ძებნის რეზულტატი:
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით ჩადის
18-19 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს გამართავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ევროკომისართან სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან. „შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ისევე როგორც ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. ძირითადი აქცენტი გაკეთდება წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, ასევე საუბარი შეეხება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაკეთებულ ზეპირ ანგარიშზე, სადაც ასახულია საქართველოს პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, ასევე აღინიშნება ევროკომისიის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევასა და პროგრესს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კონტექსტში,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, შეხვედრების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირთან სექტორული დაახლოების პროცესს. ამასთან ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკაზე.
ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, ადვოკატები ინფორმაციას ავრცელებენ
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, ივანიშვილის ადვოკატები ინფორმაციას ავრცელებენ. იურიდიული კომპანია Metric-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, Credit Suisse,-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სამართლებრივი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს სრულ აქტივებზე წვდომა აღუდგებათ. „დაინტერესებულ პირებს/საზოგადოებას დავპირდით ინფორმაციით უზრუნველყოფას ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse საქმეებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაგაცნობთ მოცემული მომენტისთვის არსებულ მდგომარეობას. ბერმუდაში მიმდინარე სამოქალაქო საქმე ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის (მოსარჩელეები) სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა. სინგაპურში მიმდინარე სამოქალაქო დავა სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. უკანონო/დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი აქტივები სხვადასხვა იურისდიქციაში მიმდინარე სასამართლო საქმეებთან მიმართებით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საქმის განხილვის ვადებს, პრეტენზიები არ არსებობს. წარმატებებიც ყველა იურისდიქციაში მოცემული მომენტისთვის სახეზე არის. კანონსაწინააღმდეგო დაბრკოლებები/პრობლემები შეიქმნა, გრძელდება კიდეც სასამართლოს მიღმა არსებულ საკითხებთან, კერძოდ, Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების/ უკანონო და, როგორც არაერთხელ ითქვა, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ ფულად სახსრებთან/აქტივებთან დაკავშირებით. დაინტერესებული პირებისთვის/საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების/უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი Credit Suisse-დან გადატანილი იქნა სხვა შვეიცარულ ბანკში (Julius Baer), თუმცა აქტივების მმართველად დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე. Credit Suisse-ის ტრასტმა 2022 წლის მარტიდან შექმნა დაბრკოლებები აქტივების წვდომის მიმართულებით. თავდაპირველად ვალდებულების შეუსრულებლობა ტრასტმა ახსნა მიზეზით: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“. ერთადერთი გამოსავალი არსებული მდომარეობიდან იყო ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტა და ტრასტის დაშლა, თუმცა Credit Suisse-ის ტრასტი, მოცემულ შემთხვევაშიც, შეეცადა საკითხის ხელოვნურად გაჭიანურებას. კერძოდ, ტრასტმა მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ტრასტის დაშლა ეწინააღმდეგებოდა თუ არა არასრულწლოვნების და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებისთვის განჭვრეტადი იყო სასამართლო გადაწყვეტილების შედეგი, მაინც გახდა საჭირო სასამართლოსთვის მიმართვა. Credit Suisse-ის ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა გაეჭიანურებინა სასამართლო პროცედურებიც. ფაქტიურად, ერთი წლის თავზე (2023 წლის 24 მარტი) დადგა ის შედეგი, რომელიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო და რომლის სასამართლოში განსახილველად მხოლოდ ერთი სხდომა იყოს საჭირო; ერთ სხდომაში მოხდა კიდეც საქმის განხილვა. უნდა აღინიშნოს, რომ Credit Suisse-ის ტრასტმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან მხოლოდ ორ თვე ნახევრის (დაახლოებით) შემდეგ, 2023 წლის 14 ივნისს, მიიღო რეზოლუცია ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე შვეიცარიულმა ბანკმა (Julius Baer) უნდა უზრუნველყოს აქტივების მოსასრჩელეებისთვის გადაცემა/განაწილება. Julius Baer-მა გაანაწილა აქტივების დაახლოებით 5%; დარჩენილი აქტივების (95%) გადაცემის მიმართულებით კი შეექმნა დაბრკოლება. კერძოდ, გადასაცემი აქტივების 95% განთავსებული არის ერთ-ერთ Hedge Fund-ში, რომელსაც, თავის მხრივ, აქტივების უდიდესი ნაწილი გადანაწილებული აქვს ამერიკულ, შედარებით მცირე კი – დასავლეთ ევროპის ფონდებში. Julius Baer-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთხელ მიმართვას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად რამდენიმე წუთში არის საკითხის დარეგულირება შესაძლებელი (მხოლოდ ტექნიკური მოქმედებები არის ფონდების მხრიდან განსახორციელებელი), თითქმის ერთი თვე არის, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდები აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას; იმ აქტივების გადაცემას, რომელზეც ფაქტიურად გადაწყვეტილება მიღებული აქვს სასამართლოს, მათ შორის, Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას, რეზოლუციის სახით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ 2022 წლის მარტიდან ანუ, როგორც Credit Suisse-ის ტრასტი აღნიშნავდა, „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან“ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს ფაქტიურად შეზღუდული აქვთ თავიანთი აქტივების გარკვეულ ნაწილზე წვდომა. და ბოლოს, გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და აღსდგება სრულ აქტივებზე წვდომა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამერიკის საელჩომ რუხის საავადმყოფოს 100 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა
გასულ კვირას რუხის საავადმყოფოს 100 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადავეცით. სამეგრელოში მდებარე ამ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია ერთდროულად 140 პაციენტს მოემსახუროს, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს. აღჭურვილობას შორის იყო ქირურგიული განათება, საოპერაციო მაგიდა, პაციენტის მონიტორი, ანესთეზიის დანადგარი და ვიდეო კოლპოსკოპი.
იაპონია და საფრანგეთი პირველ ერთობლივ წვრთნებს გამართავენ
იაპონია და საფრანგეთი 26-29 ივლისს პირველ ერთობლივ წვრთნებს გამართავენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს. წვრთნებში მოიერიშე თვითმფრინავები ჩაერთვებიან. იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სწავლება, რომელიც იაპონიაშია დაგეგმილი, მიზნად ისახავს ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებას თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანისთვის.
ისრაელმა აღიარა მაროკოს სუვერენიტეტი დასავლეთ საჰარის სადავო ტერიტორიაზე
ისრაელმა აღიარა მაროკოს სუვერენიტეტი დასავლეთ საჰარის სადავო ტერიტორიაზე და იქ საკონსულოს გახსნას განიხილავს, ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მაროკო დასავლეთ საჰარას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მაგრამ ალჟირის მიერ მხარდაჭერილ პოლისარიოს ფრონტს იქ დამოუკიდებელი სახელმწიფო სურს. 2020 წელს აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ ტერიტორიაზე მაროკოს პრეტენზია მაროკოს მიერ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ აღიარა. „ისრაელის პოზიცია „გაეროს, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება," - ნათქვამია მაროკოს სამეფო სახლის განცხადებაში. მაროკო ელის, რომ გადაწყვეტილება ამ ტერიტორიაზე ისრაელის ინვესტიციებს წაახალისებს. ისრაელის სამხედროებმა მაროკოს თავდაცვის ატაშედ პოლკოვნიკი დანიშნეს. ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, მაროკომ და ისრაელმა თანამშრომლობის შეთანხმებებს, მათ შორის თავდაცვის პაქტს მოაწერეს ხელი.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი აშშ-ში ვიზიტით ჩავიდა
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი, ედუარდ ასრიანი საქმიანი ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდნენ. დელეგაცია აშშ-ში სახელმწიფო გვარდიის ეროვნული თანამშრომლობის პროგრამის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში ჩავიდა. ინფორმაციას სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ასრიანი უკვე შეხვდა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს უფროსს, გენერალ დანიელ ჰოკანსონს, გენერალ-მაიორს, დანიელ ლასიკას და სხვა ოფიციალურ პირებს. აშშ და სომხეთი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მოგზაურობა დღეს, 18 ივლისს სრულდება.
საუდის არაბეთი თურქეთისგან დრონებს შეიძენს
საუდის არაბეთში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ ერ-რიადი თურქულ დრონებს შეისყიდის. თურქულ თავდაცვის ფირმა Baykar-სა და საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს შორის შესაბამის ხელმოწერის ცერემონიას ერდოღანი და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი დაესწრნენ. Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA იტყობინება. „საუდის არაბეთი „სამეფოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაზრდის და მისი თავდაცვისა და წარმოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, უპილოტო თვითმფრინავებს შეიძენს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა. SPA-მ გარიგების ღირებულების შესახებ დეტალები უცნობია. თურქეთმა და საუდის არაბეთმა ინვესტიციების, თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში შეთანხმებები გააფორმეს
მედია: დააკავეს კაცი, რომელმაც ლენინის მავზოლეუმის შენობას „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა
პოლიციამ მოსკოვში, ლენინის მავზოლეუმთან დააკავეს კაცი, რომელსაც გავრცელებული ინოფორმაციით, მოლოტოვის კოქტეილი ჰქონდა. რუსული მედიის ინფორმაციით, კაცი ჩვენების მისაცემად პოლიციაში გადაიყვანეს. იმავდროულად, ტელეგრამ არხები „ბაზა“ და „შოტი“ აცხადებენ, რომ დაკავებული 37 წლისაა და ის შენობაში მოლოტოვის კოქტეილის სროლის შემდეგ დააკავეს. ბოთლი ღობეს მოხვდა და ხანძარი არ გამოუწვევია.
შავი ზღვის წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 6 და 10 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია. სააგენტოს თანახმად, განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი დაემატა. „აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს,“ - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია შავი ზღვის წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია
Hyundai უკრაინაში ბორისპოლის აეროპორტის აღდგენაში ჩაერთვება
სამხრეთ კორეული კომპანია Hyundai Engineering & Construction-ი, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, უკრაინას ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენაში დაეხმარება. „Hyundai E&C ითანამშრომლებს უკრაინასთან, რათა აღადგინოს არამხოლოდ ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის აეროპორტები და რკინიგზა, არამედ მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა Hyundai E&C-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. შეთანხმების თანახმად, Hyundai E&C აღადგენს სადესანტო ზოლებს და ახალ სატვირთო ტერმინალს ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში. როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეა კიევს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს უკრაინის რეკონსტრუქციის პროექტებისთვის 52 მილიარდ აშშ დოლარს შესთავაზებს.
გენერალი სირსკი უკრაინის კონტრშეტევასა და ბახმუტის „სტრატეგიულ მნიშვნელობაზე“
BBC უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურს, გენერალ ალექსანდრ სირსკის უკრაინის მიმდინარე კონტრშეტევაზე ესაუბრა. BBC წერს, რომ მას „21-ე საუკუნის ყველაზე წარმატებულ გენერალს“ უწოდებენ. გამოცემის ცნობით, უკრაინელი გენერალიც აღიარებს, რომ შეტევის დაწყებიდან თვეზე მეტია, უკრაინის დიდი ხნის ნანატრი იერიში მრავალ ფრონტზე ნელა მიმდინარეობს. მისი თქმით, აღმოსავლეთში, ისევე როგორც სამხრეთში, ტერიტორია გაჯერებულია ნაღმებითა და თავდაცვითი ბარიერებით. მისი თქმით, რუსებს ბევრი დასაყრდენი აქვთ: „ამიტომ, ჩვენი წინსვლა ნამდვილად არ მიდის ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს,“ - ამბობს სირსკი. თუმცა გენერალი თვლის, რომ უკრაინას უპირატესობა გამოარჩევს. „მე მჯერა, რომ ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელობის ერთიანობა და ჩვენი ჯარისკაცების ერთმანეთისადმი ნდობა ჩვენი არმიის ძლიერი მხარეა“, - აღნიშნავს უკრაინელი გენერალი. უკრაინა აცხადებს, რომ ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითქმის 30 კვ.კმ (დაახლოებით 12 კვ.მილი) ტერიტორია დაუბრუნა. „მისთვის ბახმუტის ხელახლა დაკავება ასევე „ღირსების საქმეა," - წერს BBC. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა გამოცემასთან განაცხადა, რომ რუსული ძალები ქალაქში მალე ხაფანგში იქნებიან. გენერალმა სირსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-ის მიერ გაგზავნილი კასეტური საბრძოლო მასალები ახლა უკვე უკრაინაშია და გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში იქნება მზად. გენერალი ამბობს, რომ ქალაქის აღებას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა არ ექნება. „ჩვენი ხალხი გამარჯვებებს ელოდება, მათ მცირე გამარჯვებები სჭირდებათ," - ამბობს გენერალი სირსკი BBC-სთან ინტერვიუში. ის ხაზს უსვამს, რომ ბახმუტს ასევე აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან ეს ერთგვარი კარიბჭეა რეგიონის სხვა საკვანძო ქალაქებისთვის.
BBC: აშშ-ის მოქალაქე ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს
აშშ-ის მოქალაქე სამხრეთიდან ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ გაერო იუწყება. კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ განაცხადა, რომ კაცი ახლა ჩრდილოეთ კორეის პატიმრობაშია და ინციდენტის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. გაეროს სარდლობა მართავს დემილიტარიზებულ ზონას და ერთობლივ უსაფრთხოების ზონას (JSA), რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ჰყოფს. შესაბამისად, მათ განაცხადეს, რომ კაცს „ავტორიზაცია“ არ ჰქონდა გავლილი. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამჟამად იმყოფება პატიმრობაში და ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ამ ინციდენტის მოსაგვარებლად,“ - განაცხადეს გაეროს სტუქტურაში.
„დავიცვათ თავი სიცხისგან" - იტალია 15 სექტემბრამდე საგანგებო პროტოკოლს აამოქმედებს
BBC-ის თანახმად, სამხრეთ ევროპაში ძლიერი სიცხე გრძელდება. იტალიის კუნძულ სარდინიაზე დღის მეორე ნახევარში ტემპერატურა 46 გრადუსს მიაღწევს. ამასთან, CNN- წერს, რომ ძლიერი სიცხის გამო, იტალია იღებს ახალ საგანგებო პროტოკოლს, რომელიც 15 სექტემბრამდე იმოქმედებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უზრუნველყოფენ სასწრაფო დახმარების ოთახებს, რათა სპეციალური პროცედურები გაატარონ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სიცხესთან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციებს აწყდებიან. ეს სამსახური კვირაში 7 დღე იმუშვებს. მოქალაქეებს და სტუმრებს მოუწოდებენ, დაიცვან შემდეგი ძირითადი წესები: მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას და დარჩით შენობაში დღის ყველაზე ცხელ საათებში. სახლში შეიქმენით უსაფრთხო სამუშაო გარემო. გამოიყენეთ საკეტები მზის პირდაპირი სხივების დასაბლოკად. გამოიყენეთ კონდიციონერი გონივრულ ტემპერატურაზე - არც ისე ცივი. დალიეთ სულ მიცრე 1,5 ლიტრი წყალი დღეში. მიირთვით მცირე, მსუბუქი საკვები. ატარეთ მსუბუქი ბუნებრივი ტანსაცმელი. იმოგზაურეთ უსაფრთხოდ და არ დატოვოთ ბავშვები ან ცხოველები მანქანებში. ივარჯიშეთ მხოლოდ დღის ცივ საათებში. შეამოწმეთ ხანდაზმული და დაუცველი მეზობლები, რათა დარწმუნდეთ, რომ მათ აქვთ საკმარისი წყალი, საკვები. სამშაბათიდან იტალიის სულ 20 ქალაქი მოხვდება წითელ ნუსხაში, სადაც ძლიერი სიცხის გამო, ადამიანები ჯანმრთელობის ძალიან მაღალი რისკის წინაშე არიან. სპეციალისტების თქმით, მოსალოდნელია, რომ ძლიერი სიცხე შესაძლოა, იტალიის ზოგიერთ ნაწილში კიდევ 10 დღის განმავლობაში გაგრძელდეს. ესპანეთში, ქვეყნის სამხრეთით ჰაერის ტემპერატურამ გუშინ 44 გრადუსს. ესპანეთის კუნძულ ლა პალმასა და საბერძნეთში ტყის ხანძარი გაჩნდა. საფრანგეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა სამშაბათს მაქსიმალურ ზღვარს მიაღწევს მსოფლიო მეტეოროლოგიური საზოგადოება ამბობს, რომ ამინდის ექსტრემალური ცვლილება ხაზს უსვამს კლიმატის საკითხებზე მეტი მუშაობის საჭიროებას.
დავით არახამია: მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე
მთავარი არხის ინფორმაიციით, ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ კიევში განაცხადა, რომ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე. კიევში „სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა" დაფუძნდა „მე, როგორც დეპუტატმა ჩემს კოლეგებთან ერთად, შემიძლია მივმართო უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომ მან დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, მკვლელობის მცდელობაა. ჩვენი მიზანი უმაღლეს რადაში იმ დადგენილების მიღებისას იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ევროპელმა პარლამენტარმა მიიღოს მსგავსი რეზოლუცია. რა იქნება შედეგი - თუ ათი ევროპული ქვეყანა მიიღებს მსგავს მიმართვას საქართველოს ხელისუფლებისადმი, მათ აღარ ექნებათ არჩევანი, რადგან როცა ისინი იტყვიან, ჩვენ გვინდა ევროკავშირში, მათ უპასუხებენ, რომ 10 ევროპული ქვეყანა მოგმართავთ ჰუმანიტარული მისიით, გაუშვათ ადამიანი და თქვენ რას აკეთებთ. რა შეკითხვები შეიძლება, კიდევ არსებობდეს, მე მგონია, რომ ასეთმა სტრატეგიამ შეიძლება, იმუშაოს. ჩვენ ვიზიარებთ, რომ რაც აქამდე გავაკეთეთ, არ იმუშავა და ახლა თუ ჩვენ შევძლებთ ასეთი პოლიტიკური ფლეშმობის გაკეთებას, ამან შეიძლება, გაამართლოს. თუ ასე მოხდა, როგორც ვფიქრობთ, ბოლოს და ბოლოს ბატონი მიხეილი შეიძლება ამ სცენაზეც ვნახოთ", - განაცხადა დავით არახამიამ.
გერმანიის ელჩი: საქართველოს შეუძლია, NATO-ს იმედი ჰქონდეს
„საქართველოს შეუძლია, NATO-ს იმედი ჰქონდეს, რომ ის წინ წაიწევს იმ პროცესში, რომელიც მოცემულ დროს საქართველოს NATO-ს წევრობამდე მიიყვანს,“ - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოს მხარდამჭერი მტკიცე განცხადებები ვილნიუსის სამიტზეც გაკეთდა. რაც შეეხება ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხს, პეტერ ფიშერის თქმით, ზოგიერთი მათგანი უკვე შესრულებულია, თუმცა ზოგი მეტ პროგრესს საჭიროებს. „ზოგიერთი პრიორიტეტი შესრულდა, ზოგიერთი შესრულების გზაზეა, ზოგს მეტი პროგრესი სჭირდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამბიციას, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას და საქართველოსთან ერთად ჩვენ წინ წავალთ ამ გზაზე", - განაცხადა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. გერმანიის ელჩი: ვილნიუსის სამიტი NATO-ს ძლიერ ერთიანობას აჩვენებს მათ შორის საქართველოს გამძლეობის მხარდასაჭერად
სომხეთმა განაცხადა, რომ საკუთარი ბრენდის ქვეშ ავტომობილების წარმოება დაიწყო
სომხეთში მანქანების წარმოება საკუთარი - Sepuh-ის ბრენდის ქვეშ დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Armenpress-ი სომხეთის ეკონომიკის მინისტრ, ვაჰან კერობიანზე დაყრდნობით იტყობინება. მისი თქმით, ავტომობილები ამჟამად სახელმწიფო რეგისტრაციას გადიან, წარმოება კი, უმსხვილესი ირანული ავტომწარმოებლის, Iran Khodro-ს მიერ შექმნილ ქარხანაში მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაცით, სომხეთში აწყობილი მანქანები არის არა ირანული, არამედ, სამხრეთ კორეული კომპანია SsangYong-ის მოდელები. ბრენდის სახელი (Sepuh) შუა საუკუნეების სომხეთიდან მომდინარეობს. ასე მოიხსენიებდნენ საერო თავადაზნაურობის ერთ-ერთი ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც ხშირად საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობდნენ და სამეფო სასახლეში თანამდებობებს იკავებდნენ.
საქართველოს ელჩი: ბელგიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ტექნიკურ შეცდომასთან, ან გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებთან
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს, რომ ბელგიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ტექნიკურ შეცდომასთან, ან გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებთან. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ეს მოცემულობა ცვალებადია და ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლება იყოს რაღაც მომენტში ამოღებული ან დაბრუნებული ამ სიაში „ევროკავშირის 16 სახელმწიფოს 20-დან საქართველო აღიარებული ჰყავს, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. აქვე აღვნიშნავ იმას, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას არ აქვს, ზოგადად, მსგავსი მიდგომა და პრინციპი. ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და შემიძლია ღიად ვთქვა, რომ სამინისტროს ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულება და რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დარჩენილიყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. შესაბამისად, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ხანდახან გარკვეული ტიპის ტექნიკური ან ხანდახან სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მიიღება. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს, პანდემიის შემდგომ პერიოდში ჩვენ გარკვეული მატებაც გვქონდა მოქალაქეების მობილობასთან დაკავშირებით, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ვარდნა. ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, გვქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, მიდის შიდა კომუნიკაციაც ბელგიის უწყებებს შორის და ალბათ, უახლოეს მომავალში დაგვიზუსტებენ კონკრეტულ, შესაძლოა, ტექნიკური ან სტატისტიკურ მიზეზებს. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ წელიწადში ერთხელ, თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა მოცემულობიდან გამომდინარე მოხდეს გადახედვა და უფრო დაჩქარებულად იქნას რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, შემიძლია, გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, დღეს მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა და ბუნებრივია, ეს თემა აუცილებლად გაჟღერდებოდა რამე საფრთხე რომ ყოფილიყო აღნიშნული მიმართულებით", - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა ქართულ სატელევიზიო არხებთან ინტერვიუში. ელჩის განცხადებით, ქართულ მხარეს ჰქონდა აქტიური კონსულტაციები როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, ასევე მიდის შიდა კომუნიკაციაც ბელგიის უწყებებს შორის და ალბათ, უახლოეს მომავალში ბელგიური მხარე დააზუსტებს კონკრეტულ, შესაძლოა, ტექნიკურ და სტატისტიკურ მიზეზებს.
Wondernet Express Investment Group-მა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა
მიმდინარე წლის 18 ივლისს, Wondernet Express Investment Group-ს ჰქონდა პატივი, ემასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ - აბდულა არიპოვისთვის და ვიცე-პრემიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ - ლევან დავითაშვილისთვის. საპატიო სტუმრებს კომპანიის დამფუძნებელმა - დიმიტრი აბდუშელიშვილმა და გენერალურმა დირქტორმა - მამუკა მურჯიკნელმა გააცნეს ბათუმის სასუქების ტერმინალი და მისი მუშაობის პრინციპი. ასევე, განიხილეს ლოგისტიკური დერეფნის მნიშვნელობა და მისი, კიდევ უფრო, განვითარების გზები. უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, აბდულა არიპოვი საქართველოს 17 ივლისს ეწვია. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე წაიკითხეთ: ზურაბ აბდუშელიშვილი უზბეკეთის პრემიერის ვიზიტზე: ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა
ევროპაში ტყის ხანძრებია
მეხანძრეებს ევროპაში ძლიერი სიცხით გამოწვეულ ტყის ხანძრებთან უწევთ გამკლავება. ხორციელდება ათასობით ადამიანის ევაკუაცია. ხანძრებია ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე, საბერძნეთსა და შვეიცარიაში. სამხრეთ შვეიცარიაში ტყის ხანძარს ასზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ხანძარი გუშინ სოფელ ბიტჩთან ახლოს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად გავრცელდა. უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე სოფლების 200-ზე მეტი მცხოვრებიც ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძარი ამ დროისთვის 100 ჰექტარ ტერიტორიაზე, მანქანებისთვის ძნელად მისადგომ ადგილებში გავრცელდა. საბერძნეთმა ტყის ხანძრებთან გამკლავებაში დახმარება ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვა. ბლოკმა ქვეყანაში იტალიიდან და საფრანგეთიდან ოთხი თვითმფრინავი გაგზავნა.
ლევან დავითაშვილმა უზბეკეთის დელეგაციას საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დელეგაციას ბათუმსა და ფოთში ლევან დავითაშვილთან ერთად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა უმასპინძლეს. მათ უზბეკ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ფოთის საზღვაო პორტი და აკვატორია სანაპირო დაცვის გემით, ასევე გაეცნენ ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურას და მუშაობას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. „ჩვენ ერთად მოვინახულეთ საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები. ვეწვიეთ როგორც ბათუმის, ისე ფოთის პორტს და გვქონდა ვიზიტი ანაკლიის პორტში, რომელიც სახელმწიფოს მიერ განხორციელდება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შუა აზიის რესპუბლიკებთან ერთად გვექნება თანამშრომლობის შესაძლებლობები - საუბარია ახალ, სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შუა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის განსაკუთრებით უზბეკეთთან, რომელსაც მინერალური სასუქების, სხვადასხვა ქიმიური და სამთო-პროდუქციის მზარდი წარმოება აქვს, მათი უმოკლესი გზით ევროპაში გატანა კი სწორედ საქართველოს მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს. ამიტომ ჩვენ შევეხეთ ერთობლივი საწარმოების, ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. უზბეკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის ხელმძღვანელობით საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობის პირველ პირებთან გამართულ პირისპირ თუ გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი წლებია, სტაბილურად პარტნიორობენ, თუმცა, ამ მხრივ ურთიერთობების ზრდა/განვითარების კიდევ უფრო დიდი, მრავალმხრივი პერსპექტივები არსებობს, რომელთა რეალიზებაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანია. ამასთან, უზბეკეთის მთავრობის წევრებმა დაინტერესება გამოხატეს „შუა სატრანსპორტო დერეფნის“ და ამ მარშრუტის განვითარების საკითხთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, უზბეკური მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ტურიზმის, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბების, ტექსტილის წარმოების და ა.შ. მიმართულებით, ასევე რამდენიმე სექტორში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით. დღეს უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა ფოთში ვიზიტისას თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ტექსტილის საწარმოც დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს-საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით. „დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაში, უზბეკეთთან თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ჩვენ ასევე ვეწვიეთ ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და აქაც გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები კერძოდ ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით, იმისთვის, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები მაქსიმალურად ოპტიმალურად იყოს გამოყენებული უზბეკ პარტნიორებთან ერთად,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს საღამოს დასრულდა. უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, აბდულა არიპოვი საქართველოს 17 ივლისს ეწვია. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე წაიკითხეთ: ზურაბ აბდუშელიშვილი უზბეკეთის პრემიერის ვიზიტზე: ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა