ძებნის რეზულტატი:

NATO-ში გაწევრიანების პროცესი ომის შემდეგ დაიწყოს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები - წელსვე - ევროპარლამენტის რეზოლუცია უკრაინაზე

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ NATO-ს მოკავშირეებს, პატივი სცენ უკრაინის წინაშე დადებულ ვალდებულებებს და გზა გაუხსნან კიევს თავდაცვის ალიანსში გასაწევრიანებლად.რეზოლუციაში, რომელიც ხუთშაბათს, 425 ხმით, 38-ის წინააღმდეგ მიიღეს, ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იმედოვნებენ, „გაწევრიანების პროცესი ომის შემდეგ დაიწყება და რაც შეიძლება მალე დასრულდება". რეზოლუციის თანახმად, უკრაინის მიერ სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებამდე, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, ასევე NATO-ელმა მოკავშირეებმა და ახლო პარტნიორებმა უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შექმნან უსაფრთხოების გარანტიების დროებითი მექანიზმი, რომელიც ომის დასრულებისთანავე უნდა ამოქმედდეს. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ინტეგრაცია NATO-სა და ევროკავშირში გააძლიერებს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას და გააძლიერებს კავშირებს უკრაინასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებას შორის. ევროპარლამენტის წევრები იმედოვნებენ, რომ ევროკომისია დადებით დასკვნას გამოაქვეყნებს, როგორც კი უკრაინა ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას შეასრულებს. ისინი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მკაფიო გზის განსაზღვრას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ საკმარისი მხარდაჭერის შემთხვევაში, მოლაპარაკებები შესაძლოა, უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის ევროკავშირსა და NATP-ში ინტეგრაცია გააძლიერებს ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას. ევროპარლამენტი ასევე გმობს რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევა და მას სამხედრო დანაშაულს უწოდებს.

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ომის დასრულების ძალისხმევას

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ამ საშინელი ომის დასასრულებლად,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჰერჩინსკის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირი არავის არ სთხოვს „მხარის არჩევას", არამედ სთხოვს ყველას გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის მხარეს დადგომას. „დღეს, როდესაც შევიკრიბეთ ევროპაში უსაფრთხოების სფეროში არსებული ახალი გამოწვევების და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის განსახილველად, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია. ევროკავშირის არსებობის მანძილზე მის ტერიტორიაზე ომი აღარ ყოფილა. ამის მაგივრად, ევროკავშირი იყო მაგალითი წევრ ქვეყნებს შორის წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობისა. მაგრამ 2022 წლის 24 თებერვლიდან ევროპაში ომი დაბრუნდა. მსოფლიო შეძრა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა არაპროვოცირებულმა, გაუმართლებელმა და სულ უფრო სასტიკმა აგრესიულმა ომმა. ამ ომმა ასევე ხაზი გაუსვა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძლიერი პოლიტიკის მნიშვნელობას. რუსეთის აგრესიის პირისპირ მოვახერხეთ ჩვენი ერთიანობის განმტკიცება უკრაინის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერის საშუალებით. ეს უკრაინის გამარჯვებამდე გაგრძელდება. უკრაინის მხარდაჭერა და მუშაობა მშვიდობის დასამყარებლად განუყოფელია. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი არავის არ სთხოვს „მხარეს არჩევას“. უბრალოდ ყველას ვთხოვთ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის მხარეს დადგნენ. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ამ საშინელი ომის დასასრულებლად. ევროკავშირმა იცის, რომ უკრაინის ომმა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები გაამძაფრა",- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. მან საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერაც გამოხატა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ საერთო ხედვას მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით. „აქვე მინდა კვლავ გამოვხატო ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით ამ საკითხში ჩვენი მუდმივი ჩართულობა. ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ საერთო ხედვას მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით. საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთ უახლოეს და მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ამჟამად, როდესაც უსაფრთხოების კონტექსტი რადიკალურად შეიცვალა, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ ერთგულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების კუთხით და ასევე, ხელი შეუწყოს მთელი რეგიონის სტაბილიზაციას. ამ მიზნით, ევროკავშირი საქართველოს მდგრადობის გასამყარებლად მხარდაჭერის გაძლიერებას განაგრძობს", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.  

ევროკავშირის ელჩი: გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ

გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ. მათ, ვინც კარგად იცნობს ევროკავშირის გაფართოების ხანგრძლივ და შრომატევად პოლიტიკას, იცის, თუ რა მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ ქვეყნებისთვის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან" სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ელჩის შეფასებით, საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამჟამად. იმ დროს, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებას ელოდება, ელჩმა ქვეყნის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. "ომმა უკრაინაში ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. მოგეხსენებათ, გასული წლიდან ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნების ე. წ. სამეულთან გადავიდა ახალ საფეხურზე, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ - ევროპული პერსპექტივა. გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ. მათ, ვინც კარგად იცნობს ევროკავშირის გაფართოების ხანგრძლივ და შრომატევად პოლიტიკას, იცის, თუ რა მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ ქვეყნებისთვის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ. ევროკავშირმა ასევე განაცხადა მზადყოფნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ძირითადი პრიორიტეტების შესრულების შემდეგ. ეს იყო როგორც ისტორიული გადაწყვეტილება, ასევე უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს მიეცა. საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია. ეს საქართველოსა და მისი ხალხის ისტორიული არჩევანია. ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების მიმართ ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და ბევრი კომპრომისის გაწევა. ეს არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. ასევე არაერთხელ გავხდით მოწმენი, რომ საქართველოს ხალხი მისი პოლიტიკური ლიდერებისგან ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე ერთგულებას ელოდება. საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამჟამად. ველოდებით რა ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურების გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და 12 პრიორიტეტში აღწერილი რეფორმები განახორციელონ. ევროკავშირი კვლავ მზადაა, საქართველოს ამ ძალისხმევაში დაეხმაროს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.  

ძლიერი სტიქია გურჯაანში (ვიდეო)

გურჯაანში ამ დრომდე დატბორილია ქალაქის ცენტრალური, თავისუფლების ქუჩა. გზაზე გადაადგილება აკრძალულია. რადიო თავისუფლების ცნობით, დაზიანებულია ლაგოდეხიდან გურჯაანში შესასვლელი გზის ნაწილი, რის გამოც მოძრაობა აკრძალულია. ძლიერი წვიმის დროს მდინარე ნავთისხევმა მოვარდნილი წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქის ნაწილი დატბორა. გურჯაანის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, დატბორილია ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, კომერციული ფართები და სხვა ნაგებობები, რომლებიც თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემები არ მოიპოვება იმის შესახებ, რამდენი ავტომობილი დააზიანა მოვარდნილმა წყალმა, თუმცა ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს რომ წყალმა წაიღო სულ მცირე 10 ავტომანქანა, რომლებიც ავტოსადგომებზე იყო გაჩერებული. სტიქიის გამო დაზიანებულია ელექტროენერგიის სადენებიც. „ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება 5000-მდე აბონენტს. გურჯაანის მერიაში შეიქმნა სტიქიის შემსწავლელი კომისია.  

უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, დასავლეთი კიევის მიმართ მხარდაჭერას კიდევ უფრო აძლიერებს - რამშტეინის შეხვედრის შედეგები

ხუთშაბათს რამშტეინის ფორმატის შეხვედრის დროს, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ, დანიამ, ნიდერლანდებმა, იტალიამ, ნორვეგიამ და გერმანიამ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ახალი მრავალმილიარდიანი ვალდებულებები აიღეს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. „რამდენიმე ქვეყანამ დღეს გააძლიერა ახალი ვალდებულებები უკრაინის მიმართ", - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა. 4 ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის იტალიამ ასევე განაცხადა, რომ დახმარებით უზრნველყოფს უკრაინას, მათ შორის „უაღრესად კრიტიკული შესაძლებლობებით, რომლებიც „უკრაინის ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებს დააკმაყოფილებს“. ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიდევ რამდენიმე მოკავშირე გამოვიდა წინადადებებით უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდასაჭერად. კერძოდ, ნორვეგიამ და გერმანიამ გამოაცხადეს მრავალწლიანი პაკეტების შესახებ და დანიამ გამოაცხადა თავისი თითქმის 2.6 მილიარდი დოლარის პაკეტი. „ყველა ეს წვლილი ხაზს უსვამს ჩვენს ერთიანობას და უკრაინის მხარდაჭერას; წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვას, რომელიც ყველას უსაფრთხოებას იცავს“, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა. ხუთშაბათს ბრიუსელში გაიმართა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-13 შეხვედრა ე.წ რამშტეინის ფორმატში, რომელშიც 50-მდე ქვეყანა მონაწილეობდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრიც.  

პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლითაც საქართველოში პარაპლანებით ფრენების რეგულირება განხორციელდება, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, "საქაერონავიგაციასთან" ერთად, უმოკლეს ვადებში დაასრულდა მუშაობა გუდაურში პარაპლანით უსაფრთხო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე და გამოსცა შესაბამისი ნოტამი აღნიშნულ საჰაერო სივრცეში როგორც პარაპლანების, ასევე საჰაერო ხომალდის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. პარაპლანით ფრენებისთვის უსაფრთხო საჰაერო სივრცის გამოყოფით შესრულდა მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებისადმი დადგენილი ვალდებულებები. საქართველოს მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი მიმდინარე წლის 10 მაისს მიიღო, ხოლო საკომიტეტო განხილვების შემდეგ, 2023 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. რას გულისხმობს პარაპლანით ფრენის დროებითი წესი ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტში მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა, ეხება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისა და პარაპლანის ფრენების რეგულირებას, რაც აქამდე ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული არ იყო. „მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ კანონმდებლობაში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილება და მოთხოვნები, ასევე ხაზგასასმელია, რომ უმოკლეს ვადებში განისაზღვრა და უკვე გამოცემულია პირველი ნოტამიც გუდაურში პარაპლანებით საფრენ სივრცეზე. კანონით განსაზღვრული რეგულირების პროცესი, სახელმწიფოს ზედამხედველობით, აქტიურად გაგრძელდება, რაც, უპირველესად, გულისხმობს მფრინავისთვის ფრენის შესაბამისი მოწმობის გაცემას თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე, ასევე საფრენი აპარატების ვარგისიანობის შემოწმებას, უსაფრთხო საფრენოსნო სივრცეების განსაზღვრას და ოპერატორების სერტიფიცირებას. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მინიმუმამდე იქნას შემცირებული პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული რისკები“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. აღნიშნული ინფორმაცია ეკონომოკის სამინისტრომ გაავრცელა.  

ჯორჯიის შტატის გუბერნატორი: ჰუმანიტარული ძალისხმევა არის ერთ-ერთი გზა, რითაც ჩვენს მოკავშირეებს მხარს ვუჭერთ

აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი წეროვანის ჰუმანიტარული თავშესაფრის გახსნას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.  "ერთ-ერთი გზა, რითაც ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია ეხმარება ჩვენს მოკავშირეებს საზღვარგარეთ, არის ჰუმანიტარული ძალისხმევა, როგორიცაა, წეროვანის მოხუცთა თავშესაფარი, რომელიც დღეს ოფიციალურად გავხსენით. ეს დაწესებულება უზრუნველყოფს რუსეთის შეჭრის შედეგად დევნილთა საცხოვრებელსა და მოვლას", - აღნიშნა ბრაიან კემპმა.  დელეგაციამ მოინახულა ჰუმანიტარული თავშესაფარი, რომელიც ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობით აშენდა.  ცნობისთვის, ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი პირველი ამერიკელი გუბერნატორია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ის სოფელ წილკანში აშშ-ის სამხედრო დახმარებით აშენებული მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის გახსნას დაესწრო. „ეს პროექტი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მრავალმხრივია ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივი ძალებით“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.  

ბრაიან კემპი: მოუთმენლად ველით საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას

აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას.  ,დიპლომატიური სამსახურისა და სამთავრობო სტრუქტურების ლიდერებს ვესაუბრე იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებსაც ჩვენი ხალხები იზიარებენ. მადლიერნი ვართ ჩვენ მიმართ გამოჩენილი თბილი მასპინძლობისთვის. მოუთმენლად ველით ჩვენი კულტურული და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას", - აღნიშნავს ბრაიან კემპი. 

განადგურებულია ოკუპანტების 24 დრონი და 19 საარტილერიო სისტემა - უკრაინა

უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 590 ჯარისკაცი, 24 დრონი და 19 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 218 500 ჯარისკაცს, 3 965 ტანკს, 7 683 ჯავშანტექნიკას, 3 812 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 301 ვერტმფრენს, 6 519 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 357უპილოტო საფრენ აპარატს, 519 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 199 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

დასავლეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს უფრო მეტად უნდა ვადევნოთ თვალყური - პეტრ პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების ზომები კონლიფქტების დროს უფრო მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე მშვიდობის დროს. ამ თემაზე მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა. სხვადასხვა დროს პეტრ პაველს ეკავა ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები. პეტრ პაველმა არაერთხელ განაცხადა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას და NATO-ში მის მიღებას. „როგორც წარსულში რიგი მსოფლიო კონფლიქტების შემთხვევაში, ამ გაჭიანურებული ომის დროსაც რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების ზომები უფრო მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე მშვიდობის დროს. ასე რომ, დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ რუსეთის ყველა მოქალაქეს უფრო გულდასმით უნდა ვადევნოთ თვალყური ვიდრე ადრე. ვინაიდან ისინი არიან იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს. მე, შესაძლოა, მეცოდებოდეს ეს ადამიანები, მაგრამ, თუ ჩვენ იმ დროს გავიხსენებთ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი იწყებოდა, მაშინ ასეთი მკაცრი დაკვირვების რეჟიმის ქვეშ იმყოფებოდა აშშ-ში მცხოვრები მთელი იაპონური მოსახლეობა. ასეთია უბრალოდ ომის ფასი“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა, რომელმაც იქვე დააზუსტა, თუ რას გულისხმობდა „მონიტორინგში" - „მხედველობაში მაქვს სპეცსამსახურების მხრიდან მეთვალყურეობა“, - აღნიშნა პეტრ პაველმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.  

რუსეთის კურსკის ოლქში დრონით თავდასხმას ხანძარი მოჰყვა - მედია

16 ივნისის ღამეს რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში, ერთ-ერთ საწყობში ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, ხანძრის მიზეზი საკომუნიკაციო კოშკზე თვითმფრინავის თავდასხმა გახდა. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ფართობი დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრი იყო. ხანძრის ლიკვიდაციაში 40-ზე მეტი ადამიანი და 10 ტექნიკა იყო ჩართული. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ინტერნეტ მაღაზია „ბელ-პოლის“ საწარმოს საწყობში გაჩნდა. რუსული ტელეგრამ არხის Baza-ს ცნობით, ღამით თვითმფრინავი თავს დაესხა საკომუნიკაციო ანძას კურსკის რაიონის სოფელ კრასნიკოვოში, რის შემდეგაც ის საწარმოს ადმინისტრაციულ შენობას შეეჯახა. შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს კურსკის ოლქის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ კურსკის საცხოვრებელ კორპუსთან თვითმფრინავმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო. მისივე თქმით, აფეთქების შედეგად, შენობაში მინები ჩაიმსხვრა.  

კანადაში სატვირთოსა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა

კანადაში, მანიტობას პროვინციის მახლობლად, სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა ათი პირი, რომლებიც საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის სატვირთოსა და ავტობუსის მძღოლებიც არიან. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.  

ისტორიაში პირველად, ისრაელი Merkava-ს ტიპის ტანკებს ევროპის ქვეყანას მიჰყიდის - მედია

ისრაელი მეორადი ტანკების მიყიდვაზე ორ ქვეყანასთან, მათ შორის ევროპაში, მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც ჯავშანტექნიკის პირველი ასეთი ექსპორტი იქნება, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ისრაელის მედიის ცნობით. ოფიციალური პირის თქმით, ბევრი ევროპული ქვეყანა ცდილობდა მარაგის სწრაფად შევსებას მას შემდეგ, რაც უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა, რაც დაეხმარა მას რუსეთის ძალების უკუგდებაში. „არსებობს ორი პოტენციური ქვეყანა, რომლებთანაც ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს [Merkava-ს ტიპის ტანკების გაყიდვაზე]. მე ვერ დავასახელებ ქვეყანას, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ერთი მათგანი ევროპის კონტინენტზეა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თავდაცვის თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, იაირ კულასმა. სავარაუდოდ, პოტენციური გაყიდვები მოიცავს უფრო ძველ Merkava Mark 2-ს და Merkava Mark 3-ის ზოგიერთ ტანკს, რომლებიც 1990-იან წლებში იყო ექსპლუატაციაში. კულასმა თქვა, რომ სხვა ჭარბი სისტემები, მათ შორის სამხედრო კატარღები და ჯავშანტექნიკაც, გაიყიდება, რადგან IDF-მ შეიძინა უფრო მოწინავე სისტემები. 2021 წელს ისრაელმა შეერთებულ შტატებსა და კანადას 29 ძველი F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი მიჰყიდა, რათა ისინი წვრთნებისთვის გამოეყენებინათ. ისრაელი ჯერჯერობით თავს არიდებს კიევისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევას მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ. „ევროპის ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას და ამარაგებენ მას სისტემებით. ამ ქვეყნებში მარაგები იცლება, ისინი აახლებენ მათ უფრო თანამედროვე და უახლესი სისტემების შეძენით და აი, აქ ხდება თვალსაჩინო ისრაელის ინდუსტრიები“, - განუცხადა კულასმა მედიას. საერთაშორისო მედიაში წერენ, რომ თეორიულად, როგორც კი ტანკები ევროპას მიაღწევენ, ისინი შეიძლება, უკრაინაში გადაიტანონ ისრაელის ნეიტრალიტეტის დარღვევის გარეშე.    

პირი, რომელმაც წალკაში ძაღლი იარაღით მოკლა, დაკავებულია - შსს

წალკაში ძაღლის იარაღით მოკვლის ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ესვრის მოქალაქე მიუსაფარ ძაღლს მანქანიდან, შემდეგ კი, გადმოდის და დაჭრილ ცხოველს დამიზნებით კიდევ რამდენჯერმე ესვრის. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.  

ლუკაშენკო კრემლს ბელორუსზე სულ უფრო მეტ კონტროლს უთმობს - აშშ

ლუკაშენკო კრემლს ბელარუსზე სულ უფრო მეტ კონტროლს უთმობს - ვაგრძელებთ ბელორუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებული ვითარების მონიტორინგს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. „რაც შეეხება ბელორუსს, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ლუკაშენკო აკეთებს უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ არჩევანს და კრემლს ბელარუსზე მეტ კონტროლს უთმობს, ბელარუსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. რუსეთისთვის კი ეს კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, 14 ივნისს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება დაიწყო.  

საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 716 ლარია - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 761.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 23.8 პროცენტით); - ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631.3 ლარი (გაიზარდა 55.2 პროცენტით); - პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 386.8 ლარი (გაიზარდა 21.6 პროცენტით); მშენებლობა - 2 145.5 ლარი (გაიზარდა 14.7 პროცენტით).  

კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები დაძაბულობის დეესკალაციისთვის - სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რაც მოიცავს სერბეთის მიერ დაკავებული სამი კოსოვოელი პოლიციელის უპირობო გათავისუფლებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა. კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობაა. კოსოვოს მთავრობამ აკრძალა სერბეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლა, რასაც წინ უძღოდა სერბეთის უსაფრთხოების ძალების მიერ სამი კოსოვოელი პოლიციელის დაკავება. სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა უკავშირდება კოსოვოს ჩრდილოეთით ჩატარებულ არჩევნებს, რომელსაც იქ მცხოვრებმა სერბებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.  

ჯარისკაცის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, მძიმეა - ქაშიბაძე

ჯარისკაცის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში მეხი დაეცა, მძიმეა, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა. „ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს გუშინ ღამით, გადმოყვანილი იქნა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან რეანომობილით. მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია. სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად მიიღო დაზიანება. დამწვრობა აღენიშნება მკერდის წინა ზედაპირზე, ქვემო კიდურებზე და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამწუხაროდ, საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. გუშინ, 15 ივნისს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცს მეხი დაეცა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ მოკვლევა დაიწყო.  

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა.  "მეთერთმეტე მაღაროელმა დაიწყო შიმშილობა და მან დღეს პირი ამოიკერა. ის არ არის ერთადერთი და შესაძლოა, სხვებმაც იგივე გააკეთონ. ველოდებით მედიატორის პასუხს. პროტესტი არ შეწყდება თუ მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილება", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ. ჭიათურაში მაღაროელები მე-11 დღეა, გაფიცულები არიან. ისინი ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელების ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს კიდეც. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა  

აფრიკის ლიდერების სამშვიდობო მისიით ვიზიტის დროს, კიევი თავდასხმის ქვეშაა - BBC

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ პოდილსკის რაიონში აფეთქება მოხდა. რუსეთის ძალები უკრაინას რაკეტებით დაესხნენ თავს. BBC წერს, რომ აფრიკის ლიდერების სამშვიდობო მისიით ვიზიტის დროს, კიევი თავდასხმის ქვეშაა. შვიდი ლიდერი კიევში შეხვდება პრეზიდენტ ზელენსკის, ხვალ კი, ისინი რუსეთში გაემგზავრებიან. აფრიკის სამშვიდობო მისია შეეცდება, დაასრულოს ომი უკრაინაში - სიერა ლეონეს პრეზიდენტი აფრიკა სამშვიდობო ინიციატივით კიევის კონტრშეტევის ფონზე გამოდის. ბრძოლები ძლიერდება.  BBC-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ სულ მცირე 25 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში - ოთხჯერ მეტი ვიდრე მოსკოვის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მაჩვენებელია. NATO-ს თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან. ასევე მიმდინარეობს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, სადაც პრეზიდენტი პუტინი სავარაუდოდ,  სიტყვით გამოვა.