ძებნის რეზულტატი:
კახეთში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნაზე გამოძიება ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევის მუხლით დაიწყო
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნაზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 280-ე მუხლით დაიწყო, რაც ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას გულისხმობს. უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება შსს-მ გუშინ, 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე მიიღეს. უწყების ცნობითვე, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ზალკალიანი დანიის ელჩზე: უნდა დაერეკა და ეკითხა, რა მდგომარეობაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, მისთვის სიურპრიზი იყო დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის კომენტარი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიგი გიგიაძეს სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია. მინისტრი ამბობს, რომ განცხადების გაკეთებამდე უმჯობესი იყო ელჩს საკითხი სამინისტროსთან გაერკვია: „მეც გამიკვირდა, რადგანაც იცით თქვენ, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, ელჩი როდესაც რაიმე სახის განცხადებას აკეთებს, მითუმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საკითხი? ასეთი ზარი არ შემოსულა, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. მან ეს განცხადება თუ არ ვცდები „ფეისბუქ“ პოსტის სახით გამოაქვეყნა ეს და მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ. მე არ მქონია სამწუხაროდ მასთან კომუნიკაცია. რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება მასთან კომუნიკაცია და აუცილებლად მიეწოდება ყველა ინფორმაცია. რა თქმა უნდა, იგივე გამოძიების პროცესში რაც კი საზოგადოებისთვის ცნობილია, ყველა ეს ინფორმაცია მისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. “,- განაცხადა დავით ზალკალიანმა. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას 7 ოქტომბერს „ფეისბუკზე" გამოეხმაურა საქართველოს ელჩი დანიაში და ისლანდიის რესპუბლიკაში გიგი გიგიაძე. ის 2014-2016 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. „სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება", - წერდა დიპლომატი. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩევას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა. გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
2020 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში ლუიზ გლუკი გახდა
შვედეთის აკადემიამ 2020 წლის ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში ამერიკელი პოეტი, ლუიზ გლუკი დააჯილდოვა. 77 წლის ნიუ-იორკელი მწერალი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პოეტია. მას წარსულში მოგებული აქვს პულიცერის პრემია, წიგნის ეროვნული ჯილდო და ბოლინგერის პრემია. გლუკს გამოქვეყნებული აქვს პოეზიის 12 და პროზის რამდენიმე კრებული. "მისი გამორჩეული პოეტური ხმისთვის, რომელიც მკაცრი მშვენიერებით ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურად აქცევს." - წერია შვედეთის აკადემიის პრესრელიზში. გამარჯვებულს 10 მილიონი შვედური კრონა (1,1 მლნ აშშ დოლარი) გადაეცემა. ნობელის ლიტერატურის პრემია ბოლო წლებში სკანდალებში გაეხვა. 2017 წელს აკადემიის წევრის ქმარს ბრალი დასდეს სექსუალურ შევიწროებაში და შემდეგ გაუპატიურების გამო გაასამართლეს. სკანდალს მოჰყვა მძიმე ბრალდებები თაღლითობის, ცუდი მენეჯმენტის და მიზოგინიის შესახებ. შემდგომი ადმინისტრაციული ბრძოლის შედეგად რამდენიმე წევრი გადადგა და ნობელის ფონდმა, რომელიც აფინანსებს ჯილდოს, ცვლილებები მოითხოვა. სტრუქტურული პრობლემები კომიტეტთან იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ 2018 წლის ლიტერატურის ჯილდო 2019- მდე გადაიდო. 2019 წლის ჯილდო გადაეცა პიტერ ჰანდკეს, ავსტრიელ მწერალს, რომელიც ცნობილია თავისი კეთილგანწყობით იუგოსლავიის ლიდერის, სლობოდან მილოსევიჩის მიმართ , რომელსაც გენოციდში სდებენ ბრალს. ძალიან ბევრი ადამიანმა მსოფლიოს გარშემო ჩათვალა რომ ჰანდკეს დაჯილდოება კომიტეტის იდეალების ღალატია. 2020 წლის გამარჯვებული მშვიდობის დარგში პარასკევს გახდება ცნობილი.
სვეტლანა ტიხანოვსკაია რუსეთის შსს-ს ძებნილთა ბაზაში შეიყვანეს
ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში შეიყვანეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. ამასთან, რუსეთის შსს-ში განმარტავენ, რომ ტიხანოვსკაიას ბაზაში შეყვანა დსთ-ს ქვეყნებში დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ხდება და მის წინააღმდეგ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები არ აღუძრავთ. შეგახსენებთ, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსი ოპოზიციონერია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. არაოფიციალური მონაცემებით მან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო დაამარცხა, თუმცა ცესკოს შედეგებით ტიხანოვსკაიამ ხმათა 10% მოიპოვა. ამის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გაემგზავრა.
აშშ-ის საელჩო: ჟენევის მოლაპარაკებებს გადამწყვეტი როლი აკისრია ჰუმანიტარულ საკითხებში
საქართველოში ამერიკის საელჩო ჟენევის მოლაპარაკების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საელჩო თბილისში იზიარებს საქართველოს შეშფოთებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 6-7 ოქტომბრის რაუნდის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ერთი მონაწილის არდასწრების გადაწყვეტილებამ გამოიწვია. აშშ-ს საელჩო განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დეკემბრის რაუნდში სრული მონაწილეობით და პერსონალური დასწრებით, მოლაპარაკებების ყველა მონაწილემ უნდა წარმოაჩინოს მხარდაჭერა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ. "ახლა, ისე, როგორც არასდროს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს გადამწყვეტი როლი აკისრია კრიტიკული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგის გამართვაში, მათ შორის იმ საჭიროებებზე, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო არათანაზომიერად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სხვა მოწყვლად მოსახლეობას გააჩნიათ", - ნათქვამია განცხადებაში. საელჩო გმობს რუსეთის მიერ მართული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმდინარე დაპატიმრებებს და მოუწოდებს მათი მყისიერი გათავისუფლებისაკენ. "მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების გამო, რომლებიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების აკრძალვას შეეწირნენ. უნდა შეწყდეს რუსეთის ქმედებები, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ამ რთულ პერიოდშიც კი, მისია განაგრძობდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას", - აცხადებენ საელჩოში. განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი ჩაშალა. პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, პანდემიის პირობებში მოლაპარაკებების ჩაშლა განსაკუთრებით სახიფათოა გლობალური პანდემიის პირობებში, რადგან საოკუპაციო ხაზს იქით მყოფ ადამიანებს პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ.
ზესტაფონში სახლის აშენების სამუშაოებისას, მიწაში ძველი ქართული ხმლები აღმოაჩინეს
ზესტაფონის მერიის ცნობით, ერთერთ უძველეს დასახლებაში, კირკის უბანში, ძველი ქართული საბრძოლო იარაღები აღმოაჩინეს. უწყება ფეისბუქის გვერდზე ფოტოებსაც ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საბრძოლო აღჭურვილობა ეზოში მას შემდეგ იპოვეს, რაც კუთვნილ ტერიტორიაზე სახლის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს.საბრძოლო იარაღების წარმომავლობას ახლა უკვე არქეოლოგები სწავლობენ. პირველადი ვერსიით, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს შესაძლოა იყოს ერთჯერადად დაფლული იარაღის საცავი, სწრაფად დაგეგმილი შესაძლო ომიანობის სამზადისის გამო.საქართველოში იარაღის წარმობა ბრინჯაოს ხანიდან იღებს სათავეს. პირველი უძველესი ნიმუში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, ეს არის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პატარა ზომის კოლხური ცული, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში.
ვლადიმერ პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრებს კონსულტაციებისთვის დღეს მოსკოვში იწვევს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დღეს მოსკოვში იწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მთელი რიგი სატელეფონო საუბრების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მხარეებს მოუწოდებს, შეაჩერონ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზეზების გამო, გვამებისა და პატიმრების გაცვლის მიზნით“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ამ საკითხებზე კონსულტაციების გასამართად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოწვეულნი არიან მოსკოვში 9 ოქტომბერს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
220 000-ზე მეტი ჩამოტვირთვა და 18 700-ზე მეტი გაგზავნილი შეტყობინება – ეს stopcov.ge-ის აპლიკაციის ოფიციალური სტატისტიკა
220 000-ზე მეტი ჩამოტვირთვა და 18 700-ზე მეტი გაგზავნილი შეტყობინება – ეს stopcov.ge-ის აპლიკაციის ოფიციალური სტატისტიკაა, საიდანაც ინფიცირების 27 შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი აპლიკაციის ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა და ის 2020 წლის აპრილში გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ მარტივი ინტერფეისის მიუხედავად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ საქართველოში დაბალი კულტურაა და საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ან არ იყენებს, ან უჭირს აპლიკაციის გამოყენება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლა, როცა ყოველდღიურად კოვიდის მზარდი სტატისტიკა გვაქვს, მნიშვნელოვანია, აპლიკაცია უფრო მეტმა ადამიანმა გადმოწეროს. „აპლიკაცია 2 კვირის განმავლობაში აგროვებს 2 მეტრზე ახლო მანძილზე მყოფ, 15 წუთზე მეტ ხანს ახლოს მყოფ კონტაქტებს. შემდეგ ამ კონტაქტების იდენტიფიცირებას ახდენს ორ მოწყობილობას შორის და ინახავს, როგორც შესაძლო კონტაქტი. მოგვიანებით, თუ რომელიმე კონტაქტს კორონავირუსით დაინფიცირება გამოუვლინდება, მასზე ინფორმაცია ეგზავნება ყველა იმ შესაძლო „კლასტერს“, ვინც ახლო კონტაქტში იყო ახლადდაინფიცირებულ პირთან. ამიტომ, აპლიკაცია, როგორც დამატებითი ხელსაწყო, ეპიდემიოლოგებისთვის ძალიან წარმატებით მუშაობს. უბრალოდ, რაც მეტი ადამიანი გადაიწერს მას, მით უფრო ეფექტური იქნება“, – განუცხადა Bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჯანიაშვილმა. ცნობისთვის, აპლიკაციის შექმნისას გამოყენებულია ავსტრიული პლატფორმა, აგრეთვე, სამხრეთ კორეის, იაპონიისა და სინგაპურის გამოცდილება.
220 000-ზე მეტი ჩამოტვირთვა და 18 700-ზე მეტი გაგზავნილი შეტყობინება – ეს stopcov.ge-ის აპლიკაციის ოფიციალური სტატისტიკა
220 000-ზე მეტი ჩამოტვირთვა და 18 700-ზე მეტი გაგზავნილი შეტყობინება – ეს stopcov.ge-ის აპლიკაციის ოფიციალური სტატისტიკაა, საიდანაც ინფიცირების 27 შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი აპლიკაციის ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა და ის 2020 წლის აპრილში გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ მარტივი ინტერფეისის მიუხედავად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ საქართველოში დაბალი კულტურაა და საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ან არ იყენებს, ან უჭირს აპლიკაციის გამოყენება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლა, როცა ყოველდღიურად კოვიდის მზარდი სტატისტიკა გვაქვს, მნიშვნელოვანია, აპლიკაცია უფრო მეტმა ადამიანმა გადმოწეროს. „აპლიკაცია 2 კვირის განმავლობაში აგროვებს 2 მეტრზე ახლო მანძილზე მყოფ, 15 წუთზე მეტ ხანს ახლოს მყოფ კონტაქტებს. შემდეგ ამ კონტაქტების იდენტიფიცირებას ახდენს ორ მოწყობილობას შორის და ინახავს, როგორც შესაძლო კონტაქტი. მოგვიანებით, თუ რომელიმე კონტაქტს კორონავირუსით დაინფიცირება გამოუვლინდება, მასზე ინფორმაცია ეგზავნება ყველა იმ შესაძლო „კლასტერს“, ვინც ახლო კონტაქტში იყო ახლადდაინფიცირებულ პირთან. ამიტომ, აპლიკაცია, როგორც დამატებითი ხელსაწყო, ეპიდემიოლოგებისთვის ძალიან წარმატებით მუშაობს. უბრალოდ, რაც მეტი ადამიანი გადაიწერს მას, მით უფრო ეფექტური იქნება“, – განუცხადა Bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჯანიაშვილმა. ცნობისთვის, აპლიკაციის შექმნისას გამოყენებულია ავსტრიული პლატფორმა, აგრეთვე, სამხრეთ კორეის, იაპონიისა და სინგაპურის გამოცდილება.
ყირგიზეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადადგეს
ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი აცხადებს, რომ მზადაა ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადადგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ოპოზიციური ძალები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. ყირგიზეთში არეულობა კვირას ჩატარებული არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულმა დემონსტრანტებმა პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის შენობები დაიკავეს და ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა.
საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 527-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა. კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5866 პაციენტი განიკურნა, ხოლო 72 გარდაიცვალა.
გერმანიამ საქართველოს Covid-19-ით დაავადებული პაციენტებისთვის 5 სასუნთქი აპარატი აჩუქა
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ ხუთი სასუნთქი აპარატი აჩუქა. გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა აპარატები მინისტრის მოდგილეს თამარ გაბუნიას გადასცა. გერმანიის საელჩოს ცნობით, დრეგერის (Dräger) ფირმის ხუთი სასუნთქი აპარატი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდიდან შეიძინეს. ფონდი განკუთვნილია კოვიდ-19-ის პანდემიის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად. სასუნთქი აპარატები ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განთავსდება.
DRIVE-IN კინოთეატრებში გამოსულ ფილმებს ოსკარის ნომინაციისთვის ბრძოლა შეეძლებათ
ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით Drive-In კინოთეატრებში გამოსული ფილმები ოსკარის ნომინაციებისთვის ბრძოლას შეძლებენ. ახალი წესის თანახმად, რომელიც ღია ცის ქვეშ კინოთეატრებზეც ვრცელდება სურათი მინიმუმ შვიდი დღის განმავლობაში უნდა იყოს კინოგაქირავებაში. ოსკარის წესების ცვლილება ახალი კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. შეიცვალა დაჯილდოების ცერემონიის თარიღიც, თებერვლის ნაცვლად კინოაკადემია გამარჯვებულებს 2021 წლის 25 აპრილს გამოავლენს, ხოლო განაცხადის მიღების უკანასკნელი თარიღი 28 თებერვალია.
ნიკოლ ფაშინიანი - ველოდები, რომ საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ის საფრანგეთის პრეზიდენტისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებას ელოდება. „მსურს, ხაზი გავუსვა სომეხი ხალხის, სომხეთისა და მთიან ყარაბაღის კმაყოფილებას საფრანგეთის პრეზიდენტის გულწრფელი, სიმართლეზე დაფუძნებული პოზიციის გამო. შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტისგან, საფრანგეთისგან მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას ველოდები. ჩემი მოლოდინი ნამდვილად არის ის, რომ საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა Tv5Monde-სთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, 27 სექტემბრის შემდეგ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები არ წყდება.
"გული გვწყდება ანაკლიის პროექტი რომ ვერ შედგა, იმედი გვაქვს, ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდებიან"
იმედი გვაქვს, ანაკლიის პორტით ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდებიან,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “ფორბს კვირის” წამყვანს გიორგი ისაკაძეს განუცხადა. ინტერვიუში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ანაკლიის პორტის პროექტსაც ეხება, ნათია თურნავა ამბობს, რომ ახალ ტენდერს ანაკლიის პორტის პროექტისთვის, სავარაუდოდ, მომდევნო წლის მეორე ნახევარში გამოაცხადებენ, მანამდე კი სატენდერო დოკუმენტაცია გადაიხედება. “ვფიქრობთ, მომავალ წელს, მეორე ნახევარში ალბათ უკეთესი კონიუნქტურა იქნება. მანამდე დრო დაგვჭირდება, რომ 2014 წელს მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვა მოხდეს და ისევ გავიაზროთ ამ პროექტის ეკონომიკა, რომ უფრო ადეკვატური გავხადოთ. შემდეგ შევუდგებით ინვესტორების ძებნას და დიდი იმედი გვაქვს, ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდებიან. რატომ? ლოგიკაა ამაში. აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაცია, ყოფილი OPIC, აფინანსებს PACE-ის ტერმინალს ფოთში. ამერიკის მთავრობა USAID-ის მეშვეობით გვეხმარება ყველა ქართულ პორტში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაში, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდეს გემების მომსახურება. შესაბამისად, აშშ-ის აქტივობა არის საკმაოდ მაღალი საპორტო ინფრასტრუქტურაში. ალბათ ლოგიკური იქნება, კვლავ ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდნენ ამ პროექტითაც”,- აცხადებს თურნავა. წამყვანის რეპლიკაზე, რომ ანაკლიის პორტის პროექტში, რომელიც ჩაიშალა, უკვე წარმოდგენილი იყვნენ ამერიკელი ინვესტორები SSA Marine-სა და Konti ჯგუფის სახით, თურნავა პასუხობს: “ჩვენ ძალიან გული გვწყდება, რომ ვერ შედგა პროექტი, ეს პროექტი რომ შემდგარიყო, უკვე 3 წლის წინ უნდა გვქონოდა მოქმედი პორტი და გავასწრებდით ბევრ კონკურენტს შავ ზღვაზე”,- განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება სწორედ წელს გაწყვიტა. მიზეზად ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელდება. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი კი აცხადებს, რომ ინვესტორების მოზიდვა და ვალდებულების შესრულება სწორედ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო ვერ მოახერხეს. ისინი საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებენ საჩივრის შეტანას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან სრულ ინტერვიუს მაყურებელი შაბათს, 19:30 საათზე, გადაცემა Forbes Talk-ში მოისმენს, რომელიც BMG-ისა და FORBES GEORGIA-ს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მეშვეობით გავა.
Apple-მა Telegram-ს სამი არხის სოციალური ქსელიდან წაშლა მოსთხოვა
Apple-მა Telegram-ს სამი არხის სოციალური ქსელიდან წაშლა მოსთხოვა. ამის მიზეზი ამ არხებში ბელარუსი სამართალდამცავების პირადი ინფორმაციის გასაჯაროება გახდა. ინფორმაცია Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა გაავრცელა. Karateli Belarusi (ბელარუსის დამსჯელები), Chat Gruppy Karateli (დამსჯელების ჯგუფის ჩათი) და VSE NARUSHENIYA (ყველა დარღვევა) დუროვის თანახმად, Apple-ი თვლის, რომ სამართალდამცველების პირადი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება ძალადობის წამახალისებელი გახდეს. Telegram-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ თავად ურჩევნია, არხები არ წაიშალოს, მაგრამ Apple-ი სოციალურ მედიას არჩევანის თავისუფლებას არ უტოვებს. არხები სავარაუდოდ iOS სისტემაზე დაიბლოკება, თუმცა სხვა სისტემების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი დარჩება. ბელარუსული ოპოზიციური Telegram არხები სამართალდამცველების პირად ინფორმაციას სექტემბრის დასაწყისიდან ავრცელებენ. არხების დამფუძნებლები თვლიან, რომ იდენტიფიცირების საფრთხე პოლიციას ხელს შეუშლის დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენოს. ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა ოპოზიციურმა არხმა NEXTA-მ უკვე გაასაჯაროა ათასობით სამართალდამცველების პირადი ინფორმაცია. Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი უკვე რამდენიმე თვეა Apple-თან დაპირისპირეაშია. ივლისის ბოლოს დუროვმა საჯაროდ გააკრიტიკა Apple-ი App Store-ში დეველოპერებისთვის 30%-იანი გადასახადის დაწესებისთვის. მოგვიანებით დუროვმა Apple-ს ევროკავშირის კომისიაშიც უჩივლა..
ბაქომ და ერევანმა მოსკოვში დაგეგმილ კონსულტაციებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს
აზერბაიჯანმა და ერევანმა დაადასტურეს თავიანთი საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში დაგეგმილ კონსულტაციებში მონაწილეობა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვმა სააგენტო TASS-ს განუცხადა. „ბაქომ და ერევანმა მოსკოვის კონსულტაციებში მონაწილეობა დაადასტურეს. მიმდინარეობს ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები,“- განაცხადა ზახაროვამ. მისივე თქმით, შეხვედრა საგარეო მინისტრების დონეზე გაიმართება. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დღეს მოსკოვში მიიწვია.
"ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოება ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებასაც ნიშნავს"
საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული საქართველოს მეთორმეტე სასაზღვრო სექტორის გახსნაში. „ხმელეთსა თუ ზღვაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მუშაობს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოება ნიშნავს ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებასაც. ეს სასაზღვრო სექტორი ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ მრავალ სამშენებლო პროექტთაგან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს საზღვრის მიმდებარედ წელს იხსნება. რიგშია სასაზღვრო სექტორების გახსნა თრუსოსა და ჩირუხში. ვულოცავთ ყველას, ვინც ამ პროექტში იყო ჩართული და მადლობას ვუხდით საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ყველაფრისთვის, რასაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აკეთებს!“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმში სათნოების სახლში მცხოვრებმა 11-მა ხანდაზმულმა კორონავირუსი დაამარცხა
ბათუმში სათნოების სახლ "სავანეში" მცხოვრებმა 11-მა ხადაზმულმა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ფორმულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. ამჟამად სათნოების სახლში მცხოვრები 10-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. დღეს, 9 ოქტომბერს კორონავირუსი 527 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 190 აჭარაში, ხოლო 179 თბილისში გამოვლინდა. 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა. NCDC-ის ცნობით, გუშინ, 8 ოქტომბერს, საქართველოში 9 605 PCR ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5866 პაციენტი განიკურნა, ხოლო 72 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.
ყირგიზეთის პრეზიდენტმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვი დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრეზიდენტის ოფისის თანახმად საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კომენდანტის საათსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს, ძალაში 9 ოქტომბერს 19:00 საათიდან შევა და 21 ოქტომბრის 8:00 საათამდე გაგრძელდება. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად ჯარისთვის სამხედრო ტექნიკის გამოყენების, გამშვები პუნქტების მოწყობისა და შეიარაღებული დაპირისპირებების აღკვეთის განკარგულება გაიცა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა თქვა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის და სამთავრობო ცვლილებების დამკიცების შემდეგ თანამდებობიდან გადადგება. "მას შემდეგ, რაც ლეგიტიმური აღმასრულებელი ხელისუფლება დამტკიცდება და დავუბრუნდებით კანონიერების გზას, მზად ვარ, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დავტოვო" - თქვა ჟეენბეკოვმა. მთავრობის კაბინეტის გადადგომის და საპარლამენტო არჩევნების გაუქმების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ, ვინ გაუძღვება დროებით მთავრობას. ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები მას შემდეგ გააუქმა, რაც არჩევნებს ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ყირგიზეთში მასშტაბური აქციები 4 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. წინასწარი შედეგებით პარლამენტში მანდატების უმეტესობა ჟეენბეკოვის პარტიამ მოიპოვა. 6 ოქტომბრის ღამეს აქციის მონაწილეებმა ბიშკეკში დაიკავეს "თეთრი სახლი", რომელშიც პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული. დემონსტრანტები ასევე შეიკრიბნენ ეროვნული უსაფრთხოების ნაციონალური კომიტეტის წინ და მოლაპარაკებების შემდეგ მოახერხეს საგამოძიებო იზოლატორიდან ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის გათავისუფლება, რომელსაც კორუფციისთვის 11 წელით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ასევე გაათავისუფლეს ყირგიზეთის ყოფილი პრემიერმინისტრი საპარ ისაკოვი, რომელსაც კორუფციისთვის 15 წელი ჰქონდა მისჯილი. 6 ოქტომბრის დილისთვის ცნობილი გახდა, რომ დემონსტრანტებმა ასევე აიღეს ბიშკეკის მერიის და ყირგიზეთის მთავრობის შენობა. უკანასკნელი მონაცემებით, დემონსტრაციების დროს დაშავდა 590 ადამიანი, მათგან 150 საავადმყოფოებშია გადაყვანილი. დაიღუპა ერთი ადამიანი. პროტესტის ღამის შემდეგ პარტია "ატა მეკენის" (სამშობლო) ლიდერმა, ჟანარ აკაევმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის ამჟამინდელი მთავრობის ნაცვლად დაინიშნება ეროვნული მთავრობა და ახალი პრემიერმინისტრი. ამავე დროს მთავრობის წარმომადგენლები გადადგნენ ყირგიზეთის სამ ოლქში. ოპოზიციონერებმა ასევე დანიშნეს ბიშკეკის ახალი კომენდანტი და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი. ყოფილმა დეპუტატმა ალმამბეტ შიკმამატოვმა განაცხადა, რომ ის ახალი გენერალური პროკურორია, გააუქმა არჩევნების შედეგები და დადო პირობა, რომ არჩევნების ფალსიფიკაციაში პასუხისმგებლებს დააპატიმრებდა. არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა 4 პარტია. ხმების უმრავლესობა მიიღო ჟეენბეკოვის ერთობის პარტიამ და პარტიამ ჩემი სამშობლო ყირგიზეთი. ორივე პარტიამ ერთად პარლამენტში მანდატების თითქმის ნახევარი მოიპოვა. პარლამენტში ასევე შევიდნენ პარტიები ყირგიზეთი და ერთიანი ყირგიზეთი. დარჩენილმა 12-მა პარტიამ არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა. პარტია ერთობის განცხადებით, ის მზადაა, განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.