ძებნის რეზულტატი:
კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ორი პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმეს
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ორი პირი ადმინისტრაციული წესით, 2000-2000 ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს. დაკავებულთა ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავს. ამ დროისთვის თავისუფალია მათი იურისტების დაცვის ქვეშ მყოფი, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ათი პირი. ექვსი მათგანის სასამართლო პროცესები გაიმართება. კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული მოძრაობა „ხმის" ორი თანადამფუძნებლის, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას სასამართლო პროცესები კი, სავარაუდოდ, 25 იანვარს გაიმართება. ორივე მათგანს შსს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის; გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია. გამოსახლების დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს ისრაელში, იორდანიაში, ქუვეითსა და ჩინეთში ახალი ელჩები ჰყავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზაზა კანდელაკს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩთან ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა. ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. „ზაზა კანდელაკს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ზაზა კანდელაკი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე - საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთში. ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ლაშა ჟვანიას ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2019-2024 და 2005-2008 წლებში ეკავა. ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია დიპლომატიურ სამსახურს ტოვებს. როგორც ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს. თავდაპირველად საგარეო უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჟვანია მუშაობას დესპანად განაგრძობდა. რაც შეეხება იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს, ახალი ელჩი არჩილ ძულიაშვილი იქნება. „მასთან შეხვედრაზე პრემიერმა საქართველოსა და იორდანიას შორის ურთიერთობები განიხილა. საუბარი შეეხო იორდანიაში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი გასული წლის დეკემბერში სამთავრობო კომისიის სხდომაზე დამტკიცდა,“ - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. არჩილ ძულიაშვილი ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა - რომელიც პარალელურად ფარავდა შემდეგ ქვეყნებს: ბანგლადეში, ტაილანდი ნეპალი, მალდივები, შრი ლანკა. ასევე იყო აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ კომისიაში (ESCAP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. სხვადასხვა დროს ის იკავებდა საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობას, ასევე იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც მოიცავდა ასევე ტუნისსა და ლიბიას და სირიას. იყო არაბთა ლიგასა და აფრიკის კავშირში საქართველოს წარმომადგენელი. ეკავა ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიცია; მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი - გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; იყო ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს კონსული; მუშაობდა აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების სამმართველოს პირველ მდივნად, სამმართველოს უფროსად, შემდგომ კი - ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; იყო აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის სახელმწიფოთა დეპარტამენტის აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამმართველოს ატაშე, ასევე - პირველი მდივანი; 2015 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი. საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს ჩინეთშიც. პაატა კალანდაძესთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორული ურთიერთობების პრიორიტეტები მიმოიხილეს. „ყურადღება გამახვილდა გასულ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტზე, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. პრემიერ-მინისტრმა და ახალმა ელჩმა აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეების მიერ განსაზღვრული გეგმების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს,“ აცხადებენ ადმინისტრაციაში. რაც შეეხება პაატა კალანდაძეს, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებსა და ისრაელის სახელმწიფოში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ელჩად დანიშვნამდე, პაატა კალანდაძე იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქუვეითის სახელმწიფოში ახლად დანიშნულ ელჩ ნოშრევან ლომთათიძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით. „ნოშრევან ლომთათიძეს 2021 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. იგი 2021 წლის ივნისიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. ნოშრევან ლომთათიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, ხოლო მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა კოლუმბიის უნივერსიტეტში, საჯარო მართვის სპეციალობით,“ იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
ამერიკელი გენერალი: შავი ზღვის რეგიონს მოკავშირეებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის კრიტიკული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
NATO-ს უმაღლესი სარდლობის (SACEUR) ხელმძღვანელი, ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლი შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე საუბრობს. „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, შეცვალა უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში. რეგიონს კრიტიკული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს USEUCOM-ისთვის, მოკავშირეებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის. კონფერენციამ ამერიკის დიპლომატიური და სამხედრო ლიდერები შავი ზღვის რეგიონის კოლექტიური ტერიტორიული უსაფრთხოების გაძლიერებაზე სასაუბროდ შეკრიბა,“ აღნიშნა კრისტოფერ კავოლიმ. აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიური ძალისხმევის მარდაჭერა შავი ზღვის რეგიონში - ეს იყო თემა, რომელიც 23 იანვარს, აშშ-ის არმიის გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან (USEUCOM) და ელჩებთან ერთად, ბუქარესტში, რუმინეთში განიხილა. ბუქარესშტი გამართულ კონფერენციაზე USEUCOM-ის უფროსი ლიდერები და აშშ-ის რვა ელჩი შეიკრიბა. მათი მიზანი იყო, განეხილათ მთელი მთავრობის მხარდაჭერა ამერიკის მოკავშირეებსა და პარტნიორებისადმი, შავი ზღვის რეგიონში მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე. ბუქარესტში გამართულმა დისკუსიამ, საფრთხეების წინააღმდეგ და პარტნიორული ურთიერთობების გასაძლიერებლად, აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერების ძალისხმევა გააძლიერა. დისკუსიას ესწრებოდნენ აშშ-ის მდივნის თანაშემწე ევროპასა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი, საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი, ამერიკის ელჩი თურქეთში ჯეფრი ფლეიკი, ასევე, შტატების ელჩი სომხეთში კრისტინა კვიენი, ამერიკის ახალი ელჩი აზერბაიჯანში მარკ ლიბი. ასევე ამერიკის ელჩები მოლდოვაში, რუსეთის ფედერაციაში და აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილე ბულგარეთში ანდრეა ბრუილეტ-როდრიგესი. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. „მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აშშ უკრაინის საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის $11,8 მილიარდს გამოყოფს
აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი დაარწმუნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის, კიევისთვის 11,8 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო მხარდაჭერა უზრუნველყოს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ორ ოფიციალურ პირს შორის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ილენმა „ხაზგასმით აღნიშნა კონგრესის მიერ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის რაც შეიძლება სწრაფად მოქმედების მნიშვნელობა.“ „გადამწყვეტი შეხვედრა“ თეთრ სახლში - ბაიდენმა კონკრესის ლიდერებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რა დევს სასწორზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
შმიგალი პრორუსული განცხადებით გამორჩეულ სლოვაკ პრემიერთან მიღწეულ შეთანხმებებზე საუბრობს
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა. მან 4 მიღწევა გამოყო. უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიღწეულია შემდეგი შეთანხმებები: სლოვაკეთის მთავრობა არ დაბლოკავს უკრაინის შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას სლოვაკური ბიზნესისგან. თანამშრომლობა სლოვაკური კომპანიისგან ტექნიკის მიწოდებაზე, თავდაცვითი ხაზების მშენებლობისთვის. სლოვაკეთი მხარს დაუჭერს უკრაინის მექანიზმის პროგრამას, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრმა ფიცომ კიევი უკრაინის ევროინტეგრაციის მისწრაფებების სრულ მხარდაჭერაში დაარწმუნა. „უკრაინა და სლოვაკეთი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ მადლობელნი ვართ სლოვაკი ხალხის, რომელიც ეხმარება უკრაინას და უკრაინელებს ამ რთულ დროს," - განაცხადა დენის შმიგალმა. შმიგალი დარწმუნებულია, რომ ფიცოსთან შეხვედრა ახალ თავს გახსნის უკრაინა-სლოვაკეთის ურთიერთობებში ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება "აბსოლუტურად ნორმალურია" და იქ ომი არ არი. ეს განცხადება მან უკრაინის პრემიერთან მის პირველ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე და კიევზე რუსული სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ჟურნალისტის კითხვას, რატომ აპირებს დენის შმიგალთან შეხვედრას უჟგოროდში და არა კიევში, რადგან ომის შედეგების დანახვას ის კიევში უკეთ შეძლებდა, ფიცომ უპასუხა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს. შეგახსენებთ, რომ ახალი მთავრობის პირობებში სლოვაკეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა. კიევზე სარაკეტო შეტევის დღეს, სლოვაკეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინის დედაქალაქში ომი არ არის - Reuters
უკრაინა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის დეტალებს ამოწმებს: რუსეთსა და უკრაინას ტყვეები 24 იანვარს უნდა გაეცვალათ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას ტყვეები 24 იანვარს უნდა გაეცვალათ, მაგრამ ჯერ ეს არ ხდება. „შემიძლია, განვაცხადო, რომ დღეს დაგეგმილი გაცვლა ჯერ არ ხდება“, - განაცხადა ანდრეი იუსოვმა რადიო თავისუფლებასთან. სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის თქმით, რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში შესაძლოა, სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, ჯერ კიდევ გადამოწმების პროცესშია. შეგახსენებთ, დღეს, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.
ესტონეთი უკრაინელი ახალწვეულების მომზადებას იწყებს
ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეუერთდა ოპერაცია „ინტერფლექსს“, რომელიც უკრაინელი სამხედროების მომზადებას ითვალისწინებს. ამის შესახებ სამინისტროს X-ზე განთავსებული პოსტიდან ირკვევა. „რამშტეინის ფორმატში გამართული შეხვედრის დროს, ესტონეთმა გამოაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციას უერთდება. სავარჯიშო ოპერაცია „ინტერფლექსის“ მიერთება,“ წერს სამინისტრო. ოპერაცია „ინტერფლექსის“ საშუალებით, 34 000-ზე მეტმა უკრაინელმა ახალწვეულმა უკვე შეიძინა წინა ხაზზე საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო უნარები.
მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6692 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6633 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9089 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8971 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
აზერბაიჯანის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობას წყვეტს
აზერბაიჯანის დელეგაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ წყვეტს თანამშრომლობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან (PACE). ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დაწყებამდე, სადაც ასამბლეამ უნდა განიხილოს გადაწყვეტილება აზერბაიჯანელი დეპუტატების უფლებამოსილების შესახებ, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლებმა პრესასთან განცხადება გააკეთეს, რომ ისინი აღარ არიან დაინტერესებულნი არსებულ პირობებში ევროპის საბჭოში მუშაობით. კითხვას, რჩება თუ არა აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს შემადგენლობაში, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა სამად სეიდოვმა კონკრეტული პასუხი არ გასცა. „ჩვენ ვხედავთ, რომ შეუძლებელია ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა ჩემი ქვეყნისადმი მიუღებელი და აუტანელი მიდგომის გამო,“ აღნიშნა სეიდოვმა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დაინიცირდა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების არსებითი შეზღუდვა, ევროსაბჭოში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და თანამშრომლობის არარსებობის გამო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს დებატებს მართავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. პროცედურა ოფიციალურად სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ხელმძღვანელმა და ევროსაბჭოში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფრანკ შვაბემ წამოიწყო. მან აზერბაიჯანი ოპოზიციის დევნაში, ყარაბაღში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ზემოქმედების სხვა გზა არ არსებობს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის უფლებების შეზღუდვისა გარდა. "აზერბაიჯანის დელეგაციის პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა ვერ მოინახულეს პოლიტპატიმრები და ლაჩინის დერეფანი და არ მიიწვიეს ისინი არჩევნებზე დასაკვირვებლად," - აღნიშნა შვაბემ.
ბულგარეთს რუსეთისთვის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტის ჩამორთმევა სურს
ბულგარეთში, მმართველი უმრავლესობის დეპუტატები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, ჩამოართვას რუსეთს ტურისტული კურორტი კამჩია. კურორტი კამჩია მოსკოვის მუნიციპალური ქონების დეპარტამენტის საკუთრებაა, მაგრამ ის იმართება ბულგარეთის მოქალაქეების მიერ, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს ოფიციალურად არ ექვემდებარებიან. „კოალიციის - „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს - დემოკრატიული ბულგარეთი“, პარლამენტის წევრი ივაილო მირჩევი კურორტს ბულგარეთის სანაპიროზე რუსეთის ანკლავს უწოდებს, რომელიც 14 წელზე მეტია, ფუნქციონირებს. „საკანონმდებლო ინიციატივა დიდი ხანია, დაგვიანებულია, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო. რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს 2014 წლიდან და ახალი სანქციები მიიღება რუსეთის აგრესიის საპასუხოდ,“ - განაცხადა მირჩევმა და დასძინა, რომ იმისათვის, რომ ბულგარეთმა შეასრულოს საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულება, პარლამენტმა კონკრეტული კანონი უნდა მიიღოს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შეიძლება, რუსული ტურისტული ცენტრი კამჩია ევროპაში რუსული გავლენის გასავრცელებლად გამოიყენებოდეს. ერთი კვირის წინ, ბულგარულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის ქონების დეპარტამენტმა რუსეთის ნავთობის გიგანტის ლუკოილის ხელმძღვანელის დანიშვნა მოითხოვა კამჩიას ცენტრის დირექტორად. მოსკოვის ეს დირექტივა კურორტ კამჩიასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსული აქტივების შესაძლო ჩართმევის ფონზე გახდა ცნობილი. ბულგარეთის ხელისუფლების მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, ბულგარეთში 500,000-ზე მეტ ქონებას დაახლოებით, 300,000 რუსი ფლობს. ბულგარეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთის რომელიმე ფიზიკური პირის ან სუბიექტის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, ქვეყანას ოფიციალურად არ აქვს სანქციების აღსრულების ინსტრუმენტები. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კამჩაის თემა უკვე უსაფრთხოების საკითხადაც იქცა. ბულგარეთის შავი ზღვის იზოლირებულ სანაპიროზე, ხეებს შორის კამჩიის სანატორიუმი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი მდებარეობს. აქ არის სასტუმროები, სპორტული დარბაზები, სკოლა, საკონფერენციო ცენტრები და ობსერვატორიაც კი. სოფელ ბლიზნაცის მიწა საკურორტო ქალაქ ვარნადან 25 კილომეტრში მდებარეობს. მიწა მოსკოვის მთავრობამ 2008 წელს შეიძინა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბულგარეთის კანონმდებლობით, უცხოელებისთვის და უცხოური კომპანიებისთვის ეს შეუძლებელი იყო. მოსკოვმა კერძო სანაპირო ჩაიგდო ხელში და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებიც გადაიხადა. სოფიამ კი, მილიონები დახარჯა, რომ ამ კომპლექსისთვის წყალსადენი გაეყვანა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპლექსი დაიხურა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი გაჩნდა კითხვა, რამდენად სწორია, ეს მიწა ეკუთვნოდეს რუსეთს, რომელიც ბულგარეთს „არამეგობრულ ქვეყნად“ მიიჩნევს, მით უფრო ახლა, როცა რუსი სამხედროებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, შავი ზღვის სანაპიროს ნაწილს ფლობდნენ. იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბულგარეთის ხელისუფლებას ქონების უკან დაბრუნება რომც უნდოდეს, ამას მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოახერხებს - თუ დაამტკიცებს, რომ ის თაღლითობით არის შეძენილი. მსგავსი რამის დამტკიცება კი, გაჭირდება. კამჩიის კომპლექსის შესყიდვის ისტორია 1990-იან წლებში იწყება. კომპანია „ბალკანტურისტი“ თავის ქონებას ჰყიდდა. ეს კომპანია 1989 წლამდე, კომუნისტური რეჟიმის დროს ტურიზმით იყო დაკავებული. 2003 წელს მოსკოვის მუნიციპალიტეტმა ამ ტერიტორიაზე ნაკვეთების მიტაცება დაიწყო.
უკრაინა და სლოვაკეთი ინტერკონექტორის რეკონსტრუქციას დააჩქარებენ
უკრაინა და სლოვაკეთი ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობას აძლიერებენ. კერძოდ, დააჩქარებენ მუკაჩევო-ველკე კაპუზანის დამაკავშირებელი ხაზის რეკონსტრუქციას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა უჟგოროდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ გათბობის სეზონზე იყო დღეები, როდესაც სლოვაკეთმა გადაუდებელი დახმარება გაუწია უკრაინის ენერგოსისტემას. ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა. შევთანხმდით, დავაჩქაროთ მუკაჩევო-ველკე კაპუზანის ინტერკონექტორის რეკონსტრუქცია. ეს ჩვენს ენერგოსისტემას უფრო მდგრადს გახდის," აღნიშნა შმიგალმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა და სლოვაკეთი პრაგმატიზმზე დაფუძნებულ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს დაამყარებენ. კერძოდ, ენერგეტიკის სექტორში ამის უნიკალური პოტენციალი არსებობს. ცნობისთვის, უკრაინისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა “ნდობისა და პატივისცემის” შესახებ განცხადებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. ერთობლივ განცხადებას შმიგალისა და მისი სლოვაკი კოლეგის რობერტ ფიცოს შეხვედრის შემდეგ მოეწერა ხელი. განცხადება ადასტურებს შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას, რომელიც უკრაინის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას ისახავს მიზნად. განცხადების თანახმად, სლოვაკეთის რესპუბლიკამ უკრაინის ევროპული ინტეგრაციისადმი თავისი მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა აღნიშნა. ასევე, აღინიშნა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულისადმი“ მხარდაჭერა. პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადება ასევე ხაზს უსვამს უკრაინის აღდგენასა და ჰუმანიტარულ განაღმვაში სლოვაკეთის მონაწილეობის მნიშვნელობას. ამის გარდა, აღნიშნულია ერთობლივი ძალისხმევების მნიშვნელობა საკვების გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტისთვის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად. ასევე ხაზგასმულია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კომერციულ საფუძველზე განვითარების მნიშვნელობა. შმიგალი პრორუსული განცხადებით გამორჩეულ სლოვაკ პრემიერთან მიღწეულ შეთანხმებებზე საუბრობს
ბრიტანეთის საზოგადოება მზად უნდა იყოს პუტინთან ბრძოლისთვის - დიდი ბრიტანეთის არმიის მეთაური
გენერალმა პატრიკ სანდერსმა ოთხშაბათს ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მოახდინოს „ერის მობილიზება“ რუსეთთან ომისთვის მოსამზადებლად. Politico-ს ცნობით, მან ამის შესახებ ლონდონში, ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ უჭერს მხარს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, სანდერსმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საზოგადოების მზადყოფნის შესაძლებლობას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
ომბუდსმენი: დაკავებულებიდან ექვსმა განაცხადა აღსრულების ბიუროს წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტებაზე
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებულ აქციაზე დაკავებულმა 6-მა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ. ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები 23 და 24 იანვარს შეხვდნენ და გაესაუბრნენ კეკელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 19 პირს. „17 პირი დაკავებული იყო ადმინისტრაციული, ხოლო 2 სისხლის სამართლის წესით (რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული დაკავებიდან ცოტა ხანში ხელწერილით გაათავისუფლეს). ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ, მათ შორის, ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციამაც. ექვსივე პირის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით. გარდა დაკავების დროს ძალის შესაძლო გადამეტების საკითხისა, აქციის ორმა მონაწილემ მიუთითა მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზეც, ასევე სამმა პირმა განაცხადა ისიც, რომ არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და მათი უფლებების შესახებ არ მიაწოდეს ინფორმაცია. სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებითაც მიმართავს შესაბამის უწყებებს შემდგომი რეაგირების მიზნით. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებული გამოძიების მონიტორინგს,” - წერია განცხადებაში. კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ორი პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმეს
ფინეთმა და აშშ-მ კიბერთავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დოკუმენტი გააფორმეს
ფინეთი შეერთებულ შტატებთან კიბერ თავდაცვის სფეროში ორმხრივ პარტნიორობას აძლიერებს. ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნებმა სამხედრო ლიდერებმა კიბერპარტნიორობის შესახებ განზრახვის წერილს ოფიციალური ცერემონიის დროს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, დღეს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას ფინეთის თავდაცვის ძალების ოპერაციების შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი კარი ნისულა მასპინძლობდა ღონისძიებას აშშ-ის ევროპული სარდლობის დირექტორის მოადგილე გეგმებისა და ოპერაციების საკითხებში, აშშ-ის საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალი ჯეიმს კლიტი ესწრებოდა. „აშშ-თან თანამშრომლობა ნამდვილად აძლიერებს ფინეთის თავდაცვის შესაძლებლობებს ამ სფეროში და მყარ საფუძველს ქმნის ეფექტიანი კომბინირებული კიბერ თავდაცვისთვის. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ USEUCOM-ის ამ განზრახვის წერილით,“- განაცხადა კარი ნისულამ. შეთანხმების ხელმომწერმა ორმა სამხედრო ლიდერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას კიბერთავდაცვაში გაბატონებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე. „მზარდი ჰიბრიდული საფრთხის ფონზე, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, განსაკუთრებით, ფინეთთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ მედეგები და შევძლოთ წინააღმდეგობის გაწევა და პრევენცია კიბერსივრცის სფეროში. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მოწინააღმდეგეებმა არ დააკნინონ კრიტიკული სისტემები და ქსელები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელზე ვართ დამოკიდებულნი,“ - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა. ფინეთმა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში შეთანხმება გააფორმა
საუდის არაბეთი დიპლომატებისთვის ალკოჰოლის პირველ მაღაზიას გახსნის - Reuters
საუდის არაბეთი ემზადება თავისი პირველი ალკოჰოლური მაღაზიის გახსნისთვის დედაქალაქ რიადში, რომელიც ექსკლუზიურად არამუსლიმ დიპლომატებს მოემსახურება. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. მომხმარებლებს მობილური აპლიკაციის საშუალებით დარეგისტრირება მოუწევთ. როგორც Reuters-ი წერს, ეს არის ნაბიჯი, რომლითაც საუდის არაბეთს სურს, გახსნას ულტრაკონსერვატიული მუსლიმური ქვეყანა ტურიზმისა და ბიზნესისთვის, რადგან ისლამის მიხედვით, ალკოჰოლის დალევა აკრძალულია. აკრალვის დამრღვევთათვის საუდის არაბეთს მკაცრი კანონები აქვს. რეფორმების ფარგლებში, მათრახი მეტწილად პატიმრობით შეიცვალა.
უკრაინის გენშტაბი: გაგრძელდება ზომების მიღება რაკეტების მიწოდების საშუალებების განადგურების მიზნით, მათ შორის, ბელგოროდი-ხარკოვის მიმართულებით
უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების განადგურებას, რომლებიც რაკეტებს აწვდიან ბელგოროდის აეროდრომზე, ხარკოვისა და ხარკოვის რეგიონის დაბომბვის მიზნით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში წერია. გენშტაბის განცხადებით, მხოლოდ გასულ კვირაში მტერმა ხარკოვის ოლქზე 19 სარაკეტო შეტევა განახორციელა და რუსებმა გამოიყენეს 26 S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 3 BR "ისკანდერ-მ, რომლის შედეგადაც დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი, დაშავდა 78. დაინგრა 13 შენობა, მათ შორის ერთი საავადმყოფო, სამი სასწავლო დაწესებულება და ექვსი საცხოვრებელი კორპუსი. გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო საფრთხის შესამცირებლად უკრაინის შეიარაღებული ძალები საჰაერო სივრცეს მონიტორინგს გაუწევენ. „სარაკეტო საფრთხის შესამცირებლად, უკრაინის შეიარაღებული ძალები არამხოლოდ აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს, არამედ, დეტალურად აკვირდებიან რაკეტების გაშვების პუნქტებს და მათი მიწოდების ლოგისტიკას, განსაკუთრებით სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენებით. დაბომბვის დაფიქსირებული ინტენსივობა პირდაპირ კავშირშია ბოლო დროს, ბელგოროდის აეროდრომისკენ მიმავალი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების რაოდენობის ზრდასთან. ამის გათვალისწინებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ ზომების მიღებას რაკეტების მიწოდების საშუალებების განადგურების მიზნით, აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს ტერორისტული საფრთხის განადგურების მიზნით, მათ შორის, ბელგოროდი-ხარკოვის მიმართულებით,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ბელგოროდში დღეს რუსული სამხედრო-სატრანსპორო თვითმფრინავი Il 76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რუს ტყვეებში გასაცვლელად მიჰყავდათ. მათივე ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია. ავიაკატასტროფის შემდეგ, RBC-Ukraine-ის წყაროები ამბობდნენ, რომ Il 76-ით რუსებს S-300-ის ტიპის რაკეტები გადაჰქონდათ, რომლითაც ოკუპანტები ხარკოვის რეგიონის დაბომბვას აპირებდნენ. უკრაინა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის დეტალებს ამოწმებს: რუსეთსა და უკრაინას ტყვეები 24 იანვარს უნდა გაეცვალათ
ლიეტუვაში უკრაინელი სამხედროებისთვის აღჭურვილობის შესაძენად ახალი ფონდი შეიქმნა
ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT თავის პარტნიორებთან ერთად იწყებს მეორე საქველმოქმედო კამპანიას - "Radarom!" ლიეტუვაში უკრაინის სამხედროებისთვის აღჭურვილობის გასაგზავნად თანხების მოზიდვა სურთ. შემოწირულობები ერთი თვის განმავლობაში, 24 თებერვლამდე, რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავამდე მიიღება. უკრაინის ომის პირველ წლისთავზე, 14 მილიონ ევროზე მეტი შეგროვდა. ლიეტუვა უკრაინას მორიგ დახმარებას იანვარ-თებერვალში მიაწვდის.
ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ღაზაში მიმდინარე კონფლიქტისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ერდოღანის თქმით, თურქეთი და ირანი შეთანხმდნენ იმ ნაბიჯების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე, რომლებიც შემდგომ საფრთხეს შეუქმნის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. „ჩვენ განვიხილეთ ღაზაზე ისრაელის არაადამიანური თავდასხმების შეწყვეტის აუცილებლობა და გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად,“ - განაცხადა ერდოღანმა ირანელ კოლეგასთან ებრაჰიმ რაისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ანკარაში შეხვედრის შემდეგ. თურქული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ორივე პრეზიდენტმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები პალესტინაში, სირიაში, ერაყში, ავღანეთსა და სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. „პალესტინის საკითხი თურქეთისა და ირანის ყურადღების ცენტრშია,“ - დასძინა ერდოღანმა. თავის მხრივ, რაისმა ორ ქვეყანას შორის „კარგ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.“ „ჩვენ გვსურს ამ ურთიერთობების აყვანა უფრო მაღალ დონეზე,“ - აღნიშნა რაისმა. ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რეისიმ განაცხადა, რომ თურქეთი და ირანი შეთანხმდნენ, მხარი დაუჭირონ პალესტინას და მისი ხალხის უფლებების დაცვას. მან აღნიშნა, რომ თურქეთსა და ირანს საერთო შეხედულებები აქვთ პალესტინაზე. ირანის პრეზიდენტის თქმით, თურქეთის ხალხისა და მთავრობის დამოკიდებულება ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების მიმართ აღფრთოვანებას იწვევს. რაისი თურქეთში თავდაპირველად ნოემბერში უნდა ჩასულიყო, თუმცა მან ირანში განვითარებული მოვლენებისა და გარკვეული პრობლემების გამო ვიზიტი ორჯერ გადადო. მანამდე თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები უხელმძღვანელებენ თურქეთ-ირანის ბიზნესსაბჭოსაც და, შესაძლოა, ხელი მოაწერონ გარკვეულ შეთანხმებებსაც. „შეხვედრების დროს, ორმხრივი კავშირების გარდა, მხარეები გაცვლიან აზრებს მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. კერძოდ, ღაზასა და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის თავდასხმებზე,“ – განაცხადეს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის ათწლეულის კონფლიქტის ორ სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტას, მკაცრად აკრიტიკებს ისრაელს ღაზის სექტორში წარმოებული თავდასხმების გამო. მან მოუწოდა ისრაელს, რომელსაც ომის დანაშაულში ადანაშაულებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი. მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, ანკარა ინარჩუნებს კომერციულ კავშირებს ისრაელთან, რამაც გამოიწვია კრიტიკა ქვეყნის შიგნით და ირანში. მისი დასავლელი მოკავშირეებისა და ზოგიერთი არაბული ქვეყნისგან განსხვავებით, NATO-ს წევრი თურქეთი „ჰამასს,“ რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელს დაესხა თავს, ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. თავის მხრივ, ირანმა „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადა. იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“ შესაძლოა, შემდგომი თავდასხმების სამიზნე გახდნენ. შეგახსენებთ, დღეს, 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.
უკრაინის დაზვერვა: ტყვეთა გაცვლის წინ, რუსებს არ მოუთხოვიათ ბელგოროდის მახლობლად საჰაერო სივრცის დაცვა
ბელგოროდში IL76-ის ჩამოვარდა შეიძლება, რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მისივე თანახმად, 24 იანვარს დაგეგმილი გაცვლის წინ, რუსებმა არ აცნობეს უკრაინულ მხარეს ქალაქ ბელგოროდის მიდამოში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების გარანტიის საჭიროების შესახებ კონკრეტულ ვადებში, როგორც ეს არაერთხელ გაკეთებულა წარსულში. უკრაინის დაზვერვის უწყების ცნობით, სამხედრო ტყვეები დღეს უნდა გაეცვალათ, თუმცა ეს არ მომხდარა. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა ყველა შეთანხმება გაცვლის მოსამზადებლად, ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედრო მოსამსახურეები დროულად მიიყვანეს გაცვლისთვის შეთანხმებულ ადგილას, სადაც ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა არ იყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის, მარშრუტებისა და ტყვეების გადაყვანის ფორმების შესახებ. „დღეს ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო, რომელიც არ შედგა. რუსული მხარის მტკიცებით, ეს იმის შედეგად მოხდა, რომ რუსული თვითმფრინავი ილ-76 იქნა ჩამოგდებული, რომელსაც ვითომ ჩვენი ტყვეები გადაჰყავდა. ახლა არ გვაქვს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე და რა რაოდენობით,” - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს, რომ თავის მხრიდან უკრაინამ ყველა შეთანხმება შეასრულა ტყვეები გაცვლის მოსამზადებლად და რუსი ტყვეები დროზე იყვნენ მიყვანილი გაცვლის წინასწარ შეთანხმებულ ადგილას, სადაც უსაფრთხოდ იყვნენ. „ამავდროულად, უკრაინული მხარე არ იყო ინფორმირებული ქალაქ ბელგოროდის რაიონში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროების შესახებ, როგორც ეს წარსულში არაერთხელ მომხდარა. უკრაინა არ იყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე, მარშრუტებსა და ტყვეების მიყვანის ფორმებზე. ცნობილია, რომ ტყვეები მიყვანა ხდება როგორც საავიაციო, ასევე რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტით. ეს შეიძლება, რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს, რომლებიც ტყვეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისკენ იყო მიმართული,” - ნათქვამია განცხადებაში. ასევე აღნიშნულია, რომ საბრძოლო ქმედებების 30-კილომეტრიან ზონაში სატრანსპორტო თვითმფრინავის დასმა არ შეიძლება, იყოს უსაფრთხო და ნებისმიერ შემთხვევაში ორივე მხარის მიერ უნდა იყოს განხილული, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საფრთხის ქვეშ აყენებს გაცვლის მთელ პროცესს. „აქედან გამომდინარე, შესაძლოა საუბარი იყოს რუსეთის დაგეგმილ და განზრახ ქმედებებზე უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისა და ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერის დასუსტების მიზნით,” - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ბელგოროდში დღეს რუსული სამხედრო-სატრანსპორო თვითმფრინავი Il 76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რუს ტყვეებში გასაცვლელად მიჰყავდათ. მათივე ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია. ავიაკატასტროფის შემდეგ, RBC-Ukraine-ის წყაროები ამბობდნენ, რომ Il 76-ით რუსებს S-300-ის ტიპის რაკეტები გადაჰქონდათ, რომლითაც ოკუპანტები ხარკოვის რეგიონის დაბომბვას აპირებდნენ. უკრაინა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის დეტალებს ამოწმებს: რუსეთსა და უკრაინას ტყვეები 24 იანვარს უნდა გაეცვალათ უკრაინის გენშტაბი: გაგრძელდება ზომების მიღება რაკეტების მიწოდების საშუალებების განადგურების მიზნით, მათ შორის, ბელგოროდი-ხარკოვის მიმართულებით