ძებნის რეზულტატი:
რუსი მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართავს
რუსმა მწერალმა, პუბლიცისტმა და სატირიკოსმა ვიქტორ შენდეროვიჩმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სამართლებრივი დავა მან საქართველოში არშემოშვების გამო დაიწყო. რუსი მწერლის ადვოკატის, მარია არხიპოვას განცხადებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მანამდე ბევრჯერ იმყოფებოდა საქართველოში და ასევე, ის ფაქტიც, რომ დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთები უკვე გაყიდული იყო. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზეზების ახსნის გარეშე არ შემომიშვა ქვეყანაში, რის გამოც თბილისსა და ბათუმში ჩემი ორი გამოსვლა ჩაიშალა. გადავწყვიტე, რომ ამ შეცდომის გამოსასწორებლად პატივცემულ საქართველოს სახელმწიფოს მეორე შანსი მივცე - და შევიტანე სარჩელი“, - განაცხადა სოციალურ ქსელების მეშვეობით ვიქტორ შენდეროვიჩმა. შენდეროვიჩი პირველ ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო კონტროლის ზონიდან უკან დააბრუნეს, ისრაელის რეისით, საიდანაც ის საქართველოში ჩამოფრინდა. ვიკტორ შენდეროვიჩი, რომელიც იქამდე საქართველოში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა, რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ არის აღიარებული. მწერალი რუსეთში აღარ ცხოვრობს. ის ქვეყნიდან წასვლას ევგენი პრიგოჟინის დევნით ხსნიდა. შენდეროვიჩმა პრიგოჟინს პირდაპირ ეთერში „სისხლის სამართლის დამნაშავე“ და „მკვლელი“ უწოდა. გასული წლის 24 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ შენდეროვიჩს ევგენი პრიგოჟინის (კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაური) სასარგებლოდ, რადიოსადგურ „ეხო მოსკვიში“ მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო, 100 000 რუბლის გადახდა დააკისრა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: სტრატეგიის თანახმად, აშშ შავი ზღვის რეგიონს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რაიმე საფრთხეებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალ სივრცედ განიხილავს
სტრატეგიის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რაიმე საფრთხეებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალ სივრცედ განიხილავს. ამასთან, სტრატეგიის მიხედვით, აშშ შავი ზღვის რეგიონს უსაფრთხო, წარმატებულ და ეკონომიკური ზეწოლისგან თავისუფალ ადგილად მოიაზრებს. როგორც Europetime-სთვის არის ცნობილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ხსენებული სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი კონგრესს უკვე წარუდგინა. აშშ-ის კონსტიტუცია უფლებას აძლევს კონგრესს, რომ ზედამხედველობა გაუწიოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, თუმცა კონგრესი ამ პოლიტიკას არ აყალიბებს. სახელმწიფო მდივანი კონგრესთან დეპარტამენტის ურთიერთობში მთავარი წარმომადგენელია. საკანონმდებლო საქმეთა ბიურო მხარს უჭერს სახელმწიფო მდივანს საიმისოდ, რომ ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საკანონმდებლო პროცესში აისახოს. „როგორც წესი, ჩვენ არ განვიხილავთ კონგრესთან ჩვენი კომუნიკაციის დეტალებს“, - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. რაც შეეხება სტრატეგიას, ის მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. „შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ჩვენს მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს. ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სენატორ შაჰინის და მისი კოლეგების მიერ სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, სენატორი შაჰინი დაინტერესდა, რა ეტაპზეა სტრატეგიის შემუშავება და როგორ დაეხმარება ის შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის. შესაბამისი შეკითხვით მან სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს მიმართა. ბლინკენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია სავარაუდოდ, ივნისისთვის იქნებოდა მზად. „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას. ხსენებულ საკითხზე Europetime-თან არაერთხელ ისაუბრეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ასევე სხვა მაღალჩინოსნებმა. ასევე წაიკითხეთ: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი
Credit Suisse-ის „კოლაფსის“ შესახებ გამოძიების შედეგები შვეიცარიის პარლამენტში 50 წლით იქნება გასაიდუმლოებული
Credit Suisse-ის ბანკის დაშლის ფაქტზე, საპარლამენტო კომისიის გამოძიების შედეგები 50 წლით იქნება გასაიდუმლოებული, რაც ჩვეულებრივ პერიოდზე მეტია. ამის შესახებ Reuters-ი კომისიის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. პარლამენტი კრიზისის პირობებში მთავრობის, ფინანსური მარეგულირებლისა და ცენტრალური ბანკის ქმედებებს შეისწავლის. ინფორმაციის გამჟღავნება აკრძალულია. შვეიცარიის პარლამენტმა Reuters-თან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. სააგენტო წერს, რომ შვეიცარიის თანამედროვე ისტორიაში ეს მეხუთე მსგავსი გამოძიებაა. კომისიას აქვს ფართო უფლებამოსილება,მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებებს მიმართოს. კომისიის პირველი სხდომა 13 ივლისს გაიმართა და ხაზგასმით აღინიშნა გამოძიების კონფიდენციალურობა, მათ შორის ბანკის წარმომადგენლებთან გასაუბრების შინაარსი. კონფიდენციალურობის დარღვევა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. UBS-მა და Credit Suisse-მა გაერთიანების შესახებ 2023 წლის 19 მარტს გამოაცხადეს. გარიგების დროს Credit Suisse-ი 3,2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. 12 ივნისს UBS-მა Credit Suisse-ის შესყიდვის გარიგების დასრულების შესახებ გამოაცხადა. Credit Suisse-ს სერიოზული პრობლემები შეექმნა გარიგების დაწყებამდე, მისი აქციები რეკორდულად დაეცა მას შემდეგ, რაც წინა ორი წლის განმავლობაში ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნებაში "მატერიალური ხარვეზები" აღიარა. გარიგების დაწყებამდე Credit Suisse-მა შვეიცარიის ცენტრალური ბანკისგან 54 მილიარდი დოლარის აღება გადაწყვიტა.
თავდაცვის მინისტრი: ბოლო დეკადების განმავლობაში არ ყოფილა არცერთი წელი, როდესაც შეიარაღების შეძენის მიმართულებით, ასეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდო
თავდაცვის მინისტრმა ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლებისა და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და გეგმებზე ისაუბრა. „ასეთი მასიური და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის, რაც ჩვენ დავდეთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, აქამდე არ ყოფილა,“ - ამბობს ბურჭულაძე. „ჩვენ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ არ ყოფილა არცერთი წელი, ბოლო დეკადების განმავლობაში, როდესაც დაიდო ასეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები შეიარაღების შეძენის მიმართულებით. იცით, რომ „რაფაელის“ საზენიტო სისტემებს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 2021 წელს და მიმდინარე წელს მივიღებთ. ასევე, შევიძინეთ ახალი სისტემები, რომელითაც ჩვენ დავფარავთ ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს და ყველა დიდ ქალაქს,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს არსებული სისტემების განახლების შესახებაც. თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე თვეში შვედეთში განხორციელებული ვიზიტის შედეგებზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებში უწყების ხელმძღვანელმა ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელ ცნობილ მაღალტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელთან, SAAB-ის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა. „ჩვენ ასევე შევიძინეთ ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები და დავდეთ ხელშეკრულებები. მე გახლდით შვედეთში, სადაც გავეცანი კომპანია SAAB-ს, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელი ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების. ჩვენ მათთანაც გვაქვს ხელშეკრულება დადებული და წელს რაც ხელშეკრულებები დაიდო, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიიღებს თავდაცის სამინისტრო,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ „იმედთან.“ როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე ხელშეკრულებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააჟღერებს.
ჩინეთის საგარეო უწყება პასუხობს შეკითხვას, რატომ არ გამოჩენილა მინისტრი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ
CNN-ის თანახმად, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი სამი კვირის განმავლობაში საჯაროდ არ გამოჩენილა საზოგადოებაში, რაც დატვირთული დიპლომატიური საქმიანობის პერიოდის განმავლობაში უჩვეულო ფაქტია. CNN წერს, რომ მომხდარმა გამოიწვია ინტენსიური სპეკულაციები ქვეყანაში, რომელიც თავისი პოლიტიკური გაუმჭვირვალობით არის ცნობილი. დიპლომატი საჯაროდ არ გამოჩენილა 25 ივნისის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ის პეკინში შეხვდა შრი-ლანკის, ვიეტნამის და რუსეთის ოფიციალურ პირებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო მაშიინ პეკინშ, ჩინელ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად, რუსეთში „ვაგნერის“ ხანმოკლე აჯანყების შემდეგ ჩაფრინდა. როდესაც შესახებ ორშაბათს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს შეკითხვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, თქვა, რომ „არანაირი ინფორმაცია არ აქვს“ და რომ ჩინეთის დიპლომატიური საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ცინ განი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, ჯოზეფ ბორელს ამ თვის დასაწყისში პეკინში უნდა შეხვედროდა, მაგრამ შეხვედრა გადაიდო მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ევროკავშირს აცნობა, რომ თარიღები შეიცვალა.
თავდაცვის მინისტრი: გეგმაში გვაქვს, რომ 2035 წლისთვის რეზერვში გვეყოლება 100 000 ადამიანი
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „თავდაცვის კოდექსზე“ მუშაობისას, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები განიხილებოდა. მისი განცხადებით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს ალტერნატივა, ბევრი მიზეზის გამო, არ აქვს. „ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის კარგად მომზადებული და დიდი რეზერვი აუცილებელია,“ - ამბობს ბურჭულაძე. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის რეზერვის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, ამ კონტექსტით სტრატეგია მეგობარ ქვეყნებთან ერთად შემუშავდა. „ეს სტრატეგია შექმნილია პარტნიორებთან ერთად, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და რიცხოვნობიდან გამომდინარე. ეს კომპლექსური და მოცულობითი საკითხია. ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ 2035 წლისთვის რეზერვში გვეყოლება ასი ათასი ადამიანი, ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამ შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი მეთოდი, იქნება წვევამდელთა სამსახური, ასევე ნებაყოფლობითი სხვა სამსახურები,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიხედვით, უწყებას ახალი სპეცწოდების თანამშრომლის მიღების, ან სპეციალური წოდების მომატების უფლება აღარ ექნება. თავდაცვის მინისტრი: ბოლო დეკადების განმავლობაში არ ყოფილა არცერთი წელი, როდესაც შეიარაღების შეძენის მიმართულებით, ასეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდო „ჩვენ აღარ გვექნება უფლება, რომ მივიღოთ ახალი სპეცწოდების თანამშრომელი ან მოვუმატოთ სპეცწოდება, რომელიც აქვს მინიჭებული პირს, რომელიც მსახურობს თავდაცვის სამინისტროში. „თავდაცვის კოდექსი“ ამ სიმახინჯეს ზღუდავს, არეგულირებს და ყველა ხარვეზს სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდავის სამინისტროს ცნობით.
აშშ უკრაინას $500 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს
შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 500 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ განაცხადა. USAID-ის ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა, რომელიც უკრაინაში იმყოფება, აღნიშნა, რომ დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელების გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყოფა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით დაზარალდნენ. ეს პაუერის მეორე ვიზიტია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. შეერთებული შტატები უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ აქტიურად ეხმარება. ვაშინგტონმა უდიდესი დახმარება გასწია სამხედრო, ჰუმანიტარულ და ენერგეტიკულ სფეროებში. ასევე, შეერთებული შტატები უკრაინას მუდმივად უწევს ფინანსურ დახმარებას.
ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ხელი მოაწერა
აზერბაიჯანი უკრაინას 7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. ამ მიზნით ენერგეტიკის სამინისტროსთვის თანხების გამოყოფის შესახებ ბრძანებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანი ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მრავალ ქვეყანას ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე. უკრაინაში ბოლო დროს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის სახელმწიფომ არაერთხელ გაუწია ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ენერგეტიკის სამინისტროს 2023 წლის აზერბაიჯანის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ელექტროტექნიკის შესაძენად და გადაზიდვისთვის გამოეყო 7,6 მილიონი დოლარი. ფინანსთა სამინისტროს ამ ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით დაფინანსება, მინისტრთა კაბინეტს კი, ამ ბრძანებიდან გამომდინარე საკითხების გადაწყვეტა დაევალა.
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით მოიერიშე თვითმფრინავებს გზავნის
Alarabiya-ს თანახმად, პენტაგონმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით მოიერიშე თვითმფრინავებს, მათ შორის F-35-ებს აგზავნის, რათა დაიცვას შეერთებული შტატების ინტერესები და უზრუნველყოს ნავიგაციის თავისუფლება. „ზოგიერთი [მოიერიშე თვითმფრინავი] გზაშია,“ - განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა. მისივე თქმით, მუდმივი საფრთხის ფონზე, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინაციით, პენტაგონი აშშ-ის წარმომადგენლობას და მონიტორინგის შესაძლებლობას ზრდის. მანვე განმარტა, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მედია გუშინ, 16 ივლისს წერდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში მართვადი რაკეტების გამანადგურებელს განათავსებდა. გასულ თვეში, სირიის ცაზე რუსეთის „სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევის“ საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში F-22 Raptors-ის ფლოტი გაგზავნა.
ბლინკენმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლას უგუნური გადაწყვეტილება უწოდა
აშშ-ის სახელმწიფო, მდივანმა ენტონი ბლინკენმა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას „არაკეთილსინდისიერი" უწოდა და განაცხადა, რომ შეთანხმება „რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს." ბლინკენი იმედოვნებს, რომ მომხდარს ყველა ქვეყანა ყურადღებით აკვირდება და ისინი დაინახავენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმაზე, რომ უარი ეთქვათ საკვებზე იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ მთელ მსოფლიოში. მისივე განმარტებით, სწორედ რუსეთი უწყობს ხელს ფასების ზრდას იმ დროს, როდესაც ბევრი ქვეყანა ძალინ მძიმე ინფლაციის წინაშეა. ბლინკენმა განმარტა რომ უკრაინელები, აშშ და სხვები მოიძიებენ გზებს, არის თუ არა „სხვა ვარიანტები“ მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანზიტისთვის შავი ზღვის გავლით, მაგალითად, როგორიცაა, სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტი, თუმცა ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ალტერნატივების პოვნის თვალსაზრისით გამოწვევები არსებობს. „გამოწვევა ასეთია: თუ რუსეთი დაასრულებს ამ ინიციატივას და აგზავნის მესიჯს, რომ მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტები უკრაინას შეუფერხებლად ვერ დატოვებს, თუნდაც სხვა ვარიანტები იყოს, ვფიქრობ, რომ ეს დიდ შემაძრწუნებელ ეფექტს მოიტანს - სხვა ქვეყნები, კომპანიები, გადამზიდავები და ა.შ. ძალიან შეშფოთებულნი იქნებიან იმით, თუ რა მოუვა მათ გემებს და მათ პერსონალს, თუ რუსეთი შეეწინააღმდეგება უკრაინიდან საკვები პროდუქტების ნებისმიერ ექსპორტს,“ - განაცხადა ბლინკენმა CNN-ის ცნობით. ცნობისთვის, ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.
ენტონი ბლინკენი: უკრაინას სრული უფლება აქვს, გადაწყვიტოს, როგორ აწარმოოს ომი, დაიცვას თავის ტერიტორია, ხალხი და თავისუფლება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკული მხარე ქერჩის ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ბლინკენის შეფასებით, უკრაინას თავისი ტერიტორიის და ადამიანების დაცვის ყველანაირი უფლება აქვს. „რაც შეეხება ყირიმის ხიდს, ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, ამასთან უკრაინას სრული უფლება აქვს, გადაწყვიტოს, როგორ აწარმოოს ომი, დაიცვას თავის ტერიტორია, თავისი ხალხი და თავისუფლება“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ბლინკენმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლას უგუნური გადაწყვეტილება უწოდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ყირიმის ხიდზე: ყველა დეტალი გამარჯვების შემდეგ გასაჯაროვდება
NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შესაძლოა, 3000 ჩეხი ჯარისკაცი განთავსდეს
ჩეხეთის ელჩმა NATO-ში, იაკუბ ლანდოვსკიმ განაცხადა, რომ ჩეხური დანაყოფი შესაძლოა, სლოვაკეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ან პოლონეთში განლაგდეს. ელჩმა ჩეხურ გამოცემა Lidové noviny-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ერთი ბრიგადა, დაახლოებით სამი ათასი ჯარისკაცი უნდა განათავსოს. „თმილიონიანი ქვეყნისთვის, როგორიცაა ჩეხეთი, ბრიგადა მინიმალურია," - განაცხადა ჩეხმა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ვილნიუსში NATO-ს სამიტზე მიიღეს. შეგახსენებთ, ვილნიუსში სამიტზე გადაწყდა, რომ ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალები 300 ათას ჯარისკაცამდე გაიზრდება. „ჩვენი თვალსაზრისით, მიზანშეწონილი იქნება ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ NATO-ს ჯარები ჩვენი ტერიტორიის გავლით, შესაბამისი აღჭურვილობით რეგულარულად გადაადგილდებიან აღმოსავლეთ ფლანგზე", - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.
ჯეიმს კლევერლი: ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღეს გაგრძელდეს
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ვერ დაუშვებს უკრაინაში მიმდინარე ომის გაჭიანურებას. მან მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. „ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღეს გაგრძელდეს. პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიანმა გეგმამ წინსვლის გზა აჩვენა. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ გვინდა მშვიდობა. მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა", - განაცხადა კლევერლიმ ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებას სურს და რუსეთმა ეს არჩევანი დღესვე უნდა გააკეთოს უკრაინიდან მთელი თავისი ჯარის გაყვანით. „ბატონო პუტინო, დააბრუნეთ თქვენი ჯარები შინ, დაასრულეთ ეს ომი ახლავე“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.
ვარშავის მახლობლად მდებარე აეროდრომზე თვითმფრინავი ანგარს დაეჯახა, დაიღუპა 5 ადამიანი
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავასთან ახლოს მდებარე აეროდრომზე მცირე ზომის თვითმფრინავი (Cessna 208) ანგარს დაეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი, მათ შორის პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პოლიციის ცნობით, სულ რვა ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ანგარში ცამეტი ადამიანი უამინდობას აფარებდა თავს. კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ, უამინდობა გახდა. სოფელი (Chrcynno) სადაც, ავიაკატასტროფა მოხდა, დედაქალაქ ვარშავიდან 47 კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივმა სახანძრო სამსახურმა დაადასტურა, რომ ინციდენტი აეროდრომზე მოხდა და გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც თვითმფრინავის კუდი ჩანს. ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა.
რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმზე დრონებით შეტევა განხორციელდა
რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე „ტერორისტულ შეტევაში“ უკრაინა დაადანაშაულა. ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა, სერგეი აქსიონოვმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ ოკუპირებული ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში დრონებით თავდასხმა მოხდა, 9 მათგანი ჩამოაგდეს, კიდევ 19 - რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს. „ღამით, ყირიმის აღმოსავლეთით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, კიდევ 19 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს“, - განაცხადა აქსიონოვმა. მისი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ყირიმზე წუხანდელი შეტევის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროც იუწყება. მისი ინფორმაციით, „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა 28 უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულის ობიექტებზე“. 17 ივლისს რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე შეტევა განხორციელდა „ორი უკრაინული, წყალზედა უპილოტო საფრენი აპარატით", დაიღუპა 2 ადამიანი, 1 დაშავდა და დაზიანდა ხიდის საავტომობილო ნაწილი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ტერორისტული აქტის" მუხლით. უკრაინულმა მედიამ უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ყირიმის ხიდზე შეტევა იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია, რომლის დროსაც „წყალზედა დრონები“ გამოიყენეს.
ლუკაშენკომ „სახალხო ლაშქარი“ შექმნა
ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკომ სახალხო მილიციის შექმნის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დაწესებულ სამხედრო მდგომარეობის უზრუნველყოფაში, ნებაყოფლობით მონაწილეობისთვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლების შექმნას ემსახურება. გაწერილია დამატებითი პირობები საკუთრების ნებისმიერი ფორმის ქონების დაცვისთვის. მინსკის გეგმების შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა გასული წლის მაისში გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამისთვის რესპუბლიკაში არის „ხალხიც, იარაღიც“ და რჩება საკითხის მხოლოდ საკანონმდებლო გადაწყვეტა. „ჩვენი სამშობლოს დამცველთა რიცხვი მრავალჯერ გაიზრდება“, - აღნიშნა მინისტრმა. ბელორუსში „სახალხო მილიცია“ საომარი მდგომარეობის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და სამართალდამცავ სტრუქტურებს დახმარებას გაუწევს. ხელისუფლება მის ჩამოყალიბებას „ამ რთულ დროს" ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უკავშირებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სახალხო მილიციის ქვედანაყოფები მოხალისეებს მიიღებენ „არასამხედრო მოსამსახურეების ან იმ მოქალაქეების რიგებიდან, რომლებიც სამხედრო სამსახურში მობილიზაციისას არ გამოუძახებიათ.“ იარაღსა და საბრძოლო მასალას თავდაცვის სამინისტრო გასცემს. სამხედრო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მოქალაქის სახალხო მილიციაში მოხალისედ ჩარიცხვა, „მობილიზაციაზე სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და სამსახურის შეწყვეტის მიზეზი“ არ გახდება.
NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში, ორმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა
NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების ორმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სიმულაციური სცენარის მიხედვით, სამხედრო პოლიციის ეკიპაჟების მიერ VIP პირის უსაფრთხო გადაადგილების მხარდაჭერის, ევაკუაციის, საეჭვო ავტომანქანის შეჩერებისა და დაკავების ოპერაცია განხორციელდა. ორკვირიან სწავლებას NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის წევრი ქვეყნებიდან მოვლენილი ცხრა ინსტრუქტორი უძღვებოდა. წვრთნები მიზნად ისახავდა NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის (NATO MNMPBAT) ბატალიონთან საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულების თავსებადობისა და მათი მზადყოფნის განსაზღვრას, NATO-ს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში გასაწევრიანებლად. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის პოლკოვნიკმა კახა პეტრიაშვილმა უცხოელ ინსტრუქტორებს მადლობის სიგელები გადასცა. დღეისათვის, სრულიად სერტიფიცირებულია სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ერთი ოცეული, რომელიც უკვე ჩართულია NATO-ს სამხედრო პოლიციის მულტინაციონალური ბატალიონის ყველა სწავლებაში.
თურქეთმა და საუდის არაბეთმა ინვესტიციების, თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში შეთანხმებები გააფორმეს
თურქეთმა და საუდის არაბეთმა ინვესტიციების, თავდაცვის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროში შეთანხმებები გააფორმეს. დოკუმენტები საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის ხელმძღვანელობით გამართული გაფართოებული შეხვედრების შემდეგ გაფორმდა. თურქეთის ლიდერი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში, საუდის არაბეთში ორშაბათს ჩავიდა.
ბაიდენი და ნეთანიაჰუ შეხვედრაზე შეთანხმდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერი, ბენიამი ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს წლის ბოლომდე შეხვდებიან. თეთრი სახლი სპიკერის თქმით, შეხვედრა სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართება. „ლიდერებმა შეთანხმებას სატელეფონო საუბრის დროს მიაღწიეს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ. მისი თქმით, შეხვედრის დეტალებზე ჯერ მუშაობა მიმდინარეობს და მისი გამართვის ადგილი დაზუსტებული არ არის. შეხვედრა ვაშინგტონში ან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უნდა შედგეს. კირბიმ განმარტა, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება, შეხვდეს ნეთანიაჰუს, არ ნიშნავს, რომ აშშ-ს ნაკლებად აშფოთებს სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები. ბაიდენი ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგს ამ კვირაში თეთრ სახლში უმასპინძლებს.
45 წლის განმავლობაში პირველად, მდინარე ჯამნა ტაჯ-მაჰალს ისევ საფრთხეს უქმნის
Times of India-ს ინფორმაციით, მდინარე ჯამნამ ქალაქ აგრაში ტაჯ-მაჰალის კედლებამდე მიაღწია. 45 წლის განმავლობაში პირველად, ძეგლის უკან მდებარე ბაღი წყალში ჩაძირა. არქეოლოგები აცხადებდნენ, რომ წყალს სარდაფამდე არ შეუღწევია, რასაც შეიძლებოდა, რომ ძეგლისთვის საშიშროება შეექმნა. 1978 წელს მდინარე ჯამნას წყალი მონუმენტის სარდაფის 22 ოთახში შევიდა. მოგვიანებით, მის შესასვლელთან ძეგლის დატბორვისგან დასაცავად კედლები აღმართეს, თუმცა ჯამნა აგრის სხვა არქიტექტურულ და ისტორიულ ძეგლებს საფრთხეს კვლავ უქმნის. მდინარე ჯამნაში წყლის დონე ამჟამად დასაშვებ ზღვარს აღემატება.