ძებნის რეზულტატი:

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს 500-საწოლიანი საველე ჰოსპიტალის მოწყობას სთხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ტერიტორიაზე 500-საწოლიანი საველე ჰოსპიტალის მოწყობას სთხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი წერილი აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ ანუამ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს 12 ოქტომბერს გაუგზავნა. ”გთხოვთ, დაუყოვნებლივ აღმოგვიჩინოთ დახმარება აფხაზეთის რესპუბლიკაში დროებითი, 500-საწოლიანი საველე სამედიცინო ჰოსპიტალის განთავსებით, ასევე სამედიცინო პერსონალის, სპეციალიზირებული აღჭურვილობისა და საჭირო მედიკამენტების მოწოდებით“,- ნათქვამია წერილში. ე.წ. თავდაცვის მინისტრი წერილში აღნიშნავს, რომ „ქვეყანაში“ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.

პეტრო პოროშენკო კორონავირუსისგან განიკურნა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კორონავირუსისგან განიკურნა. პოროშენკო მკურნალ ექიმებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მათი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად ის კვირა-ნახევარში გამოჯანმრთელდა. უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს COVID-19, 3 ოქტომბერს დაუდასტურდა. ვირუსი მის შვილსაც გამოუვლინდა.

"ედისონ რისერჩი" - საქართველოს მოსახლეობის 64% მხარს უჭერს აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნას ქვეყანაში

კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 64% მხარს უჭერს აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნას ქვეყანაში. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურად გაუზიარა „ედისონ რისერჩის“ ვიცეპრეზიდენტმა, ნინო ჯაფარიძემ. როგორც მან განმარტა, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნას, როგორც ქვეყნის დაცულობის ერთ-ერთ გზას, თავიანთ სტატიებში არაერთი ქართველი მკვლევარი განიხილავს: „ძალიან დამაინტერესა მოსახლეობის აზრმა ამ საკითხთან მიმართებით და მინდა გაგიზიაროთ. კითხვა დავსვით ასე: მომხრე ხართ თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას ამერიკული სამხედრო ბაზა? მე-5 კვლევის შედეგმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 64% არის მომხრე, რომ საქართველოში გაიხსნას აშშ-ის სამხედრო ბაზა. 36% უარყოფითად უყურებს ამ საკითხს და იმასაც ვიტყოდი, რომ გასულ წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა მოსახლეობის პროცენტი, რომელიც მომხრეა, რომ საქართველოში გაიხსნას აშშ-ის ბაზა". ნინო ჯაფარიძის თანახმად, მსგავს შეკითხვას ერთი წლის წინანდელ გამოკითხვაში დადებითად უპასუხა გამოკითხულთა 51%-მა. ის არ გამორიცხავს, რომ მხარდამჭერთა ზრდა გაპირობებული იყოს მთიანი ყარაბაღის საკითხზე დაპირისპირების გამწვავებითა და ორ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობით. გასათვალისწინებელია, რომ „ედისონ რისერჩის“ გამოკვლევის მე-5 ტალღა 25 სექტემბერი - 7 ოქტომბრის შუალედში ჩატარდა: „შესაძლებელია, ამ კონტექსტშიც საქართველოს მოსახლეობა არ გრძნობს თავს დაცულად“.

საფრანგეთის 9 დიდ ქალაქში, კომენდანტის საათი გამოცხადდა

საფრანგეთში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, 9 ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი წესდება. შესაბამისი ინფორმაცია მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიაწოდა. მისი განცხადების თანახმად, „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს საღამოს 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. კომენდანტის საათი მოიცავს პარიზსა და კიდევ რვა ქალაქს: რუანს, ლილს, სენტ-ეტიენს, ლიონს, გრენობლს, მონპელიეს, მარსელსა და ტულუზას. პრეზიდენტის განცხადებით, ახალი შეზღუდვა შაბათიდან, 17 ოქტომბრიდან, ამოქმედდება და მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ასევე შაბათიდან გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა. მაკრონის განცხადებით, ვინც “კომენდანტის საათის” წესებს დაარღვევს, 135 ევროთი დაჯარიმდება. მისივე თქმით, სანამ “კომენდანტის საათი” გაგრძელდება, “ხალხმა უნდა დაივიწყოს ღამით რესტორნებში ან მეგობრებთან სახლებში ვიზიტები”. ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადაუდებელი მგზავრობა კვლავ დაიშვება.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საარტილერიო დაბომბვის განახლებაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევასა და საარტილერიო დაბომბვის განახლებაში ადანაშაულებენ. „სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით, გორანბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბედის რეგიონების ტერიტორიების საარტილერიო დაბომბვა დაიწყეს,“- ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თავის მხრივ, ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის უწყებაც და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს მძიმე არტილერიის გამოყენებაში ადანაშაულებს. „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მძიმე არტილერიის გამოყენებით არცახის დაბომბვას განაგრძობენ. ისინი თავდასხმას ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებით ახორციელებენ,“- აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი. ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა.

"თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელ არმიას გავანადგურებთ"

"თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელ არმიას გავანადგურებთ", - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოცემა Haber Türk-სთან ინტერვიუში განაცხადა. „რომ შევაფასოთ ყველაფერი, რაც ამ დროის განმავლობაში გავანადგურეთ, 1-2 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება. ისმის კითხვა – ღარიბო სომხეთო, სად გქონდა ამდენი ფული? ეს ფულით იყიდე? - არა. შენ ეს მოგცეს. ვინ მოგცა, ყველამ იცის. თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელ არმიას გავანადგურებთ! ამიტომაც, რაც უფრო ადრე შეწყვეტენ ომს, მით უფრო მეტ ტანკსა და ქვემეხს შეინარჩუნებენ. რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, იქ 5 ათასი სამხედრო იმყოფება. აქვს თუ არა თურქეთს აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა? - არა. სომხეთის საზღვარს ირანთან და თურქეთთან რუსი მესაზღვრეები იცავენ. არიან აზერბაიჯანის საზღვარზე თურქი მესაზღვრეები? - არა. ამიტომ ნურავინ დაგვადანაშაულებს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტას დათანმხდნენ, პირობა დაირღვა. დღეს კი ისინი საარტილერიო დაბომბვის განახლებაში, ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები მკაცრდება

გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და ქვეყნის 16 ფედერაციული მხარის პრემიერებს შორის გამართული რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს. შეზღუდვების თანახმად, გავრცელების ცხელ წერტილებში, ანუ იმ ტერიტორიებზე, სადაც ბოლო 7 დღის განმავლობაში ყოველ 100 000 სულ მოსახლეზე ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა აიკრძალება, კერძო სივრცეებში კი 10 ადამიანთან ერთად მაქსიმუმ 2 მასპინძლის ყოფნა იქნება დასაშვები. რაც შეეხება იმ ტერიტორიებს, რომლებიც გავრცელების ცხელ წერტილებად არ ითვლება, საზოგადოებრივ ადგილებში 25 პირზე მეტის შეკრება აიკრძალება, კერძო შეკრებებზე კი 15-მდე ადამიანის თავშეყრა იქნება ნებადართული. გარდა ამისა, გავრცელების ცხელ წერტილებში პაბები და რესტორნები ღამის 11 საათისთვის დაიკეტება. აღსანიშნავია, რომ ბერლინსა და ფრანკფურტში ეს შეზღუდვა უკვე ძალაშია. იმ რეგიონებში, სადაც ყოველ 100 000 სულ მოსახლეზე ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, პირბადეების გამოყენება სავალდებულო ხდება იმ საზოგადოებრივ სივრცეებში, სადაც მოქალაქეებს ერთმანეთთან ახლოს ყოფნა უწევთ. ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ მას სურს, თავიდან აიცილოს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ჩაკეტვა, როგორც ეს გაზაფხულზე მოხდა.

ტრამპი და ბაიდენი მეორე დებატების ნაცვლად ამომრჩევლებთან პარალელურ შეხვედრებს გამართავენ

აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და 2020 წლის არჩევნებში მის მთავარ კონკურენტ ჯო ბაიდენს შორის მეორე დებატები 15 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ამის ნაცვლად კანდიდატები არმომრჩევლებთან პარალელურ შეხვედრებს გამართავენ, სადაც ისინი ამომრჩევლების კითხვებს უპასუხებენ. დებატების გაუქმების მიზეზი ახალი კორონავირუსი გახდა. პირველი დებატების შემდეგ პრეზიდენტ ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მას რამდენიმე დღის საავადმყოფოში, შემდეგ კი იზოლაციაში გატარება მოუხდა. ამის გამო საარჩევნო დებატების კომისიამ ფორმატის შეცვლა და ონლაინ გადატანა გადაწყვიტა, რაზეც ტრამპმა უარი თქვა. მესამე საპრეზიდენტო დებატები 22 ოქტომბერს არის ჩანიშნული. RealClearPolitics-ის მიერ დაანგარიშებული ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვების საშუალო შედეგებით ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 9.2 ქულით უსწრებს. NBC-ს და Wall Street Journal-ის გამოკითხვის მიხედვით, 53% მხარს ბაიდენს უჭერს, 39% კი ტრამპს. Fox News-ის გამოკითხვაში ბაიდენმა 51% აიღო, ტრამპმა კი 46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისი განცხადება ინფექციურ საავადმყოფოში მარინა ენდელაძემ გააკეთა. „თებერვლიდან დღემდე სულ დარეგისტრირებულია 14 440 შემთხვევა. როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება და დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა შეადგენს 919-ს“, - განაცხადა ენდელაძემ.

ენტონი ფაუჩი - წლის ბოლომდე აშშ-ში ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა გვექნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, წლის ბოლომდე აშშ-ში ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა იქნება. „ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში უკვე გვეცოდინება, გვაქვს თუ არა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ქვეყანაში მისი რამდენიმე მილიონი დოზა გვექნება“, - განაცხადა ფაუჩიმ. მან იმედი გამოთქვა, რომ უკვე 2021 წლის გაზაფხულისთვის ვაქცინა აშშ-ის თითოეული მოაქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. აშშ-ში ამჟამად ვაქცინის შექმნაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს.

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. "დედაქალაქ ბიშკეკში საზოგადოებრივი და პოლიტიკური სიტუაცია კვლავ დაძაბულია. გუშინ პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა და მე მათ დანიშვნას ხელი მოვაწერე, თუმცა ამან ვერ განმუხტა დაძაბულობა. სამწუხაროდ, არ იკლებს აგრესია და ჩემი გადადგომის მოთხოვნები. არსებული ვითარება ახლოსაა ორმხრივ კონფლიქტთან. ერთ მხარეს არიან მომიტინგეები, მეორე მხარეს სამართალდამცავი ორგანოები. შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავები ვლადებულები იქნებიან იარაღი გამოიყენონ სამთავრობო რეზიდენციების დასაცავად. ამ შემთხვევაში, სისხლი დაიღვრება, ეს გარდაუვალია. მოვუწოდებ ყველა მხარეს არ წამოეგონ პროვოკაციებს. ჩემთვის ყირგიზეთში მშვიდობა, ერთობა და საზოგადოებაში სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემთვის ჩემი ყოველი თანამემამულის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია. მე არ ვებღაუჭები ძალაუფლებას. არ მსურს ყირგიზეთის ისტორიაში დავრჩე, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც სისხლი დაღვარა და ცეცხლი გაუხსნა საკუთარ მოქალაქეებს. ამიტომ მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება. მოვუწოდებ ჯაფაროვს და სხვა პოლიტიკოსებს, გაიყვანონ საკუთრი მომხრეები დედაქალაქიდან და ბიშკეკს მშვიდობიანი ცხოვრება დაუბრუნონ. არცერთი ძალაუფლება არ ღირს ქვეყნის ერთობად და საზოგადოების თანხმობად". - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 4 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მასშტაბური აქციები მოჰყვა, რადგან აღმოჩნდა, რომ 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16-დან მხოლოდ ოთხმა პარტიამ შეძლო. მანდატების ნახევარზე მეტი ორ პარტიას შორის გადანაწილდა. ერთ-ერთი მათგანი მოქმედი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის პარტია ერთობაა, მეორე კი პარტია ჩემი სამშობლო ყირგიზეთი, რომლის უკანაც მატრაიმოვების ოჯახი დგას. ამან მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მალევე აქციების განვითარებამაც რადიკალური მიმართულება მიიღო, მომიტინგეებმა აიღეს სამთავრობო შენობები და პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი პოლიტიკოსები, მათ შორის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი. აქციების ფონზე ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა. შედეგად, ხელახალი არჩევნების ჩატარების დრო უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა დასახელდეს. ჟეენბეკოვმა დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თქვა, რომ მზად არის თანამდებობა დატოვოს, თუ დამტკიცდება გარდამავალი ხელისუფლება და დაინიშნება არჩევნები. ქვეყნის პრემიერმინისტრად ყოფილი პარლამენტარი და დემონსტრანტების მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული, სადირ ჯაფაროვი აირჩიეს. თავდაპირველად ჟეენბეკოვმა ჯაფაროვი პოსტზე არ დაამტკიცა და პარლამენტს სთხოვა, ხელახალი კენჭისყრა ჩაეტარებინათ. მას შემდეგ, რაც ჯაფაროვი პარლამენტმა მეორედ აირჩია, ჟეენბეკოვმა მისი დამტკიცების ბრძანებას ხელი მოაწერა. განმეორებითი არჩევნები, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ელის, ჯერ კიდევ არ არის დანიშნული.

"ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში ბრუნდება და თან PCR ტესტი ექნება, საკანატინო სივრცე აღარ დასჭირდება"

საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც თან PCR ტესტი ექნებათ, საკარატინოსივრცე აღარ დასჭირდებათ. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დაემატება და გაიხსნება ახალი ფრენები, საქართველოს მოქალაქეების საკარანტინე სივრცეებში გადაყვანის სქემა შეიცვლება. “ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში ბრუნდება და თან PCR ტესტი ექნება, საკანატინე სივრცე აღარ დასჭირდება. ექნება შესაძლებლობა 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდეს. ეს ის მოთხოვნაა, რაც მან უნდა დააკმაყოფილოს. მოქალაქეებს, რომელთაც PCR ტესტი არ ექნებათ, შეეძლებათ, ზუსტად ისევ ისე გამოიყენონ საკარანტინე სივრცე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლისთვის რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის, სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს და ქიმიური კვლევის ცენტრს, ორგანული ქიმიის და ტექნოლოგიის რუსეთის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტს. სანქცირებულებს შორის არიან: ალექსანდერ ბორტნიკოვი - ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორი, პაველ პოპოვი - თავდაცვის სამინისტროს მინისტრის მოსადგილე, ალექსეი კრივორუჩკო - თავდაცვის მინისტრი მოადგილე, ანდრეი იარინი - პრეზიდენტის აღმასრულებელ ადმინისტრაციაში პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის დირექტორატის ხელმძღვანელი, სერგეი კირიენკო - პრეზიდენტის აღმასრულებელი ადმინისტრაციის შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი მენიაილო - ვლადიმირ პუტინის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ციმბირის ფედერალურ რაიონში. რაც შეეხება, ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს (GosNIIOKhT), ეს არის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც ევალება საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებული ქიმიური იარაღის მარაგების განადგურება. 1994 წლამდე ორგანიზაცია ქიმიურ იარარებს ავითარებდა, მათ შორის, ნოვიჩოკს. ევროკავშირის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "იმის გათვალისწინებით, რომ ალექსეი ნავალნი მეთვალყურეობის ქვეშ იყო მისი მოწამვლის დროს, გონივრულია დავასკვნათ, რომ მოწამვლა მხოლოდ ფედერალური უშიშროების სამსახურის ჩართულობით იყო შესაძლებელი," - ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში. ევროკავშირისვე განცხადებით, სანქციები არის ნაწილი იმ ქმედებებისა, რითაც უნდა შეეწინააღმდეგონ "ქიმიური იარაღების გამოყენებას და გავრცელებას". რუსეთი ნავალნის საქმეზე სანქციების დაწესებაზე ევროკავშირთან დიალოგის გაწყვეტით იმუქრება. ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან 22 სექტემბერს 32-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ნავალნიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 დღე გაატარა. ის გერმანიაში რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე დარჩება. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ნავალნის მოწამვლის საქმე ბადებს "ძალიან სერიოზულ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და მათ ეს უნდა გააკეთონ". თავად ალექსეი ნავალნიმ თავის მოწამვლაში ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა. "მე მჯერა, რომ პუტინი ამ დანაშაულის უკან დგას და მომხდარის შესახებ არ მაქვს სხვა ვერსია". - განაცხადა ნავალნიმ გერმანულ მედიასთან საუბრისას. ქიმიური იარაღის ნოვიჩოკის შესახებ ვრცლად წაიკიტხეთ ტაბულას სტატიაში - კრემლის პრობლემების საბჭოთა წამალი - რა არის "ნოვიჩოკი"? ალექსეი ნავალნიზე ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში - "უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის - ვინ არის ალექსეი ნავალნი".

ქართული გასტრონომია Bocuse d’Or ევროპის კონტინენტურ ჩემპტიონატში მონაწილეობს

ისტორიაში პირველად, საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია Bocuse d’Or (ბოკუს დორი) ევროპის კონტინენტურ ჩემპტიონატში მონაწილეობს. ჩემპიონატი 2020 წლის 15 და 16 ოქტომბერს, ტალინში იმართება და მასში მონაწილეობას 20 ქვეყანა ღებულობს. გასტრონომიული ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო გასტრონავტის დამფუძნებელი და Bocuse d’Or საქართველოს ორგანიზატორი ლევან ქოქიაშვილი, გუნდთან ერთად ტალინში იმყოფება. „ჩვენ მიერ წარდგენილ კერძს 15 ევროპული ქვეყნის წამყვანი შეფმზარეული გასინჯავს, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში არამხოლოდ სარესტორნო ბიზნესით არიან დაკავებული, არამედ სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს ეწევიან, ასწავლიან უნივერსიტეტებში და საფუძვლიანად უღრმავდებიან თავიანთი ქვეყნის კულტურას და გასტრონომიას. შესაბამისად, ეს სხვა მოწოდების სიმაღლეზე მდგარი ღონისძიებაა, სადაც ისეთ დეტალებზეა საუბარი, როგორებიცაა გასტრონომიური ტრადიციები, ტექნიკები, მიდგომები, მზარეულთა ტაქტიკები, სადაც კარგად იკვეთება ქვეყნის გასტრონომიული ხელწერა და გვეძლევა საშუალება დავიკავოთ ჩვენი უნიკალური ნიშა მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თუ ჩვენ, საქართველოს, გვაქვს საუკეთესო გასტრონომიული მემკვიდრეობის ქონის პრეტენზია, მაშინ, სწორედ, ესაა ის ადგილი, სადაც ამის დამტკიცება შეიძლება, სადაც საუკეთესო მზარეულები გამოგვცდიან და შეგვამოწმებენ, მსოფლიო დონის შეფ მზარეულის, კლერ სმიტის, თაოსნობით. შედეგად ეს გახდება ლაკმუსის ქაღალდი იმისა, რომ მივხვდეთ ვართ თუ არა მსოფლიში ერთ-ერთი გამორჩეული. თუ ჯერ არა ვართ, მაშინ გავიგებთ რა უნდა გაკეთდეს მიზნის მისაღწევად", - აცხადებს ლევან ქოქიაშვილი. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, საქართველო ოფიციალურად გახდა Bocuse d’Or-ის ოჯახის ახალი წევრი და პირველად უმასპინძლა ქვეყანაში ნაციონალურ შესარჩევ შეჯიბრს. სწორედ ამიტომ ღებულობს საქართველო მონაწილეობას Bocuse d’Or ევროპის კონტინენტურ კონკურსში. ბოკუს დ’ორი, 30 წლიანი ისტორიის მქონე, რევოლუციური და ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატია, რომელიც მსოფლიოს ოთხივე კონტინენტიდან, ახალგაზრდა და ნიჭიერ შეფ-მზარეულებს აერთიანებს. საქართველოს გუნდის სახელით, ჩემპტიონატზე ქვეყანას წარადგენენ, პირველი ბოკუს დ’ორ საქართველოს გამარჯვებული ერიკ სარქისიანი, Bocuse d’Or საქართველოსა პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გუნდის მწვრთელი ირაკლი თოდაძე და დამხმარე მზარეული - ლუკა ხინკალაძე. ევროპის კონტინენტურ შეჯიბრში გამარჯვებული შეფები, თავიანთ ქვეყნებს 2021 წელს, ლიონში დაგეგმილ ფინალზე წარადგენენ, რომელიც თავის მხრივ, ყოველ ორ წელიწადში, მსოფლიოს წამყვანი გასტრონომიული გამოფენა „სირას“ ფარგლებში ტარდება. Bocuse d’Or საქართველოს ორგანიზატორი გახლავთ გასტრონომიული ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა და საქართველოს კულინარიულ ფედერაციასთან ერთად. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს გუნდის გამოსვლა დღეს, თბილისის დროით 11:30-ზე დაიწყო.

ფიზიკოსებმა პირველი ოთახის ტემპერატურის ზეგამტარი აღმოაჩინეს

ფიზიკოსები ათწლეულების განმავლობაში ოცნებობდნენ აღმოეჩინათ მასალა, რომელიც დაუბრკოლებლად, წინაღობის გარეშე შეძლებდა ყოველდღიურ ტემპერატურებზე ელექტრობის გატარებას. ეს დიდი ოდენობით ენერგიას დაზოგავდა და რევოლუციურად გარდაქმნიდა არსებულ ტექნოლოგიებს. ოთხშაბათს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, მკვლევართა გუნდმა გამოაცხადა, რომ შექმნა ზეგამტარი, რომელიც 14.4 გრადუს ცელსიუსზე მუშაობს. ეს ნივთიერება ჯერ-ჯერობით შორსაა პრაქტიკული გამოყენებისგან, რადგან ზეგამტარობის უნარს მხოლოდ უზარმაზარი წნევის ქვეშ იძენს. წნევა, რომელზეც ახალაღმოჩენილი ნაერთი ზეგამტარი ხდება დედამიწის ბირთვში არსებული წნევის 75%-ს უტოლება. თუმცა, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მომდევნო ექსპერტიმენტებში შეძლებენ მასალის ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც ზეგამტარობას მაღალი წნევის გარეშე შეინარჩუნებს. "საბოლოოდ, ჩვენ გვინდა დავიყვანოთ წნევა თითქმის ატმოსფერულ წნევაზე, რათა ამ აღმოჩენის გამოყენება შევძლოთ," - ამბობს როჩესტერის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი და Nature-ის სტატიის მთავარი ავტორი რანგა დიასი. პირველი ზეგამტარები ელექტრულ წინაღობას მხოლოდ უკიდურესად ცივ, აბსოლუტურ ნულთამ მიახლოებულ ტემპერატურებზე კარგავდნენ. 1980 წელს ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ეგრედ წოდებული მაღალი ტემპერატურის ზეგამტარები, მაგრამ მაშინაც ზეგამტარობა გაცილებით უფრო დაბალ ტემპერატურაზე ხდებოდა ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. ახალი კვლევა ეფუძნება ათწლეულების წინ გაკეთებულ პროგნოზს, რომ წყალბადი, თუ სათანადო წნევას შევუქმნით, ოთახის ტემპერატურაზე გარდაიქმნება მეტალად ხოლო შემდეგ ზეგამტარად. სამი წლის წინ დოქტორ დიასმა, ჰარვარდის ფიზიკის პროფესორთან ისააკ სილვერასთან ერთად, წყალბადის მეტალური ფორმის წარმოქმნა შეძლო. ამ მტკიცებას, რომლის გამეორებაც არ მომხდარა, ბევრი მეცნიერი დღემდე სკეპტიკურად უყურებს. 2015 წელს მაქს პლანკის ქიმიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მიხაილ ერემეცმა აჩვენა, რომ წყალბადის სულფიდი - მოლეკულა რომელიც წყალბადის ორი და გოგირდის ერთი ატომისგან შედგება - გარდაიქმნება ზეგამტარად -71 გრადუს ცელსიუსზე როდესაც წნევა 1.5 პასკალს უტოლდება (9979032 კილოგრამი 2.5 კვადრატულ სანტიმეტრზე). ეს იმ დროისთვის ზეგამტარისთვის რეკორდულად თბილის ტემპერატურა იყო. შემდეგ ემერეცმა და სხვა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ლანთანუმის ჰიდრიდი (ნაერთი რომელიც წყალბადს და ლანთანუმს შეიცავს) აღწევს ზეგამტარობას -23 ცელსიუსზე. ახალაღმოჩენილი ნაერთი სამი ელემენტისგან შედგება: წყალბადი, გოგირდი და ნახშირბადი. ამ სამი ატომის გამოყენებით, მეცნიერებმა შეცვალეს ელექტრული თვისებები ისე, რომ მიეღწიათ ზეგამტარობისთვის უფრო მაღალ ტემპერატურებზე. ზეგამტარის შესაქმნელად, მეცნიერებმა შეკუმშეს ნივთიერება ორ ალმასს შორის უზარმაზარი წნევის ქვეშ (18143694.8 კილოგრამი 2.5 კვადრატულ სანტიმეტრზე). ულტრამაღალი წნევები ამჟამინდელ ზეგამტარს პრაქტიკულად უვარგისად ხდის, მაგრამ შესაძლებელია, რომ ნაერთის მომავალმა ვარიანტებმა სტრუქტურის შენარჩუნება მაშინაც შეძლოს, როდესაც წნევას მოვაშორებთ - რასაც მეცნიერები მეტასტაბილურობას უწოდებენ. "დიდი ოდენობით მეტასტაბილური ნაერთის წარმოსაქმნელად სხვადასხვა მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ. შესაძლოა გავზარდოთ ის, როგორც ალმასს ვზრდით ლაბორატორიაში." - ამბობს დოქტორი დიასი . მაღალი წნევების ფიზიკაზე მომუშავე მეცნიერები ფიქრობენ, რომ კიდევ ბევრია აღმოსაჩენი და მომავალში შესაძლებელი იქნება ოთახის ტემპერატურის ზეგამტარის აღმოჩენა, რომელიც ყოველდღიურ წნევაზე იმუშავებს. "ეს შესაძლოა იყოს აისბერგის წვერი აღმოჩენების უფრო დიდ სიმრავლეში" ამბობს რასელ ჰემლი ილიონისის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორი, რომელიც ერთ-ერთია იმ მეცნიერებთან ვინც წყალბადზე თავდაპირველი ექსპერიმენტები ჩაატარა.

აჭარაში COVID-სასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარაში COVID-სასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვირუსული ინფექცია გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. სამინისტროს ცნობით, პაციენტს ახალი კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა, იგი იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის COVID-სასტუმროში გადაიყვანა. 41 წლის ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლიაა. “პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ”. – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, დღეს, 15 ოქტომბერს, 5 პაციენტი გარდაიცვალა, 208 კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსი სულ 14 440 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში 285 ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი, რის შედეგადაც ინფექცია 100-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ე.წ. ​კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. შტაბის ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID-19-ით 14 და 15 ოქტომბერს 4 ადამიანია გარდაცვლილი. მათივე მონაცემების თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 2579-ს აღწევს. 1167 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს. ამავე მონაცემების თანახმად, დღემდე კოვიდ 19-სგან 29 378 743 ადამიანი განიკურნა, 1 102 941 კი - გარდაიცვალა. ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული შეერთებულ შტატებშია, სადაც კორონავირუსის 8 216 315 შემთხვევაა გამოვლენილი, მეორე ადგილზეა ინდოეთი 7 370 468 ინფიცირებულით, მესამეზე კი - ბრაზილია, სადაც კოვიდ 19, საერთო ჯამში, 5 170 996 ადამიანს დაუდასტურდა.

მაიკ პომპეომ თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულობის გამო გააკრიტიკა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთის მონაწილეობამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტში რეგიონში რისკი გაზარდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი მოწოდება დიპლომატიური გზით საკითხის გადასაჭრელად. პომპეომ გააკრიტიკა თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულობის გამო. "თურქეთი კონფლიქტში ჩაერია და აზერბაიჯანს რესურსები მიაწოდა, რითაც გაიზარდა რისკი, საბრძოლო ძალა, ამ ისტორიულ ბრძოლაში",- განაცხადა პომპეომ. მისივე თქმით, კონფლიქტის გადაჭრა უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით. ”ამ კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მოლაპარაკებებისა და მშვიდობიანი დისკუსიით, არა შეიარაღებული კონფლიქტის გზით, არა რა თქმა უნდა, მესამე მხარის ქვეყნების ჩართულობით", - აღნიშნა პომპეომ.

რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე - ცესკო

კენჭისყრის კაბინა ერთი მხრიდან გახსნილი უნდა დარჩეს და გახსნილი მხარე კედლისკენ უნდა იყოს მიმართული ისე, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, ამომრჩეველი კი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით. ამასთანავე, კენჭისყრის შენობაში უნდა განთავსდეს კონტეინერი, რომელშიც ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ, მის მიერ გამოყენებული კალამი უნდა მოათავსოს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრას ემსახურება. დადგენილების თანახმად, კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციისთვის საჭირო, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი. ასევე, თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ამასთანავე, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი ტემპერატურის შემოწმების გარეშე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეგულაცია ამომრჩეველზე არ ვრცელდება. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირების, მათ შორის, კარის სახელურებისა და სამუშაო მაგიდების სათანადო წესით ყოველ 3 საათში ერთხელ დამუშავება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით; რაც შეეხება საარჩევნო ბიულეტინების დათვლის პროცესს, მთვლელები მაგიდებთან უნდა განთავსდნენ ისე, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა კი მაგიდისგან 2 მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და დახარისხების პროცესზე დაკვირვება. საარჩევნო უბნის გახსნამდე და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესის დასრულების შემდგომ, უნდა მოხდეს კენჭისყრის შენობის დალაგება და დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.