ძებნის რეზულტატი:
იან ბონდი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე: წლების წინ, პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩავთვლიდი
Europetime-თან საუბრისას ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აფასებს და ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ალბათ, პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩათვლიდა, თუმცა ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ჩინეთი და რუსეთი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, და ჩინეთი მაინცდამაინც სახარბიელო როლს არ თამაშობს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის წინააღმდეგ, პეკინთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ მორიგი შემაშფოთებელი ნიშანია იმისა, რომ „საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ზურგს აქცევს და რომ დასავლეთის გეოპოლიტიკურ კონკურენტებთან მჭიდრო ურთიერთობას აგრძელებს.“ ანალიტიკოსის შეფასებით, პირველ რიგში, ეს ზრდის საქართველოს დაუცველობას რუსეთის მიმართ და აშორებს საქართველოს პარტნიორებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეორე - „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივამ აჩვენა, რომ ის შეიძლება, ერთგვარი ტვირთი გახდეს სახელმწიფოების „კისერზე“ და აიძულოს ქვეყნები, გადასცენ მნიშვნელოვანი ეროვნული აქტივები პეკინს. იტალიამ დაადასტურა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას გეგმავს „ჩინეთთან ვაჭრობის გაზრდის მცდელობებს ვერავინ გააპროტესტებს - ამას ყველა დასავლური ქვეყანა, თუნდაც აშშ, ცდილობს, მაგრამ ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს მთავრობა ხელს აწერს უამრავ ჩინურ ინიციატივას და პროექტს, რომლებიც შეიძლება, დანაშაულად არ მიიჩნეოდეს, მაგრამ რეალურად შექმნილია ჩინეთის მმართველობის მოდელის პოპულარიზაციისა და მისი გავლენის გაზრდის მიზნით, აშშ-სა და ევროკავშირის ხარჯზე. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს, თუ რამდენად აფასებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მთავრობას უნდა დაუსვან რთული შეკითხვები იმის შესახებ, თუ რის მიღწევას აპირებს ის ამ ახალი პარტნიორობის მეშვეობით,“ განუცხადა Europetime-ს იან ბონდმა.
ბელორუსის ორმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
ბელორუსის ორმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მეთაურებისა და სამსახურების ხელმძღვანელების მიერ სიტუაციის ანალიზის შედეგებზე დასკვნების შემდეგ დადგინდა, რომ დღეს, პირველ აგვისტოს, პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს ბელორუსის ვერტმფრენებმა რომლებიც საზღვართან ახლოს წვრთნებს ატარებდნენ. „ბელორუსის მხარემ წვრთნების ჩატარების შესახებ პოლონურ მხარე ინფორმაცია მიაწოდა.“ მისივე თანახმად, ბელორუსის ვერტმფრენებმა საზღვარი ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაარღვიეს, რამაც რადიოლოკაციური სისტემებით მისი აღმოჩენა გაართულა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საზღვარზე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა გაიზრდება, ასევე ჩაერთვებიან დამატებითი ძალები და საშუალებები, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენები. პოლონეთის მთავრობამ ხსენებული ინციდენტის შესახებ NATO-ს აცნობა, ასევე მომხდარზე განმარტებისთვის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ ბელორუსის დროებით რწმუნებულს.
აზერბაიჯანი და რუმინეთი „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარების მიზნით, პარტნიორობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, 27 ივლისს პარვიზ შაჰბაზოვი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს, სებასტიან ბურდუჯას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ენერგეტიკის სექტორში კავშირების მრავალმხრივ და ინტენსიურ განვითარებას. ასევე, ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯან-რუმინეთის ენერგეტიკული პარტნიორობისთვის კასპიის ზღვა-ევროკავშირის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების მნიშვნელობა. ბურდუჯამ რუმინეთში SOCAR-ის საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა და ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხსენებული საქმიანობის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც კავკასიის რეგიონიდან ევროპაში ენერგეტიკული „ხიდების“ მშენებლობას ითვალისწინებს, აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს ხელი. დაგეგმილია 1000 მგვტ სიმძლავრის და 1195 კილომეტრის სიგრძის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის აშენება. ამკაბელით აზერბაიჯანში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთს მიეწოდება, შემდგომ უნგრეთსა და დანარჩენ ევროპას. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შავი ზღვის სტრატეგიული წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის შესახებ წარმატებით ხორციელდება. ალიევის თქმით, შესწავლითი სამუშო უკვე დაწყებულია და პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება.
ბათუმის აქციაზე დაკავებულთაგან 15 ადამიანი გაათავისუფლეს
ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აქციაზე დაკავებული 23 პირიდან 15-ის საქმე განიხილა. დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ მხარეებს მტკიცებულებათა მოსაპოვებლად დამატებით დრო მისცა. შეგახსენებთ, ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შესვლას, პროტესტით დახვდნენ აქტივისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. ბათუმის აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა
ახალი ტურისტული მატარებელი ევროპასა და ჩინეთს კავკასიის გავლით დააკავშირებს - მედია
იტალიური კომპანია უნიკალური ტურისტული ტრანსკონტინენტური მატარებლის გაშვების შესაძლებლობას განიხილავს. პროექტი ტაშკენტში იტალიური Arsenale Group-ის მონაწილეობით განიხილეს. კომპანია უზბეკეთს სთავაზობს არამხოლოდ ტურის ორგანიზებას ამ ქვეყნის უძველესი ქალაქების გარშემო, არამედ, ფართომასშტაბიანი საერთაშორისო პროექტის დაწყებასაც განიხილავს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პაოლო ბარლეტამ უზბეკეთს ევროპიდან ჩინეთში ტურისტული მატარებლის გაშვება შესთავაზა. „ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია, რადგან მსგავსი რამ რკინიგზის ისტორიაში არ მომხდარა,“ - აღნიშნა ბარლეტამ. მედიის ცნობით, დაგეგმილია ჩქაროსნული ტურისტული მატარებლის ევროპიდან ჩინეთში გაშვება კავკასიის, რუსეთისა და უზბეკეთის გავლით. მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო მარშრუტი პორტუგალიასა და ლაოსს აკავშირებს, მოგზაურობა 13 ქვეყნის ტერიტორიაზე სამ კვირას გრძელდება. ტურისტებს 18,6 ათასი კმ-ის დასაძლევად რამდენიმე ტრანსფერი სჭირდებათ, ხოლო იტალიური პროექტი საშუალებას იძლევა, ხანგრძლივად ერთი მატარებლით იმოგზაურონ.
აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
აშშ კიევისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. Politico-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ განცხადება მომავალი კვირის დასაწყისში გაკეთდება. აშშ-მ უკრაინისთვის 1.3 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ 19 ივლისს განაცხადა. მათ შორის იყო საჰაერო თავდაცვის საშუალებები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, ასაფეთქებელი დრონები და საბრძოლო მასალა. კერძოდ, საუბარია დრონების საწინააღმდეგო VAMPIRE-ის ტიპის სისტემებზე, რომლებიც აშშ-მ მწარმოებელს მიმდინარე წლის იანვარში შეუკვეთა; Phoenix Ghost-ისა და Switchblade-ის ტიპის დრონებზე, ასევე ავსტრალიური კომპანია DroneShield-ის ტიპის “დრონების საწინააღმდეგო სისტემების მნიშვნელოვან რაოდენობაზე,” რადარებზე, სენსორებსა და ანალიტიკურ სისტემებზე. დაახლოებით ერთი კვირის წინ კი, შტატებმა კიევს $400 მლნ-ის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა. ეს დახმარება მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას Patriot-ის, HIMARS და NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს სამეთვალყურეო დრონებს - Hornet, რაკეტებს Hydra-70, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს Stinger-ი და Javelin-ი, Stryker-ის ტიპის 32 ჯავშანტრანსპორტიორს, ცეცხლსასროლი იარაღის 28 მილიონ ტყვიას და სხვა საბრძოლო საშუალებებს. 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა უკვე 43,7 მილიარდ დოლარზე მეტია.
თურქეთში, 10 ქარხანაში ხანძარია
თურქეთის პროვინცია ბურსაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძარმა 10 ქარხანა მოიცვა. იუწყება თურქული მედია. ხანძარი ქალაქ ინეგოლის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ტექსტილის ქარხანაში გაჩნდა. მალე ცეცხლი მიმდებარე ქარხნებსაც მოედო. ხანძრის ჩაქრობაში ოთხი ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავი, 110 სახანძრო ბრიგადა და 200 თანამშრომელი მონაწილეობდა. მოწამვლის შემდეგ ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხშაბათს დილით ბურსის მერმა განაცხადა, რომ ინდუსტრიულ ზონაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის კვადროკოპტერი ჩამოაგდეს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების DJI Mavic 3 ტიპის კვადროკოპტერი ჩამოაგდეს. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ კვადროკოპტერი გორუსის რაიონის დიღის დასახლებიდან გაუშვეს. მან ლაჩინის რეგიონის მიმართულებით დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე გადაფრენა სცადა, თუმცა აზერბაიჯანის არმიამ მისი ხელში ჩაგდება შეძლო. სომხეთის კომენტარები ჯერ არ გავრცელებულა.
სლოვაკეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, „სოლიდარობის გზებს“ გახსნის
სლოვაკეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, „სოლიდარობის გზების“ გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. სოფლის მეურნეობის მინისტრ, იოჟეფ ბირეშის თქმით, მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული მარცვლეული საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო გზების გამოყენებით უნდა გაიტანონ. „სლოვაკეთი ცდილობს, მაქსიმალურად დაეხმაროს უკრაინას ინფრასტრუქტურის სფეროში, იმისთვის, რომ ტრანსპორტირების პირობები, რაც შეიძლება, მარტივი გახდეს და მარცვლეული სწრაფად მოხვდეს იქ, სადაც ის ყველაზე საჭიროა,“ - განაცხადა ბირეშმა. 26 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირი მზადაა, უკრაინის თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ექსპორტზე „სოლიდარობის გზებით“ გაიტანოს.
Reuters: თურქეთში, შვედეთის საკონსულოს თურქი თანამშრომელი დაჭრეს
Reuters-ის ცნობით, თურქეთში, ქალაქ იზმირში, შვედეთის საკონსულოს თურქი თანამშრომელი საკონსულოს შენობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამასთან დაკავშირებით, უკვე დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია აგრის პროვინციაში. ხსენებულ ინფორმაციას იზმირის გუბერნატორი ავრცელებს. შვედეთის გენერალური კონსული იზმირში გაემგზავრა. ამასთან, სტოქჰოლმი მჭიდრო კონტაქტზეა სტამბოლში, გენერალურ საკონსულოსთან და მის თანამშრომლებთან თურქეთში. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.
ალიევი: სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით საქართველოს მიდგომა დასავლეთისთვის გასაგებია, ჩვენი ლეგიტიმური სურვილი კი, კითხვის ნიშნის ქვეშაა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, იმ ფონზე, რომ ევროპა და დასავლეთი სეპარატიზმთან ბრძოლაში გაერთიანდნენ, მსგავსი მიდგომა აზერბაიჯანის მაგალითზეც უნდა მოქმედებდეს. ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე არ აქვს პრეტენზია და პირობას დებს, რომ „სეპარატიზმს არ შეეგუება.“ „სომხეთზე ტერიტორიული პრეტენზია ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ ჰქონდეთ ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ. ადამიანები ყარაბაღში - იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა დროებით „რუსი სამშვიდობოები“ აკონტროლებენ, აზერბაიჯანში ცხოვრობენ. მათ უნდა აირჩიონ, იცხოვრონ აზერბაიჯანის მოქალაქეებად. როგორ შეუძლიათ, ჩვენს ტერიტორიაზე იცხოვრონ, როგორც სომხეთის მოქალაქეებმა, ყოველგვარი კანონიერი ნებართვის გარეშე, ან როგორც ე.წ. „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ მოქალაქემ, რომელიც არავის მიერ არ არის აღიარებული? ვფიქრობ, ეს არის ლეგიტიმური მიდგომა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. ეს შეესაბამება პრაქტიკას, რასაც ვხედავთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, რომლებიც ასევე ებრძვიან სეპარატიზმს. ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორ გაერთიანდნენ ევროპა და დასავლეთი, რათა დაეხმარონ უკრაინას სეპარატიზმთან ბრძოლაში. და რატომ განიხილება ჩვენს შემთხვევაში სეპარატიზმთან ბრძოლა სხვანაირად? სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით საქართველოს მიდგომა რატომ არის გასაგები დასავლური საზოგადოებისა და პოლიტიკოსებისთვის და კითხვის ნიშნის ქვეშ რატომ დგას ჩვენი იგივე ლეგიტიმური სურვილი, დავასრულოთ სეპარატიზმი? რატომ უნდა შევეგუოთ სეპარატიზმს? ჩვენ ამას არ შევეგუებით.“ ალიევმა განაცხადა, რომ „ომის მოგება“ მისი პოლიტიკური ცხოვრების მისია იყო. „ჩვენ აღვადგინეთ სამართლიანობა და აღვადგინეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვიბრძოდით ჩვენს მიწაზე. სომხურ მიწაზე არ გვიბრძოლია, და გავიმარჯვეთ. ასე რომ, ეს იყო ნომერ პირველი მისია, რომელიც შესრულდა. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაზე იმ ქვეყნისთვის, რომელმაც განიცადა ოცდაათწლიანი ოკუპაცია, მისი ტერიტორია, რომელიც ოკუპაციის ქვეშ იყო, მთლიანად დანგრეულია. ყველა ქალაქი არ არის დანგრეული. ფუზული მთლიანად მიწასთან იყო გასწორებული, აღდამიც ანალოგიურად. თითქმის მილიონმა აზერბაიჯანელმა სახლი დატოვა. ასე რომ, მიუხედავად ამ ტკივილისა, ჩვენ არ ვიძიეთ შური. მე ვთქვი, რომ შურს ვიძიებთ ბრძოლის ველზე, მაგრამ როგორც კი სომხეთმა მოგვცა პირობა, რომ გაიყვანდა მის ძალებს ყველა ტერიტორიიდან, რასაც ომის პირველივე დღიდან მოვითხოვდით, შევჩერდით და შემდეგ დავიწყეთ მშვიდობაზე საუბარი. ახლა მშვიდობა ჩვენს დღის წესრიგშია. თუ სომხეთს მშვიდობა უნდა, ჩვენ მას მივაღწევთ,“ აღნიშნა ალიევმა. აშშ აზერბაიჯანთან და სომხეთთან სხვადასხვა დონეზე ჩართულობას გააგრძელებს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა პირველ აგვისტოს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
გაეროში აშშ-ის ელჩი: რუსეთი შეიძლება, მზად იყოს „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამის მტკიცებულება ჯერ ჩანს
აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს, თუმცა ვაშინგტონს ამის მტკიცებულებები ჯერ არ უნახავს. Reuters-ს შესაბამისი განცხადება გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა გააკეთა. „აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, რომელიც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლევა, მაგრამ ჩვენ ჯერ ამის არანაირი მტკიცებულება არ გვინახავს,“ – განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა. ელჩის თქმით, რუსეთს თუ სურს, თავისი სასუქის გლობალურ ბაზარზე გატანა და სასოფლო-სამეურნეო ტრანზაქციების ხელშეწყობა, მაშინ „მოუწევს, ამ შეთანხმებას დაუბრუნდეს.“ „ჩვენ ვნახეთ მინიშნებები, რომ ისინი შეიძლება, დაინტერესდნენ დისკუსიებში დაბრუნებით. ასე რომ, ჩვენ დაველოდებით, არის თუ არა ეს რეალურად ასე,“ – აღნიშნა გაეროში აშშ-ის ელჩმა. AFP: ლიეტუვა ევროკავშირს სთხოვს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
გენშტაბი: უკრაინელმა დამცველებმა მტერი ანდრეევკის სამხრეთით, ბახმუტის რაიონში მდებარე პოზიციებიდან განდევნეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლში, ანდრეევკის სამხრეთით, ბახმუტის რაიონში მდებარე პოზიციებიდან მტერი განდევნეს. ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით განაგრძობენ. გენშტაბის ცნობითვე, დონეცკის ოლქში მძიმე ბრძოლები გრძელდება. „ბახმუტის მიმართულებაზე ჩვენი ჯარები განაგრძობენ ქალაქ ბახმუტიდან სამხრეთით შეტევებს, რის გამოც მოწინააღმდეგე იძულებული გახდა, ანდრეევკიდან სამხრეთით რაიონში პოზიციებიდან უკან დაეხია ისინი უშედეგოდ ცდილობდნენ, აღედგინათ დაკარგული პოზიციები კლეშეევკის ჩრდილოეთით და დასავლეთით, ასევე კურდიუმოვკის ჩრდილო-დასავლეთით,“– აღნიშნულია გენშტაბის ცნობებში.
ბჟანია საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ოკუპირებულ აფხაზეთში იწვევს
ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უმასპინძლოს Astoria Grande-ს. მან პირობა დადო, რომ „რუს ტურისტებს თბილად დახვდებიან.“ „რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო გემების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება,“ - განუცხადა ბჟანიამ TASS-ს, ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე კომენტირებისას. გემი Astoria Grande ბათუმში 31 ივლისს ერთ კვირაში მეორედ ჩავიდა. ლაინერი მარშრუტზე სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი მოძრაობდა. საქართველოში ლაინერის ჩასვლას პროტესტი მოჰყვა. ბათუმის პორტში სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. „Astoria Grande-ის საკრუიზო ლაინერი ბათუმში რეისებს შეწყვეტს, რადგან მხოლოდ ორი რეისი იგეგმებოდა და ეს რეისები უკვე შესრულებულია,“ ამტკიცებს RBC-სთან საუბარში Miray Cruises-ის პრესსამსახური. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბათუმი ამოღებულია Astoria Grande-ის საკრუიზო ლაინერის მარშრუტებიდან.
მედიის ცნობით, ოკუპირებული გალის მცხოვრების გაუჩინარებასთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს ოჩამჩირელი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვს ახალგაზრდა გოგოს გაუჩინარებასთან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ ოკუპირებული აფხაზეთიდან აცნობა. წყაროს ცნობით, დაკავებულის დაკითხვა ოკუპირებულ სოხუმში მიმდინარეობს და ის ჯერჯერობით დუმილის უფლებას ინარჩუნებს. შვილის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობების საპასუხოდ, გაუჩინარებულის დედამ Facebook-ზე დაწერა, რომ „მისი შვილი ცოცხალია და ბიჭი, რომელმაც ის მოიტაცა, დაკავებულია." რას ეფუძნება ეს ინფორმაცია, დედას არ დაუკონკრეტებია. ოკუპირებული გალის მცხოვრები (ნ.ბ) 28 ივლისს გაუჩინარდა. მისმა დედამ 31 ივლისს სოციალური ქსელით დახმარება ითხოვა, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. სახალხო დამცველ ანას ქიშმარიასგან. ქიშმარია გაუჩინარებული გოგოს დედას პირველ აგვისტოს შეხვდა და განუცხადა რომ კავშირი აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან, რომლებიც ყველა ზომას მიმართავენ ახალგაზრდის მოსაძებნად.
ჩეხეთის პრეზიდენტმა 14 მოქალაქეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების უფლება მისცა
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა 14 მოქალაქეს უფლება მისცა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდნენ. ამასთან, პეტრ პაველმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების შესახებ რვა ადამიანის მოთხოვნა უარყო. ჩეხეთის კანონმდებლობა პრეზიდენტის ნებართვის გარეშე სამხედრო ან გასამხედროებულ უცხოურ ფორმირებებთან მოქალაქეების ჩართულობას გამორიცხავს. ჩეხეთის პრეზიდენტი მსოფლიოს მოუწოდებს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის დამარცხების მიზნით ასეთი ნებართვა ახლა ჩეხეთის 146 მოქალაქეს აქვს. მსგავსი ნებართვა პაველის წინამორბედმა, მილოშ ზემანმა გასცა.
დრონების შეტევის საფრთხის გამო, „თურქმენეთის ავიახაზები“ მოსკოვში ფრენებს აუქმებს
უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის საფრთხის გამო, ავიაკომპანია „თურქმენეთის ავიახაზები“ მოსკოვში ფრენებს აუქმებს და გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მოტოვებით ხსნის. სააგენტო მოსკოვის ნაცვლად, „თურქმენეთის ავიახაზები“ ფრენებს ყაზანში შეასრულებს. ავიაკომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილება მოსკოვზე უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ მიიღეს. „მოსკოვის საჰაერო სივრცეში შექმნილი ვითარების გამო და რისკების შეფასების საფუძველზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ჩვენი კომპანიის ყველა ფრენა მოსკოვის მიმართულებით შეჩერებულია”, - წერია განცხადებაში.
ილია მეორე: სიხარული შედეგია სიყვარულისა - გიყვარდეთ ერთმანეთი
სიონის საკათედრო ტაძარში ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ილიაობა მიულოცა. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. „იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! სიხარული შედეგია სიყვარულისა; გიყვარდეთ ერთმანეთი. ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ჩვენთან არს ღმერთი!" - აღნიშნა პატრიარქმა. ცნობისთვის, 2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, ილია თეზბიტელის ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში. ილია ჭავჭავაძე (1837-1907წ.წ.) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.
მოლდოვაში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა
კიშინიოვში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა. არავინ დაშავებულა, მძღოლი დააკავეს. მისი მოტივი უცნობია. მოლდოვის პოლიციის ცნობით, ავარიის შესახებ შეტყობინება დილით ადრე მიიღეს. მძღოლმა შემთხვევის ადგილი დატოვა. პოლიციის მხრიდან დევნისას, კაცი არ გაჩერდა და გზად კიდევ ორი მანქანა დააზიანა. მისი დაკავება რუსეთის საელჩოდან 20 კილომეტრის მოშორებით მოხერხდა. რუსეთის საელჩოში TASS-ს განუცხადეს, რომ ვიდრე დაზარალებულ ჭიშკარს არ შეამოწმებენ, მომხდარზე კომენტარს ჯერ ვერ გააკეთებენ.
შიმშილობა დაიწყო მშობელმა, რომლის შვილიც NAEC-მა დამატებით გამოცდაზე არ დაუშვა
შიმშილობა დაიწყო აბიტურიენტის დედამ, რომლის შვილსაც „გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად განუცხადა უარი გამოცდის დანიშვნაზე. „მე ვიშიმშილებ მამამ, სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის რობოტი დირექტორი არ დატოვებს თანამდებობას. ამასთან დაკავშირებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე, ვთხოვ ყველა ქვეყნის საელჩოს, მისცენ ჩემს შვილს საშუალება, იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც მისი მკურნალობის და განათლების მიღების უფლება არ დაირღვევა," - აცხადებს აბიტურიენტის დედა. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც ერთ-ერთი აბიტურიენტის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ „გამოცდების ეროვნული ცენტრი" სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. კერძოდ, დამატებით ტესტირებას არ ნიშნავს იმ გამოსაცდელისთვის, რომელმაც გამოცდაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. 27 ივლისს გახდა ცნობილი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაშვებას მოითხოვდა.