ძებნის რეზულტატი:
ჩეხეთმა კოსოვოში ელჩი პირველად დანიშნა
ჩეხეთი კოსოვოში ელჩს, ბოგუმილ მაზანეკი პირველად გაგზავნის. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. მაზანეკი ადრე ლიეტვაში ელჩი და ასევე გენერალური კონსული იყო შანხაიში, ასევე კატოვიცეში, პოლონეთში. კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. იმავე წელს ის ჩეხეთის რესპუბლიკამ აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ პრიშტინაში ჩეხეთის საელჩო განთავსებულია, ჩეხეთის ელჩი იქ აქამდე არ ყოფილა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე მიუთითა კოსოვოში ელჩის გაგზავნის აუცილებლობის შესახებ, რათა შექმნილი აბსურდული სიტუაცია გამოსწორდეს - როდესაც ჩეხეთი აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, აქვს საელჩო ქვეყანაში, მაგრამ არ ჰყავს ელჩი.
მოლდოვამ რუსეთის ელჩი გამოიძახა
რუსეთის ელჩი მოლდოვაში ოლეგ ვასნეცოვი, საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც მოლდოვაში რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან თვალთვალის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. სამინისტრომ განაცხადა, რომ ის „აანალიზებს ამ ჯაშუშური მოქმედებების ხასიათსა და მასშტაბებს, მათ შორის გამოძიებაში დასახელებული პირების საქმიანობას, რათა სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს. „აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია მოლდოვის რესპუბლიკის საშინაო საქმეებში საგარეო ჩარევისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება, რაც პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის,“- ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მოლდოვა რუსეთის ელჩისგან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას მოსთხოვს. სამინისტრომ განარტა, რომ ხელისუფლება რეაგირების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ Jurnal TV-სა და The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიების დროს გამჟღავნდა, რომ მოლდოვაში რუსეთის საელჩოს სახურავზე ათობით ანტენა და სატელიტური თეფში იყო დამონტაჟებული, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები მეთვალყურეობისთვის იყენებენ. აპრილში, Dossier Center-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლებშიც რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნებში მსგავს ქმედებებზე იყო საუბარი.
ირლანდიის თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში, ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა
ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორი ივლისის სტატისტიკის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში საქართველოს 3432 მოქალაქე ცხოვრობს. მეორე ადგილზეა ნიგერია [2847], მესამეზე - ალჟირი [2543]. ირლანდიაში დაფუძნებული გაზეთუის, Dublin Inquirer-ის ინფორმაციით, თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წელს საქართველოდან განაცხადი 2700 ადამიანზე მეტმა შეიტანა.
სუნაკი: დიდი ბრიტანეთი შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ აღსადგენად, თურქეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს
დიდი ბრიტანეთი მარცვლეულის შეთანხმების აღსადგენად, თურქეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საუბრის დროს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერების და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების საკითხები განიხილეს. „დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ასევე, მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის ყოველდღიურ მცდელობებზე, რომლებიც ოდესის ისტორიული ცენტრის და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა მიმართული“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენკიმ სოციალური ქსელების საშუალებით. მანვე აღნიშნა, რომ რიში სუნაკს უკრაინის მიმდინარე თავდაცვითი მოთხოვნილებები გააცნო.
ჩინეთის ერთი თვის წინ გაუჩინარებული საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდენობიდან გაათავისუფლეს
ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ცინ განს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე „კომუნისტური პარტიის“ საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ვან ი შეცვლის, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი 2013-2022 წლებში იყო. CNN-ის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, ოფიციალური მიზეზები დასახელებული არ არის. AFP: მინისტრ ცინ განის „გაუჩინარების“ ფონზე, ჩინეთში ორი მაღალჩინოსნის ვიზიტი გადაიდო ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე მოხდა, რომელიც მოულოდნელად ჩაინიშნა.
WP: პრიგოჟინის „აჯანყების“ პირველ საათებში პუტინი „პარალიზებული“ ჩანდა და მოქმედება არ შეეძლო
Washington Post-ის თანახმად, როდესაც „ვაგნერის“ ბოსი, ევგენი პრიგოჟინი შეიარაღებულ აჯანყებას აწყობდა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 24 ივნისს, დღის განმავლობაში არ გასცემდა ბრძანებას. ამერიკული გამოცემა უკრაინული და ევროპულ დაზვერვის წარმომადგენლებს ციტირებს. მათივე თანახმად, „აჯანყების დღეს“ პუტინი „პარალიზებული იყო და ვერ მოქმედებდა გადამწყვეტად.“ Washington Post-ისთვის გაზიარებული სადაზვერვო შეფასებების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი რუსეთის სპეც სამსახურებმა წინასწარ გააფრთხილეს, სულ მცირე, ორი-სამი დღით ადრე, რომ პრიგოჟინი ამზადებდა შესაძლო აჯანყებას. „გადაიდგა ნაბიჯები უსაფრთხოების გასაძლიერებლად რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე, მათ შორის კრემლში, სადაც საპრეზიდენტო გვარდიის პერსონალი გაიზარდა, მაგრამ არანაირი სხვაგვარი ქმედება არ განხორციელებულა,“ - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის პირობით. „როგორც ჩანს, ეს ასევე ავლენს პუტინის შიშს, პირდაპირ დაუპირისპირდეს ამბოხებულ მეომარ მეთაურს, რომელიც ათწლეულზე მეტია, რუსეთის უსაფრთხოების დაწესებულებზე მუშაობდა. პრიგოჟინი გახდა კრემლის გლობალური ოპერაციების განუყოფელი ნაწილი დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტროლების ქარხნებით და ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში გასამხედროებული ოპერაციებით, ვიდრე ოფიციალურად დაიკავებდა მოწინავე პოზიციას რუსეთის მიერ წარმოებულ ომში უკრაინის წინააღმდეგ,“ - წერს ამერიკული გამოცემა. The Washington Post ასევე ციტირებს რუს მაღალჩინოსანს, რომელსაც რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან აქვს კავშირი. ის მიიჩნევს, რომ პუტინმა რეპუტაცია დაკარგა. „რუსეთი მაფიის წესებს დაქვემდებარებული ქვეყანაა. პუტინმა კი, უპატიებელი შეცდომა დაუშვა“, - განუცხადა რუსმა ფინანსისტმა Washington Post-ს.
საბერძნეთში, ხანძრის ქრობისას თვითმფრინავი ჩამოვარდა
საბერძნეთში ტყის ხანძრების ქრობის დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა ქვეყნის დედაქალაქ ათენის მახლობლად, კუნძულ ევიაზე, ქალაქ კარისტოსის საჰაერო სივრცეში მოხდა. მეშვიდე დღეა, საბერძნეთი ტყის ხანძრებს ებრძვის. მასშტაბურმა ხანძარმა კუნძულ როდოსის 10 პროცენტი გაანადგურა.
Unistream-ით, რომელიც რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სანქციების ქვეშა მოექცა, იანვარ-ივნისში საქართველოში $762 მლნ გადმოირიცხა
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ Unistream-ის ფულადი გზავნილების სისტემით 762 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მიიღო, ხოლო გასული წლის განმავლობაში მილიარდ დოლარზე მეტი. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. შეგახსენებთ, რომ რუსული ბანკი Unistream, რომელიც ამავე სახელწოდების გადახდის სისტემის ოპერატორია, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. არაერთმა ბანკმა საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში მუშაობა Unistream-თან. 2022 წელს Unistream-მა საქართველოში გზავნილების დაახლოებით 23% შეადგინა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ის ლიდერი გახდა ტრანსფერებში 32%-იანი წილით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში გზავნილების ტიპში ასევე პოპულარულია Zolotaya Korona (2022-2023 წლებში $1,6 მილიარდზე მეტი) და Ria (915 მილიონი დოლარი) სისტემები. 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ივნისამდე საქართველოს მიერ მიღებული 6,7 მილიარდი დოლარიდან, დაახლოებით 47% (3,192 მილიარდი დოლარი) რუსეთზე მოდის.
საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი „შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ საწარმოს ქმნიან
აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი, კასპიის ზღვიდან ევროპაში „მწვანე ენერგიის" გადატანის უზრუნბელსაყოფად, ერთობლივ საწარმოს ქმნიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. „კასპიის ზღვიდან ევროპაში „მწვანე ენერგიის“ გადაცემის პროექტის განსახორციელებლად, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ბუქარესტში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კოლეგებმა რუმინეთიდან, საქართველოდან და უნგრეთიდან,“ - წერს შაჰბაზოვი სოციალურ ქსელში. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბუქარესტში მიმდინარე შეხვედრაზე ოთხი ქვეყნის მთავრობათა ენერგეტიკული უწყებების პირველმა პირებმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. დღეს ასევე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოების მიერ ერთობლივი შვილობილი საწარმოს დაფუძნების შესახებ, რომლის საშუალებითაც, კაბელის პროექტის განვითარება გაგრძელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს თანახმად, მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებით, ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მისივე თანახმად, უნგრეთის, საქართველოს, რუმინეთისა და აზერბაიჯანის მთავრობათა წარმომადგენლები „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში რუმინეთის დედაქალაქში რიგით მე-4 მინისტერიალზე შეიკრიბნენ. „შეუძლებელია, სათანადოდ არ შეაფასო ამ მიზნის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონებისთვის. ჩვენი ყურადღება ახლა გამახვილებულია ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბებაზე, რომელსაც დავაკისრებთ პასუხისმგებლობას, გამოიყენოს შესაძლებლობები და განახორციელოს ჩვენი ხედვა. ეს, ახალი საწარმო შეგვმატებს მოქნილობას, დააჩქარებს ჩვენს პროგრესს და გაზრდის ჩვენი კომუნიკაციის ეფექტურობას. სულ რაღაც ორიოდე წლის წინ შავი ზღვის კაბელი მხოლოდ იდეა იყო, რომელსაც ძირითადად სკეპტიციზმი ხვდებოდა, თუმცა კოლექტიური მონდომებითა და მტკიცე ვალდებულებით ჩვენ ეს იდეა რეალობად ვაქციეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკას“ ხელშეწყობით ხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენს. პროექტი 1,195 კმ სიგრძის კაბელის საშუალებით სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემის პირდაპირ ევროპის ენერგოსისტემასთან დაკავშირებას გულისხმობს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 21 ივლისს განაცხადა, რომ წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის სამუშაო დაწყებულია, პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს
27 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, +39 გრადუსს მიაღწიოს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა, +37, +39 გრადუსს მიაღწიოს. 26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. „28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება. თბილისში 25-26 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინა Sirko-ს ტიპის დრონების სერიულ წარმოებას იწყებს
უკრაინული წარმოების Sirko-ს ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი (UAV), რომელიც ხარკოველმა ინჟინრებმა დააპროექტეს, მასობრივად იწარმოება და კომპანია მალე მის მეორე ვერსიას წარადგენს. ამის შესახებ შპს Skyassist Scientific and Production Company-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, იჰორ კრინიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიამ მოახერხა კავშირების დამყარება აუცილებელი კომპონენტების მწარმოებლებთან, არამხოლოდ ჩინელებთან, არამედ ისრაელთან, კანადასთან, ტაივანთან და სხვა ქვეყნებთან. კრინიჩკოს თქმით, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კომისიამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მას უკვე უკრაინელი ჯარისკაცები გამოიყენებენ. ჯარებში სირკოს უპილოტო საფრენი აპარატის ოპერაციაზე წვდომის უზრუნველყოფის შესახებ. სადაზვერვო დრონის მთავარი მახასიათებელია ვიდეო გადაცემის შესაძლებლობა 25 კმ-მდე მანძილზე, ასევე 50 კმ-მდე მანძილზე ფრენისა და დაბრუნების შესაძლებლობა ტელემეტრიისა და მძლავრი ბატარეის საშუალებით. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე დავიწყეთ სერიული წარმოება,“ - განაცხადა კრინიჩკომ. მისივე თქმით, ივნისის განმავლობაში სამხედროებისთვის 100-მდე დრონი უკვე მიეწოდათ.
მედია: საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო, მეხუთე დღეს კრუიზი ბათუმის პორტშიც შევა
მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო, რომლის მიხედვითაც მეხუთე დღეს კრუიზი ბათუმის პორტშიც შევა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისს განცხადებაში არ ახსენებს სოჭს და განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. რუსული სამთავრობო არხის, Россия 1-ის ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე დამატებითი გაჩერება ტურისტების მოთხოვნით დაამატეს. გამოცემა “ეხო კავკაზა” იუწყება, რომ კრუიზი ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას სთავაზობს. ამასთან, ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძებიც დაემატა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება. აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. 24 იანვრის განცხადებაში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ სოჭის პორტთან მოლაპარაკების არსებობა უარყო.
საბერძნეთში ხანძრის ქრობისას თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ორი პილოტი დაიღუპა
საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ ბერძნული საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავის ორი პილოტის დაღუპვა დაადასტურა. თვითმფრინავი 25 ივლისს ხანძრის ქრობისას, კუნძულ ევიაზე ჩამოვარდა. მეთაური 34 წლის იყო, მეორე პილოტი - 27-ის.
BBC: ჩრდილოეთ იტალიას ქარიშხალი ანადგურებს, სიცილიას - ტყის ხანძრები
სიცილიაზე რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურის შემდეგ, ტყის ხანძრები მძვინვარებს. ქალაქი პალერმო ცეცხლით არის გარშემორტყმული. ამავდროულად, ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერი ქარიშხალი და ძლიერი ქარია, რომელმაც ამოხარა ხეები და შენობებს სახურავები გადახადა. იუწყება BBC. ტენისის ბურთის ზომის სეტყვამ დააზარალა ადამიანები, დააზიანა მაქანები და გაანადგურა მოსავალი. 16 წლის გოგო დაიღუპა, როდესაც ქალაქ ბრეშიას მახლობლად, საზაფხულო ბანაკში ხე დაეცა კარავს, სადაც გოგოს ეძინა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილია შუახნის ქალიც. იმავდროულად, სიცილია ებრძვის ტყის ხანძრებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქალაქებსა და მთელ კუნძულს. ორშაბათს კატანიაში 47,5 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაფიქსირდა. კუნძულის ირგვლივ რამდენიმე კურორტმა და ტურისტულმა ცენტრმა სტუმრების ევაკუაცია დაიწყო. პალერმოს აეროპორტი დროებით დაიკეტა საჰაერო მიმოსვლისთვის სამშაბათს დილით, მას შემდეგ, რაც მის გარშემო ბორცვებში გაჩენილმა ხანძარმა აეროპორტის პერიმეტრს მიაღწია. რამდენიმე რეგიონმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სთხოვა.
განათლების მინისტრი: ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში
„ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების ინტერესებში,“ – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. „არანაირი წარმოება ან განაცხადი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომ რაიმე ფორმით მიმდინარეობს ე.წ. რუსული უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესი, არ არსებობს. ეს არის, უბრალოდ, დამაზიანებელი პროპაგანდა და ტყუილი. არანაირი კონსულტაცია, შეხვედრა, წინარე შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ ყოფილა და ვერც იქნება. ეს არის ჩვენი ოპონენტების, ქვეყნის მტრების ის დამაზიანებელი პროპაგანდა, რომელსაც გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ან ვიღაცის უბრალოდ იდეაზე დაყრდნობით იყენებენ ხელისუფლების, განათლების სისტემისა და შემდგომ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ სახელმწიფოებრივად, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების ინტერესებში“, – აღნიშნა ამილახვარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გუშინ გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით. როგორც სამინისტროში განაცხადეს, ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება.
მზიურის პარკთან დაჭრის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაჭრილი 40 წლამდე ბიზნესმენია, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა.
ნორვეგიამ უკრაინის მხარდაჭერისთვის ევროპის ფონდში $24 მილიონზე მეტი შეიტანა
ნორვეგიამ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდში (EPF) 24 მილიონ დოლარზე მეტი შეიტანა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭომ 25 ივლისს განაცხადა. „უკრაინის საჭიროებებზე საპასუხოდ, ნორვეგიამ თანხა „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის ტანკებისთვის საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდებით მიზნით, სპეციალურად გამოყო , - ნათქვამია განცხადებაში. EPF ფონდის მეშვეობით უკრაინამ ამ დროისთვის შვიდი მხარდაჭერის პაკეტი მიიღო და ბრიუსელმა 27 ივნისს გადაწყვიტა, რომ ფონდის ჯამური ღირებულება 13 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს შემდგომი რესურსების ინვესტირებას ფონდში უკრაინის სამომავლო მხარდაჭერისთვის. ნორვეგიამ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, 40 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო. ოსლომ 300 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ წელს. 2023 წლის დასაწყისში ნორვეგიის პარლამენტმა უკრაინის ხუთწლიანი დახმარების ფარგლებში, 8,2 მილიარდი დოლარის მხარდაჭერის გეგმა დაამტკიცა.
აშშ უკრაინას $400 მლნ-ის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინას კიდევ 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს მიაწვდის. დახმარება მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას Patriot-ის, HIMARS და NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს სამეთვალყურეო დრონებს - Hornet, რაკეტებს Hydra-70, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს Stinger-ი და Javelin-ი, Stryker-ის ტიპის 32 ჯავშანტრანსპორტიორს, ცეცხლსასროლი იარაღის 28 მილიონ ტყვიას და სხვა საბრძოლო საშუალებებს. 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა უკვე 43,7 მილიარდ დოლარზე მეტია.
კულება: F-16-ები უკრაინას „მარცვლეულის დერეფნის“ დაცვის საშუალებას მისცემს
„თუ ჩვენ გვექნება F-16-ები, ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებულნი რუსეთის შანტაჟზე,“ - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებით“ შანტაჟთან დაკავშირებით განაცხადა. AFP: ლიეტუვა ევროკავშირს სთხოვს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის მინისტრის განცხადებით, რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა ამ ტიპის თვითმფრინავებს, მით უფრო მალე შეძლებს ახალი დერეფნის ამოქმედებას ყოველგვარი შეფერხების გარეშე - შედეგად, 100 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული გლობალურ ბაზარზე გავა, რაც ფასების სტაბილიზაციას გამოიწვევს. თეთრი სახლის ცნობით, უკრაინა თვითმფრინავებს ბოლომდე მიიღებს. მარცვლეულის გარიგების ჩაშლა წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილია - უკრაინის დაზვერვა მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ. შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
მედია: ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და სომხეთის რიგმა ბანკებმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულ Unistream-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს
ორმა ბანკმა უზბეკეთში, ექვსმა ბანკმა ყირგიზეთში და ოთხმა ბანკმა სომხეთში, რუსული გადახდის სისტემა Unistream-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს. ყაზახეთის Kazpochta-მ (ყაზახეთის ფოსტა) და Nurbank-მა 24 ივლისს განაცხადეს, რომ სანქციების გამო, დაუზუსტებელი ვადით შეაჩერეს ყველა ოპერაცია Unistream-თან. უზბეკეთის სახალხო ბანკმა, Kapital Bank-მა და Ipoteka Bank-მა, ასევე ყირგიზეთის Kompanyon Bank-მა, Finca Bank-მა, RSK Bank-მა, Kapital Bank-მა, Halyk Bank-მა და Bank of Asia-მ ასევე განაცხადეს, რომ შეაჩერეს Unistream-თან დაკავშირებული ოპერაციები. ტაჯიკეთში Oryonbank-მა და Humo Bank-მა ასევე შეაჩერეს თანამშრომლობა Unistream-თან. სომხეთში მსგავსი განცხადებები გააკეთეს Ardshinbank-მა და Converse Bank-მა, ხოლო ორმა სომხურმა ბანკმა. 20 ილისს Unistream-ი ამერიკის სანქციების ქვეშ მოექცა. Unistream-ით, რომელიც რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სანქციების ქვეშა მოექცა, იანვარ-ივნისში საქართველოში $762 მლნ გადმოირიცხა ტაჯიკეთში Orienbank-მა და Humo Bank-მა შეწყვიტეს Unistream-ით სარგებლობა. რუსული მედიის ცნობით, აქ მხოლოდ ტაჯიკეთის სახელმწიფო ბანკი აგრძელებს რუსული გადახდის სისტემის მომსახურებას.