ძებნის რეზულტატი:

პრეზიდენტი: ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს, მალე წავალ პოლონეთში, ბელგიაში

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს ახლა გადამწყვეტი ეტაპი აქვს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ევროპის ქალაქებში ვიზიტს განაგრძობს. „ვიცით, რამდენად გადამწყვეტი იქნება მომენტი, როცა ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ცხოვრებაში თავისით არ მოდის არაფერი და ეს მთავარი გზა, რაც არის გასავლელი, არის ყველას ერთად გასავლელი. ყველაფერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი – ნებისმიერი ნაბიჯი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს არ არის ერთი ადამიანის გასაკეთებელი. მე ვიქნები თქვენთან, ყველგან, სადაც შემიძლია. ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს, მალე წავალ პოლონეთში, ბელგიაში. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია. შეიძლება, ყველაზე დიდი როლი მედიას აქვს, რომ არ მისცეს საშუალება არავის, სხვადასხვა საკითხით იყოს გადაფარული ის, რაც არის მთავარი. მთავარია, რომ ჩვენ ყველას გვინდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არ გვაქვს. სხვა მომავალი არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ. არავინ შეგვაშინოს, რომ რაღაც შეუძლებელია, ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამას ვერავინ დაგვაკარგვინებს. ის, ვინც ამას ეცდება, თვითონ დაიკარგება,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ყველაფერი არის გასაკეთებელი სტატუსისთვის და ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის კულტურა, ჩვენი კულტურული ნაწილი და ამ კუთხით ჩვენი გზავნილები ევროპაში, რადგან ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკურად გვინდა, რომ შევიდეთ ევროპაში, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ვიყავით და ვიქნებით. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს უნდა ყოფილიყო „ევროპალიაში“ მონაწილეობის მთავარი გზავნილი. „სამწუხაროდ, ამ საკითხზე აქ დიდად არავინ საუბრობს, მიჩქმალულია ეს თემა, როცა ის ევროპაში ჩვენი კულტურული შესვლის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მინდა, მოვუწოდო ყველა მონაწილეს, გვქონდეს იქ ეს განაცხადი, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა ყოფილიყო ჩვენი „ევროპალიის“ ღონისძიებების სათაური, რომ საქართველო ევროპაა. ეს გააერთიანებს ყველა ჩვენს მონაწილეს, რომლებიც იქ ჩადიან და ამ ექვსი თვის განმავლობაში იქნებიან რეალურად წარმომადგენლები ევროპული საქართველოსი. ეს არის ძალიან დიდი როლი და მათ წინასწარ დიდი მადლობა,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ „საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.“ 18 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.

ბაქო მადლობას უხდის საქართველოს, რომ ქვეყანამ ყარაბაღის „უკანონო არჩევნები“ არ აღიარა

აზერბაიჯანმა რიგ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს მადლობა გადაუხადა, რომ ქვეყანამ „ყარაბაღის უკანონო არჩევნები“ არ აღიარა. ბაქო ხაზს უსვამს, რომ თბილისმა გააკეთა განცხადებები, რომლითაც დაგმო და არ აღიარა „უკანონო არჩევნები“ და მისი ლეგიტიმაცია. საქართველო ყარაბაღის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს  

ბახმუტის მახლობლად რუსული თავდაცვა გაირღვა - გენერალი სირსკი

BBC-ის ცნიობით, უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის სამხრეთით მდებარე ანდრეევკასა და კლიშჩეევკას მიმართულებაზე ბრძოლებისას რუსეთის თავდაცვის ხაზი გაირღვა და 3 რუსული სამხედრო დანაყოფი დამარცხდა. „გასულ კვირას ანდრეევკასა და კლიშჩეევკის დასახლებების დაკარგვის შემდეგ, მტერი ახორციელებს უამრავ კონტრშეტევას სხვადასხვა მიმართულებით, წარუმატებლად ცდილობს დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. ყოველივე ამის შემდეგ, ეს პატარა, ერთი შეხედვით, დასახლებები იყო მტრის თავდაცვითი ხაზის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც გადაჭიმული იყო ბახმუტიდან გორლოვკამდე. ჩვენი ჯარების წარმატებული მოქმედებების შედეგად, მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზი გაირღვა მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლაში ჩართო ყველა არსებული რეზერვი”, - განაცხადა სირსკიმ. უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან სამხრეთით, საერთო ჯამში, 260 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიაა გათავისუფლებული - მალიარი  

კობახიძე: ხვალ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ჩავარდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩავარდება, უმრავლესობა მას მხარს არ დაუჭერს. კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ მიეცემა, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას. კობახიძის თქმით, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა და ევროკომიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს. „გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა სექტემბრის ბოლომდე. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინებს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას. ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია. სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებეში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტშია ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის, როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხირდან, ისევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტის წევრებისგან, თუ სხვა უცოხელი პოლიტიკოსების მიერ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით გასული წლის 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.  

კობახიძე ფარცხალაძის დასანქცირებაზე: შემაშფოთებელია, როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „მტკიცებულებები არ არსებობს.“ „ჩვენთვის რთულია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება, როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და ასეთი მძიმე ბრალდებები ჟღერდება, საუბარია „ეფესბეს“ აგენტობაზე, იმაზე, რომ ეს ადამიანი ქართულ საზოგადოებაზე ახდენს ჭარბ გავლენას, როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, ამას უნდა მოჰყვეს ხოლმე მტკიცებულება. გახსოვთ, სასამართლოსთან დაკავშირებით მოსამართლეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების გამო არანაირი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა, რაც, ზოგადად, ჩვენ გვირთულებს რეაგირებას. ზოგადად, საჭიროა ასეთ დროს მტკიცებულებების გამოქვეყნება. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ. როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს არის შემაშფოთებელი,“ – განაცხადა კობახიძემ. კობახიძე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. „როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას. ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება, შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსხვავებული პასუხისმგებლობით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს

უკრაინის საგარეო უწყება სუს-ის განცხადებას პასუხობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში უკრაინული მხარის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია, არ შეესაბამება რეალობას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინულმა დიპლომატიამ ცნობად მიიღო საქართველოს უშიშროების წარმომადგენლების განცხადებები, რომ უკრაინული მხარე სავარაუდოდ, ჩართული იყო საქართველოში აჯანყების მომზადებაში. „ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზაციას, რათა მოაგვაროს მისი შიდა პოლიტიკური საკითხები. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერეოდა და არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას,“ - აღნიშნა ნიკოლენკომ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. გეგმის ერთ-ერთ ავტორად სუს-ი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძეს ასახელებს. „გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით,“ - აცხადებს სუს-ი. სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ლორთქიფანიძე საქართველოში უკვე 8 წელია, აღარ იმყოფება და არც რაიმე პოლიტიკური მიზნები აქვს. შოთა კახიძე ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს. ადვოკატი ამბობს, რომ წლების წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს შემხებლობა არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან.  

ლატვია რუსეთის 3600-მდე მოქალაქეს ქვეყნის დატოვებას მოსთხოვს

რუსეთის დაახლოებით 3600 მოქალაქემ სამი თვის განმავლობაში ლატვიის დატოვების შესახებ შეტყობინება მომავალ კვირაში უნდა მიიიღოს. მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმეთა ოფისის (OCMA) წარმომადგენელმა, მაირა როუზმა TV3 არხს განუცხადა, რომ ზუსტად ამდენმა ადამიანს არ ჩაუბარებია ლატვიური ენის გამოცდა და არც განაცხადი წარუდგენიათ. რუსეთის ფედერაციის 25 ათასი მოქალაქიდან, რომლებიც ახალ კანონს ექვემდებარებიან, 14 ათასმა მოითხოვა ლატვიის მუდმივი რეზიდენტის სტატუსი. გარდა ამისა, ათასობით ადამიანმა ბინადრობის ნებართვის მისაღებად შესაბამის უწყებას მიმართა. მანამდე ლატვიის სეიმმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები საიმიგრაციო კანონში, რომლის მიხედვითაც, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებს ენის სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების ვადა ორი წლით უხანგრძლივდებათ.  

Forbes: რუსეთმა ჯარისკაცებისთვის ხარჯები შეამცირა

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრაზე $167 მილიარდი დახარჯა. 24 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინამ დაახლოებით, 34 მილიარდი დოლარის რუსული აღჭურვილობა გაანადგურა, იტყობინება Forbes უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ეს მაჩვენებელი არ მოიცავს რუსეთის თავდაცვის ხარჯებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ომთან და არც რუსეთის ეკონომიკურ ზარალს, რომელიც მრავალმა საერთაშორისო სანქციამ გამოიწვია. ყველაზე დიდი ხარჯი მოდის ჯარის მომარაგებაზე, რომელიც 51,3 მილიარდი დოლარი ღირს. სამხედროების ხელფასი 35,1 მილიარდი დოლარი დაჯდა, ხოლო დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის სახით 21 მილიარდი დოლარი გაიცა. მას შემდეგ, რაც რუბლი გაუფასურდა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით, Forbes-ის თანახმად, ბიუჯეტის ხარჯები ერთ ჯარისკაცზე მნიშვნელოვნად შემცირდა - 200 დოლარიდან დღეში 120 დოლარამდე. ეს იმიტომ, რომ რუსეთის ბიუჯეტის დიდი წილი ნავთობისა და გაზის შემოსავლებით ივსება. რუსეთი ნახშირწყალბადების მიწოდებას სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აგრძელებს. მიუხედავად ამისა, ეს შეიძლება, მზარდი ხარჯების კომპენსაციისთვის საკმარისი არ იყოს, იტყობინება Forbes, Reuters-ის მონაცემებზე დაყრდნობით. Reuters-ის ცნობით, რუსეთმა 2023 წლის პირველ ნახევარში თავდაცვისთვის თითქმის 5,6 ტრილიონი რუბლი დახარჯა, რაც უკვე აღემატება რუსეთის მთელ დაგეგმილ 2023 წლის თავდაცვის ფედერალურ ბიუჯეტს. მოსკოვს თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება თითქმის 10 ტრილიონ რუბლამდე (105 მილიარდი დოლარი) მოუწია, რაც 2023 წლის ბიუჯეტის მესამედია.  

რუსეთის ძალები სულ უფრო მეტ პოზიციას კარგავენ - NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სულ უფრო მეტ პოზიციას კარგავენ, მთელი რუსეთი განიცდის ეკონომიკური სანქციების და დიპლომატიური იზოლაციის შედეგებს. განაცხადა ბაუერმა ოსლოში NATO-ს სამხედრო კომიტეტის ყოველწლიურ კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ რომ ბრძოლის ველსა და ეკონომიკაში არსებული პრობლემები რუსეთს კიდევ უფრო უბიძგებს, „არასანდო აქტორებს“ დაეყრდნოს. მან არ დაასახელა, რომელი კონკრეტული გლობალური აქტორები ჰქონდა მხედველობაში. ბაუერმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციებისა და დიპლომატიური ზეწოლის გამო, რუსეთი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება „არასანდო აქტორებზე.“ თუმცა აღსანიშანავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. აშშ-ის მთავრობამ ჩრდილოეთ კორეა მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების შესახებ გააფრთხილა. ივლისში რობ ბაუერმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლა დასუსტებულია უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო და ალიანსს აქვს დრო, კოლექტიური უსაფრთხოება განავითაროს, ვიდრე მოსკოვი ძალას აღიდგენს.  

ირაკლი ღარიბაშვილი ანტონიო გუტერეშს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.  გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მდგრადი განვითარების მიმართულებით გაეროს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს გაეროს გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებულ ტრაქტატებს, რომელთა მიზანია, უკეთესად მოერგოს გაერო არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აფასებს ანტონიო გუტიერეშის ძალისხმევას „მშვიდობის ახალი დღის წესრიგის“ შემუშავებაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და გაეროს წესდებას ეყრდნობა. განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე − გაეროს ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა შეიცვალა, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა კლიმატის ცვლილების ზემოქმედება და მომდინარე რისკები. არსებული გამოწვევების დასაძლევად კი ერთიანი ძალისხმევით მუშაობაა საჭირო. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს ფარგლებში მიღებული ანგარიშები და რეზოლუციები საერთაშორისო დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმებია. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ. მან გაეროს გენერალურ მდივანს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მხარდაჭერისთვის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს - დერეკ შოლეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, ასევე - ორი ქვეყნის საერთო ინტერესების გამყარების მიზნით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და დერეკ შოლემ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა დერეკ შოლეს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ასევე იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და შედეგად, რეგიონსა და მსოფლიოში შეცვლილ უსაფრთხოების გარემოზე.  

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკლელობა მოხდა.  Europetime-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.  განახლება: Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსი, ბაჩანა კვარაცხელიას ინფორმაციით, თბილისში დოლიძის ქუჩაზე შსს-ს თანამშრომლის მიერ ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკველობის დროს, შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ. მისი თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას. "სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემთხვევის ადგილზე, ამ წუთას, ატარებს ყველ საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა დაზიანება. ის ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას. დამატებით დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე, ერთ-ერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს,"- განაცხადა კვარაცხელიამ. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს შემაკავებელი ორდერი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი პასუხობს, რომ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია ყველა ფაქტის შესწავლის შემდეგ მიეწოდება.

კარპენტერი ფარცხალაძის შესახებ: ეს შეიძლება, განსაკუთრებით ბოროტი გავლენა იყოს

მაიკლ კარპენტერმა, აშშ-ის ელჩმა ეუთოში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ სანქციების დაწესებას. ის მიიჩნევს, რომ „ქვეყნები ფხიზლად უნდა იყვნენ შესაძლო უცხოური გავლენის მიმართ". „მნიშვნელოვანი შემთხვევაა - აშშ ასანქცირებს კორუმპირებულ თანამდებობის პირებს, რომლებიც შესაძლოა იყვნენ მავნე უცხოური გავლენის აგენტები, ამ შემთხვევაში რუსეთის გავლენისა. თუმცა, აგრეთვე ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს კონკრეტული პირი, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, გენერალური პროკურორი იყო, თუ არ მეშლება, დაახლოებით ათი წლის წინ. ასე რომ, ეს ახლახან არ ყოფილა და ის სამთავრობო თანამდებობას იკავებდა გარკვეული ხნის წინ. და მაინც, ეს არის სასარგებლო შეხსენება იმისა, რომ ქვეყნები ფხიზლად უნდა იყვნენ შესაძლო უცხოური გავლენის მიმართ. ვფიქრობ, როცა საქმე ეხება საქართველოს, ეს საკითხი კვლავინდებურად რჩება პრობლემად, რომელიც უნდა აღელვებდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქესაც, ვინც უცხოეთის მავნე გავლენას განიცდის. ეს შეიძლება განსაკუთრებით ბოროტი გავლენა იყოს, როცა პოლიტიკაში ამ დონეზე ჩარევას ეხება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ხომ მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელია," - განაცხადა კარპენტერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის უპრეცედენტო დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილებს. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს. პრემიერ-მინისტრმა ოლაფ შოლცს ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დასკვნით ეტაპზეა. მისი თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან სამართლიანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი აქვს. ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება. შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. მისივე თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში სასიამოვნო იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრა. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირთან საქართველოს ძალიან კარგი თანამშრომლობა. შეხვედრაზე განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ განსაზღვრული მოკლევადიანი ამოცანების შესრულება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დავუდასტურე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტისადმი ქვეყნის ერთგულება, ” - აღნიშნავს წერს ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე.  

საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლა იმოქმედებს

საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანა სესილია გერვასმა მოაწერეს ხელი. „ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი მომსახურების და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჯოზეფ ბორელი ადასტურებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კიევში გაიმართება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ადასტურებს, რომ კიევში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯოზეფ ბორელის თქმით, შეხვედრა უახლოეს კვირებში გაიმართება. „რამდენიმე წინადადება წარვადგინე, მინისტრები გააგრძელებენ განხილვას და იმ შეხვედრის მომზადებას, რომელიც მომდევნო კვირებში კიევში გვექნება," - აღნიშნა ბორელმა. მანამდე, იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA-მ სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კიევში შეხვედრისთვის ემზადება. შეხვედრის მიზანი პოლიტიკური ინტეგრაციის გზის გაგრძელება, ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრის კრიტიკულ ეტაპზე უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის დემონსტრირებაა.  

თეთრი სახლი განმარტავს, რა საკითხებით დაინტერესდება ბაიდენი ზელენსკისთან შეხვედრაზე

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოუთმენლად ელის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, რათა მისგან პირადად მოისმინოს ინფორმაცია უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევაში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით. თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მისვლასაც გეგმავს: „კონგრესის წევრებისთვის მნიშვნელოვანია, პირდაპირ პრეზიდენტ ზელენსკისგან მოისმინონ ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი ბაიდენი მოისმენს მისგან“, - აღნიშნა კირბიმ. „პრეზიდენტი მოუთმენლად ელის პრეზიდენტ ზელენსკისგან მოისმინოს ინფორმაცია უკრაინის კონტრშეტევის შესახებ, ისევე როგორც პროგრესის შესახებ, რომელსაც ისინი აღწევენ - ერთგვარი საკუთარი შეფასება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება სიტუაცია ბრძოლის ველზე," - აღნიშნა ჯონ კირბიმ. მისი თქმით, შეხვედრა "კრიტიკულ მომენტში" იმართება იმ ფონზე, როცა უკრაინის სამხედრო ძალები აგრძელებენ წარმატების მიღწევას კონტრშეტევაში, რუსეთი დახმარებისთვის ისეთ ქვეყნებს მიმართავს, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა და საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება უკრაინის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით "რამშტაინის" ფორმატში.  

მიშელი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დროა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ საჭირო პრიორიტეტები შეასრულოს. „მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი. ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად," - წერს მიშელი.  

დანილოვის თქმით, რუსეთში ახალი აჯანყება მწიფდება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთში მწიფდება ახალი აჯანყება, რაც ქვეყნის გაყოფას გამოიწვევს. მისივე თქმით, უკრაინამ იცის, ვინ ხელმძღვანელობს პროცესებს და როგორ ხდება ეს. „გავიხსენოთ როგორ მოხდა სსრკ-ს დაშლა 1991 წლის აგვისტოში. ის, რაც იქ მწიფდება და "ГКЧП ჯგუფი", როგორც 1991 წელს, იქ უკვე მწიფდება და იქ უკვე არიან შეკრებილი, ეს ცნობილი ფაქტია. და ჩვენ გვესმის, ვინ არის პასუხისმგებელი და როგორ ხდება ეს. კითხვა, როდის მოხდება შემდეგი აჯანყება რუსეთში, არის მოკლე პერიოდის საკითხი. ვნახოთ, რამდენი ხანი დასჭირდება, მაგრამ პროცესები მიმდინარეობს. რაც შეეხება კადიროვს (რამზან კადიროვის ავადმყოფობაზე გავრცელებული ცნობები) არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ასევე გავლენას მოახდენს ამ პროცესებზე," - განაცხადა დანილოვმა.