ძებნის რეზულტატი:

"არაკორექტულია სხვა ქვეყნის იურიდიულ საკითხებში ჩარევა", - აზერბაიჯანის საელჩო პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში დავით-გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი გაკეთდა. „აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და ამაზე უკვე დაფიქსირდა პოზიცია. ოფიციალურმა აზერბაიჯანმა, მათ შორის პრეზიდენტის წარმომადგენელმა დააფიქსირა პოზიცია. არაკორექტული იქნება სხვა ქვეყნის იურიდიულ საკითხებში ჩარევა“, - განუცხადეს ქართველ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის საელჩოში. ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ბრალდებით 2 პირი დააკავა. დაკავებულები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. მათ ამ დროისთვის წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ცნობილია, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელიც იმ რუქის მომძიებლად სახელდება, რის საფუძველზეც პროკურატურამ ძიება დაიწყო, საქართველოში იმყოფება და სავალდებულო კარანტინს გადის.

NGO–ები საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპკორპუსს მიმართავენ

საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასა და მის რელევანტურ უწყებებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ თხოვნითა და მოწოდებით, მანდატის ქვეშ მიიღოთ ყველა სათანადო ზომა ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით და ხელი შეუწყოთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი გადმოყვანის პროცესს. ინფორმაციისთვის: საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გალის რაიონში 30 სექტემბერს დააკავეს კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე. ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფება, თავად ადასტურებს აფხაზეთის დროშის დაწვის ფაქტს, თუმცა უთითებს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად დაწვა სიმბოლურად. მას ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს. „ირაკლი ბებუას ოჯახს მასთან შეზღუდული კომუნიკაცია აქვს და მის მიმართ მოპყრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სანდო ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს. ირაკლი ბებუას სავარაუდოდ, დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატი და მისი ეფექტიანი დაცვის საკითხი ასევე პრობლემური შეიძლება გახდეს. ირაკლი ბებუას ოჯახი 1993 წლიდან აფხაზეთიდან დევნილია. 2016 წელს ირაკლი დაბრუნდა გალში ხანდაზმული ბებიის მოსავლელად და თბილისში დაბრუნება ვეღარ მოახერხა ე.წ. საზღვრის გადმოკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების არარსებობის გამო. აღსანიშნავია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია, მას ქრონიკული დაავადებები აქვს და გალში ჩაკეტვის შემდეგ, თითქმის 4 წელი არ იღებდა მისთვის აუცილებელ მკურნალობას, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ირაკლი ბებუას უკანონო დაკავება განსაკუთრებით ყურადსაღებია საქმის პოლიტიკური კონტექსტის და სენსიტიურობის გამო. სოციალურ ქსელებში დაკავებულ ირაკლი ბებუას მიმართ მძიმე კომენტარები კეთდება, ნაწილი მისი სასტიკი დასჯის მოთხოვნას აყენებს. უკანონო დაკავებები და დაკავების დროს არაადამიანური და სასტიკი მოპყრობა საოკუპაციო რეჟიმებს ახასიათებს. ამგვარ გარემოებებთან კავშირში არაერთი მძიმე საქმე გვახსოვს, მათ შორის, დე ფაქტო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების საქმე, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკული შემთხვევები.პრობლემურია აფხაზეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა და არასათანადო პირობები იქ მყოფი პატიმრებისთვის, რომლებიც ბაზისურ უფლებებსა და სათანადო საცხოვრებელ პირობებს არიან მოკლებულნი პენიტენციალურ დაწესებულებებში. ციხის მძიმე და არაადაპტირებული პირობები მძიმე დაავადებების გავრცელების მაღალ რისკებს შეიცავს და პირადი ცხოვრების დაცვის და პატივისცემის მინიმალურ გარანტიებსაც არ ქმნის. ოკუპაციის პირობებში სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შეზღუდულობა ქმნის სრული დაუსჯელობის და უმოქმედობის განცდას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური მექანიზმების გამოყენებით საერთაშორისო აქტორების ჩართულობას“,– ნათქვამია განცხადებაში. ირაკლი ბებუას საქმის კონტექსტის, მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, არასამთავრობოები საქართველოს მთავრობას მიმართავენ თხოვნითა და რეკომენდაციით: გამოიყენოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ფორმალური და არაფორმალური ფორმატები და ყველა დიპლომატიური მექანიზმი ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და გადმოცემის მიზნით;უზრუნველყოს სათანადო ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზომების მიღება მის გადმოცემამდე ირაკლი ბებუას უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით;მიიღოს პრევენციული პოლიტიკური ზომები, რომ ირაკლი ბებუას საქმე არ გახდეს გალში მცხოვრები ქართველების შევიწროების კიდევ ერთი საფუძველი.საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს: მიიღოთ სათანადო პოლიტიკური, დიპლომატიური და ადმინისტრაციული ზომები დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით. განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხელი შეუწყონ დაკავებული ირაკლი ბაბუას კომუნიკაციას ოჯახთან და მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლისა და მონიტორინგის პროცესს. განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) ადამიანის უფლებათა ცენტრი დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) პლატფორმა სალამი მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი

ევროპის საბჭო საქართველოში ახალი, 600 000-ევროიანი პროექტი დაიწყო

ევროპის საბჭომ საქართველოში ახალი, 600 000 - ევროიანი პროექტი „ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში“ დაიწყო. საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებების შემდგომ გაუმჯობესებაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას. მათი განმარტებით, პროექტი ხელს შეუწყობს პატიმრებისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მისაწვდომობის გაუმჯობესებას და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის კონტროლის ხარისხიანი შიდა მექანიზმის შექმნას. „პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი და შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და გაგრძელდება 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს პროექტის მმართველმა კომიტეტმა ჩაატარა პირველი შეხვედრა პროექტის სამუშაო გეგმის განსახილველად. გეგმა მოიცავს პროექტის სრულ პერიოდს და ემყარება პროექტის პარტნიორებისა და ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ გამოვლენილ საჭიროებებს. პროექტი ეყრდნობა მანამდე განხორციელებული ისეთი პროექტების ფარგლებში შეძენილ გამოცდილებას, როგორიცაა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობით ორ ეტაპად განხორციელებული ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ (2010-2017), და ევროპის საბჭოს პროექტი „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ (2018-2019)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პირბადე ღია სივრცეშიც ატარეთ - უწყებათაშორისო საბჭო მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რჩევები, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეინარჩუნონ მუშაობის დისტანციური რეჟიმი. "საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ხანდაზმულებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში მობილობა განსაკუთრებით მაღალია და ვირუსიც შესაძლოა უფრო სწრაფად გავრცელდეს, საბჭოს რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ, რამდენადაც ის მსოფლიოში ამ ეტაპზე თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გარდა ამისა, როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე აჭარაში დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ აჭარაში სტაბილური მაჩვენებლები ვირუსის საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 93 კი გარდაიცვალა.

ჰეიკო მაასი: ევროკავშირის სანქციების სიაში ლუკაშენკონც უნდა შევიდეს

ორშაბათს, ლუქსემბურგში, კოლეგებთან შეხვედრამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა თქვა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირმა სანქციების ახალ სიაში უნდა შეიყვანოს. "უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ბოლო შეხვედრიდან არაფერი შეცვლილა. ლუკაშენკოს რეჟიმი აგრძელებს ძალის გამოყენებას, ჩვენ ისევ ვხედავთ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას. ჩემი შემოთავაზებაა სანქციების ახალი პაკეტის მომზადება და ლუკაშენკო უნდა იყოს ერთერთი ამ სანქციების სიაში". – თქვა ჰეიკო მაასმა. ევროკავშირის მიერ 40 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის დაწესებული სანქციები 2 ოქტომბერს ამოქმედდა. სანქციები შეეხო მათ, ვისაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში ადანაშაულებენ. სანქციები არ შეეხო ალექსანდრ ლუკაშენკოს. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განმარტებით, სანქციების დაწესების შემთხვევში შეიძლებოდა ლუკაშენკოს აღარ შეესრულებინა ევროკავშირის მოთხოვნები. ევროკავშირის სანქციებზე საპასუხოდ ბელარუსმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს დაუწესა სანქციები. 2 ოქტომბერს აშშ-მ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, იური კარაევს და შვიდ სხვა მაღალი რანგის პირს სანქციები დაუწესა. ბელარუსის ხელისუფლბის წევრებს სანქციები ასევე დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ბალტიის ქვეყნებმა. კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

"პანდემიას გადავლახავთ, თუ რესურსს სწორად გამოვიყენებთ, თუ არადა ჩვენთან დიდხანს დარჩება"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ თუკი ქვეყნები თავიანთ ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოიყენებენ, კოვიდ - 19-ის გლობალურ პანდემიას მსოფლიო მალე დაძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის დიდხანს იარსებებს. „თუკი ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოვიყენებთ, ჩვენ მის მალე დასრულებას შევძლებთ, თუ არადა - ის ჩვენთან ძალიან დიდხანს დარჩება,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში გახდება. ცნობისათვის, Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 37 800 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 28 384 651 და დაღუპულია 1 082 254 ადამიანი.

პანდემიის გამო უხელფასოდ 162,905 მოქალაქე დარჩა - 200-ლარიანი კომპენსაციის სტატისტიკა

200-ლარიანი დახმარების პროგრამა, რომელსაც მთავრობა covid-19-ის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილებს ან უხელფასო შვებულებაში მყოფ მოქალაქეებს უხდის, ფინალში გადის. სწორედ ოქტომბრის ბოლომდე აიღებენ მოქალაქეები ბოლო, მე-6 თვის 200-ლარიან კომპენსაციას, თუმცა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების თანახმად, მოქალაქეები, რომელთა დამსაქმებლებმაც 1 ივლისამდე წარადგინეს განაცხადი, 200-ლარიან დახმარებას ნოემბერ-დეკემბერშიც აიღებენ. Bm.ge დაინტერესდა, სულ რამდენმა მოქალაქემ მიიღო 200-ლარიანი კომპენსცია და ჯამში, რა თანხაა დახარჯული პროგრამისთვის, რომლის ბიუჯეტად გიორგი გახარიას მთავრობამ 450 მლნ ლარი განსაზღვრა და სოციალური გასაცემელი, დაახლოებით, 350,000 მოქალაქეზე იყო გათვლილი. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 5 თვის განმავლობაში 200-ლარიანი დახმარება 161,905-მა უნიკალურმა ბენეფიციარმა/დასაქმებულმა მიიღო. რაც შეეხება ჯამურ თანხას, დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, ბენეფიციარებს ჯამში, 106 288 400 ლარი დაერიცხა, მაშინ როცა პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტში 450 მლნ ლარი ჩაიდო. თვეების მიხედვით კომპენსაციის მიმღებთა სტატისტიკა ასეთია: მაისი - 72 131 პირს გადაერიცხა 14 426 200 ლარი;ივნისი - 143 801 პირს გადაერიცხა - 28 760 200 ლარი;ივლისი - 127 430 პირს გადაერიცხა - 25 486 000 ლარი;აგვისტო - 96 765 პირს გადაერიცხა - 19 353 000 ლარი;სექტემბერი - 91 315 პირს გადაერიცხა - 18 263 000 ლარი; შეგახსენებთ: 2020 წლის 24 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც უმუშევრად დარჩენილებისთვის 6 თვის განმავლობაში 200 ლარის კომპენსაციასაც ითვალისწინებდა.

უნდა გავუშვათ თუ არა ბავშვები ბაღში და როგორ შევაგუოთ ახალ რეგულაციებს

12 ოქტომბერს, თბილისის 187 ბაღიდან, სასწავლო პროცესი 183 ბაღში განახლდა, 4 ბაღი, კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, ისევ გადაიდო. მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაღში ბავშვის მიყვანა, ამ პირობებში, რეკომენდირებული არ არის, ზოგი კი პირიქით მიიჩნევს. მშობელთა ნაწილი ამბობს, რომ მათი შვილები ახალ რეგულაციებს ვერ შეეგუებიან და ბაღში არმიყვანის მიზეზად, სწორედ ამას ასახელებენ. როგორ შევაგუოთ ბავშვი ახალ გარემოს, სწორია თუ არა მათი სახლში დატოვება და რამდენად სტრესულია ბავშვებისთვის ახალი რეგულაციები, „ევროპათაიმი“ ფსიქოლოგ მანანა პაჭკორიას ესაუბრა. - როგორც ფსიქოლოგი, როგორ აფასებთ ბაღის ახალ რეგულაციებს და რამდენად შესაძლებელია ბავშვებში ამ ახალმა წესებმა ფსიქოლოგიური სტრესი გამოიწვიოს? - თუ ბავშვი პირველად მიდის ბაღში, მისთვის ბაღი „რეგულაციების“ გარეშეც სტრესულია, რადგან ახალ გარემოსთან, ახალ შთაბეჭდილებებთან უწევს ადაპტაცია. ზოგადად ყოველი ცვლილება გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული და სტრესიც ორგანიზმის ჯანსაღი რეაქციაა. მთავარია სტრესთან გამკლავება, რაც მშობლებისა და აღმზრდელ-პედაგოგების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. მათ უნდა შეუქმნან ბავშვებს უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა, დაეხმარონ მათ დაძაბულობის მოხსნასა და განტვირთვაში. რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით არის შემუშავებული და პანდემიურ სიტუაციაში მისი დაცვა აუცილებელია ყველასთვის, მათ შორის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის. ამიტომ ბაღის პერსონალმა რომ შეძლოს რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, საჭიროა მათი გადამზადება. - რას ურჩევთ მშობლებს, როგორ მოამზადონ ბავშვები, რათა შედარებით მარტივად მიიღონ ახალი რეალობა? - როგორც ვხედავთ მთელი მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშეა და პანდემიამ სრულიად შეცვალა ცხოვრების ჩვეული რიტმი, რაც თავისთავად უარყოფითად აისახა ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით ბავშვებში. ამიტომ სწორი ინფორმირებულობა არის ერთადერთი გზა ბავშვებში შფოთვის და გაურკვევლობის შესამცირებლად, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დაშინების გზით. მე მესმის ბევრი მშობელი ემოციურად ლაბილურ მდგომარეობაშია და დღემდე ცდილობს პანდემიით გამოწვეულ სტრესთან შეგუებას. ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია. მაგრამ ისიც ვიცით, რომ მშობლის ემოციური ფონი ბავშვებზე აუცილებლად აისახება, ამიტომ თუ გვინდა, რომ ბავშვები დავიცვათ ნეგატიური ზემოქმედებისგან, ზოგადად როცა დავიწყებთ მსჯელობას ახალი კორონავირუსით გამოწვეულ რეგულაციებზე - ეს იქნება პირადად ბავშვთან, რომელიმე ოჯახის წევრთან თუ სამეგობრო წრეში - ჩვენ თვითონ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გაწონასწორებულობა, რადგან ბავშვები ჩვენს ქცევით მოდელებს იმეორებენ. ბავშვი უნდა იყოს ინფორმირებული ვირუსით გამოწვეული საფრთხეების შესახებ და იცოდეს მისი პრევენციის გზები, რამდენად აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, რეჟიმის დაცვა და ა. შ. შესაბამისი ილუსტრირებული ლიტერატურაც არის თარგმნილი, სპეციალურად ბავშვებიბსთვის ადაპტირებული, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უწევს რეკომენდაციას. როცა ბავშვებს ამ მასალას გავაცნობთ, ავუხსნით მათთვის გასაგებ ენაზე და შევამზადებთ, ისინი უფრო ადვილად მიიღებენ პანდემიით გამოწვეულ რეალობას. - შეიცავს თუ არა ფსიქოლოგიური სტრესის ნიშნებს იზოლაციის ოთახი? - როგორც გაწერილია ბაგა-ბაღებისთვის გაცემულ რეკომენდაციებში, თუ ბავშვს გამოუვლინდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, კერძოდ 37 ℃ ან 37 ℃ - ზე მეტი ტემპერატურა, გადაყვანილ უნდა იქნა საიზოლაციო ოთახში, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ ბავშვის მეთვალყურის გარეშე დატოვება დაუშვებელია. თუ ბავშვს გვერდით ეყოლება თავისი აღმზრდელი, ის მარტო არ იგრძნობს თავს, ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, იზოლაციის ოთახი რაიმე სტრესის შემცველია. ნებისმიერ სიტუაციაში ბავშვისთვის სიყვარულის და მხარდაჭერის გამოხატულებაა მთავარი, რომ მას ჰქონდეს დაცულობის განცდა. - ბევრი მშობელი არ აპირებს შვილის ბაღში მიყვანას, რამდენად სწორია გადაწყვეტილება და როგროც პროფესიონალი, რას ურჩევთ მათ? - პანდემიური ფონის გამო, მშობელმა თუ გადაწყვიტა ბავშვი ბაღში არ გაუშვას, ვერ ვიტყვით რომ არასწორად მოიქცევა. მითუმეტეს თუ სახლში ჰყავს დამტოვებელი და შეუძლია ბავშვს შეუქმნას შესაბმისი ასაკობრივი გარემო. მაგრამ ექიმების და დარგის სპეციალისტების მოსაზრებას რომ დავეყრდნოთ, ვირუსთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და თუ ეს გარდაუვალია, მაშინ რეკომენდაციების დაცვით მოგვიწევს ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ ცხოვრება. ამ შემთხვევაში ბავშვის ბაღში წაყვანაც ჩვეული რეჟიმის ნაწილი იქნება, მართალია გარკვეული შეზღუდვების დაცვით, მაგრამ ბავშვებისთვის უფრო რეალური და მეტად სოციალური გარემოს შექმნით. - ხომ არ გაქვთ რჩევა მშობლებისთვის, თუ როგორ შეუვსონ თანატოებთან კონტაქტის დანაკლისი, რასაც ბაღის არარსებობა აჩენს? - ბავშვებს რომ შეუვსონ თანატოლებთან კონტაქტის დანაკლისი, მშობლები და ოჯახის წევრები ხშირდა უნდა ეთამაშებოდნენ მათ. ძალიან კარგია, როცა ბავშვები ასაკის შესაბამისი დატვირთვით, ჩართულები არიან საშინაო საქმეებში: შეგიძლიათ მათთან ერთად დაგეგმოთ დღე, დაალაგოთ სახლი, მოამზადოთ სადილი, ამეცადინოთ ჰიგიენის წესების დაცვაში, შეეჯიბროთ ხელების დაბანაში. ყოველდღე ახალი აქტივობის მოფიქრება უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის მათ დღეებს. - რამდენიმე სიტყვით, როგორ გავუმკლავდეთ მორიგ კარანტინს, თუ ამის აუცილებლობა ისევ დადგება დღის წესრიგში? - იმდენად ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ, უფრო და უფრო მეტად გვჭირდება სწრაფი ადაპტაციის უნარი, რომ შევძლოთ კრიზისის შესაძლებლობად ქცევა, საკუთარი რესურსების მაქსიმალური გამოყენება. ამიტომ მე ვურჩევდი ყველას, გაეცნონ ფსიქოემოციურ განათლებას. ემოციების რეგულაცია შეგაძლებინებთ შეიმეცნოთ საკუთარი თავი, გაუგოთ და გამოხატოთ ემპათია სხვების მიმართ. ემოციური სტაბილურობა არის მყარი იმუნიტეტის საფუძველი, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. მოტივაციას და ენერგიას ფიზიკური დატვირთისგან და ვარჯიშისგან მიიღებთ, რაც დაგეხმარებათ პოზიტიური აზროვნების შენარჩუნებაში, ახალი საქმის შესწავლა კი გიხსნით რუტინისგან. გისურვებთ ემოციურ სიჯანსაღეს! გაეცანით ახალ რეგულაციებს: აკრძალვები: ბაღში არ დაიშვებიან უცხო პირები, მათ შორის მშობლები; არ დაიშვებიან სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვები / პედაგოგები / ადმინისტრაცია; აკრძალულია სახლიდან სათამაშოების მოტანა; აკრძალულია ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება; აკრძალულია ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას;აკრძალულია მისალმებისას ხელის ჩამორთმევა და სხვებთან შეხება. ვალდებულებები: ბაღის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს ბავშვების / პერსონალის ტემპერატურის კონტროლი; რესპირატორული სიმპტომების გამოვლენისას ბავშვი მაქსიმალურად სწრაფად უნდა წაიყვანოს მშობელმა; მშობლის დროულად არ მოსვლის შემთხვევაში ბაღი უკავშირდება 112; ბავშვების გარდა, ყველა სხვა პირი ბაღში დაიშვება მხოლოდ ნიღბით; ბაღებმა უნდა უზრუნველყონ გარე სივრცეში ხანგრძლივად თამაშის ხელშეწყობა; ბაღმა უნდა იცოდეს, ბავშვს აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე, ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში;სამზარეულოში ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65 C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით, მანამდე ორჯერ გაირეცხოს არანაკლებ 40 C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით. პერსონალი: პერსონალი ვალდებულია სამუშაო პროცესი განახორციელოს დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად; პერსონალი ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენა; დღის განმავლობაში, როდესაც ბავშვები არ იმყოფებიან ოთახებში (მაგ. არიან ეზოში) უნდა მოხდეს სათამაშო და საძინებელი ოთახების დასუფთავება/დეზინფექცია და განიავება; დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი; სამზარეულოში მუშაობის დროს გამოყენებული იქნეს ერთჯერადი ნიღაბი, თავსაბურავი და ხელთათმანი; სათამაშოები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან საკვები სოდის 2%-იანი ხსნარით; მუშაობის პერიოდში პერსონალმა უნდა უზრუნველყოს თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება. სპეციალურად „ევროპათაიმისთვის“

ცერცვაძე საქართველოში "რემდისივირის" შემოტანის თარიღს ასახელებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში პრეპარატი "რემდისივირი" დაახლოებით, 10–14 დღეში შემოვა. "25– 30 ოქტომბრიდან საქართველოს კოვიდ–ინფიცირებულ მოქალქეებს "რემდისივირით" მკურნალობის საშუალება ექნებათ", – განაცხადა ცერცვაძემ. მისივე თქმით, ცოტა შორეულ მომავალში საქართველოსთვის მონოკოლური ანტისხეულებიც გახდება ხელმისაწვდომი. "ერთი სიტყვით, ქვეყანაში რიგითი მოქალაქე ტრამპის სტანდარტით იქნება უზრუნველყოფილი", – დასძინა ცერცვაძემ.

ევროკავშირი ნავალნის მოწამვლის გამო მოსკოვს სანქციებს უწესებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დღეს მხარი დაუჭირეს ფრანგულ-გერმანულ ინიციატივას, რომ რუსეთს კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ნერვული აგენტით მოწამვლის გამო, სანქციები დაუწესონ. ბერლინმა და პარიზმა თავიანთი წინადადება, ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე გააჟღერეს. მათი თქმით, მოსკოვისგან არ მიუღიათ საფუძვლიანი განმარტებები, ქიმიურ იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დასკვნაზე, რომ ნავალნის სხეულში საბჭოთა დროის, აკრძალული ნერვული აგენტი, ე.წ. ნოვიჩოკი აღმოჩნდა.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოწამვლა „დაუსჯელი ვერ დარჩებოდა“. ევროკავშირის დიპლომატებმა, ახალი ამბების სააგენტო „როიტერს“ განუცხადეს, რომ გაერთიანების 27 საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, ამ გადაწყვეტილებაზე კონსენსუსია და რომ სანქციები ითვლისწინებს, რუსეთის შეირაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველოს რამდენიმე ოფიციალური პირისთვის (GRU) სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას. სანქციები სავარაუდოდ ძალაში მას შემდეგ შევა და დადასტურდება, რაც მათი ლეგალური მხარე მომზადდება.20 აგვისტოს, ალექსეი ნავალნი ციმბირის ქალაქ ტომსკიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენინსას ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს. ნავალნის სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ის ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტით მოწამლეს. მოსკოვი ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობას უარყოფს. 2018 წელთან შედარებით, ბრიუსელმა სანქციებზე შეთანხმება უფრო სწრაფად შეძლო. 2018 წელს დიდ ბრიტანეთში, ნოვიჩოკით ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი მოწამლეს. ევროკავშირი სანქციების დაწესებაზე თითქმის მთელი წლის განმავლობაში მსჯელობდა.

ფრანჩესკო ტოტის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

კოვიდ-19-ის მსხვერპლთა რიცხვს, დღეს, 12 ოქტომბერს, იტალიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის, “რომას” ყოფილი კაპიტანის, ფრანჩესკო ტოტის მამა, 76 წლის ენცო ტოტიც შეემატა. იგი რამდენიმე დღის წინ, რომის სპალანცანის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მწვავე პნევმონიით შეიყვანეს, მაგრამ ექიმების ყოველგვარი მცდელობა, უშედეგო აღმოჩნდა. რამდენიმე პათოლოგიის ფონზე, ორგანიზმმა ვირუსი ვერ დაძლია. ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ, ენცო ტოტიმ ინფარქტი გადაიტანა. ფეხბურთელს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მამასთან და მას იგი, ისევე როგორც ყველა, მშობლიურ ტრიგორიაში, შერიფს ეძახდა. ფრანჩესკო ტოტი მის წარმატებას, გარკვეულწილად მამას უმადლოდა. დიდი ალბათობით, ენცო ტოტის გავლენითაც მოხდა ისე, რომ შვილმა კარიერა “რომაში” დაიწყო და მიუხედავად სხვა კლუბებიდან თავბრუდამხვევი შემოთავაზებებისა, “რომაში” დაასრულა, 2017 წელს. წყარო

პრეზიდენტი დავით გარეჯის თემაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი აჟიოტაჟი პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენაა მიმართული. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველასთვის ნათელია, რომ გამოძიება 2006-2007 წლებში კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ეხება, და არა სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს. “ბოლო პერიოდში შექმნილი აჟიოტაჟი აშკარად არის კიდევ ერთხელ მიმართული პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენ. ამ შემთხვევაში საქმე ეხება დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ ვითარებას. იმის მიუხედავად, რომ ჩემს ბოლო სატელივიზიო ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე ამომწურავად ვისაუბრე, ხელოვნურად კვლავ იქმნება ფონი თითქოსდა ამ თემის ირგვლივ ჩემს მიმართ კითხვები კიდევ არსებობს. ამ დროს ყველასთვის ნათელია, რომ გამოძიება 2006-2007 წლებში კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ეხება, და არა ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს (18 მარტი 2004 – 19 ოქტომბერი 2005). ამის მიუხედავად, და იმიტომ რომ, პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, საჭიროდ მიმაჩნია კიდევ ერთხელ, საჯაროდ გაგიზიაროთ ჩემს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე, ეს ინფორმაცია შემიძლია ნებისმიერ დროს პირადად მივაწოდო პროკურორს. დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრების საკითხი ნამდვილად იყო ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც აზერბაიჯანელ ასევე, სომეხ კოლეგებთან შეხვედრების დროს. მაშინ, როგორც დღეს, მჯეროდა და მჯერა, რომ მყარი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები მოითხოვს საზღვრების დელიმიტაციას და საქმის ბოლომდე მიყვანას, რაც გამორიცხავდა სამომავლოდ ყველანაირ გაუგებრობებებსა და შესაძლო ინციდენტებს. მეორე მხრივ, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის საზღვრების სამართლებრივ დადგენას დიდი მნიშვნელობა აკისრია. აქედან გამომდინარე, ჩემი მინისტრობის პერიოდში, კომისიამ ორივე მიმართულებით იმუშავა, თუმცა, საბოლოო შეთანხმება ვერცერთ მხარესთან ვერ იქნა მიღწეული. ჩემი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო შეხვედრისას კომისიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი შეუთანხმებელი რჩებოდა, მათ შორის, იყო დავით გარეჯისა და წითელი ხიდის მონაკვეთები. საკითხის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩემს კოლეგა ელმარ მამედიაროვთან ერთად, შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მიგვემართა ქვეყნის პრეზიდენტებისთვის, რამეთუ საკითხის გადაჭრა, მხოლოდ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იქნებოდა შესაძლებელი. მე არ ვფლობ ინფორმაციას, ჩემი მინისტრობის შემდგომ პერიოდში, ანუ, 2005 წლის 19 ოქტომბრის შემდეგ, პრეზიდენტებმა განიხილეს თუ არა ეს საკითხი, ასევე, ჩემთვის უცნობია იმის შესახებ თუ როდის, ან რა პირობებში მოხდა საკითხის კომისიაში განსახილველად დაბრუნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კორონავირუსის ვაქცინაზე კლინიკური ცდები, ერთ-ერთ მონაწილეში „აუხსნელი დაავადების“ გამოწვევის გამო შეწყდა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson კორონავირუსის ექსპერიმენტულ ვაქცინაზე კლინიკურ ცდებს ერთ-ერთი მონაწილეში „აუხსნელი დაავადების“ გამოწვევის გამო წყვეტს. ”ჩვენი გაიდლაინების შესაბამისად, მონაწილის დაავადება განიხილება და ფასდება მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგის დამოუკიდებელი საბჭოს (DSMB), ასევე ჩვენი შიდა კლინიკური და უსაფრთხოების ექიმების მიერ. მოულოდნელი სერიოზული გვერდითი მოვლენის (SAE) დაფიქსირდების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ვაქცინასთან ან საკვლევ პრეპარატთან, ჩვენი კვლევები ჩერდება. სანამ კვლევის განახლების შესახებ გადაწვყვეტილებას მივიღებთ, ყველა სამედიცინო ინფორმაცია სიფრთხილით გადაიხედება," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. Johnson & Johnson-მა კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაზე ცდების მესამე ეტაპი 23 სექტემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან 60 000 ადამიანს უნდა მიეღო. ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე ცდის ფაზა 3-ის შეჩერების მეორე შემთხვევაა. გასულ თვეში, მონაწილეში გამოვლენილი ნერვოლოგიური გართულებების გამო, ცდები ბრიტანეთში, კომპანია AstraZeneca-ც შეაჩერა.

569 ახალი შემთხვევა და 329 გამოჯანმრთელებული - ახალი სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12841 -ს შეადგენს. stopcov.ge-ის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 329 და გარდაიცვალა 9 პაციენტი. ზოგადი სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 12841 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 6867 მათ შორის გარდაცვლილი – 102 კარანტინის რეჟიმში – 5590 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1393

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს. ამავე მონაცემების თანახმად, დღემდე კოვიდ 19-სგან 28 608 404 ადამიანი განიკურნა, 1 085 482 კი - გარდაიცვალა. ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული შეერთებულ შტატებშია, სადაც კორონავირუსის 8 037 789 შემთხვევაა გამოვლენილი, მეორე ადგილზეა ინდოეთი, 7 175 880 ინფიცირებულით, მესამეზე კი - ბრაზილია, სადაც კოვიდ 19, საერთო ჯამში, 5 103 408 ადამიანს დაუდასტურდა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 207 აჭარაში დადასტურდა. "თბილისში არ გაქვს მკვეთრი ზრდა და ძალიან კარგია, 168 პაციენტია დადასტურებული. იმერეთში 117 პაციენტი, შიდა ქართლში - 25, ქვემო ქართლში - 7, სამეგრელო- ზემო სვანეთში - 24, გურიაში - 8, კახეთსა და მცხეთა მთიანეთში - 5-5 ახალი შემთხვევა და სამცხე-ჯავახეთში - 3". – ამბობს ენდელაძე. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 9 გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ლელომ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა

პარტია ლელომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა. ხაზარაძე დავით უსუფაშვილმა დაასახელა და თქვა, რომ ის არის ევროპული სტილის ქართველი პატრიოტია. მამუკა ხაზარაძე – ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ინჟინერი, თიბისი ჯგუფისა და პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ბიოგრაფიადაიბადა 1966 წლის 29 დეკემბერს ქალაქ თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1988 წელს. იყო საპროექტო ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი 1988-1990 წლებში. 1991 წელს იგი იყო ფირმა „სანსის“ დირექტორი. 1991 წლიდან — „TBC თბილისის ბიზნეს ცენტრის“ პრეზიდენტი. 1995 წლიდან კომპანია „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების“ დამფუძნებელი და პარტნიორი. 2004 წელს დააფუძნა კომპანია „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია“, ამჟამად არის კომპანიის პარტნიორი. 2007 წლიდან — პროექტის „ლისის ტბის განვითარება“ პრეზიდენტი. იყო „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 1992-2019 წლებში. 2014 წელს Ernst & Young-მა გადასცა საქართველოს „წლის მეწარმის“ ჯილდო. 2019 წლის 12 სექტემბერს დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“.

ქუჩის მხატვარმა მანჩესტერში იენ კერტისის გიგანტური გრაფიტი დახატა

მანჩესტერში ქუჩის არტისტმა AKSE-19-მა ლეგენდარული მუსიკოსის იენ კერტისის 6-მეტრიანი გრაფიტი დახატა. მანჩესტერელი იენ კერტისი ლეგენდარული პოსტ-პანკ ბენდის Joy Division-ის ფრონტმენი იყო. 1980 წელს კერტისმა საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბენდის მეორე ალბომი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა. ფრონტმენი წლების განმავლობაში დეპრესიას ებრძოდა. გრაფიტი მენტალურ დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გაიხსნა. "ჩემი გრაფიტის მესიჯია, თუ ცუდად გრძნობ თავს - ეძიე დახმარება", – ამბობს ავტორი.

"საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტრანზიტი არ ხორციელდება"

საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომელიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში, მხოლოდ ჰუმანიტარული, სამოქალაქო ხასიათისაა და სრულად შეესაბამება იკაო-ს სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა. როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, ყარაბაღში ესკალაციის დაწყებისთანავე, საქართველოს მხრიდან შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი სახმელეთო და საჰაერო გზით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით. „კიდევ ერთხელ გვინდა, განვაცხადოთ, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომელიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა, სრულად შეესაბამება იკაო-ს სტანდარტებს. საქართველო კვლავ აგრძელებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, ჰუმანიტარული და სამოქალაქო, მათ შორის კომერციული ტვირთების გატარების მხრივ. აღნიშნული ხორციელდება საერთაშორისო სამართლიან ნორმებთან, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის იკაო-ს რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში. მიუხედავად ამისა, საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება, თითქოსდა სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება სამოქალაქო ფრენების მეშვეობით. კონკრეტული გადამზიდავისა და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა, სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები. დარღვევის აღმოჩენისა და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საქართველო მოახდენს შესაბამის რეაგირებას, დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის იკაო-ს წინაშე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ. ცნობისთვის: ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. საბრძოლო მოქმედებებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი საქართველოს გავლით შეიარაღებას იღებდა და პირიქით, სომხეთი იღებდა შეიარაღებას. შეგახსენებთ, რომ საქართველო აღნიშნულ კონფლიქტთან მიმართებაში ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და მხარეებს მოლაპარაკებებისთვის თბილისში შეხვედრას სთავაზობს.

ბათუმის სათნოების სახლში COVID-19 კიდევ 22-მა ბენეფიციარმა დაამარცხა

ბათუმის სათნოების სახლში, სავანეში, კორონავირუსი კიდევ 22-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყველაზე ხანდაზმული ბენეფიციარი, რომელიც COVID-19-ისგან განიკურნა, 73 წლის კაცია. მათივე ცნობით, ჯამში კორონავირუსი მოხუცთა თავშესაფრის 33-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. ყველა მათგანი თავშესაფარს დაუბრუნდა. კლინიკებსა და კოვიდ სასტუმროებში ამჟამად მკურნალობის კურსს სავანის 15 ბენეფიციარი გადის. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებაში პერიოდულად ტარდება ბენეფიციართა PCR ტესტირება და ამ ეტაპზე თავშესაფარში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. ბოლო 24 საათში დადასტურებული ინფიცირების 569 ახალი შემთხვევიდან 207 აჭარაში აღირიცხა. აჭარაში ინფექციისგან კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა და 248 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 13 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.