ძებნის რეზულტატი:
ირაკლი კობახიძე: აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა?
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი. ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე იქ რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული“. კობახიძის თქმით, როდესაც კინოცენტრს ქართული კინოს წინააღმდეგ არცერთი არასწორი ნაბიჯი არ გადაუდგამს და პროტესტი უბრალოდ სახელებისა და გვარების წინააღმდეგაა, ეს მიანიშნებს, რომ დამოკიდებულება და პროტესტი სუბიექტურია. „კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი. ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე იქ რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული. ზოგადად, ქართულ კინოს გაჯანსაღება და მეტი რესურსის ჩადება სჭირდება. მინისტრის ქმედებები, ბუნებრივია, აქეთკენაა მიმართული. ყველა საკითხი უნდა გაირკვეს დისკუსიის ფორმატში და არა პროტესტის. კინოს კონტროლი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, კინოს პოლიტიკური დაკვეთებით იღებდნენ. დღეს ეს აღარ ხდება, ამიტომ, აღარ ვიცი ამ პროტესტის მიზეზი რა არის. შეიძლება, სუბიექტური მიზეზები იყოს. როდესაც ქართული კინოს წინააღმდეგ არცერთი არასწორი ნაბიჯი არ გადადგმულა და პროტესტი უბრალოდ სახელებისა და გვარების წინააღმდეგაა, ეს, თავისთავად, მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც სუბიექტური ინტერესები არსებობს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მას სალომე ჯაშის ფილმის, „მოთვინიერებისა“ და კინოცენტრში განვითარებული მოვლენების კავშირის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა. ირაკლი კობახიძის თქმით, დენდროლოგიურ პარკზე მსგავსი ირონიული ფილმის კინოცენტრის დაფინანსებით გადაღება სამარცხვინოა, თუმცა ამჟამინდელ საკადრო ცვლილებებთან ამას კავშირი არ აქვს. „სალომე ჯაშის ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ ის სამარცხვინოა. საკადრო ცვლილებებთან ამ ფილმის გადაღება არაფერ შუაშია, უბრალოდ ეს არის სამარცხვინო ფილმი, რომელიც კინოცენტრის დაფინანსებით რეჟისორმა გადაიღო. დენდროლოგიური პარკი არის უნიკალური, რომლის მოწყობაშიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რესურსი ჩადო. ეს პარკი ყველასთვის ხელმისაწვდომია და როდესაც ამაზე ასეთ ირონიულ ფილმს იღებ, ეს სამარცხვინოა, თუმცა საკადრო ცვლილებებთან ამას რა კავშირი აქვს? ეს არის რეჟისორის პასუხისმგებლობა. კინოცენტრის დაფინანსებული ფილმი შეიძლება, იყოს პოლიტიკურად სენსიტიური და კრიტიკული, მაგრამ აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა? ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, აშკარად პოლიტიკური მიზეზი იკვეთებოდა ამ ფილმის დაფინანსების უკან და როცა აბსურდს აფინანსებს, ამას ვერ ექნება ვერანაირი ახსნა და გამართლება. აქ მთავარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული. ეს კონკრეტული მაგალითია, რა თქმა უნდა, კრიტიკულიც შეიძლება, იყოს ფილმი, პოლიტიკურად სენსიტიურიც, მაგრამ როცა აბსურდზე იღებ ფილმს, ეს რა თქმა უნდა გაუგებარია, მაგრამ ამას საკადრო გადაწყვეტილებებთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის აპრილში თბილისში ფილმის ჩვენებები, რომლებიც კინოს სახლში იყო დაგეგმილი, გაუქმდა. რეჟისორ სალომე ჯაშის აზრით, ამის მიზეზი ფილმის შინაარსი იყო. სალომე ჯაშის „მოთვინიერების“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს „Sundance’’-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. ფილმი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ დენდროლოგიურ ბაღს ეხება, სადაც ხეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩაიტანეს. რაც შეეხება კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები, რასაც წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული შეფასებები და კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი, კობა ხუბუნაია, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებებში მუშაობდა, კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი, „პოსტ ტვ-ს“ წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია დაინიშნა.
GDI: თეა წულუკიანის მიერ გათავისუფლებულმა ნოტარიუსმა, მედეა გვაზავამ იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ დავა მოიგო
GDI-ს თანახმად, ნოტარიუსმა მედეა გვაზავამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სასარჩელო დავა მოიგო. მის ინტერესებს სასამართლოშ სწორედ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“(GDI) იცავდა. „საქმე ეხება ნოტარიუსის, იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ, 2020 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით, მედეა გვაზავას გათავისუფლებას ნოტარიუსის თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძველი იყო “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის იმდროინდელი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსს თანამდებობაზე ყოფნის უფლება ჰქონდა 65 წლის ასაკამდე. თუმცა კანონი გამონაკლისის სახით ადგენდა, რომ იუსტიციის მინისტრს შეეძლო ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაეგრძელებინა მისთვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. ამის საპირისპიროდ, მედეა გვაზავას არ დასცალდა ესარგებლა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობით, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ბევრად ადრე მიიღო, ვიდრე მედეა გვაზავას შეუსრულდებოდა 65 წელი. „აღსანიშნავია, რომ მედეა გვაზავამ მოიგო ძირითადი სასარჩელო დავა, რის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილებები და გაუგრძელა მას უფლებამოსილების ვადა. აღნიშნულის შემდგომ ნოტარიუსმა დაიწყო მეორე დავა მორალური ზიანისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე იმ შემოსავლისთვის, რომელიც მან ვერ მიიღო უკანონოდ გათავისუფლების გამო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში. ამჟამად კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის პოზიცია ამ საკითხზე ჯერ არ არის ცნობილი.
გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვევა
გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, სვენ გიგოლდი 19-დან 22 ივნისამდე საქართველოს ეწვევა და ეკონომიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ Europetime-ს გერმანიის საელჩოდან აცნობეს. სახელმწიფო მდივანს თან ახლავს გერმანული მცირე და საშუალო კომპანიების დელეგაცია სამშენებლო სექტორიდან. ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენს გერმანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და საქართველოს ევროპული მომავალი. გიგოლდი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან. საუბარი უმთავრესად შეეხება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერას და ამისათვის საჭირო რეფორმებს. ბიზნეს-დელაგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს გერმანული და ქართული კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირება. ამისათვის გაიმართება გერმანული კომპანიების ინდივიდუალური შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან და კლიენტებთან. მონაწილე კომპანიებს შეეძლებათ მათი პროდუქციისა და მომსახურების წარდგენა. „ევროკავშირისკენ მიმავალი საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვეხმარებით მას ჩვენ ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, რაც მოიცავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობას, საექსპორტო საკრედიტო გარანტიებს, საინვესტიციო გარანტიებსა და პარტნიორობას ადმინისტრაციულ საკითხებში. ასევე ხელმისაწვდომია მენეჯერთა გადამზადების პროგრამა და ევროკავშირის შეთავაზებები ადმინისტრირების მოდერნიზების კუთხით (ტვინინგის პროგრამა). განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ გერმანული კომპანიები საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ინტერესს გამოთქვამენ. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. ამ კუთხით მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაუმჯობესება, ამ მიზნით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების გაგრძელება და კორუფციასთან ბრძოლა. ჩვენს მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი. კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობას წარმოადგენს ევროკავშირის მიერ მოცემული პრიორიტეტების შესრულება“, განაცხადა საქართველოში გამომგზავრებამდე სახელმწიფო მდივანმა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
19 ივნისს დღის ბოლოდან 22 ივნისამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული ოდენობის ელექტროენერგია გავიდა
2023 წლის პირველ 5 თვეში საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული ოდენობის ელექტროენერგია გავიდა. კერძოდ, იანვარ-მაისში ექსპორტმა 415.9 მლნ კვტ.სთ შეადგინა, მიღებულმა შემოსავალმა კი 29.9 მლნ აშშ დოლარი. მსგავსად მაღალი რიცხვები წლის ამ პერიოდში არასდროს დაფიქსირებულა. ინფორმაციას Bpn.ge ავრცელებს. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებლები 272.1 მლნ კვტ.სთ და 23.8 მლნ აშშ დოლარი იყო. სად გადის ელექტროენერგია საქართველოდან? მთავარი იმპორტიორია თურქეთია და მასზე 26.7 მლნ აშშ დოლარი მოდის, შემდეგი კი სომხეთია 3.1 მლნ აშშ დოლარით. აზერბაიჯანისა და რუსეთის წილი მიზერულია. რაც შეეხება იმპორტს, ამავე პერიოდში ქვეყანაში 600.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 1.2 მლრდ კვტ.სთ-ზე 47.9%-ით ნაკლებია. საგულისხმოა, რომ წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება საგრძნობლად დაბალია და 766.6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ, როცა გასულ წელს 34.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ შარშან თითქმის ორჯერ მეტი ელექტროენერგია შემოვიდა, იმპორტირებულ ღირებულებაში სხვაობა მაინც მკვეთრია. მიახლოებითი დათვლით, 1 მგვტ.სთ (1 მგვტ.სთ = 1000 კვტ.სთ) ელექტროენერგიის ღირებულება წელს 1.3 აშშ დოლარია, შარშან კი 30.1 აშშ დოლარს შეადგენდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძის საგამოძიებო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძის საგამოძიებო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე გამოძიება გუშინვე, მყისიერად დაიწყეს. „2023 წლის 18 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 17 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში მყოფ ლუკა შველიძეს პალატაში იარაღით დაემუქრა, სამსახურმა ფაქტის შესწავლა მყისიერად გუშინვე დაიწყო. კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, 18 ივნისს, უწყებაში შეტყობინების შემოსვლისთანავე, დაუკავშირდა შეტყობინების ავტორს - ლუკა შველიძის დედას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით საგამოძიებო სამსახურში გამოცხადება სთხოვა. 2023 წლის 18 ივნისს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ ასევე შედგა სატელეფონო კომუნიკაცია ლუკა შველიძესთან და მას გასაუბრების მიზნით მისთვის სასურველ დროს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება შეეთავაზა, რაზეც, მან განმარტა, რომ მიმდინარე წლის 20 ივნისს გამოცხადდებოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნული ფაქტის შესწავლას აგრძელებს, რა დროსაც კანონით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიება განხორციელდება“,- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თსუ-ში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული სტუდენტის, ლუკა შველიძის განცხადებით, მის პალატაში იარაღიანი მამაკაცი შევიდა. ლუკა შველიძე აცხადებს, რომ აღნიშნული პირი მას პოლიციის თანამშრომლად გაეცნო. როგორც შველიძემ განმარტა, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მას დაკავებითაც დაემუქრა.
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, კატარმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა საელჩოები გახსნეს
კატარისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების საელჩოები გაიხსნა და განაახლეს მუშაობა მას შემდეგ, რაც ყურისორი სახელმწიფო დიპლომატიური კავშირების აღდგენაზე შეთანხმდნენ, განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს. კავშირების აღდგენა ხდება ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც არაბულმა სახელმწიფოებმა დოჰასთან ურთიერთობა შეწყვიტეს. „2017 წელს საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ, ირანთან კატარის ურთიერთობისა და რადიკალური ისლამისტური მოძრაობების დაფინანსების გამო, ამ ქვეყანასთან ურთიერთობა გაწყვიტეს. 2021 წლის იანვარში ქვეყნებმა ხელი მოაწერეს AlUla-ს დეკლარაციას, რითაც დავა დასრულდა. რიადი და კაირო იყვნენ პირველები, რომლებმაც 2021 წელს, ხელახლა დანიშნეს ელჩები დოჰაში, ხოლო ბაჰრეინს ჯერ არ გაუხსნია თავისი საელჩო დოჰაში.
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, აქამდე 120 ათას-ლარიანი ოპერაციიდან სახელმწიფო მხოლოდ 70 ათას ლარს ანაზღაურებდა. „ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში 120 ათას ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 ათასი ლარით. მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ. ხშირად ისეთ სეგმენტს ეხება, სადაც რთულია დარჩენილი 50 ათასი ლარის მობილიზება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ როგორც დიაგნოსტიკის, ასევე ოპერაციის ხარჯები. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში 120 ათას ლარს დღეიდან, სრულად სახელმწიფო დაფარავს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი გახდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტს 70 მლნ ლარი დაემატება. „სოციალურ დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება, მიმდინარე წლის ივლისის თვიდან 200 ლარი გახდება. ჯამში 70 მლნ ლარი დაემატება წლევანდელ ბიუჯეტს და ამ ბავშვებს უკვე 200 -ლარიან დახმარებას მივცემთ. ჯამში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გადასახდელად, წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარამდე იქნება გამოყოფილი“, - განაცხადა აზარაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომლის საფუძველზეც 2023 წლის 1 ივლისიდან გაიზრდება ბავშვის ბენეფიტის ოდენობა 150 ლარიდან 200 ლარამდე თითოეულ 16 წლამდე ასაკის ბავშვზე. აღნიშნული ცვლილება შეეხება დაახლოებით 233 000 ბავშვს.
შევეცდებით, რომ სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით განიხილოს - აზარაშვილი
შევეცდებით, რომ სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით განიხილოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი „კანონი მხოლოდ სუროგაციას არ ეხება. ის მოიცავს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც. მოგეხსენებათ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონი მომზადებულია ისე, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დემოგრაფიული პრობლემები გადაიჭრას. ის მანკიერი პრაქტიკა, რაც ქვეყანაში სამწუხაროდ გვქონდა, უნდა შეიცვალოს. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს არაერთი შესაძლებლობა იმის, რომ ბავშვი დაბადებამდე ქვეყნის გარეთ მოხვდეს და დაიბადოს სხვა ქვეყანაში, სადაც ამ ბავშვის გასხვისების პოტენციური მოლოდინი აქვთ. აქედან გამომდინარე, მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ეს შეიზღუდება და დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმაა, შევეცდებით, რომ კანონი პარლამენტში დაჩქარებული ტემპით განიხილონ. ამ სფეროს წარმომადგენლებთან მრავალთვიანი განხილვები გვქონდა და ის კრიტერიუმები, რომლითაც პარლამენტში ამ კანონს განიხილავენ, ჩვენს რეალობაზე მორგებულია. ამ კანონის მიხედვით, ყველა რისკი, რაც შეიძლება არსებობდეს, დაზღვეულია“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. სურაგატობის ან დონორობის მსურველი საქართველოს მოქალაქე ვალდებული იქნება, „უანგარობის პრინციპით“ იმოქმედოს - ჯანდაცვის მინისტრი
გერმანიის პრეზიდენტი ყახაზეთის შემდეგ, ყირგიზეთს ეწვევა
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 21-23 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვევა, - ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მურატბეკ აზიმბაკიევმა განაცხადა. დაგეგმილია მოლაპარაკებები შტაინმაიერსა და სადირ ჟაპაროვს შორის. „სახელმწიფო მეთაურები განიხილავენ ყირგიზეთ-გერმანიის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრს, ასევე განიხილავენ ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებით“, - განაცხადა აზიმბაკიევმა. გერმანიის პრეზიდენტი 19-21 ივნისს სახელმწიფო ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება.
დარჩიაშვილმა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, „რუსეთის აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე“ ისაუბრეს
19 ივნისს, შვეიცარიის კონფედერაციაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იგნასიო კასისს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროში, არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. მინისტრებმა განიხილეს რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შედეგად, რეგიონში შექმნილი რთული ვითარება უსაფრთხოების კუთხით. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას ევროპის კონტინენტისთვის და რეგიონში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობას. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის და ვაჭრობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ შვეიცარიული კომპანიები წარმატებით ოპერირებენ საქართველოში, ამასთან გაზრდილია როგორც ვაჭრობის დინამიკა, ისე შვეიცარიიდან საქართველოში მომავალი ვიზიტორების რაოდენობა. დადებითად შეფასდა, 2023 წლის ივნისში, შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მდივნის ელენ ბუდლიგერ არტიედას და მის თანმხლები ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ხაზი გაესვა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ განვითარებაში. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას. „ილია დარჩიაშვილმა იგნასიო კასისს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოქალაქეებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროექტებში შვეიცარიის კონტრიბუციისთვის. აღინიშნა, რომ შვეიცარიის დახმარება დღევანდელ, გამოწვევებით სავსე გარემოში, კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იძენს. ხაზი გაესვა, ბოლო წლებში, საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების გამართვის პოზიტიურ დინამიკას. ამ კონტექსტში, აღინიშნა, 2023 წლის იანვარში, დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და შვეიცარიის პრეზიდენტის შეხვედრა“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში. ილია დარჩიაშვილი 19-20 ივნისს, შვეიცარიის კონფედერაციაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ასევე შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან და ბერნის მერთან.
აშშ პეკინისგან იღებს გარანტიას, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს არ მიაწვდის
პეკინში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 19 ივნისს განაცხადა, ჩინეთი გამოვიდა დაპირებით, რომ რუსეთს არ გაუგზავნის უკრაინაში მიმდინარე ომში გამოსაყენებელ იარაღს, თუმცა ამასთანავე, ბლინკენმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის კერძო კომპანიების მოქმედებებზე. ბლინკენი მოხარულია, რომ მიიღო ასეთი დაპირება და ამჟამად აშშ-ს არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჩინეთი ამ პირობას არ ასრულებს. „ამასთან, ჩვენს შეშფოთებას იწვევს ჩინური ფირმები -კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ ტექნოლოგიების მიწოდება, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენებს. ჩვენ მივმართეთ ჩინურ მხარეს თხოვნით, უფრო ყურადღებით იყონ ამასთან დაკავშირებით ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ბლინკენი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა სი ძინპინთან შეხვედრა ბლინკენის ვიზიტამდე არ იყო დადასტურებული, აქედან გამომდინარე, დასავლური მედია ვარაუდობს, რომ ეს ფაქტი დადებით ნიშანდ იქნება მიჩნეული, რომ მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და პეკინს შორის კარგად მიმდინარეობს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოსალოდნელი შეხედრის შესახებ, მის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გამოაცხადა. „მოსალოდნელია, რომ ბლინკენის ვიზიტმა ჩინეთში, შესაძლოა, ბაიდენისა და სი ძინპინის აუდიენციას ნოემბრისთვის, გაუხსნას გზა. ორი მსოფლიო ლიდერი ბოლოს პირადად შეხვდა ბალიში, ინდონეზიაში, გასული წლის ბოლოს G20 სამიტის ფარგლებში“, - წერს CNBC. ვანმა მოუწოდა ვაშინგტონს, უარი თქვას ე.წ. „ჩინეთის საფრთხის თეორიაზე“ და გააუქმოს სანქციები პეკინის წინააღმდეგ. ბლინკენი არის აშშ-ის უმაღლესი დონის ოფიციალური პირი, რომელიც ჩინეთს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ეწვია და პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ამ ვიზიტს ახორციელებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთქმედება ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, თქვენ უფრო დადებით წვლილს შეიტანთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, - მიმართა სი ძინპინმა ბლინკენს. „კონსტრუქციული მოლაპარაკებების“ შემდეგ, აშშ და ჩინეთი მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ „ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, რომ მიგვიღეთ დღეს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა პეკინში გამგზავრება, რადგან მას სჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა მართონ ჩვენი ურთიერთობა. შეერთებული შტატები მზად არის ამის გასაკეთებლად. ეს არის შეერთებული შტატების, ჩინეთის და მსოფლიოს ინტერესებში.ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე მქონდა გულწრფელი და კონსტრუქციული საუბრები სახელმწიფო მრჩეველთან ცინ განთან. ჩვენ განვიხილეთ როგორც ორმხრივი, ასევე გლობალური საკითხების ფართო სპექტრი. ვაფასებ ამ შესაძლებლობას, თქვენთან ერთად განვიხილო მომავალი გზა“, - განაცხადა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა“.
The New York Times: რუსეთის სპეცსამსახურები, აშშ-ში გაქცეული რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკის მოკვლას ცდილობდნენ
რუსეთის სპეცსამსახურები, აშშ-ში გაქცეული რუსეთის საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკის, ალექსანდრ პოტეევის მკვლელობის ორგანიზებას ცდილობდნენ. რუსეთის სასამართლომ საგარეო დაზვერვის სამსახურის პოლკოვნიკს 25 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, ჩამოართვა სახელმწიფო ჯილდოები და სამხედრო წოდება. პოტეევი აშშ-ში 2010 წელს გაიქცა, რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ვაშინგტონში ვიზიტის წინ. The New York Times-ის თანახმად, რუსეთის დაზვერვამ მიაკვლია მაიამიში მდებარე მის სახლს. რუსმა ოფიცერმა ამერიკულ დაზვერვას არალეგალური ჯაშუშების უდიდესი ქსელის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთაგან ბევრი აშშ-ში საბჭოთა დროიდან მუშაობდა. პოტეევის კვალზე გასვლის მცდელობას აშშ-დან დიდი რაოდენობით რუსი დიპლომატების გაძევება მოჰყვა. მათ შორის იყო რუსეთის საგარეო დაზვერვის რეზიდენტურის ხელმძღვანელი, რომელსაც აშშ-ში მივლინების 2 წელი რჩებოდა. „2016 წელს რუსეთის მედია იტყობინებოდა, რომ პოტეევი საზღვარგარეთ გარდაიცვალა, სინამდვილეში კი, ფლორიდაში ცხოვრობდა. პოტეევმა იქ თავის სახელზე თევზჭერის ლიცენზიაც მიიღო და დარეგისტრირდა, როგორც რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი, - წერს The New York Times-ი.
ვილნიუსის სამიტი უკრაინის, როგორც ევროატლანტიკური ოჯახის დამოუკიდებელი, დემოკრატიული წევრისთვის, მომავლის ხედვას ჩამოაყალიბებს - სტოლტენბერგი
ივლისში ვილნიუსის სამიტი უკრაინის, როგორც ევროატლანტიკური ოჯახის დამოუკიდებელი, დემოკრატიული წევრის შესახებ, მომავლის ხედვას ჩამოაყალიბებს, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ NATO-ს არ სურს კონლფიქტის გაყინვა უკრაინაში. „ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ სამართლიანი მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თანახმად, სამიტზე მოკავშირეები განიხილავენ უკრაინის წევრობის მისწრაფებებს. მოკავშირეები მუშაობენ უკრაინისთვის დახმარების მრავალწლიან პაკეტზე. „ჩვენ ასევე ვმუშაობთ NATO-უკრაინის ახალი საბჭოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც ერთობლივად განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს. გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ვილნიუსში, უკრაინას NATO-სთან დააახლოებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6057 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6057 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6057 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8446 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8565 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0119 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კვლევა: გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტის შეცვლა უკრაინელების 25%-ზე ნაკლებს სურს
უკრაინელების ორი მესამედი მხარს უჭერს გამარჯვების შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების გარკვეულ დონეზე შეცვლას, მაშინ როცა გამოკითხულთა მხოლოდ 23%-ს სურს ახალი პრეზიდენტის ყოლა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) კვლევაზე დაყრდნობით წერს. „უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა (73%) მხარს უჭერს ცენტრალური ხელისუფლების განახლებას ამა თუ იმ დონეზე. რესპონდენტთა ყველაზე მცირე რაოდენობა (23%) სურს, რომ პრეზიდენტი შეიცვალოს არჩევნების შემდეგ“. კერძოდ, უკრაინის დასავლეთ და სამხრეთ რესპონდენტთა 23%-ს, ცენტრში 21%-ს და აღმოსავლეთში 29%-ს, პრეზიდენტის შეცვლა სურს.
ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო აუმჯობესებს მონიტორინგის სისტემებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, უკვე შეძენილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც მაღალი სიზუსტით განისაზღვრება სპეციფიური დამაბინძურებლები. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად აწარმოებს, რითიც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენაში. ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო აუმჯობესებს მონიტორინგის სისტემებს. ამ ეტაპზე, უკვე შეძენილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც მაღალი სიზუსტით განისაზღვრება სპეციფიური დამაბინძურებლები. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაისმა მირზიოევს უმასპინძლა - თეირანმა და ტაშკენტმა ათზე მეტი ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს
ათზე მეტი ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა ირანსა და უზბეკეთს შორის, რომლის პრეზიდენტიც ოფიციალური ვიზიტით თეირანში იმყოფებოდა. მირზიოევმა და რაისმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, რაც ასევე მიუთითებს, რომ დოკუმენტები მიღებულია სამთავრობო, უწყებრივი და რეგიონული დონეზე. შეთანხმებები ფოკუსირებულია შემდგომ თანამშრომლობაზე შეღავათიან ვაჭრობაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში, ხოლო მემორანდუმები მიღებულოა „ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონების, ფარმაცევტული პროდუქტების, ტრანსპორტისა და ტრანზიტის შექმნის სფეროში“. შეთანხმებებზე ხელმოწერას წინ უძღოდა მირზიოევსა და რაისს შორის გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებები. საადაბადის კომპლექსში გამართული მოლაპარაკებების დღის წესრიგში იყო სავაჭრო, ასევე ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობა. პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის კოორდინაციის შესაძლებლობები", - ნათქვამია უზბეკეთის პრეზიდენტის განცხადებაში. „სახელმწიფოს მეთაურები შეთანხმდნენ, გააგრძელონ დიალოგი ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისა და მეზობელი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში. მოგვიანებით მირზიოევმა მოლაპარაკებები გამართა ირანის უზენაეს ლიდერთ, აიათოლა ალი ხამენეისთან.
სი ძინპინი ენტონი ბლინკენს: მსოფლიოს ჩინეთსა და აშშ-ს შორის სტაბილური ურთიერთობა სჭირდება
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსოფლიოს სჭირდება ჩინეთ-აშშ-ის სტაბილური ურთიერთობა და შეძლებენ თუ არა ჩინეთი და შეერთებულ შტატები ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობას, ეს გავლენას ახდენს კაცობრიობის მომავალსა და ბედზე. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ პეკინი პატივს სცემს ვაშინგტონის ინტერესებს და ვაშინგტონმაც ანალოგიურად პატივი უნდა სცეს მათ. „ჩინეთი პატივს სცემს შეერთებული შტატების ინტერესებს და არ დაუპირისპირდება მას. ანალოგიურად, შეერთებულმა შტატებმა ასევე პატივი უნდა სცეს ჩინეთს და არ დააზარალოს ჩინეთის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები“, - განაცხადა სი ძინპინმა. ბლინკენი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა აშშ პეკინისგან იღებს გარანტიას, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს არ მიაწვდის შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი ჩინეთს 18 ივნისს ეწვია. ბლინკენი არის აშშ-ის უმაღლესი დონის ოფიციალური პირი, რომელიც ჩინეთს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ეწვია და პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ამ ვიზიტს ახორციელებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. „კონსტრუქციული მოლაპარაკებების“ შემდეგ, აშშ და ჩინეთი მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ