ძებნის რეზულტატი:
თბილისში მკვლელობა მოხდა
თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით იცნობია. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ო'ბრაიენი: გვჯერა, რომ უკრაინა უფრო ძლიერი იქნება 2024 წლის ბოლოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ კონგრესში უკრაინას მხარდაჭერა აქვს და ახლა მთავარი კითხვაა, როდის იქნება მზად კონგრესი, რომ უკრაინის დაფინანსებას კენჭი უყაროს. როგორც ჯეიმს ო'ბრაიენმა ონლაინ ვებინარზე განაცხადა, უკრაინამ წარმატებას მიაღწია, მათ შორის, ომის პირობებში ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, უკრაინის წარმატებას შავ ზღვაში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ადმინისტრაციის მზადყოფნა, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა. ჯეიმს ო'ბრაიენმა რუსეთი დაანაშაულა გაეროს დებულებების დარღვევაში. „გვჯერა, რომ უკრაინა 2024 წლის ბოლოსთვის იქნება უფრო ძლიერი და უკეთეს პოზიციაში, თავისი მომავლის განსასაზღვრად,“ - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა და გაიხსენა ბაიდენის სიტყვები, რომ უკრაინას გამარჯვებაში უნდა დაეხმარონ.
შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საქართველოსთან მუშაობას გავაგრძელებთ - ამერიკის საელჩო
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შავი ზღვა უმნიშვნელოვანესია გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც ხელს უწყობს ვაჭრობასა და ენერგეტიკულ ნაკადებს ევროპას, ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. „ამ კვირაში ელჩი დანიგანი აშშ-ის სხვა მაღალი რანგის დიპლომატებთან და სამხედროებთან ერთად ბუქარესტში შავი ზღვის რეგიონში კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოებისა და აშშ-ის მოკავშირეებისა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიების განსახილველად იმყოფებოდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად,“ წერს ამერიკის საელჩო. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს
ჯეიმს ო'ბრაიენი: საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობის გეგმაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მან პასუხის გაცემა იმ შეხვედრაზე საუბრით დაიწყო, რომელიც რუმინეთში გაიმართა და რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას მიეძღვნა. ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას ელჩი დანიგანიც ესწრებოდა. „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთს ან რუსეთს არ ეხება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი, სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ის გადის კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში, იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან.“ ჯეიმს ო'ბრაიენმა შავი ზღვის კაბელისა და სხვა საკომუნიკაციო პროექტების მიმართულებით, ევროკავშირთან პარტნიორობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს აქამდე იყო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის დამცავი... (ფუნქციის მატარებელი რედ.) და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები გასაგებია ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად. საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას. ვიმუშავებთ ამ მისიასთან და გულწრფელად რომ ვთქვათ, რეალურად ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოში, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის,“ განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი გამუდმებით ამბობს, რომ სურს რეფორმა და ევროკავშირში შესვლა. მისი შეფასებით, ახლა საქართველოს მთავრობამ მართლაც მიმართა ძალისხმევას რეფორმირების მიმართულებით, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში. „ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, რათა თავიდან აიცილონ სანქციების გვერდის ავლა, ბევრი აქტივობის შეზღუდვით. ვფიქრობ, არის დიდი ოპტიმიზმი, რომ საქართველო ამ გარემოში მთავარი კონტრიბუტორი იქნება. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აფხაზეთში ინფრასტრუქტურას აშენებს. ამდენად, ეს იქნება ის, რისკენაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ამას გავუმკლავდებით. იმიტომ, რომ ამ 10 ქვეყანას შავ ზღვაში უსაფრთხო მოწყობისგან მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა სურს,“ ამბობს ო'ბრაიენი. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს
ჯეიმს ო'ბრაიენი: საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობის გეგმაზე, ამერიკის ხმის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ჯეიმს ობრაიენმა, 25 იანვარს გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ღონისძიებაზე „ევროპა ერთიანი და თავისუფალი: 2024 წლის პრიორიტეტები“ საუბრისას განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ხედავს, როგორც „კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის.“ „საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთის ან რუსეთის გავლით არ იქნება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი, სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ახალი ინფრასტრუქტურა გადაკვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, შემდეგ გაივლის საქართველოზე. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან.“ მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. დაფინანსების წყაროებზე სასაუბროდ, მომავალ კვირას, ბრიუსელში, საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების (EBRD,EIB) მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართება. ო'ბრაიენი ევროკავშირთან პარტნირობას ხაზს უსვამს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის იმაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს მანამდე იყო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად.“ მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას. ვიმუშავებთ ამ მისიასთან და გულწრფელად რომ ვთქვათ, რეალურად ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოში, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის,“ განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა. ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი გამუდმებით ამბობს, რომ რეფორმა და ევროკავშირში შესვლა სურს. მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობამ მართლაც მიმართა ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში. „ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, რათა თავიდან აიცილონ სანქციების გვერდის ავლა, ბევრი აქტივობის შეზღუდვით. ვფიქრობ, არსებობს დიდი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ საქართველო ამ გარემოში მთავარი კონტრიბუტორი იქნება,“ აღნიშნავს ბლინკენის თანაშემწე. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი საკუთარ ნოვოროსიისკის პორტში ინვესტიციებს დებს, მან მიითვისა უკრაინის რამდენიმე პორტი და მათ გამოყენებას ცდილობს. ის აშენებს ინფრასტრუქტურას აფხაზეთში. ამდენად, ეს იქნება ის, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ამას გავუმკლავდებით იმიტომ, რომ ამ 10 ქვეყანას შავ ზღვაში უსაფრთხო მოწყობისგან მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა სურს,“ ამბობს ო'ბრაიენი. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
აშშ-მ და ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ ხელმძვანელობას სანქციები დაუწესეს
აშშ-მა და ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რადიკალური მოძრაობა „ანსარ ალაჰის“ მაღალი რანგის წარმომადგენლებს. მოძრაობა, რომელიც იემენის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს და უკანასკნელი თვეების განმავლობაში წითელ ზღვაში თავს ესხმის სავაჭრო გემებს, ჰუთების სახელითაც არის ცნობიილი. სანქციების სიაში არიან მოჰამედ ნასერ ალ-ატიფი, რომელსაც ჰუთები მათ მიერ დანიშნულ მთავრობაში თავდაცვის მინისტრს უწოდებენ, ასევე ჰუთების საზღვაო ძალების სარდალი მუჰამად ფადლ აბდ ალ-ნაბი. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ „ჰუთების ხელმძღვანელობის“ წინააღმდეგ სანქციები წითელ ზღვასა და არაბეთის ყურეში გემებზე უკანასკნელი თავდასხმებისთვის დაწესდა ტერორიზმთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში. გემებზე თავდასხმების დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ჰუთები კვლავ შეიყვანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. შეტევის შესახებ ინფორმაცია 19 იანვარსაც გავრცელდა. 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.
აშშ ერაყთან მოლაპარაკებებს, ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თაობაზე, სავარაუდოდ, მალე დაიწყებს
აშშ და ერაყი, სავარაუდოდ, მალე დაიწყებენ მოლაპარაკებებს ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის მომავალზე. ამის შესახებ CNN წერს. თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დაადასტურა რომ სამხედრო კომისია "უახლოეს დღეებში" დაიწყებს მუშაობას. შეერთებულ შტატებს ამჟამად ერაყში დაახლოებით 2500 ჯარისკაცი ჰყავს, რომლებიც 2021 წლის დეკემბრის შემდეგ მოქმედებენ იქ საკონსულტაციო და დამხმარე შესაძლებლობებით, როდესაც აშშ-ის არმიამ ქვეყანაში საბრძოლო როლის დასრულების შესახებ გამოაცხადა. სამხედრო მოსამსახურები ადგილობრივ ძალებს ეხმარებიან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, ერაყში ამერიკელ სამხედროებთან ერთად იმყოფებიან ევროპელი ჯარისკაცებიც. ოფიციალური ბაღდადის განცხადებით, ქვეყანაში კოალიციის ყოფნა არასტაბილურობას ქმნის იმის ფონზე, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები თითქმის ყოველდღიურად თავს ესხმიან ბაზებს, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებული, ხოლო აშშ-ის ძალების მათ ასევე დარტყმებით პასუხობენ.
აზერბაიჯანმა და თურქეთმა შუა დერეფნის განვითარებისთვის ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს
აზერბაიჯანმა და თურქეთმა განიხილეს ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის რკინიგზის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. მისივე ცნობით, მხარეებმ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტი განიხილეს. „თურქეთში საქმიანი ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა დღეს არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა. პირველ რიგში, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის დირექტორთან და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ჰასან პეზუკთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის რკინიგზის სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარება, ყარს-ნახიჩევანის რკინიგზის ორმხრივი ინტერესი და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტი განიხილეს. ასევე, მიღწეულია შეთანხმება ორი ქვეყნის სარკინიგზო ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაცვლის შესახებ. მოგვიანებით რუსტამოვი TCDD Tasımacılık-ის გენერალურ დირექტორს უფუკ იალჩინს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები, საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიებები,“ წერს აზერბაიჯანული მედია. ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის გეგმა შუა დერეფნის ახალ განშტოებად უნდა განიხილებოდეს - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად არამხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. პროექტის 90 პროცენტი დასრულებულია.
გერმანია ცივი ომის შემდეგ პირველად ამზადებს ახალ გეგმას ქვეყნის დასაცავად
გერმანია ცივი ომის შემდეგ პირველად შეიმუშავებს თავდაცვის სრულყოფილ გეგმას, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე. როგორც RBC-Ukraine იტყობინება, ამის შესახებ გერმანელმა გენერალ-ლეიტენანტმა ანდრე ბოდემანმა განაცხადა. ანდრე ბოდემანმა აღნიშნა, რომ გეგმის ძირითადი პუნქტები დაეთმობა მტრის ჯარების შეკავებას გერმანიის ტერიტორიაზე შეჭრის დროს. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა განიხილონ ომის ახალი მოვლენები და მოემზადონ კრიტიკული ინფრასტრუქტურის, დეზინფორმაციისა და კიბერშეტევებისთვის საბოტაჟისთვის. ასევე მოსალოდნელია, რომ ბუნდესვერის მნიშვნელოვანი ნაწილი საჭირო იქნება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად. „გერმანიის ოპერატიული გეგმა ეფუძნება უსაფრთხოებისა და საფრთხის ამჟამინდელ მდგომარეობას გერმანიასა და მთლიანად ევროპაში. ეს უნდა იყოს რეალიზებადი და განხორციელებული გეგმა, რეალურად რაღაც ხელშესახები, რომელმაც შეიძლება, საბოლოოდ იმუშაოს,” - აღნიშნა ბოდემანმა. კერძოდ, ცნობილია, ახალი გეგმა, რომელიც ასობით გვერდს შეიცავს, გასაიდუმლოებული იქნება. დაგეგმილია მისი განხილვა პოლიციის, სამოქალაქო დაცვის ოფიცრების, მეცნიერების, ენერგეტიკისა და ლოგისტიკური ინდუსტრიის და მოკავშირეების მონაწილეობით. მისი სრულად განვითარება მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე იგეგმება. „ეს თავდაცვის დაგეგმვა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს შეკავებას. ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ კონფლიქტის ან ომის თავიდან ასაცილებლად," - აღნიშნა გენერალ-ლეიტენანტმა. მისივე თქმით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტებს, ხიდებს, ენერგეტიკულ კომპანიებს, რა თქმა უნდა, საფრთხე ემუქრება, შესაძლოა - დივერსიის სახითაც. „ასე რომ, მე არ ველოდები სატანკო ბრძოლებს ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობზე და იმედია - არც რუსი მედესანტეების დაშვებას. მაგრამ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტებს, ხიდებს, ენერგეტიკულ კომპანიებს საბოტაჟი ემუქრება, შესაძლოა, სპეცრაზმიც ეცადოს, ჩამოშალოს ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა,“ - დასძინა გენერალ-ლეიტენანტმა. ბოდემანი თვლის, რომ თავდაცვის ერთ-ერთი მთავარი სფერო კიბერსივრცე უნდა იყოს. კერძოდ, მტრის მიერ დეზინფორმაციის გავრცელება და ამით გერმანიის ხალხსა და ხელისუფლებაზე ზემოქმედების მცდელობა. ცნობისთვის, გენერალმა პატრიკ სანდერსმა ოთხშაბათს ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მოახდინოს „ერის მობილიზება“ რუსეთთან ომისთვის მოსამზადებლად. Politico-ს ცნობით, მან ამის შესახებ ლონდონში, ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ უჭერს მხარს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, სანდერსმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საზოგადოების მზადყოფნის შესაძლებლობას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
უზბეკეთი ელექტრომობილების წარმოებას იწყებს
უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა, ჩინეთის კომპანია BYD-ის პრეზიდენტთან, ვან ჩუანფუსთან ერთად, ჯიზახის რეგიონში ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების აწყობის პროექტის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაცია Kun.az-ზე ავრცელებს. ღონისძიების შემდეგ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში მოდელის დიაპაზონის გაფართოება და წარმოების სიმძლავრის წელიწადში 300 ათასამდე გაზრდაა საჭირო. ელექტრომობილების წამყვანმა ჩინელმა მწარმოებელმა შავკატ მირზიოევს ჰიბრიდული ავტომობილი YANGWANG U8 აჩუქა.
უკრაინა წელს ოთხი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს - Reuters
უკრაინა 2024 წელს ოთხი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ Reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ ბირთვული რეაქტორების მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე დაიწყება იმ ენერგეტიკული შესაძლებლობების აღსადგენად, რომლებიც ქვეყანამ რუსეთთან ომის გამო დაკარგა. ოთხივე რეაქტორის განლაგება ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე იგეგმება, რომელიც დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს. „მესამე და მეოთხე [ხმელნიცკის რეაქტორებით] ზაპოროჟიეს აღდგენა გვსურს, და ახლა დიალოგი გვაქვს ბულგარელ პარტნიორებთან ორ რეაქტორთან დაკავშირებით,” - განაცხადა გალუშჩენკომ. ცნობისთვის, მესამე და მეოთხე რეაქტორების მშენებლობა ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე 1980-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ შეჩერდა.
ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ხელი მოაწერა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ხელი მოაწერა. თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი 25 იანვარს დაუჭირა. შვედეთის განაცხადის რატიფიცირება კიდევ ერთმა ქვეყანამ, უნგრეთმა უნდა მოახდინოს, რის შემდეგაც შვედეთი NATO-ს ოფიციალურად შეუერთდება. 32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით - NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები შვედეთმა და ფინეთმა 2022 წლის გაზაფხულზე, NATO-ში წევრობის განაცხადი მას შემდეგ შეიტანეს, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს.
ხორვატია უკრაინას პუტინის მოკავშირის სუპერიახტას გადასცემს - მედია
ხორვატიაში, რაიონულმა სასამართლომ Royal Romance-ის ძვირადღირებული იახტის უკრაინაში გადაცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს - უკრაინის მხარდაჭერის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, ფრანო მატუშიჩს, სპლიტის რაიონული სასამართლოს მიერ იახტის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ეცნობა, იურიდიული დახმარების გამოძიების საფუძველზე,“ - აღნიშნა კორუფციასთან დაკავშირებული აქტივების აღმოჩენის, მოკვლევისა და მართვის ეროვნული სააგენტოს (ARMA) ხელმძღვანელმა ოლენა დიუმამ. ოფიციალური პირის თქმით, უკრაინამ მიიღო გარანტია, რომ გემი უკრაინას უმოკლეს ვადაში გადაეცემა. ARMA-მ კი მიიღო ნებართვა, რომ ხელახლა შეაფასოს აქტივი მის გაყიდვაზე გატანამდე. უკრაინული მედიის ცნობით, ხორვატმა სამართალდამცველებმა დააკავეს 92-მეტრიანი ძვირადღირებული იახტა Royal Romance, რომელიც უკრაინის პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, პუტინის მოკავშირე ვიქტორ მედვედჩუკს ეკუთვნის. ის, როგორც კრემლთან დაკავშირებული პირი, ევროკავშირის სანქციების სამიზნე გახდა.
ქართულმა დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის შესახებ მხარი დაუჭირა
ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც ომის დროს უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას უკრაინელი ხალხის გენოციდად აფასებს. კენჭისყრის შედეგების თანახმად, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ლევან ბეჟაშვილმა, ხატია წილოსანმა და ქეთევან თურაზაშვილმა. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ყველა უკრაინელ ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში და რომ გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტი ბავშვის უფლებები და საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს. „ომმა არცერთი უკრაინელი ბავშვი არ დაინდო. უკრაინელი ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველი მსხვერპლნი არიან, არასოდეს არ უნდა იქნან გამოყენებული, როგორც ზეწოლის საშუალება, ან ომის ნადავლი,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის თითქმის ორი წლის თავზე, უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი დაახლოებით 10 დღის წინ ამბობდა, რომ 20 000-მდე უკანონოდ გატაცებული ბავშვიდან, შინ მხოლოდ 517 დაბრუნდა. ოფიციალური მოონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია. ლუბინეცმა, დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ შინ 2 828 ზრდასრული მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, 150 სამოქალაქო პირი. უკრაინის მიზანი კი, ყველა მოქალაქის შინ დაბრუნებაა, რისთვისაც საერთაშორისო საზოგადოებამ მუშაობა უნდა გააძლიეროს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, გასულ წელს, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისიონერის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ დაკავების ორდერი, სწორედ ბავშვების უკანონო დეპორტაციის ბრალდებით გასცა. სასამართლოს შეფასებით, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სხვებთან ერთად და სხვების მეშვეობით, ამ უკანონო ქმედებას თავად ახორციელებდნენ. კრემლი იძულებითი დეპორტაციის შესახებ ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მან ბავშვები "გადაარჩინა" და მზადაა, ისინი საკუთარ მშობლებსა და კანონიერ მზრუნველებს მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს. სასამართლოს თანახმად კი, რუსეთის პრეზიდენტმა არ უზრუნველყო შესაბამისი კონტროლი სამოქალაქო და სამხედრო დაქვემდებარებულ პირებზე იმისთვის, რომ ეს ქმედებები აღკვეთილიყო. ან, რომ მან, მათი ჩადენის უფლება მისცა მათ, ვინც უშუალოდ მას ემორჩილება. შესაბამისად, ეს მისი პირდაპირი პასუხისმგებლობაა.
გაერო: სუეცის არხის გავლით ვაჭრობის მოცულობა 42%-ით დაეცა
გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტის იან ჰოფმანის შეფასებით, წითელ ზღვაში გემებზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებმა დიდი გავლენა მოახდინა სუეცის არხის გავლით ვაჭრობაზე და არხის გავლით ვაჭრობა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 42 პროცენტით შემცირდა. მისი თქმით, სუეცის არხზე ყოველკვირეულად გამავალი საკონტეინერო გემების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 67 პროცენტით, ნავთობის ტრანზიტი კი, 18 პროცენტით შემცირდა. ”ძალიან შეშფოთებულები ვართ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო,” - განაცხადა გაეროს ექსპერტმა. წითელი ზღვა და სუეცის არხი მსოფლიო ვაჭრობის ცენტრალური სავაჭრო მარშრუტებია. სუეცის არხს ყოველწლიურად, დაახლოებით, 20 ათასი გემი გაივლის. იემენელი მეამბოხეების თავდასხმების გამო ბევრმა მსხვილმა გადამზიდავმა კომპანიამ გადაწყვიტა ამ მარშრუტისთვის თავის არიდება. აზიასა და ევროპას შორის მარშრუტზე საკონტეინერო გემებს უწევთ აფრიკის გავლით, შემოვლითი გზით სარგებლობა რაც მნიშვნელოვნად მეტ დროს და საწვავისთვის ასობით ათასი ევროს ოდენობის დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. შეტევის შესახებ ინფორმაცია 19 იანვარსაც გავრცელდა. 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს. აშშ-მ და ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ ხელმძვანელობას სანქციები დაუწესეს
PACE მოუწოდებს ეროვნულ პარლამენტებს, უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაცია გენოციდად აღიარონ
უკრაინელი ბავშვების მდგომარეობა: PACE სასწრაფო ზომების მიღებას ითხოვს დებატების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის დროებით ოკუპირებულ, რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის ტერიტორიებზე იძულებით გადაყვანილი და დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილებას და პრობლემის გადაჭრას. „დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის მთავრობის პლატფორმამ - „ომის ბავშვები“ ინფორმაცია 19 546-ზე მეტი ბავშვის შესახებ შეაგროვა, ისინი იძულებით გაიყვანეს (ან მათი იძულებითი დეპორტაცია მოხდა) სხვადასხვა ადგილიდან, მათგან მხოლოდ 388 დაბრუნდა სახლში,“ ნათქვამია რეზოლუციაში. ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ სთხოვა ეროვნულ პარლამენტებს, გაერთიანდნენ, რათა აიძულონ რუსეთი, შეასრულოს სულ მცირე ჟენევის კონვენციები და დაუყოვნებლივ მიაწოდონ ყოვლისმომცველი სიები ყველა უკრაინელი ბავშვის სახელებითა და ადგილსამყოფელით, რომლებიც უკანონოდ არიან დეპორტირებულები.“ „ყოველი გადარჩენილი ბავშვი „ეს არის სპეცოპერაცია, რომელშიც ჩართულია მრავალი ქვეყანა და ათეულობით ადამიანი, ვინც ზრუნავს მათზე. ასე მივაღწიეთ წარმატებას. და მსოფლიოში ათობით მზრუნველი ქვეყანა და მილიონობით მზრუნველი ადამიანია. ყოველ შემთხვევაში მე ამის მჯერა,“ - დასძინა მან. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ყველა უკრაინელ ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში და რომ გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტი ბავშვის უფლებები და საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს. „ომმა არცერთი უკრაინელი ბავშვი არ დაინდო. უკრაინელი ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველი მსხვერპლნი არიან, არასოდეს არ უნდა იქნან გამოყენებული, როგორც ზეწოლის საშუალება, ან ომის ნადავლი,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ამიტომ ასამბლეამ მოუწოდა ეროვნულ პარლამენტებს, მიიღონ რეზოლუციები, რომლებიც აღიარებენ ამ დანაშაულებს გენოციდად და ასევე მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას, ითანამშრომლოს უკრაინასთან, დაკარგული ბავშვების სიის დასადგენად და რეპატრიაციის მიზნით, კერძოდ, „დააბრუნონ ისინი უკრაინაში.“
ევროკავშირი და ლიეტუვა უკრაინაში სკოლებისთვის ბომბის თავშესაფრების ასაშენებლად, $16,7 მილიონს გამოყოფენ
ევროკომისია და ლიეტუვა უკრაინის სკოლებისთვის ბომბის თავშესაფრების ასაშენებლად, 15,5 მილიონ ევროს (დაახლოებით 16,7 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფენ. ამის შესახებ იუწყება ლიეტუვის ცენტრალური პროექტების მართვის სააგენტო (CPVA), რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე. თანხის დიდ ნაწილს, 15 მილიონ ევროს, ევროკომისია გამოყოფს, ლიეტუვა კი - ნახევარ მილიონ ევროს გაიღებს. პროექტი პრიორიტეტს მიანიჭებს უკრაინის რეგიონებს, რომლებიც მდებარეობს ფრონტის ხაზთან ან რუსეთთან საზღვართან - ჩერნიგოვი, სუმი, მიკოლაივი, ზაპოროჟია, ხარკოვი და ოდესა - ორგანიზატორები ამ ოლქებში სკოლის გვერდით 5 თავშესაფრის აშენებას გეგმავენ. რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ყოველი მეშვიდე სკოლა გაანადგურა ან დააზიანა და აიძულა 1,6 მილიონი სკოლის მოსწავლე, ჩამოშორებოდა სრულფასოვან განათლებას. დაახლოებით 900,000 უკრაინელი ბავშვი დისტანციურად სწავლობს.
ლატვია უკრაინას მძღოლებისთვის ჩამორთმეულ კიდევ 14 ავტომობილს გადასცემს
ლატვიაში ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული კიდევ 14 ავტომობილი უკრაინას უსასყიდლოდ გადაეცემა. ამის შესახებ Delfi იტყობინება. მანქანების წინასწარი საბაზრო ღირებულება თითქმის 70 000 ევროა. 2023 წელს ლატვიამ უკრაინას მძღოლებისგან ჩამორთმეული, დაახლოებით 1 მილიონი ევროს ღირებულების 270 მანქანა გადასცა.
ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. 17:00 საათზე მედიისთვის გაკეთდება საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები,“ - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა“ - პოლიციამ ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, 2 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვანით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ო.ჭ., ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა ამჟამად პატიმრობაში მყოფ 1991 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს. „დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ა.-მ შეიმუშავა არასრულწლოვანით ვაჭრობის სქემა, რომლის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა. ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ნ.ა.-ს მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო წარსულში ნასამართლევი ო.ჭ.-სა და პატიმრობაში მყოფ ბ.ბ.-სთვის. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.