ძებნის რეზულტატი:
სხვის სასაქონლო ნიშნენს მართლსაწინააღმდეგოდ იყენებდნენ - გამოძიება
დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ერთი პირი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან ახდენდა დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების რეალიზაციას Ariel-ის, Perwoll-ის, Fairy-ის, Alo-ს, Domestos-ის და Persil-ის სასაქონლო ნიშნების მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 78 023 ლარის ღირებულების, საერთო ჯამში 16 982 ლიტრი და 5 457 კგ სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული პროდუქცია. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკებს, სპეციალურ აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას მიაწვდის
გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების, ტანკების, სპეციალურ აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას ჰპირდება. შესაბამისი სია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული, იუწყება Ukrinform. სიაში შედის IRIS-T SLM ინფრაწითელი გამოსახულების სისტემა Tail Surface Launched საშუალო დიაპაზონის საჰაერო თავდაცვის სისტემები; Gepard-ის საზენიტო ტანკები; 80-ზე მეტი Leopard 1 A5 ძირითადი საბრძოლო ტანკი; დამატებითი საარტილერიო სისტემები; ჯავშანტრანსპორტიორი, საინჟინრო ტანკები; განაღმვის სისტემები, დრონები, სარადარო სისტემები, სადაზვერვო სისტემები და ა.შ. ასევე წელს, ბუნდესვერი გეგმავს კიდევ 10000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას თავის საწვრთნელ მოედანზე. პისტორიუსმა უკრაინისთვის დახმარების მიწოდებისას საჰაერო თავდაცვა ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოაცხადა. მისი თქმით, ომის დაწყებიდან გერმანიამ უკრაინას 2,2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდა.
აშშ-ში გასაჯაროებული დოკუმენტის მიხედვით, ელცინი NATO-ში რუსეთის შესვლას ემხრობოდა - მედია
ბორის ელცინს, რომელიც 1991-1999 წლებში რუსეთის პრეზიდენტი იყო, ნატოში რუსეთის გაწევრიანების მხარდამჭერი პოზიცია ჰქონდა. ეს ირკვევა აშშ-ის მთავრობის მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი დოკუმენტიდან, რომელიც 25 იანვარს გამოაქვეყნა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა კვლევითმა ცენტრმა National Security Archive. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილი დოკუმენტი ეხება ვახშამს, რომელიც 1994 წლის იანვარში, რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ვიზიტისას გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში. ამ დოკუმენტის თანახმად, NATO-ს მომავალ გაფართოებაზე საუბრისას ელცინმა კლინტონს განუცხადა, რომ რუსეთი უნდა იყოს პირველი ქვეყანა, რომელიც NATO-ში შევა და მას მიჰყვებიან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. გასაჯაროებული დოკუმენტის მიხედვით, ელცინი საუბრობდა მსოფლიო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად აშშ-ის, რუსეთის და ევროპის ერთგვარი კარტელის შექმნაზეც. კლინტონის პასუხი ფრთხილი იყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუბრობდა ნდობით გამსჭვალული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და უნიკალურ შანსზე, რომ თუ რუსეთი კურსს არ შეიცვლის, შეძლებენ ევროპის ქვეყნებისთვის საუკუნოვანი მშვიდობის გარანტირებას. გასაჯაროებული საარქივო დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც კლინტონმა და ელცინმა 1994 წლის იანვარში გამართულ ამ შეხვედრაზე ისაუბრეს, ეხებოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსული სამშვიდობო ძალების ყოფნას. ელცინი ამბობდა, რომ ეს ძალები მოლდოვასა და საქართველოში კონსტრუქციულად მოქმედებდნენ და უარყოფდა რუსეთის იმპერიულ მისწრაფებებს.
ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლება გადაიდო
თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლება გადაიდო. როგორც აღსრულების ბიუროში განცხადეს, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყო და მათ იხელმძღვანელეს კანონით მიცემული შესაძლებლობით. თბილისის ცენტრში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზანდუკელის N2-ში მდებარე იტალიური ეზოდან დღეს, 26 იანვარს, დილით, აღსრულების პოლიციას მრავალსულიანი ოჯახი უნდა გამოესახლებინა. პროცესის ხელშესაშლელად დილიდან ეზოში მოქალაქეთა ნაწილი შეიკრიბა. „ოჯახში არიან შშმ პირები, მცირეწლოვანი ბავშვები და ორსული ქალი," - ამბობენ მოძრაობა "ხმაში." ეს ორგანიზაცია გამოსახლების წინააღმდეგ აქციებს აორგანიზებს. ზანდუკელის N2-ში მდებარე ბინასთან დაკავშირებით საქმე აღსრულების ბიუროში 2018 წელს შევიდა და მოლაპარაკებები მას შემდეგ სოციალური მუშაკის ჩართულობით მიმდინარეობდა. 23 იანვარს მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით თბილისში, კეკელიძის N1-დან ოჯახი გამოასახლა. 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ორი პირი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული. „შეთანხმება შედგა" - ადვოკატის თქმით, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას ყოფილ მფლობელს პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნებენ
CIA-ს დირექტორი ისრაელის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლებს შეხვდება - CNN
CNN-ის ცნობით, CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი ისრაელისა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელებთან შეხვედრას სავარაუდოდ, ევროპაში გამართავს. ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. ვიზიტის მიზანი მაღალი დონის მოლაპარაკებების წარმართვაა, რომლებიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას. ბერნსი ისრაელისა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელებს, დევიდ ბარნეას და აბას კამელს, კატარის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანისთან ერთად შეხვდება. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბერნსი მძევლების გაცვლის შეთანხმების მიღწევის ძალისხმევაში ჩართული იყო.
პაველ ჰერჩინსკი: მიმდინარეობს განხილვა, როგორ არის შესაძლებელი, ევროკავშირმა არჩევნებზე დაკვირვებაში მიიღოს მონაწილეობა
„ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს არამხოლოდ თავად არჩევნებს, არამხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „როგორც ყველამ ნახეთ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ევროპული კომისიის მიერ დადგენილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი 9 ნაბიჯიდან, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელზე დაკვირვებაც ძალიან ყურადღებით მოხდება. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება, OSCE/ODIR-ს სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება და ვიცი, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს ამას. ეუთოს წევრი ქვეყნების შემთხვევაში ეუთო არის პასუხისმგებელი გრძელვადიან დაკვირვებაზე, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუკი და როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა ასევე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებზე გრძელვადიან დაკვირვებაში,“ - აღნიშნა ელჩმა. ელჩს იმედი აქვს, საქართველოში თანაბარი საარჩევნო გარემო იქნება და ძალადობას ადგილი არ ექნება. „კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს არამხოლოდ თავად არჩევნებს, არამხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ, მთელ საარჩევნო კამპანიას. გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ იქნება თანაბარი საარჩევნო გარემო და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ წარადგინონ თავიანთი პროგრამები და უპირველეს ყოვლისა, არ იქნება ძალადობა, რადგან ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში,“ - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება
აშშ-ის ევროპული სარდლობა: საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას
Europetime-ს აშშ-ის ევროპულ სარდლობაში (USEUCOM) განუცხადეს, რომ „საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას NATO-ს ინიციატივებსა და წვრთნებში ჩართვის გზით.“ ამით აშშ-ის ევროპულ სარდლობაში უპასუხეს Europetime-ის შეკითხვას, რა კონტექსტში განიხილებოდა საქართველო და როგორ ფასდება ქვეყნის როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მხრივ. საუბარია რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას მიეძღვნა. აშშ-ის ევროპულ სარდლობაში ხაზს უსვამენ, რომ „თავდაცვის დეპარტამენტს უსაფრთხოების სფეროში მტკიცე კავშირები აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის ძალებთან." „NATO-ს ინიციატივებსა და წვრთნებში მონაწილეობით, ასევე, სამხრეთ კავკასიაში მისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებით, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას, რათა ქვეყანამ უზრუნველყოს ენერგეტიკული მარშრუტების დაცვა და უსაფრთხოების გამოწვევები გადაჭრას, ეს პარტნიორობა NATO-სა და ევროპას სარგებელს მოუტანს, რადგან ის ეფუძნება სანდო პარტნიორობას, რომელიც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უსაფრთხოებას, სტაბილურობას და საერთო ღირებულებების დაცვას ხელს უწყობს,“ - ნათქვამია აშშ-ის ევროპული სარდლობიდან Europetime-ისთვის მიწოდებულ წერილობით კომენტარში. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს. ამ მიზნით, 23 იანვარს, აშშ-ის არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან (USEUCOM), ელჩებთან და სამხედრო ლიდერებთან ერთად, ბუქარესტში, რუმინეთში განიხილა რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიები და შავი ზღვის რეგიონში კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოების საკითხები. აღნიშნული სტრატეგია ახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა და დაადასტურა, რომ აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან აქტიურ მუშაობას განაგრძობს. „გონივრულად მოგვიწოდებდნენ, გვქონდეს უფრო ორიენტირებული შავი ზღვის სტრატეგია. ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი და მე ამ კვირაშიც გავმართე შეხვედრა, რათა მესაუბრა იმაზე, თუ როგორ წავწიოთ წინ ეს საკითხი თურქეთთან და სხვა სახელმწიფოებთან. ამდენად, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე," - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მან ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია.“ „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთის ან რუსეთის გავლით არ იქნება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი, სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ახალი ინფრასტრუქტურა გადაკვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, შემდეგ გაივლის საქართველოზე. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან.“ ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის, გათხევადებული გაზის (LNG) ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. დაფინანსების წყაროებზე სასაუბროდ, მომავალ კვირას, ბრიუსელში, საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების (EBRD,EIB) მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართება. ო'ბრაიენი ევროკავშირთან პარტნირობას ხაზს უსვამს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის იმაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს მანამდე იყო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად.“ როგორც ცნობილია, „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, შეცვალა უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში. რეგიონს ყველა აღნიშნული აქტორისთვის კრიტიკული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.“ თავის მხრივ, აშშ-ის საელჩომ საქართველოში, დაადასტურა, რომ შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, შტატები საქართველოსთან მუშაობას აგრძელებს. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შავი ზღვა უმნიშვნელოვანესია გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც ხელს უწყობს ვაჭრობასა და ენერგეტიკულ ნაკადებს ევროპას, ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. „ამ კვირაში ელჩი დანიგანი აშშ-ის სხვა მაღალი რანგის დიპლომატებთან და სამხედროებთან ერთად ბუქარესტში შავი ზღვის რეგიონში კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოებისა და აშშ-ის მოკავშირეებისა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიების განსახილველად იმყოფებოდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად,“ ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ სწორედ რუმინეთში გამართულ შეხვედრას მიუძღვნა. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.
თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ს.პ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 25 იანვარს, თბილისში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - 2003 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თბილისში მკვლელობა მოხდა
მებაჟეებმა სანქციების გვერდის ავლის 1770 მცდელობა გამოავლინეს - ფინანსთა მინისტრი
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლით საქართველოში ტვირთის შემოტანის ასეულობით მცდელობაა აღკვეთილი. ამის შესახებ მან "მებაჟის დღისთვის" მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე,“ - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს გაზრდილ შესაძლებლობებზე ტრანზიტის მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოზე გამავალი შუა სატრანზიტო დერეფანი გახდა უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კვანძი. „განუხრელად იზრდება საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთნაკადი, რაც რამდენჯერმე ზრდის ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობისაკენ მიმართულ ადმინისტრირების ტვირთს. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება საბაჟოს ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ზრდის საკითხი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. „ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ამ დიდი ამოცანის მისაღწევად, როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მასშტაბით. ჩვენს ყველა მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს საბაჟო მონაცემთა ელექტრონული გაცვლა. შექმნილია სამართლებრივი ბაზა, რომელიც საზღვარზე ერთობლივი კონტროლის მოდელის გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ მხრივ, განსაკუთრებით, გამორჩეულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაგეგმილი ერთობლივი სახმელეთო გამშვები პუნქტის აბრეშუმის გზა-იპეკ ოულის მშენებლობის საეტაპო მნიშვნელობის მქონე შეთანხმება, რომელსაც სრული მხარდაჭერა გააჩნია საქართველოს მთავრობის მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული ეს მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე, მოექცევა ჩვენი უცხოელი პარტნიორების ინტერესების სფეროში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები „ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, რათა თავიდან აიცილონ სანქციების გვერდის ავლა, ბევრი აქტივობის შეზღუდვით,“ - ეს კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ის მანამდე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ამ რანგში ის საქართველოსაც სტუმრობდა.
ელჩი: ვიმედოვნებ, რაც შეიძლება მალე გადავალთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე, ეს იქნება დამოკიდებული ცხრა ნაბიჯის შესრულების პროგრესზე
„კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის საბოლოო, ეს იმ რთული სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩი იმედოვნებს, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა დაჩქარდება და იქნება ინკლუზიური. „ევროკომისიამ დაადგინა ცხრა ნაბიჯი და ამას დათანხმდა 27 წევრი სახელმწიფო დეკემბერში. ისტორიულ ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ახლა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. რეალურად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის საბოლოო. ეს იმ რთული სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, მუშაობა დაჩქარდება, იქნება ინკლუზიური, კონსტრუქციული და საქართველო იქნება მიღებული. გულწრფელად ვიმედოვნებ, რაც შეიძლება მალე გადავალთ შემდეგ ეტაპზე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იქნება დამოკიდებული, თუ რა პროგრესი იქნება მიღწეული ცხრა ნაბიჯის შესრულებაში. ცხრა ნაბიჯზე შეთანხმებიდან ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირა გავიდა. ჯერ ძალიან ადრეა პროგრესზე სასაუბროდ. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, პროგრესი ძალიან სწრაფად იქნება მიღწეული, რათა ახალ ეტაპზე გადავიდეთ, რაც ნიშნავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას,“ – აღნიშნა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ფაშინიანი თბილისშია
საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა; შედგება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა, რომლის შემდეგაც რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ბაღში ბავშვის ცემის არასათანადოდ გამოძიებისთვის სახელმწიფოს კომპენსაციის სახით, 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა - PHR
არასამათავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აცხადებს, რომ ბაღში ბავშვის ცემის არასათანადოდ გამოძიებისთვის სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა დღეს, 26 იანვარს გამოცხადდა. ინფორმაციას ორგანიზაცია Facebook-ზე ავრცელებს. „გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა. საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა. აღნიშნულ საქმეზე, PHR-ის იურისტებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გაცემა დაავალა,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ვრცლად საქმის შესახებ, ამ ბმულზე წაიკითხეთ.
„განვიხილეთ გზები, რომლითაც შეგვიძლია, საქართველოსთან პარტნიორობა გავაძლიეროთ“ - ვაშინგტონის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას მოითხოვს
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, „გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა რიჩარდ ნეფიუმ საქართველოში ვიზიტი 18 იანვარს დაასრულა. რიჩარდ ნეფიუ მანამდე სომხეთში იმყოფებოდა. ვიზიტის შესახებ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მის ვიზიტზე მოკლე შეფასება გაავრცელა ამერიკის საელჩომ. როგორც Europetime-სთვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიწოდებული კომენტარიდან ირკვევა, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე, კონკრეტული პროექტების მიმდინარეობა და აქტივობები განიხილა. „გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა რიჩარდ ნეფიუმ საქართველოში პროდუქტიული ვიზიტი ცოტა ხნის წინ დაასრულა. მან ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებთან, საგამოძიებო ორგანოებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან სასარგებლო და ინფორმაციული შეხვედრები გამართა. კორუფციასთან ბრძოლა - განსაკუთრებით, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და ის მოითხოვს საზოგადოების - დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას,“ წერს სახელმწიფო დეპარტამენტი საპასუხო კომენტარში. აქვე აღნიშნავენ, რომ „ვიზიტის დროს კოორდინატორმა მოისმინა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-საქართველოს მიმდინარე პროექტებისა და აქტივობების შესახებ: „კოორდინატორმა ასევე განიხილა გზები, რომლითაც შეგვიძლია, ჩვენი პარტნიორობა გავაძლიეროთ.“ რაზე ესაუბრნენ არასამთავრობოები ამერიკელ მაღალჩინოსანს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს მართავს
ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი ზომები ასეთია: ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს გენოციდად; ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ ჩაიდენენ გენოციდურ ქმედებებს; ისრაელმა უნდა აღკვეთოს და დასაჯოს ნებისმიერი საჯარო კომენტარის გამო, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს ღაზის სექტორში გენოციდის წაქეზებად; ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ისრაელმა უნდა აღკვეთოს ნებისმიერი მტკიცებულების განადგურება, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს გენოციდის საქმეში; ისრაელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ ბრძანების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში; სასამართლომ ასევე გამოხატა დიდი შეშფოთება “ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების ბედთან დაკავშირებით და მოითხოვა მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ 26 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, გაეროს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებმა არ დაავალეს ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიის დაუყოვნებლივ შეწყვიტა, როგორც ამას სამხრეთ აფრიკა ითხოვდა. თუმცა სასამართლომ სამხრეთ აფრიკის მოთხოვნის უმეტეს ნაწილს დაუჭირა მხარი. ეს არ არის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გენოციდის შესახებ და ამას, შესაძლოა, 3-4 წელიც კი დასჭირდეს. გამოხმაურება ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი ICJ-ის გადაწყვეტილებას სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა და დაწერა: „Hague Shmague.“ სამხრეთ აფრიკის მთავრობა მიესალმა დროებით ზომებს, რომლებიც ICJ-მ გამოსცა ისრაელის წინააღმდეგ. ჰამასის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კი, Reuters-ს განუცხადა, რომ ICJ-ის “გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხელს უწყობს ისრაელის იზოლაციას და ღაზის სექტორში მისი დანაშაულების გამოვლენას.“ ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკა აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდს ჩადის. ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის მოსმენა 11 იანვარს დაიწყო. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, რონალდ ლამოლამ განაცხადა, რომ ისრაელმა გადალახა ზღვარი და დაარღვია გენოციდის კონვენცია. ისრაელმა გენოციდის შესახებ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკა მოქმედებს, როგორც ტერორისტული ჯგუფ „ჰამასის“ ემისარი, რომელიც ცდილობს, ებრაული სახელმწიფოს ლიკვიდაციას.
საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და სომხეთი ყოველთვის იყვნენ სტრატეგიული მეგობრები, პარტნიორები და ეს რეალობა დღეს ოფიციალურად გაფორმდა. „განსაკუთრებით მინდა, გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში, გასულ წელს დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა ასევე, აღვნიშნო, რომ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არამხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და დე ფაქტოდ, შეიძლება, ასე ითქვას, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე, შეიძლება, ითქვას, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. ფაშინიანი საქართველოს დღეს ეწვია. სომხეთი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას იმედოვნებს აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოს განვითარებასაც შეუწყობს ხელს
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთმა და საქართველომ დღეს დიდ წინსვლას მიაღწიეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებისას ისაუბრა სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, რაც ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დღეს შედგა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი მე-13 სხდომა. „მადლობა მინდა, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენს ქართველ კოლეგებს ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისა და მაღალი დონით ორგანიზებისთვის. მინდა, გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის, ასევე ხალხის როლს. ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. სიხარულით მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 2019 წლის მთავრობათშორისი კომისიის ფორმატის განახლების შემდეგ სხდომები ტარდება ყოველთვის და ხელს უწყობს კომისიის მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სფერო, დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით,“ – განაცხადა ფაშინიანმა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის გახსნაზე. „ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის საბაჟო ურთიერთობის მიმართულებით აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა და ამ შემთხვევაში საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დრო შემცირდება. ჩვენს კოლეგებს წარვუდგინე ასევე სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი, რაზეც ვისაუბრე და წარმოვადგინე გასული წლის ოქტომბერში ღარიბაშვილის მოწვევით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის დროს. ეს ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენობის დაცვის საკითხი. ჩვენი რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი. სომხეთმა და საქართველო დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. პრემიერთან ერთად ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ, რაზეც ვისაუბრეთ ასევე სხდომის დროს,“ – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერმა ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას
„დიდი ოპტიმიზმითა შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგს, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში არსებობდეს, დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. „მინდა, აღვნიშნო, რომ მადლიერი ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების. ორივე ქვეყანა მოწოდებულია, ორივე მთავრობა მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში არსებობდეს, დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. პრემიერმა ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია და ჩვენი მთავრობის პოზიცია. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი. კონტრიბუცია შევიტანოთ აი, ამ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთელი რეგიონის ქვეყნებსა და ხალხებს მოუტანს სარგებელს. დიდი ოპტიმიზმითა და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს. მინდა, გამოვთქვა ჩვენი იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, სტაბილურობას შეიწუობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და ერებისთვის,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს
სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით - ფაშინიანი თბილისში
თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას ქართველ კოლეგებს გააცნო სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, - ინიციატივა, რომელიც მან თბილისში, „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე წარადგინა ოქტომბერში. ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენობის დაცვის საკითხი. ჩვენი რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მოისმინა ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთის, როგორიცაა შავი ზღვის კაბელის პროექტი.“ მისი თქმით, საქართველოს მსგავსად, სომხეთშიც ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა და ამ დინამიკის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. „ისევე, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მნიშვნელოვანია ამ დინამიკის შენარჩუნება. ასევე, ბატონ პრემიერთან კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ დეკემბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, თვე, 15 დეკემბერი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველომ მიიღო, მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა გახდა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, არამედ, რეგიონისთვისაც და კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ახლა აუცილებელია, გაგრძელდეს მაღალი ტემპით ახალ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. მსხვილ პროექტებს ვგულისხმობ, ბუნებრივია. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს და ჩემს კოლეგას, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს და მინდა ვთხოვო და გადავცე სიტყვა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც ცნობილია, შავი ზღვის კაბელის პროექტში სომხეთის ჩართვას ევროკავშირი მხარს უჭერს. გასული წლის 6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივი განცხადება მიიღეს. მისი მიხედვით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირი და სომხეთი მოწოდებულნი არიან, გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები. „კომისია და სომხეთი გააორმაგებენ ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში, კერძოდ, შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტში აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, უნგრეთთან და რუმინეთთან ერთად,“ ვკითხულობთ 6 ოქტომბრის განცხადებაში. მოგვიანებით, 16 ნოემბერს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა „შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტში სომხეთის შეერთების მნიშვნელობას.“ 25 იანვარს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში პოტენციურ პროექტებსა და სავაჭრო გზებზე საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებდა, რომ სომხეთის ჩართულობით არის დაინტერესებული აშშ-ც. ასევე ცნობილია, რომ აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, გეგმაზე მუშაობენ. ცნობისთვის, შავი ზღვის კაბელის პროექტის დაწყებისას არსებული შეთანხმებით, აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვას, რუმინეთს და შემდეგ გაიყიდება უნგრეთში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს.
უწყებებს დავავალებთ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად - ფაშინიანი თბილისში
თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განააცხადა, რომ „მხარეები შეთანხმდნენ საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მიყვანაზე. „ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად. ასევე ვისაუბრე აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით სომხეთის რესპუბლიკის ძალისხმევაზე. ხაზი გაესვა, რომ მილიტარიზაციული და სხვა მიმართულებები ხელს არ შეუწყობს ჩვენს ურთიერთობებს. როცა შევათანხმებთ და საჯარო პრინციპებზე მშვიდობის ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, მაშინ იქნება მიღწეული მშვიდობა რეგიონში. ჩემს სიტყვას ვასრულებ იმით, რომ ერთობლივი დადგენილება მივიღეთ, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ კანონიერი ურთიერთობები ყველა მიმართულებით და ამ გზაზე შესაძლო წარმოქმნილი ყველა პრობლემა განვიხილოთ ურთიერთგაგების პრინციპით. ბატონო ღარიბაშვილო, დიდი მადლობა ჩემი და ჩემი დელეგაციის თბილი მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს თანამშრომლობას“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით.“ დღესვე ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი.