ძებნის რეზულტატი:
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს საკვების სააგენტომ მიიღო
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს საკვების სააგენტოს, მსოფლიო საკვების პროგრამას (WFP) გადაეცა მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში პირობების გაუმჯობესებისათვის. სააგენტოს სათავო ოფისი რომშია. ის ყოველწლიურად 88 ქვეყანაში 97 მილიონამდე ადამიანს ეხმარება. "საერთაშორისო სოლიდარობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში შიმშილის მსხვერპლთა ზრდა გამოიწვია. სანამ სამედიცინო ვაქცინა არ გვექნება, საკვები არის საუკეთესო ვაქცინა ქაოსის წინააღმდეგ.". - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში. ნობელის პრემიის ჯილდო 10 მილიონი შვედური კრონია ($1.1 მილიონი).
"თბილისში ფართომასშტაბიან შეზღუდვებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს"
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში ფართომასშტაბიან შეზღუდვებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ორშაბათს, 12 ოქტომბერს, გახდება ცნობილი კონკრეტულად რა ტიპის შეზღუდვები იგეგმება დედაქალაქში. "რაც შეეხება ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები, ან იქნება თუ არ იქნება, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყვეტენ და ყველასთვის გახდება ცნობილი",-განაცხადა გამყრელიძემ. დღეს, კორონავირუსი 527 ადამიანს დაუდასტურდა, 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა. ახალი შემთხვევებიდან თბილისში კორონავირუსის 179 შემთხვევა დადასტურდა. NCDC-ის ცნობით, გუშინ, 8 ოქტომბერს, საქართველოში 9 605 PCR ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5866 პაციენტი განიკურნა, ხოლო 72 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.
WTO-ს ქალი ხელმძღვანელი ეყოლება
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO) ისტორიაში პირველად ქალი ხელმძღვანელი ეყოლება. ახალი ხელმძღვანელის საარჩევნო პროცესი ბოლო ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, 8 კანდიდატიდან შეირჩა ორი და ორივე ქალბატონია, მათგან ერთი ნიგერიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნგოზი ოკონჯო-ივეალაა, ხოლო მეორე სამხრეთ კორეის ვაჭრობის მინისტრი იო მიუნ-ჰი. ფინალში მყოფ ორივე კანდიდატს, როგორც პოლიტიკაში ყოფნის, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაც აქვთ, ორივეს განათლება აშშ-ში აქვთ მიღებული. ნიგერიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი გარკვეული დროით საგარეო მინისტრის პოზიციასაც იკავებდა, ასევე მას ეკავა წამყვანი პოზიციები ეკონომისტის რანგში მსოფლიო ბანკში. ამჟამად ოკონჯო-ივეალა ვაქცინების საერთაშორისო ალიანსის Gavi-ის საბჭოს თავმჯდომარეა. რაც შეეხებმა მეორე კანდიდატ იო მიუნ-ჰის, ის ვაჭრობის დარგის სპეციალისტია და „დეტალურად ერკვევა ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებში“. ორივე კანდიდატს აქვს უნარი წარმატებით აწარმოოოს მხარეებს შორის შეთანხმებები, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. როგორც გამოცემა წერს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ახალ ხელმძღვანელს ნოემბრის დასაწყისისთვის დაასახელებს.
აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ
აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლს 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შეწყვეტენ, - ამის შესახებ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა განაცხადა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. „ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება, რომლის მიზანი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობითა და მისი რეგულაციების შესაბამისად ომის ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და დაღუპულების ცხედრების გაცვლაა,“- აღნიშნულია განცხადებაში. დოკუმენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება. გარდა ამისა, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები ეუთოს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლების შუამავლობით არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. „აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით და კონფლიქტის დარეგულირების პრინციპებზე დაყრდნობით, იწყებენ არსებით მოლაპარაკებებს მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“,- აღნიშნულია განცხადებაში. ამავე განცხადების თანახმად, მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობის მიმართ თავიანთ ერთგულებას. ცნობისთვის, მოსკოვში რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სერგეი ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში 9 ოქტომბერს ჩავიდნენ, რომლებიც რუსეთში მთიანი ყარაბაღის საკითხზე სალაპარკოდ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.
OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არჩევნებს შეზღუდული ფორმატით დააკვირდება
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია აგრძელებს არჩევნებზე დაკვირვებას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, თუმცა შეზღუდული ფორმატით. ამის შესახებ OSCE/ODIHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სამოგზაურო და ჯანდაცვითი შეზღუდვების, ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლების რიცხვის შემცირების გამო, OSCE/ODIHR-ის ოფისმა გადაწყვიტა მისი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია შეამციროს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. მათივე განმარტებით, სამი მისია განაგრძობს მუშაობას და უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის წინასწარ შეფასებას ყოველი საარჩევნო დღის შემდეგ. აქვე ODIHR მადლიერებას გამოხატავს აღნიშნული სამი ქვეყნის მთავრობების მიმართ გაწეული მხარდაჭერისთვის.
შვეიცარიის მთავრობამ საქართველო მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა
2020 წლის 9 ოქტომბერს, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, შვეიცარიის მთავრობამ საქართველო მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 12 ოქტომბრიდან შევლენ შვეიცარიის ტერიტორიაზე საქართველოდან სხვადასხვა სატრანზიტო მარშრუტით, სატრანზიტო ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სტატუსის მიუხედავად, ვალდებულნი იქნებიან გაიარონ 10 დღიანი კარანტინი/თვითიზოლაცია. აღნიშნული წესი ვრცელდება ნებისმიერ საქართველოდან შემოსულ პირზე, ხოლო წესის გვერდის ავლის შემთხვევაში გათვალისწინებულია მაღალი ჯარიმა – 10 000 შვეიცარიული ფრანკი. შვეიცარიაში შემოსვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია დაუყოვნებლივ გადავიდეს თვითიზოლაციაში და მაქსიმუმ 2 დღის ვადაში უნდა დაუკავშირდეს კანტონალურ უწყებებს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დაემორჩილოს მიღებულ ინსტრუქცია/რეკომენდაციებს. ასევე, მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია გამგზავრებამდე კომუნიკაციაში იყვნენ შესაბამის ავიაკომპანიებთან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განსაზღვრონ მგზავრობასთან დაკავშირებული წესები, როგორიცაა COVID-19-ის ტესტის წარდგენის აუცილებლობა და სხვა. ამჟამად საქართველოს საზღვარი მხოლოდ ხუთი ქვეყნისთვის აქვს გახსნილი – გერმანია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და საფრანგეთი. გერმანიის შეზღუდვების გარდა, ლიტვას და ლატვიას საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ვალდებულება აქვს დაწესებული. საქართველოდან რეგულარული ფრენები მხოლოდ მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებით სრულდება.
აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 288 ადამიანს ჩაუტარდა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 170 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 814 პირი. ამასთან, გარდაიცვალა 21 პაციენტი.
პოლონეთმა და ლიეტუვამ ბელარუსიდან დიპლომატები გაიწვიეს
პოლონეთმა და ლიეტუვამ ბელარუსიდან დიპლომატები გაიწვიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საელჩოში თანამშრომლების რაოდენობის შემცირება ბელარუსის მთავრობამ მოითხოვა და ბელარუსიდან პოლონეთში 30 დიპლომატი ბრუნდება. ოფიციალურმა მინსკმა ანალოგიური მოთხოვნა წაუყენა ლიეტუვასაც, რის გამოც ბელარუსიდან ვილნიუსში ხუთი დიპლომატი ბრუნდება. ბელარუსმა წინა კვირაში თავადაც გამოიწვია დიპლომატები ორივე ქვეყნიდან. ცნობისათვის, ბელარუსი მეზობელ პოლონეთსა და ლიეტუვას ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11271-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი და საერთო რაოდენობა 6119-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 78 ადამიანია გარდაცვლილი.
მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში დღეს, 12 საათიდან შევიდა. აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეთანხდნენ, რომელიც 9 სექტემბერს საღამოს დაიწყო და 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. „ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება, რომლის მიზანი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობითა და მისი რეგულაციების შესაბამისად ომის ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და ცხედრების გაცვლაა,“- აღნიშნულია განცხადებაში. დოკუმენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება. ამავე განცხადების თანახმად, მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობის მიმართ თავიანთ ერთგულებას.
საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება
საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, - ამის შესახებ განცხადებასსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებების გზით მოხერხდება კონფლიქტის დარეგულირების საკითხში პროგრესის მიღწევა. „საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას,“- ნათქვამია განცხადებაში.
ბელარუსიდან ელჩი კონსულტაციებისთვის ბრიტანეთმაც გამოიწვია
ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მერიის მიერ ორწლიანი მცდელობის შემდეგ დაკიდული საქართველოს დროშა ქარმა დააზიანა და დახია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Kutaisi Post ავრცელებს, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს დროშის დაკიდვის მცდელობებს. დროშა 2 ოქტომბერს შეიცვალა და ის მერიას 50 000 ლარი დაუჯდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, წინა დროშა ქარმა წაიღო. 34 მეტრიან სადგამზე დროშის აღსამართად მერიამ პირველი ტენდერი 2018 წლის მარტში გამოაცხადა, თუმცა ტენდერი, რომლის ღირებულებაც 4500 ლარი იყო, არ შედგა. მეორე ტენდერი მერიამ 2018 წლის აპრილში გამოაცხადა. ამჯერად ტენდერის ღირებულება 65 651 ლარი იყო, თუმცა ტენდერი კვლავ ჩაიშალა. მესამედ ქუთაისის მერიამ უკვე 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა ტენდერი, რომლის ღირებულებაც 36 299 ლარს შეადგენდა. როგორც აღმოჩნდა, მერიას წინა სამი ტენდერი ისე ჰქონდა გამოცხადებული, რომ არ შეუსწავლია მიწა, რომელზეც სადგამი უნდა განთავსებულიყო. ამიტომ, მერიამ მეოთხე, 5 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ნიადაგის შესასწავლად. ტენდერი ამჯერადაც არ შედგა. მეხუთე ტენდერი 2019 წლის ნოემბერში გამოცხადდა - ღირებულება 49 959 ლარს შეადგენდა და გამარჯვებული საკრებულოს წევრის, ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანია იყო. თუმცა კომპანიამ ტენდერიდან მალევე უარი განაცხადა ხელშეკრულების დადებაზე. ამგვარად, 19 დეკემბერს ქუთაისის მერიამ მეექვსე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც კვლავინებურად 49 959 ლარია. მეექვსე მცდელობაზე ტენდერში შპს ნიუ იბერიამ გაიმარჯვა და კომპანიას დროშის დგარი 9 მარტამდე უნდა მოეწყო, თუმცა, პროცესი ჯერ პროექტში არსებული ხარვეზების გამო შეჩერდა, მოგვიანებით კი ახალი კორონავირუსული პანდემიის.
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
დემონსტრანტების ძალისხმევით 6 ოქტომბერს გათავისუფლებული ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი, 10 ოქტომბერს ყირგიზეთის უშიშროების ძალებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Interfax ატამბაევის პარტიის წევრზე დაყრდნობით ავრცელებს. ყირგიზეთში მასშტაბური აქციები 4 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. წინასწარი შედეგებით პარლამენტში მანდატების უმეტესობა ჟეენბეკოვის პარტიამ მოიპოვა. 6 ოქტომბრის ღამეს აქციის მონაწილეებმა ბიშკეკში დაიკავეს "თეთრი სახლი", რომელშიც პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული. დემონსტრანტები ასევე შეიკრიბნენ ეროვნული უსაფრთხოების ნაციონალური კომიტეტის წინ და მოლაპარაკებების შემდეგ მოახერხეს საგამოძიებო იზოლატორიდან ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის გათავისუფლება, რომელსაც კორუფციისთვის 11 წელით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ასევე გაათავისუფლეს ყირგიზეთის ყოფილი პრემიერმინისტრი საპარ ისაკოვი, რომელსაც კორუფციისთვის 15 წელი ჰქონდა მისჯილი. 6 ოქტომბრის დილისთვის ცნობილი გახდა, რომ დემონსტრანტებმა ასევე აიღეს ბიშკეკის მერიის და ყირგიზეთის მთავრობის შენობა. უკანასკნელი მონაცემებით, დემონსტრაციების დროს დაშავდა 590 ადამიანი, მათგან 150 საავადმყოფოებშია გადაყვანილი. დაიღუპა ერთი ადამიანი. პროტესტის ღამის შემდეგ პარტია "ატა მეკენის" (სამშობლო) ლიდერმა, ჟანარ აკაევმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის ამჟამინდელი მთავრობის ნაცვლად დაინიშნება ეროვნული მთავრობა და ახალი პრემიერმინისტრი. ამავე დროს მთავრობის წარმომადგენლები გადადგნენ ყირგიზეთის სამ ოლქში. ოპოზიციონერებმა ასევე დანიშნეს ბიშკეკის ახალი კომენდანტი და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი. ყოფილმა დეპუტატმა ალმამბეტ შიკმამატოვმა განაცხადა, რომ ის ახალი გენერალური პროკურორია, გააუქმა არჩევნების შედეგები და დადო პირობა, რომ არჩევნების ფალსიფიკაციაში პასუხისმგებლებს დააპატიმრებს. არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა 4 პარტია. ხმების უმრავლესობა მიიღო ჟეენბეკოვის პარტია ერთობამ და პარტიამ ჩემი სამშობლო ყირგიზეთი. ორივე პარტიამ ერთად პარლამენტში მანდატების თითქმის ნახევარი მოიპოვა. პარლამენტში ასევე შევიდნენ პარტიები ყირგიზეთი და ერთიანი ყირგიზეთი. დარჩენილმა 12-მა პარტიამ არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა. პარტია ერთობის განცხადებით, ის მზადაა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები მას შემდეგ გააუქმა, რაც არჩევნებს ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ, მთავრობის კაბინეტის გადადგომის და საპარლამენტო არჩევნების გაუქმების შემდეგ ვინ გაუძღვება დროებით მთავრობას. 9 ოქტომბერს ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა თქვა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის და სამთავრობო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ თანამდებობიდან გადადგება.
მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა
ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან რამდენიმე საათში სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო მოქმედებების განახლებაზე საუბრობენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, შუშან სტეპანიანი ფეისბუქზე წერს, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უგულებელყო და 12:05 წუთზე აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფმა ყარახამბეილზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში სომხეთის ამ განცხადებას მორიგი სიცრუე და პროვოკაცია უწოდეს და ცეცხლის განახლებაში აქეთ დაადანაშაულეს, რაც, ასევე, სომხურმა მხარემ უარყო. სომხეთი და აზერბაიჯანი 11 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე, დღეს, 10 ოქტომბერს, შეთანხმდნენ. სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მოსკოვში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ოქტომბერს მიიწვია. მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს. ბოლო მონაცემებით ბრძოლები რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს, ყველაზე აქტიური მათ შორის ყარაბაღის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი, როგორც სამხედროებს, ასევე, სამოქალაქო პირებს შორის რამდენიმე ასეული ადამიანია. აღსანიშნია, რომ აზერბაიჯანი გარდაცვლილ სამხედროებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, მაშინ, როცა სომხური მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს ასეულობით ჯარისკაცი მოუკლა. თვითაღიარებული არცახის რესპუბლიკის (ყარაბაღი) პრეზიდენტის განცხადებით, განადგურებულია ცალკეული ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურა.
საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ამასთან, გარდაიცვალა საქართველოს კიდევ 6 მოქალაქე და ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 91-ს შეადგენს. გარდა ამისა, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 6538-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პირი. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1393 პაციენტი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ბელარუსში, საპროტესტო აქციების დროს, სამართალდამცავებმა 500-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს
ბელარუსში, კვირას გამართული საპროტესტო აქციების დროს, სამართალდამცავებმა 586 დემონსტრანტი დააკავეს, - ამის შესახებ მედია ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრ „ვიასნაზე“ დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს შორის 40 ჟურნალისტია. დაკავებები, ძირითადად, მინსკში მოხდა, სადაც გუშინ პოლიციამ საპროტესტო აქციების დაშლის მიზნით დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, მანათობელი ხელყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
აშშ-ში კორონავირუსის 44 614 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 398 ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 44 614 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 398 ადამიანი გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 762 546-მდე, დაღუპულების კი - 214 768-მდე გაიზარდა. ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს PCR ტესტს ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარებენ
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს PCR ტესტს ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარებენ. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. "ისინი არიან ყველაზე მჭიდრო კონტაქტში [სავარაუდო ინფიცირებულებთან] როგორც გამოვლენის პერიოდში, ისე მანამ, სანამ დაუდგინდებათ დიაგნოზი. მათ ტესტირება უტარდებოდათ ორ კვირაში ერთხელ, ამას შევამცირებთ და ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ. ეს დაგვეხმარება როგორც სამედიცინო პერსონალის დაცვაში, ასევე შესაძლო ინფექციის გავრცელებაში" - თქვა ტიკარაძემ. ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 211 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა. 12 პქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 91 კი გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
"თბილისში ნიღბების მოხმარებაზე ზომებს ვამკაცრებთ, ტრანსპორტს ამ ეტაპზე არ ვაჩერებთ"
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თბილისში ჯერჯერობით ტრანსპორტის შეზღუდვა არ იგეგმება. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება არის პირბადეების მოხმარება და ამ მიმართულებით გავამკაცრებთ ზომებს". "რაც შეეხება ამ ეტაპისთვის ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს ჯერჯერობით N1 გადაწყვეტას ამ პრობლემის, ვინაიდან აქ ჩვენ ვითვალისწინებთ როგორც დედაქალაქის სიმჭიდროვეს, ასევე, დედაქალაქში ყველა ღონისძიების დაცვის ხარისხს. მნიშვნელოვნად განსხვავდება აჭარასა და თბილისს შორის ყოველივე ამ ღონისძიების გატარების ხარისხი. ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება იმაში, რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში ჩვენ არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება" - თქვა ტიკარაძემ.
გრიპის ვაქცინის 25 000 დოზა საქართველოშია - მაღალი რისკის ჯგუფებს აცრა პოლიკლინიკებში შეეძლებათ
გრიპის ოთხვალენტიანი ვაქცინის პირველი 25 000 დოზა საქართველოში შემოვიდა. ფრანგული წარმოების ვაქცინა თბილისსა და რეგიონებში უკვე განაწილდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, მეორე ეტაპზე, 23 ოქტომბრის კვირაში კიდევ 135 000 დოზა შემოვა. "ეს 25 000 დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფებისთვის. პოლიკლინიკებში აიცრებიან ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფები - ორსულები, ბავშვთა და მოხუცთა სახლების ბინადრები, საბავშვო ბაღების პერსონალი, აივ ინფიცირებული და C ჰეპატიტის მქონე ადამიანები, რომლებიც გადიან მკურნალობას, ასევე, დიალეზზე მყოფი პაციენტები. მეორე ეტაპზე, როცა დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან დანარჩენი რისკ ჯგუფები - ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე (რესპირაციული დაავადებები, ასთმა) პაციენტები, 65 წელს ზემოთ თანმხლები დაავადებები ვისაც აქვთ, და ასევე, გულსისხლძარღვთა დაავადებები ვისაც აქვს, 65 წელს ზემოთ" - თქვა გამყრელიძემ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, სახელმწიფო მუშაობს, რომ დამატებით 100 000 დოზა გრიპის ვაქცინის მობილიზაცია გააკეთოს. "ამის შემოსვლის ალბათობა არის ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის შუა რიცხვები, ამიტომ, დაახლოებით ამ მოცულობით, რომელიც იქნება გასამმაგებული შარშანდელთან