ძებნის რეზულტატი:

საქართველოდან აშშ-ში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის, ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალუირ პროკურატურა ავრცელებს. უწყების იფორმაციით, აღნიშნული პირის ექსტრადიცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. „ბრალდებული აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტრანსნაციონალური ხასიათის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნებოდა. აღსანიშნავია, რომ იგი წარმოადგენდა მის მიერ შექმნილი მასშტაბური დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, მან სულ მცირე 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის შექმნა და მათი ფუნქციონირება უზრუნველყო. თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმების გამოყენებით, 6 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით დაზარალებულისგან მოტყუებით მიღებულმა თანხამ 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ძებნილი პირი აშშ-ში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის და მითითებული პირის ექსტრადიციის თაობაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. გენერალური პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულის აშშ-ში ექსტრადიციის ფაქტს, დღეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილი პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დახმარების გაწევისთვის. როგორც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულის ექსტრადიცია განხორციელდა საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს მუშაობის შედეგად, რათა აღნიშნული პირი წარმდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე. ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკოლ მ. არგენტიერის განცხადებით, ეს ექსტრადიცია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყვეტი კოორდინაციის და პარტნიორობის შედეგია. „საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული პირის აშშ-ში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო. ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დაუშვებლად ცნო და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. 2023 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ძებნილი პირის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ბრალდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა. ძებნილი პირის საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსპორტირება აშშ-ის მარშალთა სამსახურის მიერ მოხდა. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

„ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, მისი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებულის ადვოკატი ამბობდა, რომ საბადრაგო სამსახურის უფროსი უწყებაში 14 წელი მუშაობდა, აღიარებს დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ მიმალულა. პროკურორმა კი, განაცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო. ბრალდების მხარის შუამდგომლობას პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ივერი ნატრიაშვილი საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა და დეტალური ჩვენება მისცა. ადვოკატის თქმით, სახეზე გაუფრთხილებლობითი დანაშაულია და არა განზრახი, ის საჯარო მოხელე 14 წლის განმავლობაში იყო და ერთხელაც არ ჰქონია გადაცდომა. ამასთანავე, ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული. დაცვის მხარე საჭიროების შემთხვევაში საზღვრის დატოვების აკრძალვას ეთანხმებოდა და გამოითქვა ყოველდღიურად პოლიციის განყოფილებაში გამოცხადების მზაობაც. საპასუხოდ, პროკურორმა აღნიშნა, რომ საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელს უყურადღებოდ ჰყავდა დატოვებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები. გამოძიების თანახმად, არსებობს ავტომანქანის ვიდეოჩანაწერი, სადაც პატიმრების გაქცევის ფაქტია ასახული. პროკურორის განმარტებით, უფროსი ოფიცერი იმ ადგილზე არ იმყოფებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო, ის წინა სავარძელზე იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებულები კი, აბსოლუტურად უმეთვალყურეოდ ჰყავდა დატოვებული. პროკურორმა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობაც დააყენა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. შარაშენიძის განმარტებით, ესკორტის უფროსი ტელეფონზე საუბრობდა, რითაც პატიმრებმა ისარგებლეს და გაიქცნენ, რაც ადვოკატის თქმით, ეს არავითარი შეთანხმება არ იყო და იყო შემთხვევითობა. მოსამართლემ პროკურატურის ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ივერი ნატრიაშვილი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა. გამოძიების ინფორმაციით, პირველ ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა ივერი ნატრიაშვილმა ბადრაგირების დადგენილი წესი არ შეასრულა, მსჯავრდებულები მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები სათანადოდ არ ჩაკეტა, რითაც, სამმა მსჯავრდებულმა ისარგებლა. „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი პირველ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

შუა დერეფანი საინვესტიციო კავშირებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის - ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი) აზიასა და ევროპას შორის ორმხრივად მომგებიანი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირებისთვის, ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ამის შესახენ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მურატ ნურთლეუმ განაცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით ყაზახეთი მხარს უჭერს ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორობის გაფართოებას ევროკავშირის პროექტის TEN-T (ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი) ფარგლებში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

იტალიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის დრო ჯერ არ მომწიფებულა

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ გაზეთ Quotidiano Nazionale-თან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პოლიტიკურ დონეზე მოლაპარაკებების დრო არ დამდგარა. ოფიციალური პირის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელ-ჰამასის ომის ფონზე, უკრაინასთან მიმართებით მედიის ყურადღება შემცირდა, კიევის პარტნიორების პოლიტიკური ყურადღება არ შემცირებულა. „დასავლეთისა და ევროკავშირის მხრიდან კიევის მხარდაჭერა უცვლელია. უკრაინა იბრძვის თავისი სუვერენიტეტის დასაცავად, ასევე საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის. ნათელია, რომ გრძელვადიანი მშვიდობა არ შეიძლება, მხოლოდ სამხედრო მოქმედებებს დაეფუძნოს. აუცილებელია პოლიტიკური ზავი, ამის დრო კი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება,“ - განაცხადა კროსეტომ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სექტემბერში მედიისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ ომი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს არ დატოვებს.   ცნობისთვის, NBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის და ევროპის ოფიციალური პირები სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობებს განიხილავენ.  

უკრაინამ შვედური Archer-ის ტიპის რვა საარტილერიო სისტემა მიიღო

შვედური Archer-ის ტიპის რვა საარტილერიო სისტემა უკრაინას უკვე გადაეცა. ამის შესახებ ეროვნული მაუწყებელი SVT შვედეთის თავდაცვის მინისტრ პალ ჯონსონის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. თვითმავალი იარაღი უკრაინას იანვარში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიეწოდა. Archer მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საარტილერიო სისტემაა, რომელსაც ჭურვების სროლა 50 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია. სტოკჰოლმმა უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. სკანდინავიურმა ქვეყანამ აგვისტოში 200 მილიონი დოლარის ღირებულების მე-14 დახმარების პაკეტი წარადგინა, რომელიც ძირითადად საარტილერიო საბრძოლო მასალისგან შედგებოდა. შვედეთი უკრაინისთვის Gripen-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავს.  

კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავეს

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ „ავერსის“ კლინიკიდან მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისთვის (სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილი) ერთი პირი დააკავა. იუსტიციის სამინისტრო სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა  

საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა

საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ერთი მეზღვაური სარემონტო სამუშაოს შესრულებისას, ხოლო მეორე მეზღვაური ასევე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის ადგილზე შესასწავლად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლობა საბერძნეთში გაემგზავრა. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაზიანდა ქართველი მეზღვაური. მეზღვაური გადაიყვანეს საავადმყოფოში, General Hospital of Ioannina G. Hatzikosta, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 26 ოქტომბერს, ამავე გემზე, პირველადი ინფორმაციით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში. აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან, გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს. ამასთან, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ,” - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.  

NBC: აშშ-მ და ევროკავშირმა უკრაინასთან დაიწყეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განხილვა

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა უკრაინასთან დაიწყეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე მსჯელობა. ამის შესახებ NBC News-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. მათგან ერთი, მოქმედი მაღალჩინოსანია. წყაროების თქმით, რამდენიმე „დელიკატური“ დისკუსია ოქტომბერში გაიმართა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. არხის თანამოსაუბრეების თქმით, შეხვედრებზე საქმე ეხებოდა იმას, თუ რაზე შეიძლება მოუწიოს უკრაინას უარის თქმა შეთანხმების მისაღწევად. თავის მხრივ, NATO მზად არის, უკრაინას შესთავაზოს „უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები“, რომლებიც რუსეთს შეაკავებს უკრაინის ტერიტორიაზე ხელახალი შეჭრისგან. არხის წყაროებმა აღნიშნეს, რომ დისკუსია დაიწყო შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების შეშფოთების ფონზე, რომ ომი ჩიხში შევიდა და რომ ისინი ვერ გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას. ამერიკული მედიის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ასევე შეშფოთებული არიან, რომ უკრაინას ძალები ეწურება - მაშინ, როცა რუსეთის შემთხვევაში ისინი „უსასრულო ჩანს.“ ამასთან, „ბაიდენის ადმინისტრაცია ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის,“ აღნიშნავენ NBC News-ის თანამოსაუბრეები. მათი თქმით, როგორც დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, პუტინი იმედოვნებს, რომ „ლოდინში აჯობებს დასავლეთს“ ან განაგრძობს ბრძოლას, ვიდრე დასავლეთის ქვეყნები არ გადაწყვეტენ, შეწყვიტონ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის ან ვიდრე ეს დახმარება ძალიან ძვირი დაჯდება. ოფიციალური პირების თქმით, უკრაინას დრო აქვს ამ წლის ბოლომდე ან ცოტა მეტ ხანს, რის შემდეგაც დაიწყება „უფრო სასწრაფო დისკუსიები სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ.“ საჯაროდ აშშ-ის წარმომადგენლები უარყოფენ, რომ ისინი უკრაინას მოლაპარაკებებისკენ უბიძგებენ ან რომ მასთან საერთოდ მიმდინარეობს ასეთი დისკუსიები. „მოლაპარაკებების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება უკრაინის მისაღებია. ჩვენ ორიენტირებული ვართ უკრაინის მხარდაჭერაზე, რადგან ის საკუთარ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას იცავს რუსული აგრესიისგან,“ - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა.  

თურქეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია

თურქეთმა ისრაელიდან თავისი ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის, „ღაზაზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების ფონზე.“ თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „ღაზაში განვითარებული ჰუმანიტარული ტრაგედიის გათვალისწინებით, რომელიც გამოწვეული იყო ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებით და ცეცხლის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დახმარების მუდმივი, შეუფერხებელი ნაკადის მოწოდებაზე უარის თქმის გამო, გადაწყდა, რომ გამოეწვიათ ჩვენი ელჩი, ანკარაში კონსულტაციებისთვის,“ - აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, ერდოღანმა სტამბოლში რამდენიმე დღის წინ გამართულ პრო-პალესტინურ აქციაზე ისრაელს "ომის დამნაშავე" უწოდა. დღეს კი განაცხადა: „ნეთანიაჰუ აღარ არის ის ადამიანი, ვისთანაც შეგვიძლია საუბარი. ჩვენ მას ხაზი გადავუსვით.“ ერდოღანის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ "ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა და ომის დანაშაულები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომდე მიიტანოს." ელჩები ისრაელიდან ასევე გაიწვიეს კოლუმბიამ, ბოლივიამ, ჩილემ, იორდანიამ, ბაჰრეინმა, ჰონდურასმა.  

პრეზიდენტი პარლამენტზე: ვიდრე მეორე პალატა არ იქნება, ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად არ გვექნება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორპალატიანი პარლამენტის შექმნის მომხრეა. მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს „რეალური თვითმმართველობა.“ „მე ვწუხვარ ერთი რამის გამო, რომ არასოდეს ამ ქვეყანაში არ ყოფილა გახსნილი დისკუსია, ნამდვილი დისკუსია იმის შესახებ თუ რომელი რეჟიმი - საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო იქნებოდა საქართველოსთვის. ეს სრული დისკუსია არც პარლამენტში არ ჩატარებულა. მე ვიყავი მონაწილე იმ საკონსტიტუციო კომისიის და პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა მოგვყვება პირველივე დღიდან, ვიტყოდი პირველი რესპუბლიკიდანაც ერთგვარად. ჩვენ ვცვლით რეჟიმებს და კონსტიტუციებს იმის მიხედვით თუ რა არ მოგვეწონა წინა მმართველებისგან, თუ პრეზიდენტი არ მოგვწონდა და თუ ზე-პრეზიდენტობდა, მაშინ გვინდა საპარლამენტო, ახლა პარლამენტი...შეიძლება, გუშინდელი და გუშინწინდელი ძახილების მერე ჩავთვალოთ რომ არ მოგვწონს ასეთი უხამსობა და გადავწყვიტოთ, რომ სხვა სისტემა გვირჩევნია. ეს არის  ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი საკითხი, როგორც კიდევ ბევრი საკითხი გვაქვს კონსტიტუციაში. მე მაგალითად მიმაჩნია, ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ ჩვენ ორი პალატა გვჭირდება, ამიტომ, ვიდრე მეორე პალატა არ იქნება, არ გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად. დღესვე უნდ შეიქმნას, თეორიულად ვამბობ კიდევ ერთხელ, და ახლავე უნდავ ვუთხრათ და ვაჩვენოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რა იქნება მათი ადგილი იქ და დავტოვოთ მათი ადგილი ღიად, მაგრამ სისტემა შევცვალოთ იმისთვის, რომ მივცეთ ამ ქვეყანას მეტი პოლიტიკური განვითარების საშუალება. 2006 წლიდან ვფიქრობდი ამას და არაფერი არ შეიცვალა. თუ არა ადგილობრივი დემოკრატია და თვითმმართველობა, თუ იქიდან არ წამოვიდნენ ახალი პოლიტიკოსები, მაშინ ვიტრიალებთ ამ წრეზე,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.  

ბლინკენმა ისრაელს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზა შესთავაზა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტის დროს საბრძოლო მოქმედებების შეჩერების წინადადებით გამოვიდა. მისი თქმით, „ჰუმანიტარული პაუზა“ შეიძლება, დაეხმაროს მშვიდობიან მოსახლეობას. „როცა ვხედავ პალესტინელ ბავშვს - ბიჭს ან გოგოს, რომელიც სახლის ნანგრევებიდან ამოჰყავთ, ამით სულის სიღრმემდე ვარ შეძრული ისევე, როგორც მაშინ, როცა ვხედავ ბავშვს ისრაელიდან ან ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან,“ განაცხადა ბლინკენმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის წინააღმდეგია, ვიდრე ისრაელელ მძევლებს არ გაათავისუფლებენ. ბლინკენმა ისრაელელ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებების დროს დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ემხრობა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას და ფორმულა „ორი ხალხი, ორი სახელმწიფოს“ განხორციელებას. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყო, აშშ-ის ადმინისტრაციამ ისრაელის მთავრობას არაერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისგან, რაც მსხვერპლს გამოიწვევდა სამოქალაქო მოსახლეობაში.  როგორც BBC წერს, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ისრაელის მიერ წარმოებული ომების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის ხელისუფლება ასე ღიად აცხადებს, რომ ისრაელმა ომის წარმოების კანონები უნდა დაიცვას.    

კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"ავერსის" კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე, 4 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა ჩატარდა. მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა - თანამდებობიდან გაათავისუფლა და პატიმრობა შეუფარდა საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს. კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავეს ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მისმა საქმის პროკურორმა ლაშა ამირანაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ, პატიმრების გაქცევის შესახებ გამოძიებით დადგენილი ფაქტები ჟურნალისტებს გააცნო. პირველ ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე კლინიკა "ავერსის" ეზოში, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაჩერებულ პენიტენციური სამსახურის მანქანაში ოთხი მსჯავრდებული იჯდა. ამ დროს პატიმრების ზედამხედველობა ევალებოდა საბადრაგო ჯგუფის უფროსს - ივერი ნატრიაშვილს, რომელიც მსჯავრდებულების გაქცევის მომენტში, სავარაუდოდ, მიკროავტობუსის წინა მხარეს არის და კოლეგებს ესაუბრება გამოკვლევაზე "ავერსიში" შეყვანილი მსჯავრდებულების შესახებ. როგორია მანქანა, რომელითაც პატიმრები მიიყვანეს კლინიკაში "ციხის მანქანაში" ორი საკანია, თითოში სამი ადამიანი ეტევა. როგორც პროკურორი აღწერს, კარი გარედან იკეტება ურდულითა და საკეტით. თუ კარი გასაღებით არის ჩაკეტილი, პატიმრის გაქცევა შეუძლებელია. "[ურდულის გახსნა] შესაძლებელია გისოსიდან თითის გამოყოფით, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. არ იქნებოდა მარტივი, რომ ყოფილიყო ჩაკეტილი," - ამბობს ლაშა ამირანაშვილი, საქმის პროკურორი რადიო თავისუფლების ცნობით. ივერი ნატრიაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება - ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა, რის გამოც გაიქცა პატიმარი). საქმის პროკურორი ამბობს, რომ საბადრაგო ჯგუფის უფროსმა მანქანაში პატიმრების საკნის კარი მხოლოდ ურდულით ჩაკეტა და არ გამოიყენა გასაღები. მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს შეამჩნიეს პატიმრებმა და შეძლეს გაქცევა. „მსჯავრდებულთათვის სპეციალურ ავტომანქანაში არსებული საკნის კარი უნდა დაეკეტა არამხოლოდ ურდულით, გასაღებითაც. ამ სივრცის წინ არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ესკორტის თანამშრომლები, ეს ადგილიც იყო ცარიელი. ეს ბრალდებული [საბადრაგო სამსახურის უფროსი] იჯდა წინა სავარძელზე და მეთვალყურეობის გარეშე ჰყავდა დატოვებული მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები," - ამბობს ლაშა ამირანაშვილი. მისივე თქმით, საბადრაგო ჯგუფის უფროსი პატიმრებს "ძალიან მცირე მანძილზე" დაედევნა, შემდეგ კი უკან დაბრუნდა. „ბრალდებულმა განახორციელა დევნა, თუმცა ძალიან მცირე მანძილზე [10 მეტრამდე]... ჩვენ ახლა მას ვედავებით, რა არ შეასრულა მან, ვიდრე გაიქცეოდნენ მსჯავრდებულები. შეიძლება სუბიექტური შეფასებაც იყოს ამ ეტაპზე, ცოტა მეტ მანძილზეც შეეძლო განეხორციელებინა დევნა. მას შემდეგ დაბრუნდა და დაუკავშირდა თავის ხელმძღვანელობას," - ამბობს პროკურორი.პროკურორის თქმით, პენიტენციური სამსახურის მანქანაში მხოლოდ სამი პატიმარი არ მჯდარა - "მეორე საკანაში დარჩა ერთი პატიმარი, რომელიც არ და ვერ გაიქცა. მისი კარის ურდული გადაკეტილი იყო და არც უცდია გაქცევა." ივერი ნატრიაშვილის ადვოკატის, ინგა შარაშენიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულებმა გაქცევა მოახერხეს, ბრალდებულმა მყისიერი რეაგირება მოახდინა. ადვოკატი განმარტავს, თუ რატომ არ იმყოფებოდა ბრალდებული პატიმრებთან ერთად, ერთ სივრცეში. „პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არ იყო, ის აღიარებს, ინანიებს, ეს იყო გაუფრთხილებლობა, ის ტელეფონზე საუბრობდა არა პირადი მიზნებისთვის, არამედ, საბადრაგო სამსახურის სხვა თანამშრომლებს ესაუბრებოდა სხვა პატიმრების ჩამოყვანასთან დაკავშირებით, რომელიც მათ მიერვე იყვნენ შემოყვანილი. მან შუა საუბრის დროს დაინახა, რომ პატიმრები ჩავიდნენ, თანამშრომლებსაც უთხრა, რომ სასწრაფოდ მოეხდინათ რეაგირება, დაუკავშირდა უფროსებს და ყველანი ცდილობდნენ გაქცეული მსჯავრდებულების დაკავებას. მან მყისიერი რეაგირება მოახდინა, როცა მსაჯავრდებულებმა გაქცევა მოახერხეს, თუმცა, დადგა ის შედეგი, რაც არის," - განაცხადა შარაშენიძემ. მისივე განმარტებით, პენიტენციური დაწესებულების ავტომანქანის კარი ურდულით ჩაკეტილი იყო, თუმცა, გასაღებით არა. „კარი გასაღებითაც უნდა ყოფილიყო დაკეტილი და ურდულითაც. ურდულით დაკეტილი იყო, გასაღებით არა, ზუსტად ამიტომ მოახერხეს გაღება. აქ სახეზე გვაქვს მხოლოდ ბრალდებულის დანაშაული, რომელსაც ეს უნდა მოეხდინა, ის იყო ცვლის უფროსი იყო, მას ევალებოდა დაკეტვაც და მისი კონტროლიც. ეს იყო შემთხვევითობა, ნატრიაშვილს შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა შეევსო, რომელიც სასჯელაღსრულებისთვის უნდა წარედგინა, ვინაიდან მას პატიმრები ჰყავდა შემოყვანილი. ეს იყო მისი წინ ჯდომის მიზეზი. ადგილზე მძღოლი და ბრალდებული იმყოფებოდნენ, ვინაიდან სხვები ზემოთ, სხვა პატიმრებთან ერთად იმყოფებოდნენ. შესაბამისად, სხვისი ვალდებულება ვერაფერზე ვერ იქნება, ის ხელს არავის აფარებს, თვითონ იყო ესკორტის უფროსი," - განაცხადა შარაშენიძემ. კითხვას, პატიმრების გაქცევის შემდეგ, რა ღონისძიებები გაატარა ბრალდებულმა, ან უნდა მოეხდინა თუ არა მას გამაფრთხილებელი გასროლა, ადვოკატი ასე პასუხობს: „ეს ყველაფერი წამებში მოხდა, რა თქმა უნდა, მისდევდა." „რაც შეეხება პროპორციულ ძალას - იცით, რომ ეს "ავერსის" კლინიკასთან მოხდა, რომელიც დასახლებულ პუნქტში მდებარეობს, შესაბამისად, პროპორციული ძალის გამოყენება მიზანშეწონილი არ იყო. დამხმარე ძალა დაუყოვნებლივ მოვიდა, მაგრამ მიზანშეწონილი არ იქნებოდა დასახლებულ პუნქტში საკონტროლო გასროლა, არავინ იცის, ვის შეიძლებოდა მოხვედროდა, ეს ბევრად ცუდი შედეგის მომტანი იქნებოდა," - განაცხადა შარაშენიძემ. ივერი ნატრიაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა 28 დეკემბერს გაიმართება.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინა დათმობებს არ ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინა დათმობებს არ ითხოვს. ზელენსკის თქმით, რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელი იყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, შეასრულეს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა „მყარი და სანდო რჩებოდეს“, მათ შორის თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა, ვინაიდან „რუსეთი უნდა ხედავდეს, რომ მსოფლიო უკან არ იხევს, როდესაც თავისუფლებასა და საერთაშორისო სამართალს იცავს.“ „ეს ეხება კანონის უზენაესობასაც, ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასაც, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაში მეტ გამჭვირვალობასაც და ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურის გაძლიერებასაც,“ - განაცხადა ზელენსკიმ.  

ზელენსკის თქმით, ფრონტზე ვითარება ჩიხში არ შესულა: უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას და დათმობებს არ აპირებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ თვლის, რომ უკრაინის ფრონტზე ვითარება ჩიხშია. ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს არ არის ჩიხი. რუსეთი ცას აკონტროლებს. ჩვენ ჩვენს ჯარებს ვიცავთ. არავის [უკრაინაში] არ სურს ჩვენი ხალხი უბრალოდ ჩააგდოს [ბრძოლაში], როგორც ამას რუსეთი აკეთებს," - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიევი ცაში რუსების უპირატესობას მას შემდეგ დაძლევს, რაც უკრაინელი პილოტები F-16-ებზე წვრთნებს დაასრულებენ. ზელენსკიმ ასევე უარყო, რომ უკრაინის პარტნიორები მასზე ზეწოლას ახდენდნენ რუსეთთან მოლაპარაკების მიზნით. „ყველამ იცის ჩემი პოზიცია, რომელიც იგივეა, რაც უკრაინელი ხალხის პოზიცია. ახლა ჩემზე ზეწოლას არავინ ახორციელებს. ეს ხდებოდა ომამდე და ომის დასაწყისში. რუსეთთან დასხდომა და მასთან ლაპარაკი, დათმობებზე წასვლა - ეს არ მოხდება," - განაცხადა ზელენსკიმ, რითაც გამოეხმაურა NBC-ის ინფორმაციას, რომლის თანახმად, ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინასთან განხილვები დაიწყეს, რათა რუსეთთან მოლაპარაკებებზე დაითანხმონ. The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა, პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს. ეს მოსაზრება ვაშინგტონში შეაფასეს. „უკრაინის ლიდერების უფლებაა, ისაუბრონ თავიანთ პროგრესზე ან მის ნაკლებობაზე. ეს ნამდვილად მათი საქმეა. ვფიქრობ, ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. მე ახლა ვერ ვისაუბრებ ახალ შესაძლებლობებზე, თუმცა რაც შემიძლია, გითხრათ, ისაა, რომ ომის განვითარების შესაბამისად მოვამარაგეთ უკრაინა და ეს პროცესი გაგრძელდება,“ - უპასუხა ჯონ კირბიმ მედიას. ზალუჟნი რუსეთთან ხანგრძლივი პოზიციური ომის თავიდან ასაცილებლად, 5 ამოცანას ასახელებს      

უკრაინამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა

უკრაინის სამართალდამცავებმა ოფიციალურად დაადანაშაულეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში, ასევე, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში. ამის შესახებ უშიშროების სამსახური იტყობინება. „SBU-მ და გენერალურმა პროკურატურამ შეაგროვეს მტკიცებულებები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის ვლადიმერ გუნდიაევის (იგივე კირილის) წინააღმდეგ, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას და უარყოფს დამპყრობლების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინის საგამოძიებო სამსახურების ინფორმაციით, კირილი რუსეთის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ახლო წრის წევრია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს. „პროპაგანდის გასავრცელებლად ის მასიურად იყენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მის კონტროლს დაქვემდებარებული რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიურ თემებს, ასევე უკრაინის რუსული ეკლესიის წარმომადგენლებს. რეგულარულად ავრცელებს კრემლის ნარატივებს ონლაინ ქადაგებების, ან საკუთარი ვიდეო კომენტარების სახით. არაერთხელ მისცა კომენტარები რუსეთის ცენტრალური ტელეარხების პროპაგანდისტებს, სადაც იგი მხარს უჭერდა კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და მოუწოდებდა მორწმუნეებს გაერთიანებულიყვნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში. SBU-მ დაადასტურა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის დანაშაულებრივი ქმედების ფაქტები," ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. გუნდიაევი ეჭვმიტანილია: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში; რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის ლეგიტიმურად აღიარებაში, აგრესიული ომის დაგეგმვა- მომზადება- დაწყება -წარმოებაში. უკრაინის უშიშროების ინფორმაციით, მიმდინარეობს ყოვლისმომცველი ღონისძიებები უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ჩართული პირის [კირილის] პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინამ 70 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ეკლესიას დაქვემდებარებული სასულიერო პირების წინააღმდეგ. მათგან 16 მიტროპოლიტია.

ლაიენი კიევში: უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ამას მომავალ კვირას დავადასტურებთ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში. ეს ოფიციალურად დადასტურდება ანგარიშის ფარგლებში, რომლის წარდგენასაც ევროკომისია მომავალ კვირას გეგმავს. UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უნდა ვთქვა, რომ თქვენ მიაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს. შთამბეჭდავია ამის ნახვა. ამის მოწმენი ვიქნებით მომავალ კვირას, როდესაც ევროკომისია წარადგენს თავის ანგარიშს გაფართოების შესახებ," - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ლეიენის თქმით, უკრაინამ აჩვენა წინსვლა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში, ოლიგარქიული კონტროლის შეზღუდვის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში და ბევრ სხვა სფეროში. ლაიენი დარწმუნებულია. რომ უკრაინა დარჩენილი რეფორმების დასრულებას ძალიან მალე შეძლებს: „თუ ეს მოხდება, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა შეძლებს, გააცნობიეროს თავისი ამბიციური მიზანი, გადავიდეს გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე,“ განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. უკრაინის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ელოდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.  

ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, ჩემზე ზეწოლას არავინ ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო, რომ უკრაინის პარტნიორები მასზე ზეწოლას ახდენდნენ რუსეთთან მოლაპარაკების მიზნით. ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ყველამ იცის ჩემი პოზიცია, რომელიც იგივეა, რაც უკრაინელი ხალხის პოზიცია. ახლა ჩემზე ზეწოლას არავინ ახორციელებს. ეს ხდებოდა ომამდე და ომის დასაწყისში. რუსეთთან დასხდომა და მასთან ლაპარაკი, დათმობებზე წასვლა - ეს არ მოხდება," - განაცხადა ზელენსკიმ, რითაც გამოეხმაურა NBC-ის ინფორმაციას, რომლის თანახმად, ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინასთან განხილვები დაიწყეს, რათა რუსეთთან მოლაპარაკებებზე დაითანხმონ. ზელენსკი ასევე გამოეხმაურა ფრონტზე ჩიხის შესახებ ზალუჟნის შეფასებას. „ეს არ არის ჩიხი. რუსეთი ცას აკონტროლებს. ჩვენ ჩვენს ჯარებს ვიცავთ. არავის [უკრაინაში] არ სურს ჩვენი ხალხი უბრალოდ ჩააგდოს [ბრძოლაში], როგორც ამას რუსეთი აკეთებს," - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიევი ცაში რუსების უპირატესობას მას შემდეგ დაძლევს, რაც უკრაინელი პილოტები F-16-ებზე წვრთნებს დაასრულებენ. The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა, პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს. ეს მოსაზრება ვაშინგტონში შეაფასეს. „უკრაინის ლიდერების უფლებაა, ისაუბრონ თავიანთ პროგრესზე ან მის ნაკლებობაზე. ეს ნამდვილად მათი საქმეა. ვფიქრობ, ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. მე ახლა ვერ ვისაუბრებ ახალ შესაძლებლობებზე, თუმცა რაც შემიძლია, გითხრათ, ისაა, რომ ომის განვითარების შესაბამისად მოვამარაგეთ უკრაინა და ეს პროცესი გაგრძელდება,“ - უპასუხა ჯონ კირბიმ მედიას. ზალუჟნი რუსეთთან ხანგრძლივი პოზიციური ომის თავიდან ასაცილებლად, 5 ამოცანას ასახელებს        

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტს წევრ ქვეყნებს ძალიან მალე შევთავაზებთ

ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მალე შესთავაზებენ. შესაბამისი განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ჩვენმა სანქციებმა ძლიერ იმოქმედა რუსეთის ეკონომიკაზე. ძალიან მალე წევრ ქვეყნებს სანქციების მე-12 პაკეტს შევთავაზებთ. იქნება ახალი სიები, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც მონაწილეობს სამხედრო შეჭრასა და ქვეყნის ოკუპაციაში, ბავშვების სასტიკ გატაცებაში, ყალბ ამბების გავრცელებაში, და ასევე ჩართულია პროპაგანდაში,“ - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

ნეპალში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 157-ს მიაღწია

ჩრდილო-დასავლეთ ნეპალში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 157-ს მიაღწია, დაშავებულია ასობით ადამიანი. კავშირი გაწყდა ბევრ დასახლებულ პუნქტთან. მთებში ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც გზები და ბილიკები ჩახერგა. ნეპალის მიწისძვრების მონიტორინგისა და კვლევის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი 400 კილომეტრით იყო დაშორებული დედაქალაქ კატმანდუდან. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის მაგნიტუდა 6,4-ს შეადგენდა. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა ის 5,6-ით შეაფასა. სამაშველო სამუშაოში ვერტმფრენები მონაწილეობენ. მეზობელმა ინდოეთმა, რომლის დედაქალაქ დელიშიც იგრძნობოდა მიწისძვრა, ნეპალს „ყოველგვარი შესაძლებელი დახმარებ შესთავაზა.“  

ბერბოკი: სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ევროპის ინტერესშია

ევროპა დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა აზერბაიჯანში განაცხადა.  გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასია ევროპისთვის საინტერესო რეგიონია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეკონომიკური სფეროა. მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია ნდობისა და რწმენის ჩამოყალიბება. "ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ამ რეგიონში. ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სამშვიდობო შეთანხმებას უნდა ეფუძნებოდეს. მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის ერთი და იგივე პოზიცია მოვისმინე," აღნიშნა ბერბოკმა აზერბაიჯაბული მედიის ცნობით.