ძებნის რეზულტატი:

საქართველომ და სომხეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს შეხვდა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის, გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა. „მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას,“ -  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველო სომხეთს და აზერბაიჯანს აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციით - ილია დარჩიაშვილი რაც შეეხება ფაშინიანთან შეხვედრას, სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და რომ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოება ფიქსირდება, რასაც ერევანი დიდი მნიშვნელობას ანიჭებს. „ეს პრიორიტეტია სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. შეხვედრაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის საკითხები განიხილეს.

ბინიდან დამქირავებლის გამოსახლება გამარტივდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მისი სამინისტრო მუშაობს ინიციატივაზე, რომელიც გაამარტივებს ბინიდან იმ ადამიანების გამოსახლებას, რომლებიც მეპატრონეს ქირის გადასახადს არ გადაუხდიან. ამის შესახებ მან პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სასამართლო განხილვები, რომელიც ბინიდან ხალხის გამოსასახლებლად იმართება, რამდენიმე თვე გრძელდება და ამ დროის განმავლობაში მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია. მინისტრის თქმით, მათ აქვთ ინიციატივა, რომელიც ამ პროცესს გაამარტივებს. რატი ბრეგაძის თქმით, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენენ. „ეს არის ძალიან დიდი პრობლემა კერძოდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ბინა გააქირავა და მოქირავნე აღარ გამოდის. ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეისთვის არ არსებობს, შესაბამისად, როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა, მას არც ფულს უხდიან ბინაში, არც იქიდან გამოდიან. ეს არის პრობლემა, რომელიც საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას უკავშირდება. შემდეგ იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც შესაძლოა, ერთი წელიც გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს საკუთრების უფლება შეზღუდული აქვს, რაც ყოვლად დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, გაცნობოთ ინიციატივაზე, რომელიც შევიმუშავეთ. კერძოდ, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა, ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს, სადაც მითითებული იქნება, რომ თუ მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას, არ გადაიხდის თანხას, მას აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრის უფლებები დაცული იქნება. ეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოხდება და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებულები. თუ მხარეები გადაწყვეტენ, მსგავსი ტიპის ხელშეკრულება გააფორმონ, ისინი დაცულები იქნებიან და მათი საკუთრების უფლება ქმედითად რეალიზებული იქნება. ეს ინიციატივა გვაქვს და ცოტა ხანში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრის განმარტებით, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა, ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს, სადაც მითითებული იქნება, რომ თუ მოქირავნე ვალდებულებას არ შეასრულებს და თანხას არ გადაიხდის, მას აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს. ბოლო წლებში მიღებული კანონმდებლობით, პრობლემურ საკითხად იქცა ბინებიდან იმ ადამიანების გამოსახლება, რომლებიც მეპატრონეებს არ უხდიან ქირის საფასურს. ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეისთვის არ არსებობს.  

უკრაინის შემდეგ, ქემერონი მოლდოვას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად ეწვია

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დევიდ ქემერონი უკრაინაში სტუმრობის შემდეგ მოლდოვაში ჩვიდა. მან ქვეყნის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი ურთიერთობის თემები განიხილა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, სანდუმ დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ბრალი დასდო მოსკოვს შეთქმულებაში ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორების მიზნით. მოლდოვის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა მოლდოვის სწრაფვა ევროკავშირის წევრობისკენ. სანდუმ აღნიშნა, რომ ქემერონთან შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს "ერთიანი პოზიცია კორუფციის წინააღმდეგ." დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკუ პოპესკუს და დიდ ბრიტანეთში მოლდოვის დიასპორის მხარდაჭერა განიხილა. „ჩვენ განვიხილეთ საერთო ინტერესი მოლდოვასა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერების შესახებ,“ აღნიშნა პოპესკუმ.  

შარლ მიშელი კიევში ჩადის - Politico

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მომავალი კვირის დასაწყისში კიევს ეწვევა. ამის შესახებ Politico წყაროზე დაყრდნობით წერს. ვიზიტი ევროკავშირის სამიტამდე ხორციელდება, სადაც ევროკავშირის ლიდერები უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაციას განიხილავენ. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევს ევროკომისიის რეკომენდაციების გასაჯაროებამდე ეწვია და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირის მხარდაჭერას დაჰპირდა. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა  

პრეზიდენტი: საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, რამაც დღეს ანალოგიური ფაქტი გამოიწვია. „საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი. საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ - მორიგი უმსგავსობა. კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი,“ ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. პრეზიდენტი: დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს, მოვუწოდებ სპიკერს, მიიღოს უმკაცრესი ზომები  

გურიის მხარეში, დიდთოვლობის გამო, გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  

ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ფინეთმა გადაწყვიტა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცეს. ზელენსკი Twitter-ზე წერს,  რომ აღნიშნული მხარდაჭერა აძლიერებს არამხოლოდ უკრაინას, არამედ ფინეთისა და დანარჩენი ევროპის უსაფრთხოებას.  როგორც ფინეთის მთავრობის ვებგვერდზე წერია, ეს უკრაინაში სამხედრო ტექნიკის მე-20 მიწოდება იქნება. ამ პაკეტში შემავალი თავდაცვის აღჭურვილობის ჩანაცვლება ფინეთს დაახლოებით, 100 მილიონი ევრო დაუჯდება. უკრაინული მედია წერს, რომ ოპერატიული მიზეზების გამო და იმისთვის, რომ დახმარებამ დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ მიაღწიოს, დამატებითი ინფორმაცია პაკეტის შინაარსის, მიწოდების მეთოდის ან განრიგის შესახებ არ გამჟრავნდება. მთავრობამ აღნიშნა, რომ დამატებითი დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყო როგორც უკრაინის საჭიროებები, ასევე, ფინეთის თავდაცვის ძალების რესურსები. ფინეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობა, 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს.  

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6985 ლარი, ევრო კი, 2.9327 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7011 ლარი ღირდა, ევრო – 2.9299 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 18 ნოემბერს ამოქმედდება.  

ნიდერლანდები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები 2024 წლისთვის უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოყოფს. ნიდერლანდების თავდაცვის უწყების თანახმად, აღნიშნული თანხა უკრაინის საჭიროებებს დაფარავს, რომელიც, მაგალითად, საბრძოლო მასალისა და უკვე მიწოდებული პლატფორმებისა და სისტემების მომსახურებაში არსებობს. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნიდერლანდები აგრძელებს უკრაინის დახმარებას. „2024 წლისთვის ხელმისაწვდომია 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება. ამ მნიშვნელოვანი თანხით ჩვენ მკაფიო სიგნალს ვაგზავნით: უკრაინას შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს,” - წერს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი სოციალურ ქსელში. ამასთან, თავდაცვის უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნიდერლანდები უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას 2024 წელსაც გააგრძელებს. „ნიდერლანდებს სურს, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, რათა ქვეყანამ შეძლო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან თავის დაცვა. ასევე არსებობს უფრო ტექნოლოგიური აღჭურვილობის საჭიროება,” - წერია განცხადებაში. ნიდერლანდები უკრაინისთვის $532 მილიონიან დახმარებას ამზადებს - მედია  

ელჩი დანიგანი: ყოველთვის დავიცავ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი იმ პრიორიტეტბზე კიდევ ერთხელ საუბრობს, რა მიმართულებითაც მუშაობას აპირებს. მან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით დაუღალავი შრომის პირობა კიდევ ერთხელ დადო. ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობას. დანიგანმა აღნიშნა, რომ ყოველთვის დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა საქართველომ 8 ნოემბერს. ძალიან მნიშვნელოვანია ის 9 ნაბიჯი, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება შესაძლებლობა, რომ გაერთიანდნენ პოლიტიკური მხარეები საქართველოსთვის - ეს მოითხოვს ერთიანობას. მოუთმენლად ველით გადაწყვეტილებას, ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს,“  განაცხადა აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში. რობინ დანიგანმა ამავე ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ნეგატიური რიტორიკა საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობის ხასიათში არ არის. „ჩვენ 30 წელზე მეტია, გვაქვს პარტნიორობა, ეს მართლაც წარმოუდგენელია, რაც ერთად შევძელით. დაახლოებით 6 მილიარდის დახმარება გამოვუყავით საქართველოს, რათა განვითარებულიყო ჯანდაცვის, მედიის სფერო, ხალხთაშორის ურთიერთობა. ამერიკელი და ქართველი ხალხები იზიარებენ ღირებულებებს - ჩენ გვჯერა დემოკრატიის, თავისუფალი არჩევანის და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ უკეთესი მოვალი მოვუტანოთ მომავალ თაობას. ველოდები, რომ თანამშრომლობითი ურთიერთობა გვექნება მთავრობასთან, პრეზიდენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან, მედიასთან,“ აღნიშნა ელჩმა. რობინ დანიგანმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „საქართველო ნამდვილად რთულ სამეზობლოში ცხოვრობს და ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია უფრო მეტი ინტეგრაცია დასავლეთთან, ევროპასთან, NATO-სთან. ქართველებმა უკეთ იციან, რა საფრთხეს წარმოადგენს პუტინი, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. მინდა, სამძიმარი გამოვხატო თამაზ გინტურის ოჯახის მიმართ, ეს არის ტრაგიკული შედეგი ამ ოკუპაციისა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, საქართველოს მთავრობის და ხალხის გადასაწყვეტია, რა უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა - მე ვიტყოდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი მსოფლიოს დიდი ნაწილი შორდება რუსეთთან ურთიერთობას. შემდეგი ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის ფარგლებში იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოება. IRI: გამოკითხულთა 77% საქართველოსთვის მთავარ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს ევროკავშირი რა თქმა უნდა, დააკვირდება იმას, რომ საქართველო უფრო მეტად იყოს დაახლოებული ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკასთან. მე არ მსურს, ვისაუბრო, როგორ უნდა წარმართოს ქვეყანამ თავისი საგარეო პოლიტიკა, თუმცა ჩვენ ვიცით პუტინის პოლიტიკის ნეგატიური ასპექტი - ის, თუ რა ნიშნავს ეს საქართველოსთვის, უკრაინისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, როდესაც უკრაინელები ყოველდღიურად იბრძვიან თავიანთი სუვერენიტეტისათვის,“ განაცხადა ელჩმა დანიგანმა. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას და რისკებს, დანიგანმა ხაზი გაუსვა „იძულებითი ეკონომიკის პრაქტიკას.“ „როდესაც ჩინეთთან იჭერ საქმეს, ყოველთვის უნდა იყო ფრთხილად და გესმოდეს პოტენციური შედეგი შენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ასევე უნდა უზრუნველყო ის, რომ ეკონომიკური ურთიერთობა იყოს სამართლიანი და ეფუძნებოდეს საბაზრო ეკონომიკას,“ - აღნიშნა ელჩმა დანიგანმა.

ელჩი დანიგანი: ევროკომისიის რეკომენდაციების შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები საქართველოში იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე

აშშ-ის ელჩის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები საქართველოში იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე. რობინ დანიგანის თქმით, შტატები მუშაობა ცესკოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. „ჩენ შევიტანთ ჩვენს წვლილს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში. მე უკვე ვესაუბრე ელჩ მაიკლ კარპენტერს და განვიხილეთ, თუ რა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის და ასევე ამერიკისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი,“ - განაცხადა რობინ დანიგანმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში. აშშ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს მხარს უჭერს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 14 ნოემბერს განუცხადა. „მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავალის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში - ამყარებს  ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღებია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ თანამშრომლობა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, რათა თანამოაზრე პარტნიორებს ერთობლივი კოორდინირებული აქტივობებით დაუჭირონ მხარი, აშშ-ევროკავშირის სამიტის 20 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად. შეერთებული შტატები, როგორც პარტნიორი, ყოველთვის მხარს დაუჭერს მმართველობის, კანონის უზენაესობის, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმებს, რომლებიც წინ წასწევს გრძელვადიან მიზანს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ. ამ საერთო მიზნების მისაღწევად, რეგიონის ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს

Reuters: ნიდერლანდურმა ჰოლდინგმა Yandex NV-მ შესაძლოა, ყველა რუსული აქტივი გაყიდოს

ნუდერლანდური ჰოლდინგი Yandex Yandex N.V. არამხოლოდ საკონტროლო პაკეტის, არამედ, ყველა რუსული აქტივის ერთდროულად გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემა წერს, რომ გარიგების წლის ბოლომდე დასრულებას ვარაუდობენ. დუბაის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი, მონაწილე მხარეები იმედოვნებენ, რომ დეკემბრისთვის შეთანხმებას მიაღწევენ. ნებისმიერი გარიგება საბოლოოდ, აქციონერებისა და რუსეთის მთავრობის თანხმობას მოითხოვს. Yandex-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. Yandex NV-ის დაგეგმილი რესტრუქტურიზაცია მისი ძირითადი შემოსავლის მომტანი რუსული ბიზნესების გაყიდვით, როგორიცაა მისი საძიებო და სამგზავრო მიმართულება, აქციონერთა სახსრების ანაზღაურებას ისახავს მიზნად.  შემდეგ კომპანია კიდევ ოთხი ბიზნეს ხაზის საერთაშორისო დონეზე განვითარებას გეგმავს.  

15 ქართველი სამხედრო სიკვდილის შემდეგ, სამშობლოსათვის თავგანწირვისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დაჯილდოვდა

ორბელიანების სასახლეში დღეს 1923 წლის 21 მაისს საბჭოთა ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი 15 ქართველი სამხედროს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „სამხედრო ცენტრის“ წევრ 15 სამხედროს ეროვნული გმირის წოდება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიენიჭა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, ელიზბარ გულისაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, ლევან კლიმიაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, როსტომ მუსხელიშვილი, სიმონ მუხრან-ბატონი, ივანე ქუთათელაძე, ფარნაოზ ყარალაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი, ვარდენ წულუკიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი სიკვდილის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სამშობლოსათვის თავგანწირვისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დაჯილდოვდნენ. სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა, სადაც ამ გმირების პატივსაცემად გახსნილ ,,კოტე აფხაზის კაბინეტში“ იქნება დაცული. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, აუცილებლად აღსანიშნავია ამ პიროვნებების სიდიადე, რომლებსაც დღეს ვაჯილდოებთ ეროვნული გმირის ორდენითა და წოდებით. ,,ეს ადამიანები არიან მაგალითი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან ამ ქვეყანაში, სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს, რომელიც მზად იქნება თავდადებისთვის, ქვეყანა იქნება ძალიან ძლიერი და მას ექნება მომავალი!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ დახვრეტილ გმირთა შთამომავლები, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

ამერიკის საელჩო მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, პროექტს იწყებს

ამერიკის საელჩო მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, პროექტის დაწყების შესახებ იუწყება. შესაბამის ინფორმაციას საელჩო Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.   „მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ პროექტს მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებს უმნიშვნელოვანესი როლი უკავიათ სამართლიანი და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სისხლის სამართლის სისტემის უზრუნველყოფაში. მადლობას ვუხდით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ამ, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული, იმიტირებული სასამართლო პროექტის დაწყებაში პარტნიორობისთვის,“ - წერს ამერიკის საელჩო. აშშ-ის საელჩო: ჯორჯიის შტატის წამყვანი ადვოკატების დახმარებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მოვამზადეთ    

ფაშინიანი ბურჭულაძესთან შეხვედრაზე: სომხეთი საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, დელეგაცია მიიღო. ინფორმაციას ფაშინიანის ოფისი ავრცელებს. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და რომ ფიქსირდება თანამშრომლობის გაფართოება სხვადასხვა სფეროში. „ეს დიდად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სომხეთის მთავრობისთვის,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობით, ბურჭულაძემ, თავის მხრივ, ისაუბრა სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობაზე და ამ სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გაუსვა ხაზი. „შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის, ასევე, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხები,“ - წერს სომხური მედია ფაშინიანის ოფისის ინფორმაციაზე დაყრდნობით. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს შეხვდა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის, გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა. „მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას,“ -  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

შოლცის მიერ თურქეთის პრეზიდენტის განცხადების აბსურდად მოხსენიების ფონზე, ერდოღანი გერმანიაში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი პარასკევს, 17 ნოემბერს გერმანიაში ხანმოკლე ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტი იმართება იმ ფონზე, როცა ორი ქვეყნის პოზიციები ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ომთან დაკავშირებით განსხვავებულია. ერდოანი ბოლო სამ წელიწადში, გერმანიაში პირველად ჩავიდა. გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თურქი სტუმარი ბერლინში, ბელვიუს სასახლეში მიიღო. დაგეგმილია კანცლერ ოლაფ შოლცთან ვახშამი. შეხვედრების თემებია ახლო აღმოსავლეთში ომი, მიგრაცია და გერმანიაში უდიდესი, თურქული გავლენის ისლამური კავშირის, „დითლიბის“ როლი. ერდოთანი ისრაელს ღაზის სექტორში „გენოციდში“ სდებს ბრალს, „ჰამასს“კი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, „გამათავისუფლებელი“ ორგანიზაცია უწოდა. თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება“, აბსურდული უწოდა. „ისრაელი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე არის ვალდებული და შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ, ისრაელის მიმართ მსგავსი ბრალდებები აბსურდულია,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა 16 ნოემბერს. ოლაფ შოლცი ერდოღანის კომენტარზე საუბრობს, რომლის თანახმად, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება.“  

უკრაინის საზღვაო ძალები: შავ ზღვაში 15 რუსული ხომალდი გავანდგურეთ, 12 დაზიანდა

უკრაინის სამხედრო ოპერაციების შედეგქად გაანადგურა 15 რუსული ხომალდი შავ ზღვაში და სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კი, 12 სხვა ხომალდი დაზიანდა. ამის შესახებ საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა განაცხადა. გენერალური შტაბის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 22 გემი და ნავი დაკარგა. ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემი „პაველ დერჟავინი“ აფეთქების შედეგად დაზიანდა. პლეტენჩუკმა აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია, განიხილოს დამატებითი დეტალები ინციდენტისა და ზარალის შესახებ, მაგრამ დაადასტურა, რომ აფეთქებები იყო, რასაც რუსულ მხარეს ზიანი მოჰყვა.  

უკრაინამ გერმანიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით გერმანიასთან მოლაპარაკებები დაიწყო. უკრაინის მოლაპარაკებების გუნდს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის აგვისტოში კანადა გახდა G7-ის მესამე ქვეყანა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომლებთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.  

უკრაინაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინეს - Naftogaz

უკრაინის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო გიგანტმა, Naftogaz, 17 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა შვილობილმა კომპანიამ ქვეყნის დასავლეთში ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა. აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა ნავთობისა და გაზის კომპანიის სტრატეგიაში შიდა წარმოების გასაზრდელად, კიდევ ერთი ნაბიჯია. “ნაფტოგაზის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ჭაბურღილი 1600 მეტრის სიღრმეზე იყო გაბურღული. მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა, ჩერნიშოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს, გაზარდოს შიდა გაზის მოპოვება და კომპანია მიზნად ისახავს 2024 წელს 14 მილიარდი კუბური მეტრის წარმოებას, მიმდინარე წლის 13,5 მილიარდი კუბური მეტრიდან. უკრაინაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინეს  

საფრანგეთი უკრაინის ჯანდაცვისთვის დამატებით, 12 მილიონ ევროს გამოყოფს

საფრანგეთი დამატებით, 12 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის ჯანდაცვის სექტორის გადაუდებელი საჭიროებისთვის.  მომავალი წლისთვის გამოყოფილი 12 მილიონი ევრო უკრაინაში, გადაუდებელი ჯანდაცვის მხარდაჭერას, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროექტების განხორციელებას, კიბოს დიაგნოსტიკის გაუმჯობესებას, ჩერნიგოვის რეგიონში სამედიცინო დაწესებულებების აღდგენასა და გადაუდებელი საჭიროების საპასუხოდ სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად ცალკე ფონდის შექმნას მოხმარდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის 20 თვის განმავლობაში, რუსეთმა 1468 სამედიცინო დაწესებულება დააზიანა და 193 გაანადგურა.