ძებნის რეზულტატი:
გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა "რამშტეინის" ფორმატში მე-18 შეხვედრის დასასრულს განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას გადასცემს მრავალფუნქციურ სამხედრო ვერტმფრენებს Sea King Mk41. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, უკრაინა მიიღებს ექვს მრავალფუნქციურ Sea King Mk41 შვეულმფრენს სათადარიგო ნაწილების სრული კომპლექტით. გერმანული მხარე უკრაინელ სამხედროებს წვრთებითაც უზრუნველყოფს. „Sea King არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებით დამთავრებული. ეს არის ამ ტიპის პირველი დახმარება,“ - აღნიშნა პისტორიუსმა. რუსეთსა და უკრაინას შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, კიევისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების ჯამურმა რაოდენობამ დაახლოებით ექვს მილიარდ ევროს მიაღწია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია 2024 წელს უკრაინას 7 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის.
კანადა უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის და F-16-ებზე უკრაინელ მფრინავებს მოამზადებს
კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა 23 იანვარს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრაზე, კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. კანადელი ინსტრუქტორები ასევე ჩაერთვებიან F-16-ის გამანადგურებლებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებაში. ტრენინგი 2025 წლამდე გაგრძელდება. დაახლოებით 15 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი შეიცავს 10 ხისტი კორპუსის გასაბერ ნავს Zodiac Hurricane Technologies-ისგან. ეს გემები დაეხმარებიან უკრაინას სამაშველო ოპერაციებში, ასევე ჯარისკაცების და ტვირთების ტრანსპორტირებაში, მეთვალყურეობასა და დაზვერვაში. გარდა ამისა, კანადა უზრუნველყოფს უკრაინელი სამხედროების მომზადებას ამ კატარღებზე. მოსალოდნელია, რომ უკრაინა გემებს 2024 წლის გაზაფხულის ბოლომდე მიიღებს. კანადის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანა შეუერთდება ჯავშანტექნიკის კოალიციას და ფორმატის მონაწილეების მიერ შექმნილ უკრაინის საჰაერო ძალების განვითარების კოალიციას. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მიმდინარე შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა და კიევის გრძელვადიან საჭიროებებზე იყო ორიენტირებული. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გახსნის დროს ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ლიეტუვა და პოლონეთი სუვალკის დერეფნის გასწვრივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
ლიეტუვა და პოლონეთი ემზადებიან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად სუვალკის დერეფნის გასწვრივ, რომლის მდებარეობა მას უკიდურესად დაუცველს ხდის NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის თეორიული აგრესიის მიმართ. ეს ინფორმაცია Delfi-სთან ერთობლივ ინტერვიუში ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა გიტანას ნაუსედამ და ანდჯეი დუდამ დაადასტურეს. „ძალიან მიხარია, რომ პოლონეთის პრეზიდენტი მართლაც გულწრფელად გამოეხმაურა სურვილს, ჩაგვეტარებინა ერთობლივი წვრთნები ამ ტერიტორიაზე, რომელსაც სუვალკის დერეფანს უწოდებენ," - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ პოლონეთის ლიდერთან განიხილა წვრთნების სავარაუდო თარიღი, რომელიც შეიძლება, აპრილში ჩატარდეს. თავის მხრივ, დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი სერიოზულად ეკიდება სუვალსკის დერეფნის დაცვას და ამ მიმართულებით ზომები უკვე მიღებულია. „ჩვენ აღვადგენთ პოლონეთის თავდაცვისუნარიანობას ზუსტად ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. იქ იქმნება ახალი ნაწილები... ჩვენ ვაძლიერებთ პოლონეთის სამხედრო წარმომადგენლობას, ვაძლიერებთ საზღვრის უსაფრთხოებას," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ასი კილომეტრის სიგრძის დერეფანი ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებული ტერიტორიაა, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას ერთმანეთთან აკავშირებს. ის ერთმანეთისგან ჰყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელორუსს. დერეფნის უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება ლიეტუვისა და პოლონეთის მხრიდან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნით ადრე გამოითქვა. ჯერ კიდევ 2019 წელს ქვეყნები შეთანხმდნენ საზღვრის ამ მონაკვეთის დაცვის გაძლიერებაზე, ხოლო 2022 წლის ივლისში დუდამ და ნაუსედამ ერთობლივად მოინახულეს სუვალკის დერეფანი.
ლიეტუვის დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის მიზნები და სტრატეგიები წელს შეიცვალოს
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც დაზვერვის ხელმძღვანელებმა ლიეტუვისა და რეგიონისთვის მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში საფრთხეებთან დაკავშირებით თავიანთი შეფასებები წარმოადგინეს. შეხვედრის შემდეგ დარიუს იაუნისკისმა არსებული ვითარება პრესკონფერენციაზე შეაფასა. იაუნისკისი დასძენს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მოსკოვის მიზნები და სტრატეგიები წელს შეიცვლება; სიტუაცია, სავარაუდოდ, იგივე დარჩება, რაც გასულ წელს. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ კონფლიქტის გაყინვის წინაპირობებს ან რაიმე სურვილს პუტინის, მისი ადმინისტრაციის მხრიდან ამ მიმართულებით,“ - ამბობს ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ის ხაზს უსვამს, რომ კრემლი ემზადება დასავლეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის. იაუნისკისი არ გამორიცხავს, რომ კრემლი გამოიყენებს თავის ინსტრუმენტებს უკრაინის დახმარების შესამცირებლად. ასევე არ არის გამორიცხული საინფორმაციო და კიბეროპერაციების გამოყენება, ბირთვული შანტაჟი და ინციდენტები NATO-ს ქვეყნების ტერიტორიებზე. ლიეტუველი მაღალჩინისანი ასევე ხაზს უსვამს კრემლის მხრიდან უფრო აქტიური ზეწოლის შესაძლებლობას კალინინგრადის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე, რადგან ისინი კალინინგრადის სუსტ წერტილად მიიჩნევენ. „და, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ შესაძლო აგრესიული რიტორიკა, სწორედ კალინინგრადის რეგიონთან არსებული სიტუაციის გამო," - ამბობს იაუნისკისი. მისი შეფასებით, არალეგალური მიგრაცია NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან რჩება ზეწოლის პოტენციურ ბერკეტად, რომელიც შეიძლება, გამოიყენონ როგორც რუსეთმა, ასევე ბელორუსმა.“ მას ასევე მიაჩნია, რომ რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, შეეცდება სამხრეთში გლობალური ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას და კოალიციის შექმნას. სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, არამხოლოდ რუსეთი, არამედ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უარყოფითად აისახება გლობალურ უსაფრთხოებაზე.
საფრანგეთმა უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმა დაგმო: ახალ სამხედრო დახმარებას კიევს მალე მივაწვდით
საფრანგეთი უკრაინაზე რუსეთის მასიურ თავდასხმას გმობს და კიევს მხარდაჭერას ჰპირდება. „საფრანგეთი უმკაცრესად გმობს რუსეთის მასიურ სარაკეტო დარტყმას უკრაინაზე, რომლის შედეგადაც, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 60 დაშავდა. შესაბამის განცხადებას ქვეყნის საგარეო უწყებს ავრცელებს. საფრანგეთის შეფასებით, რუსეთი ომის დამნაშავეა და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ესკალაციისთვის. ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ, რომელიც უკრაინაში ახალი თანამდებობის დაკავებიდან მალევე გაემგზავრა, განაცხადა, რომ „ამ ომში რუსეთის გამარჯვებას ვერ დაუშვებენ.“ ამიტომ, „საფრანგეთი გააგრძელებს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინირებულ მუშაობას, რათა უზრუნველყოს უკრაინას დახმარება, რომელიც მას ლეგიტიმური თავდაცვისთვის სჭირდება.“ მაკრონი კიევში უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს, საფრანგეთი უკრაინას შორის რადიუსის რაკეტებს მიაწვდის „საფრანგეთი დაახლოებით 40 შორი დისტანციის SCALP-ის რაკეტას, ასევე რამდენიმე ასეულ AASM-ის საჰაერო გამშვებ ბომბსა და საბრძოლო მასალას მალე გადასცემს. როგორც კოალიცია „არტილერია უკრაინისთვის“, თანათავმჯდომარეები საფრანგეთი და აშშ, პარტნიორი სახელმწიფოები მუშაობენ, რომ უკრაინას ის შესაძლებლობები გადასცენ, რაც მას საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ამ მნიშვნელოვან სფეროში სჭირდება და მას მომავლის უკრაინული არმიის შექმნაში დაეხმარება,“ - აღნიშნულია საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ მანამდე განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე ყოველთვიურად 3 000 ჭურვს მიაწვდის. ლეკორნუმ, ასევე, აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინას უახლოეს კვირებში Caesar-ის კიდევ 6 თვითმავალ „ჰაუბიცას’ გადასცემს. მისი თქმით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან საფრანგეთმა უკრაინას 30 მსგავსი დანადგარი მიაწოდა. „2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის აპრილამდე თვეში 1000 ჭურვს ვაწვდიდით. გასული წლის თებერვლიდან - თვეში 2000 ჭურვს, ხოლო ამ თვიდან (იანვრიდან) იქნება 3 000 ჭურვი თვეში,“ - განაცხადა მინისტრმა. ამავე დროს საფრანგეთი უკრაინას თვეში 50 ერთეულ SCALP-ის რაკეტას გადასცემს. უკრაინის მხარდასაჭერად საფრანგეთში საარტილერიო კოალიცია ამოქმედდა
ელჩი დანიგანი აშშ-საქართველოს მეგობრობისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე საუბრობს
ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ ხელს უწეობს ამერიკულ ინვესტიციას და დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოსთვის. ამის მაგალითად საელჩოს დღევანდელი ღონისძიება მოჰყავს. „1958 წელს ორმა ძმამ $600 დოლარი ისესხა პიცერიის გასახსნელად. დღეს იმავე პიცერიას 16 000-ზე მეტი რესტორანი აქვს მსოფლიოში. მოხარული ვართ, რომ უკვე საქართველოშიც გაიხსნა პიცა ჰატის პირველი რესტორანი! მრავალფეროვან და გემრიელ პიცასთან ერთად ეს სიახლე ნიშნავს ამერიკულ ინვესტიციას და დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, “- წერს ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. რესტორნის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა ელჩი დანიგანი. „მოხარული ვარ, მივესალმო კიდევ ერთ ამერიკული ბრენდს საქართველოში და გავაძლიერო აშშ-საქართველოს მეგობრობა; ეკონომიკური კავშირები სამუშაო ადგილების შექმნისა და ინვესტიციების გზით,“ აღნიშნა რობინ დანიგანმა.
კულება: Taurus-ი მოსკოვზე შეტევისთვის არ გვჭირდება
საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოუწოდებს დასავლეთს, შეწყვიტოს პუტინის გამარჯვების შესაძლებლობაზე ფიქრიც კი და დაიწყოს უკრაინის ყველა იარაღის მიცემა, რომელიც მას აგრესიის მოსაგერიებლად სჭირდება. უკრაინული მედიის ცნობით, მან ამის შესახებ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა. კულებამ რუსეთის მხრიდან მასიური შეტევების კომენტირებისას აღიარა, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია, შესაძლოა, უფრო სერიოზულიც კი, ვიდრე ეს იყო თითქმის ორი წლის წინ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში იყო. მიზეზი კი იარაღის, საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის ნაკლებობაა. კულებას იმედი აქვს, რომ გერმანიის უკრაინის არმიისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების, Taurus-ის გადაცემის აუცილებლობაში დაარწმუნებენ. გერმანიის მთავრობასთან მოლაპარაკება გრძელდება. დმიტრო კულებას თქმით, უკრაინას დასავლელი პარტნიორებისგან შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები სჭირდება არა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის, არამედ, რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად ფრონტის ხაზზე, უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე. „ჩვენ Taurus-ი მოსკოვზე შეტევისთვის არ გვჭირდება,“ - განუცხადა მან მედიას. გავრცელებული ინფორმაციით, კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ უკრაინელებმა ამ რაკეტებით შესაძლოა, სამიზნეებს შეუტიონ რუსეთის ტერიტორიაზე. Taurus-ი 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტაა. ამ რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა 17 იანვარს, გერმანიის პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო. „ჩვენ გამარჯვებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ბოლოს და ბოლოს, უნდა გვესმოდეს, რომ დამარცხება ყველას ბევრად ძვირი დაუჯდება... საუკეთესო გზა გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის უკრაინისთვის იმის მიწოდება, რაც მას სჭირდება რუსეთის დასამარცხებლად და უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად,“ აღნიშნავს დმიტრო კულება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ გერმანიისგან დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მიიღო, მათ შორის არის ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T. 2024 წელს გერმანია უკრაინას 7 მილიარდ ევროზე მეტის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
დადიანის ქუჩაზე სოციალურად დაუცველი ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება გადაიდო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურმა დაადასტურა. უწყებაში ამბობენ, რომ ოჯახს მიეცა დამატებითი ვადა პრობლემის მოგვარებისთვის. „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, გადაიდოს დღევანდელი გამოსახლების პროცესი, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათ ოჯახში ასევე ჰყავთ ორი არასრულწლოვანი და მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაიდო დღევანდელი პროცესი, ასევე ოჯახს მიეცა დამატებითი ვადა მოლაპარაკებებისთვის,“ – განაცხადა აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, პაატა შამუგიამ. ბიურომ გამოიყენა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 31-ე მუხლი. ამ მუხლით, თუ გამოსახლების ადგილზე განსაკუთრებული მდგომარეობაა შექმნილი (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) და მდგომარეობა "არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს" მოვალის განცხადების საფუძველზე პროცესის გადადება შესაძლებელია არაუმეტეს 6 თვით. დღეს, 24 იანვარს, დილით გამოსახლების პროცესი დადიანის N259-ში იგეგმებოდა. იქ 48 წლის მარიამ კაკიაშვილი ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. კაკიაშვილი ამბობს, რომ ფული "კერძო მევახშისგან" 2014 წელს იპოთეკის ხელშეკრულებით ისესხა. შემდეგ კი, ამ ვალის გადაფარვის მიზნით ისევ მევახშისგან ისესხა 16 000 დოლარი. იმის გამო, რომ თანხა ვერ გადაიხადა, ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და იმ ადამიანმა იყიდა, ვისი ვალიც კაკიაშვილს იმ დროს ჰქონდა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსახლება ამ დრომდე 3-ჯერ უკვე გადადო. ეს იყო მეოთხე შემთხვევა, როცა დადიანის ქუჩაზე აღსრულების პოლიცია მივიდა. 48 წლის ქალისა და არასრულწლოვანი შვილების მხარდასაჭერად სახლთან მეგობრები და აქტივისტები დილიდან იყვნენ შეკრებილი. მათ წინააღმდეგობის გასაწევად მოაწყვეს ბარიკატები და გადაკეტეს ბინამდე მისასვლელი გზები.
ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია ამოქმედდა, რომელიც ხელბორკილის და ძალის გამოყენების ფორმას, ზომას და შემთხვევებს განსაზღვრავს. უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გიორგი კვარაცხელიამ, ოპერატიული დანაყოფის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე დოკუმენტის მნიშვნელობასა და დაკავების ღონისძიებების დროს პროპორციული ზომის გამოყენების წესებზე ისაუბრა. „ხელბორკილის გამოყენების ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება, დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის არამართლზომიერად გამოყენების რისკებს შეამცირებს, უფრო მეტად დაცულს გახდის დაკავებულ პირთა უფლებებს და აამაღლებს სამართალდამცავების პროფესიულ სტანდარტებს. დოკუმენტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შეიქმნა და დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზსა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას ეფუძნება. ბორკილების გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებამდე შეფასებისთვის, სახალხო დამცველის აპარატის, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს წარედგინა. დოკუმენტი მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით დადებითად შეფასდა. საჯარო განხილვისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ, დოკუმენტი სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცდა და შესასრულებლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის სავალდებულო გახდა,“ - წერს უწყება.
„შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს
აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიური ძალისხმევის მარდაჭერა შავი ზღვის რეგიონში - ეს იყო თემა, რომელიც 23 იანვარს, აშშ-ის არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან (USEUCOM) და ელჩებთან ერთად, ბუქარესტში, რუმინეთში განიხილა. „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, შეცვალა უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში. რეგიონს კრიტიკული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს USEUCOM-ისთვის, მოკავშირეებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის. კონფერენციამ ამერიკის დიპლომატიური და სამხედრო ლიდერები შავი ზღვის რეგიონის კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოების გაძლიერებაზე სასაუბროდ შეკრიბა,“ აღნიშნა კრისტოფერ კავოლიმ. ბუქარესშტი გამართულ კონფერენციაზე USEUCOM-ის უფროსი ლიდერები და აშშ-ის რვა ელჩი შეიკრიბა. მათი მიზანი იყო, განეხილათ მთელი მთავრობის მხარდაჭერა ამერიკის მოკავშირეებსა და პარტნიორებისადმი, შავი ზღვის რეგიონში მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე. „ჩვენ სერიოზულად ვითვალისწინებთ უსაფრთხოების საერთო ვალდებულებას და ვმუშაობთ უსაფრთხო, აყვავებული და ურთიერთდაკავშირებული შავი ზღვის რეგიონის დაბრუნებაზე, რომელიც ხელს უწყობს მყარ გლობალურ ვაჭრობას. ჩვენი მდგრადი სტრატეგიული ურთიერთობები ამ ქვეყნებთან, კოლექტიური თანამშრომლობის საფუძველს ქმნის,“ - განაცხადა თავის მხრივ, USEUCOM-ის წარმომადგენელმა, ელჩმა ქეით ბაირნსმა. აშშ-ის ელჩმა რუმინეთში კეტლინ კავალეცმა ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვა გადამწყვეტია გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის და მისი მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება. „ეს სასიცოცხლო საექსპორტო სატრანზიტო მარშრუტია და მისი ურთიერთდაკავშირება ხელს უწყობს ვაჭრობასა და ენერგეტიკულ ნაკადებს ევროპას, ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის, რაც მას გადამწყვეტ ეკონომიკურ კერად აქცევს. რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტია ევროპაში და ის დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო წესრიგისთვის,“ - დასძინა კავალეცმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო წესრიგზე ასეთი თავდასხმა ნებისმიერ ადგილას მოქმედებს მშვიდობასა და სტაბილურობაზე ყველგან, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში. ბუქარესტში გამართულმა დისკუსიამ, საფრთხეების წინააღმდეგ და პარტნიორული ურთიერთობების გასაძლიერებლად, აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერების ძალისხმევა გააძლიერა. დისკუსიას ესწრებოდნენ აშშ-ის მდივნის თანაშემწე ევროპასა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი, საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი, ამერიკის ელჩი თურქეთში ჯეფრი ფლეიკი, ასევე, შტატების ელჩი სომხეთში კრისტინა კვიენი, ამერიკის ახალი ელჩი აზერბაიჯანში მარკ ლიბი. ასევე ამერიკის ელჩები მოლდოვაში, რუსეთის ფედერაციაში და აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილე ბულგარეთში ანდრეა ბრუილეტ-როდრიგესი. ცნობისთვის, აშშ-ის ევროპული სარდლობა (USEUCOM) პასუხისმგებელია აშშ-oს სამხედრო ოპერაციებზე ევროპაში, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ნაწილებზე, არქტიკულ და ატლანტის ოკეანეში. USEUCOM 64000-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისგან შედგება. ის მჭიდროდ თანამშრომლობს NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლობა შტუტგარტშია მდებარეობს. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
ჩინეთმა ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა
ჩინეთმა ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა. შესაბამის ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ და ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლაიონელ აინგიმეამ პეკინში გამართულ ცერემონიაზე ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და ნაურუ გეოგრაფიულად ერთმანეთისგან შორს არიან და უზარმაზარი ოკეანეებით არიან დაშორებულები, ორი ხალხის მეგობრობას დიდი ისტორია აქვს,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩინეთსა და ნაურუს შორის ელჩების დონეზე კავშირები დაუყოვნებლივ განახლდება. მანამდე, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფომ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნაურუს მთავრობის ქმედება ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, სუვერენული გადაწყვეტილებაა, ის მაინც იმედგაცრუებას იწვევს. დეპარტამენტი ქვეყნებს მოუწოდებს, გააფართოონ ჩართულობა ტაივანთან. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად იძლევა დაპირებებს დიპლომატიური ურთიერთობების სანაცვლოდ, რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება,“ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.
ეროვნული მუზეუმი მზადაა, ოკუპირებულ სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ექსპონატების რესტავრაციაში ჩაერთოს
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ეროვნული მუზეუმი მზადაა დახმარების მიზნით სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან სპეციალური ჯგუფი შექმნას. ამის შესახებ ინფორმაციას "ეროვნული მუზეუმი" სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და, ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ოკუპირებულ სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოში რუს სპეციალისტებს ჩართავენ
დადასტურდა, რომ ფერწერული ტილო "ირემი" ფიროსმანს ეკუთვნის - კულტურის სამინისტრო
ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ ფერწერული ნამუშევრის ფიროსმანისადმი კუთვნილება დაადასტურა. კულტურის სამინისტროს ცნობით, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს - „ირემი“ - საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა. „ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიის დასკვნა ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის - „ირემი“ - ავთენტიკურობის შესახებ გადაეცა მესაკუთრეს და მას დაუბრუნდა კვლევისათვის ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ტილო,“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 2023 წლის 2 აგვისტოს ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მოქალაქე ლაშა შენგელიამ მიმართა და წარადგინა კერძო კოლექციის ფერწერული ნამუშევარი „ირემი“, რომელსაც ახლავს ხელმოწერა: „ნიკო ფიროსმანაშვ...“ ეს არის მუყაო, ტილოზე დუბლირებული და ქვეჩარჩოზე. ნახატი შესრულებულია ზეთით, ზომა - 80,5x102. ნამუშევარი რესტავრირებულია.
დანიამ უკრაინის კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად $13 მილიონზე მეტი გამოყო
დანიამ უკრაინის კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად (91 მილიონი კრონი) $13 მილიონზე მეტი გამოყო. შემოწირულობა IT კოალიციის ეგიდით გაიღეს, რომელსაც ესტონეთი და ლუქსემბურგი ხელმძღვანელობს. „კიბერშეტევები რუსეთსა და უკრაინას შორის ომის განუყოფელი ნაწილია. რუსეთის ფედერაცია კიბერშეტევებით ცდილობს უკრაინის თავდაცვის შესუსტებას. ამასთან დაკავშირებით, დანიამ და IT კოალიციის სხვა წევრებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას,„ აღნიშნა სამინისტრომ. კოალიციაში ასევე შედიან ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები და თავად უკრაინა.
მედია: რუსეთში, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 ჩამოვარდა. რუსული და აზერბაიჯანული მედიასაშუალებები წერენ, რომ თვითმფრინავის ბორტზე 63 ადამიანი იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. ინფორმაციას ავრცელებს CNBC-ც. ბელგოროდის რეგიონი, რომელიც ესაზღვრება უკრაინას, ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად განიცდიდა უკრაინის თავდასხმას, მათ შორის, დეკემბერში - სარაკეტო დარტყმას. განახლება: ტელეგრამის არხებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მითითებით დაწერეს, რომ ილ-76-ის ბორტზე იმყოფებოდა 60-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც ბელგოროდის ოლქში გაცვლის მიზნით მიჰყავდათ. თუმცა მსგავსი ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ჯერ არ იძებნება.
მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძის მიმართ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
24 იანვარს „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განმარტა, რომ ხაზარაძე მოითხოვს, კალაძეს დაევალოს საკუთარი განცხადების საჯაროდ უარყოფა. „ბატონმა კალაძემ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე ხალხს აუბედურებდა და ბიზნესს ართმევდა, რაც პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებაა, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება," - განმარტა კორძაძემ. კახა კალაძე 17 იანვარს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პარტია „ლელოსა“ და მის ლიდერ მამუკა ხაზარაძეზე. კალაძემ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოქალაქეებისთვის ბიზნესების წართმევაში დაადანაშაულა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით, „პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან." 2023 წლის 11 ოქტომბერს ხაზარაძემ ამავე მიზეზით სასამართლოში სარჩელი შეიტანა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართ. „წინა სარჩელზე, რომელიც ეხებოდა ირაკლი კობახიძეს, კანონის ყოველგვარი დარღვევით, საერთოდ წარმოებაში არ მიიღო სასამართლომ. უპრეცედენტო რამ თქვა: თუ ადამიანი დეპუტატია, შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოსო. მას არანაირი პასუხი არ მოეთხოვება, მათ შორის არა მარტო შეხედულებებზე, არამედ ცრუ ფაქტების გავრცელებაზე,“ - განმარტა ზვიად კორძაძემ. იმ შემთხვევაში, თუ კალაძის მიმართ შეტანილ სარჩელსაც ანალოგიური ბედი ეწევა, მამუკა ხაზარაძის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა
ნიკუ პოპესკუმ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა. მან ეს თანამდებობა 2021 წლის აგვისტოში დაიკავა. ნიკუ პოპესკუს თქმით, მინისტრად დანიშვნის შემდეგ დასახული მიზნები წარმატებით შეასრულა და ამ ეტაპზე პაუზა სჭირდება. პოპესკუმ, რომელიც ვიცე-პრემიერიც იყო, გადადგომის გადაწყვეტილება კიშინიოვში დღეს, 24 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მიხაი პოპსოი გახდება. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას 14 დეკემბერს დაუჭირა მხარი.
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25-26 იანვარს საქართველოში შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 27 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება. თბილისში 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 იანვარს თოვლჭყაპია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -4, -6 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო,): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, -3 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -4, -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ნიდერლანდებმა ანტირუსული სანქციების თავიდან აცილებაში ეჭვმიტანილები დააკავა
ნიდერლანდების ხელისუფლებამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც სავარაუდოდ,რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბური სანქციების გვერდის ავლისთვის მუშაობდნენ. ფისკალური ინფორმაციისა და საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა სამი ადამიანი დიმენიდან და ჰააგიდან. ყველას ასაკი ორმოცდაათ წლამდეა. რეიდები ასევე განხორციელდა ესტონეთში, ლატვიაში, გერმანიასა და კანადაში. დაკავებები 9 იანვრით თარიღდება. ორი ეჭვმიტანილი ჰოლანდიაში რეგისტრირებული კომპანიის ადმინისტრატორი იყო, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. „ევროჯასტის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ მან რუსეთში „ტექნოლოგიური და ლაბორატორიული აღჭურვილობა“ პოტენციურად სამხედრო მიზნებისთვის გაიტანა. გასული წლის ოქტომბერში, ნიდერლანდების სასამართლომ რუს ბიზნესმენს რუსეთში ელექტრონული საქონლის ექსპორტისთვის 18-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. შეგახსენებთ, კანადამ და ევროკავშირის ქვეყნებმა, (მათ შორის, ნიდერლანდებმა) გამოავლინეს ქსელი, რომელსაც რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონელი არალეგალურად შეჰქონდა.
შმიგალი დარწმუნებულია, რომ ფიცოსთან შეხვედრა ახალ თავს გახსნის უკრაინა-სლოვაკეთის ურთიერთობებში
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინისა და სლოვაკეთის მთავრობებს „ახალი პრაგმატიზმის“ პოლიტიკის ჩამოყალიბება სურთ. ამის შესახებ შმიგალი X-ზე წერს. „მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ ვაპირებთ სლოვაკეთის მთავრობასთან „ახალი პრაგმატიზმის“ პოლიტიკის შემუშავებას, რაც სარგებელს მოუტანს ორივე სახელმწიფოს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფისოსთან, ახალ თავს გახსნის ჩვენს ურთიერთობებში,“ - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი. უკრაინის ქალაქ უჟგოროდში უკრაინისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა. როგორც უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში წერდა, რობერტ ფიცოსთან შეხვედრაზე უკრაინისა და სლოვაკეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე ევროპული ინიციატივების მხარდაჭერას განიხილავდნენ. „კონსტრუქციული და პრაქტიკული დიალოგის იმედი გვაქვს,“ – წერდა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება "აბსოლუტურად ნორმალურია" და იქ ომი არ არი. ეს განცხადება მან უკრაინის პრემიერთან მის პირველ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე და კიევზე რუსული სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ჟურნალისტის კითხვას, რატომ აპირებს დენის შმიგალთან შეხვედრას უჟგოროდში და არა კიევში, რადგან ომის შედეგების დანახვას ის კიევში უკეთ შეძლებდა, ფიცომ უპასუხა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს. კიევზე სარაკეტო შეტევის დღეს, სლოვაკეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინის დედაქალაქში ომი არ არის - Reuters