიიღებს. დახმარება ასევე მოიცავს „სტრაიკერისა“ და „ბრედლის“ ტიპის ჯავშანმანქანებს, რომლებიც უკრაინის კონტრიერიშისას დაკარგულ ტექნიკას ჩაანაცვლებენ. ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ძალიან მალე გამოაცხადებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აშშ-მ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ, 40 მილიარდი დოლარის უსაფრთხოების დახმარება გაუწია.  

მილიონერების ემიგრაციის მხრივ, პირველ ადგილზე ჩინეთია, მეორეზე - რუსეთი

მილიონერების ემიგრაციის მხრივ, პირველ ადგილზე ჩინეთია. გასულ წელს ქვეყანა 10 800-მა ადამიანმა დატოვა. მოსალოდნელია, რომ წელს გადინება 13500 მილიონერი იქნება. ჩინეთისთვის ასეთი გადინება კრიტიკულია, რადგან ჩინეთის ეკონომიკის ზრდა შენელდება. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-ის წლიური ანგარიშიდან ირკვევა. ჩინეთს მოსდევს რუსეთი. 2022 წელს რუსეთი 8,5 ათასმა მილიონერმა დატოვა. რუსეთში წელს 3000 მილიონერის გადინებაა პროგნოზირებული. მილიონერების ემიგრაციის მხრივ, შემდეგ ადგილზე ინდოეთი. 2022 წელს ქვეყნიდან 7 500 მილიონი ადამიანი დატოვა, წელს გადინება 6 500 ადამიანზეა პროგნოზირებული. თუმცა, ამ ქვეყანაში ახალი მილიონერების რიცხვი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მდიდარი ემიგრანტების რაოდენობა. კვლევამ აჩვენა, რომ მილიონერებისთვის ყველაზე მიმზიდველ ადგილად რჩებიან ავსტრალია (+3800 2022 წელს და +5200 2023 წელს), არაბეთის გაერთიანებული საამიროები (+5200 და +4500 შესაბამისად) და სინგაპური (+2900 და +3200). აღსანიშნავია, რომ 2022 წელს კერძო კაპიტალის ყველაზე დიდი შემოდინება დაფიქსირდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (5200 მილიონერი). ამ ინდიკატორის უახლოესი კონკურენტი ავსტრალია იყო (3800 მდიდარი პირი). გასულ წელს აშშ-ში 1500 მილიონერი ჩავიდა, გერმანიაში  - 200 მდიდარი ადამიანი. ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა მძიმე სანქციები დაუწესა, მათ შორის კრემლის მოკავშირე ოლიგარქებს.  

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა დღევანდელი პლენარული სხდომის ბოლო საკითხად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა. 81 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი - კენჭისყრის შედეგები ასეთია. პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს. პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება. განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილის თვეში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა. პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა. როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გავაუქმებთ ამ კანონს - კობახიძე ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, სრულყოფილი მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს პირი არის თუ არა ოლიგარქი. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება. გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით. ამასტან, შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არ უნდა იიყოს მიღებული და არ უნდა მოხდეს “სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.  

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ ,,მაკდონალდის" ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის საბავშვო სასაჩუქრე წიგნების გავრცელება მოზარდებთან მიმართებით არის ვერაგული და შეფარული საქციელი ,,მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საპატრიარქო აღნიშნულს „კარგად გათვლილი მზაკვრობას” უწოდებს. საპატრიარქო განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოზარდებთან მიმართებით ეს არის ვერაგული და შეფარული საქციელი ,,მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან. „ცნობილი გახდა, რომ ,,მაკდონალდის" ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის საბავშვო სასაჩუქრე წიგნები ვრცელდება. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია დადასტურდა. აღნიშნულმა ფაქტმა მოსახლეობის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა, განსაკუთრებით საქართველოში, ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი ქრისტიანული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობით ცხოვრობს. რაც მთავარი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, მოზარდებთან მიმართებით ეს არის ვერაგული და შეფარული საქციელი ,,მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საუბარი ჯანსაღ საკვებზე კი, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა. შეუძლებელი, მათ არ ესმოდეთ, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა საზოგადოებაში ამგვარ უპატივცემულობას - ქვეყნისა და მისი მოსახლეობის მრავალსაუკუნოვანი სულიერი და კულტურული ღირებულებების, ცხოვრების წესის უგულებელყოფას”, - წერია განცხადებაში.  

მალიარმა ბრძოლის ველზე არსებული სურათი შეაჯამა

ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე ვითარება დინამიკურია, რადგან უკრაინის თავდაცვის ძალები როგორც შეტევით, ისე თავდაცვით მოქმედებებს ახორციელებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა უკრაინული ტელევიზიის ეთერში განაცხადა.   მალიარის ცნობით, ამ დროისთვის შეტევითი მოქმედებები რამდენიმე რაიონში გრძელდება.   „პარალელურად გვაქვს თავდაცვითი მოქმედებებიც, რადგან მტერი რამდენიმე რაიონშიც მიიწევს წინ. შესაბამისად, ვითარება დინამიკურია. სადაც წინ მივიწევთ, ესაა ბახმუტის რაიონი და ყველამ იცის, რომ აღმოსავლეთი არის საომარი მოქმედებების ეპიცენტრი. ამავდროულად, იქ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და უნდა გვესმოდეს, რომ მტერი უბრალოდ არ თმობს პოზიციებს, რომლებიც ადრე იყო დაკავებული, ამიტომ, ეს ძალიან რთული ბრძოლებია“, - განაცხადა მალიარმა.    უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენენ სიტუაციაზე, მათ შორის ამინდი. „გარდა ამისა, მტრებმა გაზარდეს არტილერია და ნაღმტყორცნები. ცდილობენ, შეანელონ ჩვენი ძალების მოძრაობა დაბომბვით და იღებენ სხვა ზომებს", -აღნიშნავს მალიარი.    

Spotify $5 მილიონით დაჯარიმდა

შვედეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მუსიკის სტრიმინგის გიგანტი Spotify 13 ივნისს 58 მილიონი კრონით (5,4 მილიონი აშშ დოლარი) დააჯარიმეს იმის გამო, რომ არ აცნობეს მომხმარებლებს, თუ როგორ იყენებდნენ მათ მონაცემებს. Spotify გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. თავის მხრივ, შვედეთის კონფიდენციალურობის დაცვის ორგანომ (IMY) განაცხადა, რომ განიხილეს „როგორ ამუშავებს Spotify კლიენტების პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლებას“და გამოვლენილი ხარვეზების შედეგად, IMY კომპანიას 58 მილიონი კრონის ჯარიმას აკისრებს. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ევროპული მონაცემთა დაცვის აქტის GDPR-ის მიხედვით, მომხმარებლების უფლებაა, იცოდნენ რა მონაცემებს ფლობს კომპანია მათ შესახებ და როგორ გამოიყენებოდა ეს მონაცემები. რეგულატორის განმარტებით, Spotify არ იყო საკმარისად კონკრეტული იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებოდა ეს მონაცემები. „რადგან Spotify-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაურკვეველი დარჩა, პირებს გაუჭირდათ იმის გაგება, თუ როგორ მუშავდება მათი პერსონალური მონაცემები; ასევე - შეემოწმებინათ, არის თუ არა მათი პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონიერი.    

ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების სამსახურის“ ხელმძღვანელს პოზიცია შეუცვალეს

რობერტ კიუტი, რომელიც ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა „მინისტრად“ დაინიშნა. ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას ვალტერ ბუტბას „შინაგან საქმეთა მინისტრის“ პოსტიდან გათავისუფლების შესახებ.  

პარლამენტმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტი ავრელებს. პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას 80 ხმით მხარი დაუჭირა. შეთანხმების დეტალებზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობა სამხედრო განათლებას, წვრთნას და სწავლებებს, ლოგისტიკას, სამხედრო მედიცინას, სამხედრო კანონმდებლობას და NATO-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებს მოიცავს. 24 პრილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა, რის შემდეგაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 24 აპრილის განცხადებით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებსა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა. ამასთან, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და აღინიშნეს, რომ „სტრატეგიული დონის შეხვედრები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივი სწავლებები და ექსპერტთა შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას“. ჯუანშერ ბურჭულაძემ და ზაქირ ჰასანოვმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკას გაუსვეს ხაზი, „რაც ადასტურებს მზაობას, კიდევ უფრო გამყარდეს კავშირები ქვეყნების და რეგიონის საკეთილდღეოდ“. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური, სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები. ამ კონტექსტში ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებასა და განვითარებას გაუსვა ხაზი.  

ევროკომისარი დომბროვსკისი: კახოვკის კაშხლის ნგრევის შემდეგ, უკრაინას დახმარება ევროკავშირის 14 წევრმა ქვეყანამ გაუგზავნა

ევროკავშირის თოთხმეტმა წევრმა ქვეყანამ, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მონაწილე სახელმწიფომ დახმარება გაუწია უკრაინას კახოვკის კაშხლის კატასტროფის შემდეგ, განაცხადა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა 13 ივნისს. დომბროვსკის თქმით, დახმარება მოიცავს 76 ნავს, 300-ზე მეტ წყლის ტუმბოს და 160 000-ზე მეტ თავშესაფარს. დომბროვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაყინული რუსული სახსრების გამოყენება მნიშვნელოვანია უკრაინის ომის შემდგომი აღმშენებლობისთვის. „მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინის რეკონსტრუქცია ასევე უნდა დაფინანსდეს რუსული აქტივებით. ევროკავშირი მოწოდებულია უზრუნველყოს, რომ რუსეთმა სრულად აგოს პასუხი უკრაინის წინააღმდეგ მისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომისთვის", - აღნიშნა დომბროვსკისმა. 13 ივნიის, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება 13-მა ქვეყანამ გაუგზავნა.  

უკრაინის რეკონსტრუქცია უნდა დაფინანსდეს გაყინული რუსული აქტივებით - ევროკომისარი

ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის რეკონსტრუქცია გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსდეს. ევროკომისრის შეფასებით, ევროკავშირი მოწოდებულია უზრუნველყოს, რომ რუსეთმა სრულად აგოს პასუხი უკრაინის წინააღმდეგ მისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომისთვის. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ძლიერი კოორდინაცია ჩვენს ევროპულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან - როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უკრაინის რეკონსტრუქციაში. ეს მოიცავს სწრაფ აღდგენას, ისევე როგორც ომის შემდგომი აღდგენის მცდელობებს. ორივე ბანკმა შეასრულა ეს როლი და გააძლიერა უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის ომის პირველივე დღეებიდან“, - აღნიშნა ევროკომისარმა. ამავე განცხადებიდან: ევროკომისარი დომბროვსკისი: კახოვკის კაშხლის ნგრევის შემდეგ, უკრაინას დახმარება ევროკავშირის 14 წევრმა ქვეყანამ გაუგზავნა    

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ კანონში ცვლილებები შევიდა

79 ხმით, პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო პაკეტის რედაქციულ ცვლილებებზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა. კანონპროექტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების უკვე არსებულ საფუძვლებს, ახალი საფუძველი დაემატება. კერძოდ, შესაძლებელი იქნება წვევამდელის ან/და რეზერვისტის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების დამუშავება, რაც სამხედრო ვალდებულებისგან ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისთვის იქნება გამოყენებული.  

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო. ცვლილებების პროექტი ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით მომზადდა, რომელიც პარლამენტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო. კანონპროქტის თანახმად, რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების წესს და მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასების კრიტერიუმების  და ასევე სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის საკითხები წესრიგდება.  

მაღაროელების პროტესტის ფონზე, სახალხო დამცველი ჭიათურაში ჩასვლას აანონსებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს 15 ივნისს შეხვდება. იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რომ ჭიათურაში მაღაროელებს, მთელ რიგ საკითხებთან ერთად, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად არის ჩართული ჭიათურაში მიმდინარე პროცესებში. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა „როდესაც ეს პრობლემა დაიწყო, პირველივე წუთებიდან ჩავერთეთ. დღეს ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები ჭიათურაში. გუშინ, ხელისუფლებას მოვუწოდე, მედიატორი ჩასულიყო, რადგან იქ მმართველი დანიშნულია სახელმწიფოს მიერ და ამიტომ, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მედიაციის პროცესი განახორციელოს. მე ვაპირებ 15 ივნისს ჩავიდე ჭიათურაში, რომ მე თვითონ გავეცნო პრობლემას, შევხვდე მშრომელებს. იქ არის მთელი რიგი პრობლემები, რომელსაც ისინი ასახელებენ, მათ შორის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ძალიან აქტიურად ვართ ამ პროცესში ჩართულები. მე თვითონ ვიქნები 2 დღეში და შევხდები ამ ადამიანებს“, - განაცხადა იოსელიანმა. ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა 13 ივნისს შიმშილობა დაიწყეს. მაღაროელები კვირაზე მეტია, ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.  

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით, 107.5 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას უგზავნის

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის 92 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. უკრაინული მედიის თანხმად, ამის შესახებ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გადაცემული აღჭურვილობა გააუმჯობესებს უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურა, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები ფრონტის ხაზზე. პაკეტის ფარგლებში, კიევი მიიღებს რადარებს რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად, ასევე საბრძოლო აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას“. „დიდი ბრიტანეთი უკრაინის საერთაშორისო ფონდში დამატებით 250 მილიონი ფუნტი შეიტანა და, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ფონდის მეშვეობით ჩვენ ვაცხადებთ საჰაერო თავდაცვის პაკეტს, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას თავისი კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურა და დაიცვას თავი განურჩეველი რუსული საჰაერო თავდასხმებისგან“, – ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა.  

დონალდ ტრამპი ფორმალურად მეორედ დააკავეს

აშშ-ის ყოფილპრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოში მივიდა, სადაც ფორმალურად დააკავეს. CNN-ი წერს, რომ ტრამპი ფლორიდას შტატის ქალაქ მაიამის ფედერალური სასამართლოს შენობაში მივიდა, სადაც იგი ფორმალურად დააკავეს საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადოდ მოპყრობის საქმესთან დაკავშირებით. ტრამპის დაკავების შემთხვევა ფორმალური პროცედურაა, ამიტომ ყოფილ პრეზიდენტს ბორკილები არ დაადეს და „დაკავების ფოტო” არ გადაუღეს. სასამართლომ მოსმენის დროს ნებისმიერი ტრანსლაცია, ასევე ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალა. მას ფორმალური დაკავებიდან გაათავისუფლებენ და ტრამპი საკუთარი მხარდაჭერების წინაშე დაანონსებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს. დონალდ ტრამპი 37-ვე ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს. მაიამის სასამართლოში, მაგისტრატმა მოსამართლე ჯონათან გუდმანმა ტრამპს მის წინააღმდეგ წაყენებული 37 ბრალდება წარუდგინა. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს - იუსტიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელია. ასევე წაიკითხეთ: დონალდ ტრამპი ბრალის წარდგინების პროცესის დროს ფორმალურად დაკავებულია  

ზალუჟნი გენერალ მარკ მილის ესაუბრა: გვაქვს გარკვეული წარმატებები, ჩვენს გეგმებს ვახორციელებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ და აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო იარაღის მიწოდებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ უკრაინის მთავარსარდალმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა. „სასტიკი თავდაცვითი და შეტევითი ბრძოლები მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით. ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმატებები. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს, წინ მივდივართ“, - განაცხადა ზალუჟნიმ. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის წინ უკრაინის არმიის პრიორიტეტები განიხილეს.  

ლუქსემბურგმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატამ მიღებული რეზოლუციით, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ლუქსემბურგელი დეპუტატების გადაწყვეტილება ისტორიული სამართლიანობის აღდგენად შეაფასა. "ეს ნაბიჯი პატივს სცემს მილიონობით მსხვერპლს და აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას. ჰოლდომორის გენოციდად საერთაშორისო აღიარება კვლავ იზრდება", - დაწერა კულებამ Twitter-ზე  

სახელმწიფო დეპარტამენტი: ამ სანქციების სრულად აღსრულება, არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად აღსრულება, საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს, მაგრამ რუსეთს გაურთულებს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას. ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს, დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში და თანამშრომლობს თუ არა თბილისი ვაშინგტონთან იმისთვის, რომ რუსეთმა საქართველოს საშუალებით, სანქციების გვერდის ავლა ვერ შეძლოს - ეს არის კითხვები, რომლებიც „ამერიკის ხმამ“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაუსვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო და შემოსავლების სამსახური და ეროვნული ბანკი, შესანიშნავი პარტნიორები არიან და გვჯერა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის მცდელობებს გვერდი აუაროს სანქციებს. სანქციები მეტად ეფექტურია, როდესაც ბადეში არ არის ხვრელები, რომლებიც კრემლზე ზეწოლას ხსნის. ამ სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კრემლს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას გაურთულებს“ - აცხადებს „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით პასუხში შეერთებული შტატების საგარეო უწყების წარმომადგენელი. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება, განსაკუთრებით, რუსეთის მეზობლების ინტერესებშია. „შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ომი დასრულდეს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა რაც შეიძლება მალე აღდგეს. ამ ომის დასრულება შედის არა მხოლოს შეერთებული შტატების ინტერესში, არამედ მთელი მსოფლიოს, მათ შორის და განსაკუთრებით, რუსეთის მეზობლების ინტერესებში“ - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ობრაიენმა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლზე გასულ კვირაში, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა. ობრაიენს ჰკითხეს, რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლა. პასუხად ობრაინემა თქვა, „ჩვენ ვიცით, რომ ეს არსებითი პრობლემაა. ამიტომ დავდივარ ყაზახეთში. ამიტომ დავდივარ საქართველოში, სომხეთში და სხვაგან. ჩვენ გვყავს გუნდები, რომლებიც მიდიან თურქეთში და სხვა ადგილებში“. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ მთავარ გზად, შეერთებული შტატები ამ ქვეყნებთან აქტიურ ჩართულობას ხედავს და ამბობს, რომ გარკვეულ შემთხვევებში შედეგები უკვე სახეზეა.

ოდესაზე რუსეთის ძალების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან AFP- ის თანახმად, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი. რუსეთის ძალებმა ოდესისკენ „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს. დარტყმა შავ ზღვაში მყოფი გემიდან განხორციელდა. აფეთქების ტალღამ დააზიანა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები ქალაქის ცენტრში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი ადამიანი. გარდა ამისა, ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის საწყობში ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია განადგურდა და ხანძარი გაჩნდა. საწყობის სამი თანამშრომელი დაიღუპა, შვიდი კი, დაშავდა. ამჟამად ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს, რადგან მის ქვეშ, შეიძლება, ადამიანები იყვნენ მოყოლილნი.

მსოფლიოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებმაც საკუთარი სახლები ომების, ძალადობის და უფლებების დარღვევის გამო დატოვეს

მსოფლიოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებმაც საკუთარი სახლები ომების, ძალადობის და უფლებების დარღვევის გამო დატოვეს. გაეროს კომისარიატის თანახმად, ადამიანების იძულებით გადაადგილების პროცესი არც 2023 წელს შენელებულა, რასაც, მათ შორის, ხელი შეუწყო სუდანში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამ. 2023 წლის მაისისთვის მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 110 მილიონს მიაღწია. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 14 ივნისის მონაცემებით, 2022 წელს თავისი საცხოვრებელი ადგილი იძულებით დატოვა 108,4 მილიონმა ადამიანმა, რაც ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია. მათგან 35,3 მილიონი საკუთარი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში ლტოლვილია. 62,5 მილიონი თავის სამშობლოში იძულებით გადაადგილებული პირია. გაეროს მონაცემებით, 2021 წელთან შედარებით, იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი 19,1 მილიონით გაიზარდა. მთავარ მიზეზად დასახელებულია ომი უკრაინაში. 2022 წლის ბოლოსთვის უკრაინელი ლტოლვილების რიცხვმა 5,7 მილიონს მიაღწია, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლტოლვილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.