ძებნის რეზულტატი:

კოსოვო რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის უახლეს სანქციებს შეუერთდა

კოსოვომ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტისადმი მიერთებას მხარი დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. „სანქციების შეთანხმებული პაკეტი შეიცავს შემდეგ ზომებს: მესამე ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის გავლით საქონლის ტრანზიტის აკრძალვა, ექსპორტის შეზღუდვების გაძლიერება, დამატებითი სანქციების დაწესება 71 ფიზიკური და 33 იურიდიული პირის მიმართ და ასევე, „ვაგნერის“ ჯგუფს," - კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დონიკა გერვალა-შვარცმა. კოსოვო ადრე თანმიმდევრულად უჭერდა მხარს ევროკავშირის ყველა სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, კოორდინაციას უწევდა მის საგარეო პოლიტიკას ევროკავშირის პოლიტიკასთან. ევროკავშირის საბჭომ ივნისის ბოლოს დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი, რომლის მთავარი მიზანი ადრე დაწესებული შეზღუდვების გაძლიერება და სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლაა. მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები, უკრაინაში მის შეჭრას მოჰყვა. კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ​​განაცხადი ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში წარადგინა.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულმა მინისტრმა, თურქეთში პირველი საგარეო ვიზიტისას „შუა დერეფნის“ საკითხიც განიხილა

ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი თავისი პირველი საგარეო ვიზიტით, დანიშვნიდან მეორე დღეს, თურქეთში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვიზიტისას მან თურქ კოლეგასთან, ჰაქან ფიდანთან განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი, რის შემდეგაც მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი და ჩინეთი გააძლიერებენ თანამშრომლობას, რადგან ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ და რეგიონულ საკითხებში. თურქეთში ჩინელი დიპლომატის ვიზიტის დროს მოლაპარაკებები ასევე მოიცავდა ჩინეთის „სარტყელი და გზისა“ და „შუა დერეფნის“ ინიციატივების ჰარმონიზაციას. თავის მხრივ, თურქული სააგენტო Anadolu-ს თანახმად, თურქეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოების გზები, ჩინეთის ინიციატივა - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ და ასევე, შუა დერეფნის საკითხი; ბირთვული ენერგიის, სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო ავიაციის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. შუა დერეფანზე EBRD-სა და ევროკავშირის ანგარიშის შემდეგ, ყაზახეთმა და საქართველომ თანამშრომლობის გაფართოება დაგეგმეს - ანალიზი ცნობისთვის, (TITR) „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ - შუა დერეფანი ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას კი, 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. ჩინური მხარე აღიარებს „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ მშენებლობის პროცესში საქართველოს დიდ პოტენციალს. ჩინეთისთვის ალტერნატივას წარმოადგენს 6 500 კილომეტრიანი ქსელი, რომელშიც საავტომობილო, სარკინიგზო და საპორტო გზები შედის.  ეს მარშრუტი მოიცავს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და შემდეგ ევროპას, და ის ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის (შუა დერეფანი) სახელითაა ცნობილი. ჩინეთის პროექტი „ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში  

ვედანტ პატელი: აშშ-ის საელჩო თბილისში, არასდროს ყოფილა ჩართული საქართველოს ექსპრეზიდენტის ლობირებაში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ უწყებაში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შეკითვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში. შესაბამისი ვიდეო კითხვის ავტორმა Twitter-ზე განათავსა. „მე მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ყოფილა ჩართული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ლობირებაში," - განაცხადა ვედანტ პატელმა. უფრო ადრე გაავრცელა განცხადება ამერიკის საელჩომ და განმარტა, რომ ქართულ მხარესთან კომუნიკაცია ჰქონდათ საქართველოშიც და ვაშინგტონშიც.  „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ბოლო დღეების განმავლობაში, აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორამციის გავრცელებასთან დაკავშირებით.   როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა,“- აცხადებს ამერიკის საელჩო. მას შემდეგ, რაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ (FARA-ს) დოკუმენტები, მმართველი პარტიის წევრებმა და რიგმა ტელეარხებმა გაავრცელეს ბრალდებები, რომ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში ჩართული იყო აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი.

ყაზახური საფეხბურთო გუნდის ქუთაისში ჩამოსვლას სანქცირებული რუსული ავიაკომპანიით გეგმავდა - ავიაციის სააგენტო

ყაზახეთის საფეხბურთო კლუბ „აქტობეს" საქართველოში ჩამოფრენის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ანმარტავს, რომ თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ყაზახეთიდან ჩარტერული ფრენას სანქცირებული რუსული ავიაკომპანია (UVT AERO) გეგმავდა, რომელიც არის ევროკავშირის შავ სიაში.   სააგენტო აღნიშნავს, რომ საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა, დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ამ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა.   „საფეხბურთო კლუბ აქტობეს საქართველოში ჩამოფრენასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ჩარტერული ფრენა უნდა განეხორციელებინა რუსულ ავიაკომპანიას (UVT AERO), რომელიც არის სანქცირებული და იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.   ამასთან საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა, დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნულ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა.   ახალი განაცხადით, რეისს შეასრულებს ყაზახური ავიაკომპანია “SCAT Airlines”-ი, რომელზეც უმოკლეს ვადებში, მომართვიდან ორ საათში გაიცა ნებართვა სააგენტოს მიერ. გაცნობებთ, რომ ჩარტერული ფრენა შესრულდება ხვალ. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 08:45 საათზე ჩამოფრინდება“, - წერია განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა. ჩარტერული რეისის თემაზე განცხადება გამოაქვეყნა ყაზახურმა საფეხბურთო კლუბმა „აქტობემ".  „26 ივლისს, დილით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოგვიგზავნეს შეტყობინება ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომის უარყოფის შესახებ. ქართულ მხარესთან შემდგომმა სასწრაფო მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგი არ გამოიღო. საფეხბურთო კლუბი „აქტობე“ დარჩა სახლში," - აღნიშნული იყო „აქტობეს" განცხადებაში. UEFA-ს კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ქუთაისის „ტორპედოსა" და „აქტობეს" შორის, 27 ივლისს, 21:00 საათზე ქუთაისში, „შენგელია არენაზე" უნდა გაიმართოს.    

ზელენსკი პარლამენტს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტი უკრაინაში საომარი მდგომარეობის 2023 წლის 18 აგვისტოს 05:30 საათიდან 90 დღის განმავლობაში, 15 ნოემბრამდე ითვალისწინებს. უკრაინული მედიის ცნობით, საომარი მდგომარეობის თანახმად, 18-დან 60 წლამდე უკრაინელ კაცებს, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ეკრძალებათ ქვეყნიდან გასვლა, რადგან ისინი შეიძლება, გაიწვიონ სამხედრო სამსახურში. რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.  

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. პრაღა კომპენსაციის სახით, 2,44 მილიონი აშშ დოლარს მოითხოვს. მაისში, ჩეხეთის მემარჯვენე-ცენტრისტულმა მთავრობამ გააუქმა 1970-იან და 1980-იანი წლების ბრძანებები, რომლებიც მიღებული იყო ქვეყნის მაშინდელი კომუნისტური მმართველების მიერ, რომლითაც რუსეთს ათობით მიწის ნაკვეთის უფასოდ გამოყენების უფლებას აძლევდა. „რუსეთს ამიერიდან მოუწევს ნაკვეთებისთვის იჯარის გადახდა“, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სარჩელი პრაღის სასამართლოში შეიტანეს. ჩეხეთისა და რუსეთის ურთიერთობები ბოლო ორი წლის განმავლობაში მას შემდეგ გაუარესდა, რაც პრაღამ, 2021 წელს, რუსული დაზვერვის აგენტები 2014 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებებთან კავშირში დაადანაშაულა. გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის გამო, ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთის მთავრობა ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადა.  

რუსული მედიის ცნობით, ქერჩის მახლობლად ჩაძირული გემი რუსულ იახტას დაეჯახა

შავ ზღვაში, ქერჩის მახლობლად მგზავრებით დატვირთული რუსული იახტა - Tata გემს შეეჯახა. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებადი TASS-ი რუსეთის FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. რუსეთის ფედერაციის FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტმა განმარტა, რომ დაზიანებული იახტა პორტ „კავკაზში“ მიიტანეს. მსხვერპლი არ არის. ადგილზე მისულ ეკიპაჟს იახტა უკვე 50%-ით დატბორილი დახვდა. დამოუკიდებელი წყაროებიდან ამ ინფორმაციის დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია.   

სახელმწიფო დეპარტამენტი: საელჩო მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და არ მუშაობს ერთი რომელიმე პარტიისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში ამერიკის ელჩ კელი დეგნანს და მის გუნდს. ამერიკის დიპლომატიური უწყება ამბობს, რომ ქვეყანაში კვლავ გააგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას დემოკრატიული მომავლის მისაღწევად. „ელჩი დეგნანი და მისი გუნდი თბილისში ჩვენს საელჩოში თავდადებული არიან იმისთვის, რომ იმუშაონ ქართველ ხალხთან ერთად მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენი საერთო მიზნების მხარდასაჭერად. საელჩო მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და არ მუშაობს ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვმუშაობდით ერთმანეთის მხარდამხარ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება,“ - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამერიკის ხმას. ვედანტ პატელი: აშშ-ის საელჩო თბილისში, არასდროს ყოფილა ჩართული საქართველოს ექსპრეზიდენტის ლობირებაში  

ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა

„გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით, რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი [საქართველოდან] უკან, რუსეთში ბრუნდება” - ეს არის ჯიმ ობრაიეინის პასუხი სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე. სენატის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი დაინტერესდა საქართველოსა და რუსეთს შორის აღდგენილი ავიამიმოსვლა, ქმნის თუ არა რუსეთისთვის სანქციებზე თავის არიდების შესაძლებლობას. სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ჯერ კიდევ მოქმედმა ხელმძღვანელმა, სენატორების შეკითხვებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე უპასუხა. სენატი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოზიციაზე ჯიმ ობრაიენის კანდიდატურას განიხილავს. სენატში გამართულ მოსმენაზე, სენატორმა შაჰინმა ობრაიენს ჰკითხა, თბილისში ვიზიტის შემდეგ, შეეძლო თუ არა „განახლებული ინფორმაცია მიეწოდებინა იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში რუსეთზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით“. სანქციების მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურების მუშაობის კუთხით, „გამამხნევებელი სიახლეა.“ „თბილისში ვიყავი კოლეგებთან ერთად, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ასე რომ, წარმოდგენილი ვიყავით, როგორც ერთიანი ფრონტი. ვფიქრობ, არის ძალიან გამამხნევებელი სიახლე, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა. ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებებზე, იქნება ეს აეროდრომების თუ სახმელეთო საგზაო საზღვრებზე. ეს უწყვეტი სამუშაოა და ამ კუთხით დიდძალ დახმარებას ვაწვდით. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით იმის შესახებ, თუ რას ხედავენ. ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უფრო ნათლად დავინახოთ ის, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ობრაიენმა. სენატორი შაჰინი დაინტერესდა, საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან აღდგენილი ავიამიმოსვლა ხომ არ დაეხმარება რუსეთის მიერ სანქციებზე თავის არიდების შესაძლებლობას და ქმნის თუ არა ეს შეშფოთების მიზეზს. „არ ვიტყოდი, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ეს უდავოდ შესაძლებელია. ასე რომ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი [საქართველოდან] უკან, რუსეთში ბრუნდება,“ - განაცხადა ობრაიენმა. რეფორმები ევროპული პერსპექტივის პროგრესისთვის „მომავალი წლის არჩევნებამდე, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო იყოს ჩართული თავისი ინსტიტუტების გაძლიერებაში" - ამერიკის ხმის ცნობით, ეს არის კიდევ ერთი კითხვა, რომელიც საქართველოს შესახებ სენატორმა შაჰინმა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს დაუსვა. პასუხად, ობრაიენმა ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომლებზეც მუშაობა, მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად, სჭირდება. „მოგეხსენებათ, შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვები დაუწესა მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის კონტროლით იყო ცნობილი. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად, ეს ერთ-ერთი პირველი მოთხოვნაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და ნათლად ვუთხარით საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინისა და მონიტორინგის გაუმჯობესება, პროგრესის მისაღწევი მთავარი სფეროა,“ - განაცხადა ობრაიენმა. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ხაზი გაუსვა ქართული სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მუშაობს და განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, ქვეყანაში პოლარიზაცია არ არსებობს. „მიმდინარე კვირაში, სამოქალაქო საზოგადოების ქართველ აქტივისტთა ჯგუფს შევხვდი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია. ისინი განასახიერებენ ქართველი ხალხის ერთგულებას [ევროპული მომავლის მიმართ]. ქართველი ხალხის 90%-ზე მეტი ამბობს, რომ სურს ევროპის ნაწილი იყოს. ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს.“  მისივე თქმით, „რაც უნდა მოხდეს არის ის, რომ მთავრობის უკან მდგომ ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფს უნდა მიეცეს გაცნობიერების საშუალება, რომ ევროპასთან გასაერთიანებლად საჭირო რეფორმები, რეალურად არის მიმართულება, რომლისკენაც ქვეყანა მიდის. „ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რათა [საქართველოს მთავრობისთვის] ცხადი გავხადოთ, რომ მათ მიერ წაყენებული პირობები, ასევე აისახება [საქართველოსადმი] ჩვენს დახმარებასა და ჩვენს პირობებზე და რომ მომდევნო რამდენიმე თვეში, ჩვენ უნდა დავინახოთ ამ მხრივ წინსვლა. შემოდგომა კრიტიკული იქნება, რადგან ევროპული საბჭოს ანგარიში გახდება ცნობილი.“ სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, სანქციების კოორდინაციის ოფისის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სახელმწიფო დეპარტამენტში იმ ბიუროს ჩაიბარებს, რომელიც ევროპისა და ევრაზიის მიმართ, შესაბამისად საქართველოს მიმართ, შეერთებული შტატების პოლიტიკას იმუშავებს და ახორციელებს. ბიურო მხარს უჭერს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, NATO, ევროკავშირთან და სხვა რეგიონულ ორგანიზაციებთან კოორდინაცია, დემოკრატიის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება.

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო. ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ. დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობდნენ სპორტსმენი სტუდენტები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

მედიის ცნობით, სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში შევიდა

მედიის ცნობით, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ბათუმის პორტში შევიდა. მთავარი არხის ინფორმაციით, ადგილზე გასაპროტესტებლად მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები - „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ლელოდან.“ განახლება: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ გემის შემოსვლა საქართველოს წყლებში კომერციული ხასიათისაა. „27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ს ტრაბზონიდან შემოვიდა. გემს თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International”-ი ემსახურება, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - აცხადებენ სააგენტოში. ცნობისთვის, საკრუიზო გემი Astoria Grande, რომელიც დღეს დილით ბათუმში შემოვიდა, 22 ივლისს სოჭიდან გამოვიდა. მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში არ ახსენებს სოჭს და განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. რუსული სამთავრობო არხის, Россия 1-ის ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე დამატებითი გაჩერება ტურისტების მოთხოვნით დაამატეს. გამოცემა “ეხო კავკაზა” იუწყება, რომ კრუიზი ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას სთავაზობს. ამასთან, ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძებიც დაემატა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება.   აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.   საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.   24 იანვრის განცხადებაში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ სოჭის პორტთან მოლაპარაკების არსებობა უარყო.

CNN: ჯო ბაიდენი თანახმაა, აშშ-მ ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები გაუგზავნოს

CNN-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებს, უფლება მისცეს უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებასთან ითანამშრომლოს. CNN-ის წყაროს თქმით, რა ინფორმაციას გააზიარებს აშშ საბოლოოდ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მოითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი გამოძიებისთვის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი შიდა დებატების შემდეგ მიიღეს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ მტკიცებულებების სისხლის სამართლის სასამართლოსთვის გაზიარებას დათანხმდა. ამასთან, Reuters-ი წერს, რომ ჯო ბაიდენმა რუსული ომის დანაშაულის მტკიცებულებების ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემის განკარგულება გასცა.  

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადება სექტემბრამდე გადაიდო

დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადება სექტემბრამდე გადაიდო. გრიგორიადისის მამა ამბობს, რომ სასამართლო განაჩენის გამოცხადებას განგებ აჭიანურებს, რომ მისი შვილი ციხეში რაც შეიძლება დიდხანს დატოვონ. ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“; 9 მარტს კი, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

იაპონიამ და საფრანგეთმა პირველი ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

იაპონია და საფრანგეთი პირველ ერთობლივ წვრთნებს გამართავენ. Kyodo News-ის ცნობით, სამი F-15 და ორი F-2-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებიდან და ორიც საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსური ძალებიდან, წვრთნას შაბათამდე ჩაატარებენ. მანევრები იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ცაზე ნიუტაბარუს საჰაერო ბაზის მახლობლად, მიაძაკის პრეფექტურაში შესრულდება. სწავლება ტარდება მას შემდეგ, რაც საფრანგეთი და NATO-ს სხვა წევრები ტოკიოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ. იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სწავლება, რომელიც იაპონიაშია დაგეგმილი, მიზნად ისახავს ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებას თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანისთვის.  

უკრაინის ელჩი გაეროში: რუსეთი უკრაინული იდენტობის განადგურების მცდელობებისას, უკრაინულ კულტურულ მემკვიდრეობას უმთავრეს სამიზნედ მიიჩნევს

რუსეთი უკრაინული იდენტობის განადგურების მცდელობებისას, უკრაინულ კულტურულ მემკვიდრეობას უმთავრეს სამიზნედ მიიჩნევს. ამბობს უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, რომელიც ოთხშაბათს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა ისტორიული ცენტრის დაბომბვის შესახებ. სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ მოსკოვმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ოდესის ისტორიულ ცენტრს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. რაკეტები 29 ისტორიულ და კულტურულ ძეგლს მოხვდა, მათ შორის მუზეუმებს, რელიგიურ დაწესებულებებსა და საცხოვრებელ შენობებს. დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობაც, გასულ კვირას კი - ჩინეთის საკონსულო. ელჩის თქმით, რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს და დამატებითი ნაღმები განათავსოს უკრაინის სანაპიროსთან ახლოს არსებულ წყლებში. „არსებობს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ამზადებს ასეთ ინციდენტებს, რათა შემდეგ უკრაინა დაადანაშაულოს და ხელი შეუშალოს სხვა ქვეყნების გემებს უკრაინის წყლებში შესვლისა და უკრაინის პორტების გამოყენებისგან,“ - განაცხადა კისლიცამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პორტების ბლოკადა, მათი ინფრასტრუქტურის განადგურება, მარცვლეულის ექსპორტის შეფერხება, ასევე უცხოური სავაჭრო გემების დაშინება უნდა განიხილებოდეს შეტევად ნაოსნობის თავისუფლებაზე. „ეს ქმედებები ასევე მიზნად ისახავს კონკურენტის ბაზრიდან მოცილებას, სურსათზე გლობალური ფასების მიზანმიმართულად გაზრდას და შემოსავლის მიღებას მილიონობით ადამიანის ხარჯზე მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში.  

ISW: რუსეთი შავი ზღვის ბლოკადას ვერ შეძლებს

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის მიხედვით, უკრაინაში მიმავალი სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ზომების გაძლიერების მიუხედავად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინის სრულ ბლოკადას ვერ შეძლებს. „შავ ზღვაში უკრაინის სრული ბლოკადა ნიშნავს, რომ რუსულ ფლოტს უკრაინაში მიმავალი გემების დაკავების და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ცეცხლის გახსნის საშუალებაც კი მიეცემოდა. რუსეთი კი ამაზე ვერ წავა, რადგან ამან შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებთან სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს, მათ შორის ნატოს წევრებთან - რუმინეთთან, ბულგარეთთან და თურქეთთან, “- ნათქვამია ანალიტიკოსების ანგარიშში. Military Media Center-ის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთი შავ ზღვაში „უკრაინის ბლოკადის უზრუნველსაყოფად“ სამხედრო ხომალდების დაჯგუფებას ზრდის. ამის მიზეზი უკრაინაში მიმავალი სამოქალაქო გემების იძულებით გაჩერებისთვის და გაჩხრეკისთვის, და ასევე ამ რეგიონში კონტროლის გაძლიერებისთვის პირობების შექმნაა. შეგახსენებთ, NATO შავ ზღვაში დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის - საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით.  

მედია: უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის სამხრეთში შეტევის ახალ ეტაპზე გადავიდნენ

ამერიკული გამოცემა New York Times-ი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის არმიის სარდლობამ ვაშინგტონს, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვის სამხრეთით შეტევის დაწყების შესახებ აცნობა. New York Times-ის წყაროების თანახმად, უკრაინამ ოპერაციაში ჩართო საგანგებოდ კონტრშეტევისთვის მომზადებული შენაერთები, რომლებიც აქამდე რეზერვში იყვნენ. ომის შემსწავლელი ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტი წერს, რომ 26 ივლისიდან უკრაინამ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვის სამხრეთით კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყო. ამერიკელი ანალიტიკოსების პროგნოზით, უკრაინის ძალებს შეუძლიათ, ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბრუნონ, თუმცა შეტევა დიდხანს გაგრძელდება. ამ მიმართულებით რუსეთის თავდაცვის პოზიციების გარღვევის შემთხვევაში, უკრაინას ექნება შესაძლებლობა, წინ წაიწიოს ჯერ ქალაქ ტოკმაკის და შემდეგ ქალაქ მელიტოპოლისკენ.  

რუსეთმა პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემი იაპონელი მოსამართლე ძებნილად გამოაცხადა

რუსეთის შსს-მ ძებნილად გამოაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე, იაპონელი ტომოკო აკანე. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს შსს-ს მიერ ძებნილთა ბაზის განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ტომოკო აკანე წევრია სასამართლოს იმ პალატის, რომელმაც 2023 წლის მარტში გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტნის დაპატიმრების ორდერი. რუსეთის შსს-ს ბაზის თანახმად, ტომოკო აკანე იძებნება „რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით.“ მუხლი დაკონკრეტებული არ არის. ICC-ის პროკურორი იმედოვნებს, რომ სამხრეთ აფრიკა BRICS-ის სამიტზე ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა. შედეგად რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანა ვალდებულია, რომ მათ ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი დააკავონ.  

კოჯორში ,,ჯარის ბანაკი‘’ აქტიურად გრძელდება - თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კოჯორში ,,ჯარის ბანაკი‘’ აქტიურად გრძელდება. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია „ჯარის ბანაკის“ უკვე მეხუთე ნაკადს მასპინძლობს. მოსწავლეებს დღის მანძილზე ჯერ თეორიული მეცადინეობები უტარდებათ, შემდეგ კი პრაქტიკულ ნაწილში ეჯიბრებიან ერთმანეთს. პირველადი სამედიცინო დახმარება, სახმელეთო ნავიგაცია, თვითგადარჩენა, საცეცხლე, სამთო და საინჟინრო მომზადება, ასევე გუნდურობა და ეფექტური კომუნიკაცია - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც „ჯარის ბანაკში“ ერთი კვირის განმავლობაში ისწავლება. საღამოობით კი, „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები სტუმრობენ და ბავშვებთან საინტერესო შეხვედრებს აწყობენ. ამჯერად, სამხედრო ისტორიკოსმა გიორგი ბერიძემ და ქართული იარაღების მუზეუმის დამაარსებელმა დავით ნასარიძემ უფროსკლასელებს სამხედრო ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები წარუდგინეს. საღამოს ბავშვებმა კოცონის ირგვლის გადაინაცვლეს და სერჟანტ-ინსტრუქტორებთან ერთად სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. დაუვიწყარი თავგადასავლებით სავსე „ჯარის ბანაკი“ საქართველოს მასშტაბით ყველა იმ სკოლის უფროსკლასელებს უხსნის კარს, სადაც საგნები „თავდაცვა და უსაფრთხოება“ და „სამხედრო საქმე“ ისწავლება. „ჯარის ბანაკს“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად.  

მედია: პრაღის ხელისუფლებას პუტინის მომხრე საოპერო მომღერლის კონცერტის გაუქმება სურს

პრაღის ხელისუფლება რუსი საოპერო მომღერლის ანა ნეტრებკოს ოქტომბრის კონცერტის გაუქმებას განიხილავს. იუწყება გამოცემა Novinky. ნეტრებკოს სპექტაკლი პრაღაში 16 ოქტომბერს არის დაგეგმილი. „ჩვენ ვეძებთ გზას კონცერტის გასაუქმებლად,“ - განაცხადა პრაღის მერის მოადგილემ კულტურის საკითხებში, ირჟი პოსპიშილმა. პროდიუსერმა ალენა კუნერტოვამ, რომელიც ნეტრებკოს კონცერტს აორგანიზებს, განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ღონისძიების გაუქმების მცდელობები, რადგან „რუსმა სოპრანომ დაგმო ომი.“ კონცერტის გაუქმების შემთხვევაში, რომლის ბილეთების 80% უკვე გაყიდულია, სააგენტო და თავად არტისტი, ქალაქს კომპენსაციას მოსთხოვენ. ნეტრებკო, რომელიც დიდი ხანია, ავსტრიაში ცხოვრობს, წარსულში საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინს ეხმარებოდა. ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ნეტრებკომ საჯაროდ დაგმო ომი და განაცხადა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე შეხვედრია პუტინს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში ანა ნეტრებკოს კონცერტი შტუტგარტში გაუქმდა. მანამდე კი ის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერიდან გაათავისუფლეს.