ძებნის რეზულტატი:

მონღოლეთი და აშშ „ღია ცის“ შეთანხმებას გააფორმებენ - Reuters

შეერთებული შტატები და მონღოლეთი „ღია ცის“ შეთანხმებაზე ხელმოწერას გეგმავენ. ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. შეერთებულ შტატებსა და მონღოლეთს შორის ღია ცის შესახებ შეთანხმება დაეფუძნება ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც იანვარში შეთანხმდა. ეს ინფორმაციას ვრცელდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და მონღოლეთის პრემიერს შორის შეხვედრაა დაგეგმილი. შეხვედრა ვაშინგტონში ოთხშაბათს მას შემდეგ იმართება, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს დაძაბულობის განმუხტვას კონკურენტ ჩინეთთან, ხოლო რუსეთთან მის ურთიერთობებში დათბობის ნიშნები არ ჩანს, რადგან რუსეთი უკრაინაში ომს განაგრძობს. ჩრდილოეთით რუსეთით და სამხრეთით ჩინეთით გარშემორტყმულმა მონღოლეთმა,  იაპონია, სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები მოკავშირეებად აირჩია.ის მიზნად ისახავს მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას, მაგრამ მისი ეკონომიკა თავის ორ დიდ მეზობელზე კვლავ მეტწილად დამოკიდებულია. რესურსებით მდიდარი მონღოლეთი იშვიათი მინერალებისა და სპილენძის საბადოებს ფლობს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შიდა ავტობაზრის ელექტრიფიკაციას ცდილობს. მონღოლეთი შესაძლო ინვესტიციების და თანამშრომლობის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ, ილონ მასკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი შეხვედრისას ხაზს გაუსვამენ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობას. დისკუსიები მოიცავს ქვეყნების ეკონომიკურ და კომერციულ ურთიერთობებს, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს, ჩინეთისა და რუსეთის ჩათვლით,“ - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით. ინფორმაციისთვის,„ღია ცის შეთანხმება“ მოლდოვასა და აშშ-ს შორის 19 მაისს გაფორმდა.  

NAEC-ი განმარტავს, რატომ განუცხადეს უარი აბიტურიენტს დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, სასამართლოს დროებითი განჩინება ერთ-ერთი აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით, ცენტრში გამოცდებისა და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ წარადგინეს, შესაბამისად, „შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია.“ ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ ცენტრმა სასამართლოს განჩინება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრა. „2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შევიდა ცვლილება - ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტებს მიეცათ დამატებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მათ საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზების გამო: ა) ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად გამოცდის დღეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის გამო არანაკლებ 24 საათის განმავლობაში; ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო; გ) დაუძლეველი ძალის გამო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ცენტრმა უკვე დაიწყო პირველადი შედეგების გამოცხადება. გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას,“ - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შიმშილობა დაიწყო მშობელმა, რომლის შვილსაც NAEC-მა გამოცდის დანიშვნაზე უარი განუცხადა  

ერდოღანი პუტინს: „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერება სარგებელს არავის მოუტანს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ორი ლიდერი პუტინის თურქეთში ვიზიტზე შეთანხმდა. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ერდოღანმა პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ არ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს. ერდოღანი ხაზს უსვამს „მარცვლეულის შეთანხმების“ მნიშვნელობას, რომელსაც მან „მშვიდობის ხიდი“ უწოდა პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ მარცვლეულის ინიციატივის დიდი ხნით შეჩერება სარგებელს არავის მოუტანს და რომ დაბალი შემოსავლის მქონე და მარცვლეულის საჭიროების მქონე ქვეყნები ყველაზე მეტად დაზარალდებიან. ერდოღანმა განაცხადა, რომ მარცვლეულის ფასები ბოლო ორ კვირაში 15 პროცენტით გაიზარდა. მისივე თქმით, თურქეთი შავი ზღვის ინიციატივის გასაგრძელებლად, მუშაობას განაგრძობს. ინფორმაციისთვის, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთს ვიზიტით აგვისტოში ეწვევა. ამის შესახებ ერდოღანმა 8 ივლისს, ანკარაში განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა.  შეგახსენებთ, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმებულმა შეთანხმებამ უკრაინას შავი ზღვის პორტებით მარცვლეულის ექსპორტის საშუალება მისცა. კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის  

აშშ-მ ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია

შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონმა პეკინს მიწვევა ამერიკელი და ჩინეთის ოფიციალური პირების შეხვედრის დროს გადასცა. ვიზიტის თარიღები ჯერ არ არის ცნობილი. ჩინეთის ერთი თვის წინ გაუჩინარებული საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდენობიდან გაათავისუფლეს ვაშინგტონსა და პეკინს შორის მაღალი დონის კომუნიკაციები ბოლო კვირებში გააქტიურდა. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პეკინში ვიზიტით იმყოფებოდა. ვაჭრობის საკითხებში მდივანი, ჯინა რაიმონდო სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს პეკინში გაემგზავრება. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში, დანიელ კრიტენბრინკმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსმა დირექტორმა ჩინეთისა და ტაივანის საკითხებში, სარა ბერანმა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ დირექტორს, იან ტაოს უმასპინძლეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე მხარემ გულწრფელი, არსებითი და პროდუქტიული დისკუსია გამართა. ამ დისკუსიას ვაშინგტონი კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნებისა და ორმხრივი ურთიერთობების პასუხისმგებლობით მართვის მუდმივი ძალისხმევის ნაწილად თვლის. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ და სრუტეების საკითხებზე. აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.  

პაკისტანი თურქეთისგან KAAN-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს შეიძენს

პაკისტანი თურქეთისგან KAAN-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს შეისყიდის. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯელალი სამი ტუფექჩიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით პაკისტანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ აგვისტოში ამ საკითხზე პაკისტანელ კოლეგებს შეხვდებიან.  

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში, სადაც ასევე განთავსებულია ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი, ევაკუაცია გამოცხადდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შენობაში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ არსებობს ეჭვი, გაკეთებული შეტყობინების შინაარსისიდან გამომდინარე. შენობა თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1-ში მდებარეობს. ამ შინაარსის შეტყობინება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არაერთხელ შესულა, რომელიმე მათგანში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.    

რუსეთის წინააღმდეგ იაპონიის ახალი სანქციები 9 აგვისტოდან შევა ძალაში

იაპონიის სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც რუსეთში იმპორტისთვის აკრძალული საქონლის ჩამონათვალს აფართოებს, ძალაში 9 აგვისტოდან შევა. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა. ახალი შეზღუდვები 758 ტიპის საქონელს ეხება. კერძოდ, ეს არის 1,9 ლიტრზე მეტი ძრავის მოცულობის მანქანები, სამშენებლო მასალები, პლასტმასის ნაწარმი, ქსოვილები, ლოკომოტივები, სარკინიგზო ვაგონები და ა.შ. პირველად სიაში შევიდა ისეთი ტიპი საქონელი, როგორიცაა მეორადი ტანსაცმელი, დიაგრამები, მაკულატურა და სხვა. დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.  

მოსკოვის მახლობლად ხანძრის დროს, სამი სავაჭრო ობიექტი დაიწვა

მოსკოვის მახლობლად ხანძრის დროს, სამი სავაჭრო ობიექტი დაიწვა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რომ მოსკოვის მახლობლად, ლიუბერცის სამშენებლო მასალების საცავის ტერიტორიაზე ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. დაიწვა სამი ფარდული. ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც მოსკოვის პროკურატურა ავრცელებს, ლიუბერცში ხანძარი რეზინის საბურავების საწარმოში შედუღების სამუშაოს შედეგად გაჩნდა. უწყების ცნობით, მომხდარის დეტალები დგინდება. ხანძარი პირველ აგვისტოს შუადღისას გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე ათი სახანძრო მანქანა და 39 სპეციალისტი მუშაობდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ფართობმა 1,2 ათას კვადრატულ მეტრს მიაღწია. 

რა ეღირება დოლარი და ევრო 3 აგვისტოს

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6185 ლარი ეღირება, ევრო – 2.8749 ლარი. დღეს მოქმედი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6215 ლარი ღირდა, ევრო – 2.8768 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 აგვისტოს შევა ძალაში.  

ბელგიური Challenge Airlines-ი თურქმენეთის გავლით ტვირთების გადაზიდვას გეგმავს

ბელგიური Challenge Airline-ი  თურქმენეთის გავლით, მარშრუტზე - ნინბო (ჩინეთი) - აშხაბადი და აშხაბადი - ლიეჟი (ბელგია) ფრენების შესრულებას გეგმავს. ბელგიაში თურქმენეთის საელჩოს ცნობით, Challenge Airlines-ისა და Turkmenistan Airlines-ის მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო ლოგისტიკის საკითხებზე, მათ შორის თურქმენეთის გავლით ამ კომპანიის ფრენების დაწყების პროცედურებსა და სავიზო მხარდაჭერაზე. „თურქმენეთის საელჩოს ძალისხმევა, დაამყაროს პარტნიორობა Challenge Airlines-თან, მიზნად ისახავს უზრუნველყოს სტაბილური საჰაერო ტვირთების მიმოსვლა აშხაბადის გავლით, რაც ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. 2016 წელს თურქმენეთის დედაქალაქმა გახსნა ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც თურქული კომპანია - Polimeks-ის მიერ 2 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით აშენდა,“ - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.  

იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება 17:00 საათიდან, ამავე ფილიალის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდანაა შესაძლებელი. მომხმარებელს მომსახურების მიღება, ასევე, თბილისის ვარკეთილისა და თბილისის გლდანის იუსტიციის სახლებში შეუძლია. თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ევაკუაცია ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა. იუსტიციის სახლის განცხადებით, პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, თანამშრომლები შენობისგან დაშორებულ, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. „სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე,“ნათქვამია იუსტიციის სახლის ინფორმაციაში. განახლება: თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს, 09:00 საათიდან განაახლებს მუშაობას. განცხადებაში ნათქვამია, რომ იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს (24 საათი).  

1-ელი აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიიდან იკრძალება აშშ-დან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში

აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიიდან იკრძალება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში. შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, პირველი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსში. ამასთან, 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან, მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი. 2023 წლის 23 ივნისს მიღებულ სანქციების ახალ მე-11 პაკეტში ასახული აკრძალვა ვრცელდება: ყველა ახალ და მეორად ავტომობილზე, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1900 კუბურ სანტიმეტრს [ანუ 1,9-ზე მაღალი ძრავის მქონე ავტომობილებზე - როცა ყველაზე პოპულარული 2,0 ძრავაა]; ყველა ელექტრონულ და ჰიბრიდულ ავტომობილზე.  

აშშ-მ მოლდოვას სამხედრო დახმარება გადასცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოლდოვას სამხედრო დახმარება გადასცა. ამის შესახებ მოლდოვაში აშშ-ის საელჩომ განაცხადა. კერძოდ, მოლდოვის ეროვნულ არმიას სამხედრო ტექნიკა მიეწოდა. „ბოლო 31 წლის განმავლობაში, მოლდოვის ამჟამინდელი და წინა მთავრობების მოთხოვნით, შეერთებული შტატების მთავრობამ შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეშვეობით 123 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის სამხედრო დახმარება, წვრთნა, განათლება და 36 მილიონ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყო,“ - წერია ინფორმაციაში. საელჩოს ცნობით, აშშ 2019 წელს მოლდოვასთან შეთანხმდა რეგულარული თავდაცვის დახმარებაზე და უახლესი პაკეტიც მიწოდების ნაწილია. თავის მხრივ, მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პაკეტი მოლდოვის სამხედრო მოდერნიზაციისა და ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის ძალისხმევის ფარგლებში გამოცხადდა. დახმარების სხვა დეტალები დაკონკრეტებული არ არის.  

როგორ მუშაობდნენ საკრებულოები 2022 წელს: TI პრობლემებსა და რეკომენდაციებზე მიუთითებს

არასამთავრობო ორგანიზაციამ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის და ახალციხის საკრებულოების 2022 წლის საქმიანობა შეაფასა. ორგანიზაციის თანახმად, ყველა საკრებულოში გამოვლენილი პრობლემები უმეტესწილად იდენტურია. შემაჯამებელ მიმოხილვაში წარმოდგენილია მიგნებები, პრობლემები და რეკომენდაციები. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საკრებულოს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში - ის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე. ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ: ძირითადი მიგნებები კონტროლის განხორციელება: საკრებულოები 2022 წელს აღმასრულებელ ორგანოებსა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდნენ, ფორმალურად აკონტროლებდნენ ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებსა თუ ცალკეულ უწყებებს. გამონაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელმაც წინა პერიოდთან შედარებით გააუმჯობესა საზედამხედველი ფუნქციები. ზუგდიდის საკრებულო ერთ-ერთია იმ წარმომადგენლობით ორგანოებს შორის, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მყარი უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღო და უმრავლესობაში ორი ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “გახარია საქართველოსთვის” კოალიციაა წარმოდგენილი. არცერთ საკრებულოს არ გამოუვლენია რაიმე სახის გადაცდომა, ინტერესთა კონფლიქტი, თანამდებობრივი შეუთავსებლობა მერების საქმიანობაში, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების პროცესშიც. საპირისპიროს აჩვენებს  “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული კვლევები, რომლებშიც გამოვავლინეთ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სავარაუდო კორუფციული გარიგებების, ინტერესთა კონფლიქტებისა და თანამდებობრივი შეუთავსებლობის არა ერთი ფაქტი. ეს ადასტურებს, რომ საკრებულოების უმეტესობაში არ არსებობს პოლიტიკური ნება ან/და კომპეტენცია კორუფციის პრევენციის გასაძლიერებლად; საკრებულოები არ ცდილობენ, გააძლიერონ მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის სამსახურები, გაზარდონ მათი ფუნქციები და პასუხისმგებლობა. შიდა აუდიტის სამსახურებს შეუძლიათ, შეისწავლონ მერიის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი, გააკონტროლონ საქმიანობა  და გამოავლინონ თანამდებობრივი შეუთავსებლობის, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტები, თუმცა შიდა აუდიტის სამსახურები, როგორც წესი, ფორმალურ კონტროლს ახორციელებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ შესწავლილ მუნიციპალიტეტების საკრებულოებს არც დამოუკიდებელი აუდიტორი მოუწვევიათ, რის საშუალებასაც მათ წელიწადში ერთხელ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი აძლევს. საკრებულოს სხდომები, საქმიანობა და წევრთა ჩართულობა საკრებულოს საქმიანობაში: 2022 წელს, წინა წლებთან  შედარებით, საკრებულოებმა გააუმჯობესეს მუშაობის საორგანიზაციო მხარე - გეგმიური სხდომების რაოდენობა აღემატება რიგგარეშე სხდომების რაოდენობას. გამონაკლისია მხოლოდ ზუგდიდის საკრებულო, სადაც 28 სხდომიდან 19 სხდომა რიგგარეშე იყო. ბათუმის საკრებულო კი ერთადერთია, რომელსაც რიგგარეშე სხდომა საერთოდ არ ჰქონია. ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ქუთაისისა და ახალციხის საკრებულოებმა 2022 წელს ჯამში 245 დადგენილება მიიღეს. მათგან 185 (75%) დადგენილების ავტორი/ინიციატორი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერები იყვნენ, 60 დადგენილებისა კი - საკრებულოები. საკრებულოებისათვის გამოწვევაა, რომ მათი წევრები არასაპატიო მიზეზით აცდენენ სხდომებს. წინა მოწვევის საკრებულოების მსგავსად, 2022 წელსაც საკრებულოს წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი საკრებულოს სხდომებზე სიტყვით და მოხსენებით ერთხელაც არ გამოსულა, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ფრაქციათა საქმიანობა: წინა მოწვევის საკრებულოებისაგან განსხვავებით, 2021 წლის მოწვევის საკრებულოებში შემცირდა ფრაქციათა რაოდენობა, თუმცა გაიზარდა ფრაქციის თანამდებობის პირთა ოდენობა, რადგანაც კანონში ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა ფრაქციის ყოველ სამ წევრზე თავმჯდომარის 1 მოადგილის არჩევა. ამ შესაძლებლობით ყველა საკრებულოში ისარგებლეს. ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოებში მოქმედ ყველა ფრაქციას 2022 წელს ჰქონდა ინიციატივა. ფოთის საკრებულოში სამიდან მხოლოდ ერთ ფრაქციას - “ფოთი საქართველოსთვის” არ ჰქონია ინიციატივა. ახალციხის საკრებულოში მოქმედი სამი ფრაქციიდან ინიციატივა არც ერთს არ ჰქონია. ქუთაისის საკრებულოში მოქმედ ორ ფრაქციას  წერილობითი ინიციატივა  არ წარუდგენია. ფრაქციათა მიერ გაწეული მინიმალური საქმიანობის პარალელურად შეუსაბამოა მათ ფუნქციონირებაზე მუნიციპალიტეტების მიერ გაწეული ხარჯები, რომელიც მოიცავს შრომის ანაზღაურების, სატელეფონო კომუნიკაციის, მივლინებისა და საწვავის ხარჯებს, მაგალითად, ფოთის საკრებულოში 3 ფრაქციის საქმიანობაზე 2022 წელს 416,286 ლარი დაიხარჯა, ახალციხის საკრებულოს 3 ფრაქციის შენახვა კი 311,586 ლარი დაუჯდა. ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა: მუნიციპალიტეტების მერები, როგორც წესი, წლიური ანგარიშით მაინც წარსდგებიან საკრებულოების წინაშე, თუმცა 2020 წლის მსგავსად ქუთაისის მერს 2022 წელსაც საკრებულოსთვის ანგარიში არ წარუდგენია; არასრულყოფილი და ფრაგმენტულია ბათუმის საკრებულოს პასუხი საკრებულოს მიერ კონტროლის მექანიზმების გამოყენებაზე დასმულ კითხვებთან დაკავშირებით. მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში არ ჩანს, თუ რამდენჯერ მიიწვიეს საკრებულოში მერიის თანამდებობის პირები საქმიანობის ანგარიშის წარსადგენად. აღნიშნულია, რომ ამას “სისტემური ხასიათი” ჰქონდა. 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში არ წარუდგენია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს. ახალციხის საკრებულოში 2022 წელს საქმიანობის ანგარიში 39 წევრიდან წარადგინა 31-მა. მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები  ხარვეზებით ავსებენ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციებს. ჯამში, 5 საკრებულოში ხარვეზებით დეკლარაცია 18 თანამდებობის პირმა შეავსო, ამათგან ყველაზე მეტი ახალციხეშია - 9 თანამდებობის პირი. 2022 წელს დაბალი იყო საკრებულოების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მაჩვენებელი. გამონაკლისია ზუგდიდის საკრებულო, სადაც 2022 წელს 5 პეტიცია განიხილეს, გაიმართა ბიუჯეტის როგორც პროგრამული, ასევე თემატური რამდენიმე ეტაპიანი საჯარო განხილვაც; ასევე 2022 წლის 24 ნოემბერს, ზუგდიდის საკრებულოში პირველად გაიმართა ღია კარის სხდომა, სადაც მომხსენებლები ამომრჩევლები და სხვადასხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები იყვნენ. 2022 წელს ხუთ საკვლევ საკრებულოში სულ 7 პეტიცია დარეგისტრირდა. აქედან 5 ზუგდიდის საკრებულოზე მოდის, თითო კი ბათუმისა და ახალციხის საკრებულოებზე, ქუთისისა და ფოთის საკრებულოებში 2022 წელს პეტიცია არ დარეგისტრირებულა. გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობა: საკრებულოებში შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოები, წინა წლების მსგავსად, პასიური იყვნენ. გამონაკლისია ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამართლებრივი აქტების პროექტების ანალიზს, მიუხედავად იმისა, რომ დებულების მიხედვით ეს არ არის საბჭოს უფლებამოსილება; ზუგდიდის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭომ წარადგინა რეკომენდაციები 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე, ასევე დაგმო საკრებულოს წევრის მხრიდან ქალისადმი ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტი.  საკრებულოების ხარჯები: 2020 წელთან შედარებით, 2022 წელს 5 საკრებულოს ჯამური ხარჯი 37%-ით (2 მლნ ლარზე მეტით) გაიზარდა. საკრებულოების ხარჯები მოიცავს შრომით ანაზღაურებას, სატელეფონო კომუნიკაციის, მივლინების, საწვავის, ავტომობილების შეკეთებისა და წარმომადგენლობით ხარჯებს. საკრებულოების ხარჯების ძირითადი წილი (89%) შრომით ანაზღაურებასა და საკრებულოს წევრებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე მოდის (ჯამში, 7,591,630 ლარიდან  6,817,586 ლარი), 2022 წელს გაიზარდა საწვავზე გაწეული ხარჯიც და ჯამურად ხუთ საკრებულოში 462,457 ლარი შეადგინა. 2020 წელს საწვავზე 295,680 ლარი დახარჯეს.  რეკომენდაციები კონტროლის განხორციელება: საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ საზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ხშირად და ქმედითად უნდა აკონტროლებდნენ სახელმწიფო შესყიდვების პროცესს, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს; აღმასრულებელ ორგანოთა საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში აქტიურად უნდა ჩაერთონ საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები; საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე; საკრებულოებმა უნდა გამოიყენონ თავისი უფლებამოსილება დამოუკიდებელი აუდიტორის მოწვევის თაობაზე; მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოებმა იზრუნონ შიდა აუდიტის სამსახურების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების დახვეწაზე, რათა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურებს მეტი ანგარიშვალდებულება გაუჩნდეთ საკრებულოს წინაშე. ამ სამსახურების მიერ მომზადებული დოკუმენტები საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველასთვის.  საკრებულოს სხდომები: საკრებულოებმა უნდა დახვეწონ მუშაობის საორგანიზაციო მხარე, შეამციროს რიგგარეშე სხდომების რაოდენობა, რათა გაუმჯობესდეს ინტერესთა ჯგუფების მობილიზების ხარისხი, გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა, სხდომაზე განსახილველი საკითხებისთვის მომზადების შესაძლებლობა და წარმომადგენლობითი ორგანოს გამჭვირვალობა. ანგარიშვალდებულება: საგრძნობლად უნდა გაუმჯობესდეს საკრებულოსა და მისი კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრთა დასწრების ხარისხი. მიგვაჩნია, რომ საკრებულოს ყველა წევრი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის საქიანობას, ესწრებოდეს და არასაპატიო მიზეზით არ აცდენდეს საკრებულოს სხდომებს. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულომ რეგლამენტით განსაზღვროს სხდომის გაცდენების საპატიო და არასაპატიო მიზეზები; აუცილებელია, საკრებულოს წევრებმა აქტიურად ისარგებლონ სიტყვის გამოსვლის უფლებით საკრებულოს და მისი კომისიის სხდომაზე, წარადგინონ მოსაზრებები განსახილველ საკითხებზე, მიაწოდონ საკრებულოს და აღმასრულებელ ორგანოს ინფორმაცია მოქალაქეთა კონკრეტული საჭიროებების შესახებ; გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს თანამდებობის პირთა დეკლარაციები. აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა სრულად შეავსონ დეკლარაცია, ასახონ საკუთარი და ოჯახის წევრების კუთვნილი ქონება და წილები კომპანიებში, მიუთითონ საწარმოებიდან მიღებული შემოსავალი და კანონით დადგენილი წესით დატოვონ კომპანიების მმართველი პოზიციები. დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხეს შეიცავს. ფრაქციების საქმიანობა: მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს ფრაქცია აქტიურად ჩაერთოს საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისა თუ გადაწყვეტის პროცესში, შეისწავლოს/გააკონტროლოს მერიისა თუ მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობა; წარსდგეს საკრებულოში ინიციატივებით, აქტიურად ჩაერთოს ბიუჯეტირების პროცესში და ა.შ. ფრაქციები მნიშვნელოვნად ზრდის თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობას, მხარს უჭერს ადგილობრივ ინიციატივებს, აგრეთვე მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ.  საკრებულოს ხარჯები: მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს ხარჯების ზრდის პროპორციულად იზრდებოდეს საკრებულოს საქმიანობის ეფექტურობა; საკრებულომ მკაცრად უნდა აკონტროლოს როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორიენტირებული იყოს ფინანსური რესურსების ეფექტურ ხარჯვაზე. საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს სხდომების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია დროულად განთავსდეს საკრებულოს ვებ-გვერდზე; საკრებულოს ოფიციალური ვებ-გვერდი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების საქმიანობის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულებას და პროაქტიულად მიაწვდის ინფორმაციას ამომრჩევლებს;  თვითმმართველობის კოდექსი აწესებს პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობის ქვედა ზღვარს - მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა 1%-ს, თუმცა საკრებულოებს აძლევს საშუალებას, რომ პეტიციის წარმდგენთა რაოდენობა შეამციროს. ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოებმა ეს ზღვარი 0,5%-მდე დაწიეს. მიგვაჩნია, რომ სხვა საკრებულოებმაც 1%-ს ნაცვლად უნდა დააწესონ 0.3% ან 0.5%-იანი ზღვარი, რაც  დაინტერესებულ პირებს პეტიციის მომზადების პროცედურას გაუადვილებს. გენდერული თანასწორობის საბჭო აუცილებელია, საბჭოებმა აქტიურად დაიწყონ საქმიანობა, შეასრულონ მათზე დაკისრებული ყველა ვალდებულება, გადადგან ქმედითი ნაბიჯები მუნიციპალურ ორგანოებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა თუ ქალთა მეტი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად.

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის ელექტროსისტემის დატოვების ვადებზე შეთანხმდნენ

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი 2025 წლის თებერვლისთვის რუსულ ენერგომომარაგების ქსელებს დატოვებენ და კონტინენტური ევროპის ქსელებს მიუერთდებიან. ამის შესახებ ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის ოპერატორებმა 2 აგვისტოს გამოაცხადეს. „შეთანხმების მონაწილეები BRELL-ის (ბელორუსის, რუსეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ე.წ. ელექტრო რგოლი, რომელიც 2021 წლიდან არსებობს და რომელიც ენერგოსისტემის სინქრონულ მუშაობას ითვალისწინებს, რედ.) სისტემასთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებენ. „ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ ქმედებებზე და ვადებზე რუსული სისტემიდან გათიშვისა და კონტინენტური ევროპის სინქრონულ ქსელში გაწევრიანების შესახებ“, - განაცხადა Litgrid-ის ხელმძღვანელმა, როკას მასიულისმა. ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი 2025 წლის ბოლომდე ევროპის ქსელთან სრულ სინქრონიზებას გეგმავენ. ლიეტუვა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის ფონზე იღებს ზომებს რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციიდან ენერგიის იმპორტი მთლიანად შეჩერდა 2022 წელს, მაგრამ ქვეყანა, ლატვიისა და ესტონეთის მსგავსად, კვლავ დაკავშირებულია BRELL-ის რგოლის ელექტრომომარაგების სისტემასთან, რომელშიც ასევე შედიან რუსეთი და ბელორუსი. პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემამ რუსეთისგან დამოუკიდებლად, წარმატებით იმუშავა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ლიუტუვა ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ალტერნატიული მიწოდების მოძიებით, მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებაზეა ფოკუსირებული. 

ОДКБ სომხეთს სასაზღვრო რაიონებში მისიის განთავსებას სთავაზობს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) მზადაა, დაუბრუნდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სადამკვირვებლო მისიის განლაგების საკითხის განხილვას და ორგანიზაცია ერევნის პასუხს ელოდება. ამის შესახებ სომხური მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორ, მიქაელ აღასანდიანის კომენტარზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ ველოდებით ერევნის პოზიტიურ პასუხს და მზად ვართ, განვაახლოთ არსებითი მუშაობა სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში CSTO-ს სადამკვირვებლო მისიის გაფართოების წინადადებისა და სხვა ერთობლივი ღონისძიებების მიმართულებით ჩვენი მოკავშირის დასახმარებლად,“ - განაცხადა აღასანდიანმა. CSTO-დან შესაძლო გასვლის საკითხი კვლავ სომხეთის დღის წესრიგშია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ОДКБ-ს წევრობა სომხეთს პრობლემებს უქმნის ფაშინიანმა აღნიშნა, რომ CSTO-ში წევრობამ დაბლოკა სომხეთის შესაძლებლობები, შეეძინა იარაღი სხვა ქვეყნებიდან. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სომხეთი არ ტოვებს ОДКБ-ს, თავად ორგანიზაცია ტოვებს სომხეთს - ფაშინიანი  

უკრაინული წარმოების განაღმვის მანქანები ოფიციალურად სერტიფიცირებულია

უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ 2 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უკრაინული წარმოების განაღმვის მანქანის სერტიფიცირების პროცესი დაასრულა. სამინისტრომ განმარტა, რომ მანქანას ხარკოვში დაფუძნებული მწარმოებლები აწარმოებენ და მას ქვეითსაწინააღმდეგო, ასევე, ტანკსაწინააღმდეგო სახმელეთო ნაღმების მართვა შეუძლია. სამინისტროს ცნობით, ამჟამად უკრაინა ამუშავებს 20 ასეთ მანქანას, რომელთაგან სამი, ხარკოვის ოლქში განათავსა. თუმცა როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეს შესაძლებლობები საკმარისი არ არის ქვეყნის ტერიტორიის ნაღმებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან გაწმენდის დასაჩქარებლად. შესაბამისად, უკრაინის მთავრობა ქვეყნის ტერიტორიაზე საჭირო განაღმვის აღჭურვილობის წარმოებაზე აქტიურად მუშაობს. სამინისტროს თანახმად, ხორვატიული მწარმოებელი DOK-ING-ი და დანიური კომპანია HYDREMA, სავარაუდოდ, უკრაინაში განაღმვის აღჭურვილობის წარმოებას დაიწყებენ. WP: უკრაინის განაღმვას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს  

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინული წარმოების იარაღის გამოყენებაზე ტაბუ არ არსებობს - დანილოვი

შიდა წარმოების იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ არ არის აკრძალული, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს. „და როგორ შეიძლება, გვქონდეს ტაბუ, თუ აგრესორმა სახელმწიფომ ჩვენ წინააღმდეგ უზარმაზარი სამხედრო კამპანია წამოიწყო. თუ ისინი თითქმის ყოველდღე კლავენ ჩვენს შვილებს - რა ტაბუებზეა საუბარი?" დანილოვმა აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს შეთანხმება პარტნიორებთან, რომ ის არ გამოიყენებს მათ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პარტნიორებს არ დააბრალონ, თითქოსდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობენ. ამავე დროს, ეს აკრძალვა არ ვრცელდება უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ შემუშავებულ იარაღზე, აღნიშნა NSDC-ის მდივანმა. მისი თქმით, ასეთი იარაღი თავის საბრძოლო დავალებას „იდეალურად“ ასრულებს. ცნობისთვის, რამდენიმე უპილოტო საჰაერო ხომალდი რამდენჯერმე დაესხა თავს რუსეთის დედაქალაქს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და ორჯერ დაეჯახა შენობას მოსკოვი-სითის ბიზნეს უბანში.  

ისტორიაში პირველად, ისრაელი „David's Sling-ის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას უცხო ქვეყანას მიჰყიდის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელს ნება დართო, საჰაერო თავდაცვის სისტემა (David's Sling) „დავითის შურდული" ფინეთს მიჰყიდოს. გარიგებას აშშ-ის თანხმობა სჭირდებოდა, რადგან ეს თავდაცვის სისტემა ისრაელთან ერთად შეიმუშავა. შეთანხმების ღირებულება დაახლოებით 316 მილიონი ევროა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელი „დავითის შურდულის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას სხვა ქვეყანას მიჰყიდის. ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების შემდეგ განაცხადა, რომ ხსენებული სისტემის შეძენა სურდა. David's Sling-ი - მანამდე ცნობილი როგორც ჯადოსნური ჯოხი, ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო სისტემაა, რომელიც ერთობლივად არის შემუშავებული ისრაელის თავდაცვის კონტრაქტორის - Rafael Advanced Defense Systems-ისა და ამერიკის მიერ. ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელიდან David's Sling-ის შეძენა 4 ივლისს დაამტკიცა, რაც მას შორ მანძილზე მოქმედი ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის პირველ უცხოელ მომხმარებლად აქცევს.  

საფრანგეთმა შესაძლოა, რუსეთს მსოფლიოში იარაღის მეორე ექსპორტიორის ადგილი ჩამოართვას - France 24

France 24-ის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა, უარყოფითი გავლენა მოახდინა რუსული იარაღის გლობალურ გაყიდვაზე. ამ მხრივ, იზრდება მოლოდინი, რომ საფრანგეთს შეუძლია, მსოფლიოში სამხედრო პროდუქციის ექსპორტიორებში მეორე ადგილი დაიკავოს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ამ პოზიციას დაკარგავს. პირველი ადგილი აშშ-ს ეკუთვნის. 2018 წლიდან 2022 წლამდე საფრანგეთის წილი იარაღის გლობალურ ვაჭრობაში, წინა ოთხწლიანი პერიოდის 7,1 პროცენტიდან, 11 პროცენტამდე გაიზარდა. ეს სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის  - SIPRI-ის მონაცემებია. იმავე პერიოდში რუსეთის წილი იარაღის საერთაშორისო ვაჭრობაში 22 პროცენტიდან 16 პროცენტამდე დაეცა. 2022 წელს და 2023 წლის დასაწყისში იარაღის წარმოების შეკვეთები კი, საფრანგეთის სასარგებლოდ სტაბილურ ზრდაზე მიუთითებს.  ეს შესამჩნევი იყო ჯერ კიდევ დელისა და პარიზს შორის კონტრაქტის ხელმოწერამდე, რომელიც ფრანგული Rafale-ის ტიპის მოიერიშეების ინდოეთში მიწოდებას გულისხმობს. SIPRI-ის მკვლევრების თანახმად, საფრანგეთი ამჟამად 210 მრავალფუნქციური გამანადგურებლის შეკვეთას იღებს, ხოლო რუსეთს შეკვეთების სიაში მხოლოდ 84 საბრძოლო თვითმფრინავი აქვს.