ძებნის რეზულტატი:
სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის მიმართ ცილისწამებისთვის დონალდ ტრამპს 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა
აშშ-ის მსაჯულთა ფედერალურმა ჟიურიმ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 83,3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება ზარალის კომპენსაციას მწერალ ე. ჯინ კეროლისთვის, რომელმაც ტრამპი მიუკერძოებელი ჟურნალისტის რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა. 18.3 მილიონი ზარალის კომპენსაციაა მწერალ ჯინ კეროლისთვის, 65 მილიონი კი – ჯარიმა. მწერალმა ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპი 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში მასზე სექსუალურად ძალადობაში დაადანაშაულა. ჯინ კეროლმა ტრამპის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სარჩელიც შეიტანა, რომლითაც ამტკიცებდა, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა შელახა მისი რეპუტაცია და მიაყენა ემოციური ზიანი. 77 წლის ტრამპი აცხადებს, რომ არასოდეს გაუგონია კეროლის შესახებ და რომ ქალმა ეს ამბავი თავისი მემუარების უკეთ გასასაღებლად მოიგონა. გასულ წელს სასამართლო კოლეგიამ დონალდ ტრამპი ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, თუმცა გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა და ექსპრეზიდენტს ოთხი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
თოვის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უამინდობის გამო ქვეყანაში გზების არაერთ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობისათვის შეზღუდვები დაწესდა. თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის აწყური-ვალეს მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იგივე შეზღუდვა მოქმედებს ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთსა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალის დონის გამო, ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ აშშ დიდ ბრიტანეთში ბირთვულ იარაღს განათავსებს - The Telegraph
The Telegraph პენტაგონის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები გეგმავს, კიდევ ერთხელ განათავსოს თავისი ბირთვული იარაღი ბრიტანეთის მიწაზე, ლეიკენჰითში საჰაერო ძალების ბაზაზე, სადაც ეს იარაღი 2008 წლამდე იყო. შეერთებული შტატების იარაღის დიდ ბრიტანეთში დაბრუნება NATO-ს ბირთვული განვითარებისა და მოდერნიზაციის პროგრამის ნაწილია, რომელიც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთთან მზარდი დაძაბულობის პასუხად განიხილება. ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებში საუბარია, რომ პენტაგონმა ბაზის ახალი აღჭურვილობა შეუკვეთა, კერძოდ, ბალისტიკური ფარები, რომლებიც სამხედრო პერსონალის დასაცავად არის შექმნილი. The Telegraph-ის ცნობით, ადგილზე მომუშავე ამერიკელი სამხედროებისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ივნისში უნდა დაიწყოს. უფრო ადრე შეერთებულმა შტატებმა ლეიკენჰითში მეხუთე თაობის გამანადგურებლების, F-35-ის ორი ესკადრილიის (რომლებსაც ბირთვული ბომბების გადატანა შეუძლიათ) განთავსების შესახებ განაცხადა.
ჩინეთი ირანს ჰუსიტების თავდასხმების შეკავებას სთხოვს - Reuters
Reuters-ი ოთხ ირანულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ირანელ კოლეგებს სთხოვეს, დაეხმარონ წითელ ზღვაში გემებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების თავდასხმების შეკავებაში. პეკინსა და თეირანში ბოლოს გამართულ შეხვედრებისას, თავდასხმების და ვაჭრობის შესახებ დისკუსიები გაიმართა. „ჩინეთი არსებითად ამბობს: თუ ჩვენი ინტერესები რაიმე სახით დაზარალდება, თეირანთან ჩვენი ურთიერთობა დაზარალდება. ასე რომ, ჰუსიტებს უთხარით, გამოიჩინონ თავშეკავება," განუცხადა წყარომ Reuters-ს. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტის იან ჰოფმანის შეფასებით, წითელ ზღვაში გემებზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებმა დიდი გავლენა მოახდინა სუეცის არხის გავლით ვაჭრობაზე და არხის გავლით ვაჭრობა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 42 პროცენტით შემცირდა. ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, თავდასხმებმა, გაზარდა ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ღირებულება აზიასა და ევროპას შორის საკვანძო სავაჭრო გზის შეწყვეტით, რომელსაც ფართოდ იყენებენ ჩინეთის გემები. თავად ჩინელ ოფიციალურ პირებს არ გაუკეთებიათ კონკრეტული კომენტარი, თუ როგორ შეიძლება, დაზარალდეს პეკინის სავაჭრო ურთიერთობები ირანთან, თუ მის ინტერესებს ჰუსიტების თავდასხმები შეეხება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო ირანის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მათი სავაჭრო ურთიერთობები ბუნდოვანია,“ წერს Reuters-ი. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.
არგენტინის პრეზიდენტი ისრაელს ეწვევა
არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა. ხავიერ მილეიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში 11 არგენტინელი რჩება. „მომავალ რამდენიმე კვირაში წმინდა მიწას ვეწვევი, რაც ახალ თავს გახსნის ჩვენს ორ ერს შორის ძმობაში,“ - განაცხადა მილეიმ. არგენტინის პრეზიდენტი ბუენოს-აირესში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შოლცი უკრაინის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ბაიდენს ვაშინგტონში შეხვდება - Bloomberg
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თებერვლის პირველ ნახევარში ვაშინგტონს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებისთვის ეწვევა, რადგან ლიდერები უკრაინისთვის დასავლეთის დახმარების გაგრძელების უზრუნველყოფას ისახავენ მიზნად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყაროს ცნობით, შოლცისა და ბაიდენის შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება. შეხვედრის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში სტოლტენბერგის ვიზიტი დღეს იწყება. ამის შესახებ NATO-ს პრესსამსახურმა ინფორმაცია 26 იანვარს გაავრცელა. შეგახსენებთ, აშშ-ის დამატებითი დახმარება ამჟამად შეჩერებულია საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ დავის გამო. ამერიკელი სენატორი: ყოველდღე "ერთი ნაბიჯით ვუახლოვდებით" უკრაინის დახმარების დამტკიცებას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვის სფეროში იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ შეთანხმდნენ
საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვის სფეროში იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ შეთანხმდნენ. ინდოეთის მთავრობის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი იარაღის წარმოების, ბირთვული ენერგიის და კოსმოსური კვლევების სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას თანამშრომლობასთან დაკავშირებით. საფრანგეთის პრეზიდენტი ინდოეთში ხუთშაბათს, 25 იანვარს ჩავიდა და გასული წლის მაისის შემდეგ ნარენდრა მოდის მეხუთედ შეხვდა.
უკრაინა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონის განადგურების შესახებ იუწყება
უკრაინის საჰაერო ძალებმა გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული ოთხივე დრონი გაანადგურეს. საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, როსტოვიდან დონეცკის ოლქში "ისკანდერის" ტიპის რაკეტა გაისროლეს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. „2024 წლის 27 იანვრის ღამეს მტერმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით (პრიმორსკო-ახტარსკიდან ) "შაჰიდის" ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ოთხივე მათგანი განადგურდა კიროვოგრადის ოლქში," - წერია საჰაერო ძალების განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. „ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. პრემიერ-მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული პარტნიორობა არაფორმალურ გარემოში განიხილეს. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს 26 იანვარს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ფაშინიანმა 26 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით.“ ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი.
თსუ-ის სტუდენტები, რომლებსაც უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული, პროტესტს აგრძელებენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, მეორე დღეა, დაკავებული აქვს უნივერსიტეტის კანცელარია და უნივერსიტეტის გაფიცვას ითხოვენ. სტუდენტების განცხადებით, ისინი კანცელარიიდან იქამდე არ გამოვლენ, ვიდრე უნივერსიტეტი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო მორატორიუმის გამოცხადება გამოსახლებაზე, ასევე, კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება, რომლებსაც სასამართლომ 25 იანვარს პატიმრობა შეუფარდა. კაკო ჩიქობავა თსუ-ის პროფესორია. გიორგი ხასაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. „უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიკავეს თსუ-ის პირველი კორპუსი. ჩვენ მოვედით აქ იმისთვის, რომ სტუდენტებს მხარი დავუჭიროთ. ჩვენი მოთხოვნა არის ერთიანი და ეს მოთხოვნა უწინარესად არის მორატორიუმის გამოცხადება მოსახლეობაზე და ასევე ჩვენი ორი მეგობრის, კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება, გუშინ მათ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი მხრივ, სადავოდ არ ხდიდნენ წაყენებულ ბრალს, ხოლო მეორე მხრივ, მზად იყვნენ აენაზღაურებინათ ზიანი, სასამართლომ ისინი უსამართლოდ დატოვა წინასწარ პატიმრობაში. ეს არის ჩვენთვის გასაგები პოზიცია, რომ დაისჯება ყველა, ვინც წინ აღუდგება ამ ალიანსს, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და სამევახშეო სისტემას შორის. ჩვენ ვითხოვთ ცვლილებებს, რომ ეს რეფორმები, რომელიც მოითხოვს რეფორმებს ეროვნული ბანკის ფუნქციებში, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში და გამოსახლების პროცედურებთან დაკავშირებით, გახდეს დემოკრატიული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი,” - განუცხადა ვახუშტი მენაბდემ მედიას 26 იანვარს. დემონსტრანტების თქმით, რექტორი ჯაბა სამუშია წუხელ რამდენიმე მათგანს შეხვდა და განუცხადა, რომ თსუ-ის სტუდენტებს მხოლოდ მას შემდეგ შეხვდება სხვა აუდიტორიაში, რაც კანცელარიას ყველანი დატოვებენ და „ძალადობას შეწყვეტენ.“ დემონსტრანტებმა მისი ეს მოთხოვნა არ გაიზიარეს და ამბობენ, რომ კანცელარიაში სადისკუსიო სივრცე აქვთ მოწყობილი და მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. ცნობისთვის, დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ილიას უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ხასაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე და სახელმწიფოს მისი დროულად გათავისუფლებისკენ მოუწოდა. თსუ-ში შეკრებილები რექტორისა და უნივერსიტეტისგან ითხოვენ, გაავრცელონ ამავე უნივერსიტეტის პროფესორის, კაკო ჩიქობავას მხარდამჭერი განცხადება.
მეუფე იაკობი: გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით
„გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით - ჩვენთან თუ რაიმე ცუდია გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ,“ - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. „ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ, ვერ მოერევით. მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. ვინც იძახის ეკლესიაზე „რუსული“, „რუსული“, „რუსული“, გადახედოს "ეროვნულ მოძრაობას". ნახონ, "ეროვნული მოძრაობის" მართლაც პატრიოტი წევრები რას ამბობდნენ მათზე, ვინ იყვნენ და რა იყვნენ. გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით - მუქარის გარეშე. არაფერზე დგახართ, არც სარწმუნოება, არც მრწამსი არ გაქვთ რამით, რომ შეგვიტიოთ. და ჩვენთან თუ რაიმე ცუდია, თვითონ გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ. არჩევნების წელია და შევეცადოთ, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. შეხედეთ, რა ხდება, თითქოს ადამიანისთვის, მხოლოდ ორი რაიმე იყოს მხოლოდ საჭირო - სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლებაც. შეხედეთ, საქართველოში როგორ არის, ვიღაც რაღაცას რომ დააშავებს, ეკლესიას აგინებს, ან რაღაცას, მაშინ ახსენდებათ ეს. სხვა რაიმე გაიხსენე, ერთად უნდა ვიცხოვროთ. ხომ არის სიყვარული, ერთმანეთი თუ გვეყვარება, ასე ხომ არ დავჭამთ ერთმანეთს. სიმშვიდე შევინარჩუნოთ... ჭკვიან ხალხს მივმართავ, ეკლესიასთან გონივრულად იყავით იმიტომ, რომ არ გვინდა... წყნარად ვართ, გამოწვევა თუ იქნება, მივიღებთ, შემდეგ ვნახოთ, ვინ უშველის მათ, ჩვენთან ღმერთია, მათთან ვინ იქნება?! - ვნახოთ, ვისი აჯობებს,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
დღეს ნინოობაა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ნინოობა ორჯერ, 1-ელ ივნისსა და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღინიშნება. წმინდა ნინო დაიბადა კაბადოკიაში, ქრისტიანთა ოჯახში. ნინო ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მამა - ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამოქალაქე და სამხედრო პირი იყო, დედა - სოსანა იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და იყო. მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. საქართველოში იმ დროს მირიან მეფე მეფობდა, სატახტო ქალაქი მცხეთა იყო და ერი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა. ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. „წმინდა ნინო ჩვენთვის განსაკუთრებული წმინდანია, წმინდანთა შორის რჩეული გახლავთ, იმიტომ, რომ მას მიეცა ღვთის დიდი ძალა და მადლი, რათა თავისი ქადაგებით და ღვაწლით ჩვენი ერი მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. აი, წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) წერს: „მოგვევლინა წმინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული, რამაც განაახლა ჩვენი ქვეყანა ახლის ცხოვრებისათვის; და ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ ჩვენ გვიხსნა არამხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც.“ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ყოველთვის იკითხება ტაძრებში სახარებისეული იგავი ათი ქალწულის შესახებ. იგავი მოგვითხრობს, რომ ეს ქალწულები ლამპრებით ხელში ელოდებიან სიძის მოსვლას. ბრძენმა ქალწულებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად მოიმარაგეს ზეთიც. ამიტომ, როდესაც სიძემ დააყოვნა და ღამით მოვიდა, ისინი ანთებული ლამპრებით შეეგებნენ მას; ხოლო სულელ ქალწულებს ეს ზეთი შემოაკლდათ. ამიტომ სიძეს შეხვდნენ ჩამქრალი ლამპრებით და ისინი ქორწილში აღარ შეუშვეს. სიძე მათ ეტყვის: „ჭეშმარიტად გეუბნებით, არ გიცნობთ თქვენ!“ - აქ საუბარია ღმერთთან შეხვედრაზე, რაც ყველა ადამიანს მოუწევს გარდაცვალების შემდეგ. ასევე იმაზე, შეძლებს თუ არა ადამიანი თავისი კეთილი საქმეების გამო, ანგარიში ჩააბაროს ღმერთს, იმიტომ რომ, წმინდა მამების განმარტებით, ამ იგავში ნახსენებ ლამპრის ზეთში სწორედ კეთილი საქმეები იგულისხმება. ეს იგავი გვასწავლის ჩვენ, რომ რწმენასთან ერთად, უნდა ვიქონიოთ კეთილი საქმეებიც, ვინაიდან მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატების შენარჩუნება და, საერთოდ, სულიერ ცხოვრებაში წარმატება შეუძლებელია. აი, ამ გონიერ ქალწულებს ჰქონდათ მომარაგებული კეთილი საქმეები. ამიტომ მათ იზრუნეს, რომ სიძეს ღირსეულად შეხვედროდნენ. სულელებს კი ეს კეთილი საქმეები არ ჰქონდათ. დღეს ვფიქრობთ იმაზე, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა, უნდა მას ეს თუ არა უნდა, როგორც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, - ეს არის ქრისტესთან შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე სიარული. უფალთან შეხვედრა გარდაუვალია. ამიტომ მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ამ შეხვედრისთვის მზადება. ამ იგავით უფალი იესო ქრისტე გვაფრთხილებს, რომ ჩვენმა უზრუნველობამ შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგამდე; რომ მოუმზადებლები აღმოვჩნდეთ სიძესთან შეხვედრისთვის. აი, ასეთი უზრუნველი ადამიანი ზარმაცობს, თავისი სულის გადარჩენისთვის არაფერს აკეთებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, შემდგომში მოასწრებს ცხოვრებას, შემდგომში მოასწრებს სიყვარულის სწავლასაც, მოასწრებს სინანულს, მოასწრებს გამოსწორებას და ის ასე ფიქრობს: ,,ნუთუ ღამე მოვა ღმერთი?! ნუთუ მოულოდნელად მოვა ღმერთი?! მე ჯერ კიდევ მოვასწრებ, როდისმე მოვალ გონს, როცა შემატყობინებენ, რომ სამსჯავრო ახლოს არის და მალე იქნება"; მაგრამ, სინამდვილეში, ასეთი ადამიანისთვის სამსჯავრო მოდის ღამე ამით და მისთვის მოულოდნელად, რატომ? იმიტომ, რომ მძინარე ადამიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისთვის ყოველი დრო ღამეა. ამ იგავს უფალი იესო ქრისტე ასრულებს შემდეგი სიტყვებით: „მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით დღე, არც ჟამი, როდესაც მოვა ძე კაცისა.“ ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვიფხიზლოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენთვის დარჩენილ დროში კეთილი საქმეებით შევავსოთ ჩვენი ლამპრები, გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ ჩვენი ზეციური სიძის სასუფეველში და ვეღირსოთ მისგან მარადიულ სიკეთეებს, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა,“
Bloomberg: ევროკავშირი ემზადება უკრაინის გავლით რუსეთის გაზის ტრანსპორტირების შეწყვეტისთვის
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი ემზადება იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება არ გაგრძელდეს. კონტრაქტს ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება. წყაროს ცნობით, ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი რუსულ აირზე, (ავსტრია და სლოვაკეთი) ალტერნატიული წყაროების მოპოვებას შეძლებენ. ევროკომისიამ ტრანზიტის შეთანხმების დასრულების შემთხვევაში პოტენციური სცენარების შესახებ წინასწარი ანალიზი ჩაატარა სხვა მილსადენების სიმძლავრის მოდელირების ჩათვლით. ასეთია, მაგალითად, „თურქული ნაკადი, რომელიც შეიძლება, დეფიციტის ანაზღაურებისთვის მოიხმარონ. ევროკომისია ამ საკითხს წევრ ქვეყნებთან თებერვალში განიხილავს. გეგმას კი, ოფიციალურად ენერგეტიკის მინისტრებს 4 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე წარუდგენს.
ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება და მასთან ერთად ლენინგრადის გათავისუფლების 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს საბჭოს სხდომას გამართავენ, სადაც 2024-2026 წლების გეგმებს განიხილავენ და 2021-2023 წლების შედეგებს შეაჯამებენ. რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხების შესახებაც ისაუბრებენ. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. პოლონეთმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონიც განათავსა. დასავლეთი ბელორუსს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევს. ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ თვლის. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელორუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.
ბუდანოვი Il-76-ზე: მოსკოვის ვერსია ბევრ კითხვას ბადებს
უკრაინის ოფიციალური პირები სამხედრო ტყვეების ნათესავებს შეხვდნენ. კერძოდ, 26 იანვარს უკრაინის სამხედრო დაზვერვის (HUR) უფროსი კირილო ბუდანოვი და სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ რუსეთის მიერ სიაში მოხსენიებული სამხედრო ტყვეების ახლობლებს. რუსული პროპაგანდისტული წყაროების მიერ, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილიდან გამოქვეყნებული ვიდეოების ნახვის შემდეგ, ოჯახის წევრებმა „სხეულის ფრაგმენტებზე ვერ დაინახეს რაიმე განსაკუთრებული ნიშანი, რომელიც მიანიშნებდა, რომ ისინი მათი ნათესავები არიან.“ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა პირველად 24 იანვარს გაარცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 ჩამოვარდა. ისინი ასევე ციტირებდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავში ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. კიევმა ეს არ დაადასტურა, თავის მხრივ, რუსეთს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. „ჩვენ ვაგროვებთ და საფუძვლიანად ვაანალიზებთ ამ საკითხზე არსებულ ყველა ინფორმაციას მრავალი წყაროდან. ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ მიუთითებს იმაზე, რომ თვითმფრინავს შეეძლო ამდენი ადამიანის გადაყვანა," - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა. ბუდანოვის თქმით, მოსკოვის ვერსია იმის შესახებ, რომ 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე შეიძლებოდა, ბორტზე ყოფილიყო, „ჯერ კიდევ ბევრ კითხვას ბადებს.“ მანამდე უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოდგენილ სიაში შედიოდნენ სამხედრო ტყვეები, რომლებიც მანამდე უკვე გაცვალეს. სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, გენერალი კირილო ბუდანოვი ხელმძღვანელობს, ტყვეების ახლობლებს დაჰპირდა, რომ სანდო ინფორმაციის მიღებისთანავე, მათი ბედის შესახებ შეატყობინებდნენ. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მოსკოვს ჯერ არ გადაუგზავნია ინფორმაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კარტაპოლოვმა რუსული ხაზი განაგრძო და დამატებით გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინამ შესაძლოა, თვითმფრინავზე დარტყმისთვის ამერიკული Patriot-ის სისტემის რაკეტა გამოიყენა. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ არ აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბორტზე, თუმცა უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა. საღამოს, პრეზიდენტ ზელენსკის ტრადიციული ვიდეომიმართვიდა კი, გაირკვა, რომ უკრაინა ვითარების გარკვევას ცდილობს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. 25 იანვარს, უკრაინის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ უკრაინას არ მიუღია არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სამხედრო სატრანსპორტო-თვითმფრინავში დიდი რაოდენობით სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. „იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მე მაქვს, მე არ შემიძლია, დავასკვნა, რომ ბორტზე მართლაც იყვნენ სამხედრო ტყვეები. ფოტოებისა და ვიდეოების ანალიზიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ ინტერნეტში... კარგი, მე არ ვარ ექსპერტი [ამ სფეროში], მაგრამ რუსებს რომ ჰქონოდათ რაიმე ფოტო ან ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო ჩვენი სამხედრო ტყვეების [ცხედრები], ისინი აქამდე გამოიყენებდნენ მათ [თავის მტკიცების გასამყარებლად]. ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ თვითმფრინავში უამრავი ადამიანი იყო - უკრაინის მოქალაქეები თუ სხვა,“ - ამბობს უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი, დმიტრო ლუბინეცი. 25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა Il-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ბლინკენის თანაშემწის მოადგილე: ქიმიური უსაფრთხოების კუთხით არსებული რისკების შესამცირებლად, საქართველოს მხარდაჭერა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა
საქართველოს დელეგაცია ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატებში, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს. სამინისტროს ცნობით, სამუშაო ვიზიტის მიზანია ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო მართვის და საფრთხეების შემცირების საკითხებში საქართველოს მხარდაჭერის საჭიროებებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კეტრინ ინსლისთან. „საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქვეყანაში ქიმიური უსაფრთხოების კუთხით. ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს განაგრძოს ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებული რისკების შემცირების საკითხებში მხარდაჭერა, რაც არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს,“ - განაცხადა კეტრინ ინსლიმ. „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მთავრობა, ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, აგრძელებს აქტიურ მუშაობას ქიმიური ნივთიერებების მართვის ჩარჩოს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სისტემებთან დაახლოების მიზნით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა. დელეგაციის წევრებმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო დეპარტამენტის სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა. გაიმართა დისკუსია საქართველოს გამოწვევებზე, ამ მიმართულებით მიმდინარე ერთობლივ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწის მოადგილე კლიფორდ ვილასთან. „საქართველოსთვის, როგორც მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების მონაწილე აქტიური მხარისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებების პროცესში, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის დაახლოება ჩვენი ქვეყნის ინიციატივების მხარდასაჭერად, რაც ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების უსაფრთხო მართვას უკავშირდება,“ - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. „აშშ-ის გააჩნია ქიმიური დაბინძურების შემთხვევების რისკების პრევენციისა და ასეთ ინციდენტებზე რეაგირების დიდი გამოცდილება და სახელმძღვანელო დოკუმენტები, რაც ქართულმა მხარემ შესაძლოა გამოიყენოს ქიმიურ საფრთხეებზე მზადყოფნისა და დროული რეაგირების კუთხით დაგეგმილი საკანონმდებლო და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში. სააგენტო მზად არის ამ მიმართულებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდასაჭერად,“ - აღნიშნა კლიფორდ ვილამ. აშშ-ის გარემოს დაცვის წარმომადგენლებმა ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების რისკის შემცირების და დაბინძურებული ტერიტორიების აღდგენის მიმართულებით ქართველ კოლეგებს ამერიკული გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ.
ჰუსიტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ტანკერზე, რომელსაც რუსული ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა
იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ სარაკეტო დარტყმა განახორციელეს წითელი ზღვის ადენის ყურეში მყოფ ტანკერ მარლინ ლუანდაზე, რომელიც მარშლის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, გემს ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. Reuters-ი კომპანია Trafigura-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერს რუსული წარმოშობის მძიმე ნახშირწყალბადების ნარევი ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა. აღინიშნა, რომ ნავთობპროდუქტი G7-ის მიერ დადგენილ ზღვრულ ფასზე ნაკლებად შეიძინეს. ამიტომ სანქციები არ დარღვეულა. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტის იან ჰოფმანის შეფასებით, წითელ ზღვაში გემებზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებმა დიდი გავლენა მოახდინა სუეცის არხის გავლით ვაჭრობაზე და არხის გავლით ვაჭრობა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 42 პროცენტით შემცირდა. ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, თავდასხმებმა, გაზარდა ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ღირებულება აზიასა და ევროპას შორის საკვანძო სავაჭრო გზის შეწყვეტით, რომელსაც ფართოდ იყენებენ ჩინეთის გემები. თავად ჩინელ ოფიციალურ პირებს არ გაუკეთებიათ კონკრეტული კომენტარი, თუ როგორ შეიძლება, დაზარალდეს პეკინის სავაჭრო ურთიერთობები ირანთან, თუ მის ინტერესებს ჰუსიტების თავდასხმები შეეხება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო ირანის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მათი სავაჭრო ურთიერთობები ბუნდოვანია,“ წერს Reuters-ი. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.
მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ნაწილი, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული ორი პირის მხარდასაჭერად წერილს ავრცელებს
70-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების გაპროტესტებისას დაკავებულ და პატიმრობაში მყოფ აქტივისტებს, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერად საერთო განცხადებას ავრცელებს. ისინი აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ. განცხადების ხელმომწერთა შორის არიან: არჩილ ქიქოძე, ლევან ბერძენიშვილი პაატა შამუგია ტორესა მოსი მაია ცირამუა ზვიად კვარაცხელია ირაკლი ლომოური გვანცა ჯობავა იაკი კაბე ნინო ლეჟავა ნიკა სამუშია გიორგი მაისურაძე. „არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ცხოვრების პირობები და ა.შ. ფაქტობრივად არ არსებობს, ხშირად გვჭირდება ფინანსური რესურსების მოძიება,“ - წერია განცხადებაში. მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები მიიჩნევენ, რომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას დაკავება, შემდეგ კი მათთვის პატიმრობის მისჯა, „უსამართლო და უმძიმესი, საზოგადოების დამაზიანებელი გადაწყვეტილებაა“, სოლიდარობას უცხადებენ მათ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. „წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ შექმნილია დანაშაულებრივი ქსელი სახელმწიფოს, ბანკებსა და კერძო ფინანსურ სუბიექტებს შორის და შევუერთდებით აქციებს და ვიბრძოლებთ ყველა კანონიერი ფორმით ამ სისტემის წინააღმდეგ,“ - აცხადებენ მიმართვის ავტორები. „ჩვენ გამოვდივართ ამ დანაშაულებრივი ქსელის და არა ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, კარგად გვესმის, რომ ფინანსური ინსტიტუტების დისკრედიტაცია სახელმწიფოს ჩამოშლას გამოიწვევს, ვფიქრობთ, რომ ფინანსური ინსტიტუტები თვითონვე უნდა ზრუნავდნენ ამ სისტემის აღმოსაფხვრელად, რადგან ეს მათ საქმიანობასაც აზარალებს და სახელმწიფოსაც,“ - ნათქვამია განცხადებშაში. თსუ-ის სტუდენტები, რომლებსაც უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული, პროტესტს აგრძელებენ პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს, პატივს სცემს მათ უფლებებსა და თავისუფლებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას. ამასთან, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას. მიგვაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება,“ - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.
რას ითვალისწინებს გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც აშშ უკრაინის მხარდასაჭერად ამზადებს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგმაზე მუშაობს. ეს გეგმა 2024 წელს უკრაინის სასარგებლოდ ფრონტის ხაზზე რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ითვალისწინებს. უკრაინული მედიის ცნობით, Washington Post-ი ამერიკის ადმინისტრაციაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიევისთვის ოფიციალურად გამოცხადებულ ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ტერიტორიის დაბრუნება რჩება, თუმცა Washington Post-ის ინფორმაციით, უკრაინის მხარდაჭერის ახალი სტრატეგიის პროექტი ტერიტორიების განთავისუფლებაზე არ ამახვილებს ყურადღებას. ის ორიენტირებულია თავდაცვაზე, ასევე უკრაინის ეკონომიკის გაძლიერებაზე. გამოცემა ციტირებს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, რომელიც იცხადებს, რომ წელს უკრაინას გაუჭირდება ისეთი შეტევითი ოპერაციების გამეორება, რომელიც გასულ ზაფხულს დაიწყო. კონტრიერიშმა მხოლოდ შეზღუდულ წარმატებას მიაღწია და ვერ იყო მიღწეული ანექსირებული ყირიმის მიმართულებით ე.წ. სახმელეთო დერეფნის შექმნის სტრატეგიული მიზანი. Washington Post-ი ასევე წერს, რომ დასავლეთის ქვეყნებს სურთ, კიევმა ყურადღება გადაიტანოს, კერძოდ, შორი რადიუსის სარაკეტო დარტყმებზე ანექსირებულ ყირიმში მდებარე შავი ზღვის ფლოტის და რუსეთის არმიის ობიექტებზე. უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს შეიძლება, კონფლიქტის გაყინვისკენ ნაბიჯი იყოს, რაც ხელს რუსეთს აძლევს. ამავე დროს, კიევი აღიარებს, რომ ფრონტის ბევრ სექტორში, კერძოდ, კუპიანსკის მახლობლად, ბახმუტსა და ავდეევკასთან, ინიციატივას ამჟამად ფლობს რუსეთის არმია, რომლის წინსვლის ტემპი მინიმალურია სწორედ უკრაინის არმიის ეფექტიანი თავდაცვითი მოქმედების გამო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
თბილისში, ხვალ გაზმომარაგება 7800-მდე აბონენტს შეუწყდება - გაზის მიწოდება 29 იანვარს, 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე აღდგება
თბილისის 7800-მდე აბონენტს გაზმომარაგება სავარაუდოდ, 24 საათის განმავლობაში შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ვებგვერდზე ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ შპს „კორტების“ დაკვეთით, გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით კვირას, 28 იანვარს 10:00 საათიდან, 29 იანვრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება პლატონ იოსელიანის ქ. 37, სულხან ნასიძის (ყოფ. ახალშენის) ქ. 23, 50, სიმონ ჩიქოვანის ქ. 6, 6ა, 20, 22, 24, 24ა, 30, 34, 36, 38, ანდრია და მელიტონ ბალანჩივაძის ქ. 1, 1კ, 3, 5, 8, 22, 39, 40, ვიქტორ დოლიძის ქ. 45, 120, 120ა, 136, 46/ბალანჩივაძის ქ. 41, ლიხაურის ქ. 35, 45ა, 45ა/35ბ, იყალთოს ქ. 4, 44ბ/44ა, ტუსკიას ქ. 25, ქარელის ქ. 25, 26 (იყალთოს ქ. 1) ბახტრიონის ქ. 30, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის 1, 12, 12ა, 17, 18, 18ა, 18ბ, 18გ, 19, 20, 20ა, 22, 23, 27 კორპუსებისა და ფანასკერტელის ქ. 12-ის მიმდებარედ, ნაკვ. 4/22, პეკინის გამზ. 6, პეკინის შეს. 4, ახალშენის ქ. 11, 17ა, 40-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ზაურ ბოლქვაძის ქ. 1. 3, ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, იონა ტუსკიას, იყალთოს, თამაზ ჭელიძის, ზურაბ ქაფიანიძის, კიტა ბუაჩიძის, ტეხურის, გურამ ბზვანელის, დოლიძის, სიმონ ჩიქოვანის, ლიხაურის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე # 112-ე ბაგა-ბაღს, ჯვართამაღლების ეკლესიას, საჯარო სკოლა # 162-ს, შპს ,,ავერსი ფარმა აფთიაქს” # 165-ს და სხვა და მიმდებარედ არსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგება აღდგება 29 იანვარს, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე. გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.