ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის სენატმა ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას არ მოიცავს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შემდეგ სენატმაც დაუჭირა მხარი კანონპროექტს მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ, რომელმაც ქვეყანას სამთავრობო დაწესებულებების მუშაობის შეჩერება თავიდან უნდა ააცილოს. კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებული დროებითი ბიუჯეტი არ მოიცავს უკრაინის და ისრაელის დახმარებას. კანონპროექტი მანამდე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. CNN-ის ინფორმაციით, ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნა. ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, მათ შორისაა სამხედრო მშენებლობა, ვეტერანთა საქმეები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება. სენატმა კანონპროექტი 87 ხმით 11 წინააღმდეგ მიიღო.
თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის დეტალები მიმოიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ნაბიჯები დაგეგმეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება. მისი თქმით, 212 ვაგონი ჯამში 45 მატარებელია. პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.
პაველ ჰერჩინსკი: ტოლერანტობა და მრავალფეროვნება - ევროკავშირისთვის ეს ორივე ღირებულება საკვანძოა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ევროკავშირისთვის ეს ორივე ღირებულება - ტოლერანტობა და მრავალფეროვნება საკვანძოა. „16 ნოემბერს ტოლერანტობის დღეს აღვნიშნავთ. ჩვენ ტოლერანტობას და მრავალფეროვნებას ვზეიმობთ. ევროკავშირისთვის ეს ორივე ღირებულება საკვანძოა. ისინი აუცილებელია დემოკრატიული, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების უზრუნველსაყოფად. ევროკომისიამ ახლახან გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. უმცირესობების დაცვა, მრავალფეროვნების პატივისცემა და რწმენის თავისუფლება ის ღირებულებებია, რომლებზეც საქართველო თავისი ისტორიის განმავლობაში ზრუნავდა. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს გზაზე ამ ღირებულებების წინ წაწევის მუდმივი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესი იქნება," - ამბობს ჰერჩინსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ისტორიაში პირველად, რუსეთი UNESCO-ს აღმასრულებელ საბჭოში არ აირჩიეს
ისტორიაში პირველად, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ ((UNESCO), რუსეთი ერთ-ერთ მთავარ ორგანოში არ აირჩია. ურკაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ Twitter-ზე (X) დაწერა, რომ ისტორიაში პირველად, რუსეთი "გარიცხეს იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოდან." „რუსული გავლენის ეპოქა დასრულდა და ეს მართალია. რუსი ტერორისტების ადგილი არ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების სათავეში. რუსეთის საერთაშორისო როლი კიდევ უფრო შესუსტდება," - აღნიშნა ზელენსკიმ. იუნესკოს აღმასრულებელი საბჭო არის ორგანიზაციის სამი ძირითადი ორგანოდან ერთ-ერთი (გენერალურ კონფერენციასთან და სამდივნოსთან ერთად), რომელიც მართავს მის საბიუჯეტო და პროგრამულ საქმიანობას. საბჭოს ჰყავს 58 წევრი, რომლებსაც ირჩევს გენერალური კონფერენცია, მრჩეველთა ორგანო, რომელიც შედგება იუნესკოს ყველა წევრისაგან. რუსეთი იყო აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ნაწილი, საიდანაც აირჩიეს სერბეთი (137 ხმა), ალბანეთი (134), სლოვაკეთი (117) და ჩეხეთი (99).
სი ძინპინი ჯო ბაიდენს: აშშ-მ ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება არ უნდა დაგეგმოს - საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია
ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე შეერთებულ შტატებს მოუწოდა, არ დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება. შესაბამის ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა სან-ფრანცისკოში გაიმართა. „ჩინეთს არ აქვს გეგმები, დაამარცხოს შეერთებული შტატები და შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება. ორივე მხარემ უნდა გაიგოს ერთმანეთის პრინციპები და ძირეული ხაზები, არ შექმნას ან არ გამოიწვიოს პრობლემები ან გადალახოს საზღვრები, ამის ნაცვლად, უნდა ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია, მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია, განსხვავებებისა და ინციდენტების მშვიდად მოგვარება,“ - აღნიშნა სი ძინპინმა. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი არ დებს ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არ ერევა მის შიდა საქმეებში და აშშ-მაც არ უნდა დადოს ფსონი ჩინეთის წაგებაზე, თავი შეიკავოს ჩინეთის საქმეებში ჩარევისგან. „ჩინეთი არ ეძებს გავლენის სფეროებს. არავისთან ვაპირებთ არც ცივ და არც ცხელ ომს,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა. ჩინური მედიის ცნობით ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების, კომუნიკაციის შენარჩუნებისა და კონფლიქტების პრევენციის აუცილებლობას. შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ განაახლონ მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაცია და ითანამშრომლონ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე განაახლონ შეხვედრები თავდაცვის სამინისტროებს შორის და საზღვაო სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონსულტაციები. 15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს. ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტს ისევ დიქტატორი უწოდა
AFP: სერბეთს აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმება, რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასრულებისკენ გზას უხსნის
სერბეთი 2024 წლიდან, აზერბაიჯანისგან წელიწადში 400 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეისყიდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა. AFP წერს, რომ ეს სერბეთს გზას უხსნის, დასრულდეს ბალკანეთის ქვეყნის თითქმის სრული დამოკიდებულება რუსულ გაზზე. ბაქოში ვიზიტისას სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ კომერციული ხელშეკრულება გაფორმდა Srbijagas-სა და SOCAR-ს შორის, სერბული და აზერბაიჯანული გაზის კომპანიებს შორის, რაც სერბეთს აზერბაიჯანიდან 400 მილიონ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის იმპორტის საშუალებას მისცემს. აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტი გააფორმეს სერბეთი, რომელიც თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის გაზზე, დიდი ხანია გეგმავს აზერბაიჯანიდან გაზის შეძენას მას შემდეგ, რაც ბულგარეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა დასრულდება. მისი ექსპლუატაციაში შესვლა უახლოეს მომავალში იგეგმება. სერბეთი წელიწადში 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. „ხელმოწერილი ხელშეკრულება მომავალ წელს 400 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას გულისხმობს და ჩვენ ველით, რომ ეს მოცულობები მომდევნო წლებში კიდევ გაიზრდება,“ - განაცხადა სერბულმა მხარემ. ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, 2026 წლიდან სერბეთს შეუძლია, აზერბაიჯანიდან ყოველწლიურად, „მილიარდ კუბური მეტრი გაზი“ მიიღოს. სერბეთი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად, ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ზეწოლის ქვეშ მოექცა, რათა თავისი საგარეო პოლიტიკა ბლოკთან გააერთიანოს და რუსეთს სანქციები დაუწესოს.
რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ხანძარი იყო
რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 16 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, მანამდე რეგიონში ძლიერი აფეთქებები ისმოდა. ხანძარი დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის ვოლგოგრადის ოლქის დაბა კოტლუბანში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე გაჩნდა. ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა ტელეგრამ-არხზე, დილით დაწერა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა. ბოჩაროვს ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია. ადგილობრივი გამოცემა „ვოლგოგრად ონლაინი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად ცეცხლი ბალახს გაუჩნდა და შემდეგ მოედო იარაღის საწყობს. რუსული ტელეგრამ-არხი „ბაზა“ იუწყება, რომ ხანძრის წინ, დაბა კოტლუბანის რამდენიმე მცხოვრებმა გაიგო უპილოტო საფრენი აპარატისთვის დამახასიათებელი ხმა, რასაც აფეთქება მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, 5 „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის“ განადგურების შესახებ, თუმცა, ვოლგოგრადის ოლქი არ უხსენებია. ამ ინფორმაციის მიხედვით, 2 დრონი ჩამოაგდეს რუსეთის ბრიანსკის ოლქში და 3 ყირიმის სანაპიროსთან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრიი იუსოვმა ტელეარხ „ჰრომადსკეს“ განუცხადა, რომ რუსულ სამხედრო ნაწილში ხანძართან კავშირს ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ, თუმცა, დღეს „მტერმა კიდევ ერთი არსენალი დაკარგა.“
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, დევიდ ქემერონი პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა მთავრობაში, პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ქემერონმა დადატურა ბრიტანეთის მტკიცე ერთგულება, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. „დევიდ ქემერონი თავის ახალ თანამდებობაზე პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია უკრაინას. კარგი შეხვედრა. იარაღი ფრონტისთვის, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ჩვენი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა. მადლობა ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ. შეხვედრის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, დევიდ კემერონი საგარეო საქმეთა მინისტრად 13 ნოემბერს დაინიშნა.
ჯეიმს ო'ბრაიენი: აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, გეგმაზე მუშაობენ
აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, გეგმაზე მუშაობენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა წარმომადგენელთა პალატაში, მთიანი ყარაბაღისადმი მიძღვნილ მოსმენაზე განაცხადა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განმარტა, რომ აშშ და ევროპა მუშაობენ დამატებით ზომებზე სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან ამ მხრივ საფრანგეთის მნიშვნელოვან დახმარებას გაუსვა ხაზი. „ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეხვედრის გამართვას აპირებს შეერთებულ შტატებთან და სომხეთთან, რათა სომხეთი დაუახლოვდეს ჩვენს საზოგადოებებს. ეს რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და ახლა ვცდილობთ მოდელის შემუშავებას. შეთავაზება, რომელიც შეუძლია, ევროკავშირმა გააკეთოს სავაჭრო პრიორიტეტების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ერთიან ბაზარზე წვდომის თვალსაზრისით, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ამაში,“ – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა. მან სომეხი ხალხის არჩევანსა და მისწრაფებაზე მიუთითა. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სომხეთის მთავრობის ერთგულებამ რეფორმებისა და ურთიერთობების დივერსიფიკაციისადმი, ეს არის ეკონომიკა, პოლიტიკა, ენერგეტიკა და უსაფრთხოება - განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური საზოგადოების ჭრილში. და ვფიქრობ, ჩვენ ვალდებულნი ვართ სომხეთის ხალხის წინაშე, რომ დავეხმაროთ მათ ამ რთულ ვითარებაში, ის არჩევანი, რომელიც მათ ძალიან გაბედულად გააკეთეს, გვაძლევს შესაძლებლობას, დავეხმაროთ მათ უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავლის უზრუნველყოფაში,“ - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით სიტყვით გამოსვლისას, ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს, მთიანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას ჰქონდეს სრული წვდომა ტერიტორიაზე, ქონებისა და კულტურის დაცვაზე და რომ მათ მიიღონ ადეკვატური ინფორმაცია, „რათა შეეძლოთ რეალური არჩევანის გაკეთება მათი მომავლის შესახებ." ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატები აგროვებს „ყოვლისმომცველ, საფუძვლიან და გამჭვირვალე“ მოკვლევის შედეგებს იმის შესახებ, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. მისი განმარტებით, გამოძიების საგანი არ არის მხოლოდ ის, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში სექტემბერში, როდესაც რეგიონში პრაქტიკულად მთელმა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ რამდენიმე დღეში დატოვა სახლები აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ოპერაციის შემდეგ, არამედ, ვაშინგტონის ფოკუსშია მანამდე განვითარებული მოვლენებიც. „ჩვენ გვყავს საკუთარი გამომძიებლები, რომლებიც მუშაობენ ადგილზე. არსებობს ინფორმაცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა გამომძიებლებისგან. როდესაც ჩვენ მოვიძიებთ ცნობებს იმის შესახებ, რაც მოხდა, ჩვენ სრულიად ღია ვიქნებით იმის შესახებ, რასაც მოვიპოვებთ. მე არ შემიძლია ამ გამოძიების ვადების დადგენა, მაგრამ ჩვენ შეგატყობინებთ, როგორც კი წინ წავალთ,“ - აღნიშნა ო’ბრაიენმა.
პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო. როგორც საკითხზე მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პარლამენტის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა. კომიტეტმა კი პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად დაადგინა წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა. პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა შეგახსენებთ, სერგეენკო უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორის იყო. დავით სერგეენკო 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებით ის საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს. ის ასევე იკავებდა ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც.
სახალხო დამცველი ქართველ ტყვეებზე: ამ ეტაპზე ჩართულნი არ ვართ, რუსეთის ომბუდსმენთან კომუნიკაციის აუცილებლობას ვერ ვხედავ
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, ომბუდსმენის აპარატი ტყვედ ჩავარდნილი უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი ჯარისკაცის გამოხსნასთან დაკავშირებულ საკითხში ჩართული არ არის. მისივე თქმით, მას რუს კოლეგასთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ეს საჭირო არ არის. „ჩვენ ამ ნაწილში ამ ეტაპზე ჩართული არ ვართ. თუ ჩართვის აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით. აქ საუბარია სახალხო დამცველის მხრიდან შესაბამის კოლეგა-უწყებასთან კომუნიკაციაზე. შესაბამისად, საუბარია რუსეთის ომბუდსმენთან კომუნიკაციაზე, რაც მე არ დამიმყარებია ჯერჯერობით და ამის აუცილებლობას ახლაც ვერ ვხედავ. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, მათთან კავშირზე ვართ და გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა და როგორ ხდება. რაც შეეხება უფლება-დაცვის კუთხით, ამ ეტაპზე მე არანაირი კომუნიკაცია ჩემს რუს კოლეგასთან არ მქონია,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა. “ქართველების ტყვედ ჩავარდნის შესახებ“ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 ნოემბერს გაავრცელა. მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს „ქართულ ლეგიონთან“ შეხება არასოდეს ჰქონიათ. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი ტყვედ აიყვანეს ერთ-ერთი ოპერაციის დროს. საგარეო უწყების განცხადებით, ქართველი ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებენ. ირაკლი კობახიძის თქმით, “საქართველოს არ აქვს რესურსი, იმუშაოს ქართველი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, უკრაინული მხარე შეიძლება, იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან.“
კობახიძე: უმეტეს შემთხვევაში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე, სასამართლო და საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებზე ჰქონდათ საუბარი. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს, ექსპერტებს შევხვდით. ზოგადად, თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. იცით, რომ ვენეციის კომისიასთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ხშირად იგზავნება - ხოლმე ჩვენგან კანონპროექტები ვენეციის კომისიაში. ვიღებთ მათგან დასკვნებს და საქართველოს პარლამენტის მხრიდან, რა თქმა უნდა, მაღალია რეკომენდაციის გათვალისწინების მაჩვენებელი. ამ რეჟიმში გაგრძელდება თანამშრომლობა. ჩვენ, ასევე, შევეხეთ ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებს. განსაკუთრებული საუბარი გვქონდა ისეთ თემებზე, როგორიცაა სასამართლო საკითხები, საარჩევნო თემატიკა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გვქონდა დეტალური დისკუსია, მათ შორის დისკუსია გვქონდა იმ კანონპროექტებზე, რომელიც ამ სფეროებში არის ინიცირებული პარლამენტში. ველოდებით ასევე დასკვნას ცესკოს საკითხთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. ჩვენ მიმოვიხილეთ, ზოგადად, ის დასკვნა, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან, უკვე არის წარმოდგენილი სასამართლოსთან დაკავშირებით. სადაც საქმე ეხება სამართლებრივ პრინციპებს, იქ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ, სადაც საქმე მიზანშეწონილობის საკითხებს ეხება, იქ, უმეტეს შემთხვევაში, ხდება რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და აქ ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს. რაც შეეხება ცესკოს, ჯერ კიდევ ველოდებით დასკვნას კომისიისგან. ვენეციის კომისიას აინტერესებს კანონმდებლობა, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. „საარჩევნო კოდექსთან“ მიმართებით, დღეს ერთადერთი საკითხი განიხილება, ეს არის ცესკოს დაკომპლექტება და ამასთან დაკავშირებით წარვუდგინეთ ჩვენი პოზიცია. ერთადერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით, არის ცესკოს ფორმირების წესი,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ვენეციის კომისიის დელეგაცია პარლამენტში შეხვედრებს მართავს.
ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
„აშშ-ს ცალმხრივმა მიდგომამ შეიძლება გამოიწვიოს შეერთებული შტატების შუამავლობის როლის დაკარგვა,“ - ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში, რომლითაც „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის უსაფუძვლო განცხადებას“ პასუხობენ. „ამ პირობებში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია შემოთავაზებული შეხვედრის გამართვა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ვაშინგტონში 2023 წლის 20 ნოემბერს,“ - აღინიშნავს ბაქო. როგორც მედია იუწყება, ო'ბრაიენმა მანამდე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ.
ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი: შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე რეაგიერბის კუთხით, სტატისტიკა გაუმჯობესდა
ევროპის საბჭო საქართველოში რიგით მეხუთე თანასწორობის კვირეულს აღნიშნავს. თანასწორობის კვირეული ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება და მიზნად ისახავს მრავალფეროვნების და თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიურობის ხელშეწყობას და საზოგადოების ინფორმირებას, დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი დაცვის მექანიზმების შესახებ. წელს, კვირეული 15 ნოემბერს “დედაენის ბარში” გაიხსნა. საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის ნატალია ვუტოვას განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით იკვეთება გაუმჯობესებული სტატისტიკა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე რეაგიერბის კუთხით, თუმცა მიუხედავად ამისა, უმცირესობების წევრები, კვლავ ხშირად ხდებიან თავდასხმისა და სიძულვილის ადრესაქტები, ეთნიკური იდენტობის, სქესის თუ რელიგიური ნიშნით. „საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით. როგორც უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, საზოგადოებაც უფრო მეტად აცნობიერებს უმცირესობათა ჯგუფების უფლებების დაცვის მნიშვნელობას. ევროპის საბჭო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ სამთავრობო უწყებები, პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება წარმატებით გადაჭრიან თანასწორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ვიმედოვნებ, რომ მიიღწევა ამ საკითხის გარშემო არსებული მოსაზრებებისა და მიდგომების სინერგია და კანონმდებლობის, პოლიტიკის და პრაქტიკის სრულყოფა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში. ეს კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს ევროპულ სტანდარტებამდე, რომელიც განსაზღვრულია ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ,” განაცხადა ვუტოვამ. კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების 2021-2022 წლების სტატისტიკის ანალიზის პრეზენტაცია. სტატისტიკას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და უზენაესი სასამართლო 2020 წლიდან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, აწარმოებენ და საქსტატის ვებგვერდზე აქვეყნებენ. სტატისტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ 2021-2022 წლებში, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე გაზრდილია როგორც გამოძიების, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის, სასამართლოს მიერ განხილული საქმეებისა და მსჯავრდადებულ პირთა გამოვლენის რაოდენობის მაჩვენებლები. კერძოდ, შესაძლო დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების საერთო რაოდენობა 5,8%-ით არის გაზრდილი (2021-ში 1 703 საქმე - 2022-ში - 1 802 საქმე), ანალოგიურად, ამავე პერიოდში 40%-ით არის გაზრდილი სისხლისსამართლებრივი დევნა − პირებზე, რომლებმაც შეუწყნარებლობის ნიშნით მოტივირებული დანაშაული ჩაიდინეს. ამავე დანაშაულზე, 73%-ით არის გაზრდილი სასამართლოს განხილული საქმეების რაოდენობა და 82,2%-ით გაიზარდა გამოვლენილი მსჯავრდადებული პირების რაოდენობაც. თანასწორობის კვირეული იმართება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
პეკინის განცხადებით, ბაიდენისა და სი ძინპინის მოლაპარაკებები "უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით" ჩინეთის პოზიციას არ შეცვლის
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინს შორის სან-ფრანცისკოში გამართული მოლაპარაკებები არ შეცვლის პეკინის პოზიციას გრძელვადიან საერთაშორისო და რეგიონულ კრიზისებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩინეთის პოზიციას „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.“ ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ხუთშაბათს, 16 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იტყობინება Ukrinform-ი. სპიკერის თქმით, მოლაპარაკებების დროს ჩინეთმა და აშშ-ის ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის "უკრაინის კრიზისსა" და "პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე." „ჩინეთის პოზიცია ორივე საკითხზე მკაფიო და თანმიმდევრულია. ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის მხარეს და ვრჩებით მოწოდებულნი მშვიდობისა და დეესკალაციისთვის მოლაპარაკებების ხელშეწყობისკენ," - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა 15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს. გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ჩინეთმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ჩინეთი არ გმობს რუსეთის ქმდებას და არც შეჭრას უწოდებს მას. პეკინი აცხადებს, რომ იარაღს არცერთ მხარეს არ მიაწვდის, თუმცა პეკინი ასევე აგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას და გაფართოებას მოსკოვთან. მან აგრესორ ქვეყანასთან გასული წლის განმავლობაში რეკორდულ დონემდე გაზარდა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთი რუსეთთან ასევე ავითარებს თანამშრომლობას სხვა სფეროებში. ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტს ისევ დიქტატორი უწოდა
ბაქო ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებებს მიუღებელს და მიკერძოებულს უწოდებს
ბაქო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს „უსაფუძვლო განცხადებებში“ ადანაშაულებს. აზერბაიჯანის შეფასებით, ჯეიმს ო’ბრაიენის ცალმხრივი და მიკერძოებული შენიშვნები კონტრპროდუქტიული, უსაფუძვლო და მიუღებელია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებები არარელევანტურია და ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში. „აშშ, როგორც არარეგიონული ძალა, თავისი ქმედებებითა და განცხადებებით ძირს უთხრის რეგიონის ქვეყნების სატრანსპორტო უსაფრთხოების მცდელობებს. ამერიკული მხარისთვის კარგად არის ცნობილი, რომ სომხეთმა არ შეასრულა მე-9 პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებები, რამაც აიძულა აზერბაიჯანი, ალტერნატიული გზები მოეძიებინა. აზერბაიჯანის სუვერენული უფლებაა, შეთანხმდეს მეზობელ ქვეყნებთან საკომუნიკაციო ხაზების აშენების შესახებ, რაც ასევე მოიცავს შეთანხმებას ირანთან, რომელიც დაკავშირებულია მისი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მარშრუტთან. ამ ფონზე, აზერბაიჯანი ასევე ადასტურებს 3+2 ფორმატის (აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი-რუსეთი-ირანი) პრიორიტეტს რეგიონის უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი კომენტარი, რომელიც ძირს უთხრის ამ ძალისხმევას, შეუსაბამოა,“ - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამ განცხადებაზე დაყრდნობით, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ცნობით, ე.წ. 3+3 ფორმატი 3+2 პლატფორმით ჩანაცვლდება. თუმცა სხვა წყაროებში რაიმე ოფიციალურ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ იძებნება და არც აზერბაიჯანული მხარის განცხადებაშია განმარტება მოცემული, თუ რას გულისხმობენ უფრო კონკრეტულად. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის საგარეო უწყება 3+2 ფორმატის სახელწოდებას იყენებს. ეს ის ფორმატია, რომელიც აქამდე „3+3“ სახელწოდებით იყო ცნობილი და მასში საქართველო მონაწილეობაზე უარს ამბობს. შეგახსენებთ, ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. როგორც მედია იუწყება, ო'ბრაიენმა მანამდე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ. ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრა 23 ოქტომბერს თეირანში გაიმართა.
მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები კონსულტაციების გამართვას თბილისში გეგმავენ - ელჩი ვიორელ მოშანუ
ექსკლუზივი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი ვიორელ მოშანუ Europetime-თან აცხადებს, რომ მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) თანათავმჯდომარეები კონსულტაციების გამართვას თბილისში გეგმავენ. 15 ნოემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გალუზინისა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "საქართველოს მოქალაქეების მიერ “სამხრეთ ოსეთის“ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი გამწვავებები საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში." შეხვედრაზე თანათავმჯდომარეების პოზიციების გარკვევის მიზნით, Europetime საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რის შემდეგაც, გამოცემამ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის კომენტარი მიიღო. „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) თანათავმჯდომარეები, მომდევნო რაუნდის წინ, GID-ის ყველა მონაწილესთან ამჟამად რეგულარულ კონსულტაციებს აწარმოებენ. გუშინ, 15 ნოემბერს, მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ, ისინი მომავალ კვირას, თბილისში კონსულტაციებსაც გეგმავენ. ფორმატის შემდეგი რაუნდი ჟენევაში, 2023 წლის დეკემბრის პირველ კვირას უნდა ჩატარდეს,“ - განუცხადა ელჩმა ვიორელ მოშანუმ Europetime-ს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. თამაზ გინტურის მკვლელობისას, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული 9 ნოემბერს გათავისუფლდა. ლევან დოთიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალებზე - დამიზნებით გვესროდნენ შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.
ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ოთხი პუნქტი დახურა
ფინეთის მთავრობამ თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო, რუსეთთან საზღვარზე რამდენიმე პუნქტის დახურვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეზღუდვები 2024 წლის 18 თებერვლამდე გაგრძელდება. ბოლო დღეებში მესამე ქვეყნების მოქალაქეები რუსეთიდან ფინეთის სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში ჩადიან და თავშესაფარს ითხოვენ, რაც ჰელსინკის შეფასებით, შემთხვევითობა არ უნდა იყოს. ფინეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ რუსეთის მესაზღვრეები უსაბუთო ადამიანებს უფლებას აძლევენ, თავიანთი საგუშაგოების გავლით შევიდნენ ფინეთში, თუმცა ისინი ამას არ უნდა აკეთებდნენ. „სიტუაციას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ გვინდა, ვიზრუნოთ ჩვენი საზღვრის უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ. ორპოს განცხადებით, რუსი მესაზღვრეები თავშესაფრის მაძიებლებს საზღვართან მისვლაშიც კი ეხმარებიან. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. ფინეთმა რუსეთში რეგისტრირებული მანქანებიც აკრძალა.
ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერები გახდნენ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი აირჩიეს. ორივე დეპუტატის არჩევას 84-84-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ირაკლი ჩიქოვანის და გიორგი კახიანის კანდიდატურები ვიცე-სპიკერის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა. მეათე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას გიორგი ვოლსკი იკავებს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით არის არჩეული. ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერის მოადგილის თანამდებობას ავთანდილ ენუქიძე იკავებს. რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდ ვიცე-სპიკერამდე გაიზარდა. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ უჭერს და ამას პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხსნის.
პრემიერ-მინისტრი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს კადრი სიმსონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ამ ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო ახლა ელის, რომ დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები საბოლოო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ და ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ასევე ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის დაწყების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ დიალოგის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი ეტაპის გათვალისწინებით. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მზადაა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობაში მისი სატრანზიტო პოტენციალისა და მწვანე ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობების სრულად გამოყენების გზით. „საუბარი შეეხო გლობალური მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებშიც საქართველოა ჩართული. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის. ყურადღება გამახვილდა იმ პოტენციალზე, რომელიც საქართველოს, როგორც ჰიდრო და განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ ქვეყანას, აქვს. აღინიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს. ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკომისრის კაბინეტის წევრი ბარბარა გლოვაკა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდნენ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.