ძებნის რეზულტატი:

სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშების შესახებ, ისრაელი რუსეთს წინასწარ აღარ შეატყობინებს

Bloomberg-ის ცნობით, სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული ავიაიერიშების შესახებ ისრაელი რუსეთს ინფორმაციას წინასწარ აღარ მიაწვდის. გამოცემის ცნობით, ისრაელმა გააძლიერა თავდასხმები სირიაში პროირანულ ძალებზე, რომლებიც ისრაელის საზღვარს მიუახლოვდნენ, მოვლენების განვითარება კი, ისრაელის პოლიტიკის საკვანძო ცვლილებასთან არის დაკავშირებული. Bloomberg-ი წერს, რომ ისრაელის პოლიტიკის ცვლილება აუარესებს ისედაც პრობლემურ ურთიერთობებს ისრაელსა და რუსეთს შორის. შეგახსენებთ, 2015 წლის შემოდგომიდან რუსეთსა და ისრაელს შორის ამოქმედდა კომუნიკაციის მექანიზმი, რომელიც სირიის არაბთა რესპუბლიკაში ოპერაციების დროს შემთხვევითი შეტაკებებისგან და სხვა საშიში ინციდენტებისგან დასაცავად არის შექმნილი.  

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ დაიწყო

სამთავრობო უწყებებს შორის კრიზისულ სიტუაციებში კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწის მიზნით შექმნილი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს და მასში ყველა სახელმწიფო უწყება მონაწილეობს. სწავლება კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. „თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ ყურადღება საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობასა და მის ეფექტიანობაზე გაამახვილა. გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და სწავლებაში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების მაღალი დონის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოგვიანებით, გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან და სწავლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად თანამედროვე, NATO-ს სტანდარტების ინფრასტრუქტურა - სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალ შენობა დაათვალიერა, სადაც იმიტირებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და ფორმირებული გენერალური შტაბია მოწყობილი, ამავე სივრცეშია განთავსებული სტრატეგიული და ოპერატიული დონის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სხვადასხვა უჯრედი. მონაწილეებს კომპეცენტიის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების შესრულება ჰიბრიდული თუ სხვა გამოწვევების ფონზე კოორდინირებული ურთიერთქმედებით მოუწევთ,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბური და გამორჩეულია. მასში საშტაბო ნაწილის გარდა სხვადასხვა სასწავლო უბანზე ძალების მიზიდვით საველე კომპონენტებიც გათამაშდება. საშტაბო ნაწილში სწავლების არქიტექტურაში ახალი უწყებათშორისი კომპონენტები ჩამოყალიბდა - სტრატეგიული კომუნიკაციების უწყებათშორისი ჯგუფი და სიმულაციური მედიაცენტრი. საველე ნაწილს კი, სრულიად ახალი კომპონენტები დაემატა, მათ შორისაა საზღვაო, ასევე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) ელემენტები. საველე კომპონენტებში პირველად ჩაერთვებიან მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ტერიტორიული რეზერვისა და წინააღმდეგობის ელემენტებთან ერთად.  

ვაშინგტონმა ზალუჟნის გზავნილის შემდეგ, უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ მიუთითა

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში, ბრძოლის ველზე არსებულ სურათზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოსაზრება ვაშინგტონში შეაფასეს. The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღიარა, რომ ფრონტზე “ჩიხური ვითარება“ შეიქმნა და რომ არ არსებობს რაიმე შანსი, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა გარდაუვალია. ცხადია, პრეზიდენტი აგრძელებს იმის თქმას, რომ შეერთებული შტატები დადგება უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც კიევს  დასჭირდება. მაგრამ მომდევნო თვეებსა და წლებში ალბათ საჭირო იქნება განახლებული სტრატეგია... იქნება უფრო მეტი მოწინავე იარაღი ან შესაძლოა, მეტი მოლაპარაკებების „გზა გაიხსნას?“ ამ შინაარსის შეკითხვას უპასუხა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. „უკრაინის ლიდერების უფლებაა, ისაუბრონ თავიანთ პროგრესზე ან მის ნაკლებობაზე. ეს ნამდვილად მათი საქმეა. ვფიქრობ, ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. მე ახლა ვერ ვისაუბრებ ახალ შესაძლებლობებზე, თუმცა რაც შემიძლია, გითხრათ, ისაა, რომ ომის განვითარების შესაბამისად მოვამარაგეთ უკრაინა და ეს პროცესი გაგრძელდება,“ - უპასუხა ჯონ კირბიმ მედიას. თეთრმა სახლმა უკრაინის კონტრშეტევის „მნიშვნელოვანი პროგრესის“ შესახებ, ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოაცხადა. ამ პერიდში უკრაინელები ფრონტზე მნიშვნელოვანი გარღვევის შესახებ იუწყებოდნენ. მაშინ კირბიმ ასევე უპასუხა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ კიევის კამპანია რუსული ძალების წინააღმდეგ, ბოლო სამი თვის განმავლობაში დიდად წინ არ წასულა და განაცხადა, რომ „უსარგებლოა” პარტნიორისა და მეგობრის კრიტიკა, რომელიც ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლაში პროგრესის მიღწევას ცდილობს.“ ასევე გაეცანით: ზალუჟნი რუსეთთან ხანგრძლივი პოზიციური ომის თავიდან ასაცილებლად, 5 ამოცანას ასახელებს                   უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხოლოდ ისრაელის მხარდამჭერი კანონპროექტი დაამტკიცა, სენატი მის უარყოფას აპირებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. კიევი კი ალიანსში, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე გაწევრიანდება. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. რნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. 24 აგვისტოს პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინელი პილოტების მომზადებას შემოდგომაზე დაიწყებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ამასთან, 22 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ. CNN 25 აგვისტოს იტყობინება უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული თავდაცვა სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს ოლქში გაარღვიეს. მოგვიანებით, 26 აგვისტოს, ამერიკელი გენერალ მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზის გარღვევა შეძლეს. 28 აგვისტოს გააავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს. უკრიანელების წინსვლაზე წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც. ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის დროშა 29 აგვისტოს აღმართეს.

ნიდერლანდები უკრაინისთვის $532 მილიონიან დახმარებას ამზადებს - მედია

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს (532 მილიონი აშშ დოლარის) მოცულობის დახმარებას გადასცემს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლლონგრენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. ოლონგრენის თქმით, მიწოდება 2024 წლის შუა რიცხვებამდე დასრულდება.  მან არ დააკონკრეტა, რამდენ ჭურვს გაუგზავნის ნიდერლანდები უკრაინას. პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ოლონგრენი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს 2 ნოემბერს კიევში შეხვდა. მათ უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება, ნიდერლანდების შემდგომი თავდაცვის მხარდაჭერა განიხილეს და ასევე ისაუბრეს მარცვლეულის დროებითი დერეფნის შესახებ. თავის მხრივ, ოლონგრენმა X-ზე დაწერა, რომ ნიდერლანდები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. მას და ზელენსკის ოფისს ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში, დახმარების ახალი პაკეტის შესახებ არ უსაუბრიათ.  

უკრაინა მზადაა, გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის კონტექსტში

უკრაინა მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის საკითხებში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა. ეს კომენტარი 28 ოქტომბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელს შორის შეხვედრას მოჰყვა. ერმაკის ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა სომხურმა მხარემაც. სომხეთის ეროვნული ასამბლეის ევროპასთან ინტეგრაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ, არმან ეგოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი და უკრაინა თანამშრომლობენ ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. „ასევე არის მრავალი სფერო, სადაც გამოცდილების გაცვლაა შესაძლებელი. ეს არის ის რეფორმები, რაც ჩვენ განვახორციელეთ მართლმსაჯულების სფეროში, რომელსაც ძალიან აფასებენ თავად ევროპელები, ის რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთ ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებით. ესეც ასევე ძალიან დადებითად არის შეფასებული. უკრაინელებმა საკმაოდ ბევრი გააკეთეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ შეგვიძლია, ორმხრივად გავიზიაროთ ერთმანეთის გამოცდილება, მაგრამ ეს ყველაფერი ითვალისწინებს ევროკავშირთან ურთიერთობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი მრავალმხრივი და არა ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს,“ - აღნიშნა ეგოიანმა. უფრო ადრე, კიევში სომხეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ოქტომბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და ვლადიმერ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის შეხვედრა მალტაში გაიმართა, რომლის დროსაც, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. ერმაკმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, ანა ჰაკობიანს სექტემბრის დასაწყისში კიევში გამართულ სამიტში მონაწილეობისა და უკრაინელი სკოლის მოსწავლეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა დაადასტურა უკრაინული მხარის ვალდებულება, გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის საკითხებში. სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანთან არმენ გრიგორიანთან შეხვედრისას ერმაკმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს უკრაინის მშვიდობის ფორმულას მხარდამჭერ სახელმწიფოთა ჯგუფს. მან მადლობა გადაუხადა არმენ გრიგორიანს მალტაში გამართულ შეხვედრაში პირადი მონაწილეობისთვის. „პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა უკრაინასა და სომხეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ახალი კონტექსტი აღიარა. ამასთან დაკავშირებით, ხაზი გაესვა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს პირველი შეხვედრის მნიშვნელობას გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში,“ - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა, გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის კონტექსტში. „ანდრი ერმაკმა არმენ გრიგორიანს აცნობა ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიისადმი უკრაინის წინააღმდეგობის შესახებ. მათ ასევე გაცვალეს აზრები რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე. მან მიულოცა სომხეთს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოში უკრაინის მსგავსად არჩევა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა IAEA-ს ფარგლებში და ზოგადად ენერგეტიკის სფეროში,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, უკრაინის მიერ მხარდაჭერილი “მშვიდობის ფორმულის“ განხილვას სომხეთი პირველად შეუერთდა. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავდნენ. 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. 5 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა

აშშ და სომხეთი “მრავალსექტორულ თანამშრომლობას“ განიხილავენ

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი 28 ოქტომბერს მალტაში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენს.  სომხური მხარის ცნობით, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარება და მშვიდობის დამყარების გზები განიხილეს. მანამდე, 26 ოქტომბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სამხრეთ ევროპასა და კავკასიაში, ჯოშუა ჰაკი მიიღო. მხარეებმა განიხილეს სომხეთის ირგვლივ არსებული უსაფრთხოების ვითარება და ხაზი გაუსვეს მკაფიო ძალისხმევის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა სომხეთ-აშშ-ის ორმხრივი დღის წესრიგის მრავალსექტორული თანამშრომლობის შესახებ აზრები გაცვალეს, ხაზგასმით აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების აუცილებლობა. ხაზი გაესვა სომხეთ-ამერიკული ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. ცნობისთვის, უკრაინის მიერ მხარდაჭერილი “მშვიდობის ფორმულის“ განხილვას, რომელიც ამჯერად მალტაში გაიმართა, სომხეთი პირველად შეუერთდა. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავდნენ. 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. 5 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა

ბლინკენი: ისრაელს აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას საკუთარი თავი და უზრუნველყოს ის, რომ 7 ოქტომბერი აღარ განმეორდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოლიდარობის გამოსახატად კვლავ ისრაელში დაბრუნდა. ნლინკენი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდა. „მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ისრაელი ამას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქმე ეხება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ყველაფერი გაკეთდეს მათ დასაცავად და არანაირად არ აგონ პასუხის იმაზე, რაც 7 ოქტომბერს მოხდა,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ იცავს თავს ისრაელი და მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცულნი იყვნენ. ენტონი ბლინკენმა და ისააკ ჰერცოგმა შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ გამუდმებით ფიქრობენ მძევლებზე, როგორც ისრაელისა და აშშ-ს ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე. „გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი უსაფრთხოდ დავიბრუნოთ,“ - აღნიშნა ბლინკენმა.  

პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. TI-საქართველო პრეზიდენტს მოუწოდებს, ვეტო დაადოს „მაუწყებლის შესახებ“ კანონს “მაუწყებლის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები პარლამენტმა 19 ოქტომბერს მიიღო. საერთაშორისო გამჭვირვალობა პრეზიდენტს ამ კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებდა. ევროკავშირის ელჩი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე 28 ოქტომბერს საუბრობდა და აცხადებდა, რომ რაც აბსოლუტურად აუცილებელია, ეს არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. „ჩვენ გვაქვს დირექტივა, „აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა“, რომელიც სტანდარტებს ადგენს. ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება, რომ ჰქონდეს ისეთი ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც აღნიშნულ სტანდარტებს ეხმიანება და საქართველოსაც, რომელიც არის კანდიდატი ქვეყანა, მოეთხოვება ამ სტანდარტების დაცვა. განსაკუთრებით ორი ძირითადი საკითხია აბსოლუტურად აუცილებელი. ეს არის არასრულწლოვანთა დაცვის საკითხი და სიძულვილის ენა. მოქმედი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში გავიდა, აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. ამასთან, კანონპროექტში არის სხვა ელემენტებიც, მათ შორის, უხამსობის შესახებ. ჩვენი გადმოსახედიდან, ამ ყველაფრის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის ორგანოებთან. რაც აბსოლუტურად აუცილებელია, არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. ეს არის კომუნიკაციების კომისია. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს. ის სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ამის განსახორციელებლად,“ - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ. ასევე გაეცანით: ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკომისია გააგრძელებს მაუწყებლობის შესახებ კანონის აღსრულების მჭიდრო მონიტორინგს - „უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის

ბერბოკი სომხეთშია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სომხეთში ჩავიდა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა.„ჩვენ გვინდა, დავმყაროთ სტაბილურობა და უსაფრთხოება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში და შევქმნათ პირობები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად“, - განაცხადა ბაერბოკმა. მირზოიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სომხეთი მნიშვნელოვანად მიიჩნევს გერმანიის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ანალენა ბერბოკი სომხეთში ვიზიტისას ასევე ეწვევა ევროპის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას და მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიმღებ ცენტრს. მეორე დღეს ბერბოკი ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგას, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და გაეროს კოორდინატორს შეხვდება. „გერმანია მხარს უჭერს გრძელვადიან მშვიდობას. რეგიონში ნდობისა და შერიგების გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიზანი არის ყოვლისმომცველი მშვიდობიანი გადაწყვეტა, რათა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ თავიანთი სახელმწიფოების საზღვრებში," - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.  

საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ სინოდის სხდომის მონაწილეებს მიმართა

საქართველოს საპატრიარქოს თანახმად, პატრიარქმა ილია მეორემ 2 ნოემბერს, წმინდა სინოდის სხდომაზე მოკლედ დაახასიათა მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა. ომი უკრაინასა და ღაზის სექტორში - რა წერია სინოდის განჩინებაში „სხდომა გახსნა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მან მოკლედ დაახასიათა მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა; აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებშიც ვითარება არის ძალიან რთული და საშიში და, რომ ამ ფონზე საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს,” - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ომი უკრაინასა და ღაზის სექტორში - რა წერია სინოდის განჩინებაში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის განჩინება გამოქვეყნდა. განჩინებას საქართველოს საპატრიარქო ავრეცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „2 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. სინოდის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). სხდომა გახსნა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მან მოკლედ დაახასიათა მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა; აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებშიც ვითარება არის ძალიან რთული და საშიში და, რომ ამ ფონზე საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. შემდეგ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ განსახილველი საკითხების წარსადგენად სიტყვა გადასცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი). მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) პირველ საკითხად განავრცო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ შემოთავაზებული თემა და ისაუბრა უკრაინასა და წმინდა მიწაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ. წმინდა სინოდის საერთო პოზიცია ასე ჩამოყალიბდა: უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაავრცელა მიმართვა კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტად მძიმე შედეგებს მოიტანდა. დღეს კი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, ნათელია, რომ იქმნება გლობალურად ფეთქებადსაშიში გარემო, რაც მთელ მსოფლიოს დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს. უკრაინასა და ღაზის სექტორში წარმოებული ომების შედეგად უკვე დიდია მსხვერპლი. ჯარისკაცებთან ერთად იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები და მოხუცები, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, რელიგიური თუ სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ზოგადად, ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით ძალადობასაც. გამოვხატავთ ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა... ცალსახად დასაგმობია და მისი პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა - ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელი. ვუერთდებით ყველა კეთილი ნების ადამიანის ლოცვას და შევთხოვთ ღმერთს, მშვიდობა მოანიჭოს უკრაინას, წმინდა მიწას და მთელ მსოფლიოს. მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდს გააცნო საქართველოს ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის მმართველის, ეპისკოპოს საბას (ინწკირველი) წერილი, რომელიც ეხებოდა მასთან, ანუ მმართველ მღვდელმთავართან, შეუთანხმებლად საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან სასულიერო პირების გახშირებულ ჩასვლას კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც მის ეპარქიაში გარკვეული სირთულეებს ქმნის. წმინდა სინოდმა დაადგინა: მხედველობაში იქნეს მიღებული ეპისკოპოს საბას პოზიცია, რაც გულისხმობს ამგვარ სასულიერო პირთადმი ზომების გამკაცრებას. მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ნათლობის მსახურების აღსრულებისას ჩვენს ეკლესიაში ბოლო დროს გავრცელებულ არასწორ პრაქტიკაზე - მიმრქმელთა (ნათლიების) გადაჭარბებულ რაოდენობაზე. წმინდა სინოდმა განაჩინა: ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა მღვდელმთავრებს, გაეკეთებინათ მოკლე ანგარიში მათ ეპარქიებში არსებული ვითარების შესახებ. წმინდა სინოდმა მოისმინა ნიქოზისა და ცხინვალის და მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) მიმოხილვა ცხინვალისა და ახალგორის დროებით ოკუპირებულ რაიონებში მონაზვნებისა და მღვდელმსახურების მდგომარეობისა და ეკლესია-მონასტრების თაობაზე. უცხოეთში არსებულ საგანმანათლებლო პრაქტიკაზე ისაუბრა საქართველოს ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე). სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლებისადმი ზრუნვის საჭიროებაზე. მარგვეთისა და უბის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) სინოდის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა უბისის მონასტერში არსებულ სიტუაციაზე. საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ისაუბრა მომლოცველთა ჯგუფების ეპარქიებში ხატებით მსვლელობის პრაქტიკაზე, რასაც საფუძველი 1989 წელს ჩაეყარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და დღეისთვის უკვე გაცილებით ორგანიზებული და მასშტაბური სახე აქვს მიღებული. ითქვა ისიც, რომ ხატებით მოგზაურობა საქართველოს ეკლესიის უცხოეთის სამრევლოებშიც იგეგმება. სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) ხაზი გაუსვა იმ დადებით შედეგებს, რაც გამოიღო თრუსოს ხეობაში მონასტრების ამოქმედებამ; კერძოდ, ხელი შეეწყო მომლოცველთა და დამთვალიერებელთა მსვლელობებს და ახალგაზრდული საგანმანათლებლო ბანაკების მოწყობას. კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღინიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა სხვა ეპარქიებშიც გვაქვს და ეს პროცესი უნდა წახალისდეს, რითაც გამოცოცხლდება მიტოვებული ხეობები და სოფლები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ მღვდელმთავრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ახალგაზრდებში ღრმა აზროვნებისა და რელიგიური ცოდნის დონის ამაღლებას, ასევე დარგობრივ განათლებას, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ამასთან, მან მოიწონა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისათვის მღვდელმთავრების პერიოდულად მოწვევის პრაქტიკა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მოკლე ანგარიშით მიმართა წმინდა სინოდის წევრებს. მღვდელმთავრებმა ასევე დამატებით გამოთქვეს მოსაზრებები სოციალურ და დემოგრაფიულ საკითხებზეც,“ - აღნიშნულია განჩინებაში. წმინდა სინოდის სხდომა 2 ნოემბერს გაიმართა.  

სინოდის განჩინება: ნათლია უნდა იყოს ერთი, ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია ორიც

„ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც,“ - ამის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებაშია ნათქვამი. მისი მიხედვით, გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია ნათლიად პატრიარქის დადგომის შემთხვევაში. „მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ნათლობის მსახურების აღსრულებისას ჩვენს ეკლესიაში ბოლო დროს გავრცელებულ არასწორ პრაქტიკაზე - მიმრქმელთა (ნათლიების) გადაჭარბებულ რაოდენობაზე. წმინდა სინოდმა განაჩინა: ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში,“ - აღნიშნულია განჩინებაში.  

აშშ-მ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა

აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა უშუალოდ თავდაცვის დეპარტამენტის საწყობებიდან გადაეცემა, რათა კიევმა ბრძოლის ველზე საჩქარო საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლოს. დანარჩენი 300 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში იქნება გადაცემული, რათა კიევმა გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. ცალკე თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ USAI-ის ფარგლებში უკრაინას მეტოქის დრონებთან საბრძოლველად დამატებითი ლაზერით მართვადი საბრძოლო მასალა გადაეცემა. პაკეტში, ასევე, შევა დამატებითი საბრძოლო მასალა NASAMS საზენიტო კომპლექსებისთვის, დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები, Javelin და AT-4 სისტემები, 3 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა და ყუმბარები ცეცხლსასროლი იარაღისთვის, და ა.შ. ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის $425 მილიონიანი დახმარების პაკეტს გამოყოფს - Reuters  

პრეზიდენტი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს დიდი ალბათობით მივიღებთ

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიის დღის აღსანიშნად სხვადასხვა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და მათ შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო დიდი ალბათობით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ სტატუსის არმოცემა, რუსეთისთვის ერთგვარი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს და ეს საქართველოს პარტნიორებმაც კარგად იციან. „პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რამდენიმე დღეში არ გადაწყდება ჩვენი ევროპული მომავალი. რამდენიმე დღეში ველოდებით კომისიის დასკვნას, რომელიც ასახავს რეკომენდაციების მათ შეფასებას - რამდენად შესრულდა, არ შესრულდა. ჩემი მოლოდინით იქნება და მე არაფერი შიდა ინფორმაცია არ გამაჩნია იმიტომ, რომ ამაზე არავინ ბოლომდე არაფერს ამბობს. ჩემი შეხედულებაა, რომ ჩვენ დიდი ალბათობით, მივიღებთ სტატუსს, ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, არ მინდა, მეტი ვილაპარაკო იმაზე ვინ მეტი გააკეთა და ვინ ნაკლები. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ ამას მივაღწევთ იმიტომ, რომ მემგონი ჩვენმა პარტნიორებმა კარგად გაიგეს, რომ ჩვენთვის ამ კანდიდატურის არმოცემა, რუსეთისთვის ერთგვარი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს და ამისი სურვილი არ არსებობს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას ძალიან ხაზგასმით, რომ არ შეიძლება წინასწარ იმის ძახილი, რომ უთუოდ მოგვცემენ. მე მაქვს იმედი, მაქვს რწმენა, რომ ჩვენ აქეთკენ მივდივათ და ეს უნდა იყოს წარმატებული, მაგრამ არ არის სწორი და არც არ არის ეთიკური, ვიტყოდი, ამის ძახილი, როცა ოცდაშვიდმა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას აქვს დიდი მნიშვნელობა  და ერთმაც რომ თქვას უარი, ეს იქნება უარი. ამის მიმართ იმის თქმა რომ ას პროცენტიანად გარანტირებულია, არის ან არ ცოდნა იმ სისტემის ან არასწორი,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, სტატუსზე უარი უზარმაზარი უიმედობის საფუძველი გახდება. „თუ არ მივიღეთ, რაც დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება... რომ არ მივიღოთ, ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი. რაც არ ვიცი რით უნდა დავძლიოთ. ძალიან რთული იქნება და რთული იქნება ყველაზე მეტად იმ ახალი თაობისთვის, რომელიც ამას ელოდება და რომლის ახლო და ხანგრძლივი მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, თუ მივიღეთ, პირიქით ეს იქნება იმ იმედის საფუძველი, რომელიც მერე მობილიზაციაში გადაიქცევა, რის გარეშეც ჩვენ სერიოზული და თავისუფალი არჩევნები არ გვექნება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ არჩევნები, ჩვენ სერიოზულად უნდა ჩავებათ. დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში, შორიდან არ გვიყუროს და თქვან რომ თქვენ ასე და ისე უნდა მოიქცეთ. არა, მოქცევა და ჩართვა ნიშნავს, რომ მონაწილეობა უნდა მიიღო ამ არჩევნებში, მაგრამ  პირველი და აუცილებელი წინაპირობა ამ ყველაფრის არის ის, რომ ხალხი იმედიანად იყოს, მობილიზებული იყო, გვჯეროდეს რომ შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ და ყველაფერს მივაღწევთ,“ - განაცხადა ზურბიაშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, არ შეიძლება, რომ ევროპული ცივილიზაციის სივრცის გარეთ დავრჩეთ. „ამ სივრცის გარეთ დარჩენა ნიშნავს დაუცველობას, ნიშნავს მართლაც მარტო ყოფნას, ნიშნავს იზოლაციას. ეს ძალიან რთულია, მით უმეტეს დღეს. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ წარსულშიც ასე იყო, მაგრამ წარსულში სხვა ტიპის ბალანსი არსებობდა და ჩვენ ამას რაღაცნაირად ვეჭიდებოდით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მოლდოვამ პრორურ ოლიგარქ ილან შორთან დაკავშირებული პარტიის კანდიდატებს არჩევნებზე რეგისტრაცია გაუუქმა

მოლდოვის მთავრობამ პრორურ ოლიგარ ილან შორისთან დაკავშირებული პარტიის კანდიდატებს არჩევნებზე რეგისტრაცია გაუუქმა. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პარტია „შანსის" წარმომადგენლებს სურთ ჩვენი ქვეყნის განადგურება, დაყოფა, სეპარატიზმის გაღვივება და ქაოსსა და ძალადობაში ჩაგდება. ამიტომ, მოლდოვის მთავრობა ვალდებულია, ჩაერიოს,“ - აღნიშნა რესიენმა. „რუსეთის ფედერაცია მოლდოვაში ტანკებით ვერ შემოდის, როგორც უკრაინაში შევიდა, მაგრამ შემოდის ორგანიზებული დანაშაულით,“ - განმარტა მოლდოვის პრემიერმა. მოლდოვა პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის წევრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას გეგმავს მან კონსტიტუციური წესრიგის განადგურების მცდელობაზეც მიანიშნა და განმარტა, რომ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცველებმა შეკრიბეს სისხლის სამართლის საქმეები, საიდანაც თითქმის 70 უკვე გაგზავნილია სასამართლოში.“ „ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების მიზნითა და მოლდოვაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ჰიბრიდული ომის კონტექსტში: 2023 წლის 5 ნოემბრის საერთო ადგილობრივ არჩევნებზე „შანსის“ მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია გაუქმდა,” - განაცხადა რესიანმა. მოლდოვაში არჩევნები კვირას იმართება. 2 ნოემბერს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა.  

ზელენსკი მომავალ კვირას ისრაელს ეწვევა - მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მომავალ კვირას ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ RBC-Ukraine-ი The Times of Israel-ზე დაყრდნობით იტყობინება. დიპლომატური წყაროების ცნობით, ზელენსკი ისრაელს მომავალი კვირის დასაწყისში, ორშაბათს ან სამშაბათს ეწვევა. Axios: ზელენსკის ისრაელში ჩასვლა სურს  

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული 26 მოსამართლე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ განაწესა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3 ნოემბერს უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სია გამოაქვეყნა: 3 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა სამი წლის ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ განწესებასთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით თანამდებობაზე უვადოდ განწესდნენ მოსამართლეები: ბარამიძე ია - ოზურგეთის რაიონული სასამართლო ბერეკაშვილი ქეთევან - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია გოგალაძე ირმა - ხაშურის რაიონული სასამართლო გოგატიშვილი ნინო - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია გოგოლაძე ირინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგია ეპიტაშვილი თეონა  - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო   სხდომის კოლეგია ვარდანიძე   გვანცა   -   ზუგდიდის   რაიონული   სასამართლოს   მაგისტრატი   მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვატიტაძე გრიგოლ - თელავის რაიონული სასამართლო ზათიაშვილი ვერიკო - თელავის რაიონული სასამართლო თაყაძე თეა - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია თხელიძე   ქეთევან  -   ქუთაისის   სა ქალაქო  სასამართლოს   სისხლის  სამართლის საქმეთა კოლეგია კლდიაშვილი ლაშა -  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია კოპალიანი კონსტანტინე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა   კოლეგია კოჭლამაზაშვილი არჩილ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მარშანია ნათია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია ოტიაშვილი ბაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია უბილავა  გიზო   - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა  კოლეგია შჩერბაკოვი ნინო - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ჩაგუნავა კობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ჩიქოვანი  გვანცა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში ცაგარეიშვილი  ლელა  -  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგია ხუსკივაძე ირაკლი - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომისა კოლეგია ჯინჯოლია   მიხეილი   - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია ლომიძე ალექსანდრე - სიღნაღის რაიონული სასამართლო ფურცხვანიძე ფატი - ზუგდიდის რაიონული სასამართლო ჭინჭარაული ლელა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „სასამართლოს გუშაგი“. როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, სამი მოსამართლე პროცედურის დარღვევით დანიშნეს, რადგან მათ კანონით დადგენილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ნაცვლად, თანამდებობაზე 4 წელი დაჰყვეს და, შესაბამისად, საბჭომ გადაწყვეტილება ერთი წლის დაგვიანებით მიიღო. მათივე ცნობით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ნინო გიორგაძის გარდა, ყველა მოსამართლე დანიშნა უვადოდ, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 1-ელ დეკემბერს ეწურებოდათ. “2023 წლის, 3 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო ჯამში უვადოდ დანიშნა 26 მოსამართლე. მათგან 23 მოსამართლე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, 2020 წლის 1-ელ დეკემბრიდან ახორციელებდა სამოსამართლო საქმიანობას, ხოლო 3 - 2019 წლის 3 ივნისიდან (მოსამართლეები: ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული). იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ნინო გიორგაძის გარდა, ყველა მოსამართლე დანიშნა უვადოდ, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 1-ელ დეკემბერს ეწურებოდათ. რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ნინო გიორგაძის არდანიშვნა, რომელსაც საბჭომ გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობაც კი არ მისცა, ატარებს სანქციის შინაარსს მოსამართლის წინააღმდეგ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ომის დაწყების შემდეგ პირველად, ინდონეზია ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის

ისრაელ - “ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ პირველად, ინდონეზია ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის. 51.5 ტონა დახმარება ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ჯაკარტის ჰალიმ პერდანაკუსუმას საჰაერო ძალების ბაზიდან გაგზავნა. მისი თქმით, ჰალსამედიცინო აღჭურვილობა, საკვები, საბნები, კარვები და სხვა მარაგი შეგროვდა როგორც მთავრობისგან, ასევე, ჰუმანიტარული სააგენტოების დახმარებით - ინდონეზიელი მოსახლეობისგან. „ეს არის ინდონეზიის სოლიდარობის ფორმა, ინდონეზიელების კაცობრიობისადმი ზრუნვის ფორმა. რადგან ჰუმანიტარული ტრაგედია ღაზაში მიუღებელია და რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს," - განაცხადა ვიდოდომ.ჰუმანიტარული დახმარება Hercules-ის ტიპის ორი თვითმფრინავისა და Airbus-ის სატვირთო თვითმფრინავი ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტში გადაიტანეს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

ოლექსი დანილოვი: ოკუპირებულ ყირიმში რუსეთი ისეთ დამარცხებას განიცდის, როგორიც აქამდე არ უნახავს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპანტებს ყოველდღე დიდ ზარალს აყენებენ. ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინა არ აპირებს დანებებას და ის გააგრძელებს ბრძოლას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. დანილოვმა აღნიშნა, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთი ისეთ წარუმატებლობას განიცდის, როგორიც აქამდე არ უნახავთ. „რაც შეეხება ყირიმის ნახევარკუნძულს და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტს, მერწმუნეთ, ასეთი დამარცხება რუსებს ცხოვრებაში არ უნახავთ," - განაცხადა დანილოვმა უკრაინის რადიოს ეთერში.  

ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი - ახალი შესაძლებლობა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ გზაზე

ცნობილი ყაზახური მედია გამოცემები ,,Elitar.kz'' და kazakh.inform'' აქვეყნებენ ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალური დირექტორის მამუკა მურჯიკნელის ინტერვიუს, რომელიც შუა დერეფნის განვითარებას ეხება. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი აზია-ევროპის დამაკავშირებელ გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ აქტორად განიხილება და მას ამის დასტურად მოჰყავს როგორც უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალში, ასევე ის ფაქტი, რომ ტერმინალი აზიურ -ამერიკულ-ქართული პარტნიორობისა და თანამშრომლობის სინერგიით შეიქმნა და ფუნქციონირებს. Europetime ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ. ახალმა გეოპოლიტიკურმა მოცემულობამ რეგიონში უამრავი რამ შეცვალა და კიდევ უფრო გამოკვეთა და მნიშვნელოვანი გახადა სატრანზიტო ქვეყნების როლი. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთის როლი. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან ისმაილოვის საქართველოში ვიზიტისას, ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის მნიშვნელობა და როლი იყო. მის კოლეგა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას სწორედ ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას და განსაკუთრებით, შუა დერეფნის ინიციატივის მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთს და რომლის მიზანია, გაზარდოს ამ მარშრუტის მიმზიდველობა ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. დერეფანი ცენტრალურ აზიას, ჩინეთს და აზიის სხვა ქვეყნებს ევროპას დაუკავშირებს. შემუშავებულია ხუთწლიანი საგზაო რუკა, რომელშიც ასახულია თითოეული ქვეყნის პასუხისმგებლობა 2027 წლამდე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება საქართველოს, კერძოდ ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალურ დირექტორთან, ბატონ მამუკა მურჯიკნელთან ინტერვიუ.  - ბატონო მამუკა, ორიოდე სიტყვით მულტიმოდალურ ტერმინალზე რომ გვითხრათ, ვიცით, რომ ტერმინალის მშენებლობა, პანდემიის დროსაც კი არ შეჩერებულა და დღეს უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. ამ ტემპების და ზოგადად ტერმინალის მშენებლობის აუცილებლობა და მიზნობრიობა,როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, სწორად ჰქონდა დანახული, გაანალიზებული და შეფასებული თქვენს კომპანიას? უპირველესად, მადლობა ინტერვიუსა და ინტერესისთვის. ჩვენმა კომპანია Wondernet Exspress Investment Group-მა ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო, 2021 წელს უკვე დაასრულა და დღეს ტერმინალი სრული დატვირთვით მუშაობს. აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები. ტერმინალი სრულიად ავტომატიზებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში ტერმინალი 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. ჩვენი პარტნიორია ამერიკული, უდიდესი ტრეიდული კორპორაცია Trammo. ჩვენ წარმოვადგენთ სიმბიოზს ქართულ-უზბეკურ-ამერიკული ინვესტიციის და ინტერესის, რაც დღეს დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ძირითადი ტვირთი, რასაც ჩვენ ვემსახურებით, ამ ეტაპისთვის არის კარბამიდი (შარდოვანა), თუმცა ჩვენი ტერმინალის ტექნიკური აღჭურვილობა და სტანდარტები გვაძლევს საშუალებას, გავატაროთ სხვა მინერალური სასუქებიც. ტვირთის მიღება ჩვენთან მთლიანად დახურულ სივრცეში ხორციელდება, ისევე როგორც მისი შენახვა და შემდეგ გემებზე გადატვირთვა. ჩვენ გვაქვს საკონვეიერო ლენტური სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვირთი ვაგონიდან ავტომატურად გადაგვაქვს საწყობში და იქიდან პირდაპირ დახურულ სივრცეში ვტვირთავთ გემზე. - ბატონო მამუკა EBRD გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, ამ ფაქტორს და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ ალიხამ ისმაილოვის საქართველოში ვიზიტისას. ხოლო რამდენიმე თვის წინ, უკვე უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას საქართველოში, მან პირადად მოინახულა თქვენი მულტიმოდალური ტერმინალი ბათუმში. თუ შეიძლება, ამაზე რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვა და კიდევ სამომავლო გეგმებზე. მადლობა ამ კითხვისთვის, ჩვენ კერძო კომპანია ვართ, პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ვიაზრებთ და გვესმის ჩვენი და ჩვენი მსგავსი კომპანიების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როლის. ვგრძნობთ და სრული პასუხისმგებლობით ვიაზრებთ ჩვენს ფუნქციას, ამიტომ, მუდმივად ვზრუნავთ და ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე. აქ ვგულისხმობ ყველაფერს, როგორც ინფრასტრუქტურის, პერსონალის განვითარება-გადამზადება, ასევე თვითონ ტერმინალის გაფართოვების იდეას. უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩვენს ტერმინალში, ნამდვილად მნიშვნელოვანი და საპატიო იყო ჩვენი კომპანიისთვის. ესეიგი ჩვენი შრომა, პასუხისმგებლობა, გამჭვირვალიბა, შეუმჩნეველი არ რჩება და შუა დერეფანზე საუბრისას ერთ-ერთ ფლაგმანად ჩვენც ნამდვილად მოვიაზრებით. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელმა მოცემულობამ რეგიონში, კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის აუცილებლობა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ეს ურთიერთანამშრომლობა ახლა, ყაზახეთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა ამ კუთხით, ისევე როგორც უზბეკეთი, აზერბაიჯანი  - ჩვენს ხალხებს შორის არაჩვეულებრივი ურთიერთპატივისცემა და სიყვარულია, როგორც ყოფილმა დიპლომატმა, მით უფრო შუა აზიაში ნამუშევარმა ელჩმა, კარგად ვიცი ეს დამოკიდებულება და მიხარია ჩემი დღევანდელი სტატუსით და ახალი შესაძლებლობებით, კვლავ კავშირში რომ შემიძლია ვიყო ჩემთვის მნიშვნელოვან, საინტერესო ქვეყნებთან და ხალხთან, ჩემს ყაზახ, უზბეკ და აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად განვახორციელოთ და შევიმუშაოთ ლოგისტიკური კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროექტები და გეგმები. ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ამ მხრივ ახალი სარკმელია ლოგისტიკურ ტრასკავკასიურ გზაჯვარედინზე, რომლის სათავეც სწორედ ცენტრალურ აზიაში, მათ შორის ყაზახეთში იღებს სტარტს. როგორც უკვე მოგახსენეთ, მქონდა პატივი, მემუშავა და წარმომედგინა ჩემი ქვეყანა როგორც ელჩს, ცენტრალურ აზიაში. ამ წლებმა უამრავი კარგი მეგობარი შემძინა ამ ქვეყნებში და ამით განსაკუთრებით ბედნიერი ვარ. ასევე ჩვენი კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ბატონი დიმიტრი აბდუშელიშვილი, დიპლომატების ოჯახიდანაა, მისი მამა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი იყო უზბეკეთის რესპუბლიკაში. მოგვიანებით უკვე მისი ძმა. ამდენად, ცენტრალური აზია ჩვენთვის გარდა ბიზნესაქმიანობისა, კულტურული, ადამიანური ურთიერთობების, კავშირების ბმაა და ამიტომაც, კიდევ უფრო გვახარებს ჩვენი ურთიერთაახლოებისკენ და ურთიერთანამშრომლობისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი.