ძებნის რეზულტატი:
კანადა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესასყიდად, საერთაშორისო ფონდში $24,5 მილიონს შეიტანს
კანადა, დიდი ბრიტანეთის ინიციატივით შექმნილ უკრაინის საერთაშორისო დახმარების ფონდში 24,38 მილიონი აშშ დოლარს შეიტანს შემოწირულობის სახით. ამის შესახებ კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა. კანადის მიერ გადარიცხული ფული უკრაინისთვის ასობით მოკლე და საშუალო მანძილის საზენიტო რაკეტისა და მასთან დაკავშირებული სისტემების შეძენას მოხმარდება. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში, კანადის დახმარების ჯამური ოდენობა 8 მილიარდ დოლარზე მეტია. აქედან 1,8 მილიარდზე მეტი სამხედრო დახმარებაზე დაიხარჯა.
ერევანში ადგილობრივი არჩევნები იმართება
17 სექტემბერს ერევანში ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ირჩევენ. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველ წინასწარი შედეგებს სავარაუდოდ, შუაღამისას გამოაცხადებს. სომხური მედიის ცნობით, ეს პროცესი 18 სექტემბრის დილამდე გაგრძელდება. პარტიული სიების ლიდერები ერევნის მერის პოტენციური კანდიდატები არიან. თუ პოლიტიკური პარტია მოახერხებს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მანდატების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას (33), მისი წარმომადგენელი კანონის ძალით, ანუ მექანიკურად, ერევნის მერი გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება პოლიტიკური კოალიციების შექმნის პროცესი. ერევნის უხუცესთა საბჭოს 65 ადგილისთვის 13 პოლიტიკური პარტია და ერთი ბლოკი იბრძვის. ერევანში ხმის უფლების მქონეთა რიცხვი 825 ათასია. ისინი მთელი ქვეყნის ამომრჩევლების თითქმის მესამედს შეადგნენ. მმართველი - „სამოქალაქო ხელშეკრულებიდან“ ერევნის მერობის კანდიდატია მოქმედი ვიცე-მერი, ტიგრან ავინიანი. მის მთავარ მეტოქედ მიიჩნევენ ერევნის ყოფილ მერს - აიკ მარუთიანს პარტიიდან - „ეროვნული პროგრესი“.
ყვარლის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაისეტყვა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები, შილდა, გრემი და ალმატი. ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტს.
შავი ზღვის გავლით უკრაინის პორტში ორი სატვირთო გემი შევიდა
შავი ზღვის გავლით, ახალი მარშრუტით, უკრაინის ჩორნომორსკის პორტში ორი სატვირთო გემი შევიდა. BBC-ის თანახმად, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთთან მარცვლეულის შეთანხმების ჩაშლის შემდეგ სამოქალაქო გემებმა უკრაინის პორტს მიაღწიეს. მანამდე დერეფანი მხოლოდ უკრაინიდან გამგზავრებული გემებისთვის გამოიყენებოდა. უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გემები ხორბალს ეგვიპტესა და ისრაელს მიაწვდიან. შეგახსენებთ, დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. უკრაინის პრეზიდენტმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ „შავი ზღვის“ მარცვლეულის დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს
კიევმა და ბერლინმა პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს
უკრაინისა და გერმანიის დედაქალაქებმა - კიევმა და ბერლინმა პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. კიევმა აპრილში ხელი მოაწერა პარტნიორობის მემორანდუმს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენთანაც. „ბერლინი თავისუფლების ქალაქია. დღეს კი, ქალაქის მერმა, კაი ვეგნერმა სიმბოლურად აჩვენა, რომ კიევი, უკრაინა ყოველთვის თავისუფალი იქნება და იქნება ევროპული ოჯახის ნაწილი,“ - წერს კლიჩკო.
უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქის სოფლის გათავისუფლების შესახებ იუწყებიან
უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი კლიშჩიივკა რუსეთის კონტროლისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინული მედია სამხედროებზე დაყრდნობით წერს. „კლიშჩიივკა ჩვენია! ლიუტის ბრიგადის მებრძოლებმა თავდაცვის ძალების თანამებრძოლებთან ერთად, გათავისუფლებული სოფლის თავზე უკრაინის დროშა დააბრუნეს," - იტყობინება ბრიგადა. კლიშჩიივკა რუსეთის ძალებმა იანვარში დაიკავეს. სოფლის გათავისუფლება მიუთითებს ამ ღერძის მნიშვნელოვან მიღწევაზე უკრაინის შეტევითი ოპერაციებისა, რომელიც ხსენებულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, სამხრეთ ფრონტის ხაზზე უფრო ფართოდ გავრცელებულ კონტრშეტევამდე. 15 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა ჯარებმა გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის კიდევ ერთი პატარა სოფელი ანდრეევკა.
CNN: ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის დროს, კონგრესში სიტყვით გამოვა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს შეხვდება. ზელენსკის ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში 21 სექტემბერს ელოდებიან. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN იუწყება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ზელენსკისთვის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მეორედ ჩადის. ზელენსკი კონგრესში სიტყვით ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე გამოვა. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის უკრაინელ კოლეგას თეთრ სახლში უმასპინძლებს, რაც მანამდე მისმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა დაადასტურა. ზელენსკის ვიზიტი დაიგეგმა იმ დროს, როდესაც აშშ-ის კონგრესი განიხილავს თეთრი სახლის მოთხოვნას უკრაინისთვის დამატებითი, 23 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ. მისი დამტკიცების საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან რესპუბლიკურ პარტიაში ამ ამასთან დაკავშირებით სერიოზული უთანხმოებაა. NYT: ზელენსკი მომავალ კვირაში ვაშინგტონს ეწვევა
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, ასევე, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები მიმოიხილეს და სამომავლოდ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დასახეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ და თურქეთმა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც აისახა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებაში. მისი თქმით, არსებული რეგიონული პროექტები ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია საქართველოსა და თურქეთს შორის, რაც მეტ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და მედეგობას მოუტანს ორივე ქვეყანას. „მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საკითხების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე – ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი ტერიტორია მაქსიმალურად უნდა გავათავისუფლოთ, პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კონტრშეტევა სწრაფად არ მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინული ჯარები წინ მიიწევენ. CBS-ის შეკითხვას, რამდენად შეუშლის ხელს უკრაინის არმიას ამინდის გაუარესება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ შეძლებისდაგვარად უნდა გაგრძელდეს ტერიტორიის თუნდაც მცირე მონაკვეთების დეოკუპაცია და პუტინს მოსვენების საშუალება არ უნდა მისცენ. „ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორია მაქსიმალურად და წინ წავიწიოთ, თუნდაც ის [ნახევარ მილზე ან ას [მეტრზე] ნაკლები იყოს, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ", - აღნიშნა ზელენსკიმ. „რთული სიტუაციაა, სრულიად გულწრფელი ვიქნები. ჩვენ გვაქვს ინიციატივა. ეს არის პლუსი. ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის შეტევა და გადავედით კონტრშეტევაზე და მიუხედავად იმისა, რომ ეს კონტრშეტევა არ არის ძალიან სწრაფი, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად წინ მივიწევთ და ტერიტორიის ვათავისუფლებთ," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კირილ ბუდანოვი: რუსეთსა და ყირიმს შორის სახმელეთო კომუნიკაციების გაწყვეტის ოპერაცია, შეიძლება, ზამთრამდე დასრულდეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის სახმელეთო კომუნიკაციების გაწყვეტის ოპერაცია ზამთრის დადგომამდე შეიძლება, დასრულდეს. ბუდანოვის თქმით, რუსეთი ახლა ახორციელებს არასაკმარისი რეზერვების განთავსებას, რომელთა განლაგებასაც ოქტომბრის ბოლომდე არ აპირებდა. „იმის საპირისპიროდ, რასაც რუსეთის ფედერაცია აცხადებს, მას აბსოლუტურად არ აქვს სტრატეგიული რეზერვი. რუსეთის 25-ე კომბინირებული შეიარაღების არმიას, რომელიც ნაადრევადაა განლაგებული აღმოსავლეთ ფრონტზე ლიმანისა და კუპიანსკის გარშემო, აქვს იმ ცოცხალი ძალის მხოლოდ 80% და აღჭურვილობის 55%, რომელიც უნდა ჰქონოდა," - განაცხადა ბუდანოვმა. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კონტრშეტევაში კარგად მომზადებული მტრის წინააღმდეგ წინსვლის ნელი ტემპი უბრალოდ რეალობის ანარეკლია. „ფანქარი ძლიერია თუ სუსტი? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებ მას. კონტრშეტევა გრძელდება. უკრაინას ჯერ კიდევ აქვს დრო. ტალახის სეზონის დაწყებამდე თვეზე მეტია დარჩენილი და ეს ფაქტია,“ - განაცხადა ბუდანოვმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს რუსეთში შეხვდება
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი 18-21 სექტემბერს ვიზიტით რუსეთს ეწვევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ვან ი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება და შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. უწყების თანახმად, დიალოგი ასევე მოიცავს "აზრების დეტალურ გაცვლას უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე". მოსალოდნელია, რომ ვან ის ვიზიტი, სავარაუდოდ, საფუძველს ჩაუყრის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტს. პუტინი პეკინში, შესაძლოა, ოქტომბერში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მესამე ფორუმზე დასასწრებად ჩავიდეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის პრეზიდენტმა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. „გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. შეხვედრაზე განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისა და ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების გზები,” - აღნიშნავს პრემიერი.
ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებები იყო
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, საპორტო ქალაქ სევასტოპოლში აფეთქებები 17 სექტემბერს საღამოს დაფიქსირდა, იტყობინებიან ადგილობრივი მედია და ტელეგრამ არხები. უკრაინის დაზვერვის წყაროს თანახმად, რომელსაც „უკრაინსკაია პრავდა“ ციტირებს, აფეთქებები უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და ქვეყნის საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაციის ნაწილი იყო. ყირიმის ადგილობრივი ტელეგრამ არხი "Krymksy Veter" იტყობინება, რომ აფეთქებები ისმოდა იმ რაიონში, რომელიც ცნობილია რუსეთის რადიო დაზვერვისა და საჰაერო თავდაცვის ობიექტების მდებარეობის მახლობლად. თავდასხმიდან მალევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი უკრაინული თვითმფრინავი ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩამოაგდეს. 13 სექტემბერს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში გემთმშენებელ ქარხანაზე დარტყმამ დააზიანა რუსული სადესანტო ხომალდი, წყალქვეშა ნავი და პორტის ინფრასტრუქტურა.
მედიის ცნობით, ხერსონის მერი კვლავ რუსეთის ტყვეობაშია
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ უკრაინის ქალაქ ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი, რომელიც პოსტს 2022 წელს რუსეთის შეჭრის დროს იკავებდა, ტყვეობაში იმყოფება. ამის შესახებ კოლიხაევის ვაჟმა სვიატოსლავმა განაცხადა. მერის ზუსტი ადგილმდებარეობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. „წითელ ჯვარს დავუკავშირდი და მათ მხოლოდ მითხრეს, რომ რუსულმა მხარემ მამაჩემი სამხედრო ტყვეთა სიაში შეიყვანა,“ - განაცხადა სვიატოსლავ კოლიხაევმა. იგორ კოლიხაევი გასული წლის ივნისში რუსმა სამხედროებმა მერი მისი ოფისიდან გაურკვეველ ადგილას წაიყვანეს. დიდი ხნის განმავლობაში კოლიხაევი დაკარგულად ითვლებოდა. 2022 წლის ნოემბერში რუსეთის ჯარები დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გავიდნენ და ხერსონი დატოვეს. ახლა ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას უკრაინის სამხრეთის რეგიონის სამხედრო პროკურორის ყოფილი მოადგილე რომან მროჩკო ასრულებს.
ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
17 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. უწყების თანახმად, ილია დარჩიაშვილმა ანალენა ბერბოკს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით გაწეული ძალისხმევის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. „მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა მიმდინარე წელს, საქართველოში გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის მნიშვნელობას. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, გერმანიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78- სესიაში მონაწილეობს. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ბერბოკმა მიმდინარე წლის სექტემბერში განაცხადა, რომ უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო, ევროკავშირის წევრები გახდებიან. გერმანელი დიპლომატი საქართველოს ვიზიტით ასევე მიმდინარე წლის მარტში სტუმრობდა. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია. „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. აღსანიშნავია, რომ ჯოზეფ ბორელი 7 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.
ბუდანოვმა რუსეთში დრონების გაშვების სამი მიზანი დაასახელა
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა The Economist-თან ინტერვიუში ისაუბრა რუსეთში უპილოტო თვითმფრინავების გაშვების სამ ძირითად მიზანზე. მან მიუთითა აგრესორი ქვეყნის „კომფორტის ზონიდან" გამოყვანის აუცილებლობაზე. ბუდანოვის მიერ ჩამოთვლილ მიზნებში შედის: რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის მარაგის ამოწურვა, სამხედრო ტრანსპორტის და ბომბდამშენების შესაძლებლობების შესუსტება და სამხედრო წარმოების ობიექტებისთვის ზიანის მიყენება. ამ უკანასკნელი მიზნის მაგალითად მან ტვერის ოლქში სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანაზე ბოლო დარტყმა მოიყვანა. გარდა ამისა, ბუდანოვის თქმით, დრონების გაშვების მიზანი ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხიც არის - მაგალითად, როგორც საშუალება რუსეთის მოსახლეობაში შფოთვის დათესვისა და ქვეყნის შიგნით ეკონომიკური პროცესების კონტექსტში არსებული სტატუს კვოს დანგრევა. ბუდანოვი ხაზს უსვამს, რომ მაგალითად, სანქტ-პეტერბურგისა მოსკოვის აეროპორტი თითქმის ყოველდღე იხურება. დაზვერვის უფროსს მიაჩნია, რომ „დრონები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობენ უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლების ოპერაციებს.“
სუს-ის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში ხელისუფლების დამხობას გეგმავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა. სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული “პრორუსულობის“ ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის. აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. ხაზგასასმელია ის, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით. დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით. ხსენებული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამოდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება. ასევე ცნობილია, რომ გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციების მიმდინარეობის ადგილას, კერძოდ ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეტანილი იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. აღნიშნულმა, მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ხსენებული პროვოკაციები, ორგანიზატორების მიერ, პირველად არ დაგეგმილა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა წარსულში ისინი აღკვეთილ იქნა სამართალდამცავების ეფექტური და პრევენციული რეაგირების მეშვეობით. არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით, განსხვავებით წინა შემთხვევებისაგან, ამჟამინდელი გეგმა წარმოადგენს გაცილებით მაღალი რისკის შემცველ ფაქტორს, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს რიგითი მოსახლეობის სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას. აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციაში ახორციელებს და განახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებას. ასევე, დამატებითი ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით, სამსახური ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან სამხრეთით, საერთო ჯამში, 260 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიაა გათავისუფლებული - მალიარი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, ბახმუტთან ახლოს 2 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს, სამხრეთ ფრონტზე კი 5.2 კვადრატული კილომეტრი, მალიარის თქმით, უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე ბახმუტის მიდამოებში სულ 51 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული. „რობოტინოს სამხრეთით და აღმოსავლეთით წარმატებას მივაღწიეთ და გასულ კვირას, სამხრეთის მიმართულებით, 5.2 კვ.კმ ტერიტორია გათავისუფლდა “, - აღნიშნა მალიარმა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან სამხრეთით, საერთო ჯამში, 260 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიაა გათავისუფლებული.
კახეთში სეტყვამ 30-მდე სოფელი დააზარალა
კახეთის სამ მუნიციპალიტეტში: ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში, სულ მცირე, 30-მდე სოფელში სტიქიის შედეგებს ითვლიან. 17 სექტემბრის საღამოს მოსულმა სეტყვამ ყველაზე მეტად ყვარლის სოფლები გრემი, ენისელი, ალმატი და საბუე დააზარალა. რადიო თავისუფლების ცნობით, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსავლის თითქმის 100 პროცენტი განადგურებულია. სოფელ გრემში, რომელიც ქინძმარაულის ზონად ითვლება, ათეულობით მევენახეს ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდა. ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდათ ენისელში, ალმატსა და საბუეშიც. სტიქიამ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიც დაუზიანა - გადახდილია სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროტექნიკა. როგორც სოფელ საბუეში ამბობენ, მსგავსი სტიქია არ ახსოვთ. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დააზარალა თელავისა და ლაგოდეხის სოფლებიც. დაზიანებულია ვენახები, ხეხილის ბაღები და სხვა ერთწლიანი კულტურები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაიხოცა შინაური ფრინველი. ბოლო ორ კვირაში სტიქიამ კახეთი მესამედ დააზარალა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან მოსახლეობას მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ზიანს უნაზღაურებენ.
მედიის ცნობით, ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე იპოვეს დრონი, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამაგრებული
ბულგარეთის ნაციონალური რადიოს ცნობით, NATO-ს წევრი ქვეყნის ბულგარეთის შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ ტიულენოვოს მახლობლად იპოვეს დრონი, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამაგრებული. BNR-ის ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თვითმფრინავის შესახებ პოლიციას შეატყობინეს და ტერიტორია ალყაში მოაქციეს. მიმდებარე სასტუმროდან ტურისტების, დაახლოებით 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ექსპერტებმა შემთხვევის ადგილიდან კადრები გააანალიზეს და განაცხადეს, რომ ნაპოვნია დრონი, რომელზეც 82 მმ-იანი ნაღმტყორცნი იყო მიმაგრებული. ტიულენოვოში ბულგარეთის საზღვაო ძალების მესაზღვრეების გუნდი გაემგზავრა. რუმინეთში სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ნამსხვრევები მესამედ იპოვეს