ძებნის რეზულტატი:
NATO-მ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ გამოაცხადა
24 იანვარს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა წვრთნები Steadfast Defender 24-ის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ეს იქნება NATO-ს უდიდესი სამხედრო წვრთნები 1988 წლის შემდეგ. „მტკიცე მცველი” (Steadfast Defender) წვრთნები ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკის პორტიდან აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების Gunston Hall სადესანტო გემის გასვლით დაიწყო, რომელიც ატლანტიკურ ოკეანეს გადაკვეთს. წვრთნების ფარგლებში ეს პირველი ტაქტიკური მანევრია. იანვრის ბოლომდე წვრთნებს კანადის ფლოტის Charlottetown გემი შეუერთდება, რომელიც ჰალიფაქსის პორტიდან ევროპისკენ გაემართება. „Steadfast Defender-24 თვალსაჩინო მაგალითი გახდება ჩვენი ერთიანობის, ძალისა და მზადყოფნის დავიცვათ ერთმანეთი, ჩვენი ღირებულებები და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც წესებზეა დაფუძნებული,” - განაცხადა ევროპაში NATO-ს ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ. წვრთნებში 90 000 სამხედრო მოსამსახურე, 50 სამხედრო-საზღვაო გემი, 80 თვითმფრინავი და 1 100-ზე მეტი საბრძოლო მანქანა ჩაერთვება. NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ წვრთნებს იწყებს
ლიეტუვამ სამხედროებს, მესაზღვრეებსა და პოლიციელებს რუსეთში, ბელორუსსა და ჩინეთში გამგზავრებაზე შეზღუდვები დაუწესა
ლიტვის მთავრობამ სამხედროებს, ასევე მესაზღვრეებს და პოლიციელებს რუსეთში, ბელორუსსა და ჩინეთში სამუშაო საათებში გამგზავრება აუკრძალა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ქვეყნების სია ეროვნული უსაფრთხოების რისკებისა და საფრთხეების შეფასებაზე დაფუძნებით შეადგინეს. „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია, ბელორუსი და ჩინეთი საფრთხეს უქმნიან ლიეტვუის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, რაც გამოიხატება ამ ქვეყნების დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების მიერ ლიეტუვის წინააღმდეგ ჯაშუშობაში,“ - განმარტავს ლიეტუვური მხარე გადაწყვეტილებას. რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რომელიც ამ ინიციატივით გამოვიდა, ამ ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები პოტენციური გადაბირების მიზნით აგროვებენ ინფორმაციას ლიეტუვის მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც აქვთ წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე.
ევროკომისარი ვარჰეი: საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, პროგრესს განაგრძობს, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების გზაზე პროგრესს განაგრძობს. ამის შესახებ ვარჰეი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირის გაფართოების გზაზე პროგრესს განაგრძობს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან სოფლის მეურნეობასა და მწვანე ეკონომიკის კუთხით ევროკავშირთან თავსებადობა განვიხილეთ. ეს საკვანძო სფეროებია საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება,” - წერს ვარჰეი.
ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე, თეთრ სახლში პირველი კომენტარი გაკეთდა
შეერთებულ შტატებს არ შეუძლია, დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში - Il-76, რომელიც 24 იანვარს, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა, უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. კირბიმ ასევე დაამატა, რომ შეერთებული შტატები აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა მეტი სიცხადე და მეტი ინფორმაცია მიეღო რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმის პოზიაში, რომ დავადასტუროთ ისინი,“- განაცხადა კირბიმ, როდესაც სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის განცხადებებზე, რომ უკრაინამ ჩამოაგდო სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. უკრაინის დაზვერვა: ტყვეთა გაცვლის წინ, რუსებს არ მოუთხოვიათ ბელგოროდის მახლობლად საჰაერო სივრცის დაცვა შეგახსენებთ, ბელგოროდში დღეს რუსული სამხედრო-სატრანსპორო თვითმფრინავი Il 76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რუს ტყვეებში გასაცვლელად მიჰყავდათ. მათივე ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია. ავიაკატასტროფის შემდეგ, RBC-Ukraine-ის წყაროები ამბობდნენ, რომ Il 76-ით რუსებს S-300-ის ტიპის რაკეტები გადაჰქონდათ, რომლითაც ოკუპანტები ხარკოვის რეგიონის დაბომბვას აპირებდნენ. უკრაინა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის დეტალებს ამოწმებს: რუსეთსა და უკრაინას ტყვეები 24 იანვარს უნდა გაეცვალათ უკრაინის გენშტაბი: გაგრძელდება ზომების მიღება რაკეტების მიწოდების საშუალებების განადგურების მიზნით, მათ შორის, ბელგოროდი-ხარკოვის მიმართულებით
გუდაური-კობის მონაკვეთზე გარკვეული სახის ავტროტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ვოლკერი ვაშინგტონის სამიტზე: NATO-სადმი ჩემი რეკომენდაცია იქნება, სასწრაფოდ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესი
NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს აქვს მოლოდინი, რომ სამიტის შემდეგ, ალიანსმა შესაძლოა,უკრაინის დასახმარებლად პირველი, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. კურტ ვოლკერის თქმით, მნიშვნელოვანია, ვაშინგტონის სამიტზე ალიანსს ჰქონდეს მკაფიო გზავნილი მოსკოვისთვის, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათი უსაფრთხოება დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია. „[ალიანსისადმი] ჩემი რეკომენდაცია იქნება, სასწრაფოდ დაიწყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას NATO-ში გაწევრიანების პროცესი. ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება, პროცესი მოიცავს მოლაპარაკებებს, რატიფიკაციის ეტაპს. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ რუსეთს, რომ ეს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და მათი უსაფრთხოება დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვსურს, ისინი კვლავაც რუხ ზონებში იყვნენ, სადაც პუტინი გრძნობს, რომ შეუძლია უბრალოდ თავს დაესხას, დაიკავოს ტერიტორიები და ისინი რუსეთის დომინაციის ქვეშ შეინარჩუნოს. ეს პროცესი ვაშინგტონში უნდა დავიწყოთ. ვიტყოდი, რომ კონკრეტულად უკრაინის შემთხვევაში, წევრობისთვის მოწვევის თაობაზე, მკაფიო განცხადება უნდა გაკეთდეს,“ - აღნიშნა ვოლკერმა. NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს აქვს მოლოდინი, რომ სამიტის შემდეგ, NATO-მ შესაძლოა, უკრაინის დასახმარებლად პირველი, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. „2022 წლის თებერვლიდან, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა კიევს უზარმაზარი სამხედრო დახმარება გაუწიეს. აღსანიშნავია, რომ NATO, როგორც ორგანიზაცია, ამაში ჩართული არ ყოფილა. შეერთებული შტატებისა და გერმანიის ლიდერობით, დამოუკიდებელი პროცესი შეიქმნა - „რამშტეინის პროცესი“ - რომელიც ალიანსის გვერდის ავლით, უკრაინის დახმარებას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, ვაშინგტონის სამიტის შედეგად, შესაძლოა ვიხილოთ, რომ უკრაინის დასახმარებლად, NATO-მ გარკვეული როლის შესრულება დაიწყოს. ვფიქრობ, ეს არის შემდეგი ეტაპი, საითაც ალიანსი მიდის. საბოლოო ჯამში, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები აცნობიერებენ, რომ არ არსებობს უსაფრთხოება ევროპისთვის, თუ იქ რუხი ზონები იარსებებს. ყველა უნდა იყოს ერთი კლუბის წევრი - დემოკრატიული, საბაზრო ეკონომიკის უსაფრთხო ზონა - რომელსაც შეერთებული შტატების დახმარებით საკუთარი თავის დაცვა შეეძლება. ვფიქრობ, საბოლოოდ ეს ყველაფერი სწორედ აქეთ მიდის. ასე რომ, მომავალ წლებში, ნატოს გაფართოების მორიგ ტალღას ვიხილავთ,“ - განუცხადა ამერიკის ხმას ვოლკერმა. ალიანსის 75-ე საიუბილეო სამიტს, 9-11 ივლისს, ვაშინგტონი უმასპინძლებს. 32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით - NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები
ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდება, მაგრამ აგრძელებს მტკიცებს, რომ „კონფლიქტის“ სამხედრო გადაწყვეტის გზას ვერ ხედავს - ის მოუწოდებს სხვა მხარეებს, პატივი სცენ მის პოზიციას. რობერტ ფიცომ, რომელიც 24 იანვარს მოლაპარაკებებს აწარმოებდა თავის უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან, აღიარა ის ფაქტი, რომ ზოგიერთ საკითხზე ბრატისლავასა და კიევს საკმაოდ განსხვავებული პოზიციები აქვთ, რაც მისი მოლაპარაკებების დროს, უჟგოროდშიც დადასტურდა, მაგრამ „ბევრ საკითხზე მხარეებს შორის სრული ურთიერთგაგებაა.“ ამის შესახებ მან ოთხშაბათს, 24 იანვარს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება, გადაწყდეს სამხედრო გზით,“ - განაცხადა რობერტ ფიცომ და აღნიშნა, რომ უკრაინელი კოლეგასგან მხოლოდ ომის გაგრძელების გეგმები მოისმინა, თავად კი, მშვიდობიანი ინიციატივების დიდი მხარდამჭერია. მანვე დასძინა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმას, თუმცა მას ეს არარეალურად მიაჩნია. მაგრამ ყველა საკითხის მიუხედავად, ფიცომ დაარწმუნა კიევი, რომ სლოვაკეთი ცდილობს, დაეხმაროს უკრაინას, რომ ეს ქვეყანა გახდეს დემოკრატიული და წარმატებული. ის ამბობს, რომ ხელს არ შეუშლის ევროკავშირის ფინანსური დახმარების პაკეტის დამტკიცებას და ასევე სურს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს. სლვაკეთის პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად არ დაეთანხმა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას (გერმანელი ჟურნალისტების მიერ გაჟღერებულს, რედ.), რომ ის თითქოს "პუტინის მეხუთე კოლონას" წარმოადგენს.ფიცო ამტკიცებს, რომ მისი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსის ინტერესის ფოკუსი არ არის რუსეთი და რომ მისი პოზიცია არა პრო-უკრაინული და პროამერიკული, არამედ, პროსლოვაკურია. ამასთან, სლოვაკეთის პრემიერმა აღიარა, რომ ზოგიერთი მის განცხადებებს „საკამათოდ“ აღიქვამს, ამიტომ, ითხოვა, რომ სხვის მოსაზრებებს პატივი სცენ. შეგახსენებთ, 24 იანვარს დილით უჟგოროდში უკრაინისა და სლოვაკეთის მთავრობების ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებები გამართეს. შმიგალი პრორუსული განცხადებით გამორჩეულ სლოვაკ პრემიერთან მიღწეულ შეთანხმებებზე საუბრობს
„შეთანხმება შედგა" - ადვოკატის თქმით, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას ყოფილ მფლობელს პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნებენ
კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ახალი მფლობელის, დარეჯან დვალის ადვოკატი, გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ მფობელთან, მარინა ხატიაშვილთან შეთანხმება შედგა და მას უძრავ ქონებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დაუბრუნებენ. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. კერძოდ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საუბრისას ადვოკატი აღნიშნავს, რომ წერილობითი შეთანხმება რამდენიმე საათის წინ გაფორმდა და მასში აღსრულების ეროვნული ბიუროც იყო ჩართული: „ჩვენს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, ე.წ. მორიგება," - ამბობს სუხიტაშვილი და ჩამოთვლის გარკვეულ პირობებს: "თუკი [მარინა ხატიაშვილი] ერთი თვის ვადაში გადაიხდის 90 000 აშშ დოლარს, დარეჯან დვალი დაუბრუნებს მას კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონებას იმ პირობით, თუკი ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები შეწყვეტენ მოქმედებებს - ისინი მასმედიაში, სოციალურ ქსელებში, პირად მიმოწერაში შანტაჟით, მუქარით, ცილისწამებით, აბსოლუტურად გაუმართლებელი მეთოდებით ცდილობენ ზეწოლას დვალზე; მეორე პირობაა, რომ მარინა ხატიაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა მისცენ უფლება დარეჯან დვალს, რომ ისარგებლოს უძრავი ქონებით". შეთანხმებაზე ხელმოწერას რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი. მისი თქმით, დოკუმენტი მხარეებმა 24 იანვრის საღამოს გააფორმეს, რომელშიც ეწერა, რომ ერთი თვის განმავლობაში დარეჯან დვალი ქონებას არ გადაყიდის და რომ თანხის გადახდის შემდეგ იგი ის "აღარ დაემუქრება დვალს." „პირობები იყო, რომ ერთი თვის განმავლობაში ის ქონებას არ გადაყიდის, იქნება დალუქული. როგორც კი ფულს გადავუხდი, გადმოფორმდება, ოღონდ მე აღარ უნდა დავაბულინგო..." - ამბობს მარინა ხატიაშვილი. კითხვაზე, რა იგულისხმა დარეჯან დვალის ადვოკატმა ერთი თვის განმავლობაში ქონებით სარგებლობის პირობაზე, ხატიაშვილი ამბობს რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს და "გაარკვევს." კეკელიძის ქუჩაზე ოჯახი პროტესტის ფონზე გამოასახლეს ომბუდსმენი: დაკავებულებიდან ექვსმა განაცხადა აღსრულების ბიუროს წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტებაზე
ზელენსკი Il-76-ის ჩამოვარდნაზე: უკრაინა დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია ყველა ფაქტის დადგენა და გამოძიების ჩატარება რუსული „ილ-76“ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილი მალიუკმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, სერგეი შაპტალამ თვითმფრინავთან და ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა მკაფიო ფაქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე, ჩვენი კონტროლის მიღმა, ჩამოვარდა."ფაქტები" ახლა მთავარი სიტყვაა. დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ მონაცემების შესახებ, რაც უკრაინას აქვს. ჩვენი სახელმწიფო დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ათობით უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მხოლოდ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი: გვაქვს ინსტრუმენტები და შესაძლებლობა, მივწვდეთ მტერს იქ, სადაც ის ამას არ ელის
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის განცხადებით, სამხედროებს სულ უფრო მეტი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა აქვთ იმისთვის, რომ მისწვდნენ მტერს იქ, სადაც ის არ ელის. მისი თქმით, 24 იანვრის დღის განმავლობაში, რუსული პროპაგანდა მიმართავდა ყალბი ინფორმაციის ნაკადს გარე აუდიტორიისთვის - ცდილობდა უკრაინის დისკრედიტაციას მსოფლიო საზოგადოების თვალში. ”პროპაგანდის მიზანი აშკარაა. - მათ სურთ შეამცირონ ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერა. არ გამოუვათ! უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავი და და გაანადგუროს აგრესორის საჰაერო თავდასხმის საშუალებები,“ - აღნიშნა ოლეშჩუკმა. ნიკოლაი ოლეშჩუკის თქმით, საჰაერო ძალები არტყამდა, არტყამს და დაარტყამს მტერს სადაც არ უნდა იყოს ის, რათა დაიცვას ჩვენი მოქალაქეები მტრის ტერორისტული თავდასხმებისგან! „ხარკოვი, ხერსონი, დნეპრი, ზაპოროჟიე და ფრონტის ხაზის სხვა რეგიონები ყოველდღიურად და ყოველ ღამეს მტრის რაკეტების, ბომბების და დრონების ცეცხლის ქვეშ არიან. საჰაერო ძალები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისწვდეს მტერს როგორც ცაში, ასევე მიწაზე. თქვენ კითხულობთ ჩვენს მოხსენებებს. ბევრი რუსული თვითმფრინავი და მათი ეკიპაჟი ვეღარასოდეს შეძლებენ ჩვენი ხალხის დატერორებას. ისინი განადგურებულნი არიან! ჩვენ გვაქვს უფრო და უფრო მეტი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა, რათა მივწვდეთ მტერს იქ, სადაც ის ამას არ ელის!” - აღნიშნა ნიკოლაი ოლეშჩუკმა. 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ათობით უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მხოლოდ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა.
რუსეთის საპორტო ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარი იყო
რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარი იყო. 24 იანვარს, ღამით გაჩენილ ხანძარს წინ უძღოდა რამდენიმე აფეთქება. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები „ბაზა“, „ასტრა“ და „112“ იუწყებოდნენ. მათივე ცნობით, ნავთობის ბაზაზე სავარაუდოდ, დრონებით შეტევა იყო. დღეს დილით, კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარი „მთლიანად ლიკვიდირებულია“. ამასთან, „ცეცხლი 99 მეხანძრემ ჩააქრო 31 ერთეული ტექნიკის გამოყენებით.“ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასახელების გარეშე განაცხადა, რომ ცეცხლი გაუჩნდა „ვაკუუმის დანადგარს“. ოფიციალური ცნობის მიხედვით, არავინ დაშავებულა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერდა, რომ სამოქალაქო თვითმფრინავების „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ დროებით დაიკეტა სოჭის საერთაშორისო აეროპორტი. ქალაქი ტუაფსე სოჭის ცენტრიდან 78 კილომეტრში მდებარეობს. ბოლო დღეებში ხანძრები იყო რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის და ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზებზე. უკრაინამ დაადასტურა, რომ ამ ობიექტებს დრონებით შეუტია. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის ტყვეობაში 8 000-ზე მეტი უკრაინელი იმყოფება
ომის ტყვეების საკითხებზე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 8 000-ზე მეტი უკრაინელი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, კვლავ რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. ამასთან, იური ტარანიუკმა აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის დროს მოსკოვთან შეთანხმდა და განხორციელდა ტყვეების 49 გაცვლა. „საკოორდინაციო შტაბის მიზანია უკრაინაში რუსული ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დაბრუნება. ეს ეხება როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე სამხედრო ტყვეებს. დღემდე განხორციელდა 49 გაცვლა და 2828 ადამიანი დაბრუნდა სახლში, აქედან 2681 სამხედრო და 147 მშვიდობიანი მოქალაქე. ამჟამად, ტყვეობაში 8000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. აქედან 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა,,“ - განაცხადა იური ტარანიუკმა. მისივე თქმით, საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს ათიათასობით უკრაინელის ძებნას, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან. ამასთან, ტარანიუკმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, დაკარგულთა უმეტესობა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების ბოლო გაცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა. 3 იანვარს სამშობლოში 230 უკრაინელი დაბრუნდა. 24 იანვარს ტყვეთა გაცვლა იყო დაგეგმილი, რომელის რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმრინავის ჩამოვარდნის ფონზე არ შედგა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ტყვეები ამ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ. უკრაინა ვითარების გარკვევას ცდილობს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.
ოლაფ შოლცი: უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმებასთან ახლოს არიან
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე, შესაძლოა, მალე შეთანხმდნენ. ბერლინი მხარს დაუჭერს კიევს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „ჩემი ვარაუდით, ამას მალე დავასრულებთ. საკითხის ბუნება მოითხოვს, რომ ორივე მხარემ ვისაუბროთ მასზე მაშინ, როცა დოკუმენტს ერთად დავასრულებთ და არა მის დასრულებამდე. მაგრამ მაქვს განცდა, რომ ჩვენ მოლაპარაკებების დასრულების ზღვარზე ვართ,“ - აღნიშნა შოლცმა. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 24 იანვარს ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და საუბრის მთავარი თემა უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის საკითხი იყო.
ხარკოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, გლოვის დღე გამოცხადდა
ხარკოვში, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა გამო, 25 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. „23 იანვრის სარაკეტო თავდასხმას ხარკოვში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მოჰყვა მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით, დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული,“ - განაცხადა ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. იგორ ტერეხოვის თქმით, „ყველა რუსი მონსტრი, ვინც დამნაშავეა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში, ჯოჯოხეთში დაიწვება.“ შეგახსენებთ, 23 იანვარს, ხარკოვზე რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სლოვაკეთი უკრაინას თავდაცვის ხაზის მშენებლობისთვის საინჟინრო აღჭურვილობას გაუგზავნის
სლოვაკები უკრაინას სამსაფეხურიანი თავდაცვის ხაზის მშენებლობისთვის საინჟინრო აღჭურვილობას მიაწვდიან. კერძოდ, საუბარია ჯავშან ექსკავატორებსა და განაღმვის მანქანებზე. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა უჟგოროდში, 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც სლოვაკეთის პრემიერს უმასპინძლა. „დღეს უკრაინა აშენებს ფართომასშტაბიან სამდონიან თავდაცვის ხაზს, რაც გულისხმობს დაცვას ყველა მიმართულებით. მთავრობამ ამისთვის გამოყო ათობით მილიარდი UAH. ეს თავდაცვა საშუალებას მოგვცემს, შევაკავოთ მტერიც და წინ წავიწიოთ. ჩვენ გვჭირდება საინჟინრო აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დამატებითი რაოდენობა, ჩვენ შევთანხმდით პრემიერ-მინისტრ ფიცოსთან, რომ ვითანამშრომლებთ სლოვაკეთის რესპუბლიკიდან ასეთი აღჭურვილობის მიწოდების მიმართულებით,“ - განაცხადა შმიჰალმა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სლოვაკური კერძო კომპანიები კიევს ექსკავატორებს და განაღმვის მანქანებს მიაწვდიან. „დღეს შემიძლია, ვთქვა, რომ სლოვაკეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, მიაწოდოს უკრაინას Bozhena-4-ის ტიპის ორი განაღმვის მანქანა, რათა ჩვენმა სპეციალისტებმა შეასრულონ შესაბამისი სამუშაო ხერსონის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილში. ჩვენ ძალიან მადლობელნი ვართ ამისთვის,“ - განაცხადა შმიგალმა. დენის შმიგალი და რობერტ ფიცო შეთანხმდნენ, რომ სლოვაკეთის მთავრობა არ დაბლოკავს უკრაინის შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას სლოვაკეთის ბიზნესისგან. ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს
კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ ორ პირს ბრალი წარუდგინეს
თბილისში, კეკელიძის #1-ში, ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. მათ ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. ბრალდებულები მოძრაობა „ხმის" თანადამფუძნებლები არიან. ხასაიას და ჩიქობავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ჯგუფურად) მე-2 ნაწილით წარუდგინეს. ორივე მათგანს ედავებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას. მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. „შეთანხმება შედგა" - ადვოკატის თქმით, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას ყოფილ მფლობელს პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნებენ
აშშ-ის საზღვაო ძალებმა არჩევნების შემდგომ ტაივანის სრუტეში პირველი ხომალდი გაგზავნა
აშშ-ის საზღვაო ძალების ცნობით, ტაივანის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად, ამერიკულმა გამანადგურებელმა USS John Finn-მა ტაივანის სრუტეში გაიარა, რამაც პეკინის აღშფოთება გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ტაივანის სრუტეში USS John Finn-ის გავლა ყველა ერისთვის ნაოსნობის თავისუფლების დაცვის მიმართ, როგორც პრინციპის, აშშ-ის ერთგულებას ადასტურებს. საერთაშორისო თანამეგობრობის არც ერთი წევრის დაშინება არ უნდა მოხდეს, რომ მათ საკუთარი უფლებები დათმონ,“ - ნათქვამია აშშ-ს საზღვაო ძალების განცხადებაში. ჩინეთის სამხედრო ძალებმა განაცხადა, რომ ჩინეთი სიტუაციას აკონტროლებდა და ამერიკული ხომალდის გადაადგილებას აკვირდებოდა. „ამ ბოლო დროს აშშ-ს სამხედრო ძალები, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ბოროტად შელახვის მიზნით, პროვოკაციულ ქმედებებს ხშირად ახორციელებს,“ - განაცხადა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ დანაყოფის სარდლობამ. თავის მხრივ, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გემი სამხრეთის მიმართულებით მიცურავდა და რომ ტაივანი აკონტროლებდა მოძრაობას. ტაივანის შეფასებით, “ვითარება ნორმის ფარგლებში იყო.“ ჩინეთი, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამხედრო თვითმფრინავებს და ხომალდებს კუნძულის გარშემო რეგულარულად აგზავნის. გასულ კვირას ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოაჩინა ჩინეთის საჰაერო ძალების 18 თვითმფრინავი, რომლებიც მოქმედებდნენ ტაივანის გარშემო და ახორციელებდნენ "ერთობლივ საბრძოლო მზადყოფნის პატრულირებას" ჩინურ ხომალდებთან ერთად, რაც პირველი ფართომასშტაბიანი სამხედრო აქტივობა იყო ტაივანის არჩევნების შემდეგ.
ელენე ნავერიანის ფილმი - „შაშვი შაშვი მაყვალი“ შვეიცარიის კინოდაჯილდოების ნომინანტია
ელენე ნავერიანის ფილმი - „შაშვი შაშვი მაყვალი” შვეიცარიის კინოდაჯილდოების მოკლე სიაშია. ფილმი ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს საუკეთესო მხატვრული ფილმის, ხმის, სცენარისა და მონტაჟის ნომინაციებში. დაჯილდოების ცერემონია 22 მარტს, ციურიხში გაიმართება. შვეიცარიის კინოდაჯილდოება ყოველწლიურად ტარდება. დაჯილდოების ფოკუსში ხვდებიან ფილმები, რომლებიც შვეიცარიაში ან შვეიცარიის თანადაფინანსებით შეიქმნა. რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალებზე მორიგი ჯილდოებიც დაიმსახურა. ფილმში შესრულებული როლისთვის მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა ბელფასტის კინოფესტივალზე "საუკეთესო შესრულების" კატეგორიაში გაიმარჯვა. ელენე ნავერიანის ფილმი - "შაშვი, შაშვი, მაყვალი" სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტთა საწვრთნელი მეორე და მეოთხე ასეულების სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს და სამხედრო მრწამსი წარმოთქვეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში რვა კვირის განმავლობაში გაიარეს. „მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საერთო საჯარისო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ისინი სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტების ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღეც გაიმართა. ისინი რეკრუტების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2023 წელს შემოწმებული 5492 პირიდან ნარკოტიკული თრობა 4023-ს დაუდასტურდა, აქედან 10 არასრულწლოვანი იყო
2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 5492 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 4023 პირს დაუდასტურდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულთაგან 5 338 მამაკაცია, რომელთა შორისაც 3970-ს დადებითი შედეგი ჰქონდა; ხოლო 154 ქალიდან ნარკოტიკული თრობა 53-ს დაუდასტურდა. გასულ წელს ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 17 არასრულწლოვანი იყო, რომელთაგან 10-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა. სტატისტიკის თანახმადვე, ნარკოლოგიურ შემოწმება გავლილთა შორის ყველაზე ბევრი, 3278 ადამიანი 25-44 ასაკობრივ კატეგორიაში იყო - მათგან 2 393 მამაკაცსა და 34 ქალს დადებითი შედეგი ჰქონდა. აღნიშნულ პერიოდშივე ნარკოლოგიური შემოწმება 60 წელს ზემოთ მყოფმა 155-მა მოქალაქემ გაიარა - მათგან 72-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.