ძებნის რეზულტატი:
თბილისში, სვანეთის ქუჩაზე ხანძარია
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სვანეთის ქუჩაზე ბარაკული ტიპის რამდენიმე სახლს ცეცხლი უკიდია. ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრე-მაშველები. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო.
ესტონეთმა უკრაინას წყალქვეშა განაღმვის აღჭურვილობა გადასცა
უკრაინელ მაშველებს ესტონეთმა წყალქვეშა განაღმვისთვის დახმარების პარტია მიაწოდა. ესტონელმა მაშველებმა ნიკოლაევის უკრაინელ კოლეგებს 90-ზე მეტი ლითონის დეტექტორი და ოთხი სპეციალიზებული მანქანა გადასცეს. მაშველებმა ჰუმანიტარული დახმარება გერმანიის ქალაქ სინდელფინგენის მუნიციპალიტეტისგანაც მიიღეს. WP: უკრაინის განაღმვას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს
რუსეთის კალუგის ოლქში დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყებიან
რუსეთის კალუგის ოლქის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სამხრეთ-დასავლეთში 6 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. გუბერნატორი ვლადისლავ შაპშა ამბობს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა დრონები გასულ ღამით ჩამოაგდეს. მაისის დასაწყისიდან მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით ათამდე შეტევა იყო. თავდასხმაში მოსკოვი კიევს ადანაშაულებს. უკრაინა შეტევაში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინული წარმოების იარაღის გამოყენებაზე ტაბუ არ არსებობს - დანილოვი
რუსეთმა ნორვეგია „არამეგობრული“ ქვეყნების სიაში შეიყვანა
რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა ნორვეგია იმ უცხო ქვეყნების სიას დაამატა, რომლებმაც რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების წინააღმდეგ ე.წ. „არამეგობრული“ ქმედებები ჩაიდინეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. შედეგად, რუსეთში ნორვეგიის დიპლომატიურ მისიას მხოლოდ 27 პირის დაქირავება შეუძლია. მოსკოვმა ეს სია 2022 წლის გაზაფხულზე შექმნა მას შემდეგ, რაც უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთს სანქციები დააკისრეს. 50-მდე ქვეყნისგან შემდგარი სია აშშ-ს, ჩეხეთს, ხორვატიას, დანიას, საბერძნეთს, სლოვენიასა და სლოვაკეთს მოიცავს. ნორვეგიამ აპრილში 15 რუსი დიპლომატი გააძევა სავარაუდო ჯაშუშობისთვის, ხოლო რუსეთმა 10 ნორვეგიელი დიპლომატის გათავისუფლებით უპასუხა.
CNN: აშშ-ში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც 2018 წელს პიტსბურგის სინაგოგაში 11 ადამიანი მოკლა
აშშ-ში ნაფიცმა მსაჯულებმა სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს რობერტ ბოუერსს, რომელმაც 2018 წელს პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში 11 ადამიანი მოკლა. გადაწყვეტილება შეიარაღებული პირის სიკვდილით დასჯის შესახებ ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაუერსს უვადო თავისუფლების აღკვეთა ელოდებოდა. CNN-ის ცნობით, ეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში გამოტანილი სიკვდილით დასჯის პირველი განაჩენია. დაცვის მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიკურად არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ბაქოსა და ერევანს ეწვევა
კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ამ ქვეყნების საელჩოები იუწყებიან. სომხეთში ამერიკის საელჩოს ცნობით, ვიზიტის დროს ამერიკელი დიპლომატი მხარს დაუჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესს და განიხილავს მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზებს. საელჩომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ პროცესს, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს. „ბონო გეგმავს შეხვედრებს მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან სომხურ-აზერბაიჯანული სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად. ის ეწვევა როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს“, - აცხადებენ თავის მხრივ, აზერბაიჯანში ამერიკის საელჩოში. შეგახსენებთ, რომ ლუი ბონო რეგიონს მიმდინარე წლის მაისში ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან ბაქოსა და ერევანში სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხები განიხილა.
ბარნოვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონში, ვასილ ბარნოვის ქუჩაზე, კერძოდ, ბარნოვისა და მაყაშვილის ქუჩის კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ბარნოვის ქუჩაზე 400 კვ.მ გზის კაპიტალური სამუშაოები ჩატარდება და სავალ ნაწილზე ქვაფენილი მოეწყობა. გზაზე ასევე, განახლდება ბეტონის ჩამკეტები. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოს გამო, 4 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ბარნოვის ქუჩაზე, ბარნოვისა და კოტე მაყაშვილის ქუჩის კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ბარნოვის ქუჩიდან მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით. მითითებულ მონაკვეთზე, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც და გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტით: N408 და N420 მიკროავტობუსები, რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მაყაშვილის ქუჩიდან ზანდუკელის, ბარნოვის, ტატიშვილის, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან.
ვოლგოგრადში დააკავეს 82 წლის ქალი, რომელიც სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა - მედია
ვოლგოგრადში დააკავეს 82 წლის პენსიონერი ქალი, ორგანიზაცია „ომის სტალინგრადის ბავშვების" თავმჯდომარე, რიმა ვტოროვა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, წინა საღამოს სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაეკიდა სცადა. ომის საწინააღმდეგო მოძრაობა „დოზორის“ თანახმად, ვტოროვა, სავარაუდოდ, კრასნოარმეისკის რაიონის სამხედრო აღრიცხვის ოფისში „მოლოტოვის კოქტეილით“ და ორი მობილური ტელეფონით მივიდა. ოფიციალურ ინფორმაცია არ ვრცელდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვტოროვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ქონების განადგურების მცდელობის მუხლით აღიძრა. ამ კვირის განმავლობაში, ეს არის თითქმის მე-15 შემთხვევა, როდესაც სამხედრო აღრიცხვის ოფისის დაწვას ან მისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ.
NAEC-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, შსს-ს მიმართეს
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ანა არგანაშვილი, აცხადებს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს. საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელსაც სასამართლო განჩინების მიუხედავად, დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე უარი განუცხადეს. მისივე განმარტებით, იძულებითი აღსრულების მოთხოვნით, „აღსრულების ეროვნულ ბიუროს" უახლოეს საათებში მიმართავენ. „შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანმა გაიფიქროს „რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს.” თუ ამას დავუშვებთ, მაშინ, პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ ადამიანის უფლებების ადვოკატები. ათასნაირი გამოსავალი შეეძლო, მოეძებნა გამოცდების ცენტრს: ეთქვა, რომ ასე შევასრულებ განჩინებას, ისე ჩავატარებ გამოცდას. მაგრამ იმის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებ, უბრალოდ კონსტიტუციის, ყველა ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა,“წერს არგანაშვილი. NAEC-ი განმარტავს, რატომ განუცხადეს უარი აბიტურიენტს დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე
უკრაინის ცნობით, რუსეთის ძალებმა პირველი შეტევის შემდეგ, წმინდა ეკატერინეს ეკლესიაზე იერიში სამაშველო ოპერაციის დროსაც მიიტანეს
ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდ პროკუდინის ცნობით, რუსეთის ძალებმა 3 აგვისტოს ხერსონში ეკლესიაზე მიიტანეს იერიში. გენერალური პროკურატურის ცნობით, ხერსონის დაბომბვის შედეგად, დაჭრილია ტროლეიბუსის 4 მგზვარი. მისივე ინფორმაციით, პირველი დარტყმის შემდეგ მიმდინარე სამაშველო ოპერაციის, დროს ეკლესია მეორედ დაიბომბა. უკრაინის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ მისი ოთხი თანამშრომელი დაშავდა იმ დროს, როდესაც ისინი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ ტაძარში. „მაშველებს რუსი სამხედროები ომის პირველი დღიდან ესხმიან თავს,“ - განაცხადა პროკუდინმა. ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ფერიცვალების ტაძარი განადგურდა
საქართველოს, რუმინეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა „განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი“ გაიარეს
სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა საქართველოდან, რუმინეთიდან და აზერბაიჯანიდან „განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის (EEZ) დაცვის კურსი“ დაასრულეს. ერთკვირიანი სწავლება ბათუმში გაიმართა. დიდი ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, სწავლებას დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის სკოლის ექსპერტები და ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. კურსი მოიცავდა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის, საერთაშორისო საზღვაო სამართლის, საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების, თევზჭერის, გარემოს დაცვის, ძებნა-გადარჩენის საკითხებს, ასევე, საზღვაო მეთვალყურეობის წარმოების ძირითად პრინციპებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს. „ასევე, დიდი შედეგის მომტანი იყო სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება,“ - აცხადებენ დიდი ბრიტანეთის საელჩოში.
SJC: ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მეტწილად, კვლავ სადამსჯელო ხასიათისაა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ნარკოპოლიტიკის ძირითად ტენდენციებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მეტწილად, კვლავ სადამსჯელო ხასიათისაა. კერძოდ, ანგარიშის თანახმად: მიუხედავად იმისა, რომ 2021-2022 წლების ანტინარკოტიკულ სამოქმედო გეგმაში ხაზგასმულია საკანონმდებლო ბაზის დახვეწის საჭიროება, 2022 წელს ამ მიმართულებით არსებითი ცვლილება არ განხორციელებულა; 2022 წელს რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის ჯამური მაჩვენებელი, 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 41%-ით, რაც საანგარიშო პერიოდში დანაშაულის წლიური მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; 2022 წელს გაიზარდა ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ჯამური მაჩვენებელი - 4802 შემთხვევა; ნარკოტიკულ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირებს ყველაზე ხშირად პირობითი სასჯელი ენიშნებოდათ. ყველაზე იშვიათად კი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა; ოპიოიდებით ზედოზირების დროს გამოსაყენებელი პირველადი დამხმარე საშუალების, ნალოქსონის მარაგი სააფთიაქო ქსელებში მცირეა. შესაბამისად, კვლავ დღის წესრიგში დგას მასზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. შენიშვნა: ეს ანგარიში შექმნილია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველსაყოფად“ და გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე, ევრაზიის ზიანის შემცირების ასოციაციის მიერ გამოცხადებული ქვე-გრანტების პროგრამის, „მდგრადი სერვისები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონის სამიზნე მოსახლეობისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა, რომ ანგარიში არ გამოხატავდეს დონორთა შეხედულებებს.
რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.1 პროცენტით განისაზღვრა. ფასების წლიური ზრდა: კომბოსტო - 65%; მსხალი - 44%; წიწაკა - 39%; კიტრი - 29%; ტომატ-პასტა - 28%. „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.3 პროცენტიანი კლება, რაც -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. „ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-4.5 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (-1.9 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (-1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (4.9 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (1.3 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა როგორც ფეხსაცმლის (-3.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-2.8 პროცენტი), თევზეული (-1.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (3.9 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.5 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (1.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.7 პროცენტი),“- ნათქვამია ინფორმაციაში. რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებას, მასზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ რამდენიმე ჯგუფზე. „სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.1 პროცენტით, რაც 0.59 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (9.0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 4.9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.51 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.3 პროცენტი), ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (10.3 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით, რაც 0.43 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (7.5 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 12.1 პროცენტით, რაც -1.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-18.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.3 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.4 პროცენტი),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩრდილოეთ კორეამ ამერიკელი ჯარისკაცის დაკავება დაადასტურა
ჩრდილოეთ კორეამ ტრევის კინგის პატიმრობის შეესახებ ცნობა დაადასტურა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჯარისკაცის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია გაერომ მოითხოვა. ამის შესახებ ორგანიზაცია თავად იუწყება. 23 წლის ჯარისკაცი 18 ივლისს სამხრეთ კორეიდან საზღვარი გადაკვეთა, რის შემდეგაც ვარაუდობდნენ, რომ ის დააკავეს. გაეროს სარდლობამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ფხენიანის პასუხის შესახებ მეტ დეტალს ვერ გაასაჯაროებენ. ამბობენ, რომ არ სურთ, ჯარისკაცის სახლში დაბრუნებას ხელი შეუშალონ. BBC წერს, რომ გაეროს ეს პასუხი მიუთითებს, რომ ფხენიანი შეიძლება, მზად იყოს მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეელებმა უპასუხეს მოთხოვნას და დაადასტურეს, რომ ამერიკელი ჯარისკაცი მათ პატიმრობაში იმყოფება. ტრევის კინგი დაზვერვის სპეციალისტია, რომელიც ჯარში 2021 წლის იანვრიდან იმყოფებოდა და როტაციის ფარგლებში სამხრეთ კორეაში მსახურობდა. ჩრდილოეთ კორეის მიერ ამერიკელი ჯარისკაცის დაკავებას ლოიდ ოსტინი გამოეხმაურა რამდენი ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული სამხრეთ კორეაში
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. არჩილ დევრისაშვილს პარასკევს ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. შაბათს კი, კოჯრის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. არჩილ დევრისაშვილი 27 ივლისს, ბახმუტთან ბრძოლაში დაიღუპა. გამოცდილი სამხედრო და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, უკრაინაში ბოლოს დანაყოფ „შავი არწივის” ერთ-ერთ ჯგუფს მეთაურობდა. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 48 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.
შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქართველო განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. სამსახურის ეს განცხადება 2 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ შემზღუდველ სანქციებთან დაკავშირებით, ევროკავშირის მიერ, დაწესებული სანქციების ქვეშ მოქცეული პირებისა და საქონლის ჩამონათვალი, მოცემულია ევროპის საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის (EU) No 833/2014 რეგულაციის (COUNCIL REGULATION (EU) No 833/2014 of 31 July 2014 , concerning restrictive measures in view of Russia's actions destabilising the situation in Ukraine) კონსოლიდირებული ვერსიის დანართებში. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით და გაცნობა შესაძლებელია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ამასთან, აღნიშნულ კონსოლიდირებულ დანართში, მე-11 პაკეტის სახით, შევიდა ცვლილება (COUNCIL REGULATION (EU) 2023/1214 of 23 June 2023), რომლის თანახმად, 2023 წლის 26 სექტემბრიდან, მიუხედავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებისა, აიკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ისევე როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში (COUNCIL REGULATION (EU) 2023/1214). აქვე განვმარტავთ, რომ 2023 წლის 1-ელი აგვისტოდან ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ემბარგოსა და სხვა სპეციალური კონტროლის რეგულაციის 746-ე ნაწილის მე-5 დანართის მიხედვით, მიუხედავად ავტომობილის ღირებულებისა, იკრძალება ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემოყვანილი ან ამერიკული საავტომობილო კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელორუსში. აღსანიშნავია, ის გარემოება რომ აშშ-ის მიერ ავტომობილებთან მიმართებით დაწესებულ სანქციებში არ ყოფილა მითითებული კონკრეტული ვადები (განსხვავებით ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე ნაყიდი იყო დილერების მიერ, აღნიშნული სანქციების გამოქვეყნებამდე. შესაბამისად, სანქციების ფარგლებში, არ ყოფილა განსაზღვრული მსგავსი ავტომობილების სტატუსი (ვადად მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტო განისაზღვრა დამატებითი კონსულტაციების შედეგად). როგორც ცნობილია, აშშ-ის მიერ, სანქციების დაწესებისას, არ ხორციელდება წინასწარი კონსულტაციები სხვა ქვეყნებთან და შესაბამისად, წინასწარ არ არის ცნობილი არც კონკრეტული საქონლის კოდი, რომელიც ხვდება სანქციების სიაში და არც მისი ამოქმედების ვადები. შესაბამისად, მოსალოდნელი სანქციების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ ვერ იქნება გაზიარებული ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებზეც შესაძლებელია, გარკვეული გავლენა ჰქონდეს აღნიშნულ სანქციებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით განვმარტავთ, რომ შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აქვს მუდმივი კონსულტაციები აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან/პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციებთან მიმართებით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება/გაცემა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ის უკვე დადასტურებულია ოფიციალური წყაროებიდან და გასათვალისწინებელია ბიზნესოპერატორებისთვის,“- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთი დასავლური სანქციების ქვეშაა. ევროკავშირის უახლესი, მე-11 პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს. 27 ივნისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა. უფრო ადრე, საგარეო უწყებისა და მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განეხილა საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანი იყო კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება.
აშშ-ის საელჩო: ჯორჯიის შტატის წამყვანი ადვოკატების დახმარებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მოვამზადეთ
აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ადვოკატები ჯორჯიის შტატში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დამკვიდრებისა და განვითარებისთვის საქართველოსთან მრავალი წელია ვპარტნიორობთ, რადგან ეს სასამართლო სისტემასთან მოქალაქეების ფუნდამენტურ კავშირს აყალიბებს. ამ ინსტიტუტის გამართულად მუშაობას მრავალი კომპონენტი უწყობს ხელს, მათ შორის - ადვოკატები. გასულ კვირას ჯორჯიის შტატის წამყვანი ადვოკატების დახმარებით მოვამზადეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, რომლებიც მომავალში თავად შეძლებენ კოლეგების გადამზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაძლიერებაში. აღნიშნული კურსი ნაწილია აშშ-ის ფართო მხარდაჭერისა, რომელიც მიმართულია საქართველოში კანონის უზენაესობის გამტკიცებაზე,“ წერს ამერიკის საელჩო. აშშ-ის საელჩო: ქართველმა მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს
სანგაჩალის ტერმინალიდან „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ნავთობის ექსპორტი 6%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) და შაჰ-დენიზის საბადოების ბლოკმა, სანგაჩალის ტერმინალში, წყალქვეშა ნავთობისა და გაზსადენებით, დაახლოებით, 115 მილიონი ბარელი ნავთობი და კონდენსატი გაიტანა. ეს ერთი მილიონით - 0,9%-ით მეტია 2022 წლის პირველ ნახევარში. ანგარიშის მიხედვით, ექვსი თვის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) გავლით ექსპორტირებულია 114 მილიონ ბარელზე მეტი, რაც გასული წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, 7 მილიონი ბარელით - 6,5%-ით მეტია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენით ექსპორტირებულია ერთი მილიონი ბარელი, რაც 6 მილიონი ბარელით - 85,7%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ექვსი თვის განმავლობაში, ტერმინალი ყოველდღიურად საშუალოდ 72 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი (დაახლოებით 2,542 მილიარდი კუბური ფუტი) გაზის ექსპორტს ახორციელებდა. ეს ასევე 3 მილიონი კუბური მეტრით - 4,35%-ით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე.
თურქეთისა და რუმინეთის თავდაცვის ატაშეები უწყებრივი მედლით - „ღირსეული პარტნიორი“ დაჯილდოვდნენ
თურქეთის რესპუბლიკისა და რუმინეთის თავდაცვის ატაშეებმა, პოლკოვნიკმა ბურაკ ალთინერმა და პოლკოვნიკმა მირჩა ჟიგურანუმ სამწლიანი მისია საქართველოში დაასრულეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სამხედრო დიპლომატებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის უცხოელი ატაშეები უწყებრივი მედლებით - „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაქ ალთინერის მუშაობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა მიმართულების განვითარების მიზნით თურქეთის რესპუბლიკისგან რამდენჯერმე მიიღო გრანტი და ფინანსური დახმარება. „მნიშვნელოვანია თურქული მხარის კონტრიბუცია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში, მათ შორის თურქეთი რეზიდენტი ექსპერტებით ჩართულია შემდეგ ინიციატივებში: ავიაცია, სპეციალური ოპერაციების ძალები, სამხედრო-საინჟინრო და სასაზღვრო. 2022 წელს თურქეთმა NATO-ს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიცია დაიკავა და საზღვაო მიმართულებას ფარავს. რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშეს, პოლკოვნიკ მირჩა ჟიგურანუს მისიის პერიოდში კი, განსაკუთრებით გააქტიურდა ორხრივი თანამშრომლობა საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის. განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და რუმინეთში. გააქტიურდა და გაღრმავდა თანამშრომლობა წვრთნისა და განათლების კუთხით, მათ შორის საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის, რაც გამოიხატა ერთობლივ გაცვლით წვრთნებში სნაიპერული და საპარაშუტო თავისუფალი ვარდნის მიმართულებით. ცნობისთვის, რუმინეთის საელჩოს დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად, NATO-ს საკონტაქტო საელჩოს სტატუსი აქვს.
რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა
რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. სტიქიის ადგილისკენ უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. "საქართველოს ამბები" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო. მასალა განახლდება