ძებნის რეზულტატი:

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს 60-მდე თანამშრომელი გააძევა

მოლდოვაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება. მოლდოვა რუსეთის საელჩოს თანამშრომლებთა რაოდენობას ამცირებს მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, დორინ რეჩან დანიელ ვოდეს განცხადებით, დიპლომატიური თანამდებობების რაოდენობა 10-მდე, ხოლო ტექნიკური თანამშრომლების - 15-მდე შემცირდება. „ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომლის შესახებ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი უკვე ინფორმირებულია," – განაცხადა ვოდემ. მარია ზახაროვას საპასუხო განცხადებით, ოფიციალური კიშინიოვი დასავლეთის სპონსორების გასახარებლად, რუსოფობიაზე მიმართულ ძალისხმევას აორმაგებს. მანამდე რუსეთის ელჩი მოლდოვაში ოლეგ ვასნეცოვი, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც მოლდოვაში რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან თვალთვალის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ესტონეთი აფრიკაში სამხედროებს გაგზავნის

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის პარლამენტს დასამტკიცებლად გაუგზავნა რეზოლუციის პროექტი, რომელიც აფრიკის სახელმწიფო ნიგერიში ხუთამდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას გულისხმობს. მიზანი ევროკავშირის სამხედრო მისიაში (EUMPM Niger) მონაწილეობაა. ამის შესახებ ERR იუწყება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მისიაში მონაწილეობით, რომელიც მიზნად ისახავს ტერორისტული ჯგუფების უფრო ეფექტიანად შეკავებას და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვას, მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთმა ხაზი გაუსვას თავის წვლილს იმ მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც დამტკიცებულია ევროკავშირის სტრატეგიულ გეგმაში. (კომპასი - თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების სამოქმედო გეგმა) მისივე თანახმად, „EUMPM ნიგერი შეიძლება, იყოს ერთადერთი ფორმატი, რომლითაც ესტონეთი შეძლებს საფრანგეთთან ოპერატიული თანამშრომლობის შენარჩუნებას აფრიკაში უახლოეს მომავალში.“  

კალაძის თქმით, აღმაშენებელზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე 40-მდე ღია კაფე ფუნქციონირებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე-ბარების მეპატრონეებს გონივრულ ვადას აძლევს, რომ გარე პერიმეტრზე განთავსებული დასაჯდომი სივრცეები მოაწესრიგონ. კალაძის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერიას რეაგირება და საკითხში მუნიციპალური ინსპექციის ჩართვა მოუწევს. აღმაშენებლის გამზირზე არსებულ საფეხმავლო მონაკვეთზე განთავსებული ღია კაფეების მესაკუთრეებს თბილისის მერია სანებართვო დოკუმენტების მოწესრიგებას სთხოვს. „აღმაშენებლის გამზირზე, ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის კვეთამდე ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია 40-მდე ღია კაფე. ქაოსურად განთავსებული ღია კაფეები პრობლემას უქმნის გადაადგილებისას, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ყველა იმ პირს, ვინც ამ ქუჩაზე დღის განმავლობაში გადაადგილდება. ჩვენ ბიზნესს რატომ უნდა შევუშალოთ ხელი, რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ? მაგრამ ამგვარი მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია. დავით ნარმანიას მერობის პერიოდში აღნიშნული სივრცე განახლდა და ერთი სიამოვნება იყო იქ გასეირნება. დღეს ვხედავთ გარე კაფეებს ყოველგვარი ნებართვის გარეშე. პანდემიის პერიოდში ყველანაირად გვერდში დაგიდექით, რომ აღნიშნული სივრცეები მოგეწყოთ გარეთ, რადგან შიგნით შეზღუდვა იყო. იმისთვის, რომ ბიზნესის თვალსაზრისით პრობლემები არ შეგქმნოდათ, მოგეცით შესაძლებლობა, გარე სივრცეები გამოგეყენებინათ. თუმცა, მძიმე მდგომარეობაა ვიზუალური თვალსაზრისითაც, გემოვნების თვალსაზრისითაც, ასევე, ორივე მხარეს იმდენადაა გამოწეული დასაჯდომი სივრცეები, გავლა შეუძლებელია; ამასთან, სახანძრო საჭიროების ან სასწრაფო დახმარების თვალსაზრისითაც პრობლემაა. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ. გეძლევათ ვადა, რომ მოაწესრიგოთ აღნიშნული პრობლემა - როგორც ვიზუალური მხარე, ასევე, ნებართვების თვალსაზრისით, წინააღმდეგ შემთხვევაში რეაგირება მოგვიწევს და ჩართული იქნება მუნიციპალური ინსპექცია. გაქვთ დრო, რათა აღნიშნული პრობლემა მოგვარებული იყოს. ვიზუალური მხარესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, თქვენთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.  

UNESCO ქვეყნებს სკოლებში სმარტფონების აკრძალვას ურჩევს

გაეროს სააგენტო ამბობს, რომ მობილური ტელეფონის გადაჭარბებული გამოყენება დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის შეფერხებასთან გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, არსებობს მტკიცებულება, რომ მობილური ტელეფონის გადაჭარბებული გამოყენება დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესში უნარების დაქვეითებასთან და ეკრანთან დროის დიდი ხნით გატარება, უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ემოციურ სტაბილურობაზე. Unesco-ს შეფასებით, სმარტფონების აკრძალვის მოწოდება მკაფიო გზავნილია, რომ მთლიანობაში ციფრული ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით, ყოველთვის უნდა ემორჩილებოდეს „ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას“ და მან არ უნდა ჩაანაცვლოს მასწავლებლებთან პირისპირ ურთიერთობა. „ყველა ცვლილება არ წარმოადგენს პროგრესს. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც შეიძლება, გაკეთდეს, არ ნიშნავს რომ უნდა გაკეთდეს,“ - აცხადებენ სააგენტოში.  

NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა დღეს იმართება

NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა დღეს, ბრიუსელის დროით 15:00 საათზე გაიმართება. შეხვედრა ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებისა და მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართება. უკრაინას წარმოადგენს NATO-ში ამ ქვეყნის ელჩი, ნატალია ჰალიბარენკო. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინული მხარის თხოვნას დათანხმდა და ახლად შექმნილი NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა 23 ივლისს მოიწვია. ალიანსის სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა განიხილონ ბოლო მოვლენები და უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება შავი ზღვის გავლით.  მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, NATO-უკრაინას საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოვიდა. „ბატონ სტოლტენბერგთან განვიხილეთ მარცვლეულის დერეფნის განბლოკვისთვისა და მყარი მუშაობისთვის ჩვენი ნაბიჯები. ჩვენს თანამშრომლობაში ახალ, უმაღლეს დონეზე გადავედით - უკრაინა-NATO-ს საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შესაძლოა, იმუშაოს. იენსს [სტოლტენბერგს] წინადადებით მივმართე, დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ ასეთი საბჭო შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება. ჩვენ შეგვიძლია, დავძლიოთ უსაფრთხოების კრიზისი შავ ზღვაში,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, NATO-ს გენერალურ მდივანთან უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა, კერძოდ, შავ ზღვაში რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე. „ნებისმიერი დესტაბილიზაცია ამ რეგიონში, ჩვენი საექსპორტო გზების მუშაობის მოშლა, გამოიწვევს პრობლემებს შესაბამისი შედეგებით ყველასთვის მსოფლიოში,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკი ვილნიუსში, სამიტის ფარგლებში NATO-უკრაინის საბჭოს პირველ შეხვედრას შეუერთდება - სტოლტენბერგი NATO-ს გენერალურ მდივანს შეუძლია, მოიწვიოს საბჭო და ცალკეული მოკავშირეები ან საბჭოს წევრები მას ვერ დაბლოკავენ. საბჭოს მოწვევა ასევე შეუძლიათ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს კრიზისული კონსულტაციისთვის, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 12 ივლისს, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.     AFP: ლიეტუვა ევროკავშირს სთხოვს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის 19 ივლისს ხორვატიამ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარი პორტები შესთავაზა. მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ. შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ „დეზინფორმაციის“ გამო, თბილისთან „შეშფოთება გამოხატა“

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს საელჩოსა და მისი თანაშრომლების საქმიანობაზე გავრცელებულ „დეზინფორმაციასთან“ დაკავშირებით. შესაბამის განცხადებას საელჩო ავრცელებს.    დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და მისი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორამციის გავრცელების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეშფოთება გამოხატეს.   „როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა,“- აცხადებს ამერიკის საელჩო. მას შემდეგ, რაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ (FARA-ს) დოკუმენტები, მმართველი პარტიის წევრებმა და რიგმა ტელეარხებმა გაავრცელეს ბრალდებები, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში ჩართული იყო აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი.

თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ ოფიციალურ პირს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული სამეფოს მინისტრს ექსპორტის საკითხებში, ლორდ მალკომ ოფორდს უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანელ სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში. „შეხვედრაზე მხარეებმა საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტის (Tailored Support Package) ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერაზე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. აღინიშნა დიდი ბრიტანეთიდან მოვლენილი სპეციალურ მრჩევლის როლი თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშორმლობის გაძლიერების საქმეში“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ე.წ. პარლამენტის „დეპუტატებმა“ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ „შეთანხმების რატიფიცირება“ მოახდინეს - მედია

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის „დეპუტატებმა“ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენის შესახებ, „რუსეთ-აფხაზური“ „შეთანხმების“ „რატიფიცირება“ მოახდინეს. „შეთანხმების“ რატიფიცირებას მხარი 30-მა „დეპუტატმა“ დაუჭირა, ორი წინააღმდეგი იყო, ერთმა თავი შეიკავა. რუსეთმა და მის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა, სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს ე.წ. ხელშეკრულება არეგულირებს რუსული იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, იუწყება სააგენტო Apsnypress. ე.წ. დეპუტატების განმარტებით, ე.წ. ხელშეკრულების ვადა 49 წელი, „ინვესტორისთვის“ სპეციალური საგადასახადო რეჟიმი კი, 25 წლამდეა.  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ ცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ICAO-მ აეროპორტის კოდი გააუქმა და 2006 წლიდან, დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაციაც ამოიღო შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

ჩეხეთმა ამერიკული ვერტმფრენები მიიღო

სატრანსპორტო თვითმფრინავი პირველი ორი ახალი ვერტმფრენით აშშ-დან ჩეხეთის ბაზაზე დაეშვა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Novinky წერს. ამერიკულმა ვერტმფრენებმა რუსული Mi უნდა ჩაანაცვლონ, რომელთა ნაწილი ჩეხეთმა უკრაინას გადასცა. შეკეთილი 12 ვერტმფრენის გარდა, ჩეხეთი დამატებით, კომპენსაციის სახით მიიღებს კიდევ რვა შედარებით ძველ ვერტმფრენს. ჩეხმა პილოტებმა ამერიკულ თვითმფრინავებზე შვიდთვიანი სწავლება უკვე დაასრულეს. 

აზერბაიჯანმა თურქულ კომპანიასთან SU-25-ის მოდერნიზაციის შესახებ შეთანხმება გააფორმა

აზერბაიჯანი თურქეთთან სამხედრო კავშირებს აფართოებს. 26 ივლისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომა და თურქულმა კომპანია TUSAS-მ სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია სტამბოლში თავდაცვის ინდუსტრიის მე-16 საერთაშორისო გამოფენის „IDEF-23“ ფარგლებში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სამხედრო-ტექნიკური მომარაგების მთავარი დეპარტამენტის უფროსმა, აგილ გურბანოვმა და TUSAŞ-ის გენერალურმა მენეჯერმა, თემელ კოტილმა. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, კონტრაქტზე ხელმოწერის მთავარი მიზანია თურქული წარმოების „ჭკვიანი ბომბებისა“ და რაკეტების ინტეგრაცია აზერბაიჯანის საჰაერო ძალების შეიარაღებაში მყოფ თვითმფრინავებთან და ასევე, მათი ავიონიკის მოდერნიზაცია. პროექტი, რომელსაც  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ილჰამ ალიევი და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი განიხილავენ, ასევე ითვალისწინებს თავდაცვის ინდუსტრიის შიდა და ეროვნული შესაძლებლობებისა და საშუალებების მაქსიმალურ გამოყენებას. აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ  

იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა

იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა. ჩხაიძის თქმით, პროტოკოლმა მაღალი შეფასება მიიღო გერმანელი ექსპერტისგან. „შედგა იშვიათი დაავადებების საბჭოს შეხვედრა. აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი გაიდლაინების საბჭომ დაამტკიცა. დღეს მოხდა ამ პროტოკოლის განხილვა და საბოლოო დამტკიცება. რაც მნიშვნელოვანია, პროტოკოლმა მიიღო ძალიან მაღალი შეფასება გერმანელი ექსპერტისგან, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ ამ ​დაავადებასთან დაკავშირებით ასეთი კარგი, დეტალური და ინფორმატიული პროტოკოლი მსოფლიოში დღეისათვის არ არის, რაც გვაძლევს უფლებას, ვთქვათ, რომ დღეიდან უკვე საქართველოს აქვს ამ დაავადების დიაგნოსტიკისა და მართვის ერთი-ერთი საუკეთესო პროტოკოლი“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. საბჭოს წევრი ამბობს, რომ დღეს ასევე განისაზღვრა ტექნიკური საკითხები, როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტის დანერგვა და ადმინისტრირება. „მედიკამენტის პირველი დოზის მიღება მოხდება კლინიკაში და არა სახლში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ​ მედიკამენტს გააჩნია გარკვეული გვერდითი მოვლენები, რომელსაც შესაძლოა, დასჭირდეს სამედიცინო ჩარევაც კი. ამიტომ შერჩეულ იქნა ერთი კლინიკა საქართველოში. ეს არის იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. იმიტომ, რომ პროტოკოლის დანერგვას, პაციენტების დეტალურ შესწავლას სჭირდება მულტიპროფილური კლინიკა, მინიმუმ 6-7 სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობით, რაც იაშვილის კლინიკაში არის უზრუნველყოფილი. ასევე, განისაზღვრა პირველი პერიოდი. ჯერჯერობით რთულია ამის თქმა, ეს იქნება ორი კვირა, ეს იქნება ერთი თვე, მაგრამ პაციენტებს ეს მედიკამენტი მაინც გაუკეთდებათ კლინიკაში, ექიმის დაკვირვების შემდეგ. მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში დარჩებიან იქ, რადგან წნევის ვარდნა, რაც გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში განხილულია, როგორც ყველაზე სერიოზული, საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. ბავშვების რაოდენობა პირველ ეტაპზე განისაზღვრა 5-6 ბავშვით. აქცენტი გავაკეთეთ იმ ბავშვებზე, რომელთაც ასაკის გამო აქვთ ყველაზე ნაკლები პერიოდი დარჩენილი, ვიდრე ამ​ პრეპარატის მოქმედების ეფექტი იქნება, ანუ ძვლის საზრდელას მინიმალური შესაძლებლობა არის გათვალისწინებული. ეს იქნება 11, 12, 13 წლის ასაკის ბავშვები, ვინაიდან მართლაც ცოტა პერიოდი აქვთ დარჩენილი, რათა პრეპარატი იქნას ეფექტური,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მისივე თქმით, პაციენტების შერჩევა მოხდება მულტიპროფილური ჯგუფის მიერ და მეორე ეტაპზე სხვა ბავშვების ჩართვა მოხდება. „პროცესი განსაზღვრულია და დღეს გადაწყვეტილება მიღებული 2023-2024 წლის პროგრამასთან დაკავშირებით. თარიღი ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ 2023 წელს ამ პროცესში ჩაერთვებიან პირველი ბავშვები, აუცილებლად წლის ბოლომდე. თარიღი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება მწარმოებელთან მოლაპარაკება კონკრეტულად ვადებთან დაკავშირებით. ეს პაციენტები ამ წამალს იღებენ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში. თუ წლის განმავლობაში ზრდის მატება 1,6 სანტიმეტრზე ნაკლებია, მედიკამენტი ითვლება უეფექტოდ და მაშინ ის უნდა შეწყდეს. ამიტომ, თუ მივიღეთ შედეგი და ზრდის მატება 1.6 სანტიმეტრზე მეტია, ამ​ პრეპარატის მიღებას გააგრძელებენ შემდეგი წლის განმავლობაშიც“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

საქართველოს საელჩო ათენის ერთ-ერთ არალეგალთა განთავსების ბანაკში მომხდარ არეულობაზე ინფორმაციას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ათენის ერთ-ერთ არალეგალთა განთავსების ბანაკში არეულობის დროს საქართველოს მოქალაქები არ დაშავებულან. შესაბამის ინფორმაციას დიპლომატიური წარმომადგენლობა Facebook-ზე ავრცელებს. „ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა. ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები. ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან. დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრელმდენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა - მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები,“ - წერს საელჩო და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს. „ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს ( +306952220000), რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს,“ -  აღნიშნულია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.  

აზერბაიჯანის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თურქული წარმოების „ჭკვიანი ბომბების“ გამოყენება შეეძლებათ

26 ივლისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომა და თურქულმა კომპანია TUSAS-მ სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია სტამბოლში თავდაცვის ინდუსტრიის მე-16 საერთაშორისო გამოფენის „IDEF-23“ ფარგლებში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სამხედრო-ტექნიკური მომარაგების მთავარი დეპარტამენტის უფროსმა, აგილ გურბანოვმა და TUSAŞ-ის გენერალურმა მენეჯერმა, თემელ კოტილმა. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, კონტრაქტზე ხელმოწერის მთავარი მიზანია თურქული წარმოების „ჭკვიანი ბომბებისა“ (მართვადი საავიაციო ბომბი) და რაკეტების ინტეგრაცია აზერბაიჯანის საჰაერო ძალების შეიარაღებაში მყოფ თვითმფრინავებთან და ასევე, მათი ავიონიკის მოდერნიზაცია. პროექტი, რომელსაც  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ილჰამ ალიევი და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი განიხილავენ, ასევე ითვალისწინებს თავდაცვის ინდუსტრიის შიდა და ეროვნული შესაძლებლობებისა და საშუალებების მაქსიმალურ გამოყენებას. აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ  

NATO შავ ზღვაში დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის - საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით

26 ივლისს, NATO-უკრაინის საბჭო პირველად შეიკრიბა, რათა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სერიოზულ ვითარება განეხილა მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ცალმხრივი შეწყვიტა.NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნით მოიწვია. საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა თავმჯდომარეობდა. NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა დღეს იმართება NATO-ს ელჩებსა და მოწვეულ შვედეთს ვიდეოკონფერენციით შეუერთდა უკრაინის ვიცე-პრემიერი და თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ალექსანდრე კუბრაკოვი; და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის (J3) უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ოლექსი ჰრომოვი. მოკავშირეებმა და უკრაინამ რუსეთის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმეს, ასევე დაგმეს რუსეთის მიზანმიმართული მცდელობები, შეაჩეროს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი, რომელზეც ასობით მილიონი ადამიანია დამოკიდებული მთელ მსოფლიოში. მოკავშირეებმა დაგმეს რუსეთის ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმები ოდესაზე, მიკოლაივსა და სხვა საპორტო ქალაქებზე, მათ შორის მოსკოვის ცინიკური თავდასხმა უკრაინის მარცვლეულის შესანახ ობიექტზე დუნაის საპორტო ქალაქ რენიში, რუმინეთის საზღვართან ძალიან ახლოს. მოკავშირეებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ახალმა „საშიშმა ზონამ“ შავ ზღვაში, ბულგარეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში,  ახალი რისკები წარმოშვა არასწორი გათვლებისა და ესკალაციისთვის, ასევე სერიოზული დაბრკოლებები ნაოსნობის თავისუფლებისთვის. „რუსეთი ემუქრება სამოქალაქო გემებს, ატერორებს მშვიდობიან ქალაქებს და ანადგურებს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილებს თავისი სასტიკი დარტყმებით. NATO ერთიანია. სოლიდარობას ვუცხადებთ შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებს, ჩვენ გავაგრძელებთ ერთმანეთის დაცვას და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.“ - განაცხადა ჯოანამ.  თავის მხრივ, გენერალურმა, მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „რუსეთს ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას შავი ზღვის რეგიონში მის სახიფათო და ესკალაციურ ქმედებებზე. ამასთან, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება. „რუსეთის ქმედებები ასევე ქმნის მნიშვნელოვან რისკებს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისთვის, რომელსაც NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას. მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი ყოველგვარი აგრესიისგან,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. მოკავშირეები მიესალმნენ თურქეთის მცდელობებს მარცვლეულის შეთანხმების აღორძინების მიზნით და სხვა მოკავშირეების - მათ შორის ბულგარეთისა და რუმინეთის - ასევე ევროკავშირისა და გაეროს ძალისხმევას უკრაინული მარცვლეულის ხმელეთიდან და ზღვით ექსპორტის გასაგრძელებლად. მოკავშირეებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის ძირითადი სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. NATO და მოკავშირეები აძლიერებენ მჭიდრო მონიტორინგსა და მეთვალყურეობას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის საპატრულო და უპილოტო თვითმფრინავებით. „გასული წლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ, NATO-მ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ყოფნა რეგიონში, მათ შორის ორი ახალი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის მეშვეობით ბულგარეთსა და რუმინეთში,“ - ნათქვამია ალიანსის ინფორმაციაში. დღეს NATO-უკრაინის საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, ივლისის დასაწყისში ვილნიუსის სამიტზე მისი საინაუგურაციო შეხვედრის შემდეგ.  

BBC: უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა მონაწილეობა 2022 წელს ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] უფროსმა, ვასილი მალიუკმა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის მონაწილეობა ყირიმის ხიდზე, 2022 წლის ოქტომბერში მომხდარ აფეთქებაში. „ბევრი სხვადასხვა სპეცოპერაციაა. ზოგიერთ მათგანზე გამარჯვების შემდეგ ვისაუბრებთ, ზოგიერთზე საერთოდ არ ვისაუბრებთ...“ - ამბობს მალიუკი. მანამდე კიევის მონაწილეობა ამ აფეთქებაში ირიბად აღიარა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა. ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“  

უკრაინა აცხადებს, რომ რუსული „კალიბრის“ ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ვინიცის რაიონის თავზე, ორი რუსული კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. რაკეტები სავარაუდოდ, შავ ზღვაში რუსული წყალქვეშა ნავიდან გაისროლეს. „2023 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, მტერმა შავი ზღვიდან კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაისროლა. სავარაუდოდ, რაკეტები რუსული წყალქვეშა ნავიდან იყო გასროლილი,“ - განაცხადეს საჰაერო ძალებმა. შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში, რუსეთის მიერ კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გასროლა როგორც საზღვაო ხომალდებიდან, ასევე წყალქვეშა ნავებიდან, შეშფოთებას იწვევს მეზობელ ქვეყნებსა და NATO-ს მოკავშირეებში, იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ, სამიზნეებს მნიშვნელოვან დისტანციებზე, მაღალი სიზუსტით მიაყენონ დარტყმა.  

NATO-უკრაინის საბჭო ვილნიუსის სამიტის შემდეგ პირველად შეიკრიბა: შეხვედრის შედეგები

დღეს, 26 ივლისს NATO-უკრაინის საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. NATO-უკრაინის საბჭო პირველად შეიკრიბა ვილნიუსის სამიტის შემდეგ, რათა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვითარება განეხილა მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ცალმხრივი შეწყვიტა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და მისმა წევრებმა დაადასტურეს, რომ გააგრძელებენ გაძლიერებულ მეთვალყურეობას შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავების და დრონების დახმარებით. „NATO-უკრაინის საბჭოს მნიშვნელოვანი სხდომა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის გასვლას „მარცვლეულის შეთანხმებიდან“; მის ცინიკურ გადაწყვეტილებას, გამოიყენოს საკვები იარაღად; მის სახიფათო ქმედებებს შავ ზღვაში. NATO ერთიანია და მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას და ფხიზლად ყოფნას ამ ზონაში,“ - წერს სტოლტენბერგი. NATO შავ ზღვაში დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით  

BRICS-ის ქვეყნების მიერ შექმნილი ბანკი, რუსეთში ახალი პროექტების განხორციელებაზე უარს აცხადებს

ახალი განვითარების ბანკი (NDB), რომელიც BRICS-ის ქვეყნების მიერ საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად შეიქმნა, რუსეთში ინვესტირებას არ განახორციელებს. ამის შესახებ განაცხადა ბანკის ხელმძღვანელმა, დილმა რუსეფმა, რომელიც 2011-2016 წლებში ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. მან უსაფუძვლო უწოდა ვარაუდებს, რომ ბანკმა შესაძლოა, მოსკოვთან თანამშრომლობა გააგრძელოს. BRICS-ის ქვეყნები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. მომავალ თვეში დაგეგმილია აფრიკის ქვეყანაში შეკრება, რომელსაც პუტინი არ დაესწრება. BRICS ჯგუფმა ბანკი, რომლის სათაო ოფისი შანხაიში მდებარეობს, 2015 წელს გახსნა. რუსეფი მის ხელმძღვანელად ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ამ წლის დასაწყისში დანიშნა. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოსკოვი მძიმე სანქციების ქვეშაა.  

საწვრთნელი მისიის დროს, საუდის არაბეთის გამანადგურებელი ჩამოვარდა

საუდის არაბეთის გამანადგურებელი საწვრთნელი მისიის დროს ჩამოვარდა. F-15SA ქალაქ ხამის მუშაიტში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა - იტყობინება საუდის პრესის სააგენტო (SPA).  

Bloomberg: შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება

Bloomberg-ი ქვეყნის უშიშროების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება. მისივე თანახმად, ტერორისტული საფრთხე ხუთქულიანი სისტემიდან, სამ ქულამდე ფასდება. შვედეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, „ქვეყანა აწყდება თავდასხმების მუდმივ მუქარებს, რომლებიც მიმართულია შვედეთისა და შვედეთის ინტერესების წინააღმდეგ.“ შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრ, კარლ-ოსკარ ბოლინის განცხადებით, მისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ „შვედეთის ყალბ იმიჯს ებრძოლოს, რომელიც ახლა საზღვარგარეთ ვრცელდება.” „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აქტორები აქტიურად ავრცელებენ ყალბ განცხადებებს იმის შესახებ, რომ შვედეთი, როგორც სახელმწიფო, მხარს უჭერს ყურანისა და სხვა წმინდა ტექსტების დაწვას,” - ნათქვამია განცხადებაში. სტოქჰოლმის შეფასებით, დეზინფორმაციული კამპანიებით ცდილობენ, შვედეთის იმიჯი შეცვალონ და წარმოაჩინონ ის, როგორც „ისლამისა და მუსლიმებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყანა,“ სადაც მუსლიმებზე თავდასხმები თითქოს, სახელმწიფოს მიერ არის დაშვებული და მუსლიმი ბავშვები შესაძლოა, სპეციალურმა სამსახურებმა გაიტაცონ.“