ძებნის რეზულტატი:
აშშ და ჩინეთი კლიმატთან დაკავშირებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ
აშშ და ჩინეთი კლიმატთან დაკავშირებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ჩინეთისა და აშშ-ის შეთანხმება წინ უსწრებს გაეროს კლიმატის სამიტს, რომელიც მიმდინარე თვეში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი და აშშ შეთანხმდნენ, რომ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ სამუშაო ჯგუფს შექმნიან. „ჯგუფი ყურადღებას ენერგეტიკულ გადასვლებზე, მეთანზე, წრიულ ეკონომიკაზე, რესურსების ეფექტურობაზე, ნახშირბადის დაბალ შემცველობაზე, მდგრად პროვინციებზე, შტატებსა და ქალაქებზე და ტყეების გაჩეხვაზე გაამახვილებს. აშშ და ჩინეთი, როგორც ორმხრივად, ისე სხვა მხარეებთან ერთად იმუშავებენ, რათა წინ აღუდგნენ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს გამოწვევას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
გინტურის მკვლელობის შემდეგ, რუსეთი “საქართველოსთან მუშაობის აუცილებლობაზე“ საუბრობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა ე.წ. საზღვარზე ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით კირბალში მომხდარი "ინციდენტის" შემდეგ, რა დროსაც რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს. მინისტრის მოადგილზე ქართველებს ადანაშაულებს ე.წ. საზღვრის კვეთაში. ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. „საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი გამწვავებები საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში," - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გალუზინისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ. ლავროვის უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. თამაზ გინტურის მკვლელობისას, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული 9 ნოემბერს გათავისუფლდა. ლევან დოთიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალებზე - დამიზნებით გვესროდნენ შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოება წლის ბოლომდე დასრულდება - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი
ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის გაფართოება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა ბაქოში გამართულ II ფორუმზე - „მდგრადი ფინანსები და ინვესტიციები“ განაცხადა. მისი თქმით, ამ პროექტის სრული განხორციელება აჩვენებს, რომ აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში. „BTK-ის რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა. მნიშვნელოვანი პროექტია ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი. ალათის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც ამ პორტის გვერდით მდებარეობს და რომელსაც აქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს, უზრუნვლეყოფს ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციისა და მომსახურების წარმოებას. გააფართოებს აზერბაიჯანის სატრანზიტო შესაძლებლობებსა და გაზრდის ტვირთების გადაზიდვის მოცულობას. ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის გარდაქმნას რეგიონულ ჰაბად და ელექტრონული კომერციის ცენტრად,“ - განაცხადა ჯაბაროვმა. აზერბაიჯანული მედია აგვისტოში წერდა, რომ სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზის“ CJSC (ADY) შვილობილმა კომპანია ADY Container-მა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოსთან დაკავშირებით, ალტერნატიული მარშრუტი წარადგინა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი 16 მაისიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა. „საქართველოს რკინიგზაში“ მაშინ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან. „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა,“ - აცხადებდნენ „საქართველოს რკინიგზაში“. გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი, ჯამში $775 მილიონი გამოუყო. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე) შეადგინა. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე
აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ ისევ დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“, თავიდან ასაცილებლად დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რომელიც ისრაელისთვის, ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს. კონგრესის ქვედა პალატაში, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა პალატის 336-მა წევრმა. 96 წინააღმდეგი იყო. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებით, კენჭისყრაზე 14 ნოემბერს გამოტანილი კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის დემოკრატები სჭარბობდნენ. ფედერალური უწყებების დაფინანსების გაგრძელებას მხარი დაუჭირა 209 დემოკრატმა და 127-მა რესპუბლიკელმა. კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაწესებულებების და პროგრამების ნაწილის დაფინანსების გაგრძელებას 2024 წლის 19 იანვრამდე და ნაწილის, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს - 2 თებერვლამდე. კანონპროექტი კონგრესის ზედა პალატამ - სენატმა პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს. სენატში უმრავლესობაში დემოკრატები არიან. მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატების მთავრობა ე.წ. შათდაუნის მდგომარეობაში აღმოჩნდება. აშშ-ში მოქმედებს კონგრესის მიერ სექტემბრის ბოლოს დამტკიცებული დროებითი ბიუჯეტი, რომლის ვადა 17 ნოემბერს ამოიწურება. წარმომადგენელთა პალატაში ამ დოკუმენტის მხარდაჭერის გამო, კონსერვატორი რესპუბლიკელების ჯგუფის ინიციატივით და დემოკრატების ხმების წყალობით, თანამდებობიდან გადააყენეს პალატის სპიკერი კევინ მაკართი. მისი გადადგომის ინიციატორმა რესპუბლიკელებმა CNN-ს განუცხადეს, რომ მორიგი დროებითი ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო ამჟამინდელი სპიკერის, მაიკ ჯონსონის „დასჯას“ არ აპირებენ.
ამერიკის საელჩო: ერთად ვაძლიერებთ საქართველოს განათლების სისტემას, რათა მომავალი თაობა პროფესიული წარმატებისა და აქტიური მოქალაქეობისთვის მოვამზადოთ
ამერიკის ელჩმა დანიგანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა აშშ-საქართველოს ძლიერი და მზარდი საგანმანათლებლო პარტნიორობა განიხილეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. შეხვერა 14 ნოემბერს განათლების სამინისტროში გაიმართა. „ჩვენ ერთად ვაძლიერებთ საქართველოს განათლების სისტემას, რათა მოვამზადოთ მომავალი თაობა პროფესიული წარმატებისა და აქტიური მოქალაქეობისთვის. ჩვენი საგანმანათლებლო პარტნიორობა ქვაკუთხედია ჩვენი საერთო მიზნებისა, რომელიც ემსახურება საქართველოს მხარდაჭერას, რომ ის გახდეს უფრო უსაფრთხო, წარმატებული და მყარად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციას ავრცელებს განათლების სამინისტროც. უწყების ცნობით, ლჩთან საუბრისას მინისტრმა დეტალურად განიხილა განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე პროექტები, რომლებიც აშშ-ის საელჩოსთან და USAID-თან თანამშრომლობით ამ ეტაპზე ხორციელდება. „შეხვედრის მონაწილეებმა პროექტების მიზნებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაფასეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ თითოეული პროექტი, რომელიც ამერიკის მხარესთან პარტნიორობით ხორციელდება, სრულ თანხვედრაშია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტებთან და მიმდინარე რეფორმებთან. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა და აშშ-ის უნივერსიტეტების საქართველოში შემოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და ამერიკის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაფართოების მიზნით, აშშ-ის საელჩო მომავალი წლისთვის აორგანიზებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეხვედრის დასასრულს რობინ დანიგანმა მაღალი შეფასება მისცა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა,“ - წერს განათლების სამინისტრო.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც „თბილისის განვითარების ფონდი“ განახორციელებს, პირველ ეტაპზე, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია მოხდება. „თბილისის მერიის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან იწყებს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება გამზირზე არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები და კონსტრუქციული ნაწილები; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება და მოწესრიგდება ფასადებზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები. ტერიტორიაზე არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლები, რომელთაც სპეციალური დამუშავება, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. უკვე მთლიანად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, ასევე, გუდიაშვილის მოედანი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ბოლო ეტაპზე, რუსთაველის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, სავარაუდოდ, ორ წელი გაგრძელდება. „შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამ თვალსაზრისით გამზირზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები, კომუნიკაციების დაზიანების გამო. საგზაო სამუშაო ბოლოს ჩატარდება, როდესაც ფასადების ძირითადი ნაწილი მოწესრიგებული, ხოლო შენობები გამაგრებული იქნება. სარეაბილიტაციო პროექტი ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება, რადგან ბევრი შენობა-ნაგებობაა და ამას საგზაო ინფრასტრუქტურაც ემატება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარია განსაზღვრული, საიდანაც 60 მილიონი შენობების რეაბილიტაციისთვის, 30 მილიონი კი, საგზაო ნაწილის მოწყობისთვის დაიხარჯება.
კალაძე: წელს თბილისს ახალი ნაძვის ხე ექნება, 15 დეკემბერს ვგეგმავთ მთავარი ნაძვის ხის ანთებას
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს თბილისს საახალწლოდ ახალი ნაძვის ხე ექნება. მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირი საახალწლოდ დეკემბრის დასაწყისში მოირთვება, მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება. „საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. 30-ზე მეტ ქუჩაზე უკვე განთავსებულია საახალწლო ილუმინაციები. რუსთაველის გამზირი დეკემბრის დასაწყისში ახალი განათებებით მოირთვება. მეტი ვიზიტორი ეყოლება ჩვენს ქალაქს. თბილისი, ახალ 2024 წელს, ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება. გასულ წელს ნაძვის ხეს ცეცხლი მოეკიდა, ფოერვერკი ესროლეს და სახანძროს ჩართულობით მოხდა ცეცხლის ჩაქრობა. ნაძვის ხე დაზიანდა. მოგვიწია ახალი ნაძვის ხის ყიდვა. 15 დეკემბერს ვგეგმავთ მთავარი ნაძვის ხის ანთებას. იქნება შესაბამისი კონცერტი. 16 დეკემბერს იგეგმება უკვე საახალწლო სოფლის გახსნა. სოფელი განთავსებული იქნება დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე. ეს ორი ლოკაცია იქნება. რაც შეეხება გალა - კონცერტს, ყველა მსურველს რესპუბლიკის მოედანზე ვუმასპინძლებთ 31 დეკემბერს. გპირდებით, რომ ჩვენი ქალაქი წელს იქნება ძალიან ლამაზი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თბილისი ახალ წელს კიდევ უფრო ლამაზად და გამორჩეულად შეხვდეს. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი ძალიან საინტერესო გახდა უცხოელი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით კი საახალწლო დღეებში. „უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი საახალწლოდ კიდევ უფრო ლამაზი და გამორჩეული იყოს. დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია. შეამჩნევდით, რომ ქუჩები უკვე ირთვება ილუმინაციებით. 30-ზე მეტ ქუჩაზე დამონტაჟდა საახალწლო განათებები და ეს პროცესი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია საახალწლო ღონისძიებები. უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეებს. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, წელსაც გვექნება სიახლეები. თბილისის მთავარი გამზირი - რუსთაველი დეკემბრის დასაწყისში მოირთვება ახალი განათებებით და ვფიქრობ, ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება. ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი ძალიან საინტერესო გახდა უცხოელი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით საახალწლო დღეებში. ლამაზია საახალწლო სოფელი და ეს ტრადიცია წელსაც გვექნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი მნახველი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას და ქალაქს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისს ახალი ნაძვის ხის შეძენა 720 ათასი ლარი დაუჯდება. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. სატენდერო განაცხადის თანახმად, ნაძვის ხის სიმაღლე უნდა იყოს 24 მეტრი. მას 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა განათება ექნება. ნაძვის ხე 100 აქსესუარით მოირთვება. ტენდერში კომპანია ღამის შოუს სტუდიამ გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. განაცხადის მიხედვით, კომპანია თბილისის მერიას ნაძვის ხეს 720 ათას ლარად მიაწვდის, რაც სატენდერო ფასზე 10 ათასი ლარით ნაკლებია.
აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტი გააფორმეს
აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიულ დოკუმენტებს მოაწერეს ხელი. შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის სამთო და ენერგეტიკის სამინისტროს შორის. ხელი მოეწერა დოკუმენტს SOCAR-სა და Srbijagas-ს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ, ასევე, გაზის გაყიდვის შესახებ შეთანხმებას SOCAR-სა და Srbijagas-ს შორის. ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ „სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები ქმნის საფუძველს გაზის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის პირველად, აზერბაიჯანიდან სერბეთში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სერბეთის რესპუბლიკის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩ ჰანდანოვიჩმა განაცხადა, რომ „დღეს სერბეთმა და აზერბაიჯანმა თავიანთ ეკონომიკურ და ორმხრივ თანამშრომლობაში ახალი თავი გახსნეს, ხელი მოაწერეს კონტრაქტს გაზის მოცულობებზე, რომელსაც აზერბაიჯანი სერბეთს მიაწვდის. აღსანიშნავია, რომ გაზის მიწოდების გარდა, ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს სერბეთისთვის თხევადი გაწის მიწოდებას, SOCAR-თან თანამშრომლობას და კომპანიის მონაწილეობას გაზის სავაჭრო ოპერაციებში, ასევე, გაზის ელექტროსადგურების მშენებლობაში.
რუსეთიდან ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით, 79.36%-ით შემცირდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 761.5 მლნ ლარით შეადგინა, რაც 43.6%-ით, ანუ 219.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა. გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 61.76 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა (კლება წინა წელთან -79%). მეორე ადგილზეა იტალია – 42.57 მილიონი აშშ დოლარით (ზრდა წინა წელთან 19%) მესამე ადგილს 41.72 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს ( ზრდა წინა წელთან 39%), ხოლო მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 21.22 მილიონი აშშ დოლარით (ზრდა წინა წელთან 11%), მეხუთე ადგილზე კი – გერმანია 20.24 მილიონი აშშ დოლარით (ზრდა წინა წელთან 31%). 2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 84.8 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია.
FT: დანიამ შესაძლოა, რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერები დაბლოკოს
ევროკავშირის ახალი გეგმების მიხედვით, დანიას დაევალება, შეამოწმოს და პოტენციურად დაბლოკოს მის წყლებში მოძრავი რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერები. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. დასავლეთი მოსკოვის ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების სხვა გზებს იკვლევს. გამოცემის წყაროების ცნობით, დანიის სამიზნე გახდებიან ტანკერები, რომლებსაც დასავლური დაზღვევა არ აქვთ. ინსპექტირება დაეფუძნება საერთაშორისო კანონებს, რომლებიც ქვეყნებს საშუალებას აძლევს, შეამოწმონ გემები, თუ არსებობს რაიმე შეშფოთება, რომ მათ შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ გარემოს. დანიის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის სპიკერმა FT-ის განუცხადა, რომ დანიელები გარდა საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევებისა, სრუტეში გამავალ გემებს ან დოკუმენტებს არ ამოწმებენ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.
საგარეო უწყების განცხადებით, ქართველი ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებენ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ.“ „ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად,“ ნათქვამია უწყების მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში. “ქართველების ტყვედ ჩავარდნის შესახებ“ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 ნოემბერს გაავრცელა. მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს „ქართულ ლეგიონთან“ შეხება არასოდეს ჰქონიათ. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი ტყვედ აიყვანეს ერთ-ერთი ოპერაციის დროს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: მსურს, გამოვხატო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები 2024 წლის არჩევნებს დააკვირდებიან. პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ხაზი გაესვა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობას და საქართველოს როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში. პია კაუმამ განაცხადა, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, ეუთო მეტად რელევანტური ხდება. მან ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობას მშვიდობისა და უსაფრთხოების პერსპექტივიდან გამომდინარე. მისი თქმით, საქართველოს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს ევროპისა და აზიის გასაყარზე და საქართველოს მომავალი მთლიანი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი. „როგორც იცით, არჩნებზე ეუთოს საპარლამენტო მისია სადამკვირვებლო მისიებს უზრუნველყოფს ხოლმე, ჩვენ ეს გავაკეთეთ წინა არჩევნებზეც და იმედი მაქვს, ასევე მოგვიწვევთ მომდევნო წელს, როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები. ასევე, მსურს, რომ გამოვხატო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამავდროულად, აღვნიშნო, რომ თქვენ გაქვთ ძალიან გადამწყვეტი რეგიონი სამხრეთ კავკასიაში, ასრულებთ კონსტრუქციულ და ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონული სტაბილურობის კუთხით,“ – განაცხადა კაუმამ. პაპუაშვილის თქმით, პია კაუმასთან შეხვედრაზე ისაუბრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს თანამშრომლობაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. „ამჟამინდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგად, ეუთო, როგორც ორგანიზაცია, არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ვადასტურებ საქართველოს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ორგანიზაციის ეფექტიან ფუნქციონირებას იმ ღირებულებების საფუძველზე, რომელთა გარშემოც ის ჩამოყალიბდა. ვაფასებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ძალისხმევას, წვლილი შეიტანოს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრაში. ხაზი გავუსვით შემდგომი თანამშრომლობის მზაობას რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ასევე გაეცანით: სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გამაფრთხილებელ შეტყობინებას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გამაფრთხილებელ შეტყობინებაში წერს, 16 ნოემბერს დღის ბოლოდან 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპასთან ყოფნა სურს და არა რუსეთთან
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ ქართველ ხალხს ევროპასთან სურს ყოფნა და არა რუსეთთან. NATO-ს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრემიერს მიაჩნია, რომ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, საქართველომ და ქვეყნის ლიდერებმა, ევროკომისიის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. იუწყება ამერიკის ხმა, რომელიც კალასთან ინტერვიუს აქვეყნებს. კაია კალასი უკრაინაში მიმდინარე ომზეც საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთი საკუთარ "ბოლო კოლონიურ ომში"უნდა დამარცხდეს" იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყნად ჩამოყალიბდეს. ვიდრე ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემდა, თქვენ საქართველოზე რამდენიმე კომენტარი გააკეთეთ. როგორია თქვენი შეხედულება საქართველოზე ახლა? როგორ ხედავთ საქართველოს ევროპულ გზაზე, განსაკუთრებით, მის ევროკავშირთან დაახლოებას? მიმართა ჟურნალისტმა კალასს. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკომისია გამოვიდა წინადადებით და საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მაშინ შეგვიძლია, გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე. რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ გააგრძელონ ევროპულ გზაზე სვლა. როცა ახალ ამბებს ვუყურებ ვხედავ, რომ ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა რუსეთთან. ყველა ეს რუხი ზონა კონფლიქტის წყაროა და რუსეთს ნამდვილად არ სურს ამ ქვეყნების [ხელიდან] გაშვება. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ბრძოლის არსი. იცით, ეს არ ეხება დამატებით ტერიტორიებს იმდენად, რამდენადაც დემოკრატიისა და ღირებულებების გაფართოებას, იმ ღირებულებების, რომელთა თავიდან აცილებას რუსეთი ნამდვილად ცდილობს.
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, პია კაუმას შეხვდა. საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზადაა, უზრუნველყოს არჩევნების მონიტორინგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის, მათ შორის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მიერ. „შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები მეზობლებს შორის კომუნიკაციისა და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით და კვლავ რჩება ერთგული, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ეუთოს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დათმობილი ყურადღებისათვის,“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „როგორც იცით, არჩნებზე ეუთოს საპარლამენტო მისია სადამკვირვებლო მისიებს უზრუნველყოფს ხოლმე, ჩვენ ეს გავაკეთეთ წინა არჩევნებზეც და იმედი მაქვს, ასევე მოგვიწვევთ მომდევნო წელს, როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები. ასევე, მსურს, რომ გამოვხატო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამავდროულად, აღვნიშნო, რომ თქვენ გაქვთ ძალიან გადამწყვეტი რეგიონი სამხრეთ კავკასიაში, ასრულებთ კონსტრუქციულ და ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონული სტაბილურობის კუთხით,“ – განაცხადა თავის მხრივ, კაუმამ 15 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ. ასევე გაეცანით: სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, “ლევან პეტრიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი.“ “უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ - აცხადებს სუს-ი.
საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გასცა
საფრანგეთის სასამართლომ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის, რომელიც 2013 წელს ქიმიური იარაღის გამოყენებაშია ბრალდებული, დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. ქიმიური იარაღის გამოყენების გარდა, ასადს ბრალად 2013 წლის აგვისტოში დამასკოს მახლობლად განხორციელებული სამხედრო დანაშაულები ედება, როდესაც 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთმა დაკავების საერთაშორისო ორდერი სირიის პრეზიდენტის ძმის, მაჰერ ასადის მიმართაც გასცა, რომელიც სირიის ელიტურ სამხედრო ნაწილს ხელმძღვანელობს.
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაქვს რესურსი, ვიმუშაოთ ქართველი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, უკრაინული მხარე შეიძლება, იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რუსეთის შეიარაღებული ძალების ტყვედ ჩავარდნილ ქართველ მოქალაქეებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “საქართველოს არ აქვს რესურსი, იმუშაოს ქართველი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, უკრაინული მხარე შეიძლება, იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან.“ „გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი მოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ ჭრილში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. ისინი არიან რუსეთ -უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინული მხარე შეიძლება, იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან. ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, ბუნებრივია. თქვენ გახსოვთ ბაიდენის, ჯონსონის განცხადებები, ისინი მოუწოდებდნენ თავის მოქალაქეებს, არ წასულიყვნენ რუსეთ-უკრაინის ომში, რატომ - იმიტომ, რომ შემდეგ შესაბამის ქვეყანას აღარ ექნებოდა რესურსი ემუშავა ტყვეების გათავისუფლებაზე ასეთი განვითარების შემთხვევაში. ერთადერთი, რაც შეიძლება, განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ, არის კონსტიტუციური ვალდებულება, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე განურჩევლად ადგილსამყოფელისა და ბერკეტი არის შვეიცარიის საელჩო, წითელი ჯვარი. ამ ფორმით თუ რაიმეს გაკეთება შეიძლება, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. დანარჩენზე გიპასუხებენ შესაბამისი უწყებები,“ - განუცხადა ირაკლი კობახიძემ მედიას. საგარეო უწყების განცხადებით, ქართველი ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებენ.
NATO-მ ადრეული გაფრთხილებისა და მართვის ახალი თვითმფრინავი შეარჩია
NATO-მ შემდეგი თაობის თვითმფრინავი შეარჩია, რადგან ალიანსის ბაზაზე არსებული საჰაერო სადესანტო გაფრთხილებისა და მართვის ფლოტი (AWACS) ექსპლუატაციის ვადის გასვლას უახლოვდება. Boeing-ის ექვსი ახალი E-7A Wedgetail-ის ტიპის თვითმფრინავის წარმოება უახლოეს წლებში დაიწყება. პირველი თვითმფრინავი, სავარაუდოდ, მზად 2031 წლისთვის იქნება. ამ თვეში მოკავშირეთა კონსორციუმმა დაამტკიცა პროექტი, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვაა. E-7 Wedgetail-ის ტიპის ადრეული გაფრთხილებისა და მართვის მოწინავე თვითმფრინავი სიტუაციის ცნობიერების, მართვისა და კონტროლის ფუნქციებს უზრუნველყოფს. მძლავრი რადარით აღჭურვილ თვითმფრინავს მოწინააღმდეგის, რაკეტების და გემების აღმოჩენა დიდ დისტანციებზე შეუძლია. ის ასევე უზრუნველყოფს თვითმფრინავების გადამისამართებას მათი სამიზნეებისკენ. შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი ასევე იყენებენ Wedgetail-ს ან გეგმავენ მის ექსპლუატაციაში გაშვებას. NATO საჰაერო სადესანტო გაფრთხილებისა და (AWACS) მართვის თვითმფრინავების ფლოტს 1980-იანი წლებიდან მართავს. AWACS გამოიყენებოდა NATO-ს ყველა ძირითად ოპერაციაში, მათ შორის ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. „ეს თვითმფრინავები გადამწყვეტია NATO-ს კოლექტიური თავდაცვისთვის და მივესალმები მოკავშირეების ერთგულებას, ინვესტირებას მაღალი დონის შესაძლებლობებში,“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, „რესურსების გაერთიანებით, მოკავშირეებს შეუძლიათ, ერთობლივად შეიძინონ აქტივები, რომელთა შეძენა ძალიან ძვირი იქნება ცალკეული ქვეყნებისთვის. „ეს ინვესტიცია უახლესი ტექნოლოგიების სფეროში გვიჩვენებს ტრანსატლანტიკური თავდაცვის თანამშრომლობის სიძლიერეს, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ადაპტაციას უფრო არასტაბილურ სამყაროსთან,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.
საქართველო ინგლისური ენის ცოდნით ერთ წელიწადში 13 პოზიციით დაწინაურდა და რეგიონის ყველა ქვეყანას გადაუსწრო
საქართველო ინგლისური ენის ცოდნის EF-ინდექსით (English Proficiency Index-EF EPI) წელს 113 ქვეყნის რეიტინგში 32-ე ადგილზეა. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კვლევა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოზრდილი ასაკის მოსახლეობაში ინგლისური ენის ცოდნის დონეს აფასებს. ქვეყანამ EF EPI-ის საშუალო 502-ქულიანი გლობალური ინდექსის მიხედვით 541 ქულა მიიღო. ინდექსი მინიმალური 350 ქულიდან მაქსიმალურ 700 ქულამდე ვარირებს. ამდენად, საქართველო ინგლისური ენის ზომიერად (Moderate) მცოდნე ქვეყნების სიაში მოხვდა, ხოლო ცალკე აღებული ევროპის 34 სახელმწიფოს შორის 23-ე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ კვლევაში ცალკე არის მოცემული თბილისის რეიტინგი, რომელიც ინგლისური ენის ცოდნით ერთი საფეხურით უსწრებს და მაღალი, ანუ High-დონის ქალაქების ჩამონათვალშია. ამ სიაში თბილისი 551 ქულით 37-ე ადგილზეა. მეზობელი და რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ინგლისური ენის ცოდნით წელს ყველას უსწრებს. კერძოდ, რუსეთი 532 ქულით 41-ე ადგილზეა, უკრაინა 530 ქულით 45-ე ადგილზე, სომხეთს 528 ქულით 48 პოზიცია უკავია. ისინიც, საქართველოს მსგავსად, Moderate დონის ქვეყნების სიაში არიან. უფრო დაბალი, ანუ Low-დონის ქვეყნების ჩამონათვალშია თურქეთი, რომელსაც 493 ქულით 66-ე ადგილი უკავია და აზერბაიჯანი, რომელიც 463 ქულით 83-ე პოზიციაზეა. ერთ წელიწადში საქართველო EF-ინდექსში 13 პოზიციით დაწინაურდა. გასულ წელს ქვეყანა იმავე Moderate დონის ქვეყნების სიაში 524 ქულით 45-ე ადგილზე იყო და ჩამორჩებოდა როგორც უკრაინას (35-ე), ისე რუსეთს (მე-40). ამასთან, 2022 წელს, წლევანდელი High-დონის ნაცვლად, Moderate-დონის ქალაქების ჩამონათვალში იყო თბილისი, რომელსაც 533 ქულით 46-ე ადგილი ეკავა. კვლევას ყოველწლიურად კომპანია, EF Education First გლობალური გამოკითხვისა და ინგლისური ენის ცოდნის სპეციალური უფასო EF SET-ის ტესტის დახმარებით ატარებს. წლევანდელი რეიტინგი ეყრდნობა მსოფლიოს 113 ქვეყანასა და რეგიონში მცხოვრები 2,2 მილიონი ადამიანის მონაცემებს, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. აქედან გამოკითხულთა 55% ქალი, 45% კი მამაკაცია. 99% 18-დან 60 წლამდე ადამიანია, ხოლო საშუალო ასაკად 26 წელი იყო მიჩნეული. EF EPI-ის რეიტინგში წელს პირველი ადგილი ნიდერლანდებმა დაიკავა. სამეულში, ასევე, მოხვდნენ სინგაპური და ავსტრია. წყარო