ძებნის რეზულტატი:
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს. კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა როგორც სავარგულები, ასევე საცხოვრებელი სახლები. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ზარალის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება. „პრემიერ-მინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ აღნიშნული უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაურდება. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან და არც ერთი მოსახლე არ დარჩება ყურადღების გარეშე,“ – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
უნგრეთის ასამბლეის სპიკერი: ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწორონ შეცდომა, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს
უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ლასლო კიოვერისმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწრონ ის შეცდომა, რაც იყო ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილებაში, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას.“ კიოვერისმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უბრალოდ კი არ იმსახურებს ამ სტატუსს, საქართველო, ყველა გაგებით, არის ქრისტიანი ევროპის ნაწილი. „საქართველოში მეორედ ვარ. პირველად 2011 წელს ვიყავი. საკუთარი თვალით ვხედავ იმ უდიდეს პროგრესს, რასაც ქვეყანამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მიაღწია, ეკონომიკისა და ცხოვრების სხვა ასპექტების მხრივ. ეს წინსვლა უდავოა. რაც შეეხება თქვენს დაახლოებას ევროკავშირთან, მიგვაჩნია, რომ ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწორონ ის შეცდომა, რაც იყო ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილებაში, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას. საქართველო უბრალოდ კი არ იმსახურებს ამ სტატუსს, საქართველო, ყველა გაგებით, არის ქრისტიანი ევროპის ნაწილი. ეს არის ევროპაში, ქრისტიანობის მეორე უძველესი ქვეყანა. მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად არ არის ბოლო რიგებში, ეს არის პირველ ან მეორე ადგილზე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ამიტომ საქართველოს ადგილი ნამდვილადაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ძალიან ხმამაღლა ვამბობდით და ამას გავაგრძელეთ, ასევე, როცა საჭირო იქნება, ქმედებითაც გამოვხატავთ მხარდაჭერას. ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გზაზე საქართველოს კიდევ მეტი პროგრესი ექნება და იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ და არამხოლოდ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს განაცხადს, NATO-ზეც. NATO არის ამ რეგიონში უსაფრთხოების გარანტიის ერთადერთი საშუალება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს,“ - განაცხადა ლასლო კიოვერისმა.
ერდოღანმა მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენება სთხოვა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, სთხოვა, თურქეთში Tesla-ს ქარხანა ააშენოს. Reuters-ი თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით წერს, რომ მასკის თქმით, Tesla-სთან უკვე ბევრი თურქი მომწოდებელი მუშაობს და თურქეთი მისი შემდეგი ქარხნის ასაშენებლად ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატია. ერდოღანმა მასკი სექტემბრის ბოლოს იზმირში დაგეგმილ კოსმოსურ და ტექნოლოგიების ფესტივალ Teknofest-ზე დასასწრებად მიიწვია და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეს მიწვევა მიიღო. ცნობისთვის, ილონ მასკმა მაისში განაცხადა, რომ კომპანია ახალი ქარხნისთვის ადგილს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე შეარჩევს. Tesla-ს ამჟამად ექვსი ქარხანა აქვს და მეშვიდეს მექსიკაში აშენებს.
ავსტრალია F-35-ის ტიპის 6 საბრძოლო თვითმფრინავს ინდონეზიაში, წვრთნებისას პირველად განათავსებს
ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალები (RAAF), F-35-ის ტიპის 6 საბრძოლო თვითმფრინავს პირველად განათავსებს. 18-დან 28 სექტემბრამდე, წვრთნები - Elang AUSINDO 23 მანადოში, ჩრდილოეთ სულავესში ჩატარდება. ინფორმაციას ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. წვრთნები მოიცავს RAAF-ის 150 პერსონალის წვრთნას 160 ინდონეზიელ პერსონალთან ერთად. ინდონეზიის საჰაერო ძალები საჰაერო საბრძოლო მისიისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს განათავსებს. „Elang AUSINDO არის რეგულარული კომბინირებული აქტივობა, რათა გაიზარდოს ჩვენი ერთობლივად მოქმედების უნარი,“ - განაცხადა ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.
კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე: საჭიროა მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საქმეზე, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უფრო მეტი ინფორმაციის გაჟღერებაა საჭირო. კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორზე როდესაც არის საუბარი და ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება, საქართველოს მოსახლეობისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა არის მიზეზები. „პირველ რიგში, ალბათ, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, უფრო მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქეზე ამბობენ, რომ სანქცირებულია და კონკრეტულ ბრალდებაზეა საუბარი, უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მათი მხრიდან წარმოდგენილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ [სუს-მა] შესწავლა დაიწყო, ალბათ, შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევაში, როდესაც ვიზების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა ახსნა-განმარტებაში ვერავინ ვერაფერი გაიგო - რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რას უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, სულ მცირე, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა არის მიზეზები და უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს გაჟღერებული,“ - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთში ჩასვლამდე, მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან გამართა
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ორი დღის განმავლობაში, მალტაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ორივე მხარე ამბობს, რომ „გულწრფელი, არსებითი და კონსტრუქციული“ დიალოგი შედგა. აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ მხარეები შეთანხმდნენ „მნიშვნელოვან სფეროებში დამატებით კონსულტაციებსა და ჩართულობაზე, მათ შორის მაღალ დონეზე.“ აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი 18-21 სექტემბერს ვიზიტით რუსეთს ეწვევა. ჩინელი დიპლომატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
დეკემბრის შემდეგ პირველად, „წითელმა ჯვარმა“ ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ყარაბაღის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების კოლონები ერთდროულად გაგზავნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დღეს, ლაჩინის დერეფნისა და აღდამის გზის გავლით, ხორბლის ფქვილს და საჭირო სამედიცინო ნივთებს იმ ადამიანებს აწვდი, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ“, - ნათქვამია განცხადებაში. დახმარება ყარაბაღში ერთდროულად სომხეთიდან ე.წ. ლაჩინის დერეფნით და აზერბაიჯანიდან აღდამის გავლით ჩადის. თავის მხრივ, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუმანიტარული დახმარება აღდამის გზის გავლით ხანკანდამდე მივიდა და ტვირთი უკვე დანაწილებულია. როგორც ცნობილია, სომხეთი, 2022 წლის დეკემბრის შემდეგ აზერბაიჯანს ყარაბაღის ბლოკადაში ადანაშაულებს. ერევანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი აფერხებს ე.წ. ლაჩინის დერეფნით სომხეთიდან ყარაბაღში ტვირთების გატარებას, რაც რეგიონში ჰუმანატარული სიტუაციას ამწვავებს. ბაქო ამ ბრალდებას უარყოფს. მიმდინარე თვის დასაწყისში სომხურმა მედიამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ყარაბაღის „ოფიციალური პირები" დაეთანხმნენ ბაქოს მოთხოვნებს, გაეხსნათ აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა ლაჩინის დერეფნის ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მრჩეველმა, ჰიკმეტ ჰაჯიევმა ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ყარაბაღის უკანონო რეჟიმი არ გზების ერთდროულად გახსნასთან დაკავშირებით ბაქოს შეთავაზებას არ დაეთანხმა. მიღწეულია შეთანხმება მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უკრაინული მედია რადაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელზე, ტარას მელნიჩუკზე დაყრდნობით წერს, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს სამინისტროს სახელმწიფო მდივანიც. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს: ვლადიმერ გავრილოვი, როსტისლავ ზამლინსკი, ანა მალიარი, დენის შარაპოვი. ასევე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში, ანდრეი შევჩენკო და მინისტრის მოადგილე ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და გაციფროვნების საკითხებში ვიტალი დეინეგა. შეგახსენებთ, 5 სექტემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის გადადგომას მხარი დაუჭირა. კანონის თანახმად, მინისტრის გადაყენების შემდეგ, თანამდებობებს ტოვებენ მისი მოადგილეებიც. თავდაცვის ახალ მინისტრად რუსტემ უმეროვი დაინიშნა.
ჩინეთი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ბერბოკმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა
ჩინეთი ძალიან უკმაყოფილოა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებებით, რომელმაც პრეზიდენტ სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. შესაბამისი განცხადება პეკინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს. „ეს განცხადება „უკიდურესად აბსურდულია“ და სერიოზულად ლახავს ჩინეთის ღირსებას,“ განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა და ბერბოკის განცხადებებს „ღია პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მან დიპლომატიური არხებით შესაბამისი პოზიცია გამოხატა გერმანულ მხარესთან. ბერბოკმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა პეკინთან მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა - BBC ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პლენუმი პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე 80 დეპუტატის წარდგინებას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს. „მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაავრცელოს ინფორმაცია №1797 კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით („საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების (სულ 80 დეპუტატი) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე“). კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მომართეს 2023 წლის 12 სექტემბერს. კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, 14 სექტემბერს, წარდგინება დარეგისტრირდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში. ინფორმაცია №1797 კონსტიტუციური წარდგინების განხილვის თარიღის შესახებ გავრცელდება დამატებით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ „საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.“
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
18 სექტემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი - 19-20 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 სექტემბერს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვა, 20 სექტემბერს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს ავრცელებს. „თბილისში 18-19 სექტემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 სექტემბერს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 19-20 სექტემერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება.. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიატურა, საჩხერე, ხულო): 18 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 19-20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18 შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 19-20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 18-19 სექტემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 18-19 სექტემბერს წვიმა და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი, ხილო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 18-19 სექტემბერს შესაძლოა წვიმა აღინიშნოს. 20 სექტემბერს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 18-19 სექტემბერს შესაძლოა წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯონ მალკოვიჩი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე ვეღარ ითამაშებს
ამერიკელი მსახიობი, ჯონ მალკოვიჩი ჯანმრთელობის პრობლემის გამო, თბილისში ჩამოსვლას ვეღარ შეძლებს. ინფორმაცია საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის Facebook გვერდზე განთავსდა. მალკოვიჩი თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ელოდებოდნენ. მას გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, 7-8 ოქტომბერს სპექტაკლ - „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში" უნდა ეთამაშა.
ადვოკატი აცხადებს, რომ გიორგი ლორთქიფანიძეს შემხებლობა არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან
სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ლორთქიფანიძე საქართველოში უკვე 8 წელია, აღარ იმყოფება და არც რაიმე პოლიტიკური მიზნები აქვს. შოთა კახიძე ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს. გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატი შოთა კახიძე ამბობს, რომ წლების წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს შემხებლობა არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან. „სრული ბოდვაა სუსის დღევანდელი განცხადება. გიორგი ლორთქიფანიძე გამოირცხავს რაიმე სახის მონაწილებას განცხადებაში დასახელებულ პირებთან. ის 8 წელია, ქვეყანაში არ ყოფილა, იდევნება საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით. ეს პერიოდი ის აქტიურად არის ჩართული რუსეთ-უკრაინის ომში და იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. მას არანაირი შემხებლობა ქართულ პოლიტიკასთან არ აქვს, არანაირი პოლიტიკური მიზნები და ინტერესები საქართველოში არ აქვს. ნაცვლად იმისა, რომ სუს-ი განმარტებებს აკეთებდეს, რა სახის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასანქცირდა აშშ-ის მიერ სწორედ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო, ჩვენ ვისმენთ აბსურდულ და ცრუ ბრალდებებს,“ - განუცხადა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. გეგმის ერთ-ერთ ავტორად სუს-ი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძეს ასახელებს. „გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით,“ - აცხადებს სუს-ი.
უპრეცედენტო განხილვა ჰააგის სასამართლოში - უკრაინის სარჩელს მხარს 32 სახელმწიფო უჭერს
გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) უკრაინის სარჩელის შესახებ მოსმენები განაახლა. საქმე ეხება მოსკოვის მტკიცებას იმის შესახებ, რომ უკრაინაში მისი შეჭრა, გენოციდის თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა. უკრაინის სარჩელს მხარს სხდომაში მონაწილეობით 32 სახელმწიფო უჭერს. ისინი განცხადებებს 20 სექტემბერს გააკეთებენ. პირველი, გერმანია იქნება. უკრაინული მხარის განმარტებით, მის ტერიტორიაზე არ ყოფილა გენოციდი, რომლითაც პუტინი თავის შეიარაღებული აგრესიის გამართლებას ცდილობს. გარდა ამისა, კიევი რუსეთის ფედერაციას „უკრაინაში გენოციდის აქტების დაგეგმვაში“ თავად ადანაშაულებს. კიევის ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთი განზრახ კლავს და სერიოზულ ზიანს აყენებს უკრაინული ეროვნების ადამიანებს. ჰააგის სასამართლო განიხილავს რუსეთის მტკიცებას უკრაინაში გენოციდის თავიდან აცილების შესახებ იურისტები უპრეცედენტოდ აფასებენ იმ ფაქტს, რომ სასამართლო სხდომაში დამატებით, 32 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. DW-ს ცნობით, ამ ქვეყნებს შორის არის ევროკავშირის ყველა ქვეყანა უნგრეთის გარდა; ასევე ლიხტენშტეინი, ნორვეგია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია და ავსტრალია. სპეციალისტების თქმით, როგორც გენოციდის დანაშაულის შესახებ 1948 წლის კონვენციის მონაწილეებს, ამ ქვეყნებს პროცესში ჩართვის უფლება აქვთ. წინასწარი ინფორმაციით, ჩართული ქვეყნებიდან პირველი სიტყვით გერმანია გამოვა. უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგაში 2022 წლის თებერვალში შეიტანა. რვა ქვეყნის პარლამენტმა, მათ შორის უკრაინამ, უკვე აღიარა რუსული დამპყრობლების მიერ ჩადენილი ქმედებები გენოციდად. ჰააგის კიდევ ერთი სამთავრობათაშორისო ტრიბუნალი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ გამოსცა დაპატიმრების ორდერი გასცა. ინფორმაციისთვის, რუსეთის წარმომადგენელმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოც ახსენა. ის ამტკიცებდა, რომ საქართველო 2008 წელს ცდილობდა კონტროლის აღდგენას ორ სეპარატისტულ რეგიონზე ძალის გამოყენებით. შეგახსენებთ, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების აქვს ოკუპირებული, 2008 წლის ომის შემდეგ კი, მათი ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან რატომ არ შეუერთდა საქართველო გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდამჭერ 40-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას - საგარეო უწყების განმარტება შეგახსენებთ, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდასაჭერად, 40-ზე მეტი ქვეყნის სახელით ერთობლივ განცხადებაზე არმიერთების საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა. უწყებაში Europetime-ს განუცხადეს, რომ „გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე.“ ცნობისთვის, 40-ზე მეტმა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მხარდაჭერის შესახებ, გასული წლის ივლისში გაავრცელა.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის განხილვას გეგმავს - Bloomberg
ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მე-12 პაკეტის განხილვის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. პაკეტის წარდგენას ოქტომბრის დასაწყისში ელოდებიან. სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ტექნოლოგიების სფეროში და თხევადი გაზის აკრძალვის მიმართულებით სანქციების გამკაცრებას ითხოვს. ასევე, სავარაუდოდ, ახალ პაკეტში იქნება ბრილიანტის იმპორტის აკრძალვა. ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი ივნისში დაამტკიცა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს
ნიდერლანდებში ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში მუშაობს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. უკრიანული მედიის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა. ნიდერლანდების მთავრობის სააგენტომ, რომელიც ფინანსური დანაშაულების გამოძიებაზეა პასუხისმგებელი. კერძოდ, დაკავებულებს ბრალად ედებათ თვითმფრინავის ნაწილების რუსეთში ექსპორტის მიზნით მუშაობა, 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე. ნიდერლანდების საგამოძიებო მედიაპლატფორმის თანახმად, ამ ნაწილების არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ტაჯიკეთის გავლით ექსპორტი ხდებოდა. Follow the Money-მა გაარკვია, რომ კაცი თავდაცვის სამინისტროში 1990-იანი წლებიდან მუშაობდა, მაგრამ ახლა სამსახურიდან დაითხოვეს. ითვლება, რომ მის ასევე ეჭვმიტანილ ბიზნეს პარტნიორს არანაირი კავშირი არ აქვს ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროსთან. 14 სექტემბერს ორივე ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა 60 დღით გაუგრძელდა. საქმეში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ჩართვის გამო, გამოძიებაში სამხედრო პოლიციაც მონაწილეობს.
ბაიდენი გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოების ინიციატივით გამოდის - Telegraph
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოებას მოითხოვს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Telegraph-ი წერს. ბაიდენი წევრ ქვეყნებს სთხოვს, გადახედონ „უშიშროების საბჭოს არქიტექტურას“, განუცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ The Telegraph-ს. კირბის თქმით, ხუთი მუდმივი წევრია ჩინეთი, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მაგრამ ბაიდენი მხარს დაუჭერს ხუთ ან ექვს ახალ მუდმივ წევრს. „ინდოეთი, ბრაზილია, გერმანია, იაპონია და სამხრეთ აფრიკა "ნახსენები არიან როგორც შესაძლო წევრები," წერს Telegraph-ი. გაეროს უშიშროების საბჭო ამჟამად 15 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 10 არამუდმივია და ორი წლის ვადით აირჩევა. „თუმცა უშიშროების საბჭოს ნებისმიერი რეფორმა „მოითხოვს ცვლილებას გაეროს წესდებაში“, რომელსაც შესაძლოა, ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადონ,“ - წერს Telegraph-ი. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეას ეწვევა. მისი მეორე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 21 სექტემბერს, აშშ-ში ზელენსკი ასევე შეხვდება ბაიდენს და ამერიკელ სენატორებს.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-მდე ქართველი ემსხვერპლა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა.
ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. ეროვნული ბანკის განცხადებით, სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. „როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვალიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. სანქციათა მოთხოვნების შესრულების და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვისას ერთიანი მიდგომების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი.“ ზემოაღნიშნული მითითებისა და წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა მათ შორის, გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობის მიზნით, ეროვნულ ბანკში შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას / მონიტორინგს უწევს აღნიშნულ პროცესს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ამ მიმართულებით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი: ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საზოგადოებას დეტალური პასუხები უნდა გაეცეს. პრეზიდენტი „ყველაზე დიდ უბედურებას“ უწოდებს იმას, რომ ქვეყნის „გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ აგენტი ყოფილა. „ბატონმა კახამ [კალაძე] მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ვიზიტებია ევროპაში. არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომელიც უნდა ამას დღეს იძიებდნენ და პასუხისმგებლობა მათზე არის. მე აქ, თქვენს წინაშე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად, დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს