ძებნის რეზულტატი:
მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 16 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7008 ლარი, ევრო – 2.9314 ლარი ეღირება. დღეს ერთი ამერიკული დოლარის ფასი 2.6981 ლარი, ევროს ღირებულება კი, 2.8932 ლარი იყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 ნოემბერს ამოქმედდება.
ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტს მართავს. 15-17 ნოემბერს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ვენეციის კომისიის დელეგაციის შემადგენლობაშია ტანია ვან დაიკი, სამდივნოს წარმომადგენელი. დელეგაციის შემადგელობაში არიან კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკლ ფრენდო (მალტა); დირექტორი/ვენეციის კომისიის მდივანი, სიმონა გრანატა-მენჯინი და ვენეციის კომისიის წევრი (ნორვეგია), ეირიკ ჰოლმოვიკი. ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, პრესკონფერენციას გამართავს.
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ რაჭის სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის
ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ქართულ მედიას მიაწოდა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-ს განცხადება, რომლის თანახმად, ის საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. კომპანიის თანახმად, ხიდაშელის გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება „სახელმწიფოს მხრიდან შექმნილმა გაუგებრობებს". „ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა. როგორც თავად კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა პირობების შეუსრულებლობას, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს. გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა," - ნათქვამია განცხადებაში. როგორც კომპანია აღნიშნავს, 15 ნოემბერს ცნობილი ხდება, რომ მომდევნო დღეებში დავით ხიდაშელმა გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც”. დავით ხიდაშელმა განაცხადა: „საქართველოში თუ არ აინტერესებთ მისი ინვესტიციები, „კარგად იყვნენ უჩემოდ". როგორც მან განმარტა, არც კრემლთან და არც „ქართულ ოცნებასთან" არ არის დაახლოებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” შეუჩერეს ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი. როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, ტყით სპეციალური სარგებლობისთვის მოთხოვნილი 97 276 ჰა ფართობიდან 20 540,3 ჰა „ზურმუხტის ქსელის“ [ტერიტორიის მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ფართობი უარყოფითი ზემოქმედებისაგან და დაგეგმოს თავისი საქმიანობა ისე, რომ დაცული იყოს ტერიტორიის ის ეკოლოგიური მახასიათებლები და კომპონენტები, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა „ზურმუხტის ქსელი"] ტერიტორიაზე ფიქსირდება. შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” საბოლოო ბენეფიციარი ბიზნესმენი დავით ხიდაშელია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კომპანიას სამინისტროში საჭირო დოკუმენტაცია არ წარუდგენია.
შტაინმაიერი: გერმანია მყარად დგას უკრაინის მხარეს იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება
გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინის გათვლაა, რომ მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს, მაგრამ პუტინს ეს სამსახური არ უნდა გაუწიონ და არც გაუწევენ. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ ახლა პარტნიორული ურთიერთობების კონსოლიდაცია და გრძელვადიან მხარდაჭერაზე გათვლაა საჭირო, “ვინაიდან ომი არ დასრულდა მხოლოდ იმის გამო, რომ „ჰედლაიმებმა“ სხვა კონფლიქტები აღნიშნეს”. „გერმანია მყარად დგას უკრაინის მხარეს - და თქვენს გვერდით იქამდე ვიქნებით, სანამ ეს საჭირო იქნება! უკრაინა საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას მითუმეტეს ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს ომი და უკრაინა აღარ იღებს იმ ყურადღებას, რომელსაც ასე მწვავედ საჭიროებს. პუტინის გათვლა ასეთია: მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს. მაგრამ მე მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ პუტინს ეს სამსახური არ უნდა გავუწიოთ და არ გავუწევთ! ვერ შევძლებთ რუსეთის უკანონო და არაადამიანურ აგრესიულ ომთან მიჩვევას,” - განაცხადა შტაინმაიერმა.
საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე 1.9 მილიარდია გათვალისწინებული
საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე 1.9 მილიარდია გათვალისწინებული. ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე 1.9 მილიარდია გათვალისწინებული, მათ შორის: • 2024 წელს განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 135 კმ-ის მშენებლობა, მათ შორის, მოძრაობა გაიხსნება ჩუმათელეთი-ზესტაფონის (ე.წ. რიკოთის) მონაკვეთზე, რისთვისაც გათვალისწინებულია 365 მლნ ლარი, 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებაზე, ასევე, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება კახეთის მიმართულებით (თბილისი-საგარეჯო და ბაკურციხე-წნორის მიმართულებაზე), რაზეც მიიმართება 320 მლნ ლარი; • ქვეშეთი-კობის მიმართულებით, 2024 წელს მიიმართება 250 მლნ ლარი, მათ შორის, დასრულდება 9 კმ სიგრძის გვირაბის გაბურღვითი სამუშაოები, საიდანაც დღეის მდგომარეობით, აღნიშნული სამუშაოები დასრულებულია 8 კმ-მდე მონაკვეთზე; • 2024 წელს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 900 კმ-მდე გზაზე, საიდანაც დასრულდება 400 კმ-ზე მეტ გზის რეაბილიტაცია.
Politico-ს ცნობით, ესტონეთის პრემიერს NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციის დაკავება სურს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაინტერესებულია გახდეს NATO-ს გენერალური მდივანი, თუ მას მხარს დაუჭერენ. შესაბამისი კომენტარი კაია კალასმა Politico-ს მიერ ორგანიზებულ თავდაცვის ფორუმზე კითხვის საპასუხოდ გააკეთა. კითხვას, სურს თუ არა გახდეს NATO-ს გენერალური მდივანი, კაია კალასმა დადებითი პასუხი გასცა და გაიხსენა, თუ ვინ ითვლება ამ დროისთვის არაფორმალურ მთავარ კანდიდატად. „ახლახან გავიგე ხუმრობა, რომ შემდეგი გენერალური მდივანი უნდა იყოს ნატოს ახალი წევრი ქვეყნიდან ანუ რომელიც ნატოს წევრი 20 წელია, აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი იმ ქვეყნიდან, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე ხარჯავს და კარგი იქნება თუ ქალი იქნება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ეს არის მარკ რუტე,“ - განაცხადა კაია კალასმა.
რა ზომებს მოიცავს ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედდება
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი შეიძლება, მოიცავდეს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის აკრძალვას, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იარაღის წარმოებისთვის იყენებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება Bloomberg 15 ნოემბერს მის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით. სხვა წინადადებები, გავრცელებული ინფორმაციით, მოიცავს რუსული ბრილიანტების აკრძალვას და ზომებს, რაც რუსული ნავთობის შეზღუდვას ეხება. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის, აშშ-ის და ჯგუფის შვიდეულის (G7) მიერ დაწესებული ფასის ლიმიტის თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, რუსული ნედლი ნავთობის აბსოლუტური უმრავლესობა ახლა 60 დოლარის ზღურბლს ზემოთ ვაჭრობს. მიუხედავად ამისა, სანქციებმა, რომლებიც დაკავშირებულია ფასების ლიმიტის დარღვევასთან და სხვა ზომებთან დაკავშირებით, მოსკოვის ნავთობის მოგების შემცირება მაინც მოახერხა. ევროკომისიამ, ევროკავშირის უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანომ, ოთხშაბათს, 15 ნოემბერს მიიღო წინადადება რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-12 პაკეტის შემოღების შესახებ. შეთავაზებულ ზომებს შორისაა ემბარგო რუსული ალმასებით ვაჭრობაზე. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე Politico-სა და Bloomberg-ის წყაროების თქმით, ევროკავშირი შეზღუდვებს დააწესებს რუსული თუჯისა და სარკისებრი თუჯის, სპილენძის, ალუმინის მავთულისა და ფოლგის, რუსული გათხევადებული გაზის იმპორტზე. გარდა ამისა, ევროკავშირი ანგარიშვალდებულებას გაამკაცრებს კომპანიებისთვის, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტს ეწევიან. ვარაუდობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ადრე შემოღებული ზღვრული ფასის, ბარელში 60 დოლარის, დაცვას.
დანიგანი USAID-ის მიმართ პრეტენზიებზე: იმდენად სასაცილოა, იმედი მაქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მომიწევს
აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი "რევოლუციურ სცენართან" USAID-ის დაკავშირებას სასაცილოდ მიიჩნევს. „თუკი თქვენი შეკითხვა სწორად გავიგე, დავიწყებ წინაპირობით, რომელიც იმდენად სასაცილოა, იმედი მაქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მომიწევს - არა იმაზე, რაც თქვენ თქვით, არამედ რაც სხვებმა თქვეს USAID-ის ჩართულობაზე, განაცხადა რობინ დანიგანმა. ელჩმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე გააკეთა აქცენტი. „არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბოლო 31 წელიწადზე მეტია საქართველოს და საქართველოს დემოკრატიული განვითარების უფრო დიდი მხარდამჭერია, ვიდრე შეერთებული შტატები. ჩვენ გავიღეთ 6 მილიარდი აშშ დოლარი დახმარების სახით. ვმუშაობთ ჯანდაცვის დაწესებულებებთან, სკოლებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, სამხედროებთან - საზოგადოების ყველა სეგმენტთან, რომ დავეხმაროთ ამ ქვეყანას გაძლიერებაში, ეკონომიკურად მეტად განვითარებაში და ვთვლი, რომ ნამდვილად დავეხმარეთ საქართველოს იმის მიღწევაში, სადაც დღეს არის. ის, რომ თითქოს არის რაღაც შეთქმულების ქვედა დინება, სადაც შეერთებული შტატების მთავრობა და მისი უწყება ცდილობს აქ მსგავსი რამის ჩადენას, იმდენად სასაცილოა, რომ ნამდვილად არ ვთვლი ეს იმსახურებდეს ამაზე ლაპარაკში ჩემი დროის დახარჯვას. რასაც ვიტყოდი, არის, რომ USAID-ი, მე წარმოვადგენთ პოლიტიკებსა და პროგრამებს, რომელთა საქართველოში განხორციელებასაც აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და USAID-ის ადმინისტრატორი სამანთა პაუერი - მთელი ჩვენი მთავრობა უჭერს მხარს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, მთავრობაში, თუკი ეს მთავრობა არჩეულია თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში", - განაცხადა რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე მორიგი განმარტება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. ელჩი მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა საკუთარ თავს ფრონტზე ჩიხში შესვლის უფლებას ვერ მისცემს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ფრონტზე ჩიხში შესვლის უფლება არ აქვს. ამის შესახებ ზელენსკიმ აფრიკელ ჟურნალისტებთან განაცხადა. მშვიდობის ფორმულაზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი თუ უკრაინიდან ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს, სწორედ ეს იქნება ომის დასასრული. „თუ ეს ჩიხის ვითარება და გაყინული კონფლიქტი იქნება, გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი შვილები იომებენ. ან ჩვენი შვილიშვილები იომებენ. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ. გვსურს იმის ცოდნით ვიცხოვროთ, რომ გავზრდით შვილებს, რომლებიც მერე სწორედ ასე იომებენ?.. ვინაიდან რუსეთი კვლავ მოვა, თუ მას ადგილს არ მივუჩენთ. როგორც არ უნდა იყოს, ომი დასასრულებელია. მშვიდობა გვსურს. კი, ეს დასასრული სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, შეიძლება, ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ის საჭიროა. ის საჭიროა, რათა ბოროტება დაზარალდეს. ჩიხში შესვლის ვითარება დროებითი სისუსტეა. თუ ომის დამთავრება გვსურს, ის უნდა დავამთავროთ,” - განაცხადა ზელენსკიმ.
მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ოთხ პაკეტს შეუერთდა
მოლდოვა რუსეთის საწინააღმდეგო ევროკავშირის 4 სასანქციო პაკეტში მონაწილეობს. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოლდოვა რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სასანქციო პაკეტებს შეუერთდა. მინისტრის განმარტებით, მოლდოვის რესპუბლიკა ევროკავშირის მიერ შემუშავებული, ასევე, საგარეო პოლიტიკური განცხადებებისა და სანქციების რეჟიმების აბსოლუტურ უმრავლესობას იზიარებს. მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, ზუსტად რა ტიპის სანქციას შეუეთდა კიშინოვი. „არის კიდევ ზოგიერთი სასანქციო პაკეტები, რომლებიც მოლდოვაზე ეკონომიკურ ზეგავლენას აანალიზებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ახალ სასანქციო პაკეტებთან მოლდოვის შეერთების შესახებ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება ანალიზს გადის… არსებობს სანქციების ექვსი პაკეტი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ან იურიდიულ პირებს ეხება. ამ ეტაპისთვის მოლდოვა მათგან ოთხს შეუერთდა,” - განაცხადა პოპესკუმ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მოლდოვამ განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ არ შეუერთდებოდა გარკვეულ შემაკავებელ ზომებს, კერძოდ, სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მოლდოვაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა შარშან ივლისში განაცხადა, რომ ბრიუსელი არ მოსთხოვს კიშინიოვს ანტირუსული სანქციების შემოღებას, მაგრამ „მოხარული იქნება, დაინახოს“ განვითარებები ამ მიმართულებით. მოლდოვა უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ევროკავშირი ელის, რომ მისი მომავალი წევრები შეთანხმდებიან საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე და ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას გაიზიარებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტო ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიაზე: დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება
გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” ლიცენზიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, დღეის მდგომარეობით, ლიცენზიანტის მხრიდან განხორციელებული არ არის არცერთი აქტივობა, შესაბამისად, გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით. „გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 2022 წლის 23 მარტს, კომპანიაზე „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” გაიცა ლიცენზია რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. ლიცენზიის მფლობელს სავალდებულოდ შესასრულებლად განესაზღვრა სალიცენზიო პირობები: არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება; სამოყვარულო და სპორტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარებისათვის, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსება; ზურმუხტის ქსელის შეფასება; სისტემატური შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, თანამშრომლობა შესაბამის მუნიციპალიტეტთან, რათა საქმიანობის პროცესში გათვალისწინებულ იყოს ადგილობრივი მოსახლეობისა და მეწარმეთა ინტერესები; სამონადირეო მეურნეობის ზონირება; საინფორმაციო დაფების და გამაფრთხილებელი მანიშნებლების მოწყობა ყველა ძირითად შესასვლელში და ტურისტულ მარშრუტებზე; სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, სამონადირეო მეურნეობაში ადგილობრივ მოსახლეობის დასაქმება (დასაქმებული პერსონალის 80%). დღეის მდგომარეობით, ლიცენზიანტის მხრიდან განხორციელებული არა არის არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობა. ამასთანავე, გარემოს ეროვნულ სააგენტოში შემოსულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მომართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან, გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით. განხორციელდება ინფორმაციის გამოთხოვა ყველა შესაბამისი უწყებიდან, მათ შორის, ლიცენზიანტისგან,” - ნათქვამია ინფორმაციაში. ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ რაჭის სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის
IRI: მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ -13%
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს. გამოკითხვის თანამხად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩვენად ასახელებს (3% მეორე არჩევნად), 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (3% მეორე არჩევნად). რაც შეეხება სხვა პარტიებს: „ საქართველოსთვის“ – 4 % (4 % მეორე არჩევანი) „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3% (4% მეორე არჩევანი) „ხალხის ძალა“ - 1% (5% მეორე არჩევანი) „ლელო“ - 2% (4% მეორე არჩევანი) „გირჩი“ - 3% (2 მეორე არჩევანი) გირჩი&დროა - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია - 2% ( 3 % მეორე არჩევანი) „ლეიბორისტული პარტია“ – 2% ( 3% მეორე არჩევანი) „მოქალაქეები“ - 2% ( 2% მეორე არჩევანი) „ხალხისთვის“ - 2% (1% მეორე არჩევანი) „პატრიოტთა ალიანსი“ - 1% (1% მეორე არჩევანი) „კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ იფნო“ - 1% (1% მეორე არჩევანი) „ევროპული საქართველო“ - <1% (1% მეორე არჩევანი) სხვა - 1% (<1% მეორე არჩევანი) გამოკითხვის მონაცემები 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე გროვდებოდა და მასში მონაწილეობა 1,200-ზე მეტმა საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე პირმა მიიღო, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. გამოკვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები კი, განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ჩეხეთი თავის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო აქტივებს გაყინავს
ჩეხეთის მთავრობამ ოთხშაბათს მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის წინადადებას ჩეხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო აქტივის გაყინვის შესახებ. ამის შესახებ ლიპავსკიმ X-ზე დაწერა. პრაღამ სანქციების სიაში შეიყვანა უცხოეთში რუსული ქონების მართვის კომპანია. ეს ღონისძიება არ ეხება ქვეყანაში რუსეთის დიპლომატიურ მისიებს, მათ შორის მის საელჩოს პრაღაში. მინისტრს ამ აქტივების მოცულობა და გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდი არ დაუკონკრეტებია. მთლიანობაში, ჩეხეთმა 415 მილიონ ევროზე მეტის მოცულობის სანქცირებული რუსული აქტივები გააყინა. პრაღამ კიევს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაუწია და ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.
ბაიდენი სი ძინპინს: კონკურენცია კონფლიქტში ვერ გადაიზრდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტთან დისკუსიებს გულწრფელი უწოდა. BBC-ის ცნობით, მან სი ძინპინთან პირისპირ შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. CNN-ის ცნობთ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი შეხვედრას სან-ფრანცისკოს სამხრეთით მდებარე ისტორიულ მამულში მართავენ. შეხვედრის ზუსტი ადგილი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა. ბაიდენმა შეხვედრის წინ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კონკურენცია ვერ გადაიზრდება კონფლიქტში. მან ხაზი გაუსვა, რომ მისი ადრინდელი შეხვედრები სი ძინპინთან, "გულწრფელი, პირდაპირი და სასარგებლო" იყო. აშშ-ის პრეზდენტმა აღნიშნა, რომ ლიდერებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა თავიანთი მოსახლეობის წინაშე, რომ იმუშაონ ერთად, მათ შორის კლიმატის ცვლილების საკითხებზე, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ და ხელოვნური ინტელექტის თემაზე. თავის მხრივ, სი ძინპინი მიიჩნევს, რომ ორივე მხარეს შეუძლია, გადალახოს თავისი უთანხმოება და შექმნას პერსპექტიული მომავალი. „აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობა უნდა განვითარდეს ისე, რომ სარგებელი მოუტანოს ჩვენს ხალხებს,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმთ, დაპირისპირებას ორივე მხარისთვის არასასურველ შედეგები მოჰყვება. შეგახსენებთ, სი ძინპინმა 6 წლის შემდეგ, აშშ-ში პირველი ვიზიტი დაიწყო.
IRI: გამოკითხულთა 77% საქართველოსთვის მთავარ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა განაცხადა, რომ „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გათვალისწინებით და რეგიონში აგრესიული მოქმედებების გამო, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფრთხედ აღიქვამს.“ IRI-ის შეფასებით, ქართველები ცალსახად შეშფოთებულები არიან ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით. კითხვას, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 77% რუსეთს ასახელებს. გამოკითხულთა 73% თვლის რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში, უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის დარეგისტრირების ან ქონების შეძენის უფლება. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% თვლის რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა საზოგადოების პოლარიზაციისკენ არის მიმართული. „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემისას, ევროკომისიამ ხაზი გაუსვა დამატებით ნაბიჯებს რომელიც უნდა გადაიდგას ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად. დღესდღეობით უფრო მეტი სამუშაო არის გასაწევი მთავრობის ყველა დონეზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის და პარლამენტში იმისთვის რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას“ განაცხადა სტივენ ნიქსმა. ცნობისთვის, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77% საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს რუსეთს. 12% – თურქეთს, 9% – აშშ-ს. ეკონომიკური საფრთხის მხრივ, რუსეთს უმთავრეს საფრთხედ 69%, თურქეთს – 11%. აშშ-ს – 6%, ჩინეთს – 5% ასახელებს. გამოკითხულთა 6% მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დასრულდა და ნაკლებსავარაუდოა, გაგრძელდეს. 16% ამბობს, რომ დასრულდა და სავარაუდოა, გაგრძელდეს. 73% მიიჩნევს, რომ აგრესია არ დასრულებულა. ცვლილებები მარტის კვლევასთან შედარებით, ცდომილების ზღვარშია. მეთოდოლოგია კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. IRI წერს, რომ კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
ჯო ბაიდენი და სი ძინპინი სამხედროებს შორის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს და სი ძინპინს გულახდილი და კონსტრუქციული დისკუსია ჰქონდათ არაერთ ორმხრივ და გლობალურ საკითხზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს და ჩინეთს კონკურენტული ბრძოლა აქვთ და, რომ შეერთებული შატატები ყოველთვის დაიცავს თავის ინტერესებს და ფასეულობებს და მოკავშირეებს და პარტნიორების. ჯო ბაიდენის თქმით, მსოფლიო აშშ-ისა და ჩინეთისგან მოელის კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვას, რათა ის არ გადაიზარდოს კონფლიქტში, კონფრონტაციაში, ან ახალ ცივ ომში. სამხედრო კონტაქტების განახლების გარდა, აშშ-ის და ჩინეთის ლიდერებმა პროგრესს მიაღწიეს ზოგიერთ სხვა საკითხშიც. მათ შორის განახლდება თანამშრომლობა ნარკოტიკების უკანონო წარმოების და ბრუნვის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ასევე, დაადასტურეს, რომ აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის მოწინავე სისტემებთან დაკავშირებული რისკების დაძლევა და უსაფრთხოების გაზრდა. ბაიდენი და სი ასევე, შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა ორ ქვეყანას შორის რეგულარული სამგზავრო ავიარეისების გასაზრდელად. აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის არასამართლიანი სავაჭრო პოლიტიკის, არასაბაზრო ეკონომიკური პრაქტიკის და ამერიკული კომპანიებისადმი სადამსჯელო ზომების გამო. შეხვედრაზე საუბარი იყო უკრაინისა და ისრაელის შესახებაც. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განაგრძობს რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭრას, რათა უკრაინა ომიდან გამოვიდეს როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს ტერორიზმისგან ისრაელის თავდაცვის უფლებას და ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანამ თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს კონფლიქტის გაფართოების აღსაკვეთად. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და ხაზი გაუსვა ყველა ქვეყნის პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. საუბარი იყო ტაივანზეც. ჯო ბაიდენმა თქვა რომ აშშ ეწინააღმდეგება რომელიმე მხარის მიერ სტატუს-კვოს ცალხმრივად შეცვლას და მხარს უჭერს უთანხმოების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. თავის მხრივ, სი ძინპინმა ტაივანის საკითხს უწოდა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყველაზე დიდი და სახიფათო პრობლემა და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, შეწყვიტოს ტაივანისთვის იარაღის მიწოდება. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, ჟურნალისტებს უამბო, რომ სი ძინპინმა ჯო ბაიდენს უთხრა, რომ ჩინეთი ტაივანში შეჭრას არ აპირებს და უპირატესობას მშვიდობიანად გაერთიანებას ანიჭებს, თუმცა, კონკრეტულ გარემოებებში შესაძლოა, ძალაც გამოიყენოს. ჩინეთის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის მიერ მიღებული ეკონომიკური ზომების, მათ შორის სანქციების და ჩინეთის ტექნოლოგიების სფეროში ამერიკული ინვესტიციების შეზღუდვის გამო. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის ვაშინგტონთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისთვის, რომლებიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემას, მშვიდობიან თანაარსებობას და ურთიერთმომგებიან თანამშროლობას. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურ სი ძინპინის პირველი, პირისპირ შეხვედრა 2022 წლის ნოემბერში გაიმართა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტის ფარგლებში.
IRI: ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 86%, NATO-ში გაწევრიანებას კი, 79% ემხრობა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, გამოკითხულთა 73% სრულად, ხოლო 13% გარკვეულწილად უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65% სრულად, ხოლო 14% გარკვეულწილდ ემხრობა NATO-ში გაწევრიანებას. 5% გარკვეულწილად, ხოლო 11% სრულად ეწინააღმდეგება ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერთა შორის 17% ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი იქნება, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს, 74% - მაინც დაუჭერს მხარს, ხოლო 9%-მა არ იცის ან უარი თქვა პასუხზე. ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ სარგებლებს შორის 45% ეკონომიკის გაძლიერებას ასახელებს, 14% - უსაფრთხოებას, 14% - ქვეყნის განვითარებას, 8% - უკეთეს მომავალს. ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლებებიდან გამოკითხულთა 27% საქართველოში პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახებელს, 17% - საქართველოს შიგნით წინააღმდეგობას, 13% - საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების არშესრულებას, 11% - ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობას, 6% - რუსეთს. რაც შეეხება NATO-ს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მთავარ სარგებლებს შორის გამოკითხულთა 47% უსაფრთხოებას ასახელებს, 17% - თავდაცვას, 13% - ეკონომიკის გაძლიერებას, 6% - ქვეყნის განვითარებას, 5% - სტაბილურობას/მშვიდობას. NATO-ში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლებებიდან გამოკითხულთა 27% რუსეთს ასახელებს, 20% - ოკუპირებული რეგიონების სტატუსს, 14% - საქართველოში პოლიტიკურ არასტაბილურობას, 11% - საქართველოს შიგნით წინააღმდეგობას, 7% -NATO-ს ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობას. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელ - “ჰამასის“ კონფლიქტის მხარეებს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზებისკენ მოუწოდებს
გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო მალტის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის ვარიანტი, რომლითაც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების მოწოდებით გამოდის. რეზოლუციას მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, სამმა კი - აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და რუსეთმა - თავი შეიკავა. რეზოლუცია ასევე „გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობის გარეშე განთავისუფლდნენ მძევლები, რომლებიც ‘ჰამასს’ და სხვა ჯგუფებს ჰყავთ აყვანილი, პირველ რიგში - ბავშვები.“ „მოვუწოდებთ გადაუდებელი და გაფართოებული ჰუმანიტარულ პაუზებისა და დერეფნებისკენ მთელს ღაზას სექტორში, რათა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ჰუმანიტარული სააგენტოებისა და მათი პარტნიორებისთვის შესაძლებელი გახდეს სრული, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა,“ - აღნიშნულია რეზოლუციაში. გაეროში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის განცხადებით, რეზოლუცია რეალობისგან მოწყვეტილი და უაზროა. მისი შეფასებით, ისრაელი მოქმედებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით განაგრძობს. ეს არის უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული პირველი რეზოლუცია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შესახებ მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასმა“ თავდასხმა დაიწყო.
ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტს ისევ დიქტატორი უწოდა
CNN-ის კორესპონდენტის შეკითხვას, ისევ მიიჩნევს თუ არა სი ძინპინს დიქტატორად, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ის დიქტატორია იმ გაგებით, რომ მართავს კომუნისტურ ქვეყანას. აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის მეთაური დიქტატორებს 2023 წლის ივნისშიც შეადარა, როცა კალიფორნიაში, ერთ-ერთ საარჩევნო შეხვედრაზე საუბრობდა ამერიკელი სამხედროების მიერ ჩინური აეროსტატის ჩამოგდებაზე. ივნისში, ბაიდენის ამ განცხადებას ჩინეთისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პეკინმა აშშ-ის ლიდერის სიტყვები „აბსურდულ და უპასუხისმგებლო პოლიტიკურ პროვოკაციად" შეაფასა. 15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს.
ტოკიოში ისრაელის საელჩოსთან მანქანა ბარიკადს შეეჯახა
ტოკიოში ისრაელის საელჩოსთან მანქანა ბარიკადს შეეჯახა, დაშავდა ერთი პოლიციელი, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედია წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილის სამიზნეს იაპონიაში ისრაელის საელჩო წარმოადგენდა. ინციდენტი ტოკიოში ისრაელის საელჩოს ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით, 60 მეტრში მოხდა. ბოლო კვირების განმავლობაში, ისრაელის საელჩოებთან მთელ მსოფლიოში, მათ შორის ტოკიოში, პროტესტის ნიშნად, ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის წინააღმდეგ, პროპალესტინური დემონსტრაცია გაიმართა.