ძებნის რეზულტატი:
საქსტატი: საარსებო მინიმუმი გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 249.8 ლარი იყო, აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი სამი ლარითა და 70 თეთრით გაიზარდა და, ჯამში, 253.5 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის ივლისთან შედარებით, აგვისტოში სამი ლარითა და 20 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 224.5 ლარს შეადგენს. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.
ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ითხოვს - მედია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ითხოვს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ანალენა ბერბოკმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განაცხადა. რუსული აგრესიის კონტექსტში, ბერბოკმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკრაინიდან გატაცებული ბავშვებისა და ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობის საკითხზე. გერმანელი დიპლომატის თქმით, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი უტევს არა მხოლოდ ევროპულ სამშვიდობო წესრიგს, არამედ გაეროს წესდებას, გაეროშიც არ შეიძლება, იყოს ეს „ჩვეულებრივი საქმე.“ „მიუხედავად ამ სამყაროში არსებული კრიზისისა, ჩვენ არა მხოლოდ გაერო-ს წესდებას უნდა შევუწყოთ ხელი, არამედ ერთად უნდა დავიცვათ იგი. ქარტია არის ჩვენი სამყარო, ჩვენი სიცოცხლის დაზღვევა მთელ მსოფლიოში,“ – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
კანადამ ინდოელი დიპლომატი გააძევა
კანადამ ინდოელი დიპლომატი გააძევა. ოტავა იძიებს პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ინდოეთის მთავრობას შესაძლოა, კავშირი ჰქონოდა კანადაში, სიქების აქტივისტის მკვლელობასთან. ბრალდებას ინდოეთმა აბსურდი უწოდა. „თუ ეს სიმართლე დამტკიცდება, ეს იქნება ჩვენი სუვერენიტეტისა და ყველაზე ძირითადი წესის დარღვევა, თუ როგორ ექცევიან ერთმანეთს ქვეყნები,“ - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.
ერდოღანი: რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მომხრეა. ერდოღანის თქმით, მას პუტინის სიტყვების სჯერა. „ბატონი პუტინი რეალურად არის ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მომხრე. მე მხოლოდ ლიდერის სიტყვებიდან გამომდინარე ვამბობ ამას. ბატონი პუტინი ამ ომის რაც შეიძლება მალე დამთავრების მომხრეა. მას ასე თქვა და მე მჯერა მისი სიტყვების", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე საუბრისას კი, ერდოღანმა განაცხადა, რომ პუტინს დასავლეთზე არანაკლებ ენდობა. „არ მაქვს მიზეზი, რომ არ ვენდო მათ. რუსეთი იმდენად სანდოა, რამდენადაც დასავლეთი. ბოლო 50 წელია, ევროკავშირის კართან ვიცდით და ამ მომენტში რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს," - განაცხადა ერდოღანმა ნიუ-იორკში ყოფნისას, ამერიკულ მაუწყებელ PBS-თან ინტერვიუში. რას ფიქრობს მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება და რომ ის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებას უკრაინასთან ომში უპირატესობის მოსაპოვებლად იყენებს, თურქეთის პრეზიდენტმა ამ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ აზრს არ ეთანხმება.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ თბილისი-ბაქოს რეისის წინააღმდეგ რადიოსიხშირული ჩარევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხურმა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, სამგზავრო თვითმფრინავის GPS სატელიტური სანავიგაციო სისტემების მიმართ რადიოსიხშირული ჩარევა გამოიყენეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 18 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 20:28-20:34 საათზე მოხდა. „რადიოსიხშირული ჩარევის გამოყენების შედეგად, აზერბაიჯანის ავიახაზების E-190 სამგზავრო თვითმფრინავის GPS სატელიტურ სანავიგაციო სისტემაში, რომელიც თბილისი-ბაქოს რეისს ასრულებდა, გაუმართაობა მოხდა," - აღნიშნულია განცხადებაში. ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „სრულ სიცრუეს“ უწოდებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო. მისი განცხადებით, “ამ მარშრუტზე რეისის განხორცილებისას თვითმფრინავები ყარაბაღის თავზე არ დაფრინავენ.“ „მსგავსი ცრუ განცხადებების სისტემატური გავრცელებით აზერბაიჯანი ცდილობს, გადაიტანოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფისგან და მოამზადოს საინფორმაციო ბაზა მორიგი პროვოკაციისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში. 15 ივნისიდან ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელი სამხედროების კონტროლქვეშაა. აზერბაიჯანი უარყოფს ბრალდებებს ბლოკადის შესახებ და აცხადებს, რომ მისი მიზანია, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმავალ ტვირთებზე კონტროლის მიღწევა.
Reuters: რუსეთს ანექსირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მოპოვებული ნახშირი თურქეთში გააქვს
Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რაიონებში წარმოებული სულ მცირე 14,3 მილიონი დოლარის ნახშირი მიმდინარე წელს, NATO-ს წევრ თურქეთშია ესპორტირებული. სააგენტო ამ ინფორმაციას რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, 2023 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან თურქეთში გაიტანეს სულ მცირე 14,3 მილიონი დოლარის ღირებულების, დაახლოებით 160 400 ტონა ნახშირი. სააგენტომ კომენტარისთვის თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს და საბაჟო სამსახურს მიმართა თუმცა პასუხი არ მიუღია. თურქეთი, რომელიც ნახშირის უმსხვილესი მომხმარებელი და იმპორტიორია, ამ საწვავს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებს.
ბულგარეთი მის ტერიტორიაზე დრონის პოვნაზე: არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ომი გვერდს აგვივლის
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი, თოდორ თაგარევი შავიზღვისპირეთის ქალაქ ტიულენოვოში აღმოჩენილ დრონს, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა მიმაგრებული, უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებს. თაგარევის თქმით, ზუსტად შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ აღმოჩენილი დრონი უკავშირდება ომს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. „ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ომი ჩვენ როგორღაც გვერდს აგვივლის. დიახ, არსებობს რისკები ბულგარეთისთვის!" - აღნიშნა ბულგარეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. მინისტრის განმარტებით, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის და რომ გრძელდება გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა დრონი ბულგარეთში.
ირაკლი ღარიბაშვილი მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 2021 და 2022 წლებში, ზრდა კვლავ მაღალია და 7.2% დაფიქსირდა 2023 წლის იანვარ-ივლისში. მისი შეფასებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე განაცხადა, სადაც ლიდერთა დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაში - „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“ − მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ზრდა კვლავ მაღალია და 7.2% დაფიქსირდა 2023 წლის იანვარ-ივლისში. „ჩემმა მთავრობამ 2021 წელს კიდევ უფრო დახვეწა ლოკალიზაციის გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების საკვანძო დონეზე ინტეგრირებისთვის. ამჟამად, გეგმის მეშვეობით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 32 მონაწილეობს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვაში. 2025 წლისთვის ყველა მუნიციპალიტეტი იქნება ამ პროცესში ჩართული. ეს ლოკალიზებული ძალისხმევა ემთხვევა ჩვენს მიერ შემუშავებულ სამთავრობო დოკუმენტს “ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც განვითარების ძირითად ეროვნულ პრიორიტეტებს ასახავს გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესაბამისად. ამასთანავე, ჩვენი მთავრობა ცდილობს განავითაროს საკოორდინაციო შესაძლებლობები და გამჭვირვალობის მექანიზმები. ამ მიზნით, ჩვენ შევქმენით მონიტორინგის სისტემა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დღის წესრიგისთვის და მდგრადი განვითარების მიზნების რეალურ დროში განახლებისთვის. ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს პოზიციონირებას ახდენს ბიზნესისა და ფინანსების გლობალურ ცენტრად. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში; ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 2021 და 2022 წლებში. ზრდა კვლავ მაღალია და 7.2% დაფიქსირდა 2023 წლის იანვარ-ივლისში. საქართველოს, როგორც პასუხისმგებელიანი გლობალური მოთამაშის პოზიცია, რომელიც წინ მიიწევს 2030 წლის დღის წესრიგით, აისახება მის მრავალრიცხოვან დარგობრივ პოლიტიკაში, რომლებიც მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიის მიმართულების განვითარებას და ეკო-მეგობრული ტურისტული პრაქტიკის დანერგვას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ISW: უკრაინის წინსვლა რუსული ქვედანაყოფების „სერიოზულ დეგრადაციაზე“ მიუთითებს
უკრაინის ბოლო წინსვლები ზაპოროჟიეს ოლქსა და ბახმუტის სამხრეთით, ადასტურებს, რომ რუსეთის ქვედანაყოფებმა ამ რაიონებში დიდი დანაკარგები განიცადეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს. ISW-მ გამოავლინა რამდენიმე რუსული ქვედანაყოფი, მათ შორის 42-ე მოტორიზებული მსროლელი დივიზია, რომლებიც რეგულარულად ებრძოდნენ უკრაინულ ჯარებს კონტრშეტევის ადრეულ ეტაპებზე. „ბოლოდროინდელი ცნობები ცხადყოფს, რომ უკრაინის კონტრშეტევის პირველ ფაზებზე მიღებულმა მსხვერპლებმა რუსული შენაერთები არაეფექტიანი გახდა,“ - წერს ISW. ISW-მ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ელემენტებმა, როგორც ჩანს, უკან დაიხიეს უფრო ღრმა თავდაცვითი ხაზების უკან, უკრაინის მიერ რობოტინის გათავისუფლების შემდეგ. გარდა ამისა, ISW-მ განაცხადა, რომ ელიტურმა რუსულმა ქვედანაყოფებმა, რომლებიც კონტრშეტევაში უკრაინის ჯარების წინსვლას ეწინააღმდეგებიან, „სავარაუდოდ, მძიმე დანაკარგები განიცადეს ისევე, როგორც ბახმუტის სამხრეთით მდებარე რუსულმა შენაერთებმა. ISW-ის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა დონის დეგრადაცია განიცადეს რუსულმა დანაყოფებმა ხსენებულ სექტორში და რომ დანაკარგები შეიძლება, განსხვავდებოდეს ერთეულების მიხედვით. თუმცა, ISW-მ განმარტა, რომ „ამჟამად ხელმისაწვდომი მტკიცებულებები“ მიუთითებს მძიმე დანაკარგებზე, მათ შორის საბრძოლო ეფექტიანობის დაკარგვაზე ელიტურ რუსულ ქვედანაყოფებს შორის.
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები ცნობილია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 005.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით მეტია - აქედან ექსპორტი 4 079.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 14.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 925.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8 პროცენტით). „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, 5 846.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტია. „2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (567.8 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (552.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (461.4 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 644.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 225.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 190.1 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 944.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 686.9 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 240.0 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 368.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 411.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 169.3 მლნ. აშშ დოლარით (4.2 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 957.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 716.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 354.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.6 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 567.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა სომხეთი 552.3 მლნ. აშშ დოლარითა და მესამეზე – რუსეთი 461.4 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 1 644.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 225.5 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 1 190.1 მლნ. აშშ დოლარით. ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 368.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 411.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 169.3 მლნ. აშშ დოლარით. საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 957.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 716.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 354.3 მლნ. აშშ დოლარით. წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 079.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 47.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 22.1 პროცენტით შემცირდა და 1 930.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. უწყების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი – 365.1 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 262.5 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 223.9 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 406.6 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 21.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 168.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 114.9 მლნ. აშშ დოლარით.
ბაქომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიების“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბაქომ არაღიარებულ ყარაბაღში, სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარეობს სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების საცეცხლე წერტილების, აგრეთვე საბრძოლო აქტივებისა და სამხედრო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით. „დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ჩვენი ტერიტორიებიდან განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების მიზნით, ასევე ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობის, სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად,“ - აცხადებენ უწყებაში. „ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს. ხდება მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა“, - აღნიშნავენ უწყებაში. ამასთან, სომხური მედია არაღიარებული ყარაბაღის ე.წ.ეროვნული ასამბლეის წევრზე, მეტაქსე აკობიანზე დაყრდნობით წერს, რომ „აზერბაიჯანი სტეფანაკერტს ბომბავს.“ „ომი. ბავშვები სკოლაში. დაბომბვა უკვე ნახევარი საათია გრძელდება. არ არის კავშირი. სკოლებიდან ბავშვების გასაყვანი მანქანები არ არის,“ - განაცხადა ე.წ. დეპუტატმა. დღესვე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა აღდამის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა. „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო ძალები არიან განლაგებული, ნაღმმტყორცნებისა და სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით, ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც აღდამის რაიონში არიან დისლოცირებული. შედეგად, აზერბაიჯანის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. დაჭრილ სამხედროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს,“ - ამბობენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში. უწყების ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა საპასუხო ზომები მიიღეს. ხსენებულ ცნობას სომხეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ და სიცრუეს უწოდებენ. „აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დეზინფორმაცია გაავრცელა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, რომ 19 სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის საგუშაგოებს, რეალობას არ შეესაბამება,“ - აღნიშნავენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში. მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება.
შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, ლიეტუვამ ქვეყანაში რუსეთის 1300-ზე მეტი მოქალაქე არ შეუშვა
დღეს ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები შემოიღეს. ამ პერიოდის განმავლობაში 1300-ზე მეტ ადამიანს ეთქვა უარი ლიეტუვაში შესვლაზე, ნათქვამია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის (VSAT) ინფორმაციაში. „ტურისტების რაოდენობა შემცირდა და ეს თითქმის განახევრდა,“ - განუცხადა VSAT-ის სპიკერმა გიდრიუს მიშუტისმა BNS-ს. 2022 წლის 19 სექტემბრიდან მიმდინარე წლის 18 სექტემბრამდე ლიეტუვაში რუსეთის დაახლოებით, 496 666 მოქალაქე შევიდა. მათმა უმრავლესობამ - (326 859) ტრანზიტით ისარგებლა. ლიეტუვამ ქვეყანაში შესვლის უფლება დართო რუსეთის 169 807 მოქალაქეს, რომლებიც ბინადრობის ნებართვას ფლობდნენ ლიეტუვაში ან ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანაში, მათ შორის არიან ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრები, სატვირთო მანქანების მძღოლები და გრძელვადიანი ეროვნული ვიზების მფლობელები. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშაა.
ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის ომის წინააღმდეგია, თუმცა აშშ-ს აკრიტიკებს
ირანის პრეზიდენტი თეირანსა და რუსეთს შორის ძლიერ კავშირებს აღიარებს, მათ შორის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაე საუბრობს, თუმცა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ირანი მოსკოვს იარაღით დაეხმარა. რაისმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთის ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის საუდის არაბეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, „კარგი ურთიერთობებისკენ ისწრაფვის.“ როგორც Newsweek-ი წერს, რაისი ამბობს, რომ „უკრაინის ომის წინააღმდეგია" და მზად არის შუამავლობისთვის. „ჩვენ არაერთხელ გამოვაცხადეთ, რომ მზად ვართ შუამავლობისთვის, რათა შეწყდეს საომარი მოქმედებები რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის,“ - განაცხადა რაისმა. ამასთან, ირანის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი, მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის როლს თამაშობს კიევისთის დიდი რაოდენობის სამხედრო დახმარების მიწოდებით. „ჩვენი შეკითხვა რჩება შეერთებული შტატების მიმართ. რატომ არის ასეთი მონდომება სამხედრო ტექნიკის მიწოდების, ვიდრე საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობის ხელშეწყობის,“ - დაინტერესდა ირანის პრეზიდენტი. რაისმა ხაზი გაუსვა, რომ თეირანის პოლიტიკაა რეგიონში კეთილმეზობლური ურთიერთობების ძიება ყველა (ძალასთან მიბმულ) ქვეყანასთან,“ - განაცხადა რაისმა. „თუ იყო რაიმე სისუტე, ეს არის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების ჩარევის გამო. თუ ჩარევა შეჩერდება, ეს ურთიერთობა გაუმჯობესდება,“ - განმარტა ირანის პრეზიდენტმა. ირანი დასავლეთმა არაერთხელ დაადანაშაულა, რომ მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში დრონებით ეხმარება. აშშ თეირანის ამ შესაძლებლობების შეზღუდვის მიზნით, ირანულ კომპანიებს სანქქციებსაც უწესებს. აშშ სანქციებს უწესებს საერთაშორისო ქსელს, რომელიც ირანს დრონების წარმოებაში ეხმარება
მასკის თქმით, Twitter-ით სარგებლობა ფასიანი იქნება
ილონ მასკმა განაცხადა, რომ X, მანამდე ცნობილი როგორც Twitter-ი, აპირებს, რომ სოციალური მედიის პლატფორმის მომხმარებლებისთვის მცირე ყოველთვიური გადასახადი დააწესოს, რათა „ბოტების დიდი არმიის წინააღმდეგ იბრძოლოს.“ Twitter-ის ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი, რომელსაც ახლა X Premium ჰქვია, ამჟამად აშშ-ში თვეში 8 დოლარი ღირს. მასკმა Twitter 2022 წელს 44 მილიარდ დოლარად იყიდა. წელს კომპანიას სახელი შეუცვალა და X დაარქვა.
ოსტინი: დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეს, უკრაინელი ხალხი სამართლიანი მიზნისთვის იბრძვის
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისტორია აჩვენებს მშვიდობიანი მეზობლის ტერიტორიაზე პუტინის დაუდევარი, სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრის მთელ უგუნურებას. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, მთელი ამ ტრაგიკული ომის განმავლობაში პუტინი ცდილობდა უკრაინელი ხალხის დემორალიზებას და ამის ნაცვლად მან რუსი სამხედროების დემორალიზება მოახდინა, კრემლმა კი, თავისი აშკარა აგრესიის გამო საკუთარი თავის იზოლირება მოახდინა. „ისტორია აჩვენებს მშვიდობიანი მეზობლის ტერიტორიაზე პუტინის დაუდევარი, სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრის მთელ უგუნურებას. ამ ომში დრო პუტინის სასარგებლოდ არ მუშაობს. დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეზე, რომელიც იწყებს იმპერიულ ომს და დრო არასოდეს არის აგრესიის მხარეზე. უკრაინელი ხალხი თავდაცვის მიზნით იბრძვის სამართლიანი მიზნისთვის. ისინი იბრძვიან თავიანთი მომავლის გადასარჩენად და თავისუფლებისთვის,“ - განაცხადა ოსტინმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს. საერთაშორისო ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრა რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გაიმართა. შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გახსნა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა იმსჯელეს უკრაინის მოკლევადიან და გრძელვადიან საჭიროებებზე. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
ნორვეგია უკრაინას 50-მდე ტვირთმზიდს გაუგზავნის
ნორვეგია უკრაინას დაახლოებით, NM199 (M548)-ის ტიპის 50 ტვირთმზიდს გადასცემს. ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.„ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიწოდების ჯაჭვი უზრუნველვყოთ იმ ადგილებში, სადაც გზები არ არის”, - თქვა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა. სამინისტროს ცნობით, ავტომობილს ბორბლიანი მანქანებისთვის მიუწვდომელ რელიეფზე მანევრირება შეუძლია. აქედან გამომდინარე, ისინი მნიშვნელოვანი დანამატია ბორბლიანი სატვირთო მანქანებისთვის საქონლის ტრანსპორტირებისთვის. ტვირთგამტარებს შეუძლიათ საბრძოლო მასალის, საკვებისა და წყლის ტრანსპორტირება უკრაინის ჯარებისთვის საველე ადგილზე.
თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს
19 სექტემბერს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჩატარდა. პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდარავამ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ მიულოცეს. ქართული ავიაციის დაარსებიდან 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები - “გენერალი კვინიტაძე”, “გენერალი მაზნიაშვილი" და “სამშობლოსთვის თავდადებული”, ასევე საშტატო იარაღი გადაეცათ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრება სამხედრო აეროდრომზე წარმოდგენილი ტექნიკის დასათვალიერებლად გადაინაცვლეს. საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე 19 სექტემბერს აღინიშნება. 1992 წელს, სწორედ ამ დღეს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.
ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს გენერალური პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.“ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება. „მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს პროკურატურის მიმართ დეზინფორმაციის განახლებული კამპანიის წამოწყებას, რომლის მიზანიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა, რათა დეზინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ხელი შეუშალონ ამ უწყების ნორმალურ საქმიანობას. ბოლო დღეებში, აღნიშნული დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში, მრავლად მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადებები ოთარ ფარცხალაძის ვითომდა კავშირებზე საქართველოს პროკურატურასთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც მსგავს ტყუილებს ვისმენთ გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენი უწყების მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან მათ მოეთხოვათ შესაბამისი მტკიცებულებების გასაჯაროება ანდა მსგავსი ცილისმწამებლური განცხადებების შეწყვეტა, მათ მიერ არასდროს არ წარმოდგენილა არცერთი მტკიცებულება მათი განცხადებების დასასაბუთებლად. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ აგრძელებენ პერმანენტული ტყუილებით პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობებს. პროკურატურის და მისი ხელმძღვანელი პირების, თანამშრომლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ძირითადად ის კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომლის წარმომადგენლების მიმართ, წლებია, სამართალწარმოება არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პროპაგანდისტული დეზინფორმაციის მიზანი უწყების საქმიანობისთვის ხელის შეშლაა, რათა წლების განმავლობაში ჩადენილ დანაშაულზე პასუხი არავის მოეთხოვოს და პასუხისგებას გაექცნენ, რაც, რა თქმა უნდა, არავის გამოუვა. რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, მან საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა 2013 წელს და მას შემდეგ არანაირი შემხებლობა საქართველოს პროკურატურის საქმიანობასთან არ ჰქონია და არც შეიძლება, რომ ჰქონოდა. ასევე არანაირი შემხებლობა არ ჰქონია მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან. ამ ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი ხაზი სწორედ ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირებაა, რაც მარტივად გარკვევადია. როგორც აღვნიშნეთ, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა 2013 წელს, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაიწყო 2014 წლის 28 ივლისს, მხოლოდ ამ თარიღებითაც კი ნათლად ჩანს მსგავსი სპეკულაციების აშკარა სიყალბე. რაც შეეხება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალურად ამ საქმეებისთვის საქართველოს პროკურატურამ შექმნა საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო, რომელმაც შეისწავლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიებები. ხაზი უნდა გაესვას, რომ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტი შეაფასეს სწორედ ხსენებულმა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტებმა – ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილმა უფროსმა, პოლ კოფიმ, ისრაელის ყოფილმა სახელმწიფო პროკურორმა, მოშე ლადორმა და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთის დედოფლის იურისტმა, სერ ჯეფრი ნაისმა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად. გვინდა, საზოგადოება დავარწმუნოთ, ეს მსგავსი მცდელობები ჩვენს საქმიანობაზე ვერ იმოქმედებს. საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას და პროკურატურის საქმიანობა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა სრულად იქნება დაცული საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების და ამ საკითხთან საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ რეაგირებას, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის, უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, მომავალშიც ჩვენ შევეცდებით საზოგადოების პროაქტიული ინფორმირებით დეზინფორმაციის მავნებლური შედეგების მინიმუმამდე შემცირებას. საქართველოს პროკურატურა პასუხს გასცემს ყველა ამ ტიპის ყალბ ბრალდებას და დეზინფორმაციას, რათა საზოგადოებამ იცოდეს ობიექტური სიმართლე“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, გარკვეული ძალები ომში სომხეთის ჩართვას ცდილობენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები ომში სომხეთის ჩათრევას ცდილობენ. ფაშინიანის თქმით, ისინი არ მისცემენ საშუალებას არც შიდა და არც გარე ძალებს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ. ფაშინიანმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის მიერ დაწყებული „ანტიტერორისტული ოპერაციის“ საპასუხოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის დაბომბვა დაიწყეს. „პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე, ასევე გარკვეული დროის წინ დაიწყეს ოპერაცია მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზის გასარღვევად და პოზიციების, გარკვეული მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის დასახლებული პუნქტების ასაღებად. აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდისთვის, სომხეთს არავისთვის მიუნიჭებია მანდატი მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის ჩასატარებლად. გარკვეული ძალები, როგორც შიდა, ისე გარე, სომხეთის ომში ჩართვას ცდილობენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში არ არიან. მათ ეს არ გამოუვათ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, კერძოდ, ემოციური თვალსაზრისით, ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა გარკვეულ ძალებს, არც შიდას და არც გარეს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.