ძებნის რეზულტატი:
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა. საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა. „პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში.
ელჩი დეოლიგარქიზაციაზე: საქართველოში უნდა შეიქმნას გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის საშუალება
დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი, ეს არის მეხუთე პრიორიტეტი, ეს პრიორიტეტი შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ გასულ წელს უმაღლეს დონეზე, სახელმწიფოს მეთაურების და მთავრობის ხელმძღვანელების დონეზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ „ევროკავშირში ელოდებიან, რომ „საქართველო გადაწყვეტს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის საკითხს“. „ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის პრობლემაა, განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ვენეციის კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული მიდგომა, კერძოდ, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში, არ არის სწორი მიდგომა, არის ბევრი რისკი. სწორედ ამიტომ ველოდებით სისტემურ მიდგომას, როგორც ეს ვენეციის კომისიამ განაცხადა. სისტემური მიდგომა ნიშნავს ბევრ განსხვავებულ რამეს. ეს უნდა განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეს ეხება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას, არჩევნების დაფინანსებას, მედიის თავისუფლებას, მართლმსაჯულების რეფორმას, უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლას. ამდენად, მთლიანი გარემო უნდა შეიქმნას, რომ მდიდარ ადამიანებს არ ჰქონდეთ გავლენა საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჩვენ აქ ვართ ევროკავშირი, რომ დაგეხმაროთ ჩვენი ექსპერტიზით, ექსპერტებით, რა გზასაც აირჩევს პოლიტიკური ელიტა საქართველოში“, – განაცხადა ელჩმა.
ავსტრალიის მთავრობა კანბერაში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის მშენებლობის აკრძალვას ითხოვს - მედია
რუსეთის საელჩოს ახალი შენობის მშენებლობის თაობაზე, მოსკოვთან იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მთავრობამ ავსტრალიის პარლამენტს წარუდგინა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ხუთშაბათს განმარტა, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე წარედგინება. აღსანიშნავია, რომ წინა დღით, ავსტრალიის ფედერალურ სასამართლოში დასრულდა ხანგრძლივი სასამართლო პროცესი რუსეთის მიერ იჯარით გაცემული მიწის თაობაზე. ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომელიც ავსტრალიის დედაქალაქში შენობის განთავსების მიზნით, დაგეგმვის პროცედურებს გულისხმობდა. იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს კანბერაში არსებული რუსეთის საელჩოს მუშაობაზე. რუსეთმა იჯარა 2008 წელს გააფორმა და შენობის აშენების გეგმები 2011 წელს დაამტკიცა, მაგრამ ავსტრალიური მედიის ცნობით, დიპლომატიური მისია დაადანაშაულეს ადგილის გამოუყენებლობაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა კლერ ო'ნილმა განაცხადა, რომ რუსეთის მეორე საელჩოს შემოთავაზებული შენობის "პირველადი პრობლემა" მისი მდებარეობაა, რადგან ადგილი პარლამენტის შენობასთან ახლოსაა. ავსტრალია გახდა ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში, NATO-ს ბლოკის მიღმა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადა. კანბერა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს კიევს, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას.
სალომე ზურაბიშვილი უკრაინულ მედიასთან: დღესაც მზად ვარ, ჩავიდე უკრაინაში - თუ შეტყობინებას გადასცემთ, ხვალვე შემიძლია, ჩამოვიდე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში საუბრობს, თუ რატომ არ ჩასულა ამ დრომდე უკრაინაში. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ არ ჩასულა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მაშინ, როდესაც იქ ბევრი დასავლელი ლიდერი იმყოფებოდა სოლიდარობის გამოსახატავად. ასევე, რატომ არ მიიწვია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „ეს არ არის პირადული და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არცთუ დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის“. „ასე რომ, გარკვეულწილად, მე ვგრძნობ მის შედეგებს, მაგრამ კიდევ ერთხელ, მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა. იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევა ყირიმის პლატფორმაზე გამოჩნდება", - აღნიშნა ზურაბიშვილმა. კითხვას, მიიღო თუ არა მიწვევა, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით არა. „ვფიქრობ, ჯერ არ არის ორგანიზებული“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები კიევში უნდა ყოფილიყვნენ. „სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალურ დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან", - განაცხადა ზურაბიშვილმა. ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, უკრაინაში არ ჩასულან. გასული წლის აგვისტოში, სალომე ზურაბიშვილი ონლაინ ფორმატში გამართულ "ყირიმის პლატფორმის" რიგით მეორე სამიტში მონაწილეობდა. "ყირიმის პლატფორმის" რიგით მეორე სამიტში 50-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ყირიმის პლატფორმა" უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივითაა შექმნილი. ის მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციასა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
მედიის ცნობით, რუსეთში, ირკუტსკში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა
მედიის ცნობით, რუსული თვითმფრინავი Sukhoi Superjet-100 კონდიცირების სისტემის გაუმართაობის გამო, ირკუტსკში ავარიულად დაეშვა. კომპანია IrAero-ს თვითმფრინავი მირნისკენ მიფრინავდა, ბორტზე 54 ადამიანი იმყოფებოდა. არავინ დაზარალებულა. IrAero დაფუძნებულია ირკუტსკში, რუსეთში. ის ჩარტერულ და სატვირთო ფრენებს ახორციელებს. Ekho Kavkaza წერს, რომ ორი დღის წინ, „Россия-ს“ ავიახაზების Sukhoi Superjet-100, რომელიც მოსკოვიდან აქტაუს მიმართულებით მიემგზავრებოდა, სამარაში დაეშვა ძრავის გაუმართაობის გამო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებისთანავე, აშშ-მ სანქციები დააწესა რუსეთის ძირითადი ავიახაზების წინააღმდეგ. სიაში ასევე შედის ირკუტსკის საავიაციო ქარხანა. სანქციები შეეხო სულ 40 რუსულ საწარმოს და დაწესებულებას, რომლებიც დაკავშირებულია თვითმფრინავების ინდუსტრიასთან.
Swarovski-მ რუსული ბაზარი მთლიანად დატოვა
ავსტრიულმა კომპანიამ Swarovski რუსეთი სრულად დატოვა. განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსის ნაზარმა. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით ქვეყანაში 12 მაღაზიის ქსელი იყო, ავსტრიულმა კომპანია Swarovski-მ მთლიანად შეზღუდა თავისი რუსული ბიზნესი, იუწყება გაზეთი Kleine Zeitung კომპანიის ხელმძღვანელის, ალექსის ნაზარდის სიტყვებზე დაყრდნობით. „რუსეთიდან სვაროვსკის სრული გასვლა, რომელიც წელს გამოცხადდა, უკვე დასრულებულია”. კომპანიის გადაწყვეტილება რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ, 2023 წლის მარტში გამოცხადდა. იელის უნივერსიტეტის ეკონომისტების თქმით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა 521-მა უცხოურმა კომპანიამ დატოვა, ხოლო კიდევ 505-მა შეაჩერა საქმიანობა. ცნობისთვის, Swarovski ავსტრიული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 1895 წელს. ის სპეციალიზირებულია ფხვიერი კრისტალების, სამკაულების, ბროლის ფიგურების წარმოებაში და სინთეზური და ბუნებრივი ძვირფასი ქვების ჭრაში. კომპანია ასევე აწარმოებს ოპტიკურ აღჭურვილობას, მზა ნათურებსა და ჭაღებს.
F-16-ებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები დაიწყო - სტოლტენბერგი
F-16-ის ტიპის მოიერიშეებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია ქვეყანა, რომელმაც ეს წვრთნა დაიწყო, თუმცა საერთაშორისო აქტიურად განიხილავდა ნიდერნალდებისა და დანიის განსაკუთრებულ როლს და იმას, რომ სწავლება ამ ზაფხულს უნდა დაწყებულიყო. „უპირველეს ყოვლისა, მივესალმები NATO-ს რამდენიმე მოკავშირის გადაწყვეტილება პილოტების მომზადების შესახებ. ეს მნიშვნელოვანია და მოგვცემს საშუალებას, მოგვიანებით ეტაპზე ასევე მივიღოთ გადაწყვეტილებები მეოთხე თაობის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესახებ, როგორიცაა მაგალითად, F-16. მე მინდა შევაქო დანია, წამყვანი როლი შეასრულოს ამ შეთანხმების ხელშეწყობაში და ასევე ხელი შეუწყოს უკრაინელი მფრინავების მომზადებას. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ დანია არის ქვეყანა, რომელმაც მართლაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და განაგრძობს მნიშვნელოვან როლს უკრაინის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ზუსტად როდის იქნება მიღებული გადაწყვეტილებები, ჯერ ნაადრევია ამის თქმა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სწავლება დაიწყო, გვაძლევს შესაძლებლობას, ასევე გადავწყვიტოთ თვითმფრინავების მიწოდება და შემდეგ პილოტები მზად იქნებიან მათი ფრენისთვის. ამ კვირის დასაწყისში ვაშინგტონს ვეწვიე. და ამ ვიზიტის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, იყო ვილნიუსის სამიტის მზადების განხილვა. ეს არის ჩემი რეგულარული ჩართულობის ნაწილი ალიანსის ლიდერებთან. და პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრაზე განვიხილეთ თავდაცვის პირობები, უკრაინა, თავდაცვის ინვესტიციების დაპირების გაძლიერების აუცილებლობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ალიანსისთვის. რაც შეეხება ჩემს მემკვიდრეს, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს 31 მოკავშირის მიერ. მე ვარ პასუხისმგებელი ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ ალიანსმა უნდა მიიღოს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალებაზე: მე საკუთარ თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როდესაც გადავწყვეტ, გავაკეთო ეს თუ არა
ქართველები ძალიან ჰუმანურები, ძალიან ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებისგან სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება. კითხვას, რატომ ამბობს უარს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე და განიცდის თუ არა ამ საკითხზე რამე გარე ზეწოლას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის პასუხისმგებელია, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე. „როგორც პრეზიდენტმა, მე უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გამოიარა, რომელმაც მრავალი მსხვერპლი დატოვა. ეს არის საკითხი, რომელიც კვლავ ჰყოფს საქართველოს მოსახლეობას. ისეც არ არის, ქართველი ხალხი მიიჩნევდეს, რომ სააკაშვილი არ არის დამნაშავე. ისინი შეიძლება, არ ეთანხმებოდნენ იმას, რომ მას, შესაძლოა, ეპყრობოდნენ არა ისე, როგორც პრეზიდენტს უნდა ეპყრობოდნენ. ქართველები ძალიან ჰუმანურები, ძალიან ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის – შესაძლოა, არა პირადად მის მიერ, თუმცა მისი ხელმძღვანელობით. ასეთი შეგრძნებაა ზოგადად. ამასთანავე, არის შეგრძნება, რომ საჭიროა მასთან ღირსეულად მოპყრობა და გადაწყვეტილების მოძებნა. აღვნიშნავ, რომ ექსტრადირების მოთხოვნა არ ყოფილა. ყველაფერი ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა. შეწყალება მორალური საკითხია, რომელზეც მე პასუხისმგბელობა მეკისრება ადამიანების წინაშე, რომლებიც სხვადასხვანაირები არიან. თუმცა, მე ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ევროპაში ჩემი კავშირებით და ვცდილობ, ვიმუშავო ხელისუფლებასთან გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომელიც უფრო მეტად იქნება იმის შესაბამისი, თუ როგორ უნდა ყოფილ პრეზიდენტთან მოპყრობა. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ჯერ არ ყოფილა. მათ შეუძლიათ ექსტრადირების მოთხოვნაზე სხვადასხვანაირი რეაგირება, თუმცა მათ უნდა მოახდინონ რეაგირება. ისინი პასუხისმგებლები არიან ამ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ხომ არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის საკითხმა, შესაძლოა, უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობა დაანგრიოს, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის უერთიერთობები ამაზე მაღლა დგას. „ვიმედოვნებ, რომ არა და ვფიქრობ, რომ არა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობები ამაზე მაღლა დგას. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რადგან ის ყოფილ პრეზიდენტს ეხება, თუმცა ისევ ვიტყვი, რომ ამ საკითხში პირველი მსაჯული არის ქართველი ხალხი, რომელმაც ის წლები გამოიარა. ქვეყნის ფარგლებს გარედან ყოველთვის ძალიან რთულია მსჯელობა იმაზე, როგორ აისახა ან არ აისახა ესა თუ ის რეჟიმი მოსახლეობაზე. ამიტომ ეს ალბათ ასევე გასათვალისწინებელია. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მიუმართავს თუ არა მისთვის პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მრავალ ადამიანს მიუმართავს მისთვის ამ თხოვნით. „მრავალ ადამიანს უთხოვია ჩემთვის პირადად, თუმცა მე მათ ვუხსნიდი, რომ შეწყალება არ არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო. თუმცა, არსებობს სხვა გზები, და თუ არსებობს ზეწოლა, ეს ზეწოლა უნდა იქნას გამოყენებული იქ, სადაც პასუხისმგებლობა დევს და სადაც არის რამის შეცვლის ძალაუფლება. მაგალითად, მე უკვე ვახსენე ელექტრონული სამაჯური. ყველაფერი ეს ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც უნდა მოძებნოს გზები, რომლებიც იქნებოდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების უფრო მეტად შესაბამისი. ეს არ არის ახალი საკითხი. მრავალი ქვეყნის მრავალი პრეზიდენტი იყო გასამართლებული და ზოგჯერ ჩვენ გვესმის, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც ხდება. თუმცა, არის ასევე ზოგადად მიღებული მიდგომები მოცემული სირთულის გადასაწყვეტად და ჩვენ ვალდებულები ვართ, უფრო მეტად შევესაბამებოდეთ მათ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილს ასევე კითხვა დაუსვეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თემაზეც, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში სრულიად სხვა სიტუაციაა. „ერთადერთი, როგორც ჩანს, არის ის, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია ზეწოლის ქვეშ შეწყალება, რადგან მასზე, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინონ შიგნიდან და მე ამის შესახებ ვისაუბრე ევროპარლამენტში. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ, ვფიქრობ, სამი ათასი პატიმარი გვყავს. მათი ოჯახებიდან, მეგობრებიდან ან გავლენის ჯგუფებიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ზეწოლის დაწყება. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ჩემზეა. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ მის შესაბამისად. მე საკუთარ თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როდესაც გადავწყვეტ, გავაკეთო ეს თუ არა. თუმცა, რაც ნაკლებია გარედან ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალებისთვის. ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა – ეს სხვა საქმეა. თუმცა, შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილება ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ის პატარა თუ დიდი, გამოყენებული კამპანიის მასშტაბების მიუხედავად, ვერ იქნება ზეწოლის საგანი. მე თავად ვიყავი ძალიან არაგონივრული სიტყვების სამიზნე ამ ჟურნალისტის მხრიდან, რომელიც იყო არამხოლოდ ჟურნალისტი. ის ასევე სხვადასხვა დროს იყო პროკურორი და არა ის პროკურორი, რომელიც ნამდვილ მართლმსაჯულებას ახორციელებდა. თუმცა, ადამიანები პასუხს აგებენ მხოლოდ იმისთვის, რისთვისაც ისინი გაასამართლეს. მიმაჩნია, რომ შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება - ეს ერთადერთი უფლებაა, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ნორვეგია და დანია უკრაინას დამატებით, 9000 საარტილერიო ჭურვს უგზავნიან
ნორვეგია და დანია შეთანხმდნენ, რომ უკრაინას დამატებით, 9000 საარტილერიო ჭურვი გაუგზავნონ, განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნორვეგია უზრუნველყოფს ჭურვებს, ხოლო დანია სხვა საჭირო აღჭურვილობას, ნორვეგია კიევს ასევე ჩუქნის 7000 ტყვიას საკუთარი მარაგიდან. საარტილერიო ტყვიების გამოყენება შესაძლებელია რამდენიმე ტიპის არტილერიაში, მათ შორის M109 Howitzer-ზე, რომელიც ნორვეგიამ ადრე აჩუქა კიევს. უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს ამ ორ ქვეყანას მათ მიერ გაღებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „საარტილერიო ჭურვების დამატებითი პარტია უკრაინას ძალიან სჭირდება ბრძოლის ველზე. ჩვენ ერთად ვაახლოებთ ჩვენს საერთო გამარჯვებას", - დაწერა Twitter-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ევროპის ცენტრალური ბანკი: ევროზონის ბანკებმა რუსეთი სწრაფად უნდა დატოვონ
ევროზონის ბანკებმა რუსეთი სწრაფად უნდა დატოვონ, განაცხადა სამშაბათს ევროპის ცენტრალური ბანკის უმაღლესმა ზედამხედველმა Reuters-ის ცნობით, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ეს ინსტიტუტი იშვიათად გამოდის ასეთი მკაფიო მოწოდებით. უკრაინაში ომის დასრულებიდან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ევროპული ბანკი, მათ შორის ავსტრიული Raiffeisen Bank International (RBIV.VI) და იტალიის UniCredit (CRDI.MI), კვლავ მუშაობს. ენრიამ აღიარა, რომ ბანკები აღარ გასცემდნენ ახალ სესხებს რუსეთში და რომ მისი გაყიდვა რთული იყო მოსკოვის ზეწოლის გამო, მაგრამ მან ხაზი გაუსვა შემდგომი ქმედებების აუცილებლობას.
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის შეწყალების თაობაზე ზურაბიშვილის განცხადება იმის მაგალითია, რომ პრეზიდენტი „წითელ ხაზებს“ არ ლახავს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება სათანადო აღნიშვნის ღირსი და იმის მაგალითია, რომ პრეზიდენტი „წითელ ხაზებს“ არ ლახავს. კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს განცხადება მორიგი მაგალითია, რომ სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. „სალომე ზურაბიშვილთან პოლემიკაში არ შევდივართ. არცერთ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებთ. ასევე, ვთქვით, რომ თუ პრეზიდენტი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, ამას სათანადოდ აღვნიშნავთ. ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომელიც სათანადო აღნიშვნის ღირსია. ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ „წითელ ხაზებს“, რაც მისასალმებელია და ეს არის ამის მორიგი მაგალითი, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი მხრიდან სათანადო აღნიშვნას იმსახურებს. ყოველთვის დავუფასებთ სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ განცხადებას და მოქმედებას, რომელიც ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მისთვის ბევრ ადამიანს მიუმართავს, კობახიძე ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტიამ“ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნისთვის ლამის ნახევარი მსოფლიო დააორგანიზა. „გლობალურმა ომის პარტიამ ლამის ნახევარი მსოფლიო დააორგანიზა იმისთვის, რომ მიზნისთვის მიეღწია. გლობალურ ომის პარტიას არ აქვს არც ხაბეიშვილის იმედი, არც მელიას, არც ხოშტარიას, ზურა ჯაფარიძის, ხაზარაძის და სხვების იმედი და რაღაცნაირად, იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ვითარებას ააყირავებდნენ. ამიტომ ლამის ნახევარი მსოფლიო ჩართეს, რომ სააკაშვილი გაეთავისუფლებინათ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მოსახლეობას ცხადია, ესმის, რას განიცდიან უკრაინელები - ჯორჯიის შტატის გუბერნატორი
აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა, ბრაიან კემპმა განაცხადა, რომ „აშშ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ყველა იმ აქტოვობაში, რომელსაც შეერთებულ შტატების შეიერაღებულ ძალებთან ერთად ახორციელებს. მხარს ვუჭერთ იმას, რასაც ამერიკელი სამხედროები და საქართველოს ეროვნული გვარდია აკეთებენ აქ დიდი ხნის განმავლობაში, ეს არის ვალდებულება - ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს მოსახლეობას, ცხადია, მხარს ვუჭერთ იმას, რასაც ამერიკელი სამხედროები და საქართველოს ეროვნული გვარდია აკეთებენ აქ დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს არის ვალდებულება. ცხადია, აქ ხალხს ესმის გეოპოლიტიკა, რა ხდება მსოფლიოში ახლა, აშშ-ის მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, ომი უკრაინაში. საქართველოს მოსახლეობას ცხადია, ესმის, რას განიცდიან უკრაინელები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, გავაგრძელოთ ასეთი შესანიშნავი პარტნიორობა საქართველოსთან“, - აღნიშნა ბრაიან კემპმა.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო ოკუპირებულია და ვერ ახორციელებს კონფრონტაციის პოლიტიკას, მაგრამ სიმტკიცე მართებს
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემასთან "უკრაინასკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში საქართველოს სიმტკიცე ჰმართებს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები რუსეთთან გარკვეული კავშირების აღსადგენად და დადის ჭორები, რომ შესაძლოა, რუსეთთან სარკინიგზო კომუნიკაცია განახლდეს, რაც ნიშნავს, რომ ამ მარშრუტის ნაწილი იქნება აფხაზეთიც, რომელიც კვლავ რუსეთის კონტროლის ქვეშაა. „ისინი თქვენთან ომს აგებენ. ჩემი აზრით, უკვე ბევრი მიზეზით წააგეს – პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, საერთაშორისო. მათ სამხედრო თვალსაზრისით ჯერ არ წაუგიათ, მაგრამ ასე უნდა მოხდეს. ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არის. გრძნობენ რა ამას, ისინი, ამავდროულად, იღებენ, რბილად რომ ვთქვათ, ორაზროვან, რბილად რომ ვთქვათ, სიგნალებს საქართველოს ხელისუფლებისგან. ახლა კი ისინი ამოწმებენ, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა. ეს არის ის, რასაც მე ყოველთვის ვამბობდი: როგორც კი რუსეთი იგრძნობს, რომ არ არსებობს სიმტკიცე და ეს არ არის იგივე, რაც დაპირისპირება... მესმის, რომ საქართველო ოკუპირებულია და ვერ ახორციელებს კონფრონტაციის პოლიტიკას, მაგრამ უნდა იყოს ძალიან მტკიცე და სიმტკიცის ნაკლებობა უბიძგებს რუსეთს, შეამოწმოს რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ამიტომ, მათ მოსინჯეს ამ ფრენებით. ახლა მათ შეიძლება მოსინჯონ რკინიგზაზე. ისინი აპირებენ სხვა რამის ცდასაც და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სიმტკიცე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
მხარს ვუჭერთ იმას, რასაც ამერიკელი სამხედროები და საქართველოს ეროვნული გვარდია აკეთებენ აქ დიდი ხნის განმავლობაში, ეს არის ვალდებულება - ჯორჯიის შტატის გუბერნატორი
აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ საქართველო და ამერიკა საერთო ღირებულებებს იზიარებენ და ამის მაგალითია ის მხარდამჭერი პროექტები, რომლებსაც შტატები საქართველოში ახორციელებს. ეს არის საქართველოს მოსახლებოსადმი შეერთებული შტატების ერთგულების დადასტურება. „ჩემთვის პატივია საქართველოში ჩამოსვლა პირველ ლედისთან, მარტი კემპისთან ერთად ჯორჯიის შტატიდან. ათწლეულების განმავლობაში შთამბეჭდავი პარტნიორობა გვაკავშირებს ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც ჩვენ ადგილზე გვყავს; საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან. ამ პარტნიორობას გენერალი კარდენი ხელმძღვანელობს. ჩვენ რეალურად ვხედავთ მათ კარგ სამუშაოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს მოსახლეობას, ცხადია, მხარს ვუჭერთ იმას, რასაც ამერიკელი სამხედროები და საქართველოს ეროვნული გვარდია აკეთებენ აქ დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს არის ვალდებულება. ცხადია, აქ ხალხს ესმის გეოპოლიტიკა, რა ხდება მსოფლიოში ახლა, აშშ-ის მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, ომი უკრაინაში. საქართველოს მოსახლეობას რა თქმა უნდა ესმის, რას განიცდიან უკრაინელები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, გავაგრძელოთ ასეთი შესანიშნავი პარტნიორობა საქართველოსთან“, - განაცხადა ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა. ცნობისთვის, ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი პირველი ამერიკელი გუბერნატორია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ის სოფელ წილკანში აშშ-ის სამხედრო დახმარებით აშენებული მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის გახსნას დაესწრო. „ეს პროექტი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მრავალმხრივია ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივი ძალებით“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.
ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. თავდაცვის უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც NATO-ს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გახსნა. ლოიდ ოსტინმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე და უკრაინის თავდაცვითი და საწვრთნელი საჭიროებების შესახებ ისაუბრა. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრმა თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2021 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
უკრაინამ, კონტრშეტევის შედეგად, 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა - გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციების შედეგად რუსი ოკუპანტებისგან 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. მისივე თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალები ზაპოროჟიეს მიმართულებით აგრძელებენ უკრაინის ქალაქებისა და დასახლებების ოკუპანტებისგან გაწმენდას. უკრაინელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით, სოფელ ტოკმაჩკასთან ახლოს 3 კილომეტრით წინ წაიწიეს, დონეცკის მიმართულებით, სოფელ ველიკა ნოვისილკასთან კი - 7 კილომეტრამდე. „დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 7 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. კონტროლის ქვეშ 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაბრუნდა“, - აღნიშნა გრომოვმა.
ერდოღანის საწინააღმდეგო აქციის გამო, თურქეთმა შვეიცარიის ელჩი გამოიძახა
თურქეთში შვეიცარიის ელჩი ჟან-დანიელ რუხი დაიბარეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, იუწყება Reuters-ი. მისივე თანახმად, ამის მიზეზი 14 ივნისს ციურიხში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფოტოების დაწვა და შეურაცხმყოფელი ლოზუნგები გახდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მეჰმედ ქემალ ბოზბაიმ შვეიცარიის ელჩს ჟან დანიელ რუხს განუცხადა, რომ ეს ქმედებები მიუღებელია. ამასთან, ანკარამ ბერნს გამოძიების წარმოება მოსთხოვა.
საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვაზე ბოლო ცნობები ვრცელდება
საბერძნეთის სანაპიროებთან 15 ივნისს მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა. Reuters-ის ბოლო ცნობების თანახმად, გაიზარდა იმის შიში, რომ მაშველების ასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები, შესაძლოა, ხალხმრავალი გემის საწყობში დაიღუპა. საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 104 გადარჩენილი ნაპირზე გამოიყვანეს. ცნობისთვის, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი სამი პირი დაკითხეს. ნავი პილოსის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრში ჩაიძირა. ნავი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა ახალგაზრა კაცი იყო. მთავრობამ, მომხდარი ტრაგედიის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
4 ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის
აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, დანიისა და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრებმა 15 ივნისს განაცხადეს, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის ასობით რაკეტებს მიაწვდიან. განცხადების თანახმად, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში უკრაინა „ახლო და საშუალო მანძილის ასობით რაკეტასა და შესაბამის სისტემებს” მიიღებს. კიევისთვის რაკეტების გადაცემა უკვე დაიწყო და რამდენიმე კვირაში დასრულდება. თავდაცვის მინისტრები აღნიშნავენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები საჭიროა “უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეროვნული ინფრასტრუქტურის დასაცავად და უახლოეს თვეებში კონტრშეტევითი ოპერაციების შემდგომი წარმატების უზრუნველსაყოფად“. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტეინის სამიტის გახსნისას განაცხადა, რომ აშშ და მოკავშირეები ორიენტირებულნი არიან უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მიწოდებაზე და სთხოვა საკონტაქტო ჯგუფის წევრებს, გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით.
ევროკავშირის ქვეყნებმა 24 ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადება დაასრულეს - მედია
ევროკავშირის ქვეყნებმა 24 ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადება დაასრულეს. Nexta-ს ცნობით, ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს. მისივე თანახმად, ევროკავშირის ქვეყნები კიდევ უფრო მეტი ჯარისკაცის მომზადებას გააგრძელებენ. საწვრთნელი მისია ევროკავშირმა მას შემდეგ შექმნა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.