ძებნის რეზულტატი:

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-14 შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი და ავსტრალიის ვიცე-პრემიერი, რიჩარდ მარლსი. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა იმსჯელეს უკრაინის მოკლევადიან და გრძელვადიან საჭიროებებზე. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.  

პრიგოჟინის თვითმფრინავი „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ, რუსეთიდან ბელორუსში მეოთხედ ჩაფრინდა - მედია

Alarabiya ბელორუსის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ხანმოკლე აჯანყების“ შემდეგ, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი რუსეთიდან ბელორუსში მეოთხედ ჩაფრინდა. „დილის 11:05 საათზე ევგენი პრიგოჟინის (Embraer Legacy 600) თვითმფრინავი (რეგისტრაციის ნომერი RA-02795) დაეშვა მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე. ჩვენი ინფორმაციით, თვითმფრინავი ბელორუსში სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოფრინდა,“ - წერს ბელორუს აქტივისტთა ჯგუფი (Belaruski Hajun), რომელიც ბელორუსში ჯარების გადაადგილებას აკონტროლებს. მისივე ინფორმაციით, „ეს არის მე-4 შემთხვევა, როდესაც პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩადის ბელორუსში. ფრენები ასევე შესრულდა 27 ივნისს, პირველ და 11 ივლისს. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი, Wagner Group-ის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი, რომლის ადგილსამყოფელი გაურკვეველია მისი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, სავარაუდოდ, მოსკოვში იმყოფება სულ მცირე პირველი ივლისიდან, იტყობინებოდა ფრანგული გამოცემა Liberation-ი 10 ივლისს. მისივე თანახმად, პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში, რაც მოგვიანებით, პუტინის სპიკერმა დაადასტურა.  მედია: პრიგოჟინის ოფისში ყალბი პასპორტები და ჩემოდნებში ფული იპოვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა  

ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მოქალაქის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, პაველ ბლაჟეკმა ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქის, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის პოლად ომაროვის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. იუწყება ადგილობრივი გაზეთი Pravo. წარმოშობით აზერბაიჯანელი ომაროვის ექსტრადიციის პროცესი უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს. მის მიმართ საერთაშორისო ორდერი არსებობს. ომაროვი ჩეხეთში იანვარში დააკავეს და მას შემდეგ ციხეშია. მას აშშ-ში ირანული წარმოშობის ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.  მაისის ბოლოს პრაღის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ომაროვის ექსტრადირება შესაძლებელია შეერთებულ შტატებში, საქართველოსა და ყაზახეთში. ამ ქვეყნებმა ასევე მოითხოვეს მისი ექსტრადიცია, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ მისი ჩეხეთში ექსტრადიცია გადაწყვიტა. ჩეხეთის მთავრობასა და ამერიკელ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა თავად ჟურნალისტმა, მასიჰ ალინეჯადმაც. ჩეხური მედიის თანახმად, პოლად ომაროვის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლოეს რამდენიმე დღეში განხორციელდება. ამერიკულ ციხეში იმყოფებიან მისი თანამზრახველობის ბრალდებით დაკავებული 43 წლის რაფატ ამიროვი და 24 წლის ხალიდ მეჰდიევი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.  

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში 16:02 წუთზე მიწისძვრა დაფიქსირდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჩოხატაური, კურორტი ბახმარო იყო და მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა.  

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის აეროპორტებში 30-მდე რეისი გაუქმდა ან გადაიდო

მოსკოვის სამ აეროპორტში - „ვნუკოვოში,“ „დომოდედოვოსა“ და „შერემეტევოში“ თითქმის 30 ფრენა გადაიდო ან გაუქმდა რუსული მედიის ცნობით, ფრენები ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის გამო არ შედგა. მედიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის ცენტრალური, დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები დატბორა.  

CBS News: ჩრდილოეთ კორეის მიერ დაკავებული პირი, ამერიკელი ჯარისკაცი აღმოჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი ჯარისკაცი საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. CBS News-ი წერს, რომ ჯარისკაცის მიერ სამხრეთ კორეის დატოვების მიზეზი დისციპლინარულ საკითხებს უკავშირდება. სხვა წყარომ, თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მოგვიანებით განუცხადა CBS-ს, რომ ჯარისკაცი „განზრახ“ გადავიდა საზღვარზე. მისი მოტივაცია კი, გაურკვეველი რჩება. ცნობისთვის, აშშ-ის მოქალაქე სამხრეთიდან ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ გაერო იუწყება. გაეროს სარდლობა მართავს დემილიტარიზებულ ზონას და ერთობლივ უსაფრთხოების ზონას (JSA), რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ჰყოფს. შესაბამისად, მათ განაცხადეს, რომ კაცს „ავტორიზაცია“ არ ჰქონდა გავლილი.  „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამჟამად იმყოფება პატიმრობაში და ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ამ ინციდენტის მოსაგვარებლად,“ - განაცხადეს გაეროს სტუქტურაში  

რამდენი ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული სამხრეთ კორეაში

შეკითხვა თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული სამხრეთ კორეაში, მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 18 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი ჯარისკაცი „ჩრდილოეთ კორეაში მესაზღვრეებმა დემილიტარიზებული ზონის მახლობლად დააკავეს.“ ზუსტად შვიდი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1953 წლის ზავმა კორეის ომი შეაჩერა. აშშ-ის ახლა სამხრეთ კორეაში დიდი წარმომადგენლობა ჰყავს. Reuters-ის 2021 წლის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში 28 000 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული, რაც მას აქცევს მესამე უცხოურ ძალად  იაპონიის და გერმანიის შემდეგ. სამხრეთ კორეაში ასევე მდებარეობს აშშ-ს უდიდესი სამხედრო ბაზა. 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ და სამხრეთ კორეა განაგრძობენ პარტნიორობას. „ეს იმიტომ ხდება, რომ კორეის ომი რეალურად არასოდეს დასრულებულა. ზავმა შეაჩერა ბრძოლა, მაგრამ არასოდეს ყოფილა შეთანხმება ჩრდილოეთ კორეას და სამხრეთ კორეას, და  მის მოკავშირეებს შორის. ჩრდილოეთ კორეა  ისევ შეშფოთების მიზეზია როგორც აშშ-სთვის, ასევე სამხრეთ კორეისთვის, რადგან ის ხშირად ცდის თავის სარაკეტო შესაძლებლობებს და მუშაობს ბირთვული იარაღის პროგრამის განვითარებაზე,“ - წერს თავის მხრივ BBC. გაეროს თანახმად, აშშ-ის მოქალაქემ უნებართვოდ გადაკვეთა „სადემარკაციო ხაზი“ და სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა.  

ადმინისტრაციის განმარტებით, ალექსანდრ კრევო არასდროს იკავებდა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას, იყო სტაჟიორი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ალექსანდრ კრევო არასდროს იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას, იყო სტაჟიორი და აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციის განცხადებით, „კრევოს არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის, თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე.“ „საზოგადოების იმ მცირე ნაწილისთვის, რომელიც მისი საუბრით დაინტერესდა, საჭიროა რამდენიმე ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდება. ის არასდროს იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას. იგი 2018 წლის 24 დეკემბრიდან იყო სტაჟიორი. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება იმ მიდგომის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც უცხოეთში მყოფი ქართული წარმოშობის ახალგაზრდებისთვის სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობების მიცემას ემსახურებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ იმავე პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმდნენ ბევრად უფრო წარმატებული ქართველი სტუდენტები წამყვანი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტებიდან (კოლუმბია, სიანს პო და ვესტ პოინტი). ალექსანდრ კრევო 2019 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით. მისი საჯარო მოხელის პოზიციაზე დასაქმება არ მოხდა, რადგან ვერ წარმოადგინა უმაღლესი განათლების დამადასუტერებელი დოკუმენტი. 2023 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ გააგრძელა მასთან შრომითი ხელშეკრულება, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი მხრიდან კოვიდრეგულაციების უხეში დარღვევა, რითაც საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების ჯანმრთელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მას არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე. ყველაზე გასაკვირი და ნამდვილად სამწუხაროა, თუ რა სისწრაფით აღიქვა, აითვისა და გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა ახალგაზრდამ საქართველოს პოლიტიკური სივრცის ყველაზე მახინჯი და უღირსი თვისებები,” - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომლითაც ის „ტვპირველის“ ეთერში გასულ ინტერვიუს გამოეხმაურა.  

აშშ უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს - Reuters

აშშ უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. Reuters-ის ცნობით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ შესაძლოა, უახლოეს დღეებში გამოცხადდეს. პაკეტში შევა საჰაერო თავდაცვის საშუალებები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, ასაფეთქებელი დრონები და საბრძოლო მასალა. კერძოდ, საუბარია დრონების საწინააღმდეგო VAMPIRE-ის ტიპის სისტემებზე, რომლებიც აშშ-მ მწარმოებელს მიმდინარე წლის იანვარში შეუკვეთა; Phoenix Ghost-ისა და Switchblade-ის ტიპის დრონებზე, ასევე ავსტრალიური კომპანია DroneShield-ის ტიპის “დრონების საწინააღმდეგო სისტემების მნიშვნელოვან რაოდენობაზე,” რადარებზე, სენსორებსა და ანალიტიკურ სისტემებზე.  

ოსტინი: უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა მარათონია და არა სპრინტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა მარათონია და არა სპრინტი. „ახლა ომის საკვანძო მომენტია,“ - ამბობს ოსტინი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად შექმნილი ჯგუფის შეხვედრებს ხელმძღვანელობს. მან ომიდან 500-ზე მეტი დღის გასვლის ფონზე, ჯგუფის მე-14 შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გახსნა. „უკრაინას შეიარაღების საკვანძო სისტემები, საბრძოლო მასალა მივაწოდეთ და არ ვაპირებთ გაჩერებას. არავინ შევიდეს შეცდომაში, ჩვენს ძალისხმევას გავაგრძელებთ, რათა მივცეთ უკრაინას ის, რაც სჭირდება და უკრაინის დამცველების დახმარებას გავაგრძელებთ, როგორც ეს იყო რუსეთის შეჭრის დასაწყისიდან,” - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. მან ხაზი გაუსვა, რომ მას შემდეგ, რაც ომის ერთ წელიწადზე მეტი გავიდა, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთს არ შეუძლია თავისი დამპყრობლური ომის მიზნების მიღწევა. „უკრაინული კონტრშეტევა საკვანძო მომენტს ნიშნავს ამ ტრაგიკულ ომში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაში ინიციატივა აიღეს”, - განაცხადა ლოინდ ოსტინმა. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

ერმაკი: რუსულ თვითმფრინავებს დასავლური წარმოების ნაწილები ისევ აქვთ, საჭიროა ახალი სანქციები

რუსული დრონი, რომელიც გუშინ ღამით ჩამოაგდეს მიკოლაივის თავზე, დასავლეთის ქვეყნების ნაწილებით არის დამზადებული, განაცხადა 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.   იერმაკმა ირანული წარმოების დრონის ძრავის ფოტო Telegram-ზე გამოაქვეყნა   „რუსები ხშირად აშორებენ სერიულ ნომრებს უცხოურ კომპონენტებს,“ - აღნიშნა ერმაკმა და გამოაქვეყნა თვითმფრინავის შიდა კომპონენტების მეორე ფოტოც, რომელზეც სერიული ნომერი ამოღებულია.   ერმაკი ახალი სანქციების დაწესებისა და კონტროლის გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა.   „რუსეთი მრავალი წელია ყიდულობს უცხოურ ტექნოლოგიურ პროდუქტებს, მაგრამ ახლა, როდესაც ისინი ხდებიან ადამიანების მკვლელობის, ტერორიზმისა და გენოციდის ინსტრუმენტები, ეს არ შეიძლება გაგრძელდეს“, - განაგრძო მან.

აშშ და მოკავშირეები უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდის გეგმებს განიხილავენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა, რომელიც სამშაბათს შეიკრიბა, უკრაინისთვის „საბრძოლო მასალის გადაუდებელი საჭიროება“ განიხილა. „ჩვენ ასევე განვიხილეთ გეგმები წარმოების გაზრდის შესახებ როგორც ეროვნულ, ასევე მრავალეროვნულ დონეზე, მეტი საბრძოლო მასალის წარმოების შესახებ ევროკავშირის მნიშვნელოვანი ინიციატივის კვალდაკვალ , - აღნიშნა ოსტინმა. კონტექსტი CNN-მა სამშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ და ევროპა უკრაინის საბრძოლო მასალის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მუშაობენ, რადგან უკრაინელი სამხედროები რუსეთის ძალებს ებრძვიან.  

უკრაინის მთავრობამ ივნისში განადგურებული კახოვკის ჰესის რეკონსტრუქციის გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრემიერ-მინისტრ, დენის შმიგალის განცხადებით, მთავრობამ ივნისში განადგურებული კახოვკის ჰესის რეკონსტრუქციის გეგმა დაამტკიცა. შმიგალის თქმით, პროექტი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. „პირველ ეტაპზე ჩვენ დავაპროექტებთ ყველა საინჟინრო ნაგებობას და მოვამზადებთ აღდგენისთვის საჭირო საფუძველს,“ - განაცხადა შმიგალმა. „მეორე ეტაპი დაიწყება იმ ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ, სადაც ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს. ეს გულისხმობს რეალურ სამშენებლო სამუშაოს,“ - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა. მისი თქმით, პროექტს კოორდინაციას გაუწევს უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო და დამკვეთი იქნება სახელმწიფო კომპანია Ukrhydroenergo.  

მაკრონი: ნათელია, რომ პუტინმა საკვების იარაღად გამოყენება გადაწყვიტა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა „უზარმაზარი შეცდომა" დაუშვა, როდესაც საკვების იარაღად გამოყენება გადაწყვიტა. სამშაბათს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოში ჟურნალისტებთან საუბრისას მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთმა გაეროს შუამავლობით გაფორმებულ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობით, მრავალი ქვეყნის წინაშე აიღო „უზარმაზარი პასუხისმგებლობა." „ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, თუნდაც აზიის ქვეყნები ძალიან არიან დამოკიდებულნი ამ შეთანხმებებზე, რაზეც გავლენას მოახდენს რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო, პუტინი შანტაჟში დაადანაშაულა. ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს შავ ზღვაში გემების დაბლოკვაზე „ერთადერთი პასუხისმგებელი" უწოდა. ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინას ხორბლის მსოფლიო ბაზრის 10%, სიმინდის ბაზრის 15% და ქერის ბაზრის 13% უკავია. ცნობისთვის, ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლოა „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავენ.  

მარკ მილი: უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალა, რომელიც კონტრშეტევაში ჯერ არ ჩართულა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის ნელი ტემპის მიუხედავად, ის "შორს არის მარცხისგან." "ეს დაიწყო დაახლოებით ხუთი-ექვსი კვირის წინ, არსებობდა პროგნოზი გარკვეული წინსვლის შესახებ და ეს შენელდა. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს განსხვავება ქაღალდზე ომსა და რეალურ ომს შორის. ეს არიან რეალური ადამიანები რეალურ მანქანებში, რომლებიც იქ ნამდვილად ასუფთავებენ ნამდვილ ნაღმებს და ისინი ნამდვილად კვდებიან," - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა. მილიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას აქვს „მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალა, რომელიც კონტრშეტევაში ჯერ არ ჩართულა.“ „მე არ ვიტყვი, რა მოხდება მომავალში, რადგან ეს იქნება უკრაინის გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად და როდის ჩადებენ რეზერვს და ა.შ. „ახლა ისინი ინარჩუნებენ თავიანთ საბრძოლო ძალას და ნელა, მიზანმიმართულად და სტაბილურად მუშაობენ ყველა ამ დანაღმულ ველზე.”  

ბრიტანეთი ინდოეთი-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკს შეუერთდა

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც ინდოეთი-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკს (CPTPP) შეუერთდა. ბრექსიტის შემდეგ, ბრიტანეთისთვის ეს ყველაზე მსხვილი სავაჭრო გაერთიანებაა. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ახალ ზელანდიაში მოეწერა. ცნობისთვის, ბლოკი ჯამში 11 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის არიან კანადა, მექსიკა, პერუ, ჩილე, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ბრუნეი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი და იაპონია.  

თბილისის ზღვაში 18 ივლისს მეორე ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაში 18 ივლისს მეორე ცხედარი იპოვეს. შსს-ს განცხადებით, ჯერჯერობით ახლად ნაპოვნი ცხედრის ამოცნობის პროცედურები მიმდინარეობს. რადიო თავისუფლების ცნობით, დაკარგული 21 წლის ლ.ც-ს სამძებრო ღონისძიებებს თბილისის ზღვაში მაშველები აწარმოებდნენ. ის მეოთხე დღეა, დაკარგულია. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 18 ივლისს თბილისის ზღვაში, ასევე იპოვეს შუახნის კაცის ცხედარი.  

იტალიის ანტიმონოპოლიური სამსახური რომის კოლიზეუმის ბილეთების ფასთან დაკავშირებულ დავაში ჩაერთო

იტალიის ანტიმონოპოლიური სამსახური ეჭვობს, რომ რომის კოლიზეუმის ბილეთების ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი. ამის შესახებ Reuters-ი წერს. იტალიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი, კოლიზეუმი ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს. მაგრამ ტურისტები ჩივიან, რომ ხშირად შეუძლებელია ყოველდღიური ბილეთების პოვნა, რადგან მსხვილი ტურისტული კომპანიები მათ ოფიციალურ ვებგვერდებზე რამდენიმე კვირით ადრე ყიდულობენ და ბევრად უფრო ძვირადღირებულ ტურებს აწყობენ. ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა განმარტა, რომ ბილეთებს ავტომატური შესყიდვების სისტემების საშუალებით მასობრივად ყიდულობდნენ. ბილეთი ჩვეულებრივ 18 ევრო ღირს  ($20), მაგრამ სამშაბათს ოფიციალურმა ვებგვერდმა აჩვენა, რომ სულ რაღაც სამი ადგილი იყო დარჩენილი 7 აგვისტომდე. ამის საპირისპიროდ, ადგილობრივი კომპანიების ვებგვერდები მომხმარებლებს უამრავ ტურს 37,50-74,00 ევროს ფარგლებში სთავაზობდნენ. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია, Codacons-ის ხელმძღვანელმა, კარლო რიენციმ განაცხადა, რომ „მეორადი ბილეთების გაყიდვა“ იტალიას მილიონობით ევრო უჯდება. „ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, შემოიღოს ახალი რეგულაციები, რომლებსაც შეუძლიათ არამხოლოდ მეორადი ბილეთების დაბლოკვა, არამედ, ძალიან მძიმე ჯარიმების დაწესება ამ ვებგვერდებზე,“ - განაცხადა რიენზიმ. ანტიმონოპოლიური სამსახური რამდენიმე კომპანიის საკითხს სწავლობს. 2000 წლის წინ აშენებული კოლიზეუმი რომის იმპერიის უდიდესი ამფითეატრი იყო.  

ბენილუქსის ქვეყნები უკრაინას M113-ის ტიპის ჯავშანმანქანებს უგზავნიან

ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრებმა 18 ივლისს ერთობლივი განცხადებით დააანონსეს, რომ უკრაინას განახლებულ M113-ის ტიპის ჯავშანმანქანებს მალე გაუგზავნიან. განცხადებაში ჯავშანტექნიკის რაოდენობა და თარიღი დაკონკრეტებული არ არის, თუმცა მითითებულია, რომ ჯავშანმანქანებს უკრაინა მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღებს. „ამ შემოწირულობით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერას ვაგრძელებთ “, - განაცხადეს ბენილუქსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა. ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი ასევე არიან იმ ახალი საერთაშორისო კოალიციის ნაწილი, რომელიც უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპი საბრძოლო თვითმფრინავებზე მოამზადებს.  

სამხრეთ აფრიკა ICC-ს სთხოვს, პუტინის დაკავების ვალდებულებისგან გაათავისუფლოს

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, კირილ რამაფოსამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სთხოვა, რომ პუტინის დაკავების ვალდებულებისგან გაათავისუფლოს, რადგან ამის გაკეთება „ომის გამოცხადებას ნიშნავს.“ რამაფოსას თქით, მან დაიწყო სამართალწარმოება ICC-სთან 97-ე მუხლის მიხედვით, რომელშიც სახელმწიფოებს შეუძლიათ თქვან, რომ არ უნდა გასცენ დაპატიმრების ბრძანება იმ პრობლემების გამო, რაც მათ ამის გაკეთებაში ხელს შეუშლის. რამაფოსამ განმარტა, რომ ამ პროცესების შესახებ დეტალებს ვერ გაამჟღავნებს. „სამხრეთ აფრიკას აქვს აშკარა პრობლემები პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია მის განცხადებაში. „რუსეთმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მისი მოქმედი პრეზიდენტის დაკავება ომის გამოცხადება იქნებოდა”, - განმარტა რამაფოსამ. მარტში პუტინის მოკავშირე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ პუტინის დაპატიმრების ნებისმიერი მცდელობა ომის გამოცხადებას ნიშნავს. კრემლს ჯერ საჯაროდ არ უთქვამს, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი სამიტზე წასვლას. რამაფოსამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამხრეთ აფრიკა ოფიციალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, მან კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციებისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. დასავლეთის ქვეყნები მას მოსკოვის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევენ. ICC-ის პროკურორი იმედოვნებს, რომ სამხრეთ აფრიკა BRICS-ის სამიტზე ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებს