ძებნის რეზულტატი:
რუსეთში შვეულმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 6 ადამიანი
რუსეთში, ალთაის მხარეში, ციმბირში, შვეულმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
საელჩო ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საელჩო საბერძნეთის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში საელჩო უთითებს, რომ მისი წარმომადგენლები ესაუბრნენ საქართველოს მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ყველანაირად დაეხმარებიან სამშობლოში გამგზავრებაში. „საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტზეა ქლაქ ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისევე როგორც ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან და ბერძენ სამართალდამცავებთან. საელჩოს წარმომადგენლები გუშინაც ესაუბრნენ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ყველანაირად დაეხმარებიან სამშობლოში გამგზავრებაში. რაც შეეხება არალეგალთა განთავსების ბანაკის დატოვებას (რასაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ითხოვს), აღნიშნული სცილდება საქართველოს საელჩოს უფლებამოსილებას და ამის შესაძლებლობა საქართველოს დიპლომატიურ მისიას არ გააჩნია. ქალაქ ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა. არეულობის დაწყებისთანავე საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით 01:43 საათზე დაუკავშირდა, აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ხ. მ. კონსულის მოვალეობის შემრულებელი ინფორმაციის მიღებისთანავე დაუკავშირდა აღნიშნულ პირს და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც მასთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან. დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ხ.მ-მ საელჩოს დაუდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და საქართველოს ყველა მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა – მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები. ინფორმაცია იმის შესახებ რომ ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, 26 ივლისს, დაადასტურა ატიკის პოლიციის უცხოელთა დეპარტამენტმაც. მორიგი კომუნიკაცია საელჩოსა და მოქალაქე ხ.მ ს-ს შორის შედგა 26 ივლისს დღის საათებში, გადამოწმდა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას შეეთავაზა დახმარება საქართველოში დროულად დაბრუნებაში. ხ.მ-მ, რომელსაც აქვს მოთხოვნილი თავშესაფარი საბერძნეთის რესპუბლიკაში უარი განაცხადა საქართველოში დაბრუნებაზე. შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. ცხელი ხაზი +306952220000,“– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სომხეთი მონაწილეობას არ მიიღებს ОДКБ-ს წვრთნებში, რომელიც ბელორუსში გაიმართება
სომხეთი მონაწილეობას არ მიიღებს CSTO-ს ქვეყნების სამაშველო ქვედანაყოფების მონაწილეობით დაგეგმილ სპეციალურ წვრთნებში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ბელორუსში გაიმართება. „სომხეთის მონაწილეობა The Rock-2023-ის («Скала-2023») წვრთნებში არ არის გათვალისწინებული,“ - იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით. მისივე თანახმად, ხსენებული გადაწყვეტილების მიზეზი „შსს-ს სამაშველო სამსახურის პროფესიული დატვირთვაა.“ სწავლება - The Rock-2023 პირველიდან 6 სექტემბრამდე. სწავლების თემა რადიაციული ავარიის შედეგების ლიკვიდაციაა. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ОДКБ-ს წევრობა სომხეთს პრობლემებს უქმნის
ესპანური მოიერიშეები ესტონეთის ბაზაზე განლაგდნენ
ესპანური მოიერიშეები ესტონეთში, ამარის ავიაბაზაზე განლაგდნენ. მოიერიშე თვითმფრინავები მზად არიან, აგვისტოში NATO-ს საჰაერო პოლიციის მისია ჩაიბარონ. „ტაქტიკური საჰაერო რაზმი ალიანსის ტერიტორიაზე უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს,“ - იუწყება NATO.
კიმ ჩენ ინი და შოიგუ გაეროს რეზოლუციებით აკრძალული რაკეტების ფონზე - ფოტო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუს თავდაცვის გამოფენაზე უმასპინძლა. მედიის ყურადღება მიიპყრო გამოფენაზე წარმოდგენილმა ბალისტიკურმა რაკეტებმა, რომლებიც გაეროს რეზოლუციებით არის აკრძალულია. ეს რეზოლუციები რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით მიიღეს. ახლა კი მის ფონზე რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა კავშირების გაღრმავების პირობას დებდნენ. შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მინისტრია, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად ჩავიდა. სახელმწიფო მედია იუწყება, რომ შოიგუმ კიმ ჩენ ინს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წერილი გადასცა. მან პუტინს მადლობა გადაუხადა შოიგუს ხელმძღვანელობით სამხედრო დელეგაციის გაგზავნისთვის და განაცხადა, რომ ამ ვიზიტმა გააღრმავა „სტრატეგიული და ტრადიციული" ურთიერთობები ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის. ექსპერტების შეფასებით, შოიგუს გამოჩენა გამოფენაზე, ძალიან „ამბივალენტური ჟესტია“ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ფორმალურად რჩება ვალდებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიმართ, რომლებიც კრძალავს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს.
აშშ-ის საელჩო: ქართველმა მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს
აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ქართველი მოსამართლეები ამერიკელი კოლეგების გამოცდილებას გაეცნენ. „სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ქართველ მოსამართლეებს 87-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემების შესახებ, რომელიც ქალაქ ბალტიმორში გაიმართა. მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმებისა და დამცავი ორდერების შესახებ. ვაშინგტონში კი, ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო პროცესებს დაესწრნენ. ვიზიტი ქართველი მოსამართლეებისთვის გამართული აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ტურითა და სასამართლოს როლის შესახებ ბრიფინგით დასრულდა,“ - წერს საელჩო Facebook-ზე. აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ქართველი მოსამართლეები ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ
რა წერია საინვესტიციო გარემოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ
საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გახდა ცნობილი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგადად, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის ქვეყნებს შორის, თუმცა იზრდება ნდობის ნაკლებობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად. ამასთან, ზოგიერთი ბიზნესდავა სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩება. „სხვა კომპანიები უჩივიან, რომ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი არაეფექტიანია, არასათანადოდ არის უზრუნველყოფილი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა, არ არსებობს ეფექტიანი ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, არსებობს პოლიტიკური ჩარევის, კანონებისა და რეგულაციების შერჩევითი გამოყენების შესახებ ბრალდებები, მათ შორის კომერციული კანონების შემთხვევაშიც, ასევე არსებობს სირთულეები საკუთრების უფლების შესახებ დავების გადაჭრაში,“ - წერია ანგარიშში. მისივე თანახმად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ამ პრობლემების გადასაჭრელად მუშაობას და დარჩენილი პრობლემების მიუხედავად, საქართველო მაინც იკავებს ერთ-ერთ პირველ ადგილს რეგიონში, სადაც კარგი გარემოა ბიზნესის წარმოებისთვის. „აშშ-მ და საქართველომ 1994 წელს მოაწერეს ხელი ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებას და საქართველოს აქვს უფლება, აშშ-ში დაბეგვრის გარეშე განახორციელოს ბევრი პროდუქტის ექსპორტი, პრეფერენციების საყოველთაო სისტემის ჩარჩოს ფარგლებში.“ დოკუმენტის თანახმად, საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორებისთვის, ძირითადი საინვესტიციო სფეროები მოიცავს ახალ ბაზრებზე გაფართოებას, ადგილობრივი მიწოდების ქსელების და ბიზნესის მხარდაჭერის სერვისების განვითარებას და ახალი კომერციული ობიექტების და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობას. „მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორების 70%-ი ოპტიმისტურად არის განწყობილი ეკონომიკის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს, 55%-ს,“ - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქცევს მას კარიბჭედ ინვესტორებისთვის, რომლებიც ცდილობენ, უზრუნველყონ მიწოდების ჯაჭვები ევროპასა და აზიას შორის. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები აშშ-სა და სხვათა მიერ, რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად მოქმედებენ.“ მისივე თანახმად, „საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს.“ ამავე დოკუმენტში მიმოხილულია, რომ ტრანზიტი და ლოგისტიკა პრიორიტეტული სექტორებია, რადგან საქართველო ცდილობს, ისარგებლოს აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზრდილი ვაჭრობით ქვეყნის გავლით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გაზარდა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივები და მთავრობა ეძებდა გზებს ვაჭრობის გასაძლიერებლად. საქართველო დიდი ხანია, მიზნად ისახავს შავ ზღვაზე თავისი სტრატეგიული მდებარეობის კაპიტალიზაციას საქონლისა და ენერგეტიკის აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო და სავაჭრო დერეფნად გადაქცევით. ცენტრალური აზიის გაფართოებულმა ბაზარმა განაპირობა ტვირთების ზრდა ბოლო დროს ამ „შუა დერეფნის“ გავლით, რადგან ჩრდილოეთის მარშრუტი რუსეთის გავლით ახლა უფრო სარისკოდ მიიჩნევა. 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ახალი ტენდერის გახსნის გეგმები ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის (რომელიც მანამდე მთავრობამ გააუქმა 2020 წელს). კერძო სექტორი აგრძელებს ინვესტიციებს საპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ტვირთების მოსაზიდად. 2021 წელს ლოგისტიკურმა კომპანიებმა დაასრულეს ორი ახალი ტერმინალის პროექტი ბათუმისა და ფოთის პორტებში. 2020 წელს საქართველოს უმსხვილესი პორტის, შავი ზღვის ფოთის პორტის მფლობელმა გამოაცხადა ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური პორტის შექმნის გეგმები, რომლებსაც ამჟამად ახორციელებს,“ – აღნიშნულია ანგარიშში.
სამანტა პაუერი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მოუთმენლად ველი ქართველ ხალხთან მეგობრობის გაძლიერებას
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მოუთმენლად ველი ქართველ ხალხთან მეგობრობის გაძლიერებას,“ - ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც საქართველსა და შტატებს შორის მეგობრულ კავშირებს ეხება. „აშშ-სა და საქართველოს შორის მეგობრობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება, რაც ორივე ქვეყანას აძლიერებს. სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) პარტნიორობა ეხმარება ქართველებს უკეთესი ცხოვრების შექმნასა და თავიანთი თემების განვითარებაში, USAID-ს წვლილი შეაქვს საქართველოსთვის აყვავებული, დემოკრატიული, ევროპული მომავლის უზრუნველყოფაში,“ - ამბობს სამანტა პაუერი.
NATO ესტონეთს მოკავშირეთა ჯარებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, €40 მილიონს გამოუყოფს
NATO ალიანსის ფონდიდან ესტონეთს მოკავშირეთა ჯარების განთავსებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, €40 მილიონს გამოუყოფს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა. თანხა NATO-ს უსაფრთხოების საინვესტიციო პროგრამის (NSIP) ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოიყოფა. ესტონეთმა პირობა დადო, რომ მოკავშირეების მასპინძლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს, მაგრამ ქვეყნის მთლიანი თავდაცვითი ინვესტიციების საჭიროებების და ესტონეთის რესურსების შეზღუდვის გათვალისწინებით, მთავრობა ასევე გამოვიდა დაპირებით, რომ მოიძიებს დაფინანსების საგარეო წყაროებს ამ ხარჯების დასაფარად. „ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შეთანხმება ნიშნავს, რომ მოკავშირეების ყოფნა ესტონეთში აუცილებლად დატოვებს უფრო დიდი კვალს, როგორც დროებით, ასევე სამუდამოდ. ეს არის ზუსტად დროებით ყოფნა, რომელიც მოითხოვს საკმაოდ დიდ ინფრასტრუქტურას,“ - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. ინფრასტრუქტურა მოიცავს თვითმფრინავების ანგარებს, ტექნიკური აღჭურვილობის თავშესაფრებს, ყაზარმების აშენებას ამარის საჰაერო ბაზაზე, ყაზარმების, ავტოფარეხების და თავშესაფრების აშენებას დამატებითი დანაყოფებისთვის ტაპაში, ემის ბაზაზე. ესტონეთმა ხელი ასევე მოაწერა 21 მილიონი ევროს კონტრაქტს ესტონეთის თავდაცვის ძალების (EDF) სასწავლო არეალში მისაღები ზონის მშენებლობისთვის.
ზურაბიშვილი: დროებით ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის უკანონო გადაცემა, საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე რეაქციას მოითხოვს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას გმობს. „კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს! აფხაზეთი საქართველოა,“ - წერს პრეზიდენტი. ე.წ. პარლამენტმა ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ „შეთანხმების რატიფიცირება“ მოახდინა
ჯიმ ო’ბრაიენი: ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, საქართველოში პოლარიზაცია არ არსებობს
სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, საქართველოში პოლარიზაცია არ არსებობს. „მიმდინარე კვირაში, სამოქალაქო საზოგადოების ქართველ აქტივისტთა ჯგუფს შევხვდი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია. ისინი განასახიერებენ ქართველი ხალხის ერთგულებას [ევროპული მომავლის მიმართ]. ქართველი ხალხის 90%-ზე მეტი ამბობს, რომ სურს ევროპის ნაწილი იყოს. ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით, პოლარიზაცია არ არსებობს.“ სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, სანქციების კოორდინაციის ოფისის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სახელმწიფო დეპარტამენტში იმ ბიუროს ჩაიბარებს, რომელიც ევროპისა და ევრაზიის მიმართ, შესაბამისად საქართველოს მიმართ, შეერთებული შტატების პოლიტიკას იმუშავებს და ახორციელებს. ბიურო მხარს უჭერს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, NATO, ევროკავშირთან და სხვა რეგიონულ ორგანიზაციებთან კოორდინაცია, დემოკრატიის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლაშა ჟღენტის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, მოქალაქე ლაშა ჟღენტის დაკავების თაობაზე, საგამოძიებო სამსახური კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რათა ლაშა ჟღენტის დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას და საქმეში არსებულ მასალებს არ მიეცეს დამახინჯებული ინტერპრეტირება და არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასაჯაროოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ლაშა ჟღენტის დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს გააკეთებს ლაშა ჟღენტის უფლებების და ინტერესების დასაცავად, რა მიზნითაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო პროცესი, რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. თუკი საქმეზე მოპოვებული იქნება რომელიმე სამართალდამცავის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უწყება შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს,“ - წერია განცხადებაში. მანამდე გავრცელებულ განცხადებაში უწყება უთითებდა,რომ 2023 წლის 21 ივლისს, ლაშა ჟღენტის დედის, მოქალაქე ხათუნა გამცემლიძის შეტყობინების საფუძველზე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მისი შვილების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებას ეხებოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. „გამოძიების დაწყებიდან დღემდე, შემჭიდროვებულ ვადებში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, მათ შორის, ინციდენტის ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერები მოიპოვა და ფაქტის შემსწრე ნეიტრალური მოწმეები გამოკითხა. კერძოდ, საქმეზე დაკავების ადგილზე მყოფი, ინციდენტის შემსწრე 6 პირი გამოიკითხა, რომლებმაც მიუთითეს, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის ფაქტი არ დაუნახავთ. საქმეზე მოპოვებულ იქნა კერძო ოსპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 21 წლის ლაშა ჟღენტის დაკავების თაობაზე მიმდინარე გამოძიების შესახებბიექტის და დაკავების ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები. ჩანაწერების დათვალიერებით დადგინდა, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე მოძრავ 3 მამაკაცს პოლიციის თანამშრომლები აჩერებენ და საუბრის შემდგომ ერთ-ერთი მათგანის ზედაპირულ შემოწმებას იწყებენ. აღნიშნული მამაკაცი პოლიციელებს შემოწმების სრულყოფილად ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევს და მათ წინააღმდეგობას უწევს, რის შემდეგაც სამართალდამცველები მის დაკავებას იწყებენ და ავტომანქანისკენ მიჰყავთ. პოლიციელებს დაკავებულის გადაყვანასა და ავტომანქანის დაძვრაში ხელს უშლის ადგილზე მოსული ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც პოლიციელებთან ფიზიკურ კონტაქტში შედის. მოქალაქეების შეჩერებიდან დაახლოებით 7-8 წუთში პოლიციის ავტომანქანა შემთხვევის ადგილს ტოვებს. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ ფიქსირდება. გამოძიების მიერ გამოიკითხა ლაშა ჟღენტის დაკავების მონაწილე და დაკავების ადგილზე მყოფი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს 4 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ გოგებაშვილის ქუჩა N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 ახალგაზრდა მამაკაცი შეაჩერეს და მათ ვინაობა ჰკითხეს. ერთ-ერთი მათგანის - ლაშა ჟღენტის ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს და მისივე თანხმობით, მასთან საპოლიციო ღონისძიების - ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების ჩატარება დაიწყეს. დათვალიერების პროცესში ლაშა ჟღენტმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის საფუძველზეც მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით დაიწყეს. ლაშა ჟღენტის დაკავებისას და ავტომანქანაში ჩასმისას მისი თანმხლები პირები, ასევე, შემდგომში ადგილზე მოსული ლ. ჟღენტის ბებია - გულნაზი ჟღენტი წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს. მათ შორის, გულნაზი ჟღენტი დაჯდა პოლიციის ავტომანქანის საჭესთან და არ აძლევდა მათ ადგილიდან დაკავებული პირის წაყვანის შესაძლებლობას. პოლიციელების თქმით, საბოლოოდ, გამოყენებული პროპორციული ღონისძიებების შედეგად, მოახერხეს ლაშა ჟღენტის ბადრაგირება პოლიციის სამმართველოს შენობაში. პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ დაკავებული ან/და სხვა პირის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვა სახის უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“, ლაშა და ლუკა ჟღენტებს ჩაუტარდათ სამედიცინო ექსპერტიზა, ექსპერტთან პირადად წარდგენის გზით. ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნები მიღებული არ არის; სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა ასევე დაკავებულის ბებიას გულნაზი ჟღენტს, რომელიც ასევე მონაწილეობდა დაკავების ინციდენტში და რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მან გამოძიებას განუმარტა, რომ იგი პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდა და დაკავებული ლაშა ჟღენტის წაყვანის საშუალებას არ აძლევდა. გულნაზი ჟღენტმა მიუთითა, რომ მის მიერ პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიიღო. ზემოხსენებული მტკიცებულებები, რომელიც ამ დროისთვის არის მოპოვებული, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას, რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. თუკი საქმეზე მოპოვებული იქნება რომელიმე სამართალდამცავის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უწყება შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს. გამოძიების პროცესში პოტენციური მსხვერპლის ჩართულობის, მისი ინფორმირებულობის და გამოძიების გამჭვირვალობის მიზნით, ლაშა ჟღენტს და მისი ოჯახის წევრებს გამოძიების პირველივე დღეებიდან საქმის მასალებთან სრული წვდომის უფლება მიეცათ. გამოძიების შედეგების თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. მედიასაშუალებებს კი მოვუწოდებთ, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, აცხადებდა საგამოძიებო სამსახური.
რუსეთმა ზიმბაბვესთან „მშვიდობიანი ატომის“ შესახებ შეთანხმება გააფორმა
რუსეთმა და ზიმბაბვემ ატომური ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. რუსული მედიის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს ზიმბაბვეს ენერგეტიკის მინისტრმა, სოდა ჟემუმ და რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაციის როსტომის ხელმძღვანელმა, ალექსეი ლიხაჩოვმა. ცერემონია სანქტ-პეტერბურგში რუსეთ-აფრიკის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
ომის დროს მალდივებზე დასვენების შემდეგ, უკრაინელ დეპუტატს მანდატი ჩამოერთვა
27 ივლისს უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელს, იური არისტოვს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილებას 320-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მანამდე, 25 ივლისს უკრაინული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, იური არისტოვი ივლისის შუა რიცხვებში მალდივის კუნძულებზე 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებდა. არისტოვმა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით იმავე დღეს მიმართა. მის საქმეს უკრაინის საგამოძიებო ბიურო და უსაფრთხოების სამსახური სწავლობენ. ცნობისთვის 25 ივლისს, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მაშინ, როცა მეომრები და ხალხი გამარჯვებისა და თავისუფლებისთვის შეუძლებელსაც კი აკეთებენ, უკრაინის ინტერესების ნაცვლად შიდა ღალატი, პლაჟები და პირადი გამდიდრება, სულ მცირე, მძვინვარებას იწვევს და ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს.
პრიგოჟინი პუტინის მონაწილეობით მიმდინარე ფორუმზე შენიშნეს
ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ამბოხის მცდელობის გამო „მოღალატე“ უწოდა, რუსეთ-აფრიკის სამიტზე გამოჩნდა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ტარდება. ფოტოს და ინფორმაციას პრიგოჟინის გარემოცვის წარმომადგენელი, დიმიტრი სიტი აქვეყნებს. „ელჩმა სამიტის პირველი ფოტოები გამიზიარა. ნაცნობ სახეებს ვხედავთ,“ – დაწერა სიტიმ. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, სამ-ოთხ თვეში აფრიკის რამდენიმე ქვეყანას 25-50 ათასი ტონა მარცვლეული უფასოდ მიაწოდოს.
პოლონეთი სარაკეტო ბრიგადას და „HIMARS-ის აკადემიას“ ქმნის
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ 18-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყანა პირველ სარაკეტო და საარტილერიო ბრიგადას შექმნის და „HIMARS-ის აკადემიას“ გახსნის. მინისტრის მიერ შესაბამის გადაწყვეტილებაზე ხელმოწერისას ცნობილი გახდა, რომ ახლად შექმნილი სარაკეტო და საარტილერიო ბრიგადა ორ ქალაქში - ტორუნსა და ოჟიშში განლაგდება. ის იქნება მე-16 მექანიზებული დივიზიის ნაწილი, რომელიც პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას აიღებს. მინისტრის თქმით, აკადემიის საშუალებით, პოლონეთი შეძლებს, ითანამშრომლოს მოკავშირეებთან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რომლებმაც ხსენებული სისტემები ასევე შეიძინეს. ბლაშჩაკმა გაიხსენა, რომ 2005 წელს პოლონეთმა უარი თქვა საბჭოთა სისტემაზე და ამჟამად ქვეყანა ფლობს HIMARS-ის ტიპის სისტემებს, რომელთა მანძილი 300 კმ-მდეა. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის ხელისუფლების ამოცანაა, არმია აღჭურვოს ისეთი იარაღით, რომელიც ეფექტიანი იქნება აგრესორის შეკავებაში და „აიძულებს რუსეთს, პოლონეთში შეჭრა არ გაბედოს.“ თებერვალში შეერთებულმა შტატებმა პოლონეთისთვის HIMARS-ის სარაკეტო სისტემების მიყიდვა დაამტკიცა. 25 მაისს პოლონეთში HIMARS-ის ტიპის ორი სარაკეტო სისტემა და PATRIOT-ის ტიპის სისტემის ბატარეები ჩაიტანეს.
ჩხოროწყუში ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა
ჩხოროწყუში ქალაქისა და ერთი - ერთი უბნის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადადიოდა. მათივე ინფორმაციით, დანგრეულმა ხიდმა სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი მოიყოლა, რომელიც მდინარეში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი უკვე ამოყვანილია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ინფორმაციას IPN ავრცელებს.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქტივისტებმა რუსეთის დროშა დაწვეს
თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ოკუპანტების შემოსვლას აპროტესტებენ, რუსეთის დროშა დაწვეს. არა გარუსების პოლიტიკას! საქართველოს მთავრობას არ გაუვა გაარუსოს საქართველო და ქართველი ხალხი! - დაწერეს აქციის ორგანიზატორებმა. აქციები თბილისსა და ბათუმში საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" შემოსვლის გამო ჩაინიშნა.
ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოების პროგრამას შეუერთდნენ
ფინეთი, შვეიცარია და შვედეთი, რომლებიც ევროპაში ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ისტორიით არიან ცნობილნი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე განიხილავენ, შეუერთდნენ აშშ-ის ეროვნული გვარდიის უსაფრთხოების პარტნიორობის პროგრამას. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, დენ ჰოკანსონმა განაცხადა. ჰოკანსონმა განმარტა, რომ ამერიკული მხარე ცალ-ცალკე აწარმოებს მოლაპარაკებებს ფინეთთან, შვეიცარიასთან და შვედეთთან, რათა უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა გააძლიეროს. მან დააზუსტა, რომ ფინეთმა და შვედეთმა, რომლებმაც უკვე თქვეს ნეიტრალურ სტატუსზე, „ახლა პარტნიორულ მოლაპარაკებებში არიან", და შვეიცარია „ახლა განიხილავს ურთიერთობას, რომელიც სხვა ქვეყნებს აქვთ ეროვნულ გვარდიასთან და აფასებს მომავალში ასეთი პროგრამის შესაძლებლობას." აშშ-ის ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლითაც აშშ-ის ჯარები ამყარებენ ურთიერთობებს უცხოელ სამხედროებთან რეგულარული მომზადებისა და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გზით. აშშ-ის ეროვნული გვარდიის პარტნიორობის პროგრამა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. უკრაინა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც პროგრამას კალიფორნიის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობით შეუერთდა.
ზელენსკის ინიციატივით შექმნილი ბიზნესპლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსმა" თბილისში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ალიანსი საერთაშორისო ბიზნესპლატფორმა Nazovni-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა საქართველოში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას და კერძო ბიზნესის მხარდაჭერას. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ოლექსანდრ შულგამ ხაზი გაუსვა უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო, სამრეწველო და კულტურული კავშირების მდიდარ ისტორიას და ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის ომამდელი დონის აღდგენის აუცილებლობას. საელჩოში ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და უკრაინისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის პირდაპირი საბორნე მიმოსვლის შეჩერების მიუხედავად, უკრაინელი მწარმოებლები დაინტერესებულნი არიან ქართულ ბაზარზე შემოსვლით და აქტიურად იყენებენ NAZOVNI-ის ინსტრუმენტთა კომპლექტს. „აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვან პერსპექტივებს უხსნის ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის დიალოგის გააქტიურებას, ქმნის ახალ შესაძლებლობებს უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ქართულ ბაზარზე B2B კონტაქტების აღორძინებით და იძლევა შესაძლებლობას, გააფართოოს უკრაინული პროდუქციის წარმომადგენლობა საქართველოში წამყვანი საცალო ქსელების თაროებზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პლატფორმა NAZOVNI-ის მუშაობისა და მისი ინსტრუმენტების პრეზენტაცია, რომელიც ასევე შეიძლება, გამოადგეს ქართულ ბიზნესს, რომელიც დაინტერესებულია უკრაინული საქონლისა და სერვისების შეძენით“, - აცხადებს უკრაინის საელჩო.