ძებნის რეზულტატი:
"Covid-19-თან თანაცხოვრების ფაზა სულ მცირე 1 წელი გაგრძელდება"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, covid-19-ის დამარცხებამდე სახელმწიფომ, კერძო სექტორმა და სამედიცინო სფერომ ერთობლივად უნდა იმოქმედონ, რათ ვირუსთან ადაპტირება შეძლონ. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც ითქვა, ადაპტაციის ანუ თანაცხოვრების ფაზა კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად კიდევ სულ მცირე ერთი წელი მაინც უნდა გავიაროთ. ამ 8 თვის განმავლობაში რადიკალური გარღვევა კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროს არ ჰქონია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გარღვევა იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა 2020 წლის ბოლოს იქნება მზად.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2170 ლარი გახდა
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 3.2170 ლარამდე გამყარდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2209 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.39 თეთრი შეადგინა. ლარი გამყარდა ევროსთანაც. ხვალისთვის 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7803 ლარი იქნება, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7965 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.62 თეთრი შეადგინა. დღეს ლარი თურქული ლირის და ფუნტი მიმართაც გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან შევა ძალაში.
"მიუღებელია რუსეთის გადაწყვეტილება, რამაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვია"
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, მსგავსი მიდგომა საფრთხის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესს. “საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დღეს გვაქვს გამწვავებული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომლის ფონზე განსაკუთრებით მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლა. მსგავსი მიდგომა საფრთხის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესს, ისევე როგორც ჩვენს იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, პანდემიით უფრო დამძიმებული გამოწვევების მოგვარებისკენ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჟენევის ფორმატში რუსეთ- საქართველოს მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში განახლდება”, - განაცხადა ახვლედიანმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო. „საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”,- ნათქვამია განცხადებაში.
დანიაში საქართველოს ელჩი: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს
"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს". – წერს დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიგი გიგიაძე Facebook გვერდზე. გიგიაძის თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება "აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია". "სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. [...] იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება". – წერს გიგი გიგიაძე. დღეს, 7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში სომხეთის ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელდა. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა სომხეთის ელჩის ინიციატივით შედგა და ხანმოკლე საუბრის დროს ის შეეხო ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წუხილი გამოთქვა ორივე მხარეს მსხვერპლთა გამო და აღნიშნა, რომ ლოცულობს კონფლიქტის დროულად დასრულებისა და მშვიდობისათვის". –ნათქვამია განცხადებაში. შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის საელჩომაც. მათი თქმით, რუბენ სადოიანმა ისაუბრა კონფლიქტში თურქეთის ჩართულობაზე და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ეს არის დაუშვებელი და რეგიონისთვის საფრთხის შემცველი. "ამ კონტექსტში განსაკუთრებულად აღინიშნა ასევე თურქეთის მეშვეობით სირიიდან ტერორისტ-მებრძოლთა ჩართულობა არცახის წინააღმდეგ მოქმედებებში. საუბარი შეეხო ასევე იმ ფაქტს, რომ ტერორისტების ჩართულობა კონფლიქტში რეგიონში დიდ საფრთხეს წარმოადგენს ასევე საქართველოსთვის". - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. გუშინ, 6 ოქტომბერს, საქართველოში სომხეთის საელჩომ განცახდება გაავრცელა და უარყო გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ საქართველო სომხეთისაკენ მიმავალ ჰუმანიტარულ დახმარებას და საწვავს აფერხებს. მიმდინარე თვეს სომხეთის საელჩომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მაშინ სომხეთის საელჩომ განაცხადა, რომ ვიდეო, რომელშიც საუბარი იყო ბორჯომში დაფიქსირებულ სამხედრო ტექნიკაზე და ნათქვამი იყო, რომ ის, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაადგილდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 290 ადამიანს ტესტირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1976-მდე გაიზარდა. ამავე ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 110 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საავადმყოფოდან გაეწერა 13 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 668 გახდა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 16-ს შეადგენს.
ტრამპის თქმით, კორონავირუსის წამალი ამერიკელებისთვის უფასო გახდება
ვფიქრობ, ღვთის წყალობა იყო, რომ დავინფიცირდი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, თავს შესანიშნავად გრძნობს და ეს ექსპერიმენტული წამლის Regeneron-ის დამსახურებაა, რომელიც ამერიკელებისთვის უფასო გახდება. „მათ Regeneron-ით მკურნალობა დამიწყეს. დაუჯერებელი იყო, მაშინვე კარგად ვიგრძენი თავი. 24 საათში კი თავს იმდენად კარგად ვგრძნობდი, საავადმყოფოდან მინდოდა გამოსვლა. მინდა, რომ თქვენც მიიღოთ ის. თქვენთვის ის უფასო იქნება, არაფრის გადახდა მოგიწევთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიის გავრცელებაში ჩინეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს ქმედება ჩინეთს ძვირი დაუჯდება. „ეს ჩინეთის ბრალია და ჩინეთს ის, რაც ჩვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოს გაუკეთა, ძვირი დაუჯდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, კორონავირუსით დაინფიცირებულმა პრეზიდენტმა „უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალი ორი დღის წინ დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა.
საერთაშორისო შუამავლებმა თურქეთი უნდა დაარწმუნონ, რომ თამაშიდან გავიდეს - არმენ სარქისიანი
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მიიჩნევს, რომ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც „თამაშიდან გავა თურქეთი“. „ამჟამად ყარაბაღში რეალური ომია, რომლისთვისაც აზერბაიჯანი და თურქეთი დიდი ხანია ემზადებოდნენ. ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მესამე მოთამაშე გავა თამაშიდან“, - განაცხადა პრეზიდენტმა რუს ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, კონფლიქტში ანკარას ჩართულობის გამო, ეს ქვეყანა ვერ იქნება შუამავალი ყარაბაღის პრობლემის დარეგულირების საკითხში. სარქისიანის თქმით, თურქეთის ყოფნა აზერბაიჯანში აკნინებს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს. თუმცა, მისი თქმით, ეს თავად აზერბაიჯანელების საქმეა. „ეს ყველაფერი ნეგატიურად მოქმედებს რეგიონზე, მთლიანად ცვლის სურათს კავკასიაში, ვითარება გადაჰყავს სხვა გეოპოლიტიკურ დონეზე, სადაც მთავარი ღერძი ხდება თურქეთი“ ,- განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საერთაშორისო შუამავლებმა თურქეთი უნდა დაარწმუნონ, რომ რეგიონის კონფლიქტიდან გავიდეს.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვევა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი ანნა ნაღდალიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. „მიმდინარეობს მუშაობა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანის რუსეთში ოფიციალური ვიზიტის მოსამზადებლად. ვიზიტი 12 ოქტომბერს შედგება,“- წერს ნაღდალიანი. შეგახსენებთ, აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამინი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.
გერმანიამ საქართველოს მთელი ტერიტორია კორონავირუსის რისკ-ზონად გამოაცხადა
გერმანიის საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით, 7 ოქტომბრიდან საქართველო ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში მოხვდა. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. მაღალი რისკის მქონე ტერიტორიად კლასიფიკაცია ორეტაპიან ანალიზს ემყარება, რომელსაც ზემოთჩამოთვლილი სამინისტროები ერთობლივად აწარმოებენ. რობერტ კოხის ინტიტუტის ცნობით, ანალიზის პროცესში გამოიკვლიეს, თუ რომელ ქვეყნებში დაფიქსირდა ბოლო 7 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა. საქართველო მსგავს ქვეყნებს შორის აღმოჩნდა. დღეიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებისთვის აუცილებელია კორონავირუსის სავალდებულო ტესტის ჩატარება. ჩამსვლელებს ასევე შესაძლოა საკარანტინო პირობებში ყოფნა მოუწიოთ, თუკი კონკრეტული ფედერაციული ერთეულის – მიწის (Land) ადმინისტრაციას ასე აქვს განსაზღვრული უცხოელი მგზავრებისთვის. სხვა ქვეყნები, რომელთა მთელი ტერიტორიაც მაღალი რისკის მქონე ზონად 7 ოქტომბრიდან გამოცხადდა, არიან: იორდანია, ნიდერლანდები, რუმინეთი და ტუნისი.
რუსეთმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ძებნილთა სიაში შეიყვანა
რუსეთმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია სისხლის სამართლის დანაშაულისთვის სახელმწიფოთაშორის ძებნილთა სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პოლიციის მონაცემთა ბაზაში იძებნება, თუმცა მითითებული არ არის რა მუხლის საფუძველზე. რუსული მედიის მიხედვით, ტიხანოვსკაიას ძებნითა სიაში დამატება ავტომატურად მოხდა მას შემდეგ, რაც ის მსგავს სიაში ბელარუსმა შეიყვანა. ბელარუსში მის წინააღმდეგ საქმე ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით არის აღძრული. ამავე ბრალდებით უკვე დააკავეს ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს თითქმის ყველა წევრი. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და თავს ლიტვას აფარებს, თუმცა უკანასკენლ დღეებში ის გერმანიაში იმყოფებოდა და კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. გერმანიაში იმყოფება საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩიც. ასევე ავტომატურად ამოქმედდა რუსეთში ევროკავშირისათვის დაწესებული ის სანქციები, რაც ბელარუსმა შემოიღო მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარეს და ლუკაშენკოს მთავრობას სანქციები დაუწესეს. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე 12 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ოპოზიცია და მოსახლეობა არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს. ევროკავშირი, კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.
"ცეცხლის შეწყვეტა ცალმხრივად არ მიიღწევა, ეს ორმხრივი გადაწვეტილება უნდა იყოს"
ცეცხლის შეწყვეტა ცალმხრივად არ მიიღწევა, ეს ორმხრივი გადაწვეტილება უნდა იყოს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტ ალიევის თქმით, მათ ქვეყანას თავს სომხეთი დაესხა და აზერბაიჯანმა წარმატებული საპასუხო შეტევა განახორციელა. „ჩვენი კონტრშეტევა წარმატებული იყო. ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი გავათავისუფლეთ, ჩვენი მთავარი მიზანია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სომხეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის გრაფიკი უნდა მოგვაწოდოს, ეს გრაფიკი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ უნდა იყოს დამტკიცებული და სწორედ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობა,“- აღნიშნა ილჰამ ალიევმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ მას ოკუპაციის დასრულება სურს. „გვსურს, შევჩერდეთ, მაგრამ გვსურს, ოკუპაცია შეწყდეს. ჩვენ სომხეთის მიწაზე არ ვართ, ჩვენ ჩვენს მიწაზე ვიმყოფებით,“- აღნიშნა ალიევმა.
" საერთაშორისო საზოგადოებამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს"
ჩვენი პოზიცია უცველელია, ყარაბაღის საკითხი ძალადობის გზით არ უნდა გადაიჭრას, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენი პოზიცია უცვლელია, ყარაბაღის საკითხი ძალადობის გზით არ უნდა გადაიჭრას, ძალადობის გზით არანაირი გამოსავლის პოვნა არაა შესაძლებელი. თუმცა აზერბაიჯანის პოლიტიკა არის ყარაბაღის საკითხის ძალადობრივად გადაწყვეტა. სომხეთი კომპრომისისთვის ყოველთვის მზად იყო. აზერბაიჯანი არის მხარე, რომელსაც არანაირი კომპრომისი არ სურს. მათთვის გამოსავალი არის, რომ ყარაბაღელი სომხები გადასახლდნენ, ისინი ყარაბაღის მიღებას ეთნიკური წმენდის გზით აპირებენ,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. მისივე მტკიცებით, სომხების წინააღმდეგ გენოციდის განხორციელებაში საერთაშორისო ტერორისტები არიან ჩართულები. „დღეს გენოციდის განხორციელებაში საერთაშორისო ტერორისტები არიან ჩართულები. ისინი რეგიონში თურქეთმა ჩამოიყვანა. ისინი აზერბაიჯანის მხარეს იბრძვიან. ასე რომ, მსურს ხაზი გავუსვა : თუ გვსურს, ჰუმანიტარული კატასტროფა შევაჩეროთ, თუ გვსურს ეს კონფლიქტი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს, საერთაშორისო საზოგადოებამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს,“- განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10225-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 348 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5235-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1338-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 66 ადამიანი გარდაიცვალა.
მთავრობა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფს ქმნის, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერის თქმით, შეიქმნება რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფი, რომელიც საქართველოს მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს. რეანიმატოლოგთა ჯგუფს თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს. „დღეს ჯანდაცვის სისტემა არის იმ მდგომარეობაში, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის ეს ტალღა ვმართოთ. ჩვენი მთავარი მიზანია, სტრუქტურა დავალაგოთ ისე, რომ სტაციონარში მივიდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც სტაციონარი სჭირდება. როგორც კი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მძიმეა ან კრიტიკული, მისი მართვა უკვე საერთო საქმეა, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ვთვლით, რომ რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფის გაკეთება იქნება სწორი. რა თქმა უნდა, კლინიკური ჯგუფის ის ცოდნა, რომელიც დაგროვილია, ყველამ უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, კორონავირუსის პირველი ტალღის წარმატებას ჰყავდა თავისი გმირები და სახეები. "ახლა ქვეყანა შედის მეორე ტალღაში, სადაც სხვა რიგის პრობლემები დგას და უნდა გაჩნდნენ ახალი გმირები, რომლებიც ამ ღირსეულ კოჰორტას უნდა შეემატონ", - აღნიშნა პრემიერმა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10225 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5553 პაციენტი განიკურნა, ხოლო 66 გარდაიცვალა.
მარინა ენდელაძე: თბილისში იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი და ძალიან საყურადღებოა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის შეფასებით, თბილისში იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი, რაც "ძალიან საყურადღებოა". ახალი გამოვლენილი შემთხვევების განაწილებასა და ეპიდსიტუაციაზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. "ყველა ინფიცირებულის წყარო ცნობილია, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება. თბილისში იმატებს, ჯერ არ არის ეს დრამატული მატება მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. იცით, რომ პირველ სექტემბრამდე 1510 იყო ინფიცირებული და უკვე თვენახევარში 8 ათასს ასცდა", - ამბობს მარინა ენდელაძე. მისივე განცხადებით, 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში გამოვლინდა, 134 - თბილისში. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, ენდელაძის თქმით, 68 შემთხვევა იმერეთს უკავშირდება, 8-8 სამცხე-ჯავახეთს, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთს, 6 - შიდა ქართლს, ხოლო 5-5 კახეთსა და მცხეთა-მთიანეთს.
სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა
სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა. სომხური რადიო თავისუფლების თანახმად, ქვეყანაში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გარდაიცვალა. ჯამში სომხეთში ინფიცირების 54 473 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 45 312 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 004 კი გარდაიცვალა. გარდა ამისა, გარდაცვლილია კიდევ 302 ინფიცირებული, რომლებსაც კორონავირუსი ჰქონდათ, თუმცა გარდაცვალება "სხვა მიზეზმა" გამოიწვია. ასეთ პაციენტებს სომხეთი ცალკე აღრიცხავს.
რუსეთის პატრიარქი თვითიზოლაციაში გადავიდა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კარანტინში იმყოფება. მას კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი ჰქონდა. პატრიარქი ჯანმრთელად არის და დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხში სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 73 წლის რუსეთის პატრიარქმა გადადო ტრადიციული ვიზიტი სამების ლავრაში სერგი რადონოჟელის ხსენების დღესთან დაკავშირებით. „დარწმუნებული ვარ, რომ უწმინდესის თვითიზოლაცია მაგალითია პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების და ზრუნვისა გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის“ , - განაცხადა ლეგოიდან.
ცეკვა ქართულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ცეკვა ქართულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 21 სექტემბრის ბრძანება ძალაში 7 ოქტომბერს შევიდა. "დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები", - წერია ბრძანებაში.
ამერიკის ჯარები ავღანეთიდან წლის ბოლომდე გავლენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ჯარებმა ავღანეთი წლის ბოლომდე უნდა დატოვონ. ამის შესახებ ტრამპმა "ტვიტერში" მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითებში განაცხადა, რომ 2021 წლის დასაწყისისთვის ავღანეთში აშშ-ის ჯარების რაოდენობა ხუთიდან ორნახევარ ათასამდე შემცირდება. ამერიკელი სამხედროების გასვლა ავღანეთიდან გათვალისწინებულია შეთანხმებით აშშ-ს, ავღანეთის მთავრობასა და რადიკალურ მოძრაობა თალიბანს შორის. შეთანხმება თებერვალში შედგა. ის ითვალისწინებს ამერიკელი სამხედროების მთლიანად გაყვანას ავღანეთიდან 2021 წლის მაისამდე, რის სანაცვლოდაც თალიბებმა პირობა დადეს, რომ იბრძოლებენ ისლამისტებთან და მოლაპარაკებებს გამართავენ ავღანეთის მთავრობასთან.