ძებნის რეზულტატი:
ბელარუსმა ოპოზიციონერმა, მარია კოლესნიკოვამ, ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე უარი განაცხადა
ბელორუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა მარია კოლესნიკოვამ უარი განაცხადა ალექსანდერ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე КГБ-ს საგამოძიებო იზოლატორში. ამის შესახებ კოლესნიკოვას ადვოკატმა ალექსანდრე პილჩენკომ განაცხადა. 10 ოქტომბერს ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის КГБ-ს საგამოძიებო იზოლატორში ბელარუსის დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს შეხვდა. მისი თქმით, 9 ოქტომბერს, ჟოდინოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, "ორი სიმპათიური მამაკაცი" მივიდა კოლესნიკოვასთან და შესთავაზა ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე წასვლა. მან მათ უთხრა, რომ ლუკაშენკოსთან კომუნიკაციას აზრი არ ჰქონდა. კოლესნიკოვას თქმით, ოპოზიციამ ლუკაშენკოს თვენახევრის წინ მოუწოდა ძალადობა დასრულებულიყო, თუმცა ახლა "ყველანი ციხეში არიან ან ქვეყნიდან არიან გაძევებულნი". 17 სექტემბერს კოლესნიკოვას ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისათვის ბრალი წარუდგინეს. მას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, კოლესნიკოვას კერძოდ რომელი ქმედება მიიჩნიეს სისხლის სამართლის 361-ე მუხლის დარღვევად. ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასშტაბური აქციები დაიწყო. ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ლუკაშენკომ არჩევნებში გაიმარჯვა. საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ან დაპატიმრებულები არიან, ანდა ისინი იძულებით წავიდნენ ემიგრაციაში.
საპატრიარქო, ტაძარში შემსვლელებს ტემპერატურას გაუზომავს
საპატრიარქოს ცნობით, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად, სვეტიცხოვლის ეზოში შემსვლელებს ტემპერატურას გაუზომავენ. ასევე, აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია. მიზეზი "ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების" უზრუნველყოფაა. 13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00 - საათზე, 14 ოქტომბერს კი წირვა -10:00 საათზე. ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო.
იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.9%-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.9%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.1%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი (15.9%-ით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა. დეტალური მონაცემები საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
WHO მთავრობებს მიმართავს: საგანგებო მდგომარეობებმა შესაძლოა ბიზნესები გაანადგუროს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაცია (WHO) მთავრობებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებულმა საგანგებო მდგომარეობებმა, შესაძლოა, ბიზნესები გაანადგუროს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს. WHO-ს წარმომადგენელი დავიდ ნაბარო აცხადებს, რომ ორგანიზაცია მხარს არ უჭერს საგანგებო მდგომარეობის დაწესებას, როგორც ვირუსზე კონტროლის ძირითად საშუალებას. ის აღნიშნავს, რომ აკრძალვების დაწესება გლობალურ ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს. „საგანგებო მდგომარეობები ნეგატიურ გავლენას ახდენს მოწყვლად ჯგუფებზე, განსაკუთრებით კი, ღარიბ ადამიანებზე და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აგდებს მათ“, - განაცხადა ნაბარომ. WHO-ს წარმომადგენელი, ასევე, აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და აკრძალვები მძიმედ მოქმედებს იმ ქვეყნებზე, რომელთა ეკონომიკაც ტურიზმზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ WHO-ს ხელმძღვანელი ტედროს გებრეისუსი ქვეყნის მთავრობებს ეკონომიკის და სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს. „ჩვენ უნდა მოვახერხოთ ვირუსის კონტროლი მთლიანი დახურვის გარეშე და ისე, რომ ამან ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ იქონიოს“, - განაცხადა გებრეისუსმა.
კორონავირუსით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 43 წლის იყო
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 43 წლის იყო. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით კორონავირუსით გარდაცვლილების შემთხვევათა რაოდენობა ერთეულებით იმატებს. როგორც ის აღნიშნავს, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 9 პაციენტისთვის სიტყვა „რეკორდული მაჩვენებელი“ შეუსაბამოა. „დამიჯერეთ, ვიცნობ მსოფლიოს სტატისტიკას. რეკორდული მაჩვენებელი სიტყვა „ცხრისთვის“ არ არის რელევანტური, იმიტომ რომ ერთეული მატებაა, იყო რვა და გახდა ცხრა. გასაგებია, რომ ეს ისეთი დაავადებაა, სიკვდილიანობას თავიდან ვერ აიცილებ. სომხეთს, ჩვენზე ორჯერ პატარა ქვეყანას ჰყავს 1100 გარდაცვლილი, ჩვენ სომხეთზე მოსახლეობით 2-ჯერ დიდ ქვეყანას 102 გარდაცვლილი. დინამიკა ერთი პაციენტით იზრდება, ერთით მეტი და ერთით ნაკლები სტატისტიკურად სარწმუნო არ არის. გამოჩნდა შედარებით ახალგაზრდა ასაკიც, ყველაზე ახალგაზრდა 43 წლის გარდაცვლილი გვყავს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში თანმხლები დაავადებების გარეშე მხოლოდ კორონავირუსით გარდაცვალების ერთეული შემთხვევა ფიქსირდება. „გარდაცვლილ პაციენტებს თანმხლები დავადებები აქვთ. ერთეული შეთხვევები 2-3 შემთხვევა იყო როდესაც მარტო კოვიდინფექციით გარდაიცვალა პაციენტი, დიდი ალბათობით მათ თრომბოემოლიური გართულება გამოეხატათ“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ბელარუსში ანტისამთავრობო აქციებზე 186 მომიტინგე დააკავეს
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს ბელარუსში ანტისამთავრობო აქციებზე 186 მომიტინგე დააკავეს. ამ დღეს ქუჩაში "პენსიონერების მარშზე" მინსკში ათასობით მოქალაქე გამოვიდა. მომიტინგეები გაიძახოდნენ "წადი". ისინი ბელარუსის ისტორიულ დროშებს აფრიალებდნენ.12 ოქტომბერს ბელარუსის პოლიციამ აქციების დასაშლელად, საჭიროების შემთხვევაში, საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მიიღო. უწყებამ დაადასტურა, ბოლო აქციების დაშლის დროს სასიგნალო პისტოლეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამ დრომდე ბელარუსში აქციების დასაშლელად საბრძოლო იარაღის გამოყენების შემთხვევები არ აღნიშნულა. საპროტესტო დემონსტრაციების დასაშლელად პოლიცია წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, ხმოვან ყუმბარებსა და ხელკეტებს იყენებდა. აქციების დაშლის დროს, უფლებადამცველების ინფორმაციით, დაიღუპა ხუთი ადამიანი. საპროტესტო აქციები ბელარუსში სამი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
"დავით გარეჯის საქმე სენსიტიურია, პროცესი დიდი სიფრთხილით და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს"
"დავით გარეჯის საქმე ძალიან სენსიტიურია, პროცესი დიდი სიფრთხილით, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა წარიმართოს", – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დავით გარეჯის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა. "რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს ბევრი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამასთანავე, ჩვენთვის, როგორც ყველასთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს საქმე ძალიან სენსიტიურია, ერთის მხრივ, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რომელსაც ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ. თუმცა ასევე არის სენსიტიური შიდა განზომილება, რაც გვესმის საზოგადოების ნაწილისგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან და ოპოზიციისგან, რომლებიც სვამენ შეკითხვებს მიმდინარე საქმის ზოგად კონტექსტთან და დროულობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის გასაგებია, რადგან ჩვენ საარჩევნო კამპანიის პროცესში ვართ. ეს ხაზს უსვამს იმის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომ ეს პროცესი წარიმართოს მაქსიმალური კეთილგონიერებით, სამართლიანობით, გამჭვირვალობით და სამართლებრივი პროცესის პრინციპების სრულ შესაბამისობაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.", – განაცხადა ჰარცელმა. ცნობისთვის: პროკურატურამ კარტოგრაფები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. 8 ოქტომბერს სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა და რომ ამ ბრალით ვერც მიმალული და ვერც ქვეყანაში დარჩენილი ვერ იცხოვრებს. დაკავებულები ბრალდებას არ აღიარებენ. რას ედავება გამოძიება გამოძიება დაკავებულებს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, 3500-მდე ჰექტარი უცხო ქვეყანას გადასცეს". როგორც პროკურატურა ამბობს, გამოძიება თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე 17 აგვისტოს დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ათიდან 15 წლამდე პატიმრობა ელოდებათ. აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვარი, არსებული ფორმით, 1938 წელს, საბჭოთა კავშირის პირობებში დადგინდა და ორმხრივად შეთანხმდა. თუმცა, დადგენილია სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილი - 294 კილომეტრი 446 კილომეტრიანი ზოლიდან. სწორედ შეუთანხმებელი საზღვრის დადგენაზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ივერი მელაშვილი უძღვებოდა. პროკურატურა ირწმუნება, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ და არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000. კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით: "ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". უწყების განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ გამოეყენებინათ ის საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრებისათვის ხელმისაწვდომი იყო დასახელებული რუკის მხოლოდ ასლი და მათ მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რომ მომხდარიყო ამ რუკის გამოყენება საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, ბრალდებულები, იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა რუკის დედანი, მისი ასლი კი არ იყო ავთენტური დოკუმენტი, ეწინააღმდეგებოდნენ მის გამოყენებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა, საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა". პროკურატურა ამბობს, რომ მათ გამოძიება თავდაცვის სამინისტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძელზე დაიწყეს: " საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე". ვინ არის დავით ხიდაშელი „გიორგი თარგამაძის ფორმულას“ წყაროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის უწყებას რუქები „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ხიდაშელი წლების განმავლობაში უმსხვილეს რუსულ კორპორაცია “სისტემას” მართავდა. ხიდაშელი იყო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ინოვაციების დარგში, ხოლო მუბარაშკინი იმავე თანამდებობას იურიდიული განხრით იკავებდა. ინფორმაციის მიხედვით, მუბარაშკინი სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა რუსეთის საგარეო დაზვერვის ადგილობრივი რეზიდენტურების კოორდინაციის კუთხით, მათ შორის ბელგიაში. ხოლო ხიდაშელი წლების განმავლობაში მასთან აქტიურ კონტაქტზე მყოფი პირია. პროკურატურა მოტივს ვერ ასახელებს პროკურატურა ირწმუნება, რომ ბრალდებულები განზრახ მოქმედებდნენ და ჟურნალისტებმა მოტივის შესახებ კითხვა სახელმწიფო ბრალდებას ჯერ კიდევ 7 ოქტომბრის ბრიფინგზე დასვეს, შემდეგ სასამართლოში 8 ოქტომბერს, ბთუმცა მიიღეს ზოგადი პასუხი, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით გრძელდება. რას ჰყვება არქიმანდრიტი კირიონი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე „იმედი“-ს ეთერში ისაუბრა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა, რომლის გამოკითხვის შინაარსიც „კარტოგრაფების საქმის“ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ წარადგინა. როგორც არქიმანდრიტი ამბობს, სადავო რუკის არსებობის შესახებ ინფორმაცია მას სასაზღვრო პოლიციაში მომუშავე ძველი თანამშრომლებისგან ჰქონდა. „როდესაც ამ რუკის ძიება დავიწყეთ, პირველ რიგში მივედით სასაზღვრო პოლიციაში, ნატალია ილიჩოვასთან. როდესაც მას ვუთხარით, რუკას ვეძებთ, სად არის, თქვენ ხო არ გაქვთ? მან გაიოცა, ძალიან დაიბნა და თქვა, რომ არაფერი არ იცის: „ივერი არაფერში არ მახედებდა, ყველაფერს ივერი წარმართავდა და ივერის ჰკითხეთ“, - ამბობს კირიონი. არქიმანდრიტის მტკიცებით, მას რუკის არსებობაში ეჭვი არ ეპარებოდა. „ამიერკავკასიის ფედერაციის დროს საქართველო ცენტრი იყო. ყველანაირი მასალა ინახებოდა ჩვენთან, ჩვენგან წაიღო შემდეგ სომხეთმა და აზერბაიჯანმა. როგორ შეიძლებოდა, რომ ცენტრში არ დარჩენილიყო მასალა. ჩვენ, როდესაც დავიწყეთ ამ რუკისა და მასალების მოძიება, არქივიდან გამქრალი იყო ეს ნომენკლატურა და ვერ ვპოულობდით. სადღაც, რომ იყო, ფაქტია და მადლობა ღმერთს, რომ მივაგენით. დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რომ შეუძლებელი იქნებოდა საქართველოში ამ რუკის არარსებობა. კომისიას ექნებოდა ეს რუკა და სადღაც დალექილი იქნებოდა“, - აღნიშნავს სასულიერო პირი. არქიმანდრიტი რუკის საკითხით 2014 წელს დაინტერესდა და დახმარება იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას სთხოვა. „ბავშვობის მეგობარ ირაკლი ალასანიასთან მივედი თხოვნით, პირველ ეტაპზე ჩემ მიერ მოძიებული მასალები მაქვს და გთხოვ, დამეხმარე, იმიტომ, რომ ჩემი რესურსი არ ჰყოფნის ამის გაღრმავებას. მაშინ გადახედა ამ მასალებს ირაკლი ალასანიამ. დაუკავშირდა ბატონ ნოდარს, კარტოგრაფიულ განყოფილებას. მან გასცა დავალება, რომ მოგვეძებნა რუკები და კარტოგრაფიული მასალები. როდესაც ჩვენი პოზიციის უტყუარობაში დავრწმუნდით, მაშინ მოხდა ამ მასალების წარდგინება მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. მადლობა ღმერთს, რომ მან ეს ღირსების საქმედ გაიხადა და გასცა განკარგულება ამ საქმის სრული შესწავლის. ეს მასალები, რაც ჩვენ გვაქვს, მაშინ, არის მოძიებული“, - აღნიშნავს არქიმანდრიტი. კირიონი იხსენებს, რა ფარგლებში მოქმედებდნენ საქართველოს მესაზღვრეები: „ჩვენ გამოძიება გვქონდა რუკისა, ჩვენ გვჭირდებოდა დამადასტურებელი მასალა იმისა, რომ გარეჯის თხემის ძირიდან საზღვარი გადიოდა მინიმუმ 600 მეტრში აზერბაიჯანის სიღრმეში. ჩვენი სასაზღვრო პატრული დადიოდა თხემის ძირიდან 600 მეტრში“. ის ამბობს, რომ 1996 წელს, როდესაც ბერთუბნის მონასტერში ახალი ჩასული იყო, ყოველდღე ხედავდა საქართველოს სასაზღვრო პატრულის მოძრაობას. „10 წელი ისე ვიცხოვრე გარეჯში, რომ არ მინახავს აზერბაიჯანელი მესაზღვრე იმ ტერიტორიებში. შემდგომ წლებში, ჯერ ჩვენი პატრული გაქრა ამ ტერიტორიიდან და გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები“, - აღნიშნავს არქიმანდრიტი. ის ამბობს, რომ 2005 წელს ნახა პირველად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. არქიმანდრიტის ჩვენება [რომელიც ერთვის საქმის მასალებს] სარწმუნო არ არის „კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილისთვის. „ბერ კირიონს ჰგონია, რომ რაღაც იცის... სინამდვილეში, საქართველოს საქმეს აფუჭებთ, ხალხო!" - თქვა სასამართლო პროცესზე ივერი მელაშვილმა.
ეუთოს თანათავმჯდომარეები სომხეთ-აზერბაიჯანს ჰუმანიტარული ზავის შესრულებისკენ მოუწოდებენ
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები (იგორ პოპოვმა რუსეთის ფედერაციიდან, სტეფანი ვისკონტიმ საფრანგეთიდან და ენდრიუ შოფერმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან) ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. გავრცელებულ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ მხარეებმა უნდა შეასრულონ 10 ოქტომბრის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. "თანათავმჯდომარეები უკიდურესი მღელვარებით აღნიშნავენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ძალადობა გრძელდება. თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ პაშინიანს, დაუყონებვლივ გადადგან ნაბიჯები, რათა 10 ოქტომბრის მოსკოვის განცხადების შესაბამისად მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რეგიონისათვის კატასტროფული შედეგები. თანათავმჯდომარეები კვლავ აცხადებენ, რომ ყოვლად მიუღებელია ადამიანური მსხვერპლი. თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ მხარეებს ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, რათა შესაძლებელი გახდეს გარდაცვლილების, ომის ტყვეებისა და დაკავებულების დაბრუნება და სთხოვენ მხარეებს, სასწრაფოდ შეთანმხდნენ ცეცხლის შეწყვეტის შემოწმების მექანიზმზე. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზორაბ მნაცაკანიანთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან საუბრის შემდეგ თანათავმჯდომარეები მუშაობენ მხარეებთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარების პროცესის არსებით საკითხებზე, რათა მოლაპარაკების გზით მიაღწიონ პრობლემის გადაწყვეტას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
თურქეთმა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები გადასცა
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს საჩუქრად გადასცა მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები, მათ შორის, სუნთქვის აპარატები, PCR სადიაგნოსტიკო ტესტები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. "თურქეთის რესპუბლიკის დონაცია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი მოხმარდება სწორედ იმ ადამიანების საჭიროებებს, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის შედეგადაა დაზარალებული. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის შეთანხმებას ჯანდაცვის სფეროში დონაციის შესახებ ხელი მოაწერეს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ემინე ალფ მეშემ და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯის რუკების დედნები გადასცა, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კარტოგრაფიული მასალა მას რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამოუტანია. მისი თქმით, მან სამშობლოს, ის მტკიცებულებები დაუბრუნა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს. ხიდაშელის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „თქვენ იცით, რომ მსურდა მომეწვია პრესკონფერენცია, რათა ქართული მედიასაშუალებების სრულ სპექტრს შევხვედროდი და დამეკმაყოფილებინა მათი ინტერესი. მეტიც, ერთ-ერთ აქტიურ ჟურნალისტს დავპირდი კიდეც, რომ პირველი კითხვის დასმის უფლება, ჩემს პრესკონფერენციაზე, პირადად მას ექნებოდა. თუმცა, მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა - ჯერ საქართველოში არყოფნამ, ხოლო შემდეგ კოვიდ 19-თან დაკავშირებულმა პროტოკოლმა გარკვეული კორექტივები შეიტანა ჩემს გეგმებში, მაგრამ ესეც არ არის მთავარი. უკანასკნელი დღეების განმავლობაში რა არ მოვისმინე საკუთარ თავზე სხვადასხვა ტელევიზიებიდან: რომ თურმე ვარ სამშობლოს მოღალატე და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუში; რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოძიებული უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალის საქართველოში დაბრუნება - თურმე ქვეყნის მტრობა ყოფილა. საქმე მხოლოდ უაპელაციო ბრალდებებში, ცილისწამებასა და ენითაუღწერელ შეურაცხყოფებშიც არ არის, თუმცა, დამეთანხმებით, პოლიტიკიდან შორს მდგომი ადამიანისთვის და, განსაკუთრებით, მისი ოჯახისთვის, ესეც დიდი განსაცდელია. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ გაოგნებული ვარ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულებით - აღნიშნული კარტოგრაფიული მასალა რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამომიტანია. მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს. ნუთუ ქვეყნის სამსახური და მისი ინტერესების დაცვაში მოკრძალებული წვლილის შეტანა დანაშაულია? როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის მართლაც ასეა, რადგან ერთ-ერთი ტელევიზიის გენერალური დირექტორი პირდაპირ ეთერიდან დაპატიმრებითაც კი დამემუქრა. ცხადია, რომ ამ კატეგორიის ხალხს კითხვებზე პასუხის მოსმენა საერთოდ არ სურთ. მეტიც, ჩემი გადასახედიდან ისინი უბრალოდ არ არიან მედიის წარმომადგენლები და მათთან ურთიერთობაში აზრს ვერ ვხედავ, რადგან არ ასრულებენ მედიის მთავარ - საზოგადოების ობიექტური ინფორმირების ფუნქციას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, მათზე დრო საერთოდ აღარ დავხარჯო. ინტერვიუ მივეცი ერთ-ერთ არხს და ვეცადე საზოგადოებაში დაგროვილ ყველა კითხვაზე გამეცა ამომწურავი პასუხი. მეტ საჯარო კომუნიკაციას, ამ ეტაპზე, არ ვგეგმავ. აქვე, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მედიასაშუალების წარმომადგენელს, ვისაც არც ადამიანური და არც პროფესიული ეთიკა არ დაურღვევია და გულწრფელად სურდა ჩემთან შეხვედრა. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში, თუ ამის აუცილებლობა დადგა, გაფართოებულ ფორმატში შევხვდე მათ წარმომადგენლებს",- ნათქვამია ხიდაშელის განცხადებაში.
8 თვის მონაცემებით, საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 55 სექსუალურ ძალადობას უკავშირდება
2020 წლის 8 თვის მონაცემებით (იანვარი- აგვისტო), საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა. ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოსგან გამოითხოვა. მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 1146 შემთხვევიდან, რომელზეც მიმართვა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოში შევიდა, 55 სექსუალურ ძალადობას ეხება, 19 სუიციდის მცდელობას, ადრეულ ქორინებასა და არასრულწლოვნის ორსულობას 87, ფიზიკური ძალადობა 256 შემთხვევაში დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად სტატისტიკა ასე გამოიყურება: ფიზიკური ძალადობა - 256; ფსიქოლოგიური ძალადობა - 401; უგულებელყოფა -152;იძულება - 3; სექსუალური ძალადობა - 55; ოჯახში ძალადობა - 120; მიტოვება - 7; ეკონომიკური ძალადობა - 19; ადრეული ქორწინება/არასრუწლოვნის ორსულობა - 87; სუიციდის მცდელობა - 19; ბულინგი - 6;კიბერბულინგი - 5; ტრეფიკინგი - 2; ადევნება- 2; ფემიციდი -5; არამართლზომიერი გადაადგილება - 1; არასრუწლოვნების კონფლიქტი - 6. აღსანიშნავია, რომ უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, ძალადობის ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება. 2019 წელს ბავშვზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით სააგენტოში 1624 მიმართვა შევიდა. აქედან: ფიზიკური ძალადობა - 342; ფსიქოლოგიური ძალადობა - 402; უგულებელყოფა - 504; სექსუალური ძალადობა - 88; ადრეული ქორწინება - 113; ოჯახში ძალადობა - 87; ბულინგი - 20; სუიციდის მცდელობა - 35; მიტოვება - 16; შრომითი ექსპლუატაცია - 9;არასრულწლოვნის მშობიარობა - 2; ტრეფიკინგი - 6. სააგენტოს ცნობით, 2019 წელს ბავშვზე განხორციელებული ძალადობის მიზეზით ალტერნატიულ სერვისებში განთავსდა 133 ბავშვი, 2020 წელს კი 69 ბავშვი, აქედან: 28 - მინდობით აღზრდაში, 22 - მცირე საოჯახო ტიპის სახლში; 12 - ძალადობის თავშესაფარში, 2 - მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი; 5 - დედათა და ბავშვთა თავშესაფარში.
საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13521 -ს შეადგენს. stopcov.ge-ის ინფორმაციით, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 109-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1393 პირი.
თბილისი - 297, აჭარა - 189, იმერეთი - 150 - სტატისტიკა რეგიონების მიხედვით
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 297 თბილისში დაფიქსირდა, 189 - აჭარაში, იმერეთში 150, შიდა ქართლში 12, ქვემო ქართლში 11, მცხეთა-მთიანეთში 9 ახალი პაციენტია, გურიაში 6 პაციენტი, სამეგრელო -ზემო სვანეთში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა, კახეთში 2 და სამცხე -ჯავახეთში 1. როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში შემთხვევები მომატებულია და ახალი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის 44%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ენდელაძის თქმით, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 6362 ახალი შემთხვევიდან 7 ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი პაციენტია. რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, ენდელაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში დღეის მონაცემებით, 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. "ასევე ჩვენთანაა 2 შესაძლო შემთხვევა, ინფიცირებულის შვილები არიან და სავარაუდოდ, მათაც დაუდასტურდებათ. პაციენტებიდან 4 ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა. ასევე, გვყვავს მძიმე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები, მაგრამ ისინი არ არიან მართვით სუნთქვაზე. გვყვავს საშუალო სიმძიმის პაციენტები. ამჟამად მსუბუქი პაციენტები ნაკლებად გვყავს", - განაცხადა ენდელაძემ. ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ჟოზეფ ბორელი თვითიზოლაციაში გადავიდა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი თვითიზოლაციაშია. როგორც ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს, თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც შეიტყო, რომ დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელიც მასთან ერთად გასულ კვირას ეთიოპიაში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. „შემატყობინეს, რომ დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ჩემთან და იანეზ ლენარჩიჩთან ერთად გასულ კვირას ეთიოპიაში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. კვირას, დაბრუნების შემდეგ ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. წესების შესაბამისად, თვითიზოლაციაში გადავდივარ და მეორე ტესტის ჩატარებას დაველოდები”, - წერს დიპლომატი.
ფაუჩი, ტრამპს, რეკლამაში, მისი სიტყვების კონტექსტიდან ამოღებულად გამოყენებაში ადანაშაულებს
ექიმმა ანტონი ფაუჩიმ, შეერთებულ შტატებში ინფექციური დაავადებების ერთ-ერთმა უმთავრესმა ექსპერტმა, ტელეკომპანია „სი-ენ-ენ-თან“ ინტერვიუში კვირას განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიამ მისი კომენტარები კონტექსტიდან ამოიღო და ისე გამოიყენა საარჩევნო რეკლამებში. ფაუჩის თქმით, შაბათს გამოსული სარეკლამო კლიპი მისი თანხმობის გარეშე შეიქმნა. „მე თითქმის ხუთი ათწლეულია საჯარო სამსახურში ვარ. საჯაროდ არასოდეს გამომიხატავს არცერთი პოლიტიკური კანდიდატის მხარდაჭერა. ჩემი კომენტარები, რომლებიც რესპუბლიკურმა პარტიამ საკუთარ სარეკლამო კამპანიაში გამოიყენა, კონტექსტიდანაა ამოღებული ზოგადი განცხადებიდან, რომელიც მე თვეების წინ გავაკეთე ფედერალური საჯარო ჯანდაცვის ოფიციალური პირების შესახებ,“ უთხრა ფაუჩიმ „სი-ენ-ენ-ს.“ 30 წამიან სარეკლამო რგოლში, სადაც ფაუჩის დამონტაჟებული კომენტარია გამოყენებული, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს - „ვერ წარმომიდგენია... ვინმეს უფრო მეტის გაკეთება შეეძლოს.“ ეს კომენტარის კადრს მიღმა ტექსტს მოსდევს, სადაც გამხმოვანებელი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს. ფაუჩის კომენტარი ამოღებულია მარტში ტელეკომპანია „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემული ინტერვიუდან. მისი სრული ციტატა ასეთია: „მე თითქმის მთელ დროს ამას ვუთმობ. თითქმის ყოველ დღე თეთრ სახლში ვარ სამუშაო ჯგუფთან. ყოველ დღე. ასე რომ, ვერანაირ გარემოებაში ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმეს უფრო მეტის გაკეთება შეეძლოს.“ ტრამპის კამპანიის კომუნიკაციების დირექტორმა ტიმ მურტომ „სი-ენ-ენს“ უთხრა, რომ „ეს ექიმი ფაუჩის სიტყვებია. ვიდეო ამოღებულია ქვეყნის მაშტაბით ეთერში გასული ინტერვიუდან, სადაც ექიმი ფაუჩი ტრამპის ადმინისტრაციის მუშაობას აქებდა. ეს სიტყვები არის ზუსტი და ისინი პირდაპირ ექიმი ფაუჩის პირიდან მოდის.“ ფაუჩის განცხადებას პრეზიდენტი ტრამპიც გამოეხმაურა "ტვიტერზე" და თქვა, რომ ეს ფაუჩის სიტყვებია. დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ბაიდენი პრეზიდენტ ტრამპის მიერ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს და ეფექტურობას აკრიტიკებს.
ბელარუსში პოლიციას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება ექნება
ბელარუსის მთავრობა აცხადებს, რომ პოლიციას ახლა უფლება ექნება “საჭიროების შემთხვევაში” მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს. საპროტესტო დემონსტრაციებზე, რომლებიც ორშაბათსაც გრძელდებოდა, ქუჩაში გამოსული ხალხი პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ორშაბათს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოსვლები “ორგანიზებული და უკიდურესად რადიკალური” გახდა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ “ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და შინაგანი ჯარი ქუჩებს არ დატოვებს და საჭიროების შემთხვევაში საგანგებო აღჭურვილობას და სამხედრო შეიარაღებას გამოიყენებს." ორშაბათს, სამინისტრომ ასევე გამოაცხადა, რომ წინა დღეს, დემონსტრაციებზე 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათგან 570 სასამართლო მოსმენის მოლოდინში, ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩება. ორშაბათს, მინსკში, 2 ათასზე მეტმა ხანდაზმულმა ადამიანმა, მთავრობის საწინააღმდეგო “პენსიონერთა მარშში” მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაციის ამსახველ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციამ მათ სასიგნალო რაკეტის პისტოლეტებით და ცრემლსადენი გაზით უპასუხა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ სამშაბათს თქვა, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო გადადგომის შესახებ თუ არ გამოაცხადებს, ძალადობას თუ არ შეწყვეტს და 25 ოქტომბრამდე პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს, ის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას გამოაცხადებს. ვილნიუსში მყოფმა ციხანოუსკაიამ თქვა, რომ “26 ოქტომბერს ყველა წარმოება გაფიცვას გამოაცხადებს, ყველა გზა გადაიკეტება, სახელმწიფო მაღაზიებში არანაირი გაყიდვები აღარ იქნება."
აშშ აცხადებს, რომ START-ის ახალი შეთანხმების მიღწევისთვის მზადაა
აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გრძელდება. მოლაპარაკებებში აშშ-ს წარმომადგენელმა მარშალ ბილინგსლეამ თქვა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის პრინციპული შეთანხმება შედგა, თუმცა მალევე ოფიციალურმა მოსკოვმა ეს უარყო და ილუზია უწოდა. ბილინგსლეა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს ჰელსინკში შეხვდა. მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარ საკითხს 2010 წლის START-ის შეთანხმების გახანგრძლივება წარმოადგენდა, რომელსაც ვადა თებერვალში გასდის. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მთავრობების უმაღლეს დონეზე პრინციპული შეთანხმება არსებობს. ამიტომ შევწყვიტე ჩემი ვიზიტი აზიაში და ჰელსინკში ჩამოვედი, როდესაც რუსები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მოლაპარაკება სურდათ". - თქვა ბილინგსლეამ. მისივე თქმით, შეთანხმების გაგრძელებისათვის აშშ-ს წინაპირობაა აკრძალვა მცირე რადიუსის, ტაქტიკურ ქობინებზეც გავრცელდეს. ამ პირობას მოსკოვი არ ეთანხმება. რიაბკოვმა თქვა, რომ რუსეთის START-ის ახალ შეთანხმებას აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე არ დათანხმდება. ბილინგსლეას თქმით კი, რიაბკოვს შესაძლოა უკანასკნელი ინფორმაცია არ აქვს რუსეთის ლიდერის სურვილების თაობაზე: "იმედი მაქვს, რომ ჯენტლმენების შეთანხმება, რომელიც ჩვენი აზრით უმაღლეს დონეზე შედგა, საბოლოოდ ჩამოაღწევს მათ სისტემაში და ჩემს კოლეგას ექნება ნებართვა მოლაპარაკებებზე. ჩვენ მზად ვართ მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს ხვალვე შეგვიძლია. მოსკოვმაც უნდა გამოამჟღავნოს პოლიტიკური ნება". - თქვა მან. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ასევე სურდა იარაღის კონტროლზე ყველა სამომავლო შეთანხმებაში ჩართულიყო ჩინეთიც, თუმცა ამ მოთხოვნაზე უარი გასულ კვირას თქვეს და განაცხადეს, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები შესაძლოა მომავალში შედგეს. ჩინეთი დისკუსიაში ჩასართველად არაერთხელ მიიწვიეს, თუმცა მოლაპარაკებებში ჩინეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ. მიმდინარე წლის სექტემბერში პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთს საკუთარი ბირთვული იარაღის არსენალის მინიმუმ გაორმაგება სურს. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტი (New Start) უნდა მოიცავდეს "ახალ სისტემებს, როგორიცაა ბირთვული ენერგიით აღჭურვილი შეიარაღება, წყალქვეშა სისტემა, დრონი ბირთვული შეიარაღებით, სახელად პოსეიდონი, ბირთვული საკრუიზო რაკეტა, საჰაერო ბალისტიკური რაკეტა და ამგვარი შეიარაღება". გასული წლის იანვარში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების (INF) დატოვების შესახებ. აშშ-მა შეთანხმება სრულად აგვისტოში დატოვა. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც. პუტინი დაიმუქრა, რომ, თუ აშშ ახალ რაკეტებს შექმნიდა, რუსეთიც იმავეს გააკეთებდა. შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა. აშშ-მა და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას მცირე დროში გახდის შესაძლებელს.
რუსეთი და ჩინეთი გაეროს ადამიანთა უფლებათა საბჭოში აირჩიეს
13 ოქტომბერს რუსეთი და ჩინეთი გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოში აირჩიეს. აღნიშნულ ქვეყნებს ადამიანთა უფლებების დარღვევისთვის საერთაშორისოდ აკრიტიკებენ. საუდის არაბეთმა ამჯერად ადამიანის უფლებების საბჭოში ადგილის დაკავება ვერ შეძლო. 2016 წელს საუდის არაბეთმა 152 ხმა მოიპოვა, თუმცა, ამჯერად 90. ამ წელს 20%-ით ნაკლებმა მისცა ხმა ჩინეთს, 2016 წელთან შედარებით, როდესაც ჩინეთმა 139 ხმა მოიპოვა. 193 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 47-წევრიან საბჭოში ასევე აირჩიეს კოტ-დ’ივუარი, გაბონი, მალავი, კუბა, ბოლივია, უზბეკეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი. სენგალი, ნეპალი, პაკისტანი, უკრაინა და მექსიკა ხელახლა აირჩიეს. საბჭოს წევრებს ზედიზედ ორჯერ მეტი ვადით საბჭოში ყოფნა არ შეუძლიათ. ახალი წევრების ვადის ათვლა 2021 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებენ. "ის, რომ საუდის არაბეთმა ვერ შეძლო ადამიანის უფლებათა საბჭოში ადგილის დაკავება მისასალმებელი შეხსენებაა, რომ გაეროს არჩევნებში მეტი კონკურენციაა საჭირო. დამატებითი კანდიდატები რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ჩინეთს, კუბას და რუსეთს წაეგო," - თქვა ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო ცენტრის გაეროს დირექტორმა, ლუი შარბონომ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2018 წელს დატოვა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ამის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში საბჭოს დატოვების მიზეზად "პოლიტიკური მიკერძოებულობა" დაასახელა და თქვა, რომ საბჭო "ადამიანის უფლებების ცუდი დამცველია". წლევანდელი ხმისმიცემის შედეგებს გამოეხმაურა მაიკ პომპეო - "გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანთა უფლებების საბჭომ კიდევ ერთხელ აირჩია ქვეყნები, რომლებსაც ადამიანის უფლებების საშინელი ჩანაწერი აქვთ".
"სომხეთი ჩვენს გაზსადენებზე თავდასხასა და კონტროლის დამყარებას ცდილობს"
სომხეთი ჩვენს გაზსადენებზე თავდასხასა და კონტროლის დამყარებას ცდილობს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქულ გამოცემა Haberturk-სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, თუკი სომხეთი აზერბაიჯანის გაზსადენებზე კონტროლის დამყარებას შეეცდება, ამას მათთვის „ძალიან სასტიკი შედეგი მოჰყვება.“ სომხეთი უარყოფს ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი სამიზნე აზერბაიჯანის გაზსადენებია.
რუსეთი ნავალნის საქმეზე სანქციების დაწესების გეგმის გამო EU-სთან დიალოგის გაწყვეტით იმუქრება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ნავალნის მოწამვლის საქმის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე: "ჩვენ, ალბათ, უბრალოდ დასავლეთში დროებით უნდა შევაჩეროთ ლაპარაკი იმ ხალხთან, ვინც პასუხისმგებელია მის საგარეო პოლიტიკაზე და არ ესმის ურთიერთპატივსაცემი დიალოგის საჭიროება... რუსეთს სურს, გაიგოს, ამ სიტუაციაში შესაძლებელია, თუ არა ევროკავშირთან რაიმე საქმის კეთება". – აღნიშნა ლავროვმა. 12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საფრანგეთი-გერმანიის გეგმას, რუსეთს ნავალნის ნერვული აგენტით მოწამვლის საქმის გამო სანქციები დაუწესონ. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს, არ დაუკონკრეტებია, თუ ვის დაუწესდება სანქციები ან როდის ამოქმედდება ისინი, თუმცა თქვა, რომ ამ საქმეზე ტექნიკური სამუშაოები ახლა დაიწყება. ნავალნი შეუძლოდ გახდა 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა. ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს. ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან 22 სექტემბერს 32-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ნავალნიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 დღე გაატარა. ის გერმანიაში რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე დარჩება. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ნავალნის მოწამვლის საქმე ბადებს "ძალიან სერიოზულ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და მათ ეს უნდა გააკეთონ". თავად ალექსეი ნავალნიმ თავის მოწამვლაში ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა. "მე მჯერა, რომ პუტინი ამ დანაშაულის უკან დგას და მომხდარის შესახებ არ მაქვს სხვა ვერსია". - განაცხადა ნავალნიმ გერმანულ მედიასთან საუბრისას. ქიმიური იარაღის ნოვიჩოკის შესახებ ვრცლად წაიკიტხეთ ტაბულას სტატიაში - კრემლის პრობლემების საბჭოთა წამალი - რა არის "ნოვიჩოკი"? ალექსეი ნავალნიზე ვრცლად წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში - "უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის - ვინ არის ალექსეი ნავალნი".