ძებნის რეზულტატი:
მედია: ინდოეთი სომხეთს 150 000 ჭურვს მიაწვდის
საბრძოლო მასალის მწარმოებელი ინდური სახელმწიფო კომპანია Munitions India Limited-ი (MIL) სომხეთს 150 000 ერთეულ 30-მილიმეტრიან და 40-მილიმეტრიან ჭურვებს მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ სხვადასხვა მედისაშუალება, მათ შორის სომხური სააგენტო, ინდოეთის საჰაერო-კოსმოსური სივრცის თავდაცვის სიახლეებზე (IADN) დაყრდნობით ავრცელებს. მედია მიმდინარე წლის სექტემბერში წერდა, რომ ინდოეთმა სომხეთს ჰაუბიცები გაუგზავნა.
სალომე ზურაბიშვილი: დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის
როგორ გესმით ევროპული კომისიის რეკომენდაცია ,,დეოლიგარქიზაციაზე“? ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მიიჩნევთ? Le Monde-ის ამ შეკკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. „მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. პასუხი დეოლოიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია. ოცდაათი წელია, ჩვენ ხელისუფლების ერთპარტიულ სისტემაში ვართ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით. რა კომუნიკაცია გქონდათ ბიძინა ივანიშვილთან? ორწელიწადნახევარი, სამი წელია, მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს. არის ბიძინა ივანიშვილი რუსული გავლენის ქვეშ? ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოსცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს, წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახლაგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა. მეორე ნაწილი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ფიქრობენ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს იქნება ის, რაც ადრე იყო. ის მრავალი კუთხით უკვე დამარცხდა - სამხედრო თვალსაზრისით და პრესტიჟის მხრივაც: მან ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესვლა მოახდინა და მალე დააჩქარებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს ყველაფერი რუსეთის ,,წყალობით“ მოხდება, რადგან ჩვენი დღის წესრიგი ასე სწრაფ ტემპზე არ იყო გათვლილი. ამ რუსეთმა წააგო. მთავრობის ხელმღვანელმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაში ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლი აღნიშნა. თქვენც ასე ფიქრობთ? მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროევროპელის, ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაში [2018 წელს], თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო. შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა, ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე. სწორედ მისი წყალობით მოხვედით ხელისუფლებაში... რაში გდებთ ბრალს? დომინანტი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ნათელია, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, არ მქონდა ბერკეტები, რომ ვყოფილიყავი არჩეული. რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც ,,ქართული ოცნების“ წევრი მმართველები. პრეზიდენტი: ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი, ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი
პრეზიდენტი: საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება - ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მიმართვისას განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება - „ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ.“ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,ევროინტეგრაციის [პროცესი] არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა! შეიძლება ამან მიიღოს მრავალი სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ უკან დახევა არ არსებობს! აქ უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება! ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. პირველ რიგში, თქვენ მიდიხართ წინ და ჩვენ, ყველანი თქვენ მოგყვებით,“ - მიმართა მან კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. ხელმოწერების კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას!“ გრძელდება, მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეურთდნენ. ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.
აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება ეგვიპტე-ღაზის საზღვარზე ჩავიდა
ამერიკელი ხალხისგან" - აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება ეგვიპტე-ღაზის საზღვარზე ჩავიდა. ინფორმაციასა და ფოტომასალას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს. „აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება დღეს ეგვიპტე-ღაზის საზღვრის სიახლოვეს ჩავიდა. კრიზისის დაწყებიდან ჩვენ ძალიან მკაფიო გავხადეთ, რომ ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება კრიტიკული და გადაუდებელია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს დახმარება ღაზის სექტორის მშვიდობიანმა მოსახლეობამ, რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ," - წერს ბლინკენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).
ლაიენი: როგორ პოზიციონირებს ჩინეთი რუსეთთან, მომავალში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება
„ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობა ჩვენი მომავალი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია," ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, „თუ როგორ პოზიციონირებს ჩინეთი რუსეთთან, მომავალში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება.“ „ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან განმსაზღვრელი ფაქტორია, ჩვენი სამომავლო ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მაშინ, როდესაც ზუსტად ევროკავშირის საზღვრებთან ორი ომი მძვინვარებს - უკრაინაში და ღაზაში, გაურკვეველი ეკონომიკური პერსპექტივით - ასეთ მშფოთვარე დროს, არსებობს სტრატეგიული სტაბილურობის ძლიერი საჭიროება თუ როგორ ვუდგებით ჩინეთს, ამისთვის კი გულწრფელები უნდა ვიყოთ, თუ როგორ ვითარდება ჩინეთი… ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც მოჰყვება. ჩინეთი ამბობს, რომ გაეროს ქარტიას იცავს, მაგრამ რუსეთის აგრესიული ომისგან საკუთარი თავის დისტანცირებას არ ახდენს. როგორ ვპასუხობთ ამას? - მჯერა, რომ წინსვლის გზაა პეკინთან მუშაობა გავაგრძელოთ, რათა რუსეთისთვის მისთვის დახმარება იმდენად შეზღუდული დარჩეს, რამდენადაც შესაძლებელია. მკაფიო უნდა გავხადოთ, ის, თუ როგორ აპოზიციონირებს ჩინეთი საკუთარ თავს რუსეთთან, ეს სამომავლო წლებში ჩვენი ორმხრივ ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
აფხაზეთის ომში დაკარგული და იდენტიფიცირებული 20 პირი დაკრძალეს
აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა ხსოვნას დღეს, სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებმა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა. „ხუთი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს მოხდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 265,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოს და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად გამოცხადებას დაეთანხმა
გერმანიის ბუნდესტაგმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს და მოლდოვის შეტანას ითვალისწინებს. შესაბამისად, გერმანია თავშესაფრის მიცემაზე გაცილებით მარტივად ეტყვის უარს საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეებს და უფრო სწრაფად შეძლებს მათ დეპორტაციას. გერმანული DW-ს ინფორმაციით, ბუნდესტაგმა გადაწყვეტილება 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს მხოლოდ „მემარცხენე პარტიის“ დეპუტატებმა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული და ფედერალური მთავრობის მიერ მოწონებული კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს ფედერალური მიწების პალატამ - ბუნდესრატმაც. შოლცი არალეგალური მიგრაციის კონტროლზე: უფრო ხშირად და სწრაფად უნდა მოვახდინოთ დეპორტაცია გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი 2023 წლის აგვისტოში დაუჭირა, რის შემდეგაც პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გაეგზავნა.
აშშ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად დამატებით, $500 მილიონს გამოყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკული რესურსების საკითხებში, ჯეფრი პიატმა განაცხადა. "შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო 520 მილიონ დოლარზე მეტი უკრაინის ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად. ვიცით, რომ კიდევ 500 მილიონი აშშ დოლარი გზაშია. ვლადიმერ პუტინი ცდილობდა იარაღად გამოეყენებინა ზამთრის სიცივე და იარაღად გამოეყენებინა ზამთარი უკრაინელი ხალხის ნების დასარღვევად. დარწმუნებული ვარ, ის მარცხს განიცდის“, - აღნიშნა ჯეფრი პიატმა. პიატის განცხადებით, შეერთებული შტატები მუშაობს უკრაინის მთავრობასთან, რათა განავითარონ დეცენტრალიზებული ენერგეტიკული სისტემა, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროპასთან - უფრო მდგრადი და ბევრად უფრო ეკოლოგიურად სუფთა.
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (YSU) შენობაში პარასკევს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, სამი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. სომხეთის მედიის ცნობით, აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას სომხური მხარე მოგვიანებით გაავრცელებს. სააგენტო News-NEWS.am-ის ცნობით, დღეს დილით აფეთქება უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების ფაკულტეტის შენობის სარდაფში მოხდა.
ზურაბიშვილი ივანიშვილზე: არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ფრანგულ Le Monde-თან, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვებსაც პასუხობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილმა ევროკავშირისკენ მიმავალი გზის დაჩქარებაში, შესაძლოა, უარყოფითი როლი ითამაშა. მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროევროპელის, ქვეყნის პრეზიდნტობის კანდიდატად წარდგენაში [2018 წელს], თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო. შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე,“ - აღნიშნავს ზურაბიშვილი. სწორედ მისი წყალობით მოხვედით ხელისუფლებაში... რაში გდებთ ბრალს? მიმართა ჟურნალისტმა პრეზიდენტს. „დომინანტი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ნათელია, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, არ მქონდა ბერკეტები, რომ ვყოფილიყავი არჩეული. რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც ,,ქართული ოცნების“ წევრი მმართველები,“ - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა.
აშშ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს
ვაშინგტონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის შემდეგ, სახელწმიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონი სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერას აგრძელებს. უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს ორივე მხარეს, ჩაერთონ მოლაპარაკებებში. „ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული საკითხების მოსაგვარებლად. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, ჩაერთონ ამ მოლაპარაკებებში, მიუხედავად იმისა, არიან ისინი აქ თუ სადმე სხვაგან - გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას,“ - აღნიშნა მილერმა. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
შუა დერეფნის ქვეყნები ჩარჩო შეთანხმებას მოაწერენ ხელს
შუა დერეფნის ქვეყნების მიერ ბაქოში, მიმდინარე წლის მარტში ხელმოწერილი პროტოკოლის შესაბამისად, ჩარჩო შეთანხმება მომზადდა და ის ხელმოწერისთვის შესაბამის ქვეყნებს გაეგზავნება, ამის შესახებ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის (SCC) თავმჯდომარის მოადგილემ, ნატიგ შირინოვმა განაცხადა. მისი თქმით, „შუა დერეფნის ქვეყნებს შორის შეიქმნება ელექტრონული საბაჟო რეგისტრაციის პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს წინასწარი ინფორმაციის გაცვლას ტრანზიტულ გადაზიდვებთან დაკავშირებით.“ ნატიგ შირინოვის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტში 6 ქვეყანას შორის გაფორმდა პროტოკოლი. მისი მიზანი ტრანზიტის საკითხების მაქსიმალურად გამარტივებაა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ბაიდენმა ხელი მოაწერა მთავრობის დროებით ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარებას არ ითვალისწინებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დროებით ბიუჯეტს, რომელიც კონგრესის ორივე პალატამ მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად მიიღო. დოკუმენტი უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად თანხების გამოყოფას არ ითვალისწინებს. აშშ-ის სენატმა შტატის დროებითი ბიუჯეტი 15 ნოემბერს, 87 ხმით 11-ის წინააღმდეგ მიიღო. ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, მათ შორისაა: სამხედრო მშენებლობა, ვეტერანთა საქმეები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ ისევ დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა.
ზელენსკის თქმით, მოსკოვი უკრაინის საზოგადოებაში განხეთქილების დათესვას ცდილობს, რომლის მიზანიც პრეზიდენტის გადაყენებაა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოსკოვი უკრაინის საზოგადოებაში განხეთქილების დათესვას, შიდა „ქაოსის“ შექმნითა და საბოლოოდ პრეზიდენტის გადაყენებით ცდილობს. ზელენსკიმ დაზვერვის ცნობებზე მიუთითა. „ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე მოვიდა ჩვენი პარტნიორებისგან,“ - ციტირებს მედია ზელენსკის, რომელიც დეზინფორმაციის გეგმას „მაიდან 3“-ს უწოდებს. „მაიდანი“ მათთვის გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკი რუსეთთან დათმობებზე წასვლას არ აპირებს.
ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთში: საქართველო მზადაა, გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს შეხვდა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი სომხეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის, გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა. „მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველო სომხეთს და აზერბაიჯანს აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციით - ილია დარჩიაშვილი
იუსტიციის მინისტრი: აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-მდე საქმიდან, აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-მდე საქმიდან, აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა. „ამ მიმართულებით ნამდვილად ბევრი გვაქვს საამაყო, არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. კერძოდ, იგივე აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-მდე საქმიდან, აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მინდა კიდევ ერთხელ ყველას ეს დიდი გამარჯვება მოგილოცოთ, რომელიც სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იქნება მიღწეული ოკუპაციის შესახებ. ასევე, 2023 წლის 28 აპრილს 2008 წლის ომის დროს დაზარალებული 24 ათასამდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 130 მლნ-მდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. რაც შეხება მესამეს, რაზეც სხვათა შორის, ხშირად საუბრობენ ჩვენი ოკუპანტები, ეს არის განგრძობადი ოკუპაცია და სწორედ ამ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთა შორის საჩივარი, რომელიც ასევე მოიცავს ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებს, 2023 წლის 20 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვიბრძოლებთ ბოლომდე ყველა სამართლებრივი საშუალებით იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის უფლება, რომელიც ომის დროს დაირღვა, ბოლომდე დაცული იყოს“, - განაცხადა ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრის თქმით, უწყებისთვის სამართლებრივი დავების პრევენცია პრიორიტეტული მიმართულებაა. „ამ პერიოდში იუსტიციის სამინისტრომ სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარა საქართველოს მთავრობის მიერ დადებულ 400-მდე ხელშეკრულებას და აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანზე დავა არ დაწყებულა,“ - განაცხადა ბრეგაძემ.
ექსტრადიციის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველო და აშშ უახლოეს მომავალში გააფორმებენ
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ექსტრადიციის ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება. „უახლოეს პერიოდში გაფორმდება აშშ-სთან საერთაშორისო ხელშეკრულება ექსტრადიციის საკითხებზე, რის შემდეგაც აშშ-დან საქართველოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადიციის განხორციელება გახდება შესაძლებელი,“ - განაცხადა ბრეგაძემ. აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე შეთანხმება მიმდინარე წლის თებერვალში შედგა.
ჩეხეთი რუსეთის კუთვნილ დაახლოებით 50 ობიექტს დააყადაღებს
ჩეხეთის ხელისუფლება დააყადაღებს 50-ზე მეტ ობიექტს, რომლებიც რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო კომპანია „გოსზაგრანსობსტვოს“ ეკუთვნის. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააყადაღებენ პრაღასა და კარლოვი-ვარიში მდებარე ობიექტებს. შეზღუდვებს არ ექვემდებარება მხოლოდ ოთხი შენობა, რომლებსაც რუსი დიპლომატები იყენებდნენ. ჩეხეთის მთავრობამ ხსენებული კომპანიის წინააღმდეგ ეროვნული სანქციები დააწესა. უფრო ადრე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო დაბლოკავს სანქცირებული „გოსზაგრანსობსტვოს“ფინანსურ ანგარიშებს, ხოლო მისი ქონება მიწის რეესტრში გაყინულია, რათა კომპანიამ ვერ შეძლოს უძრავი ქონების გაყიდვა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „გოსზაგრანსობსტვოს“ მართვაში არსებულ სახლებში ბინების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი ჩაირიცხება სპეციალურ ანგარიშზე, რომელზეც რუსეთს წვდომა არ ექნება. მოსკოვი ჩეხეთის გადაწყვეტილებას ანტირუსულს უწოდებს. ჩეხეთში რუსეთის მიერ უსასყიდლოდ გამოყენებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 92,001 კვადრატული მეტრია, აქედან 87,863 კვადრატული მეტრი ჩეხეთის სახელმწიფოს საკუთრებაშია. ჩეხეთის მთავრობამ ოთხშაბათს, 15 ნოემბერს დაუჭირა მხარი საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის წინადადებას ჩეხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო აქტივის გაყინვის შესახებ.
აშშ-ის მისია ეუთოში: მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის მისია რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს გმობს. შესაბამისი განცხადება მისიის ვებგვერდზე განთავსდა. „საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა შეგვახსენებს, თუ როგორ აისახება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ქვეყნის მოსახლეობაზე. 6 ოქტომბერს ბ-ნი გინტური ეწვია სოფელ კირბალის მახლობლად მდებარე სასაფლაოსა და ეკლესიას, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების გამო მოკლეს. ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობას. სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს “ადმინისტრაციული საზღვრების“ გამაგრებას, რაც განსაზღვრავს მის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. რუსეთს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აქვს ვალდებულება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრულ და შეუზღუდავ წვდომას საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში. კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრები ადამიანების ტანჯვა და გაჭირვება ძალიან გაჭიანურდა. ჩვენ მივესალმებით თქვენს, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა როლს კონფლიქტის მოსაგვარებლად მშვიდობიანი პროცესის დაცვაში და ვაღიარებთ ამ მისიის სირთულეს. პირველ ნოემბერს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, (IPRM) ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, ელჩი მოშანუსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთობლივი ხელშეწყობით, 115-ე შეხვედრა გაიმართა. შეერთებული შტატები მიესალმება ერგნეთი-IPRM-ის ამ მიმდინარე შეხვედრებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე პოზიციას, რომ გალის IPRM-ი დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს წინაპირობების გარეშე. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეერთებული შტატები მზადაა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონსტრუქციული ჩართულობისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი ვიორელ მოშანუ Europetime-თან აცხადებს, რომ მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) თანათავმჯდომარეები კონსულტაციების გამართვას თბილისში გეგმავენ.
არძინბა: ჩვენი კარი დაიხურება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ
16 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ შეხვედრა გამართა ოკუპირებულ სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან. „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მედიაცენტრის ცნობით, "შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები და საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციასთან ახალი მიდგომები, რაც მალე აისახება ოფიციალურ დოკუმენტში - აფხაზეთის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბრძანებულებაში.“ არძინბამ აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოებმა უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე. მისი თქმით, ეს აღიქმება, როგორც გაუმჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა. „მათთვის, ვისაც აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების დანგრევა სურს და აფხაზეთის რესპუბლიკას „ოკუპირებულ ტერიტორიად“ განიხილავს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება,“ - განაცხადა არძინბამ. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას“, ასევე, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“. არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოები “აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმაციას აწვდიან მათ მიერ განხორციელებული პროექტების რეალურ მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით, რაც დასტურდება „პროექტების პრაქტიკული განხორციელებითა და პუბლიკაციებით აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ ვეგვერდზებზე.“ ცნობისთვის, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ქვეყნის ტერიტორიიდან.