ძებნის რეზულტატი:

პრეზიდენტი ეუთოს საპარლამენტი ასამბლეისა და ვენეციის კომისიის დელეგაციებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა ხელმძღვანელობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გაცემის მნიშვნელობას და ამ გზაზე დემოკრატიული პროცესების უწყვეტ გაძლიერებას. „პრეზიდენტმა დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ჭრილში, საუბარი შეეხო ქვეყნის ევროპულ მომავალს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განვითარების შესაძლებლობას. შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობის საკითხები და ამ კუთხით, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებასა და რეგიონის სტაბილურობის განმტკიცების მიზნით ევროპული ინსტიტუტების ჩართულობა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და უწყვეტ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. „საუბარი შეეხო მომავალ, 2024 წლის არჩევნებს და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების ჩართულობის გაზრდის გზით. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის და ინსტიტუციური რეფორმების გაძლიერების კუთხით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები გაიზარდა

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდას პარლამენტმა სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 80 ხმით, ერთხმად - მესამე მოსმენით დაამტკიცეს. მიღებული პროექტის გათვალისწინებით, დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 1 500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 5 000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით. პროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის, “ქართული ოცნების“ დეპუტატის მაია ბითაძის ინფორმაციით, არსებული ჯარიმები პრევენციულ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს, რაზეც მეტყველებს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მომართვიანობა ხმაურის დონის ინდექსის გადამეტებასთან დაკავშირებით.  

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გაგრძელდა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით გაიკეთონ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე უფასო ვაქცინაცია იმ ჯგუფებს ჩაუტარდათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ. „პროგრამა გაფართოვდა და უფასოდ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა იმ პირებსაც აქვთ, რომლებიც რისკჯგუფებში არ შედიან. ჯანდაცვის სამინისტრომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისთვის 200 000 დოზა Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულთა შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია ექვსი თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. უფასო ვაქცინაცია აქამდე პირველიდან 15 ნოემბრის ჩათვლით იყო შესაძლებელი. ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინის გაკეთება 6 თვის ასაკიდან იქნება შესაძლებელი.  

ზელენსკი: შავი ზღვა აღარ არის რუსეთის პლაცდარმი, ინიციატივა უკრაინას აქვს და მტერი გემებს მალავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხდა, რომ რუსეთს აღარ შეუძლია შავი ზღვის პლაცდარმად გამოყენება.  უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შავ ზღვაში ახლა ინიციატივა უკრაინას აქვს და "დაბნეული მტერი ცდილობს, მისი საბრძოლო გემები დამალოს." ზელენსკიმ განმარტა, რომ შავი ზღვის დასავლეთ ნაწილის დაცვა შესაძლებელია, რაც საზღვაო საექსპორტო დერეფნების ფუნქციონირების საშუალებას იძლევა. „პირველად შავ ზღვაში ოპერირება დაიწყო საზღვაო დრონების ფლოტმა - უკრაინის ფლოტმა. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ოპერაციის მთავარ შედეგს, რუსეთს აღარ შეუძლია, შავი ზღვა გამოიყენოს როგორც პლაცდარმი მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის. ახლა, ისე როგორც არასდროს, ნათელია რომ ჩვენი კოოპერაცია შავი ზღვის რეგიონში მხოლოდ უნდა გაიზარდოს," - აღნიშნა ზელენსკიმ შავი ზღვის ეკონომიკური კოოპერაციის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. შავი ზღვის ეკონომიკური უსაფრთხოების კოოპერაციის საპარლამენტო ასამბლეა 13 ქვეყანას აერთიანებს: საქართველოს, აზერბაიჯანს, ალბანეთს, ბულგარეთს, სომხეთს, საბერძნეთს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიას, რუსეთს, რუმინეთს, სერბეთს, თურქეთსა და უკრაინას.  

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. „ჩემი აქ ყოფნის მიზეზია, საკუთარი თვალით ვნახო ადგილზე არსებული ვითარება და გავეცნო რუსეთის ოკუპაციის შედეგებს. შეშფოთებული ვარ შექმნილი ვითარებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ მოაგვაროს საკუთარი კრიზისები და პრობლემები მშვიდობიანი გზით. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ასეთი სიტუაციების მოსაგვარებლად იმ საშუალებებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც გვაქვს საპარლამენტო ასამბლეაში,“ - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. პარლამენტის ცნობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. „ჩვენთვის, მნიშვნელოვანი იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოსულიყო საოკუპაციო ხაზთან და საკუთარი თვალით ენახა, რა ხდება საოკუპაციო ხაზს მიღმა, როგორ შენდება სამხედრო დანიშნულების ობიექტები, რა პრობლემებს აწყდება ადგილობრივი მოსახლეობა. ასევე, მოვუყევით იმ ტრაგიკული ამბის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. მისთვის ნათელია, რომ ეს კონფლიქტი გაყინული არ არის, ადამიანები აქ აწყდებიან ყოველდღიურ პრობლემებს. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს,“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.  

“დაწყებულია კვლევა, რათა გამოვლინდეს გაუარესებული დემოგრაფიული ვითარების მიზეზები“ - საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს დემოგრაფიული ტენდენციები და ის საჭიროებები, რომლებიც დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების კუთხით არსებობს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, დაწყებულია კვლევა, რათა გამოვლინდეს გაუარესებული დემოგრაფიული ვითარების მიზეზები, მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები და ის ბარიერები, რაც ხელს უშლის დემოგრაფიული პროცესების სტიმულირებას. „საბჭოს წევრებმა განიხილეს აბორტის საგანგაშო სტატისტიკა. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობას. სხდომაზე უწყებათშორისო სამუშაო ჯგუფის წევრებმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ინიციატივების პაკეტი წარმოადგინეს, რომელიც მოიცავს როგორც უკვე არსებული პროგრამების გაფართოებას, ისე ახალ პროექტებს. აღნიშნული ინიციატივების პაკეტს დემოგრაფიული საბჭოს მომდევნო სხდომაზე სამუშაო ჯგუფი უფრო დეტალურად პროექტების სახით წარადგენს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აბორტის შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა. ბრძანების ახალი რედაქცია 26 ოქტომბერს შევიდა ძალაში. ცვლილების მიხედვით, აბორტის გაკეთებამდე კონსულტაციის გავლა მეან-გინეკოლოგის გარდა სავალდებულო იქნება ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან. ეს დათქმა 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. ბრძანების მიხევდით, ეს სავალდებულო კონსულტაციები ე.წ. 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის პერიოდში, “კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში” უნდა ჩატარდეს. 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ექიმი ვალდებულია, აბორტის გაკეთების მსურველ პაციენტს კონსულტაცია გაუწიოს და 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა მისცეს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაუშვან, თუ ამ 5 დღეში ქალის ორსულობის ვადა 12 კვირას, ანუ ლეგალური აბორტის დასაშვებ ვადას აჭარბებს. ამ შემთხვევაში მოსაფიქრებელი ვადა 5-დან 3 დღემდე მცირდება. კიდევ ერთი ცვლილება შეეხება 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის გასვლის შემდეგ ჩასატარებელ აუცილებელ პროცედურებს. ახალი ბრძანების მიხევდით, თუ პაციენტმა მოსაფიქრებელი ვადის შემდეგ აბორტის პროცედურის ჩატარება გადაწყვიტა, აუცილებელი იქნება რადიოლოგიური კვლევის (ექოსკოპიის) ჩატარება. შედეგები, სურათთან ერთად, უნდა განთავსდეს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში. ახალი ბრძანების მიხევდით, ორსულობის სხვადასხვა ვადაზე მედიკამენტური აბორტი სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაკეთდეს. უფრო კონკრეტულად, ორსულობის 7 კვირამდე მედიკამენტური აბორტის გაკეთება შესაძლებელი იქნება I დონის ანტენატალურ (რომელსაც აქვს სერვისი ორსულებისთვის) დაწესებულებაში სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის უფლების მქონე ექიმის მიერ. 10 კვირამდე მედიკამენტური აბორტი კი, აუცილებლად უნდა გაკეთდეს სტაციონარულ დაწესებულებაში, ან სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონემინიჭებულ ამბულატორიაში. შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმის მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში დროული რეფერალის შესაძლებლობა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა. ცვლილებების თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, 12 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთებისას სამედიცინო დაწესებულებამ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებულ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს. ცვლილებებია იმ სამედიცინო ჩვენებების ჩამონათალშიც, რომელთა საფუძველზე აბორტი დასაშვები იქნება 12 კვირის შემდეგაც.

სემეკის თავმჯდომარე: ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს, წესით, არ დავეხმარებით

ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელნი, რომ გადაიხადონ ენერგიის საფასური - წესით, არ დავეხმარებით, - ასე უპასუხა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის საფასურის გადახდას სთხოვს რუსეთი და იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის საფასურს ვერ გადაიხდის, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გადაიხდის თუ არა ამ თანხას. ნარმანიას განმარტებით, ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის გარკვეული რაოდენობა მიეწოდება. „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთი ენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, რომ გადაიხადონ ენერგიის საფასური. ერთადერთი ვალდებულება, რაც 1990-იანი წლებიდან მოდის ეს არის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-60-ზე პროპორციით გაყოფა, რაც ხორციელდება, სხვა რაიმე ვალდებულება ქართულ მხარეს ამ ნაწილში არ აქვს,” - განაცხადა დავით ნარმანიამ. მან ასევე უპასუხა დამაზუსტებელ შეკითხვას, თუ ვერ გადაიხდის ოკუპირებული აფხაზეთი თანხას და უშუქოდ დარჩება, დავეხმარებით, თუ არა მათ. „არანაირი ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. წესით, არა [არ დავეხმარებით],” - განაცხადა დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის ე.წ. მინისტრმა კრისტინა ოზგანმა ე.წ. პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი აღარ აპირებს, უსასყიდლოდ მიაწოდოს სოხუმს ელექტროენერგია, რომლის იმპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში. ოზგანის თქმით, დენის მისაღებად საჭირო იქნება ბიუჯეტიდან 900 მლნ რუბლის (დაახლოებით 10 მლნ დოლარის) გამოყოფა, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის ფინანსური შესაძლებლობიდან და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის დაბალი კულტურიდან გამომდინარე, იოლი ამოცანა არ იქნება.  

მედია: ესპანეთში „ქართული ორგანიზაციის“ 30 წევრი დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ, ინტერპოლსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად, „სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებაში სპეციალიზებული ქართული ორგანიზაციის“ 30-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავა. ოპერაციაში 350 პოლიციელი მონაწილეობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამშაბათს დაკავებული ჯგუფის წევრები ძირითადად ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოქმედებდნენ. თუმცა საგამოძიებო მოქმედებები, ბარსელონის გარდა, კიდევ სამ ქალაქში: ესტეპონაში, მარბელასა და ალიკანტეში ჩატარდა. გაჩხრიკეს გადამზიდავი კომპანიის ოფისიც. ესპანეთის პოლიციის ვერსიით, ბრალდებულები, შესაძლოა, იქიდან გზავნიდნენ მოპარულ ნივთებს.  

პრემიერი ვენეციის კომისიის დელეგაციას: საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი სიმონა გრანატა-მენგინი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ვენეციის კომისიის თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც დინამიკურად ვითარდება. პრემიერ-მინისტრმა სიმონა გრანატა-მენგინის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკონსტიტუციო და ნორმატიული ჩარჩოს შესახებ კონსულტაციებისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის საქმეში. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. „პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ პროცესში ვენეციის კომისიასთან ნაყოფიერი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს ევროინტეგრაციის გზაზე უკვე გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ორმხრივი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს,” - აღიშნულია ინფორმაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ: ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ფრენდო, კომისიის წევრი ეირიკ ჰოლმოვიკი, სამდივნოს წარმომადგენელი ტანია ვან დიკი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე. ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება  

წელს აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა - ამერიკის საელჩო

ამერიკის საელჩოს განცხადებით, წელს აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას დიპლომატიური წარმომადგენლობა Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს.   „განათლების საერთაშორისო კვირეულზე საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაცნობასთან ერთად, გვსურს, გაგიზიაროთ ინფორმაცია ქართველი ახალგაზრდების მზარდი წარმატების შესახებ. წელს 25%-ით გაიზარდა აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა და მათმა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა. 30 წელზე მეტია, სიამაყით ვუყურებთ, როგორ ახმარენ ეს ახალგაზრდები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ ქვეყანას,“ - წერს ამერიკის საელჩო.  

ზურაბიშვილი: ვესაუბრე ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრს, ცალსახად დავგმე ტერორიზმი

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა. „ვესაუბრე ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრ, მირი რეგევს. ცალსახად დავგმე ტერორიზმი, კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა ისრაელის მიერ თავისი ტერიტორიების დაცვისათვის გაწეული ძალისხმევის მიმართ.   იმედი გამოვთქვი მძევლების უსაფრთხო გათავისუფლებისა და სწრაფი ჰუმანიტარული ქმედებების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებას,“ წერს ზურაბიშვილი.    

კიბერთაღლითებმა ახალი სქემა შეიმუშავეს - რა უნდა გავითვალისწინოთ

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკები იტყობინება, რომ მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაციით, ისევ გააქტიურდნენ კიბერთაღლითები. მათ ახალი სქემა შეიმუშავეს. ამჯერად whatsapp-ის, viber-ის ან sms-ის საშუალებით უგზავნიან მომხმარებელს გზავნილს და ატყობინებენ, თითქოს, მან მოიგო გარკვეული თანხა გათამაშებაში, რისთვისაც უნდა გადავიდნენ ბმულზე. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში არის მაღალი რისკი იმის, რომ მომხმარებლის პირადი საბანკო ინფორმაცია მოიპოვონ თაღლითებმა და დაეუფლონ მის კუთვნილ თანხას. ამიტომ, ორგანიზაციის ცნობით, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ეს რჩევები: დააკვირდი გამომგზავნის დასახელებას და ბმულის მისამართს დარწმუნდი, რომ სწორად არის მითითებული გამომგზავნი ბანკის დასახელება და ვებგვერდის მისამართი არ გადახვიდე და არ შეიყვანო შენი საბანკო ინფორმაცია და პაროლი საეჭვო ბმულებზე. თუ შემთხვევით გადახვედით ბმულზე, არ დააჭიროთ გამოსულ ფანჯარას. თუ შენიშნე, რომ შენი საბანკო მონაცემები საეჭვო გვერდზე შეიყვანე, დაუყოვნებლივ: დაბლოკე ბარათი ციფრული ბანკიდან განაახლე user-ი და პაროლი დაუკავშირდი შენს ბანკს

ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი: კონკრეტულ „წითელ ხაზებზე“ მივუთითეთ

„აქ საკარნახებლად არ ვართ, არამედ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს ვახლდეთ მის ევროპულ გზაზე,“ - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფრენდომ  განაცხადა. „ძალიან გრძელი და ნაყოფიერი დღე გვქონდა, რომლის განმავლობისას ქვეყნის მაღალჩინოსნებს შევხვდით. ყველა ამ შეხვედრაზე აზრების ძალიან ღია და გულწრფელი გაცვლა გვქონდა. ვენეციის კომისია საქართველოში ჩამოვიდა, რათა თავისი ერთგულება აჩვენოს საქართველოს და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანი უფლებების გაუმჯობესების გაგრძელებას საქართველოში და ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ რეკომენდაციების მნიშვნელობაზე, რომლებსაც ვენეციის კომისია თავის მოსაზრებებში გასცემს და იმის მნიშვნელობაზე, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მითითებებს ვაძლებთ, მაგრამ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა იპოვონ გზები, თუ როგორ შეასრულონ ეს მითითებები. ჩვენ ასევე კონკრეტულ წითელ ხაზებზე მივუთითეთ და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოსაზრებების მხრივ. რა თქმა უნდა, დიალოგის ერთგულნი ვართ, ვინაიდან ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს ექსპერტების ორგანიზაციაა და აქ საკარნახებლად არ ვართ, არამედ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს თან ვახლდეთ მის ევროპულ გზაზე,” - განაცხადა ფრენდომ. ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტს მართავს. 15-17 ნოემბერს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს  ირაკლი კობახიძეს, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ვენეციის კომისიის დელეგაციის შემადგენლობაშია ტანია ვან დაიკი, სამდივნოს წარმომადგენელი. დელეგაციის შემადგელობაში არიან კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკლ ფრენდო (მალტა); დირექტორი/ვენეციის კომისიის მდივანი, სიმონა გრანატა-მენჯინი და ვენეციის კომისიის წევრი (ნორვეგია), ეირიკ ჰოლმოვიკი. ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, პრესკონფერენცია გამართეს.

TRACECA მზადაა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას მხარი დაუჭიროს

TRACECA-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) გენერალურმა მდივანმა, ასეტ ასავბაევმა განაცხადა, რომ TRACECA-ს მზადაა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას, რათა შეამციროს დატვირთვა საგზაო გამშვებ პუნქტებზე. TRACECA-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის საკონტეინერო გადაზიდვის დაწყება საშუალებას მისცემს ზოგიერთი სატვირთო მანქანების გადამისამართებას რკინიგზით ტრანზიტზე. ასავბაევმა ასევე აღნიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოები ერთი გაჩერების საგუშაგოს შესაქმნელად, რომელიც იქნება პირველი მსგავსი რეგიონში. “დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამუშაო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის შესაძლებლობების განვითარებაში,” - აღნიშნა ასავბაევმა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. კონფერენციის მიზანია საჯარო, კერძო და აკადემიურ სექტორებს შორის დისკუსიების ორგანიზება ტრანსრეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისა და გაფართოების შესახებ, ასევე დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის დამყარება. „მოგეხსენებათ, 2023 წლის მაის-ივნისში საპილოტე ტვირთების გადაზიდვისას აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე 75 საათზე მეტი დაიხარჯა. არსებული ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის საზღვრის გამტარუნარიანობის გაზრდა. დარწმუნებული ვარ, ერთი გაჩერების შესახებ სამუშაო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის შესაძლებლობების განვითარებაში,“– განაცხადა ასეტ ასავბაევმა. TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.   ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.

ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ისაუბრეს ევროკომისიის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. „გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რაც დადასტურებულია ევროკომისიის მიერ. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის შემდგომი მხარდაჭერის დიდ მნიშვნელობას. კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო წლის ბოლოს ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს. ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით გააგრძელონ ინტენსიური კომუნიკაცია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა,” - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დემონტაჟი, განსაკუთრებით, შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს, ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე განაცხადა, რომ სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დაშლა, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. ამავე მიმართვაში მან განცხადა, რომ შავი ზღვა აღარ არის რუსეთის პლაცდარმი, ინიციატივა უკრაინას აქვს. „რუსეთმა შავი ზღვა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენა… ახლო აღმოსავლეთში ომისა და ქაოსის გასაჩაღებლად - კერძოდ, სირიაში… ყირიმის მიტაცებით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინაში მთელი ევროპის წინააღმდეგ… 24 თებერვალს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებით რუსეთმა ჩვენი რეგიონისა და შავი ზღვის იარაღად გარდაქმნა სცადა, და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. აგრესორს ჩვენი პორტების ბლოკადა და ჩვენი პორტებისა და საერქსპორტო ინფრასტრუქტურის გამიზნული განადგურება სჭირდებოდა, რათა სურსათის გლობალური ბაზარი გაენადგურებინა და ამით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში ახალი ქაოტური აფეთქებები გამოეწვია… და მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, სახელმწიფოსა და ხალხის, ვისი ქმედებები ეხმარება საერთაშორისო წესრიგის დაცვას და მსოფლიოსთვის მეტი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია მოაქვს. მადლობას ვუხდი ჩვენს მეზობლებს რეგიონში - თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთსა და მოლდოვას - გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი მშვიბოდის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს და კავკასიაში ყველა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მეტ გარანტიას შექმნის,” - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის შეფასებით, უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს  

ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი: საჭიროა სისტემური მიდგომა, არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ

ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა სიმონა გრანატა-მენჯინმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციისთვის საჭიროა არა ინდივიდუალური, არამედ სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ამ არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ, სადაც კი არსებობს. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამას “დეოლიგარქიზაციას” არ ვუწოდებთ, ჩვენთვის ეს ქვეყნის დემოკრატიული ცხოვრების, საჯარო სივრცეში ფულის არსებობის პრობლემაა… და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფული დემოკრატიულ პროცესს აზიანებს. საქართველოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ჩვენი მოსაზრების შესახებ მოთხოვნა მივიღეთ, უკრაინაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მოსაზრების შემდეგ, მსგავსი კანონი იყო მოლდოვის რესპუბლიკაშიც. ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ დემოკრატიულ პროცესებში ფულის არასათანადო გავლენის პრობლემა არ უნდა იქნას მოგვარებული კანონებში, რომლებიც პიროვნებებს იღებს სამიზნეში. ასე არ მუშაობს ეს, მივიჩნიეთ, რომ ეს ადამიანის უფლებების სტანდარტებს არ შეესაბამება, არ შეესაბამება ძალაუფლების დანაწილებისა და პლურალიზმის პრინციპებს. ასე, რომ ვთქვით, რომ პრობლემას ასე არ უნდა გაუმკლავდეთ. ვთქვით, რომ საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ამ არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ, სადაც კი არსებობს. ინდივიდუალური კანონები და კანონები, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებს იღებს სამიზნეში - ამის მოგვარების გზა არაა. სამი კანონიდან - უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოში - საქართველოსა და მოლდოვაში კანონპროექტები მიტოვებულ იქნა და უკრაინაში მისი განხორციელება არ ხდება. სამაგიეროდ ხდება სტრატეგიების, სისტემური სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც რამდენიმე სივრცეს ეხებიან. ასეთი სამოქმედო გეგმაა აქ და მგონი, მოლდოვაშიც. ჩვენ სამოქმედო გეგმებს არ ვაფასებთ, ვენეციის კომისია სამართლებრივ ტექსტებს აფასებს, და ეს კანონი არაა, ამიტომ არ ვაპირებთ [დეოლიგარქიზაციაზე] სამოქმედო გეგმის შეფასებას საქართველოში, ისევე, როგორც არ ვაფასებთ მას მოლდოვაში ან სხვაგან. ეს არ ნიშნავს, რომ ის მოგვწონს ან არ მოგვწონს,” - განაცხადა გრანატა-მენჯინმა. ვენეციის კომისია საქართველოსთვის მთავარ საკითხებად საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს აყენებს. „შეიძლება ითქვას, ზოგადად და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, საზოგადოების ყველაზე ფართო წრეებთან კონსენსუსის, შეთანხმების მიღწევა. ეს ეხება მთავარ საკითხებს - საარჩევნო რეფორმას და სასამართლო რეფორმას. საუბარი არის იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტ დაინტერესებულ, მონაწილე მხარესთან იყოს ჩართულობითი და იყოს, რაც შეიძლება ფართო კონსულტაციები. კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი პრინციპი გახლავთ ის, რომ მნიშვნელოვანია დაწესებულებებს შორის კარგი, ნორმალური თანამშრომლობა. ეს პრაქტიკაში რთული მისაღწევია, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა გრანატა-მენჯინმა. მსისივე თქმით, რომ ძირითადი გახლავთ საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, ასევე, რაც შეიძლება მეტ დაინტერესებული მხარის ჩართვა ამ პროცესში. თავის მხრივ, ვენეციის კომისის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფრედომ განაცხადა, რომ მზად არის, საქართველოს ყველანაირად დაუჭირონ მხარი თავისი კონსულტაციით, მოსაზრებებით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „ჩვენი დანიშნულება არის, რომ ვაჩვენოთ საქართველოს მისდამი ჩვენი ერთგულება გზაზე, რომელსაც საქართველო გადის ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ რეკომენდაციებზე, რომელსაც ვენეციის კომისია გამოსცემს და მათ შესრულებაზე. ეს რეკომენდაციები გახლავთ მინიშნებები. ასევე მასში მოცემულია, წითელი ხაზები. თუმცა თუ როგორ აირჩევს საქართველოს ხელისუფლება, საქართველო, როგორ აირჩევს ამ მინიშნებების მთავარი რეკომენდაციების შესრულებას, ეს გზები უკვე მისი გადასაწყვეტია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ვართ ექსპერტების გუნდი. ჩვენი დანიშნულება არ არის ვუკარნახოთ, რა უნდა გაკეთდეს, არამედ საქართველოსთან ერთად ვიაროთ ამ გზაზე, დიალოგის გზით,“ - განაცხადა მაიკლ ფრედომ. მანვე აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს შემადგენელი ორგანო, მაგრამ ევროკავშირი მის დასკვნებს მაინც უთითებს. ვენეციის კომისიის წევრის ეირიკ ჰოლმოვიკის თქმით, როდესაც საუბარია განსაკუთრებით სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე, რეკომენდაცია არის ის, რომ ეს რეფორმები ხელისუფლებამ განიხილოს მთლიანობაში, ერთ-ორი წესის ან გარკვეული პროცედურების შეცვლა საკმარისი არ არის. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დელეგაციის წევრებმა ილაპარაკეს, ეხებოდა „დეოლიგარქიზაციის კანონს“. ვენეციის კომისიის მდივანმა განმარტა, რომ მათთვის მიუღებელია კონკრეტულ პირებზე მორგებული კანონები. „პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამას არ ვეძახით დეოლიგარქიზაციის კანონს. სწორად უნდა გავიგოთ, ჩვენ, ასე ვთქვათ, რა გვაინტერესებს. ეს არის, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ნაცვლად, ფული რაღაც საკითხებს სხვანაირად წვეტს. ეს არის თუ შეიძლება ითქვას, დასამარცხებელი. უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში წამოწეული იქნა დეოლიგარქიზაციის კანონები. მაგრამ, საქმე ის არის, რომ ეს კანონები ორიენტირებული იყო... ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ადამიანების წინააღმდეგ კანონების მიღებას. ჩვენი მიმართულება არის ის, რომ ფული არ უნდა ერეოდეს დემოკრატიულ პროცესებში და არ უნდა ცვლიდეს მას. ამიტომ, საქართველომ უარი თქვა ამ კანონის გატანაზე, რადგან ჩვენი აზრით, ადამიანების წინააღმდეგ კანონების მიღება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, პლურალიზმს და ა.შ. საქართველომ და მოლდოვამ უარი თქვეს, ხოლო, უკრაინაში არ აღსრულდა ეს კანონი. ამის ნაცვლად, გადაწყდა, რომ მიღებული იყოს სტრატეგიები. ჩვენ სწორედ, სისტემურ მიდგომას ვითხოვდით. ჩვენ ვერ შევიმუშავებთ დასკვნას სტრატეგიაზე, იმიტომ, რომ ვენეციის კომისიას შეუძლია შეაფასოს მხოლოდ კანონმდებლობა,“ - განაცხადა სიმონა გრანატა-მენჯინი. ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი: კონკრეტულ „წითელ ხაზებზე“ მივუთითეთ  

შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

შვეიცარია შეუერთდა საერთაშორისო მოწოდებას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას გულისხმობს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „შვეიცარია მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, - ნათქვამია განცხადებაში. ასეთი ტრიბუნალის იდეას საჯაროდ დაუჭირეს მხარი უკრაინამ, ევროკავშირმა, აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა. ბოლო თვეების განმავლობაში ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა 38 ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ, ნორვეგიამ, გვატემალამ, იაპონიამ და კანადამ.  

აშშ-მ დასავლეთ ბალკანეთში, რუსეთთან კავშირში მყოფ პირებს სანქციები დაუწესა

აშშ დასავლეთ ბალკანეთში რუსეთის გავლენის შეზღუდვის მიზნით, სანქციებს აწესებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შეერთებული შტატები რუსეთთან კავშირში მყოფ და კორუფციაში ჩართულ ორ ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირს ასახელებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რეგიონში რუსეთის მავნე გავლენასთან და კორუფციასთან, რომელიც ამ გავლენის მოხდენის საშუალებას იძლევა. სახელმწიფო დეპარტამენტი სერბ პოლიტიკოსს, მისა ვაჩიჩს ასახელებს და ამბობს, რომ ის 2022 წლის სექტემბერში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის მიერ ორგანიზებულ უკანონო ანექსიის რეფერენდუმებში მონაწილეობდა. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს სერბეთის მთავრობის ყოფილ წარმომადგენელს ნენად პოპოვიჩს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს. აშშ-ის შეფასებით, პოპოვიჩი ამ დრომდე ინარჩუნებს კრემლთან მჭიდრო კავშირებს და თავის ქსელს კორუფციული სქემებისთვის პირადი სიმდიდრის შესაქმნელად იყენებს.  პარალელურად, სახაზინო დეპარტამნეტი სანქციებს უწესებს რვა ფიზიკურ და ექვს იურიდიულ პირს ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ისინი "პირდაპირ ხელს უწყობენ რუსეთის გავლენას ან მათი კორუფციული საქმიანობა რუსეთის გავლენით მიმდინარეობს." ამასთან, ხსენებული პირები კრიტიკულ რეფორმებსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ პროგრესს აფერხებენ.  

Guardian: ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტში მედვედევის შვილიც მოხვდა

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 რაუნდი, სავარაუდოდ, შეეხება ილია მედვედევს, ყოფილი პრეზიდენტის და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ერთადერთ ვაჟს, იტყობინება Guardian 16 ნოემბერს წყაროზე დაყრდნობთ. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი შეიძლება, მოიცავდეს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის აკრძალვას, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იარაღის წარმოებისთვის იყენებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება Bloomberg 15 ნოემბერს მის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით. სხვა წინადადებები, გავრცელებული ინფორმაციით, მოიცავს რუსული ბრილიანტების აკრძალვას და ზომებს, რაც რუსული ნავთობის შეზღუდვას ეხება. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის, აშშ-ს და ჯგუფის შვიდეულის (G7) მიერ დაწესებული ფასის ლიმიტის თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, რუსული ნედლი ნავთობის აბსოლუტური უმრავლესობა ახლა 60 დოლარის ზღურბლს ზემოთ ვაჭრობს. მიუხედავად ამისა, სანქციებმა, რომლებიც დაკავშირებულია ფასების ლიმიტის დარღვევასთან და სხვა ზომებთან დაკავშირებით, მოსკოვის ნავთობის მოგების შემცირება მაინც მოახერხა. ევროკომისიამ, ევროკავშირის უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანომ, ოთხშაბათს, 15 ნოემბერს მიიღო წინადადება რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-12 პაკეტის შემოღების შესახებ. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე Politico-სა და Bloomberg-ის წყაროების თქმით, ევროკავშირი შეზღუდვებს დააწესებს რუსული თუჯისა და სარკისებრი თუჯის, სპილენძის, ალუმინის მავთულისა და ფოლგის, რუსული გათხევადებული გაზის იმპორტზე. გარდა ამისა, ევროკავშირი ანგარიშვალდებულებას გაამკაცრებს კომპანიებისთვის, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტს ეწევიან. ვარაუდობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ადრე შემოღებული ზღვრული ფასის, ბარელში 60 დოლარის, დაცვას.