ძებნის რეზულტატი:
გერმანიის განაცხადი საფრანგეთის უპრეცედენტო ნაბიჯის შემდეგ: NATO-მ უკრაინას გაწევრიანების გზაზე შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები მოუხსნას
NATO-ს მოკავშირეები შესაძლოა, მზად იყვნენ უკრაინის სამხედრო ალიანსისკენ მიმავალი გზიდან გარკვეული დაბრკოლებების მოსახსნელად, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა პარასკევს, ვილნიუსისს სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომელიც მიზნად ისახავს გადალახოს უთანხმოება კიევის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მას ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ აშშ ღიაა, ნება დართოს კიევს, უარი განაცხადოს NATO-ს წევრობის კანდიდატის მოსაპოვებლად საჭირო ოფიციალურ პროცესზე, რომლებიც წარსულში სხვა ქვეყნებისთვის სავალდებულო იყო. „მზარდი ნიშნებია იმისა, რომ ყველა შეძლებს ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას. მე ვიქნები ღია ამისთვის“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. თავის მხრივ, გამოცემა Axios-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს უჭერს NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმა“ (MAP) ალიანსში გასაწევრიანებლად და ის ომის შემდეგ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზის შემსუბუქების გეგმას ემხრობა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) განხორციელება ალიანსში გასაწევრიანებლად. ამის შესახებ Axios-ი ჯო ბაიდენსა და იენს სტოლტენბერგს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. წყაროების ცნობით, სამშაბათს თეთრ სახლში, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე, სტოლტენბერგმა წამოაყენა წინადადება, რომ უკრაინამ გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწია და არ დასჭირდება მაპ-ის პროცესის ეტაპობრივად დასრულება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა წევრებმა გაწევრიანებამდე გაიარეს. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ბაიდენი ეძებს საკითხის კომპრომისულ გადაწყვეტას, რომელსაც NATO-ს ყველა მოკავშირე დაეთანხმება. ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა ეს ფორმულირება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და NATO-ს წევრებს. შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას და დასძინა, რომ თითოეულ ქვეყანას საკუთარი გზა აქვს ალიანსში გაწევრიანებისკენ. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 15 მაისს მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც პარიზი NATO-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას მხარს უჭერს. მანამდე, უკრაინული მხარის ცნობით, ზელენსკისა და მაკრონის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი დეკლარაციაში წერია, რომ NATO-ს ფარგლებში საფრანგეთი აგრძელებს ფოკუსირებას უკრაინის პირდაპირ მხარდაჭერაზე - საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინა-NATO-ს კომისიას, როგორც შემდგომი გაძლიერებისა და გაფართოებისთვის პლატფორმას, რომ უკრაინამ ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამისად წაიწიოს წინ, ევროატლანტიკური ოჯახისკენ. იმ ფონზე, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს, 15 მაისს მიღებული დეკლარაცია განსაზღვრავს უკრაინის გზას სრულუფლებიანი წევრობისკენ, მაგრამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ეტაპით, რომლითაც კიევი ახლა არ არის კმაყოფილი. როგორც ცალკე პუნქტი, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „უკრაინა და საფრანგეთი მოუთმენლად ელიან ამ საკითხების მოგვარებას NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში, 2023 წლის ივლისში“. დოკუმენტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ და აღნიშნა, რომ „დეკლარაციის დამტკიცება მსგავსი ფორმულირებით ადრე უბრალოდ, შეუძლებელი იყო“. „საფრანგეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ევროატლანტიკურ ოჯახამდე მისასვლელად, მათ შორის უსაფრთხოების საერთო ინტერესების ხელშესაწყობად". საფრანგეთი და უკრაინა მოუთმენლად ელიან ამ საკითხების მოგვარებას NATO-ს სამიტზე ვილნიუსში 2023 წლის ივლისში. საფრანგეთთან დამტკიცებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ საშუალება მისცა უკრაინას, გააძლიეროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხმა ევროატლანტიკური მიმართულებით. საფრანგეთთან ასეთი დეკლარაციის მიღების ფაქტი და თან მსგავსი ფორმულირებით, ადრე უბრალოდ შეუძლებელი იყო დღეს კი საფრანგეთი გახდა მე-18 სახელმწიფო, რომელთანაც ერთობლივი განცხადებები გვაქვს NATO-ში გაწევრიანების შესახებ“, - ამბობს ჟოვკვა. კიევი ამ ნაბიჯს მნიშვნელოვნად თვლის იქედან გამომდინარე, რომ საფრანგეთი ევროკავშირის და NATO-ს დამფუძნებელი სახელმწიფო, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ავტორიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა და უდიდესი სამხედრო ძალაა ევროკავშირში. ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობის ფარგლებში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსგავსი ფორმულირებით დეკლარაციები მიიღო იტალიისა და გერმანიის ლიდერებთანაც. უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში. რას ელის კიევი ვილნიუსის სამიტისგან უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს. 28 აპრილის ინტერვიუს დროს, მიხაილო პოდოლიაკი, ვილნიუსის სამიტში მონაწილეობის ერთადერთ პირობას ასახელებდა. „ვილნიუსის სამიტში უკრაინის ინტენსიური მონაწილეობის ერთადერთი პირობაა NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ლოგისტიკური ზუსტი გეგმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის... ჩვენ გვინდა, მივიღოთ კალენდარული გეგმა, თუ როდის ვიქნებით ალიანსში - რამდენი დრო დაგვჭირდება გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების, ან გაწევრიანების ლოგისტიკური გეგმის გასავლელად“, - ამბობდა პოდოლიაკი. მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ მიღების პროცედურები ომის დროს ვერ წარიმართება, მაგრამ როგორც კი ომი უკრაინის პირობებით დასრულდება, უკრაინა ძალიან მოკლე დროში უნდა გაწევრიანდეს NATO-ში. „მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ნათლად არის გაწერილი ალიანსში გაწევრიანების ბიუროკრატიულ პროცედურასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. ის მიიჩნევს, რომ საგზაო რუკა უკრაინის გაწევრიანების პროცედურასთან დაკავშირებით, ზუსტად ვილნიუსში უნდა ჩამოყალიბდეს. 20 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ვილნიუსში სამიტისგან პოლიტიკურ მიწვევას ელოდება. ეს პირადად განუცხადა ზელენსკიმ NATO-ს გენდმივანს, რომელიც კიევში პირველად ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. სტოლტენბერგის თქმით, ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
16 ივნისს საქართველოში სითბოს ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ივნისს გამოიდარებს, ხოლო 18 ივნისიდან ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. "აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა ძლიერი წვიმა და სეტყვა აღინიშნოს. თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროკავშირში გაწევრიანება, NATO-ში ინტეგრაცია, აშშ-სთან ურთიერთობა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება - დარჩიაშვილის მოხსენება პარლამენტში
საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს პარლამენტში დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. მისი მოხსენების პირველი თავი ევროკავშირის გაწევრიანებას ეთმობა. მინისტრის შეფასებით, საქართველო 12 პრიორიტეტის შესრულების დასკვნით ფაზაზეა: „საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და კოორდინაციით, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, პრიორიტეტებზე მუშაობის პროცესი წარიმართა ინკლუზიურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების სრული დაცვით. შედეგად, მოცემულ ეტაპზე, საქართველო 12 პრიორიტეტის შესრულების დასკვნით ფაზაზეა. ველით, რომ ევროკომისია სამართლიანად და დამსახურების პრინციპის საფუძველზე შეაფასებს საქართველოს პროგრესს 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით და შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის შეფასებისას გასცემს რეკომენდაციას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც, შესაბამისად, გახდება წლის ბოლოსთვის ევროკავშირის ლიდერების დადებითი გადაწყვეტილების საფუძველი. უნდა აღინიშნოს, რომ 12 პრიორიტეტის განხორციელების ინკლუზიური და ღია პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვეყნის შიგნით მუშაობით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და კოორდინაციით, 2022 წელსვე შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი ინტეგრაციის პროცესში ჩართული ექსპერტების მონაწილეობით - საქართველოს პარლამენტის სპიკერის კაბინეტის, დარგობრივი სამინისტროების, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელიც რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს ევროპულ ინსტიტუციებში, ასევე, წევრი ქვეყნების დედაქალაქებში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში. დამატებით, ვიზიტების ფარგლებში, იმართება შეხვედრები აკადემიური წრეების, ანალიტიკური ცენტრების და სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს საზოგადოების ფართო წრეების მხარდაჭერის მობილიზება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხისადმი. ეს შეხვედრები ემსახურება ევროპულ ინსტიტუციებსა და წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ჩვენი მოკავშირეების მუდმივ ინფორმირებასა და ჩართულობას იმპლემენტაციის პროცესში, ამასთან, კონსულტაციებს 12 პრიორიტეტის ეფექტიანად შესრულების თაობაზე. ამ მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სახვადასხვა დონის ვიზიტები და შეხვედრები ბრიუსელში ევროკავშირის სტრუქტურების თანამდებობის პირებთან“. მინისტრი აღნიშნავს, რომ „საქართველოს, ასოცირების შეთანხმების მხრივ შესრულებული აქვს ვალდებულებების, დაახლოებით, 50%, ხოლო DCFTA-ის ვალდებულებების 60%-ზე მეტი“. NATO-ში ინტეგრაცია ილია დარჩიაშვილის შეფასებით, ქართულმა მხარემ „ქმედითი ნაბიჯები" გადადგა სხვადასხვა მიმართულებით: "გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები, როგორც NATO-ს შტაბ-ბინაში, ისე საქართველოში, რომლის დროსაც მოკავშირეებთან ერთად განიხილებოდა NATO-საქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი და სამომავლო პერსპექტივები". მინისტრმა მიმოიხილა თითოეული ვიზიტი და მისი შედეგი, მათ შორის ისაუბრა პრემიერ-მინისტრისა და NATO-ს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრასა და საქართველოში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას ვიზიტებზე; მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ეფექტიანად იყენებდა NATO-ს ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს: NATO-საქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და NATO-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP). სამომავლო გეგმები დარჩიაშვილი ივლისში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქართული მხარე "აქტიურად გააგრძელებს მუშაობას საქართველოს სათანადოდ წარმოსაჩენად". ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის გეგმით, გაგრძელდება მუშაობა არსებული პოლიტიკური და პრაქტიკული ინსტრუმენტების, NATO-საქართველო კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამის და გაძლიერებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის გამოყენებით. ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის კონტექსტში მინისტრი საუბრობს მისი სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე: "დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველყოფისთვის; საერთაშორისო სასამართლოებში, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, საქართველოს წარმატებები; მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხზე; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობა; გრძელდებოდა მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიმართულებით". მინისტრი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებს საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. დარჩიაშვილის თქმით, გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში და ყველა შესაბამის ფორმატში აქტიურად იდგეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები: "რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, პირველ რიგში კი, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულება; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება; საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ადამიანის უფლებათა მონიტორების დაშვება". ორმხრივი ურთიერთობა აშშ-სთან ილია დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან, აშშ-სთან დინამიურად ვითარდებოდა თანამშრომლობა, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. „შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, ნატოში ინტეგრაციას, ასევე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებს". მინისტრი გამოყოფს აშშ-ის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებისა და შეზღუდვების შესრულების საკითხს და აცხადებს, რომ ამ მხრივ, მაგალითად იშველიებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის „საქართველოში საინვესტიციო კლიმატის“ თაობაზე მოხსენებას, რომლის თანახმადაც, „საქართველო სრულფასოვნად იცავს ფინანსური სანქციების რეჟიმს და იღებს შესაბამის ზომებს, რათა ქვეყნის ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისა და შეზღუდვების გვერდის ავლისთვის. ამასთან, ამერიკული მხარე ფორმალურ თუ პირად საუბრებში, ცალსახად დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას". ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ უმაღლეს ნიშნულზეა აშშ-სთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ამავე მოხსენებაში მინისტრი ხაზს უსვამს, რომ შავ ზღვაზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების განვითარება/ხელშეწყობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მისი შეფასებით, აღნიშნულს ეკონომიკური სარგებლის გარდა, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის პოლიტიკურ და უსაფრთხოების ჭრილში. „ისეთი პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტ კაბელები, საბორნე მიმოსვლა, რომლებიც საქართველოს პირდაპირ დააკავშირებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩვენს ქვეყანას, რათა ჩამოყალიბდეს ძლიერ რეგიონულ ცენტრად და საკვანძო როლი შეასრულოს საერთაშორისო ტვირთბრუნვასა და ვაჭრობაში, წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში არამხოლოდ როგორც ენერგორესურსების გამტარმა, არამედ როგორც სუფთა ენერგიის წყარომ“.
პრემიერმა სახალხო დამცველთან შეხვედრაზე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილა - მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. „საუბარი შეეხო 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა და რადიკალურად შეიცვალა ვითარება ამ კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ორ დოკუმენტს, რომელთაგან პირველი მოიცავდა 2014-2020 წლებს, ხოლო მე-2 მოიცავს 2022-2030 წლებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“, - აღნინულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანია უკრაინას Patriot-ის ტიპის სისტემებისთვის კიდევ 64 მართვად რაკეტას „დაუყოვნებლივ“ გაუგზავნის
გერმანია უკრაინას დაუყოვნებლივ გადასცემს კიდევ 64 მართვად რაკეტას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, NATO-ს შეხვედრის მეორე დღეს ბრიუსელში განაცხადა. „ეს არის „უაღრესად მნიშვნელოვანი ნიშანი უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ძალისხმევის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ახლა, ომის ამ კონკრეტულ ფაზაში", - განაცხადა პისტორიუსმა.
სახალხო დამცველმა 2 ივნისს დაკავებულ აქციის მონაწილეების საქმეებზე სასამართლოს მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2023 წლის 2 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ მოქალაქეთა სამართალდამრღვევებად ცნობით, ადგილი ექნება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას, რაც, თავის მხრივ წარმოშობს საშიშროებას, პროტესტის მიზნით განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევა მომავალშიც სამართალდარღვევად დაკვალიფიცირდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამდენად, სახალხო დამცველმა 2 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით ხუთ საქმეზე (საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის საქმეებზე) სასამართლოს მეგობრების მოსაზრებით (Amicus Curiae) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და საერთაშორისო სტანდარტების, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. „ხუთივე შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და საჯაროდ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები დეტალურად შეისწავლა და შეაფასა. მასალების ანალიზმა მკაფიოდ გამოავლინა, რომ აქციის ზემოთ ხსენებული მონაწილეების ქმედებები სრულიად არაძალადობრივი იყო. ისინი არ გამოხატავდნენ აგრესიას სამართალდამცავების ან გამვლელების მიმართ, ხელს არ უშლიდნენ ტრანსპორტის ან მოქალაქეთა გადაადგილებას, არ ბლოკავდნენ შენობის შესასვლელს და სხვა. ამ ფონზე, სახალხო დამცველმა საქმის განმხილველი სასამართლოს მხრიდან იმ გარემოების შეფასების არსებით მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, თუ რამდენად შეიძლება შეკრებილთა მიერ გამოხატვის სხვადასხვა საშუალებით სარგებლობამ საზოგადოებრივი წესრიგის თუნდაც მინიმალური დარღვევა გამოიწვიოს და შექმნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის ინფორმაცია და იდეები, რომელთაც საზოგადოება იზიარებს ან რომელთა მიმართ ინდიფერენტულად არის განწყობილი, არამედ ისეთებიც, რომელიც შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების რომელიმე, გარკვეულ ჯგუფს. საგულისხმოა ისიც, რომ პოლიტიკური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს. შესაბამისად, სრულიად დაუშვებელია სამართალდამცავთა მიერ შეკრების მონაწილეთა უფლებებში ჩარევა მხოლოდ მათ მიერ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები დაეხმარება სასამართლოს, სწორად შეაფასოს განსახილველი საკითხები და სამართალშეფარდება განხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით დადგენილი პრინციპების დაცვით. სახალხო დამცველის აპარატი, შესაბამისი სრული მასალების წარმოდგენის შემდეგ, გააგრძელებს აქციის სხვა დაკავებული მონაწილეების საქმეების შესწავლასაც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ევროპის გუნდი“ საქართველოში ორი მასშტაბური ინიციატივის განხორციელებას იწყებს
საქართველოში ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობები გამოაცხადებენ „ევროპის გუნდის“ მიერ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ორი ახალი ინიციატივის დაწყების შესახებ. ღონისძიება ჩატარდება „არაგვის სათავგადასავლო ცენტრში“, რომელიც არაგვში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 2023 წელს „ევროპის გუნდი“ საქართველოში ორი მასშტაბური ინიციატივის განხორციელებას იწყებს: “დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება”, რომლის მიზანია ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებს შორის არსებული განსხვავების შემცირება და ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. “მწვანე და ჯანსაღი”, რომლის მიზანია საქართველოს ბუნების დაცვა, ნარჩენების მართვის სერვისების გაუმჯობესება და მუნიციპალიტეტების „გამწვანება“ საქართველოში ადამიანებისათვის უკეთესი და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ევროპის გუნდის“ შესახებ „ევროპის გუნდი“, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა, როგორც COVID19-ის პანდემიაზე ევროკავშირის ერთობლივი რეაგირების ინსტრუმენტი, გარდაიქმნა ინიციატივების სერიად, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და ევროპული საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას და მიმართვას პარტნიორ ქვეყნებში ტრანსფორმაციული გავლენის უზრუნველსაყოფად.
ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - სააკაშვილი
ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოოთ, მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით. დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ. ასევე, როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“,- წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პოლონეთის მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ბელორუსის ტერიტორიიდან სროლა იყო
პოლონეთის მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე დღის წინ ბელორუსის ტერიტორიიდან გასროლა მოხდა, დაზიანებულია სამსახურებრივი მანქანა და უცნობია, რომელი იარაღი გამოიყენეს. ინციდენტში მონაწილე რაზმის უფროსმა პოლონეთის სეიმში ისაუბრა. მესაზღვრეების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა არკადიუშ ტივონიუკმა განაცხადა, ტყვიამ მანქანის გვერდითი ფანჯარა გაიარა და გასასვლელში მეორე ფანჯარა გახვრიტა. ამ დროს მანქანაში ორი მესაზღვრე იმყოფებოდა, ამიტომ ეს მათ სიცოცხლეს პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა. მესაზღვრემ ასევე განაცხადა, რომ რომ პატრულს თითქმის ყოველდღე ქვებს ესვრიან. 2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, პოლონელმა მესაზღვრეებმა ბელორუსიდან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 12000-ზე მეტი მცდელობა დაარეგისტრირეს. ეს ეხება მსოფლიოს მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ჩადიან ბელორუსში და იქიდან ცდილობენ ევროკავშირის ქვეყნებში ფეხით მოხვედრას. ყველაზე ხშირად ისინი არიან ავღანეთის, სირიის, ერაყის, იემენისა და სომალის მოქალაქეები. 2021 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ბელორუსმა ევროპელი მეზობლების საზღვრებზე მიგრაციის კრიზისი შექმნა, რამაც ხელი შეუწყო აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ხალხის შესვლას საზღვარზე. ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ამას შურისძიებად თვლიდნენ ბელორუსის ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ლუკაშენკოს რეპრესიების კონტექსტში. 2021 წლის ზამთრის შემდეგ, ასეთი მცდელობების ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა. გასულ წელს პოლონეთმა საზღვარზე ღობის მშენებლობა, ახლახან კი, სათვალთვალო აღჭურვილობით ელექტრონული ბარიერის მშენებლობა დაასრულა. პოლონეთმა 2021 წლის ოქტომბერშიც განაცხადა, რომ ბელორუსის მესაზღვრეებმა მის ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხოდ, პოლონეთმა ბელორუსის საზღვარე მიგრანტების მომრავლების ფონზე, საგანგებო რეჟიმი შემოიღო. ასევე გამოიძახა ბელორუსის საქმეთა დროებითი რწმუნებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლუკაშ იასინამ განაცხადა, რომ საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრი ჩასნუსკი დაიბარეს საზღვარზე ბელორუსული მხარის „პროვოკაციების“ განსახილველად, მათ შორის გავრცელებული სროლების შესახებ. სამინისტროს დატოვებისას ჩასნუსკიმ უარყო, რომ საზღვარზე სროლა იყო. „ბელორუსის პატრულმა ესროლა პოლონეთის არმიის ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენთან ერთად პატრულირებენ საზღვარზე", - ციტირებდა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ი სასაზღვრო დაცვის სპიკერის ანა მიხალსკას სიტყვებს. მისივე თანახმად, სავარაუდოდ, გემოყენებული იყო ცარიელი ვაზნები, რადგან დაზიანება არავის მიუღია.
საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას - დარჩიაშვილი
საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა. „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების თანაავტორობით, თანასპონსორობის, თუ განცხადებებზე მიერთების გზით გამოიხატება. საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს,“ - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, რუსეთში ელჩად დაინიშნა - მედია
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ტანჯუ ბილგიჩი, რუსეთში ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu წერს. „დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა დიპლომატებს აცნობა ახალი დანიშვნების შესახებ. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ბილგიჩი დაინიშნა თურქეთის ელჩად მოსკოვში", - იუწყება მედია. თურქეთის საგარეო უწყებას დაზვერვის ყოფილი უფროსი ჩაიბარებს
პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შესწევს უნარი, რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს - პაპუაშვილი
რუსეთის მიერ უკრაინაში ხელმეორე შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება და, ამასთან ერთად, დასავლეთის დამოკიდებულებაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს. ,,ამჯერად, დასავლეთი რეალურად შეეწინააღმდეგა რუსულ პოლიტიკას. საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ, შესაძლებლობების ფარგლებში, მხარი დაუჭირა უკრაინას. ჩვენ ვიყავით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ინიციატივის თანაავტორი და მხარდამჭერი. აგრეთვე, მივიღეთ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან ჩვენს 300,000 იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად. ჩვენი რთული გეოსტრატეგიული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს რუსეთის მიმართ მხოლოდ სტრატეგიული მოთმინების იმ პასუხისმგებლიანი პოლიტიკის შენარჩუნება შეეძლო, რომელსაც წლების განმავლობაში ფრთხილად ატარებდა. ეს პოლიტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ასევე, გულისხმობს უარის თქმას რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების შემოღებაზე. ის, აგრეთვე, გულისხმობს იმას, რომ საქართველომ არ დააწესოს სანქციები საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების თაობაზე რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პოლიტიკა კვლავ მტკიცედ პროუკრაინული, ევროკავშირსა და ნატოზე ორიენტირებულია, ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოს ახლა უკვე პრორუსულობის გამო აკრიტიკებენ. ჩვენი მოქალაქეები ნეგატიურად აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მსგავს არათანმიმდევრულ და უსაფუძვლო კრიტიკას. თავად განსაჯეთ: ისინი, ვინც წლების განმავლობაში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მხრივ ზედმეტად ფრთხილები იყვნენ, ახლა ცდილობენ იყვნენ ხმამაღალი თავიანთ ანტირუსულ პოლიტიკაში და მეტიც, აკრიტიკებენ საქართველოს, უკრაინასთან დაკავშირებულ კონფრონტაციაში თავით არ გადაშვების გამო. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ამ კრიტიკოსებს არ მოუხდენიათ რეაგირება რუსეთის საქართველოში შემოჭრაზე, რაც ქართველი ხალხისთვის არანაკლებ სასტიკი და დამაზიანებელი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ჩვენდა სამწუხაროდ, იმ დროინდელ რუსეთის აგრესიას თითქმის არანაირი საპასუხო წნეხი არ მოჰყოლია,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე ი Civili.ge-ში გამოქვეყნებულ წერილში.
რუსეთმა და მის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა, სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს
რუსეთმა და მის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას“ სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენის შესახებ. ამის შესახებ სააგენტო "აფსნიპრესი" წერს. „დოკუმენტს“ ხელი მოეწერა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე. „საინვესტიციო „პროექტს“ აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ოპერირების მიზნით „რუსული იურიდიული პირი“ განახორციელებს. ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა, რუსული მხრიდან - ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა „ჩვენი ქვეყნისთვის“. მოვლენა, რომელსაც თითქმის 30 წელი ველოდით. ამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს „აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებაზე“, - განაცხადა ოზგანმა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით, სოხუმის აეროპორტის აღდგენას 2024 წლისთვის გეგმავს. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) ოკუპირებული სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ ცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და 2006 წლიდან, მის შესახებ დოკუმენტებიდან ინფორმაციაც ამოიღო. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი თავდაცვის მინისტრმა მედლით - „ღირსეული პარტნიორი“ დაჯილდოვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს შეხვდა. ბრაიან კემპს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ქვეყნებს შორის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის 29-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა. შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი სამაგალითო პარტნიორობისა და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. ბრაინ კემპმა კი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის სახელით თავდაცვის მინისტრს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და გამორჩეული სამსახურისთვის ოგლეტორპის მედალი გადასცა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, აშშ-ის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს.
დარჩიაშვილმა დაადასტურა, რომ ნორვეგიის ელჩი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის გამო დაიბარეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას დაადასტურა, რომ უწყებაში ნორვეგიის ელჩი იმყოფებოდა. მინისტრის თქმით, ელჩთან საუბრის პირველი ნაწილი ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის გადაწყვეტილებას შეეხო, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დაცვისთვის ჯილდო მიენიჭებინა, მეორე ნაწილი კი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებზე, ელჩის შეფასებებს შეეხებოდა. „ნორვეგიის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. ერთი მხრივ საკითხი ეხებოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათი ქვეყნის კონსერვატიულმა პარტიამ მიიღო და ვფიქრობ, რომ საკმაოდ უხერხული, სხვა სიტყვა რომ არ ვიხმაროთ. ადამიანს მიენიჭა ადამიანის უფლებებში ჯილდო, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, ადამიანის უფლებები პრაქტიკულად არ არსებობდა ამ ქვეყანაში. თუმცა ელჩთან საუბრისა და კომუნიკაციის მთავარი თემა ასევე იყო მის მიერ გაკეთებული გაუგებარი განცხადებები, როდესაც ის შეფასებებს აკეთებდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო უწყებამ ნორვეგიის ელჩი დაიბარა
შუა დერეფნით გლობალური ინვესტორები ინტერესდებიან - აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის მთავრობა გეგმავს საჯარო-კერძო პარტნიორობის გაუმჯობესებას შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის) განვითარების კონტექსტში, განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მრჩეველმა, ხაგანი აბდულაევმა EBRD-ის ანგარიშის პრეზენტაციის დროს. აბდულაევის განცხადებით, შუა დერეფნით გლობალური ინვესტორები ინტერესდებიან. „რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით - რაც გავლენა მოახდინა ამან მსოფლიო ეკონომიკაზე, ინვესტიციების, ტრანსპორტის, სატრანზიტო ზონების ცვლილებებმა გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკაში შემუშავებული რუკის ცვლილება. ამ კონტექსტში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები გაჩნდა აზერბაიჯანისა და რეგიონისთვის. ამის განსახორციელებლად მთავრობა დიდ საქმეს აკეთებს. შუა დერეფანი ჩვენთვის ნიშნავს ახალ საექსპორტო ბაზრებზე წვდომას“, - აღნიშნა აბდულაევმა. ამ მარშრუტის მიზანია საქონლის ტრანზიტის ხელშეწყობა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი და რუმინეთი. ეს რვა ქვეყანა პროექტის ფარგლებში ერთად 2017 წლიდან მუშაობს. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს - ექსკლუზივი
რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა
2023 წლის მაისში, საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების გამოყენებით ფულადი გზავნილების მოცულობამ 384,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პირველ ადგილზეა რუსეთი - ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 40,2%-ით რჩება. მაგრამ რუსეთიდან გადმორიცხული თანხები გასული წლის მაისთან შედარებით, 50,7%-ით შემცირდა და 154,7 მილიონი დოლარი შეადგინა. გასულ გაზაფხულზე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიგრაციის ტალღას უკავშირდება. მანამდე რუსეთიდან საქართველოში 30 მილიონ დოლარამდე იყო გადმორიცხული, მაგრამ 2022 წლის მაისში ეს მაჩვენებელი ათჯერ გაიზარდა და თითქმის 314 მილიონი შეადგინა. მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით, მეორე ადგილზეა იტალია, სადაც ქართველი მიგრანტების დიდი რაოდენობა მუშაობს. მესამე ადგილზეა შეერთებული შტატები. იანვარ-მაისში, საქართველომ ფულადი გზავნილების სისტემებით ორ მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ტრანსფერების მოცულობა 2022 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, 47,9%-ით მეტია. რუსეთიდან დაახლოებით 838,1 მილიონი დოლარი - მთლიანი რაოდენობის 49,4% შემოვიდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, ვის შეუძლია, მიაკუთვნოს თავი „გლობალურ ომის პარტიას“
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, განმარტა, ვის შეუძლია, მიიჩნიოს თავი გლობალური ომის წარმომადგენლად. მინისტრის თქმით, გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია, მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი და ამისთვის მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს. „პაატა მანჯგალაძე საუბრობდა გლობალური ომის წარმომადგენლებზე, თუ როგორ ვხედავ მე ამ საკითხს. გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. თუკი გადავხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გახდნენ ევროკავშირის წევრები, გადავხედავთ ამ ქვეყნებში შიდაპოლიტიკურ პოლარიზაციას და მათ და მათი ოპონენტების საგარეო ფლანგზე პოზიციონირებას, ეს იყო კონსოლიდირებული. ხელისუფლების ოპონენტები ცდილობდნენ, რომ როცა საკითხი მათი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ევროპულ ინტეგრაციას შეეხებოდა იქ პოზიციები ფორმირებული ყოფილიყო, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვერ ვხედავ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ოპონენტებიდან ყველას შეუძლია, მიაკუთვნოს თავი ომის პარტიას, ვინც თავისი განცხადებებით, თავისი უსაფუძვლო ბრალდებებით, საფუძველს მოკლებული შეხედულების გაზიარებითა და საუბრით ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებასა და ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი, ამისთვის მმართველი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აქცია საქართველოს ევროპული მომავალი კონსტიტუციურ ნორმად და ჩვენ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმატებულ განხორციელებას და ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. რაც შეეხება რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულების შესახებ კითხვას, ჩვენი აბსოლუტურად გააზრებული პოლიტიკა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული, შევძლოთ საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება, ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირება. ეს პოლიტიკა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია და ყველა ვემსახურებით ამ პოლიტიკის განხორციელებას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია - ზურაბ ჩხაიძე
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - სააკაშვილი „მიუხედავად, ჩვენი მისამართით გაჟღერებული ბევრი არასამართლიანი კრიტიკისა, თუ თავდასხმებისა. ეს დღეები ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, თვითონაც ბევრად უფრო აქტიურია და მისი განწყობაც უკეთესია. რაც შეეხება კვების საკითხს, პირველივე დღიდან კვების პრობლემა იყო და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ისევ და ისევ გრძელდება. ის დიეტა, რომელზეც პაციენტი იმყოფება კვლავ აგრძელებს, მაგრამ ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციებისთვის, თუნდაც გასაუმჯობესებლად აუცილებელია. ამდენად, მისი მაჩვენებლებიც შენარჩუნებულია, როგორც სტაბილური. კვება სამკურნალო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და სწორედ, ამიტომ ვისურვებდით, რომ კვების კუთხითაც უფრო მეტად ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინოს”, - განაცხადა ჩხაიძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6089 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6089 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6089 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8565 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8317 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0248 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.