ძებნის რეზულტატი:

ზელენსკისთან საუბრისას, ალიევმა Socar-ის ნავთობის საცავ ობიექტზე რუსეთის იერიში დაგმო

10 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით დაურეკა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ზელენსკიმ ალიევს მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება და ხაზი გაუსვა შეხვედრის ისტორიულ ხასიათს. სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ორმხრივ ურთიერთობებს. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს გასულ თვეში ბაქოში გამართულ სამთავრობათაშორისო კომისიის ბოლო შეხვედრას, სადაც ნაყოფიერი დისკუსიები გაიმართა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესახებ. Reuters-ი ალიევის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ორივე მხარემ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში აზერბაიჯანული SOCAR-ის საკუთრებაში არსებულ ნავთობის საცავ ობიექტზე, ასევე სხვა აზერბაიჯანულ ობიექტებსა და გაზკომპრესორულ სადგურზე განზრახ განხორციელებული საჰაერო დარტყმები. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს თავიანთი რწმენა, რომ ეს თავდასხმები ხელს არ შეუშლის აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ თანამშრომლობას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა განიხილა. „მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. შევთანხმდით, რომ აქ არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებისთვის. მე ვაცნობე რუსეთის მიერ ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შესახებ. უკრაინა ამას რუსეთის მიერ განზრახ მცდელობად მიიჩნევს, დაბლოკოს ენერგეტიკული მარშრუტები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენთვის და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის დასაცავად,“ – წერს ზელენსკი.  

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქვეყნის ჩრდილოდასავლეთში, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დასავლეთ თურქეთში, ბალიკესირის პროვინციის სინდირგის რაიონში იყო. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, დაშავებულები არ არიან, თუმცა სინდირგიში ერთი შენობა ჩამოინგრა.  

აზერბაიჯანმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის, $2 მილიონი გამოყო

აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიატარული დახმარების სახით ორი მილიონი დოლარი გამოუყო. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ილჰამალიევმა მოაწერა ხელი. ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა, რომელიც დაიხარჯება აზერბაიჯანში წარმოებულ ელექტრონულ აღჭურვილობაზე და შემდგომ უკრაინაში გაიგზავნება.  

ზელენსკი: გვესმის რუსების განზრახვა, მოატყუონ ამერიკა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები ამერიკის მოტყუებას აპირებენ, თუმცა უკრაინა ამ სტრატეგიას წარმატების საშუალებას მისცემს. ზელენსკის ეს განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 15 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრამდე გაკეთდა. ლიდერები ალასკაში შეხვდებიან, სადაც რუსეთის სამშვიდობო წინადადებას განიხილავენ, რომელიც, სავარაუდოდ, კიევის მიერ მოსკოვისთვის ახალი ტერიტორიების დათმობას გულისხმობს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა „მუდმივ კომუნიკაციაშია“ აშშ-ში პარტნიორებთან მშვიდობის უზრუნველყოფის საკითხზე. „ჩვენი გუნდი შეერთებულ შტატებთან მუშაობს. არცერთი დღით არ ვწყვეტთ კომუნიკაციას იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოთ რეალური მშვიდობა. ჩვენ გვესმის რუსების განზრახვა, სცადონ ამერიკის მოტყუება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.  უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა არ გადადგა არცერთი რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ. „ყველა ხედავს, რომ რუსეთმა არ გადადგა არც ერთი რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ, არც ერთი ნაბიჯი ხმელეთზე ან ჰაერში, რასაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროა სანქციები და რუსეთზე ზეწოლა შეერთებული შტატების, ევროპისა და სხვა ქვეყნების მხრიდან. „თუ რუსეთს არ სურს ომის შეჩერება, მაშინ მისი ეკონომიკა უნდა შეჩერდეს,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  

რა წერია აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტში

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნეს. მასში ნათქვამკია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ტერიტორიულ პრეტენზიებსა და ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარს ამბობენ. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გამოქვეყნებული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი 17 პუნქტისგან შედგება. „იმის დადასტურებით, რომ ყოფილ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის საზღვრები შესაბამისი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრები გახდა და ეს აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მხარეები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას,“- ნათქვამია დოკუმენტში. დოკუმენტის თანახმად, „ორივე მხარის მიერ რატიფიცირებული ამ შეთანხმების გაცვლის შემდეგ, მხარეები დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ, ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების შესაბამისად.“ მხარეები აცხადებენ, რომ საზღვრების დელიმიტაციის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები შესაბამისი სასაზღვრო კომისიების ფარგლებში გაიმართება. „მხარეები ერთმანეთის საზღვარზე რომელიმე მესამე მხარის ძალებს არ განათავსებენ. მხარეები, საზღვრის დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის დასრულებამდე, უსაფრთხოებისა და ნდობის გაძლიერების მიზნით ურთიერთშეთანხმებულ ღონისძიებებს განახორციელებენ, მათ შორის სამხედრო სფეროში, კერძოდ, საზღვრისპირა რეგიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, - აღნიშნულია შეთანხმებაში. შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მიზნით სომხეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ კომისიას შექმნიან. „სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში, თანამშრომლობის დამყარების მიზნით მხარეებმა შეიძლება, შესაბამისი შეთანხმებები გააფორმონ,“ - აღნიშნულია შეთანხმების ტექსტში. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი აპირებენ, უკან გაიწვიონ ერთმანეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში შეტანილი სარჩელები.  

უკრაინამ რუსეთში ჰელიუმის ერთადერთ ქარხანას დაარტყა - მედია

უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონებმა რუსეთის ქალაქ ორენბურგში მდებარე ჰელიუმის ქარხანას დაარტყეს. ერთ-ერთმა წყარომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული საწარმო ერთადერთია რუსეთში, რომელიც რაკეტების წარმოებისთვის, კოსმოსური ინდუსტრიისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის კრიტიკულ კომპონენტს აწარმოებს. „ორენბურგის ჰელიუმის ქარხანა რუსეთის ფედერაციაში ერთადერთი და ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ჰელიუმის წარმოების ობიექტია, რომლის წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია. ჰელიუმი ფართოდ გამოიყენება რაკეტების წარმოებაში, კოსმოსურ ინდუსტრიასა და ავიაციის ინდუსტრიაში. თავდასხმის ობიექტი პირდაპირ კავშირშია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასთან და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ მთავარ ობიექტს წარმოადგენს,“ - აღნიშნა წყარომ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოდან (ГУР).  ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მათ უპილოტო საფრენი აპარატები დაინახეს და ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები გაიგონეს.  

Bloomberg: უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად, სარატოვის ქარხანამ ნავთობის მიღება შეაჩერა

რუსეთის ქალაქ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ნავთობის მიღება შეაჩერა. შესაბამის ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. Bloomberg-ი წერს, რომ თუ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის საპროექტო სიმძლავრე დღე-ღამეში 140 000 ბარელი ნავთობია, მუშაობის განახლებას დროულად ვერ შეძლებს, ეს შესაძლოა, აისახოს ბენზინის შიდა მიწოდებაზე იმ პერიოდში, როცა სეზონური მოთხოვნა გაზრდილია.  

ზელენსკი: პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება. „საღამოს მიმართვაში „დღეს დაზვერვისა და სამხედრო სარდლობის ანგარიში გვქონდა იმის შესახებ, თუ რა მოლოდინი აქვს პუტინს და სინამდვილეში, რისთვის ემზადება. კერძოდ, სამხედრო მზადებასთან დაკავშირებით. ცალსახად, ის ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე ახალი ოპერაციებისთვის გადაჰყავს. „არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ რუსებმა ომის შემდგომი ვითარებისთვის მოსამზადებლად სიგნალები მიიღეს. თავიანთი ჯარები ისე გადაჰყავთ, რომ ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადებიან,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.    

Apple Siri-ს WhatsApp-თან, Uber-თან და სხვა აპლიკაციებთან ინტეგრირებას გეგმავს

Apple ახალი, ბევრად განვითარებული Siri-ს ტესტავს, რომელიც ღრმად ინტეგრირებული იქნება ისეთ პოპულარულ აპებთან, როგორებიცაა WhatsApp, Uber, AllTrails, Threads, Temu, Amazon, YouTube და Facebook. ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-ის ცნობილმა ანალიტიკოსმა მარკ გურმანმა მიაწოდა. ახალი ვოის-ასისტენტი იმუშავებს Apple Intelligence-ზე დაფუძნებულ ხელოვნურ ინტელექტზე და გაუმჯობესებულ App Intents სისტემაზე. ეს ნიშნავს, რომ Siri-ს მეშვეობით შესაძლებელი იქნება ბევრად მეტი რამ. მაგალითად, აპების ღრმა ფუნქციებზე წვდომა ხმის საშუალებით, მათ შორის, ისეთებზეც, რომლებიც თავად Apple-ის მიერ არ არის შექმნილი. მაგალითად: შეგიძლიათ, სთხოვოთ Siri-ს, რომ გაუგზავნოს შეტყობინება WhatsApp-ში კონკრეტულ პირს, გამოიძახოს Uber კონკრეტული მისამართით, მოძებნოს რამე Amazon-ზე, ან ატვირთოს პოსტი Threads-ში — ყოველივე ეს ხმოვანი ბრძანებით. თუმცა, მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ Siri-ის ეს განახლებული ვერსია საჯაროდ ხელმისაწვდომი მხოლოდ 2026 წლის გაზაფხულზე გახდება.  

აშშ-ის B-1B Lancer-ის ტიპის ბომბდამშენები ნორვეგიაში ჩაფრინდნენ

9 აგვისტოს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების B-1B Lancer-ის ტიპის ბომბდამშენები ტეხასის დაიესის ბაზიდან ნორვეგიაში, ერლანის ავიაბაზაზე ჩაფრინდნენ. მანევრი მოკავშირეების ხელმძღვანელობით დაგეგმილი წვრთნების - Bomber Task Force Europe-ის ფარგლებში შესრულდა. განლაგების მიზანია აშშ-ისა და NATO-ს მოკავშირე ძალებს შორის კოორდინაციისა და საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება. ეკიპაჟები რთულ საჰაერო სივრცეში, რეალური საფრთხეების იმიტაციით ჩაატარებენ წვრთნებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, დახვეწონ მიზნის აღმოჩენისა და სწრაფი რეაგირების უნარი. მათ შორის, რეალურ დროში საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს საფრთხეები მოიცავს როგორც საჰაერო, ასევე, სახმელეთო საფრთხეებს. „წვრთნებს ვატარებთ ისე, როგორც ვიბრძოლებდით — NATO-ს პარტნიორებთან ერთად,“ — განაცხადა ლეიტენანტმა პოლკოვნიკმა ერიკ ალვარეზმა. ეს წელს უკვე მეხუთე ასეთი წვრთნაა ევროპაში, რაც რეგიონში ძლიერი სამხედრო ყოფნის შენარჩუნების მიმართ, აშშ-ის ერთგულებას ადასტურებს. ნორვეგიის შეიარაღებული ძალების ცნობით, აშშ-ის ბომბდამშენები ორლანდის საჰაერო ბაზაზე განლაგებულ F-35 გამანადგურებლებთან ერთად ჩაატარებენ წვრთნებს. ნორვეგიის ავიაბაზა ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის რეგიონში მდებარეობს და შედარებით ახლოს არის რუსეთის საზღვართან. ეს განლაგება სტრატეგიული წვრთნების „Zapad-2025“ დაწყებამდე ერთი თვით ადრე ხდება, რომელსაც რუსეთი ბელორუსთან ერთად ჩაატარებს.  

ერდოღანი: თურქეთი და საქართველო რეგიონული თანამშრომლობისა და მშვიდობისთვის მხარდამხარ იმუშავებენ

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი და საქართველო გააგრძელებენ „მხარდამხარ“ მუშაობას რეგიონული თანამშრომლობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის. Anadolu-ს ცნობით, ეს განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს, 12 აგვისტოს, თავის ქართველ კოლეგა მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სტრატეგიულ მნიშვნელობას და მას „შუა დერეფნის ხერხემალი“ უწოდა. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. „ჩვენ სტაბილურად მივდივართ ჩვენი ახალი მიზნისკენ, 5 მილიარდი დოლარისკენ,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.  ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.  

რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ზღუდავდა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. ამავე ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებების მხრივ, მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის ასევე იყო „ე.წ. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რომელიც გამოხატვის გარკვეული ტიპების კრიმინალიზაციას ახდენდა, ასევე დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანია, რომელიც ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.“ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: „წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ; თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების შესახებ; გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების, მათ შორის მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის, ჟურნალისტების უსამართლო დაპატიმრებების და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ და ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენის შესახებ.“ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენ ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად და დასასჯელად, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. ამასთან, ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ 2024 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები მხარს უჭერდნენ. „რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ცენტრალური მთავრობის კონტროლის მიღმა რჩებოდა და დე-ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები უჭერდნენ მხარს. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს თვითნებური დაპატიმრებებისა და დაკავებების შესახებ. ორივე რეგიონში რუსეთის და დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაუსჯელად ჩაიდინა დარღვევები,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშში საუბარია პრესის თავისუფლების საკითხზეც და ხაზგასმულია, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებდა გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესისა და სხვა მედიის წარმომადგენლებისთვის, თუმცა, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს მთავრობის მიერ გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით. "ეს შეშფოთება ფოკუსირებული იყო მედია პლურალიზმისთვის გარემოსა და კანონმდებლობის გაუარესებაზე, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობასა და ძალადობის მუქარაზე. „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი, რომელიც 28 მაისს ამოქმედდა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიას, რომლებიც დაფინანსების სულ მცირე 20 პროცენტს საზღვარგარეთიდან იღებდნენ, „უცხოური გავლენის ობიექტებად“ დარეგისტრირებას ავალდებულებდა. ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვები ასევე შეშფოთების საგანი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებოდნენ, რომ ჟურნალისტებზე უკანონო თვალთვალის შესახებ წინა სისხლის სამართლის გამოძიებები კვლავ განხილვის პროცესში იყო," - წერია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში, „ხელისუფლება ან დაუდგენელი თავდამსხმელები, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედებდნენ, ძალადობრივად დაესხნენ თავს მედიის ათობით წარმომადგენელს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. თავდასხმები მოიცავდა ცემას და „წიწაკის სპრეის“, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას. მძიმე დაზიანებების შესახებ ცნობებს შორის იყო ცნობები ხერხემლის მოტეხილობების, სახის ძვლების მოტეხილობების და ქიმიური დამწვრობის შესახებ. რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.“ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა.  

„ვულკანი“ - ამერიკამ კოსმოსში წარმატებით გაუშვა ახალი რაკეტა

12 აგვისტოს, კეიპ კანავერალის კოსმოსური ძალების სადგურიდან (Space Launch Complex-41), United Launch Alliance-ის (ULA) ახალი რაკეტა Vulcan Centaur-ი გაუშვა. ამერიკულმა კომპანიამ აშშ-ის კოსმოსური ძალების (USSF) მისია USSF-106 შეასრულა. ერვონული უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში,ეს კომპანიის პირველი ასეთი მისია იყო. რაკეტამ წარმატებით მიაღწია გეოსინქრონულ ორბიტას (GEO). რა არის Vulcan Centaur? Vulcan Centaur არის ახალი თაობის რაკეტა, რომელიც აშშ-ის კოსმოსური ძალების ეროვნული უსაფრთხოების კოსმოსური გაშვების (NSSL) პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. ეს რაკეტა აღჭურვილია Centaur V-ის უპირატესობით, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მაღალ ენერგიას და გამძლეობას წინა მოდელებთან შედარებით. Vulcan-ის მიზანია აშშ-ის კოსმოსური შესაძლებლობების გაძლიერება და კონკურენცია ისეთ სხვა კომპანიებთან, როგორიცაა SpaceX. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ახალი ეტაპი აშშ-ის კოსმოსური უსაფრთხოების სფეროში. Vulcan Centaur-ის წარმატებული გაშვება ადასტურებს რაკეტის სანდოობას და შესაძლებლობას, შეასრულოს ეროვნული უსაფრთხოების კოსმოსური მისია. ULA-ს პრეზიდენტმა ტორი ბრუნომ აღნიშნა, რომ Vulcan-ი არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაკეტა, რომელიც აშშ-ის კოსმოსური შესაძლებლობების გაფართოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.  

ზელენსკი ბერლინში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა. მას ბერლინში გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერთან და ევროპელ ლიდერებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.  

BBC: ჩრდილოეთ კორეელები ამბობენ, რომ რუსეთში მონობის მსგავს პირობებში უწევთ მუშაობა

BBC-ის ცნობით, ათასობით ჩრდილოეთ კორეელი რუსეთში, მონობის მსგავს პირობებში სამუშაოდ იგზავნება, რათა მუშახელის უზარმაზარი დეფიციტი შეავსონ, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრის შედეგად გამწვავდა. მოსკოვმა ფხენიანს ომში დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა. ახლა კი, როდესაც რუსი კაცების უმეტესობა ან დაიღუპა ან გაიქცა ქვეყნიდან - სამხრეთ კორეის დაზვერვის წარმომადგენლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ მოსკოვი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ჩრდილოეთ კორეელ მუშახელზე. როგორც ერთ-ერთმა დასაქმებულმა BBC-ს განუცხადა, როდესაც ის რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ჩავიდა, მას აეროპორტიდან, სამშენებლო მოედნამდე, ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოების აგენტი აცილებდა, რომელმაც უბრძანა, არავისთან ესაუბრა და არაფრისთვის არ შეეხედა. ის ამბობს, რომ პირდაპირ მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე დაასაქმეს. როგორც რესპოდენტი ამბობს, ის დღეში 18 საათზე მეტხანს მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მუშახელის უმეტესობა მასშტაბურ სამშენებლო პროექტებშია ჩართული, სხვები ტანსაცმლის ფაბრიკებსა და IT ცენტრებში განაწილდნენ, რაც როგორც თავად ამბობენ, გაეროს სანქციების დარღვევაა, რადგან ჩრდილოეთ კორეელი მუშახელის გამოყენება აკრძალულია. რუსეთის მთავრობის მონაცემებით, 2024 წელს, ქვეყანაში 13 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 12-ჯერ მეტია. მუშაკთა უმეტესობა იმ იმედით მიდის რუსეთში, რომ სიღარიბეს დააღწევს თავს და დაბრუნების შემდეგ, ოჯახისთვის სახლის ყიდვას ან ბიზნესის დაწყებას შეძლებს. თუმცა მათი შემოსავლის ძირითადი ნაწილი პირდაპირ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოში იგზავნება „ერთგულების საფასურის“ სახით. დარჩენილი ნაწილი - ჩვეულებრივ, თვეში 100-200 დოლარი (74-149 ფუნტი) - ბუღალტრულ წიგნაკში აღირიცხება. მუშები ამ თანხას მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ იღებენ - ექსპერტების თქმით, ეს არის ტაქტიკა, რათა მათი გაქცევა შეაჩერონ. 6 ადამიანს ესაუბრა BBC, რომლებმაც რუსეთიდან გაქცევა მოახერხეს. მათმა ნაწილმა რუსეთში მუშაობისას საიდუმლოდ მოიპოვა ტელეფონი (რაც კანონით აკრძალულია) და მისი დახმარებით, კონტაქტი დაამყარეს უცხოურ ორგანიზაციებთან.  გაქცეულების უმრავლესობა ცდილობს, სამხრეთ კორეამდე მიაღწიოს. ისინი ამბობენ, რომ გაქცევა დიდი რისკის ფასად მოუხდათ, რადგან თუ ჩრდილოეთ კორეელი მოქალაქე რუსეთიდან გაიქცევა, მის ოჯახსაც სჯიან ციხით ან გადასახლებით. ჩრდილოეთ კორეელები ცხოვრობენ კონტროლირებად კომპლექსებში, საიდანაც გასვლა თითქმის შეუძლებელია.   

ესტონეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 13 აგვისტოს ტალინში, რუსეთის საელჩოს პირველი მდივან, დიმიტრი პრილეპინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ესტონეთის ხელისუფლების განცხადებაში ნათქვამია, რომ დიპლომატი ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და სამართლებრივი სისტემის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, საზოგადოების გახლეჩასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ხელშეწყობაში მონაწილეობდა. „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კოორდინირებული და ორგანიზებული ქმედებების ადგილი არ იქნება,“ - ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსეი ფადეევმა ესტონეთის ამ ნაბიჯს „მტრული აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებზე მუშაობს. თვის მხრივ, ესტონელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ტალინი მომხდარის შესახებ თავის პარტნიორებსა და მოკავშირეებს აცნობებს.   

ტრამპის თქმით, თუ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ პუტინი არ დათანხმდება უკრაინასთან ომის დასრულებას პარასკევს, ალასკაზე დაგეგმილ სამიტზე, „ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.“ დონალდ ტრამპი ამბობს, რომ დიდი შანსია, რუსეთის პრეზიდენტთან მეორე შეხვედრის, რომელშიც შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტიც ჩაერთოს. „თუ პირველი [შეხვედრა] კარგად ჩაივლის, მალევე მეორე გვექნება, სურვილი მექნება, რომ თითქმის დაუყოვნებლივ გავუწიოთ ორგანიზება - პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის [შეხვედრას], და მეც ვიქნები, თუ ენდომებათ, რომ დავესწრო. ეს იქნება შეხვედრა, რომელზეც, შესაძლოა, საკითხის სრულად მოგვარება მოხერხდეს… მაგრამ ზოგიერთი მნიშვნელოვანი რამ უკვე პირველ შეხვედრაზე შეიძლება, იქნას მიღწეული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, რომელიც საფუძველს მოამზადებს მეორე შეხვედრისთვის. თუმცა მეორე შეხვედრა შეიძლება, არ მოხდეს თუ ვიგრძნობ, რომ სათანადო არ არის მისი ჩატარება, ვინაიდან ის პასუხები არ მივიღეთ, რომლებიც უნდა მიგვეღო. ასეთ შემთხვევაში მეორე შეხვედრა არ იქნება,” - განაცხადა ტრამპმა. ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და NATO-ს პერსპექტივაზე - პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს. დონბასში მიწების დათმობის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი პოზიცია უცვლელი რჩება. „უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლებელია ჩვენი კონსტიტუციისა და ჩვენი ხალხის ნების გათვალისწინების გარეშე,“ - განაცხადა ზელენსკიმ. „რაც შეეხება ჩვენს პრინციპებს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, საბოლოოდ, ლიდერების დონეზე გადაწყდება. უკრაინის გარეშე (მოლაპარაკებების მაგიდასთან) ამის მიღწევა შეუძლებელია.... ჩემი პოზიცია არ იცვლება,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველყოფაა და რომ უკრაინის მოკავშირეებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კი, უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა და ტრამპს მოლაპარაკებების მაგიდასთან პუტინის დასმისთვის მადლობა გადაუხადა. კირ სტარმერის თქმით, ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში უკრაინას უნდა ჰქონდეს მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად - ევროპა მზად არის მხარდასაჭერად. „ალასკაზე პრეზიდენტ ტრამპის პუტინთან შეხვედრამდე, შესანიშნავი სატელეფონი საუბარი იყო ტრამპთან, ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან, ერთიანი ვართ ამ საშინელი ომის დასასრულის დაახლოებასა და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში. ვაფასებ პრეზიდენტი ტრამპის ლიდერობას და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციას. ბურთი ახლა პუტინის მოედანზეა,” - წერს თავის მხრივ, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე X-ზე. „ტრამპთან, ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა. აზრები გავცვალეთ მომავალ ორმხრივ შეხვედრაზე ალასკაში. დღეს ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ საერთო პოზიცია გააძლიერეს უკრაინისთვის. ახლო კომუნიკაციაში დავრჩებით. ჩვენზე მეტად არავის სურს მშვიდობა, სამართლიანი და მყარი მშვიდობა,” - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გნაცხადებით, თუ ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკებები წარიმართება, მაშინ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს.  

2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატება

2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატება. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელ,ებს. Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით, კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე https://www.wizzair.com/en-gb უკვე შესაძლებელია. ერთი გზის საწყისი ფასი ამ დროისთვის 199 ლარია. ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.  

ზელენსკი ლონდონში კირ სტარმერს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკის დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დახვდა. მან მოლაპარაკებების შემდეგ, დაუნინგ სტრიტი უკვე დატოვა. 13 აგვისტოს, ევროპელმა ლიდერებმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს. სატელეფონო საუბრის შემდეგ კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უკრაინას მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს.“  

უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუსული Su-30SM სავარაუდოდ, კუნძულ ზმეინთან ჩამოვარდა

რუსული Su-30SM გამანადგურებელი შესაძლოა, კუნძულ ზმეინთან ჩამოვარდა. უკრაინის საზღვაო ძალების მიერ Telegram-ზე გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ პილოტებთან კონტაქტი დაკარგა, იუწყება RBC-Ukraine. თვითმფრინავის ნამსხვრევები ზღვაში იპოვეს, მაგრამ პილოტების ადგილმდებარეობა უცნობია. სუ-30სმ გამანადგურებელი რუსული ორადგილიანი, მეოთხე თაობის, მრავალფუნქციური მძიმე გამანადგურებელია. თვითმფრინავი ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო ჩამოვარდა. ის შექმნილია საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად და საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების განადგურებისთვის. თვითმფრინავი აღჭურვილია ორი ტურბოვენტილატორიანი ძრავით. მისი მაქსიმალური სიჩქარე 2,125 კმ/სთ-ს აღწევს. საბრძოლო რადიუსი 1500 კმ-მდეა, ხოლო მაქსიმალური ასაფრენი წონა 34500 კგ. თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია. აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის დაზვერვამ განაცხადა, რომ დონის როსტოვის ცენტრალურ აეროდრომზე სუ-30სმ გამანადგურებელი დაიწვა. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ იმ დროს ოპერაციის დეტალები არ გაამხილა.