ძებნის რეზულტატი:

ომარ მხეიძე გარდაიცვალა

88 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ომარ მხეიძის ოჯახის წევრები ადასტურებენ. ომარ მხეიძე ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში 1935 წლის 25 აპრილს დაიბადა. 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი, 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე, სადაც 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე; იყო კინოკომპანია „ჯიმ შვანთეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1984-1989 წლებში იყო თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი, ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კათედრის კონსულტანტი. ომარ მხეიძეს ანსამბლთან ერთად გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს 87 ქვეყანაში. მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის: „წლის ადამიანი“, „ქართული კულტურის ამაგდარი“, „ქართული კულტურის რაინდი“, საპატიო სიგელი „სახალხო სიყვარული“, „საუკუნის მოცეკვავე“ „ხელოვნების ქურუმი“. პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით, ფონდმა „ქართული გალობა“ 2016 წლის 8 ივნისს ქართული ხალხური ცეკვის პოპულაპიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიანიჭა „ღვაწლმოსილი მოცეკვავის“ წოდება. მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2015 წელს – საპატიო ბათუმელი; 2012 წელს – საქართველოს ეროვნული პრემია; 2000 წელს – თბილისის საპატიო მოქალაქე; 1996 წელს – ქართული ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის ღირსების ორდენი; 1971 წელს – საქართველოს სახალხო არტისტი; 1963 წელს – საქართველოს დამსახურებული არტისტი; ქუთაისის საპატიო მოქალაქე. 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.  

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ყირიმის ხიდზე: ყველა დეტალი გამარჯვების შემდეგ გასაჯაროვდება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის ხიდზე აფეთქების ორგანიზების ყველა დეტალს გამარჯვების შემდეგ გამოავლენენ. „მედიის მრავალი თხოვნის გათვალისწინებით, ყირიმის ხიდზე მორიგი ინციდენტის შესახებ გაცნობებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აუცილებლად გამოავლენს ყველა დეტალს „ბავოვნას“ ორგანიზების შესახებ ჩვენი გამარჯვების შემდეგ“, - განუცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, არტემ დეხტიარენკომ Ukrinform-ს. ის ამბობს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ინტერესით ადევნებს თვალს, თუ როგორ ვერ გაუძლო კიდევ ერთხელ სამხედრო დატვირთვას პუტინის რეჟიმის ერთ-ერთმა სიმბოლომ. პოდოლიაკი ოკუპირებული ყირიმის ხიდზე: ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია ხანმოკლეა  

ჩინეთში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა - 52.2 გრადუსი დაფიქსირდა

ჩინეთში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა 52.2 გრადუსი დაფიქსირდა. ჩინეთის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სინძიანის რეგიონის სოფელ სანბაოს მეტეოროლოგიურმა სადგურმა 16 ივლისს 19:00 საათზე ტემპერატურის პიკი - 52,2 გრადუსი დააფიქსირა. წინა რეკორდი 2017 წლის ივლისში (50.6C დაფიქსირდა). შეგახსენებთ, რომ ევროპაშიც ძლიერი სიცხე ფიქსირდება. მაგალითად, ათენში აკროპოლისი დაიკეტა. იტალიაში კი, განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა.  

ნავთობკომპანია SLB რუსეთში ექსპორტს აჩერებს

აშშ-ის ნავთობსაბადოების მომსახურე ამერიკულმა კომპანიამ SLB (Schlumberger) რუსეთში ტექნიკისა და აღჭურვილობის ექსპორტის სრული შეწყვეტის შესახებ განაცხადა. მსოფლიოს ყველა საწარმოდან რუსეთში პროდუქციისა და ტექნოლოგიების მიწოდების შეწყვეტა საერთაშორისო სანქციების მიმდინარე გაფართოების საპასუხოდ გამოცხადდა. SLB-მ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთში ინვესტირება გასული წლის მარტში შეაჩერა.  დროთა განმავლობაში კომპანიამ შეზღუდვები გააფართოვა.

ერდოღანის თქმით, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ

„ჩვენ განვიხილავთ „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებას რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. მე ვიცი, რომ პუტინს სურს, გაახანგრძლივოს შეთანხმება", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის წინ განაცხადა. „ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს რუს კოლეგასთან. მე თვითონ, როგორც კი [სპარსეთის ყურის ქვეყნებში] ვიზიტიდან დავბრუნდები, გავმართავ მოლაპარაკებებს ბატონ პუტინთან. როცა აგვისტოში პირადად შევხვდებით, ასევე განვიხილავთ ამ თემას. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ მოვიქცეთ რუსული სურსათის ექსპორტისთვის დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ერდოღანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის წინ გამართულ ბრიფინგზე. ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლოა „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლი აცხადებს, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია  

სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი კონგრესს წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაუდასტურა. „ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ანგარიში წარდგენილია კონგრესში, მაგრამ ზოგადად, ჩვენ არ განვიხილავთ კონგრესთან ჩვენი კომუნიკაციის დეტალებს. შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია შავ ზღვას განიხილავს ადგილად, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, ურთიერთდაკავშირებული და ტერიტორიული მთლიანობისადმი რაიმე საფრთხეებისგან, ეკონომიკური ზეწოლისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალი სივრცე. სტრატეგია მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ჩვენს მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს.  როგორ ურთიერთობს სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესთან კონსტიტუცია უფლებას აძლევს კონგრესს, რომ ზედამხედველობა გაუწიოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, თუმცა კონგრესი ამ პოლიტიკას არ აყალიბებს. სახელმწიფო მდივანი კონგრესთან დეპარტამენტის ურთიერთობში მთავარი წარმომადგენელია. საკანონმდებლო საქმეთა ბიურო მხარს უჭერს სახელმწიფო მდივანს საიმისოდ, რომ ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საკანონმდებლო პროცესში აისახოს. ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სენატორ შაჰინის და მისი კოლეგების მიერ სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, სენატორი შაჰინი დაინტერესდა, რა ეტაპზეა სტრატეგიის შემუშავება და როგორ დაეხმარება ის შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის. შესაბამისი შეკითხვით მან სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს მიმართა. ბლინკენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია სავარაუდოდ, ივნისისთვის იქნებოდა მზად. „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას. ხსენებულ საკითხზე Europetime-თან არაერთხელ ისაუბრეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ასევე სხვა მაღალჩინოსნებმა. ასევე წაიკითხეთ: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება         კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი  

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირი არგენტინიდან გაზის იმპორტს განიხილავს

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირი არგენტინიდან გაზის შესაძლო იმპორტს განიხილავს. სააგენტოს თანახმად, მხარეები აპირებენ, ხელი მოაწერონ ურთიერთგაგების მემორანდუმს. დოკუმენტის ზოგიერთი პუნქტი, შესაძლოა, გამოქვეყნებამდე შეიცვალოს. განახლებადი  

საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებმა „შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

უზბეკეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს და მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, საქართველო უზბეკეთის რესპუბლიკას მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობით და მიესალმება უზბეკ ინვესტორებს საქართველოში. მხარეებმა გამოთქვეს ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის ხელის შეწყობის მზადყოფნა. პირისპირ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, „შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. განიხილეს საქართველოს რეფორმების გაზიარების კუთხით არსებული თანამშრომლობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზად არის, გააგრძელოს შემდგომი თანამშრომლობა უზბეკეთის რესპუბლიკასთან რეფორმების სფეროში გამოცდილების გაცვლის კუთხით. „მივესალმები ჩემს ძვირფას კოლეგას, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ბატონ აბდულა არიპოვს. მე მოხარული ვარ, ვუმანსპინძლო ჩემს კოლეგას თბილისში. მე მქონდა წარმატებული ვიზიტი უზბეკეთში. მახსოვს ჩემი კოლეგის ძალიან გულთბილი დახვედრა და მოხარული ვარ, რომ მისი საპასუხო ვიზიტი შედგა საქართველოში. მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემს ძვირფას კოლეგას, ბატონ პრემიერს, რომ ძალზე ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები მუდმივად ვითარდება და უზბეკეთის პრემიერის დღევანდელი ვიზიტიც ამის დადასტურებაა. მე ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით მივულოცო პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს არჩევნებში გამარჯვება, ვუსრვებ წარმატებებს უზბეკეთს და უზბეკ ხალხს. ბატონო პრემიერო, ჩვენი ურთიერთოებები ყველა მიმართულებით ვითარდება; სწორედ ამაზე გვექნება დღეს საუბარი გაფართოებულ შეხვედაზეც და დღეს ასევე ხელს მოვაწერთ ძალზე მნიშნველოვან მემორანდუმს - უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების სამოქმედო გეგმას, საგზაო რუკას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ქვეყნებს შორის დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტისას. „მოგესალმებით, ბატონო ირაკლი! გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ თქვენდამი და ყველა ჩვენი ქართველი მეგობრისადმი ასეთი მეგობრული მიღებისთვის. საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან ვიგრძენით ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და გულწრფელი პატივისცემა. ეს ვიზიტი პირველია უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის რანგში. ამავდროულად, დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ჩვენს დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტისას“, - განაცხადა აბდულა არიპოვმა.  

ირანის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, თეირანი და რუსეთი ელექტროენერგიას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით გაცვლიან

ირანის ენერგეტიკის მინისტრმა, ალი აქბარ მეჰრაბიანმა განაცხადა, რომ ირანი და რუსეთი ელექტროენერგიას სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით გაცვლიან, იუწყება სომხური მედია ირანულ სააგენტოზე დაყრდნობით. „რუსეთთან ელექტროენერგიის გაცვლისთვის ჩვენ გამოვიყენეთ ორი მარშრუტი - აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთი-საქართველო და ვართ საბოლოო მოლაპარაკებებისა და განხორციელების პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა. ირანის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანს სურს ელექტროენერგიის გაცვლა ზოგიერთ მეზობელთან გადახდის გარეშე. „მალე ჩვენ დავიწყებთ ელექტროენერგიის გაცვლას რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით. ასევე დღის წესრიგშია რუსეთის ელექტრო ქსელთან დაკავშირება სომხეთისა და საქართველოს გავლით“, - განაცხადა მეჰრაბიანმა. მანამდე სომხეთის ტერიტორიული მართვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, გნელ სანოსიანმა და ირანის ენერგეტიკის მინისტრმა, ალი აქბარ მეჰრაბიანმა თეირანში მესამე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულებაზე ისაუბრეს. პროექტი გაზრდის ბარტერის მოცულობას, რომლის მეშვეობითაც ერევანი იღებს ირანულ გაზს და სანაცვლოდ, ელექტროენერგიას აწვდის.  ამასთან, დაკავშირებით, საქართველოს პოზიცია არ გავრცელებულა. ინფორმაციისთვის, 2015 წლის დეკემბერში, სომხეთი, ირანი, საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ელექტროსისტემის განვითარებაზე იმუშაონ, ოთხ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მაშინ სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი, ერვანდ ზახარიანი, მისი იმჟამინდელი ქართველი კოლეგა, კახა კალაძე და ირანელი კოლეგა, ჰამიდ ჩიტჩიანი, ასევე რუსეთის ენერგეტიკული ქსელების ოპერატორი კომპანიის „როსსეტის“ ხელმძღვანელი, ოლეგ ბუდარგინი ერთმანეთს 23 დეკემბერს ერევანში შეხვდნენ. მხარეებმა „ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ოთხი ქვეყნის ელექტროსისტემის სინქრონული მუშაობის მიზნით ტექნიკური და საკანონდებლო ჩარჩოს შესწავლაში თანამშრომლობას მოიცავდა. „როსეტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ოლეგ ბუდარგინი აცხადებდა, რომ „ენერგო დერეფანი, რუსეთი–საქართველო–სომხეთი–ირანი, სტრატეგიული მარშრუტი იქნებოდა მონაწილე ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გადაცემისთვის“ და ხელმოწერილი მემორანდუმის განხორციელება „კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ინტეგრაციული პროცესების განვითარებისთვის.“ „მე ვფიქრობ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა“, – აღნიშნა საქართველოს იმჟამინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 2015 წლის 23 დეკემბერს.   

უკრაინამ ელექტროენერგიის იმპორტი პოლონეთიდან სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზით, პირველად განახორციელა

პირველად უკრაინამ ელექტროენერგიის იმპორტი პოლონეთიდან სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზით განახორციელა, რომლის მოდერნიზება Ukrenergo-მ მოახდინა და ქსელში 2023 წლის მაისში ჩართო. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურმა განაცხადა. „16 ივლისს პირველად განხორციელდა ელექტროენერგიის იმპორტი პოლონეთიდან უკრაინაში სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზით, რომლის მოდერნიზება „უკრენერგომ“ წარმატებით მოახდინა. ენერგოსისტემამ მიიღო დამატებითი 800 მეგავატი სიმძლავრე 20:00 საათიდან 23 საათამდე, ყველაზე მაღალი მოხმარების პერიოდში“, - ნათქვამია განცხადებაში.  

რუსული მედიის ცნობიუთ, „სუ-25“ აზოვის ზღვაში ჩავარდა

კრასნოდარის მხარის იეისკის რაიონში აზოვის ზღვაში „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩავარდა. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი განცხადებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  

ზურაბ აბდუშელიშვილი უზბეკეთის პრემიერის ვიზიტზე: ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა

ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შარშან იმყოფებოდა და დღეს საპასუხო ვიზიტი შედგა. ამის შესახებ უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ აბდუშელიშვილმა განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოსთან მიმართებაში „შუა დერეფანმა“, უზბეკები მზად არიან განახორციელონ საინვესტიციო პაკეტები, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს საკმაოდ მაღალ დონეზე წევს. „მიმდინარე წლებში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან განვითარდა უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა. დღეს ვიზიტით საქართველოში იმყოფება უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი დიდი ეკონომიკური ჯგუფის შემადგენლობით. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ბოლო დროს საქართველოსთან მიმართებაში „შუა დერეფნის“ აქტუალურობამ. მზად არიან განახორციელონ საინვესტიციო პაკეტები, ეს იქნება ტექსტილის წარმოება, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბების შექმნა, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს საკმაოდ მაღალ დონეზე წევს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც, ამ ორ ქვეყანას შორის, უზბეკეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და საერთოდ, მეგობრული ურთიერთობები გამოიწვევს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ზრდას, ტურიზმის სფეროში ძალიან დიდი დინებებია, ტურისტული, უზბეკეთის მხრიდან. მისასალმებელია, რადგან ბოლო 20-25 წლის განმავლობაში და მეტიც, შეიძლება ითქვას, ესეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში არ განხორციელებულა. ეს გახლავთ საპასუხო ვიზიტი. შარშან, როგორც იცით, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ უზბეკეთის რესპუბლიკაში. იქვე გაიმართა წინასწარი შეთანხმებები ეკონომიკური ბლოკის მიმართებაში, პოლიტიკური ბლოკის მიმართებაში და დღეს დღეისობით, ბატონი არიპოვი საქართველოში იმყოფება საპასუხო ვიზიტით. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საკმაოდ დიდ ძვრას გამოიწვევს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ვითარებაში,“- განაცხადა ზურა აბდუშელიშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, აბდულა არიპოვს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები, დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების არსებობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღნიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთის რესპუბლიკა სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის კიდევ მეტი პოტენციალი არსებობს. ისაუბრეს უზბეკეთის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას. ხელი მოეწერა ასევე ხელშეკრულებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან კი უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე დავრონ ვახაბოვმა.  

დიდმა ბრიტანეთმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მდებარე ბავშვთა საერთაშორისო ცენტრ „არტეკსა“ და კიდევ რუსეთის 13 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. უკრაინული მედიის ცნობით, კერძოდ, სიაში შედიან რუსეთის კულტურისა და განათლების მინისტრები, ოლგა ლიუბიმოვა და სერგეი კრავცოვი და ჟურნალისტი ანტონ კრასოვსკი, რომლებიც რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ბავშვების „იძულებით დეპორტაციას“ მხარს უჭერდნენ. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები რუსეთის ათასზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დააწესა. სასანქციო სიაში არიან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.  

პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქეა დაკავებული

პოლონეთის ქალაქ ბიტომში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. რადი თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ პოლონეთში საქართველოს საელჩოში ოფიციალური შეტყობინება შესულია. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები. ადგილობრივმა მედიამ 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია ბიტომის ქალაქის პარკში არსებულ აუზზე მომხდარ ინციდენტზე. მოგვიანებით ქალაქის მერიამ განცხადება გაავრცელა საქართველოს 4 მოქალაქის დაკავების შესახებ. ბიტომის მერიის თანახმად, ღია საცურაო აუზის დაცვის თანამშრომლებმა ორი შეტყობინება მიიღეს ორი ბიჭისგან და ერთი გოგოს დედისგან. გოგომ დედას უამბო, რომ მას დაახლოებით 50 წლის კაცი ავიწროებდა. მსგავსი შეტყობინება მიიღო აუზის დაცვის სამსახურმა ორი ბიჭისგანაც. აუზის დაცვის თანამშრომლებმა კაცი და მისი თანმხლები სამი ადამიანი დააკავეს და პოლიციას შეატყობინეს. ბიტომის მერიის განცხადებით, მათი დაკავების შემდეგ, სანამ ადგილზე პოლიცია მივიდოდა, მომხდარის გასაპროტესტებლად შეგროვდა ხალხის დიდი რაოდენობა. ისინი ეჭვმიტანილების დასჯას მოითხოვდნენ. პოლიციას მათთან გასამკლავებლად ფარებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა. 18 დან 55 წლამდე ასაკის ოთხივე დაკავებული კაცი საქართველოს მოქალაქეა. პოლიციამ ამოიღო ვიდეოჩანაწერები და მიმდინარეობს გამოძიება. პოლონური მედიის ცნობით, დაკავებულებს ბრალს დღეს, 17 ივლისს, წარუდგენენ.  

კიევის დარნიცის რაიონში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

17 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით კიევის დარნიცის რაიონში ქალაქის თავდაცვის ძალების სამხედრო წვრთნები ჩატარდება. კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ კიევის მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკაონ ტყეების მონახულებისგან ამ პერიოდში და შეახსენა, რომ კატეგორიულად აკრძალულია სამხედრო და ტექნიკის გადაადგილების ვიდეო და ფოტო მასალების გადაღება და გამოქვეყნება.  

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა „მარცვლეულის შეთანხმებას“ რუსეთის გარეშე გააგრძელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შავი ზღვის დერეფანმა რუსეთის ფედერაციის გარეშეც შეძლოს მუშაობა. ზელენსკის თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა გაეროს და თურქეთის ხელისუფლებას უკრაინის ინიციატივის გაგრძელების შესახებ. „რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ გვაქვს კავშირი გემების მფლობელებთან და თუ თურქეთი გაატარებს, ისინი მზად არიან, გააგრძელონ მარცვლეულის მიწოდება,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მარცვლეულთან დაკავშირებით ორი შეთანხმება არსებობდა - უკრაინა, თურქეთი, გაერო და რუსეთი, თურქეთი, გაერო და ამ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი ანტონიუ გუტერიშთან და პრეზიდენტ ერდოღანთან დადებულ პირობას არღვევს. ცნობისთვის, ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.  

USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი სამანტა პაუერი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. USAID-ის ხელმძღვანელი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება  და რათა უკრაინასთან მიმდინარე პარტნიორობას განიხილავს. „კარგია უკრაინაში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ხალხი პუტინის სისასტიკეს ებრძვის, ისინი მომავლისკენ იყურებიან -ქვეყანას გარდაქმნიან და აღადგენენ. თვალი ადევნეთ მომდევნო რამდენიმე დღეში, რათა ნახოთ, როგორ თანამშრომლობს აშშ მათთან, მომავლის ასაშენებლად,“ - დაწერა პაუერმა. მოსალოდნელია, რომ პაუერი შეხვდება უკრაინელ ფერმერებს, კერძო სექტორის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, ენერგეტიკის მუშაკებს, ახალგაზრდებს, სასწრაფო დახმარების ჯგუფებს და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალებს. აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში, სამანტა პაუერი USAID-ის ხელმძღვანელად ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2021 წლის 3 მაისს დაინიშნა.  

მეგის ქარდავა „ციხის ბუნტის საქმეზე" სააპელაციო სასამართლომაც გაამტყუნა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ მეგის ქარდავას სააპელაციო საჩივარი და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ პროკურატურა იუწყება მათივე ცნობით, სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ რამდენიმე მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შელახვით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიების თანახმად, მსჯავრდებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა მათი დაწესებულების ეზოში გაყვანის შემდგომაც. ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, პატიმართა ბუნტი და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. „სასამართლომ მ.ქ.-ს, პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით, სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი მ.ქ. არაერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა მიმალვაში და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო ძებნა. საბოლოოდ, 2021 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოში მსჯავრდებულის ექსტრადირება განხორციელდა. მ.ქ.-ს მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში”, - ნათქვამია ინფორმაციაში. მეგის ქარდავას წინააღმდეგ საქართველოში 11 საქმეა აღძრული, მათგან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით. მოსამართლემ მას "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

რა დოკუმენტები გაფორმდა უზბეკეთის პრემიერის საქართველოში ვიზიტის დროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, აბდულა არიპოვს შორის 17 ივლისს გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები, დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების არსებობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ზურაბ აბდუშელიშვილი უზბეკეთის პრემიერის ვიზიტზე: ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღნიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთის რესპუბლიკა სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის კიდევ მეტი პოტენციალი არსებობს. ისაუბრეს უზბეკეთის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას. ხელი მოეწერა ასევე ხელშეკრულებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, უზბეკეთის რესპუბლიკის მხრიდან კი უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე დავრონ ვახაბოვმა.  

მედიის ცნობით, სტამბოლში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე დააკავეს

მედიის ცნობით, სტამბოლის პოლიციამ „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი“ გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად კვეჟოევიჩი, რომელიც რუსეთმა ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა. სომხური და აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, ამის შესახებ სტამბოლის უსაფრთხოების დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. რუსეთის ფედერაციაში მრავალი დანაშაულის, მათ შორის მკვლელობების ბრალდებით, ის ინტერპოლის მიერ ძებნაში გამოცხადდა. 2020 წლიდან ჩიხლაძე თურქეთში იმყოფება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის 15 ივლისს დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.