ძებნის რეზულტატი:

აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩები საქართველოს ეწვევიან

6-8 ნოემბერს, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დელეგაციას საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, ელჩები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. „აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ხორციელდება, რამდენადაც წინ უსწრებს ევროკომისიის მიერ ე.წ. „გაფართოების პაკეტის“ გამოქვეყნებას. ამ ფონზე, ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს. აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩებს ვიზიტის ფარგლებში საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებსა და ამ მხრივ უკვე არსებულ მნიშვნელოვან შედეგებს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქსტატი: სექტემბერში მშენებლობა გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.6 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ეს ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2-პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.71 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. უწყების ანგარიშით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 32.3-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 6.3-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 7.23 და 3.56 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.  

ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანალენა ბერბოკი „აზერბაიჯანული დასახლებების სომხური სახელებით მოხსენიებაში“ დაადანაშაულა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გერმანელი კოლეგა ანალენა ბერბოკი, ბაქოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანული დასახლებების სომხური სახელებით მოხსენიებაში დაადანაშაულა. „აუცილებელია საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა სუვერენული სახელმწიფოების ქალაქების სახელებთან დაკავშირებით. გერმანია აცხადებს, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, მაგრამ ქალაქ შუშასა და ხანქენდზე საუბრისას რატომღაც სომხურ სახელებს იყენებს,“ - განაცხადა ბაირამოვმა. აზერბაიჯანში ვიზიტის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, მაგრამ მოგვიანებით, ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში, მან ეს ღონისძიება, ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხეთიდან დევნილებთან შეხვდრად აღწერა.  „დასავლეთ აზერბაიჯანის საზოგადოებამ“ (საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს აზერბაიჯანელ ლტოლვილებს) ბერბოკი სიცრუეში“ დაადანაშაულა. ცნობისთვის, 8 ნოემბრის „გამარჯვების დღის აღლუმის წინ“, ხანქენდში აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი ქვეყნის დროშა 15 ოქტომბერს აღმართა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში, რომელსაც აზერბაიჯანელები ხანქენდს უწოდებენ, ხოლო ეთნიკური სომხები - სტეფანაკერტს.  

მოლდოვის ადგილობრივ არჩევნებში, კიშინიოვსა და სიდიდით მეორე ქალაქში სანდუს პარტიის კანდიდატები მარცხდებიან

მოლდოვაში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიის კანდიდატები დამარცხდნენ დედაქალაქ კიშინიოვსა და სიდიდით მეორე ქალაქ ბელციში. წინასწარი შედეგებით, კიშინიოვში პირველივე ტურში იმარჯვებს მოქმედი მერი, კომუნისტური და სოციალისტური პარტიების ყოფილი წევრი იონ ჩებანი, რომელმაც 2021 წელს შექმნა ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი ოპოზიციური პარტია „მოძრაობა ნაციონალური ალტერნატივა“(MAN). წინასწარი შედეგების მიხედვით, ოლქების ნაწილში მეორე ტური ჩატარდება. დედაქალაქ კიშინიოვში იმარჯვებს მოქმედი მერი, კომუნისტური და სოციალისტური პარტიების ყოფილი წევრი იონ ჩებანი. წინასწარი შედეგებით, მას ხმების 50,58% აქვს.  28,27%-ით მეორე ადგილზეა პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტიის, „მოქმედება და სოლიდარობის“(PAS) კანდიდატი ლილიან კარპი. პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. მმართველი პარტიის კანდიდატი სამეულშიც ვერ მოხვდა მოლდოვის სიდიდით მეორე ქალაქ ბელციში, სადაც წინასწარი შედეგების მიხედვით, მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული გაერთიანების, „ჩვენი პარტიის“ კანდიდატი ალექსანდრ პეტკოვი (22,6%) და დამოუკიდებელი კანდიდატი არინა კორშიკოვა(21,5%). მოლდოვაში ქალაქების და სოფლების ადმინისტრაციების 898 ხელმძღვანელს და ადგილობრივი საბჭოების 11 058 წევრს ირჩევენ. ამომრჩეველთა აქტივობა 41,4% იყო. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში, სადაც კენჭისყრაში ადგილობრივი ამომრჩევლების 25%-ზე ნაკლები მონაწილეობდა, ხელახალი არჩევნები ჩატარდება. მოლდოვის კანონმდებლობით, კონკრეტულ ოლქში არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში რეგისტრირებული ამომრჩევლების სულ მცირე 25% მონაწილეობდა.  

სლოვენიის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, მარიან შარეცი ეწვია. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. „თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვენიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვენიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც NATO-სთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. მინისტრმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში სლოვენიის აქტიური ჩართულობა, სამხედრო განათლებისა და სამხედრო სწავლებების კუთხით ერთობლივი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და სლოვენიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რაც თავდაცვის უწყებების დაახლოებასა და პარტნიორობის გაღრმავებას ითვალისწინებს. სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი პირველად განხორციელდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მარიან შარეცი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს

სამართალდამცავებმა კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს. საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ. დაკავებული ბადრაგის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მოსამართლე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავეს  

ზელენსკი: არ ვართ მზად, ჩვენი თავისუფლება ტერორისტ პუტინს დავუთმოთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები არ აპირებენ, მათი თავისუფლება ტერორისტ ვლადიმირ პუტინს დაუთმონ. „მე დიდი ძალა მაქვს. მაგრამ, როცა თავს ძლიერად მივიჩნევთ და დიდი ენერგია გვაქვს, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ გვსურს, ვიომოთ მთელი ცხოვრება, რადგან ეს ძვირად გვიჯდება იმიტომ, რომ ომი გვართმევს ჩვენს შორის საუკეთესოებს, საუკეთესო გმირებს, საუკეთესო კაცებს, ქალებს და ბავშვებს. მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად, ჩვენი თავისუფლება ტერორისტ პუტინს დავუთმოთ. აი, ამიტომ ვიბრძვით,“ განაცხადა ზელენსკიმ ამერიკული ტელეარხის ეთერში, რითაც უპასუხა შეკითხვას - “რა გიბიძგებთ წინსვლისკენ, ოდესმე თავი დამარცხებულად გიგრძვნიათ?“ მანამდე, ზელენსკიმ უარყო, რომ უკრაინის პარტნიორები მასზე ზეწოლას ახდენდნენ რუსეთთან მოლაპარაკების მიზნით. ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ყველამ იცის ჩემი პოზიცია, რომელიც იგივეა, რაც უკრაინელი ხალხის პოზიცია. ახლა ჩემზე ზეწოლას არავინ ახორციელებს. ეს ხდებოდა ომამდე და ომის დასაწყისში. რუსეთთან დასხდომა და მასთან ლაპარაკი, დათმობებზე წასვლა - ეს არ მოხდება," - განაცხადა ზელენსკიმ, რითაც გამოეხმაურა NBC-ის ინფორმაციას, რომლის თანახმად, ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინასთან განხილვები დაიწყეს, რათა რუსეთთან მოლაპარაკებებზე დაითანხმონ. ზელენსკი ასევე გამოეხმაურა ფრონტზე ჩიხის შესახებ ზალუჟნის შეფასებას. „ეს არ არის ჩიხი. რუსეთი ცას აკონტროლებს. ჩვენ ჩვენს ჯარებს ვიცავთ. არავის [უკრაინაში] არ სურს ჩვენი ხალხი უბრალოდ ჩააგდოს [ბრძოლაში], როგორც ამას რუსეთი აკეთებს," - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიევი ცაში რუსების უპირატესობას მას შემდეგ დაძლევს, რაც უკრაინელი პილოტები F-16-ებზე წვრთნებს დაასრულებენ. The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა, პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს. ეს მოსაზრება ვაშინგტონში შეაფასეს. „უკრაინის ლიდერების უფლებაა, ისაუბრონ თავიანთ პროგრესზე ან მის ნაკლებობაზე. ეს ნამდვილად მათი საქმეა. ვფიქრობ, ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. მე ახლა ვერ ვისაუბრებ ახალ შესაძლებლობებზე, თუმცა რაც შემიძლია, გითხრათ, ისაა, რომ ომის განვითარების შესაბამისად მოვამარაგეთ უკრაინა და ეს პროცესი გაგრძელდება,“ - უპასუხა ჯონ კირბიმ მედიას. ზალუჟნი რუსეთთან ხანგრძლივი პოზიციური ომის თავიდან ასაცილებლად, 5 ამოცანას ასახელებს        

ელჩი ჟვანია: საქართველოს მოქალაქეებს შორის დაჭრილები არ არიან, თუმცა რამდენიმე ათეული მოქალაქე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში კვლავ საკმაოდ რთული მდგომარეობაა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და რეგიონის ლიდერებთან შეხვედრები იმედისმომცემია, რომ ვითარება არ გადაიზარდოს რეგიონულ, ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში. „დღეს ერთი თვე შესრულდა საშინელი ტერაქტიდან და ტერაქტის შედეგად ომის დაწყებიდან. მდგომარეობა კვლავ საომარია, როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის მიმართულებით მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ჩრდილოეთიდან უფრო არის საჰაერო თავდასხმები გარკვეულ ხუთკილომეტრიან ზოლზე, ისრაელის და ლიბანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე, თუმცა ამ ყველაფერმა გამოიწვია 60 ათასზე მეტი ადამიანის იძულებით გადაადგილება, რომლებიც განთავსებული არიან სხვადასხვა სასტუმროში, უფრო სამხრეთისკენ. საკმაოდ რთული მდგომარეობაა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და შეხვედრები რეგიონის ლიდერებთან გარკვეული იმედისმომცემია, რათა ეს არ გადაიზარდოს უფრო რეგიონულ, ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ. რაც შეეხება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ლაშა ჟვანიას განმარტებით, “საქართველოს მოქალაქეებს შორის დაჭრილები და დაშავებულები არ არიან, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არის რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ.“ „საელჩო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და ეს განპირობებული იყო იმით, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთებში გამოაცხადა შედარებით შემსუბუქებული რეჟიმი. შესაძლებელია, რომ ოფისები იყოს გახსნილი, ასევე სასწავლო დაწესებულებები, ჩვენც ნაკლები მომართვიანობა გვაქვს ცხელ ხაზებზე. ერთი კვირაა უკვე, სტატისტიკა არ მოგვითხოვია, რადგან სამი კვირის განმავლობაში გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს 1 550 მოქალაქე გახლდათ, რომლებმაც ისრაელის ტერიტორია დატოვეს, მათ შორის არიან ისრაელის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლის სტატისტიკას ჩვენ ვერ ვითვლით, რადგან ისრაელის პასპორტით ტოვებენ ისრაელს. ვერ გეტყვით, რომ ჩვეულ რეჟიმშია პირდაპირი ფრენები, რადგან მოთხოვნის დაკლებასთან ერთად, შემცირდა ფრენების რაოდენობაც, იმიტომ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სრულდებოდა რეისები, სადაც ძალიან ბევრი თავისუფალი ადგილი იყო თბილისის მიმართულებით. ამიტომ რაოდენობა დააკლეს კომერციულმა კომპანიებმა, მაგრამ, მოთხოვნისამებრ, ფრენები სრულდება, ასევე, თუ ვინმეს სურვილი აქვს, პირდაპირი რეისები კვიპროსის საშუალებით არის შესაძლებელი,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ვაკის პარკის ტრაგედიიის საქმეზე, თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა მიუსაჯეს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირი - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსი, გიგა გიგაშვილი და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძე დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგა გიგაშვილს 3 წლის ვადით, ხოლო ვახტანგ ლონდარიძეს 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ დააჯარიმა ის კომპანიები, რომლებიც “ვაკის პარკის” შადრევნის რეაბილიტაციაში მონაწილეობდნენ. კერძოდ, “ექსპერტიზა დიაინი”- 50 000 ლარის, “მშენ ექსპერტი” - 100 000 ლარის და “გრინსერვისი”- 250 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში იყო, ვინაიდან მათი თქმით, პროკურატურას საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი არ აქვს. ბრალდების მხარის განცხადებით კი, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი, შესაბამისად, მას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა. ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. აღნიშნულ საქმეზე 9 ბრალდებული პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 8 პირი ცნო, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა. რაც შეეხება, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ადა გამოყენების ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს.“

CIA-ის დირექტორი ისრაელში ჩავიდა

CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი დაზვერვის მაღალჩინოსნებთან ერთად, ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას The Washington Post-ი აქვეყნებს. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოლაპარაკებების აქვს დაგეგმილი. ბერნსი ღაზის სექტორში მიმდინარე ომის თემას, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებასა და ისრაელ - “ჰამასის“ ომის ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდის თავიდან აცილების საკითხებს განიხილავს. ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მოკავშირეების მეშვეობით, ირანსა და “ჰამასს“ გაფრთხილების სიგნალს უგზავნის, რომ ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ სამხედრო პასუხისთვის მზად იქნება. საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებზე შეტევები გახშირდა.  

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმის მიხედვით მივდივართ, არც სიურპრიზი გვაქვს და არც პრობლემა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას შემდეგ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დავითაშვილის თქმით, არცერთი ვადა, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული, ან კანონმდებლობით არის დადგენილი, არ დარღვეულა. „დეტალებზე ძალიან მოკლე დროში, ალბათ, უახლოეს ხანებში მექნება სიახლეები საზოგადოებისთვის. იურიდიული პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის, სატენდერო პირობების ჩამოყალიბების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, შემდგომში ტენდერს ასევე პირობები სჭირდება, ვადა. ტენდერი სრულყოფილი კონკურენციის პირობებში უნდა ჩამოყალიბდეს. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საბოლოოდ გამოსავლენად და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა დრო. რაც შეეხება საინვესტიციო ნაწილს, აქაც არცერთი ვადა, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული, ან კანონმდებლობით არის დადგენილი, არ გადაგვიცილებია. გეგმის მიხედვით მიმდინარეობს პროცესი, არც სიურპრიზი გვაქვს და არც პრობლემა. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმის მიხედვით მივდივართ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

შალვა პაპუაშვილი: არ გვაქვს მოლოდინი, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას აქვს იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხრიდან 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებულად ჩათვლილი, თუმცა იმის მოლოდინი, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება, არ აქვთ. პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებულად არც მოლდოვის და არც უკრაინის შემთხვევაში არ ჩაითვლება. „ჩვენი მოლოდინია, რომ 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებული და ეს ყველაფერი შესაბამისად აისახება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინისა და არც მოლდოვას მიმართ - ჩვენ ამასაც ვამბობდით, რომ რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ერთჯერადად გადაწყდეს, [ზოგი კი განგრძობითია],“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რაც შეეხება დათქმებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს. „[ოპოზიციის მხრიდან] პირდაპირ შტურმია, ასე ვთქვათ, საბოლოო გაბრძოლება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. იმის შესაძლებლობას იტოვებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოენიჭა კანდიდატის სტატუსი [საქართველოს] და მათი შტურმი უშედეგო იყო, იქნებ რამენაირად დაამძიმონ. რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს. თუკი მოითხოვდა, ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფროების გარანტიები უნდა მოეცათ, მათ გარეშე არც ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის, არც ნატო. საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არავინ არ ითხოვს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, მისივე განცხადებით, ის, რომ შარშან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, უსამართლობა იყო. „შეფასებებთან და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთი რამ უნდა ითქვას, ეს უნდა გავიმეოროთ ყოველ ჯერზე, საქართველო შარშან, ივნისშიც იმსახურებდა სტატუსს. ის იყო ლიდერი მაშინაც და ახლაც რჩება ლიდერად უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია ჰერცეგოვინასთან შედარებით. რა თქმა უნდა, ლიდერისთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება არ იყო. ამიტომ, ყოველი დღე მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ჰქონდა, უსამართლობის დღე იყო. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მონიჭება ამ უსამართლობის აღმოფხვრა იქნებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირზე და მის შეხედულებებზეა. წლინახევრის განმავლობაში, მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს წინაშე იყო წარმოდგენილი,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

„დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში ერთობლივი საველე სწავლება ჩატარდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების აღმოსავლეთის ბატალიონმა და შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ქვედანაყოფმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სიმულაციური სცენარის მიხედვით შექმნილ კრიზისში თავდაცვის ძალებისა და შსს ქვედანაყოფებმა კოორდინირებულად იმოქმედეს და ეფექტიანად შეასრულეს დასახული ამოცანა. ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობდა ქართული წარმოების „დიდგორი“ და „დიდგორი მედევაკი“, რომელმაც დაჭრილის ევაკუაცია განახორციელა. „შსს-ს დაშავებული წარმომადგენლის საჰაერო ევაკუაციაში კი, თავდაცვის ძალების ახლადმოდერნიზებული UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი ჩაერთო. საველე წვრთნაში მონაწილეობდა შსს-ს ტექნიკაც. უწყებათშორისი სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებასა და ურთიერთქმედების დახვეწას. „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია. მასში საშტაბო ნაწილის გარდა, სხვადასხვა სასწავლო უბანზე საველე კომპონენტებიც თამაშდება,“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Reuters: პუტინი ხელისუფლებაში 2024 წლის შემდეგაც დარჩება

Reuters-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, მონაწილეობა მიიღოს მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში, რას მას საშუალებას მისცემს, ხელისუფლებაში სულ მცირე 2030 წლამდე დარჩეს. პუტინი 7 ოქტომბერს 71 წლის გახდა. წყაროებმა, რომლებიც Reuters-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ საარჩევნო კამპანიისთვის მზადება მიმდინარეობს. „პუტინისთვის, რომელიც რუსეთში 80%-იანი მოწონების რეიტინგით სარგებლობს, არჩევნები ფორმალობაა, თუ ის იყრის კენჭს: სახელმწიფოს, სახელმწიფო მედიის მხარდაჭერითა და თითქმის ყოველგვარი ძირითადი საზოგადოებრივი განსხვავებული აზრის გარეშე, აუცილებლად გაიმარჯვებს,“ წერს Reuters-ი. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. პესკოვმა სექტემბერში განაცხადა, რომ თუ პუტინი გადაწყვეტდა კენჭისყრას, მაშინ მას ვერავინ გაუწევდა კონკურენციას. „უკრაინის ომმა, 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, დასავლეთთან ყველაზე დიდი დაპირისპირება გამოიწვია. დასავლეთის სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში უდიდესი გარე შოკი მოახდინა, ივნისში პუტინი „ვაგნერის“ წარუმატებელი ამბოხის წინაშე აღმოჩნდა. პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში აჯანყებიდან ორი თვის შემდეგ დაიღუპა. დასავლეთი პუტინს ომის დამნაშავედ და დიქტატორად მიიჩნევს,“ - წერს Reuters-ი.  

ენტონი ბლინკენისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ოფიციალური განცხადებების გარეშე დასრულდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ერთმანეთს ანკარაში შეხვდნენ. თურქული მედიის ცნობით, მხარეებმა ისრაელ- „ჰამასის“ ომის თემა განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ, წყაროების მიხედვით, ფიდანმა თავის ამერიკელ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ  ღაზის სექტორში ისრაელის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა გახდეს. ამასთან, ფიდანი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. Anadolu-ს ცნობით, ორივე მხარემ ისაუბრა ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტად მიწოდების საკითხზე. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისთვის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას." ბლინკენმა ფიდანთან ასევე განიხილა შვედეთის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის რატიფიცირებული თურქეთის მიერ, ასევე ორმხრივი და რეგიონული საკითხები. საერთო ჯამში შეხვედრა დაახლოებით 2,5 საათს გაგრძელდა. ერაყში, დაუანონსებელი ვიზიტის შემდეგ, ბლინკენი 6 ნოემბერს, დილით, თურქეთში ჩავიდა. ეს მისი ბოლო გაჩერებაა რეგიონში, აზიაში გამგზავრებამდე. ერთი დღით ადრე ბლინკენი იმყოფებოდა ისრაელსა და იორდანიაში. ის ასევე შეხვდა პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს.  

დირკ შუბელი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ქვეყანა სამომავლოდ ევროკავშირის წევრი გახდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერის თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა საერთო ძალისხმევის შედეგია და მან ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. უპირველეს ყოვლისა, ჩემი მთავრობის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის. დიდად ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. მიმაჩნია, რომ თქვენი ვიზიტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის - ასე ვიტყოდი, რომ განმსაზღვრელ მომენტს ხდება. ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისადმი თქვენი მხარდაჭერის თვალსაჩინო დადასტურება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია და, როგორც ვიცით, მან ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა. ესენია: ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რაც გასულ წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებაა. ამჟამად, რა თქმა უნდა, ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ორ დღეში გაჟღერდება და კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება. ის საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. ამდენად, კიდევ ერთხელ გულთბილად მოგესალმებით და მადლობა მინდა გადაგიხადოთ,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 6-8 ნოემბერს, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება. თავის მხრივ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში, დირკ შუბელმა განაცხადა, რომ სამომავლო ნაბიჯების კუთხით - უკრაინამაც და მოლდოვამაც - ისევე, როგორც საქართველომ სამომავლოდ შეიძლება, კარგად გამოიყენონ აღმოსავლეთის პარტნიორობა.  „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 17 და ევროკავშირიდან 2 კოლეგა გავერთიანდით. მე და ევროკომისიის ერთი თანამშრომელი ევროსტრუქტურებს წარმოვადგენთ. მგონია, რომ ეს კარგის ნიშანია, რადგან ასეთ მნიშვნელოვან დროს ვიმყოფებით საქართველოში. ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ყველანი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე ვმუშაობთ − ზოგიერთი სპეციალური წარმომადგენელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს შესაბამისი სამინისტროდან ან ჩემ შემთხვევაში ევროსტრუქტურიდან. ყველა ეს ადამიანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების დეპარტამენტთა უფროსია. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რანგით მაღალი პირებისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფება ქვეყანაში. სწორედ ამიტომ გვსურს, გავიგოთ რაში შეიძლება, კვლავ გამოგადგეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში აღმოსავლეთ პარტნიორობა. მხედველობაში მაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა. მან საქართველოსაც ბევრი კარგი რამ მოუტანა − ასოცირების შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით; უვიზო მიმოსვლის რეჟიმიც გაგვაჩნია, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის გარეშე ვერ იქნებოდა შესაძლებელი; ეს ყველაფერი უკვე გუშინდელი დღეა, რა თქმა უნდა. ახლა კი ვფიქრობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა კვლავ შეიძლება, იყოს გამოსადეგი თქვენი შემდგომი ნაბიჯების ჭრილში. დიახ, როგორც ბრძანეთ, ორ დღეში ქვეყნდება ანგარიშები. მათზე კომენტარს არ გავაკეთებ. ბრიუსელში მყოფი კოლეგების მიმართულებაა ეს. ისინი საბოლოო შტრიხებს გადიან, სანამ დაიბეჭდება ანგარიშები. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ სამომავლო ნაბიჯების კუთხით - უკრაინამაც და მოლდოვამაც - ისევე, როგორც საქართველომ სამომავლოდ შეიძლება, კარგად გამოიყენონ აღმოსავლეთ პარტნიორობა. ის ცოტათი სახეცვლილია. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აქცენტებს ვაკეთებდით რაოდენობით ნაკლებ, მაგრამ აქტუალურობით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის ყველაზე მთავარი ორია და თქვენს პრიორიტეტსაც წარმოადგენს. ესენია დაკავშირებადობა და უსაფრთხოება. ამდენად, ერთად ისედაც ბევრს ვაკეთებთ ორივე მიმართულებით, თუმცა მიმაჩნია, რომ პოტენციალი უფრო მეტი გვაქვს. მისი სრული გამოვლენა და ათვისებაა ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი. ყველას გვსურს ჩვენი პრიზმით ვნახოთ, რა იდეები გაქვთ და გაგაცნოთ ჩვენი შემხვედრი მოსაზრებები, რაც არის ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მხარდაჭერის დადასტურებაც, ნათელია, თან ასეთ მნიშვნელოვან დროს! ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ქვეყანა სამომავლოდ ევროკავშირის წევრი გახდება. ამდენად, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი მიღებისთვის და ველით კარგ საუბარს,“ - განაცხადა დირკ შუბელმა. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოლერი საქართველოში ვიზიტით იმყოფება

გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოლერი საქართველოში იმყოფება. გაეროს ცნობით, 10-დღიანი ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოლერი პრესკონფერენციას გამართავს. ლოლერი საზოგადოებას მონიტორინგის ანგარიშს წარუდგენს. გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე, მერი ლავლორი საქმიანობას ოფიციალურდ 2020 წლის მაისში შეუდგა.  

სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. „6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ამ დრომდე, უკანონო პატიმრობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული 6 მოქალაქე რჩებოდა.  

პრეზიდენტი: ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალის მიმდებარედ მომხდართან დაკავშირებით აცხადებს, რომ “ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს.“ „ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო. ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს. სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომლებიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას,“ წერს პრეზიდენტი. სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა  

პრემიერი: მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ კირბალის მიმდებარედ მომხდართან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს „კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ.“ „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა - უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად,“ - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის Facebook-გვერდზე გავრცელდა. სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა