ძებნის რეზულტატი:
ოსტინი: აგრესორებს თუ ვერ შევაკავებთ, უფრო მეტ სისხლსა და ქაოსს გამოვიწვევთ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ოფიციალურად გახსნა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ამ თვეში ვიდეოკონფერენციის ფორმატში იმართება. პენტაგონის ხელმძღვანელმა მონაწილეებს გახსნის სიტყვით მიმართა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, ისევე როგორც მთელი საერთაშორისო კოალიცია, რომელიც დაახლოებით 50 მოკავშირესა და პარტნიორს აერთიანებს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდამჭერად რჩება. „უკრაინის მხარდაჭერა ტირანიასთან ბრძოლაში, ყველა ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ხდის. თუ ჩვენ არ გვეყოფა ნერვები და თუ ვერ შევაკავებთ აგრესორებს, კიდევ უფრო მეტ სისხლსა და ქაოსს გამოვიწვევთ. ამიტომ, სუვერენული და უსაფრთხო უკრაინა გლობალური უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა ოსტინმა. მანვე აღნიშნა, რომ სუვერენული და უსაფრთხო უკრაინა გადამწყვეტია გლობალური უსაფრთხოებისთვის. „ჩვენ არ უნდა ვმერყეობდეთ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში,“ განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა და გაიხსენა, რომ 27 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა დახმარების პაკეტი 250 მილიონი დოლარის ოდენობით უკრაინის უსაფრთხოების გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
საია „სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების“ გამოძიებას ითხოვს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კეკელიძის N1-ში აღსრულების პოლიციის მიერ ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საია აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არღვევს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ფიზიკური ძალის დამამცირებელი ფორმებით გამოყენება, მათ შორის, პრობლემურია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარანტიებს, რომელიც აკრძალავდა ზამთრის ან ღამის პერიოდში გამოსახლებას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. საია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები. ასევე საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიაწოდოს ადვოკატებს ადგილზე დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია და მისცეს მათთან შეხვედრის შესაძლებლობა. „2024 წლის 23 იანვარს ქ. თბილისში კეკელიძის N1-ში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლება დაიწყო. საყურადღებოა, რომ მომდევნო დღეებში დაგეგმილია კიდევ ორი ოჯახის გამოსახლება. როგორც ირკვევა სამივე ოჯახი თანახმაა, დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ. ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არღვევს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ფიზიკური ძალის დამამცირებელი ფორმებით გამოყენება, მათ შორის, პრობლემურია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარანტიებს, რომელიც აკრძალავდა ზამთრის ან ღამის პერიოდში გამოსახლებას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. გარდა ამისა, გამოსახლების პროცედურას დაქვემდებარებული არაერთი შემთხვევა გვარწმუნებს, რომ ძირითადად იგნორირებულია გამოსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების მოწყვლადობის შეფასება, მათ შორის, ოჯახის უსახლკაროდ, ქუჩაში დარჩენის რისკები. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ასევე, არის სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულების მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც ქვეყანას ავალდებულებს, უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მინიმალური გარანტიები. კერძოდ, იძულებითი გამოსახლება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაკურებულ შემთხვევებში და აუცილებელია იგი განხორციელდეს კანონის, ადამიანის უფლებისა და გონივრულობისა და პროპორციულობის ზოგადი პრინციპების ზედმიწევნით დაცვის შესაბამისად. ამას გარდა, ადეკვატური დაცვის გარეშე პირის იძულებით გამოსახლება არ შეესაბამება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ პაქტის მოთხოვნებს (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა). ამასთან, ზოგიერთი აქტიური თუ პასიური საშუალების, როგორც საპოლიციო ძალის გამოყენება ასეთ ვითარებაში, შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას, რომელიც აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით. ამ სტანდარტების დაცვის აუცილებლობას დღის წესრიგში კიდევ უფრო აყენებს ის ფაქტი, რომ, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს “ბაზარზე არსებული კრედიტორები, უმეტეს შემთხვევაში, სარგებლობენ მათი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ასიმეტრიული ძალთა ბალანსით, რაც განპირობებულია არა მხოლოდ მათი ცოდნით და გამოცდილებით, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან მაღალი სარგებლის მიღების მომეტებული ინტერესით. ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა ინტერესების ხელყოფის საფრთხე შესაძლოა, იქმნებოდეს აშკარად კაბალური სახელშეკრულებო პირობებით, რომელიც, თავისუფალი არჩევანის არსებობის მიუხედავად, რეალურად, ერთ-ერთი მხარის მიერ საკუთარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას უშვებს.“ აუცილებელია, ხელისუფლებამ შეასრულოს იმგვარი როლი, რომლითაც, ერთი მხრივ, ხელშეკრულების სუსტ მხარეს დაიცავს კაბალური პირობებისგან, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, აღსრულების პროცესს, როგორც ყველაზე მზღუდავ ღონისძიებას, გამოიყენებს ადამიანის უფლებების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. დამატებით, აღსანიშნავია, რომ გამოსახლების წინააღმდეგ არსებული სამოქალაქო პროტესტის მიმდინარეობისას, როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროებით დგინდება, პოლიციამ ადგილზე მყოფი 20 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. ასევე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართალდამცავებისგან ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს. გავრცელებული ინფორმაციით ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება დაბრკოლების გარეშე შეხვდნენ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს. მოვუწოდებთ: სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - გამოიძიოს სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს - მიაწოდოს ადვოკატებს დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია და მისცეს მათთან შეხვედრის შესაძლებლობა. საქართველოს პარლამენტს / საქართველოს მთავრობას - დაიცვან სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; მათი კომპეტენციის ფარგლებში მიმართონ ყველა ზომას, რათა, უზრუნველყონ ხელშეკრულების სუსტი მხარის კაბალური პირობებისგან დაცვა; ასევე, უზრუნველყონ, აღსრულების პროცედურა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ მოთხოვნებს,”- წერია განცხადებაში.
კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული ჟურნალისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც თბილისში, კეკელიძის N1-თან გამართულ აქციაზე დააკავეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ მან თავისი დაკავების პროცესი გაიხსენა. ის ამბობს, რომ დაკავების შემდეგ შეუძლოდ გახდა, თუმცა ვერც ადგილზე და ვერც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო. „40 წუთი დამაყოვნეს კეკელიძის ქუჩაზე. ამ ხნის განმავლობაში ვითხოვდი, განემარტათ, სად მივყავდი, რატო მაკავებდნენ? ერთი და იგივეს იმეორებდნენ, რომ პოლიციას შევუშალე ხელი. შემდეგ შეუძლოდ გავხდი, ექიმის დახმარება ვითხოვე და არ მომცეს წვდომა... უკვე რამდენიმე საათია, ამ სამმართველოში ვარ და პირველი ნაწილი იყო ძალიან დამამცირებელი, ძალიან ცუდი სიტყვებით მომმართავდნენ, აგრესიას გამოხატავდნენ პროფესიული საქმიანობის გამო. აი, მაგალითად, პროვოკატორი, ინტრიგანი, მოაშორეთ აქედან... " „ზუსტად 2-3 წუთის მისული ვიყავი, აქციასთან არანაირი საერთო არ მქონია, არც შიგნით ვყოფილვარ, არც არავისთვის ხელი შემიშლია. ერთ-ერთი ახალგაზრდის დაკავების პროცესს მივყევი ბოლომდე, ვიდრე მას მანქანაში შეტენიდნენ. ვხედავდი, რომ ის ახალგაზრდა წინააღმდეგობას არ უწევდა, მაგრამ მაინც ძალადობდნენ. დამინახეს, რომ ვიღებდი ამ ყველაფერს. ერთ-ერთმა პოლიციელმა მკრა ხელი და მიმახეთქა ხეს. ვუთხარი, რას აკეთებ, ჟურნალისტი ვარ-მეთქი. ამის შემდეგ გამწარდნენ, შემაგდეს მანქანაში, რამდენიმე პოლიციელი დამეხვია. იმ ძალით შემაგდეს, რომ მანქანის იატაკზე დავვარდი. ადგომას რომ ვცდილობდი, ეგონათ, წინააღმდეგობას ვუწევდი და ყვიროდნენ, წინააღმდეგობას გვიწევო. მე ვეუბნებოდი, რომ დავემორჩილებოდი... სულ ხუთი პოლიციელი იყო: ერთი საჭესთან, ოთხი კრიმინალური პოლიციის ფორმაში. მათგან სამი განსაკუთრებით აგრესიული იყო, ერთი უკნიდან ჩამწვდა თავში და კისერში, მეორე - წინიდან. მეგონა, მახრჩობდნენ.“ შსს კეკელიძეზე: ადმინისტრაციული წესით 18, ნივთის დაზიანებისთვის კი, დაკავებულია ორი პირი
სტოლტენბერგი: NATO მზადაა, მოსკოვს არასწორი გათვლებისთვის სივრცე არ დაუტოვოს, ვიდრე ამას ვაკეთებთ, NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმა არ იქნება
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან NATO-ს ქვეყნებისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ NATO რუსეთის ქმედებებს აკვირდება. მან აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო ქვედანაყოფების დიდი რაოდენობით განლაგების, თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდითა და სწავლებების დიდი რაოდენობით NATO ცდილობს, არ დაუშვას მიმდინარე ომის ესკალაცია. „NATO-ს ნებისმიერ წევრის წინააღმდეგ პირდაპირ ან გარდაუვალ საფრთხეს ვერ ვხედავთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი, გავზარდეთ ჩვენი სიფხიზლე, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში წარმომადგენლობა, მაგრამ ამის მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ NATO-ს წევრზე თავდასხმა თავიდან ავიცილოთ,” - განაცხადა სტოლტენბერგმა. Steadfast Defender 2024 NATO-ს ყველაზე დიდი სწავლება იქნება ათწლეულების განმავლობაში, რომლებშიც მონაწილეობას 90 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს მზადყოფნა და ძალა, რათა არასწორი გათვლების ან გაუგებრობების ნებისმიერი შესაძლებლობა აღმოვფხვრათ, რომლებიც მოსკოვში არსებობს NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვისთვის ჩვენი მზადყოფნის შესახებ. ვიდრე ამას ვაკეთებთ, NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმა არ იქნება,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე, 24 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე გზა გადაიკეტება მელიქიშვილის გამზირზე, რომლის გახსნის შემდეგაც საგზაო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე. შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის ქუჩიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. რაც შეეხება კოსტავას ქუჩას, შეზღუდვა შეეხება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთს. შეზღუდვის პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.
აქტივისტები გამოსახლებებზე მორატორიუმს ითხოვენ
აქტივისტები ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე მორატორიუმს მოითხოვენ. ამის შესახებ სპეციალური მიმართვა კეკელიძის ქუჩიდან გაავრცელეს. ეს ის ადგილია, საიდანაც დღეს აღსრულების პოლიციამ მარინა ხატიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციის ფონზე გამოასახლა. აქტივისტი ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს აქტი, რითაც მორატორიუმი გამოცხადდება, მანამდე კი, უახლოეს დღეებში დაგეგმილ გამოსახლებებსაც გააპროტესტებენ. „მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ვიხილეთ მარინა ხატიაშვილის ოჯახის უპრეცენდენტო ძალადობის გზით გამოსახლება, ვიხილეთ აღსრულების პოლიციასთან ერთად სახელმწიფო ძალადობრივი აპარატი, მათ შორის, პოლიცია, პატრული და სამაშველო სამსახურიც კი. ასევე ვიხილეთ უმნიშვნელოვანესი რამ: სახალხო წინააღმდეგობა და უპრეცენდენტო სოლიდარობა. სწორედ ამ სახალხო სოლიდარობის და წინააღმდეგობის გატეხვის მიზნით ჩაინიშნა მიჯრით 3 გამოსახლება. ეს იყო მათი სტრატეგია: სამართლიანი ბრძოლის კერების ჩახშობა... საქართველოს მასშტაბით გამოსახლების რიგშია 1300 ოჯახი და მთელი საზოგადოება ვალდებული ვართ, იქამდე დავასრულოთ ეს ჯოჯოხეთი, ვიდრე დამრბევი რაზმები მათ კარებსაც შეანგრევს. ამისათვის საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ ერთი მთავარი და სასიცოცხლო მოთხოვნის ირგვლივ: ჩვენ უნდა მოვითხოვოთ და ვითხოვთ სასწრაფო და დაუყოვნებლივ მორატორიუმს ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე. ამ მოთხოვნის შესრულებას არ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. ეს შესაძლებელია პარლამენტის ერთი აქტით და პარლამენტი ვალდებულია, ეს აქტი მიიღოს. ამ მოთხოვნას დავაყენებთ ხვალინდელ გამოსახლებაზეც. ხალხი თუ ამ სიმახინჯეს დავუშვებთ, მაშინ დავუშვებთ ყველაფერს," - ამბობს ბექა წიქარიშვილი საია „სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების“ გამოძიებას ითხოვს
ფილმი "20 დღე მარიუპოლში", როგორც საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, „ოსკარის" პრეტენდენტია
დოკუმენტური ფილმი "20 დღე მარიუპოლში“, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი დღეების შესახებ მოგვითხრობს, ოსკარზეა წარდგენილია ნომინაციაში "საუკეთესო დოკუმენტური ფილმი". ამავე კატეგორიაში მოხვდნენ ფილმები: "ბობი ვაინი: ხალხის პრეზიდენტი", "მარადიული მეხსიერება", "ოთხი ქალიშვილი" და "მოკალი ვეფხვი". 23 იანვარს "ოსკარის" სხვა ნომინანტებიც გამოაცხადეს. ყველაზე მეტ 12 ნომინაციაშია წარდგენილი ქრისტოფერ ნოლანის ფილმი „ოპენჰეიმერი". 10-ში იორგოს ლანტიმოსის ფილმი „უბედური ღარიბები“, 9-ში- მარტინ სკორსეზეს „ყვავილოვანი მთვარის მკვლელები“. რემიების გადაცემა 10 მარტისთვის ლოს-ანჯელესშია დაგეგმილი. ფილმი "20 დღე მარიუპოლში" "ოსკარის" მოკლე სიაშია
ნიდერლანდები NATO-ს წვრთნებში 5000 ჯარისკაცით ჩაერთვება
ცივი ომის შემდეგ NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებში 5000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ Netherlands Posts წერს. წვრთნებში სულ 90 000 ჯარისკაცი ჩაერთვება. NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ წვრთნებს იწყებს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი მოკავშირეები უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად
სომხეთმა უნდა სცადოს ახალი მოკავშირეების მოძებნა უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სამშაბათს პრესკონფერენციაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა jჯანსაღი და რაციონალური სახელმწიფო ყოველთვის უნდა ცდილობდეს ახალი მოკავშირეების და მხარდამჭერების პოვნას. „ეს ჩვენთვის განსაკუთრებით აშკარა და იმპერატიული გახდა 2020 წლის ომისა და შემდგომი მოვლენების შემდეგ. ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც ჩვენი მოკავშირის მექანიზმები არ აკმაყოფილებდნენ ჩვენს მოლოდინს," განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ბუნებრივია, რომ სომხეთმა ახალი მოკავშირეები მოძბებნოს უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად.“ ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გაიხსენა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგება, რამაც გაზარდა უსაფრთხოების დონე საზღვარზე. მან ხაზი გაუსვა ასევე პარტნიორების განცხადებებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა
კანადამ და ევროკავშირის ქვეყნებმა გამოავლინეს ქსელი, რომელსაც რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონელი არალეგალურად შეჰქონდა
კანადამ და ევროკავშირის ოთმა ქვეყანამ გამოავლინა ქსელი, რომელსაც რუსეთში სამხედრო საქონელი არალეგალურად შეჰქონდა. Eurojust-მა და Europol-მა ნიდერლანდების, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის და კანადის ერთობლივ გამოძიებას მხარი დაუჭირეს. სამართალდამცველებმა ევროკავშირის ოთხი ქვეყნიდან და კანადიდან, სამი ეჭვმიტანილი დააკავეს ტექნოლოგიური და ლაბორატორიული აღჭურვილობის უკანონო ექსპორტის გამო, ეს ტექნოლოგი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ასეთი ექსპორტი უკანონოდ ითვლება, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების გამო. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
დუდამ შსს-ს ყოფილი ხელმძღვანელები მეორედ შეიწყალა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელები მარიუშ კამინსკი და მაჩიეი ვონსიკი შეიწყალა. ისინი დუდამ ერთხელ, 2015 წელს უკვე შეიწყალა, მაგრამ პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ შეწყალება კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია, რადგან პრეზიდენტმა გადაწყვეტილება განაჩენის გამოტანამდე მიიღო. „მივმართავ იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ საქმეზე შემდგომი ქმედებები. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ დაემორჩილონ პრეზიდენტის ბრძანებას. დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ისინი, განსაკუთრებით, მარიუშ კამინსკი ჯანმრთელობის მიზეზების გამო. ვწუხვარ, რომ ჩემი მოწოდების, მძიმე შიმშილობის და კამინსკის ჰოსპიტალიზაციის მიუხედავად, იუსტიციის მინისტრს ის აქამდე არ გაუთავისუფლებია,“ – აღნიშნა დუდამ. დეკემბრის ბოლოს სასამართლომ კამინსკისა და ვონშიკს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა შეუფარდა. მათ ჩამოერთვათ სეიმში არსებული მანდატებიც, რომლებიც პარტია კანონი და სამართლიანობის ფარგლებში ჰქონდათ. ამ პარტიის წევრია დუდაც. 11 იანვარს პარლამენტის წინ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ კამინსკისა და ვონშიკის გათავისუფლება მოითხოვეს. პოლონეთის შს ყოფილმა მინისტრმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო დუდა დაკავებული პოლიტიკოსების შეწყალების პირობას დებს
რუსეთში სახმელეთო ბირთვული აფეთქების "საწვრთნელი სიმულატორი" შექმნეს
რუსეთშიახალი სახმელეთო ბირთვული აფეთქების სიმულატორი დააპატენტეს. როგორც პატენტის აღწერაშია ნათქვამი, "ამ განვითარების გამოყენება გააუმჯობესებს სახმელეთო ძალების დანაყოფების მომზადების ხარისხს საბრძოლო ოპერაციებისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებში." კრემლის მიერ კონტროლირებადი „ტასის“ ცნობით, ახალი სიმულატორი ხრულიოვის სახელობის სამხედრო ლოგისტიკის აკადემიის მეცნიერებმა შეიმუშავეს. "სასარგებლო მოდელის მიზანს წარმოადგენს თვალსაჩინო იმიტაციის ვიზუალური ნიშნების -დარტყმის ეფექტის, სინათლის გამოსხივების და მიწისზედა ბირთვული აფეთქების სოკოსებური ღრუბლის-უზრუნველყოფა,“ - ნათქვამია აღწერილობაში. გამოგონების ავტორების მტკიცებით, ის მხოლოდ წვრთნების დროს იქნება გამოყენებული, თუმცა უცნობია, რომელი წვრთნების დროს იგეგმება ბირთვული აფეთქებისა და ომის ახალი სიმულატორის გამოყენება. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის "ტერიტორიული მთლიანობისთვის" საფრთხის შემთხვევაში (რუსეთის ხელისუფლების გაგებით, ეს მთლიანობა ვრცელდება მთელ რიგ უკრაინულ ტერიტორიებზე), არაერთხელ მიანიშნებდა მათი გამოყენების შესაძლებლობაზე. რუსეთმა გასულ წელს ბელორუსში განათავსა ტაქტიკური ბირთვული იარაღი. მან ასევე შეაჩერა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებაში მონაწილეობა და დაგმო ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შეთანხმება.
კანადისთვის ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას ნიშნავს - ტრუდო
კანადისთვის დონალდ ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. კანადის პრემიერის თქმით, კანადამ უკვე გაიარა გამოწვევები ტრაპის ადმინისტრაციის პირობებში, შესაბამისად, მისი მეორე ვადით არჩევა კანადისთვის „არაპროგნოზირებად“ ვითარებას წარმოადგენს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კანადა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგისთვის ემზადება, იქნება ეს ჯო ბაიდენის მეორე ვადით არჩევა თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება. „გამოწვევები გამოვიარეთ, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაცია ოთხი წლის განმავლობაში წარმოადგენდა, როდესაც ვამტკიცებდით, რომ კანადა და აშშ უკეთეს შედეგებს აღწევენ როდესაც ამას ერთად აკეთებენ. თვალსაჩინოა, რომ ბატონი ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს,” - განაცხადა ტრუდომ. მანვე აღნიშნა, რომ ოტავა ტრამპის შესაძლო მეორე ვადამდე აშშ-ში კანადის ინტერესების წინ წასაწევად ძალისხმევებს განაახლებს. ამ მიზნით ტრუდომ “კანადის გუნდის ურთიერთქმედების სტრატეგიის” შესახებ გამოაცხადა, რომელსაც კანადის მრეწველობის მინისტრი, საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი, და აშშ-ში კანადის ელჩი უხელმძღვანელებენ.
კიევზე სარაკეტო შეტევის დღეს, სლოვაკეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინის დედაქალაქში ომი არ არის - Reuters
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება "აბსოლუტურად ნორმალურია" და იქ ომი არ არი. ეს განცხადება მან უკრაინის პრემიერთან მის პირველ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე და კიევზე რუსული სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. რობერტ ფიცო ხვალ უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს უჟგოროდში შეხვდება. ჟურნალისტის კითხას, რატომ აპირებს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრას უჟგოროდში და არა კიევში, რადგან ომის შედეგების დანახვას ის კიევში უკეთ შეძლებდა, ფიცომ უპასუხა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს. „არსებობს კონფლიქტი, რომელიც ლოკალიზებულია. სერიოზულად ფიქრობთ, რომ კიევში ომია? თქვენ ალბათ ხუმრობთ, იმედია, არასერიოზულად ამბობთ. წადით იქ და გაიგებთ, რომ ქალაქში ნორმალური ცხოვრებაა, აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრება. რატომ უნდა წავიდე კიევში, როცა შემიძლია, პრემიერ-მინისტრს უჟგოროდში შევხვდე? მე ვერ ვხედავ განსხვავებას,“ – აღნიშნა ფიცომ, რომლის მთვრობამაც უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა. ის პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა. ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე: ეს არის მიზანმიმართული ტერორი პუტინი უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებს აქებს
ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიის ფარგლებში, შტაინმაიერი ვიეტნამში ჩავიდა
გერმანიის პრეზიდენტი ვიეტნამში ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება, როდესაც გერმანია ცდილობს, განავითაროს თავისი სტრატეგია ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, რამდენიმე გერმანელი ბიზნეს ლიდერი შეუერთდა გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერს იმ ფონზე, როდესაც ბერლინი ცდილობს თავისი ეკონომიკური აქტივობის დივერსიფიკაციას ჩინეთისგან. მას დედაქალაქ ჰანოიში შეუერთდა შრომის მინისტრი ჰუბერტუს ჰეილი და გერმანიის წამყვანი ინდუსტრიული ფირმების ბიზნეს ლიდერების დელეგაცია, რომლებიც მას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ოთხდღიან ტურნეში მიიღებენ მონაწილეობას. როგორია შტაინმაიერის დღის წესრიგი ვიეტნამში? შტაინმაიერს სამხედრო პატივით დახვდა ვიეტნამის პრეზიდენტი ვო ვან ტუონგი. შემდეგ დაესწრო გამოფენას ჰანოის გოეთეს ინსტიტუტში. დედაქალაქში ტურის შემდეგ, ორმა ლიდერმა გამართა მოლაპარაკებები, რის შემდეგაც მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ვიეტნამიდან გერმანიაში კვალიფიციური მუშახელის გადაადგილების ხელშეწყობის შესახებ. გერმანიის შრომის მინისტრმა ჰეილმა განმარტა, რომ შეთანხმება გადალახავს ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს და უზრუნველყოფს იმას, რომ "გერმანიაში ჩასულ ადამიანებს სამართლიანად მოეპყრონ." „გერმანიაში ძალიან გვჭირდება კვალიფიციური მუშახელი. მოხარული ვართ, რომ ვიეტნამი მზადაა, ითანამშრომლოს გერმანიასთან ამ საკითხში,“განაცხადა შტაინმაიერმა ვიეტნამის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ. შტაინმაიერი ამ ვიზიტის შემდეგ, ორ დღეს ტაილანდში გაატარებს. გერმანია ვიეტნამის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირში, ხოლო ვიეტნამი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ASEAN-ის ქვეყნების ჯგუფში. ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე
ჩეხეთი სამოქალაქო ავიაციისთვის 20 უკრაინელ მფრინავს ამზადებს
ჩეხეთის რესპუბლიკაში 20 მომავალი უკრაინელი სამოქალაქო ავიაციის მფრინავი გადის ტრენინგს. კიევში დაფუძნებული ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩეხეთის ორ აეროპორტში სწავლება 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყეს და ტრენინგს სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებენ. „ბრძოლების დასრულების შემდეგ უკრაინას დასჭირდება ინფრასტრუქტურის სწრაფი რეკონსტრუქცია, რომლის განუყოფელი ნაწილია სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტი,“ - განუცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ მედიას. ახალი მფრინავები კომერციულ ფრენებზე პილოტის ლიცენზიას (CPL). შეერთებული შტატების მიერ თანადაფინანსებული კურსის დასრულების შემდეგ. 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრამ შეაჩერა სამოქალაქო ავიაცია უკრაინაში, რადგან თვითმფრინავები სარაკეტო თავდასხმის სამიზნე იყო. მაგრამ უკრაინის სახელმწიფო საავიაციო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქვეყანას ამჟამად ექსპლუატაციაში ჰყავს 200 სამოქალაქო თვითმფრინავი.
ლიეტუვის დაზვერვა: პუტინი დასავლეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის ემზადება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიზანი არამხოლოდ უკრაინის დამარცხება, არამედ, დასავლეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებაა, ამბობს ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარიუს იაუნისკისი. დღეს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც დაზვერვის ხელმძღვანელებმა ლიეტუვისა და რეგიონისთვის მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში საფრთხეებთან დაკავშირებით თავიანთი შეფასებები წარმოადგინეს. შეხვედრის შემდეგ დარიუს იაუნისკისმა არსებული ვითარება პრესკონფერენციაზე შეაფასა. მისი თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით პუტინის გეგმები რეგიონში უსაფრთხოების დღის წესრიგის ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად დარჩება. იაუნისკისი დასძენს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსული აგრესია, მისი მიზნები და სტრატეგიები წელს შეიცვლება; სიტუაცია, სავარაუდოდ, იგივე დარჩება, რაც გასულ წელს. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ კონფლიქტის გაყინვის წინაპირობებს ან რაიმე სურვილს პუტინის, მისი ადმინისტრაციის მხრიდან ამ მიმართულებით,“ - ამბობს ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ის ხაზს უსვამს, რომ კრემლი ემზადება დასავლეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის. იაუნისკისი არ გამორიცხავს, რომ კრემლი გამოიყენებს თავის ინსტრუმენტებს უკრაინის დახმარების შესამცირებლად. ასევე არ არის გამორიცხული საინფორმაციო და კიბეროპერაციების გამოყენება, ბირთვული შანტაჟი და ინციდენტები NATO-ს ქვეყნების ტერიტორიებზე. ლიეტუველი მაღალჩინისანი ასევე ხაზს უსვამს კრემლის მხრიდან უფრო აქტიური ზეწოლის შესაძლებლობას კალინინგრადის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე, რადგან ისინი კალინინგრადის სუსტ წერტილად მიიჩნევენ. „და, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ შესაძლო აგრესიული რიტორიკა, სწორედ კალინინგრადის რეგიონთან არსებული სიტუაციის გამო," - ამბობს იაუნისკისი. მისი შეფასებით, არალეგალური მიგრაცია NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან რჩება ზეწოლის პოტენციურ ბერკეტად, რომელიც შეიძლება, გამოიყენონ როგორც რუსეთმა, ასევე ბელორუსმა.“ მას ასევე მიაჩნია, რომ რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, შეეცდება სამხრეთში გლობალური ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას და კოალიციის შექმნას. სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, არამხოლოდ რუსეთი, არამედ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უარყოფითად აისახება გლობალურ უსაფრთხოებაზე.
გამოსახლების დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც იუწყება, რომ სამართალდამცველების მხრიდან, 2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად,“ - წერია განცხადებაში. შსს კეკელიძეზე: ადმინისტრაციული წესით 18, ნივთის დაზიანებისთვის კი, დაკავებულია ორი პირი
ლატვიამ უკრაინელების მხარდასაჭერად 15,6 მილიონი ევრო გამოყო
ლატვიის მთავრობამ 2024 წლის ზაფხულამდე პერიოდისთვის, ლატვიის მუნიციპალური ხელისუფლების მიერ უკრაინიდან ლტოლვილების მიღებასთან და მხარდაჭერასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დასაფარად, 15 617 075 ევრო გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების სამინისტროზე (VARAM) დაყრდნობით ავრცელებს. ლატვიის მინისტრთა კაბინეტის ბრძანებით, გათვალისწინებულია შემდეგი სახის ხარჯების დაფარვა: განსახლებისა და კვებით უზრუნველყოფა (პირველადი ჯანდაცვის უზრუნველყოფის ფარგლებში); სოციალური მხარდაჭერა; განათლება; მართვის სერვისების მოთხოვნის მხარდაჭერა; ერთობლივი სახელმწიფო და მუნიციპალური დახმარების საკოორდინაციო პუნქტების საქმიანობა, 2024 წლის ივნისამდე. მანამდე რეგიონების სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში თვითმმართველობის ორგანოებს უკვე გადაურიცხა 28 551 627,50 ევრო. როგორც Ukrinform-ი იტყობინება, ნოემბრის მდგომარეობით ლატვიამ შეიფარა 50 000-ზე მეტი უკრაინელი, რომელთაგან დაახლოებით 20 000 ბავშვია.
თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოქმის რატიფიცირება მოახდინა. შვედეთის განაცხადის რატიფიცირება კიდევ ერთმა ქვეყანამ, უნგრეთმა უნდა მოახდინოს, რის შემდეგაც შვედეთი NATO-ს ოფიციალურად შეუერთდება.