ძებნის რეზულტატი:

რუსეთის ძალების მიერ გაშვებული 35 დრონიდან, 32 განადგურებულია - უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინამ წუხელ რუსეთის ძალების მიერ გაშვებული 35 კამიკაძე-დრონიდან 32 ჩამოაგდო, იტყობინება საჰაერო ძალები 20 ივნისს. რუსულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქიდან და აზოვის ზღვიდან 35 შაჰედ-136/131 თავდასხმის დრონი დაუმიზნეს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. საჰაერო ძალებმა მოახერხეს 30 თვითმფრინავის განადგურება, ხოლო სახმელეთო ძალებმა ორი ჩამოაგდეს. მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო თავდაცვა გააქტიურებული იყო უკრაინის ოლქების უმეტესობაში, თავდასხმის მთავარი ზონა კიევის ოლქი იყო, აღნიშნა საჰაერო ძალებმა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის თავზე მტრის 20-მდე სამიზნე აღმოაჩინეს და გაანადგურეს. რუსულმა ძალებმა ისკანდერის ბალისტიკური რაკეტებით ასევე დაარტყეს ზაპოროჟიეს, ნათქვამია მოხსენებაში. ზაპოროჟიეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანატოლი კურტიევმა განაცხადა, რომ მსხვერპლი არ არის, არც საცხოვრებელი კორპუსები დაზიანებულა. მან თავდასხმის შესახებ დეტალები არ დააკონკრეტა. ლვოვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდასხმა ქალაქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა, გაჩნდა ხანძარი, მაგრამ მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  

რას ელით ხელისუფლებაში დაბრუნებული „ნაცმოძრაობისგან“ ისეთს, რასაც „ქართული ოცნება“ არ გიკეთებთ? - „ხალხის ძალა“ კელი დეგნანს

რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აღვივებთ პოლარიზაციას?, - ასე მიმართავს „ხალხის ძალა“ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს. „ენჯეოებისა და აგრესიული პოლიტიკური დაჯგუფებების დაფინანსება კვლავაც გაუმჭვირვალეა. დაზუსტებით დღესაც არავინ იცის, ვინ, რისთვის და რა თანხით აფინანსებს „სირცხვილიას“, „ფრანკლინის კლუბს“, „გირჩს“, „დროას“ და სხვა აგრესიულ და მაპოლარიზებელ ლიბერალ-ფაშისტურ დაჯგუფებებს. შესაბამისად, საზოგადოებამ არც ის იცის, კონკრეტულად ვისგან და რა მოცულობით ფინანსდება რევოლუციური გეგმა, რომელზეც რადიკალური დაჯგუფებები დაუფარავად საუბრობენ. რეგიონში არსებული ურთულესი ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, რას ემსახურება საქართველოში სიმშვიდის დარღვევის ყველა მცდელობა. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რევოლუციური გეგმის ავტორები საქართველოში ვერც რევოლუციას და ვერც მეორე ფრონტს ვერ მოაწყობენ. ენჯეოების დაფინანსების გაუმჭვირვალობის მიუხედავად, საზოგადოებას აქვს საერთო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვისგან არიან მხარდაჭერილი მაპოლარიზებელი და აგრესიული ლიბერალ-ფაშისტური დაჯგუფებები. ქალბატონი კელი დეგნანი ვერასოდეს მალავდა მათ მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიებს. თუმცა, რაც მან სამი დღის წინ გააკეთა, ყველაფრის საუკეთესო ლუსტრაცია იყო. დეგნანმა ბორჯომში გაგზავნა ტრანსპორტი და შეშინებული „გირჩელები“ სამოქალაქო აქტივისტებს საელჩოს კუთვნილი მიკროავტობუსებით გამოარიდა. გვინდა დავუსვათ კითხვა კელი დეგნანს: რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აფინანსებთ და აღვივებთ პოლარიზაციას? რატომ უქმნით ხელოვნურ ბარიერებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას? რატომ არ გაგახსენდათ მედიის თავისუფლება, როდესაც ლიბერალ-ფაშისტებმა სამი ტელეკომპანია გამოარჩიეს და ღონისძიების გადაღება აუკრძალეს? და ბოლოს, გვაინტერესებს, რას ელით ხელისუფლებაში დაბრუნებული ნაცმოძრაობისგან ისეთს, რასაც „ქართული ოცნება“ არ გიკეთებთ? ამ ყველაფერმა გაგვახსენა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრას, რომელზეც ლიბერალ-ფაშისტურ პარტიებს, ენჯეოებს და ტელევიზიებს რევოლუციაში ატრენინგებდით, საღამოს თქვენც პირადად შეუერთდით. იქნებ, ქართულ საზოგადოებას დასდოთ პატივი და უთხრათ, რატომ ჩახვედით რევკომის შეხვედრაზე ბაკურიანში? მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას უხეში ტყუილი აკადრეთ და აგენტების ამერიკული კანონი რუსულ კანონად გამოაცხადეთ, რათა რევოლუციური ფინანსების გამჭვირვალობა აგერიდებინათ თავიდან, ხალხი მაინც ხედავს ყველაფერს. კელი დეგნანმა იმდენჯერ აარიდა პასუხი ჩვენს ლეგიტიმურ კითხვებს, რომ მისი პასუხის იმედი არც ამჯერად გვაქვს. იმედია, ახალი ელჩი მაინც გაუწევს ანგარიშს ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და შეწყდება ლიბერალ-ფაშისტური რევოლუციის დაფინანსება, რისთვისაც ის თანხები იხარჯება, რომელსაც, ცინიკურად, საქართველოს დახმარებად ნათლავენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

უმოკლეს ვადაში მოამზადდება პაკეტი დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიმართულებით - მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე დემოგრაფიული განვითარების ძირითადი მიზნები განიხილეს. საბჭოს წევრებმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებულ საუკეთესო და რელევანტურ პრაქტიკასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე იმსჯელეს. „ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს რაც იქნება ყველაზე მეტად მისაღები საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, იქნება ოჯახის გაძლიერების პოლიტიკაზე ორიენტირებული და ჩამოაყალიბებს იმ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რაც შემდეგ აისახება პროგრამებში იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სხვადასხვა მიმართულებით დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას, “- განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ესწრებოდნენ.  

„საქდოკ ფილმი" კობახიძის განცხადებას კინოს ცენზურისკენ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს

კომპანია „საქდოკ ფილმი", რომელიც სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერების" ერთ-ერთი მწარმოებელია, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას კინოს ცენზურისკენ მიმართულს უწოდებს. ირაკლი კობახიძე: აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა? „საქდოკ ფილმი",​-ს განცხადებით, „ მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის განცხადება მიმართულია თავისუფალი გამოხატვის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მხრიდან კინოსა (და სხვა სახელოვნებო დარგების) ცენზურისკენ და წარმოადგენს თავდასხმას რიგით მოქალაქეზე - ფილმის ავტორზე" „ვთვლით, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება მიმართულია თავისუფალი გამოხატვის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მხრიდან კინოსა (და სხვა სახელოვნებო დარგების) ცენზურისკენ და წარმოადგენს თავდასხმას რიგით მოქალაქეზე - ფილმის ავტორზე. [კობახიძის] განცხადება მოსდევს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში დაწყებულ რეორგანიზაციას, რისი საშუალებითაც კულტურის სამინისტრო ამკაცრებს კონტროლს ამ ინსტიტუციაზე", - აცხადებს „საქდოკ ფილმი". „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი. ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე იქ რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული“.

დაკავებულია პირი, რომელიც არასრულწლოვანი გერებით ვაჭრობდა - შსს

სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 38 წლის მამაკაცი არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.ბ. არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ბ. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების - 2006 წელს დაბადებული რ.პ.-ს და 2007 წელს დაბადებული მ.პ.-ს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა. ბრალდებული მათ ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ მ.ბ.-ს მოთხოვნებს, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

Reuters-ი: ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად, უკრაინამ 7-დან 2 პირობა შეასრულა

უკრაინამ ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო 7 პირობიდან 2 შეასრულა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდება. სააგენტოს თანახად, უკრაინამ შეასრულა პირობები, რომლებიც ეხება სასამართლო რეფორმას და მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას. როგორც Reuters-ის ერთ-ერთი წყარო ამბობს, შუალედური ანგარიში ზომიერად პოზიტიურია. სააგენტოს მესამე რესპონდენტის თქმით, უკრაინის სასამართლო სისტემაში გარკვეული პროგრესია, თუმცა, ჯერ კიდევ გასატარებელია გადამწყვეტი რეფორმები. Reuters-ი წერს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი თვის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას სიმბოლური ჟესტი გაუკეთა და წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, უშუალოდ წევრობაზე მოლაპარაკების დასაწყებად უკრაინამ უნდა შეასრულოს 7 პირობა. მათ შორისაა კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და ოლიგარქებთან ბრძოლა, საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირება და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დეკემბერში მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას წევრობის საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ. ამ კვირაში, ევროკომისია შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს. ახალ ანგარიშს ჯერ 21 ივნისს ბრიუსელში გააცნობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, შემდეგ კი, მას სტოკჰოლმში, არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ ევროპის საქმეთა მინისტრები. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ნორვეგია უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, $23 მილიონს გამოყოფს

ნორვეგიის მთავრობა უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 23 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ Ukrinform ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. „ნორვეგია 2023 წელს უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას 250 მილიონი კრონით ზრდის. რუსეთის უკანონო ომი უკრაინის ბირთვულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. უკრაინაში ბირთვულ ავარიას შედეგები მოჰყვება არამხოლოდ თავად უკრაინას, არამედ ქვეყნის საზღვრებს მიღმაც“, - ნათქვამია განცხადებაში. კერძოდ, ნორვეგია გამოყოფს 100 მილიონს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტების მუშაობის მხარდასაჭერად. სხვა თანხები კი, გამოყენებული იქნება რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყოფასთან დაკავშირებული ავარიების და ინციდენტების რისკის შესამცირებლად.  

ირაკლი ღარიბაშვილი Emaar Properties დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Emaar Properties დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სხვადასხვა მიმართულებით პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. "აღსანიშნავია, რომ კონკრეტული პროექტების შესწავლის მიზნით, კომპანიის წარმომადგენლებმა რამდენიმე ვიზიტი უკვე განახორციელეს საქართველოში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში Emaar Properties -ის მხრიდან ინვესტირების სურვილს. Emaar Properties მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით და აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ყაზახეთში რუსი მომღერლის კონცერტი გაუქმდა

Makao Luxury Village Resort-მა, 19 ივნისს გამოაცხადა, რომ ცალმხრივად შეწყვიტა კონტრაქტი რუსი მომღერლის, გრეგორი ლეპსის კონცერტის ორგანიზატორებთან. კონცერტი მიმდინარე წლის ივლისში იყო დაგეგმილი ალმათის ოლქის ქალაქ კონაევში, იუწყება Radio Azattyk. კონცერტის გაუქმებას წინ უძღოდა დისკუსია სოციალური ქსელების ყაზახურ სეგმენტში. ბევრმა მომხმარებელმა გამოთქვა უკმაყოფილება რუსი მომღერლის გამო, რომელიც მხარს უჭერს უკრაინაში ომს. კონაევში გრიგორი ლეპსის დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია დაემთხვა ლეპსის და ნიკოლაი ბასკოვის განცხადებას, რომ გადასცენ ერთი მილიონი რუბლი ყველას, ვინც ანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკებს. როგორც რადიო აზატიკი აღნიშნავს, ყაზახურმა სოციალურმა ქსელებმა ნეგატიურად აღიქვა ლეპსის ყაზახეთში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია და მოითხოვეს მისი კონცერტის გაუქმება. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და შემდგომი სანქციების შემდეგ, რუსმა არტისტებმა დაკარგეს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი, სადაც მათ შეეძლოთ კონცერტების გამართვა. კერძოდ, ეს შეეხო მათ, ვინც ღიად უჭერდა მხარს ომს და ვინც უკრაინამ გამოაცხადა „საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, აღნიშნავს რადიო. ამასთან დაკავშირებით, რუსმა ვარსკვლავებმა დაიწყეს „მეგობრულ" ყაზახეთში დაიწყეს ჩასვლა. აქ, ზოგიერთ შემთხვევაში, მათი კონცერტები გაუქმდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა აუდიტორიამ კრემლთან ახლოს მდგომი მათი შეხედულებების შესახებ შეიტყო. ამდენად, ლარისა დოლინას და პოლინა გაგარინას კონცერტები არ შედგა. წარმოდგენა ომის მხარდამჭერი მსახიობის, სერგეი გლუშკოს მონაწილეობით, გაუქმდა.   

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერებს საძოვრები დროებით სარგებლობაში გადაეცათ

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საძოვრის კატეგორიის 66 მიწის ნაკვეთი 45 ფიზიკურ პირს დროებით სარგებლობაში გადაეცა. როგორც ცნობილია, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“ აქტიური მუშაობის შედეგად, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ნონოწმინდას, თეთრიწყაროს, გორის, ბორჯომის, დმანისის, საგარეჯოს, წყალტუბოს, ყვარლის, ასპინძის, მცხეთის, დაბა ასპინძის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მდებარე ჯამში 6467,4 ჰა საძოვარი ფერმერებს, იჯარის უფლებით, 3 წლის ვადით გადაეცათ. საძოვრით სარგებლობის წლიურად გადასახდელი ქირა 81 665 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა 2021 წელს დამტკიცდა. მისი მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების რაციონალურად გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, საძოვრების დეგრადაციის პრევენცია, მეცხოველეობის განვითარებია და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, ასევე მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული ფერმერებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.  

თბილისი და ბაქო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე დისკუსიას განაახლებენ

19 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხალაფ ხალაფოვი.   საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები ასევე შეეხნენ საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემას, კერძოდ ისაუბრეს სახელმწიფო კომისიების მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობაზე.   „საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში.   საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს.   მხარეებმა აღნიშნეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა და რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებული წვლილი და თანამშრომლობის მნიშვნელობა“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. აზერბაიჯანული ვებგვერდმა haqqin.az-მა შეხვედრის გამართვამდე გამოაქვეყნა ცნობა, რომ დაგეგმილი იყო თბილისთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის განხილვა. „ამ საკითხების პირდაპირი ფორმალური განხილვა არ იქნება, მაგრამ არაფორმალურად ჩვენ შევხედავთ ამ საკითხებს, მოსაზრებებს გავცვლით და, რა თქმა უნდა, გავცვლით აზრებს კომისიის მუშაობის გაგრძელების თემაზე“, - განაცხადა შეხვედრამზე ხალაფ ხალაფოვმა. ცნობისთვის, 2019 წლის მაისიდან განახლდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მუშაობა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. დავით გარეჯთან ვითარება არაერთხელ დაიძაბა 2019 წლის აპრილის შემდეგ, როცა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე. ქართველმა სასულიერო და სამოქალაქო პირებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. პროკურატურის მიერ 2020 წლის 29 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს საზიანოდ საზღვრის მონაკვეთების შეთანხმების მცდელობის ბრალდებით 2020 წლის აგვისტოში დაიყო თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პროკურატურისთვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე. საქმეზე დააკავეს აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ორი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარეს და 2021 წლის 28 იანვარს ოც-ოცი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. 2021 წლის 2 მარტს სახალხო დამცველმა ამ საქმეში ევროპის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, პოლიტიკური მოტივის არსებობა დაადგინა. საქართველოს და აზერბაიჯანს შეთანხმებული აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთანაა.

ევროკომისია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს - Bloomberg

ევროკომისია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ Bloomberg-ს წყაროებმა განუცხადეს. თანხა შესაძლოა, გამოიყოს გრანტების, შეღავათიანი სესხების ან გარანტიების სახით. ევროკომისიის წინადადება ხელს შეუწყობს უკრაინის მთავრობის საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას და გადაუდებელ აღდგენას, აცხადებენ წყაროები. პაკეტი გამოცხადდება სამშაბათს, 20 ივნისს, ამ კვირაში ლონდონში გამართული კონფერენციის წინ, რომელზეც დონორები უკრაინის აღდგენის საკითებს განიხილავენ. წინადადება 2024 წლიდან 2027 წლამდე პერიოდს მოიცავს. უკრაინის წინა ფინანსური პაკეტებისგან განსხვავებით, გეგმა დაფინანსდება წევრი ქვეყნების შენატანებით და არა საბაზრო სესხებით, აღნიშნა Bloomberg-ის წყარომ.    

წინ რთული ბრძოლა იქნება - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აცხადებს, წინ რთული ბრძოლა იქნება.  უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "უნდა გესმოდეთ, რომ მტერი ადვილად არ დანებდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა. რეალურად, ეს არის ის, რაც ახლა ხდება", - თქვა მალიარმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

ოკეანის ბიომრავალფეროვნების შესახებ გაერომ ისტორიული შეთანხმება მიიღო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო ისტორიული შეთანხმება, რომლის მიზანია, უზრუნველყოს საზღვაო ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება ეროვნული იურისდიქციის მიღმა არსებული ტერიტორიებისა, რომლებიც ოკეანის ორ მესამედს მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. გაეროს გენმდივანი შეთანხმების დამტკიცებას მიესალმა და მას მულტილატერალიზმის სიძლიერის დემონსტრირება უწოდა. „ჩვენი პლანეტის საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებით, რომელიც სცილდება ეროვნულ საზღვრებს, თქვენ აჩვენებთ, რომ გლობალური საფრთხეები იმსახურებს გლობალურ მოქმედებას”, - განაცხადა გუტერეშმა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შეუძლიათ, გაერთიანდნენ საერთო სიკეთისთვის. ეს ინოვაციური შეთანხმება საკანონმდებლო ბაზას მნიშვნელოვნად აძლიერებს. შეთანხმება უზრუნველყოფს არსებით ჩარჩოს თანამშრომლობისთვის სახელმწიფოებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, რათა ოკეანისა და მისი რესურსების მდგრად განვითარებას შეუწყოს ხელი. ამ შეთანხმების ეფექტიანი და დროული განხორციელება 2030 წლის დღის წესრიგისთვის გადამწყვეტ წვლილს შეიტანს. გენერალურმა მდივანმა მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, არ დაიშურონ ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ შეთანხმების ძალაში შესვლა და მოუწოდა მათ, დაუყოვნებლად იმოქმედონ მის ხელმოწერასა და რატიფიცირებაზე რაც შეიძლება მალე.  

თბილისში, ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. მისივე თქმით, მომხდარი თავდასხმა ხელისუფლების ორგანიზებული უნდა იყო. ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდა კაცმა კვერცხი ესროლა. "თავდამსხმელს არ ვიცნობ. ლექციიდან გამოვედი, სხვა უნივერსიტეტში ვაპირებდი წასვლას, ახალგაზრდა კაცი იყო, დაიწყო გამოსვლა: მოღალატე, ერეკლე, რა თქმა უნდა, მერე დედის გინება. მე არ ვჩერდებოდი, მაგრამ, მოქალაქე მეუბნებოდა, რომ უნდა გავჩერდე, მოვუსმინო ერეკლეს ამ მცველს. ლექსიკის მიხედვით, იერის მიხედვით და ა.შ. ძალიან მოუმზადებელი კადრი იყო. მერე კვერცხიც აღმოაჩნდა ჯიბეში, ისიც ისროლა, ამაცილა. მე რა შემიძლია ვუთხრა აღშფოთებულ მოქალაქეებს - ივარჯიშეთ, კვერცხი სროლაც საქმეა, მაგასაც ოსტატობა სჭირდება", - განაცხადა ბერძენიშვილმა. მომხდარზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  

შალვა პაპუაშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. „დღეს ხელი მოვაწერე ორგანულ კანონს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, რომელიც ეხება ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას. პრეზიდენტმა, ამ კანონთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 თებერვალს გამოიყენა ვეტო. კანონთან დაკავშირებული მსჯელობიდან საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რა პრობლემის აღმოფხვრას ემსახურებოდა არსებული კანონი. ცვლილების მიღებამდე არსებული მდგომარეობით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰყავდა სამი ვიცე-პრეზიდენტი, ამავე დროს, კანონი არ აწესებდა რაიმე წესს, მათგან რომელი ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში, ან რა პროცედურით უნდა მომხდარიყო რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება. ამ საკითხის მნიშვნელობა დადასტურდა მას შემდეგაც, რაც მიმდინარე წლის 2 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა და კანონის რეგულაციის არარსებობის პირობებში, ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის უფლებამოსილება დაეკისრა არა კანონის, არამედ შიდა რეგულაციის საფუძველზე. ეს მდგომარეობა დღემდე გრძელდება. ეროვნული ბანკის მნიშვნელობიდან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის როლიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საჭიროა ამ ბუნდოვანების აღმოფხვრა, ასეთი ფუძემდებლური საკითხის არა შიდა რეგულაციებისთვის მინდობის, არამედ საკანონმდებლო რეგულაციის გზით. შესაბამისად, პარლამენტი, როგორც ხალხის წინაშე სახელმწიფო ორგანოების სათანადო ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე პასუხისმგებელი ორგანო, ვალდებულია იმოქმედოს და აღმოფხვრას არსებული ბუნდოვანება. სწორედ ამ პასუხისმგებლობით იყო ნაკარნახევი შესაბამისი ცვლილების ინიცირებაც და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც მსგავსად სხვა ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებული არსებული რეგულაციისა, დანიშნავს და გაათავისუფლებს თავად ეროვნული ბანკის საბჭო. ამგვარად, სამომავლოდ აღმოიფხვრება ყოველგვარი ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის, ან უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში და ეს საკითხი მოწესრიგდება მაღალი კვორუმის საჭიროების მქონე ორგანული კანონის და არა ეროვნული ბანკის შიდაუწყებრივი რეგულაციის დონეზე“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.  

ვინ იმყოფება წყალქვეშა ნავის ბორტზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა

BBC-ის თანახმად, კომპანია OceanGate Expeditions-ის წყალქვეშა ნავზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა, 5 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ბრიტანელი 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ბიზნესმენი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი. ბორტზე მყოფ ხუთ ადამიანს შორის ორი პაკისტანელია - ბიზნესმენი შაჰზადა დავიდი და მისი ვაჟი სულემანი. როგორც ვარაუდობენ, ბორტზე იმყოფებოდა ფრანგი მკვლევარიც, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, წყალქვეშა ნავზე იმყოფებოდა OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში. მაშველები ეძებენ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ მცირე ზომის წყალქვეშა ნავს, რომელსაც ტურისტები ოკეანის სიღრმეში, აისბერგთან შეჯახების შედეგად 1912 წელს ჩაძირული ცნობილი გემის, „ტიტანიკის“ ფრაგმენტების დასათვალიერებლად მიჰყავდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში კანადის და აშშ-ის სანაპირო დაცვის გემები და თვითმფრინავები, ასევე, რამდენიმე კერძო კომპანიის ხომალდები მონაწილეობენ. წყალქვეშა ნავი კვირას, 18 ივნისს, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარდა. შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კონტრ-ადმირალმა ჯონ მოგერმა 19 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წყალქვეშა აპარატს 70-96 საათის სამყოფი ჟანგბადი აქვს. ჩაძირული „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ტურისტული ექსპედიცია კანადის ნიუფაუნდლენდიდან იწყება და უშუალოდ, კატასტროფის რაიონში გრძელდება, სადაც 5-ადგილიანი წყალქვეშა აპარატი ატლანტის ოკეანეში 3800 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ტურის ღირებულება თითო ადამიანისთვის 250 000 დოლარს შეადგენს.  

მზად ვართ დეპოლარიზაციისთვის, თუმცა ამას სჭირდება მეორე მხარე - კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება პოლარიზების შემცირებისთვის მზადაა, თუმცა ეს ცალმხრივად ვერ მოხდება. „ზოგადად, აგრესია, ძალადობა ძალიან ცუდია. პარალელურად ამის წახალისებაც ძალიან ცუდია. 12-პუნქტიან გეგმაში მნიშვნელოვანი პუნქტია პოლარიზების შემცირება, თუმცა ეს ცალმხრივად ვერ მოხდება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამისთვის, თუმცა ამას სჭირდება მეორე მხარე, ცალმხრივად ვერ მოხდება. გულდასაწყვეტი და ცუდია, რომ ამისკენ ნაბიჯი არ იდგმება. მეტიც, ხდება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წახალისება ფინანსურად, რომლებიც დაკავებულები არიან ძალადობით, შეურაცხყოფით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

გერმანია და ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარების მიზნით, ნაბიჯების გააქტიურებას გეგმავენ

ყაზახეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასტანაში მოლაპარაკებები გამართეს. იუწყება ყაზახური მედია. სახელმწიფოს მეთაურებმა ყაზახეთ-გერმანიის სტრატეგიული პარტნიორობის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. „იმედით ვარ სავსე და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩემი მომავალი ვიზიტისადმი გერმანიაში, სექტემბერში. ასევე ძალიან ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას ეწვიოთ მანგისტაუს რეგიონს. ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი მიღწევების მაჩვენებელი ბიზნესში და ზოგადად, პარტნიორობაში. როგორც მივხვდი, თქვენც აპირებთ საზღვაო პორტის მონახულებას“, - მიმართა თოყაევმა შტაინამიერს. ცნობისთვის, ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ, შტაინმაიერი 21-23 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვევა. მანამდე, თოყაევთან შეხვედრისას აღინიშნა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების ფარგლებში ურთიერთქმედების გააქტიურების მნიშვნელობა. ასევე, ხაზი გაუსვეს ნავთობისა და გაზის, მწვანე ენერგიისა და მრეწველობის სფეროში ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს. შუა დერეფანი - გერმანიის პოზიცია „შესაძლებლობები განსაკუთრებით ახლა ჩნდება. ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას და არა ჩრდილოეთის დერეფანზე, რომელიც რუსეთში მიდის“. შავი ზღვის კაბელის პროექტი მხოლოდ ტრანსპორტს არ ეხება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ არის სხვა ბიზნესები, სხვა სერვისები. ეს პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ. თქვენ შეგიძლიათ, აწარმოოთ განახლებადი ენერგია და გამოგვიგზავნოთ შავი ზღვის კაბელის პროექტის საშუალებით, ჩვენ მას თქვენგან შევიძენთ. შავი ზღვის კაბელების პროექტი არის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი იმ უდიდესი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც საქართველოს აქვს. ამ შესაძლებლობების გამოყენება მას არამხოლოდ თავისთვის შეუძლია, არამედ, ეს შეიძლება, მთელ რეგიონზეც გავრცელდეს“, - ეს განცხადება გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა Europetime-თან ინტერვიუში გააკეთა.  მან ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მნიშვნელობას. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ  გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - განუცხადა გერმანიის ელჩმა Europertime-ს. ასევე წაიკითხეთ: აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს - ექსკლუზივი (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.  

თავი არ უნდა დავხაროთ, ჩვენს პარტნიორებზე როცა ვსაუბრობთ, სიმართლე უნდა ვუთხრათ მათაც - კალაძე

თუნდაც, ჩვენს მეგობრებს, როდესაც აქვთ მცდელობა, თვალებში ნაცარი შეგვაყარონ, ჩვენ თავი არ უნდა დავხაროთ, ნაცარი არ უნდა შეაყრევინო არავის თვალებში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობა არ უნდა ხდებოდეს. არ უნდა ხდებოდეს ძალადობის წახალისება. გუშინ მაგალითი მოვიყვანე, როდესაც პოლიციელს მაგალითად „მოლოტოვოს კოქტეილს“ ესვრი, გაქვს მცდელობა, ცოცხლად დაწვა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები გამოდიან და აქვთ მცდელობა, რომ გმირად შერაცხონ ეს ადამიანი, ეს ძალიან დამაზიანებელია და ძალიან ცუდია. ძალადობას ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ. როდესაც აქვთ მცდელობა, თუნდაც, ჩვენს მეგობრებს, თვალებში ნაცარი შეგვაყარონ, ჩვენ თავი არ უნდა დავხაროთ, ნაცარი არ უნდა შეაყრევინო არავის თვალებში. როდესაც გეუბნებიან თეთრზე შავიაო, არ უნდა მისცე ამის საშუალება და ამის უფლება, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებზე, ჩვენს პარტნიორებზე, რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა ვუთხრათ მათაც“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.