ძებნის რეზულტატი:
ალიევი: ვნახოთ, როგორ დასრულდება საგარეო პოლიტიკური მოდიფიკაციები საქართველოსა და სომხეთში, შემდეგ უფრო ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ
მედიაფორუმის მიმდინარეობისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამხრეთ კავკასიის მომავალზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, ილჰამ ალიევს ჰკითხეს, როგორია მისთვის საოცნებო აზერბაიჯანი და საოცნებო სამხრეთ კავკასია დღეს? მან ახალი ეროვნული კონცეფციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტი მნიშვნელოვნად მიაჩნია. ილჰამ ალიევი ამბობს, რომ თვალს ადევნებს „საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე „საგარეო პოლიტიკურ მოდიფიკაციას.“ „ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ და ყველა ადამიანმა, ვინც ცდილობს, წვლილი შეიტანოს მომავალ განვითარებაში, უნდა განვსაზღვროთ ახალი ეროვნული კონცეფცია. ჩვენ ყველას ერთი და იგივე კონცეფცია გვქონდა განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა და ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება. ჩვენ ამას სრულად მივაღწიეთ გასულ სექტემბერში. რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ოკუპაციას, მსხვერპლს, ჩვენს დიდ გამარჯვებას და მთელი ჩვენი ცხოვრება ჩვენ და ჩვენი შთამომავლები ვიამაყებთ ამ გამარჯვებით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამ თემის ექსპლუატაცია და გამუდმებით მისი სიმბოლოდ გადაქცევა. წინ უნდა წავიდეთ. და ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა, მივმართე ჩვენს საზოგადოებას, რომ ერთად ვიფიქროთ. მე არ შემიძლია ამის გაკეთება ჩემით. და თუნდაც რამე მომივიდეს თავში, ეს წარმოიქმნება საზოგადოებრივი დებატების, საზოგადოებრივი განწყობის ან მოვლენების შედეგად, რომლებიც ხდება აზერბაიჯანსა და მსოფლიოში. ეს არის პირველი რამ. დარწმუნებული ვარ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ახალი ეროვნული იდეა ან იდეები, ისინი ვერ იარსებებს გეოპოლიტიკური კონტექსტისგან იზოლირებულად. და გეოპოლიტიკური კონტექსტი მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მკვეთრად შეიცვალა, ალბათ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. და ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის გამარჯვება ყარაბაღში, ერთადერთი გეოპოლიტიკური ცვლილება არ არის. ძველი ალიანსები განიცდის ეროზიას და ჩნდება თანამშრომლობის ახალი ფორმატები. შემეძლო, უფრო ვრცლად მესაუბრა ამ თემაზე, მაგრამ ვფიქრობ, გასაგებია რაზეც ვსაუბრობთ. თუ საუბარია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, თითოეულმა ამ ქვეყანამ განიცადა სერიოზული პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური ტრანსფორმაციები - მე ვიტყოდი, რომ კარდინალურთან ახლოსაც კი. აქედან გამომდინარე, ეს არის ახალი ვითარება სამხრეთ კავკასიაში. და ჩვენ ის სწორად უნდა გავიაზროთ. ამის საფუძველზე და საგარეო პოლიტიკის ვექტორიდან გამომდინარე, რასაც მოჰყვებიან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, შესაძლებელი იქნება პასუხის ჩამოყალიბება თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე: როგორი სამხრეთ კავკასია გვინდა, ვნახოთ? რა თქმა უნდა, ყველა იტყვის, რომ ჩვენ გვინდა, ვნახოთ მშვიდობიანი სამხრეთ კავკასია, ომების, კონფლიქტების, ტერიტორიული პრეტენზიების გარეშე, სადაც ყველას უყვარს ერთმანეთი და თანამშრომლობს ერთმანეთთან. მაგრამ ეს ყველაფერი სასიამოვნო სიტყვებია შესაძლოა, სადღეგრძელოსთვის, მაგრამ არა - რეალური პოლიტიკისთვის. ამ ეტაპზე, როცა საქართველოსა და სომხეთში ყალიბდება ახალი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი, ნათლად უნდა გავიგოთ ის, გავაანალიზოთ და შემდეგ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. არაერთხელ მითქვამს, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები რომლებიც ჩართულნი იყვნენ ომებში, ვერ გაჰყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების გზას, რომლებიც ღიად არ ომობდნენ ერთმანეთთან. ასე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური განვითარებაც და პოლიტიკური ურთიერთქმედებაც დღეს თანამშრომლობის მაგალითი შეიძლებოდა, ყოფილიყო. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ხალხები საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მაგრამ ახლა არის შესაძლებლობა. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მივიღოთ, კიდევ ერთხელ - ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი აქ, აზერბაიჯანში და ბოლომდე ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს საგარეო პოლიტიკური მოდიფიკაციები საქართველოსა და სომხეთში, და შემდეგ უფრო ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვჯერა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა შესაძლებელია და, რა თქმა უნდა - სასურველიც,“ აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
IRI საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიას იწყებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს. ორგნიზაციის ცნობით, 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ოლქებს დაფარავს. მათივე განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. IRI-ს ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი აცხადებს, რომ გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო პროცესის საჭიროება, რომელიც მოქალაქეებს მრავალფეროვან არჩევანს მისცემს, წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული 9 დათქმიდან ერთ-ერთს, რომელიც ქვეყანამ 2023 წლის ბოლოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ მიიღო. „დამკვირვებლები თავიანთ საქმიანობას შეუდგებიან საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ეს მისიას საშუალებას მისცემს, უკეთ გაიგოს ამ არჩევნების კონტექსტი, ხოლო პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან ერთობლივი ძალისხმევით, მხარი დაუჭიროს ინკლუზიურ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს“, – განაცხადა IRI-ის ევრაზიის დივიზიის დირექტორმა. IRI-ის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა „საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის შესაბამისად წარმართავს. დაკვირვების შედეგად გაცემული რეკომენდაციები და მიგნებები დაეყრდნობა საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებს და იმ ვალდებულებებს, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები ქცევის კოდექსის ფარგლებში აღიარებენ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, 20 წელზე მეტია, საქართველოში მხარს უჭერს პოლიტიკური, საარჩევნო და სამოქალაქო მიმართულებების აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას შინაარსზე დაფუძნებული პლატფორმისა და გზავნილების შემუშავებაში, მოწყვლადი ჯგუფების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ხელშეწყობას, მეთოდოლოგიურად გამართულ და ხარისხიან კვლევებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის პროცესის წახალისებას,“ აცხადებენ ორგანიზაციაში.
საქართველოში 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან სამხრეთ-დასავლეთით 9 კმ.-ში სოფელ ლენინოვკასთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 4.9 მაგნიტუდას შეადგენდა.
ზელენსკიმ ბაიდენს ლიდერობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
მას შემდეგ, რაც 21 ივლისს ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და აშშ-ის ინტერესების გამო გადაწყვიტა მეორე ვადით კენჭი აღარ იყაროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პატივს სცემენ მის რთულ, მაგრამ ძლიერ გადაწყვეტილებას. უკრაინის პრეზიდენტმა, თავისი ქვეყნის სახელით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის ურყევი მხარდაჭერისთვის. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყოველთვის მადლიერნი იქნებიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ლიდერობისთვის. ზელენსკის თქმით, ბაიდენმა უკრაინას მხარი დაუჭირა ქვეყნის ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში და მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში განაგრძობს უკრაინის დახმარებას. უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინასა და მთელ ევროპაში სიტუაცია ისევ რთულია და იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შემდგომი ძლიერი ლიდერობა რუსულ ბოროტებას არ მისცემს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას.
საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და რუმინეთი კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შეთანხმებას გააფორმებენ - მედია
თურქმენეთმა დაადასტურა თავისი განზრახვა, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას კასპია ზღვა-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ. ეს ინფორმაცია თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის აჰმედ გურბანოვის შეხვედრას მოჰყვა რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ადრიან გეორგე ფოგისთან. ინფორმაციას აზერბაიჯანული Trend-ი ავრცელებს. შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, მოემზადონ 2024 წელს ბუქარესტში ოთხმხრივი (თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთი) მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერისთვის კასპია ზღვა-შავი ზღვა საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ. ამავდროულად, მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის კონტექსტში ადრე მიღწეული შეთანხმებების განხორციელება, ასევე, სატრანზიტო-სატრანსპორტო სფეროში ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, გლობალური კარიბჭის ინიციატივის ფარგლებში. (Global Gateway) ინიციატივა მიზნად ისახავს 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციის მობილიზებას 2021 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში. ცნობისთვის, კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც მოიცავს რუმინეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს. ეს მარშრუტი აძლიერებს ვაჭრობას ევროპასა და აზიას შორის, რაც ხელს უწყობს საქონლის გადაადგილებას შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის კომბინაციით. ტრანსპორტირების ხარჯების მოსალოდნელი შემცირება და მიწოდების დრო დერეფანს უფრო ეფექტიანს და ეკონომიურს გახდის. შავი ზღვა-კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინიცირება 2018 წელს მოხდა. 2018 წლის 24-25 ოქტომბერს აშხაბადში კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა, რომელშიც აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 2019 წლის მარტში, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს მათი სახელმწიფოების პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე. დეკლარაციის ხელმოწერისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული მარშრუტის მნიშვნელობას დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო სქემაში და აღნიშნეს, რომ ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირება ორი ზღვის მეშვეობით ყველაზე მოკლე და რენტაბელური მარშრუტია აქამდე არარსებულ სატრანსპორტო ქსელებში. ასევე, აღინიშნა ახალ სამარშრუტო ხაზში ერთ-ერთი მონაწილის სახით რუმინეთის – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ჩართულობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირის აქტიურ მონაწილეობას სატრანსპორტო მარშრუტში. განსაკუთრებით აღინიშნა ოთხივე ქვეყნის სატრანსპორტო, განსაკუთრებით კი, საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება – ფოთის პორტის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება.
კამალა ჰარისი პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში ერთვება
21 ივლისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება, კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. ჰარისმა ბაიდენის მხარდაჭერას დიდი პატივი უწოდა, მას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დემოკრატიული პარტიის და ნაციის გასაერთიანებლად, რათა დონალდ ტრამპი დაამარცხონ. ჰარისმა დაამატა, რომ არჩევნებამდე 107 დღეა, ერთად იბრძოლებენ და ერთად გაიმარჯვებენ. CNN-ის და BBC-ს წყაროები ამბობენ, რომ კამალა ჰარისმა მალევე დაიწყო სატელეფონო მოლაპარაკებები წამყვან დემოკრატებთან, მათ შორის, კანონმდებლებსა და გუბერნატორებთან, ხოლო ჰარისის გუნდმა - ელექტრონული წერილების გაგზავნა საარჩევნო კამპანიისთვის საჭირო თანხების შესაგროვებლად. 59 წლის კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის სტატუსით დაიწყო მზადება დემოკრატიული პარტიის ყრილობისთვის, რომელზეც კანდიდატი ოფიციალურად უნდა დასახელდეს. ყრილობა 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიხსნება. ჰარისი, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი არ არის, თავის გუნდთან ერთად ცდილობს თანაპარტიელების მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას. კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი უკვე დაუჭირეს ბილ და ჰილარი კლინტონებმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადეს, რომ დემოკრატებმა ჰარისის გასამარჯვებლად უნდა იბრძოლონ და არ დაუშვან დიდი საფრთხე - ტრამპის მეორე ვადით არჩევა. რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა, 78 წლის დონალდ ტრამპმა 21 ივლისს CNN-ს განუცხადა, რომ მისთვის კამალა ჰარისის დამარცხება კიდევ უფრო იოლი იქნება, ვიდრე ჯო ბაიდენის. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.
ევროკავშირი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ათი მილიონი ევროთი დაეხმარება
ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ათი მილიონით ევროთი დაეხმარება. გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა სომხეთის მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდიდან გადაწყვიტა. მისი იზანია, გააძლიერონ სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობები და ხელი შეუწყონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერებას კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების დროს. ის ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაძლიერებასა და მისი შეიარაღებული ძალების თავსებადობის დაჩქარებას მომავალში საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში ქვეყნის შესაძლო მონაწილეობისთვის, მათ შორის, ევროკავშირის მისიებში. ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოება სომხეთთან ორმხრივი ურთიერთობების სულ უფრო მზარდ ელემენტს წარმოადგენს. ევროპის მშვიდობის ფონდის ეს დახმარება მეტ წვლილს შეიტანს ქვეყნის მედეგობის გაძლიერებაში. „ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს, კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენი დიალოგი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, ასევე ველოდებით სომხეთის მომავალ მონაწილეობას ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში,“ – ნათქვამია განცხადებაში.
“NATO-ში აღარ სჯერათ, რომ საქართველოს გაწევრების მისწრაფებები გულწრფელია” - პატრიკ ტერნერი
“ვფიქრობ, პოლიტიკური მზადყოფნა იმისთვის, რომ უკრაინა ალიანსში ვიხილოთ, თანდათან იზრდება - მე თუ მკითხავთ, უკრაინა დღესვეა მზად NATO-ს წევრობისთვის, მაგრამ ამ აზრს, ფაქტია, რომ NATO-ს ყველა წევრი არ იზიარებს,” - ეუბნება რადიო თავისუფლებას პატრიკ ტერნერი, NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე, რომელიც ინტერვიუდან რამდენიმე დღეში უკრაინაში NATO-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დაინიშნა. ის კიევში საქმიანობას სექტემბრიდან შეუდგება, იქამდე კი ვაშინგტონის სამიტის შედეგები შეაჯამა, და სამიტის დეკლარაციაში საქართველოს შესახებ გაკეთებული ჩანაწერის საკითხიც განმარტა. _საინტერესო ახალი სიტყვა გამოჩნდა NATO-ს კომუნიკეში უკრაინის ალიანსში გაწევრებასთან მიმართებით: შეუქცევადი. რამდენად შეუქცევადია ეს შეუქცევადი - უბრალოდ, ხატოვანი მეტაფორაა თუ ჭეშმარიტად ის შეუქცევადია, ლექსიკონში როგორც ვკითხულობთ? პატრიკ ტერნერი: სიმართლე გითხრათ, პირადად მე დიდად არ მწამს კონკრეტული სიტყვებისთვის საკრალური მნიშვნელობის მინიჭებისა. თუნდაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტი გავიხსენოთ - 2008 წელს NATO- პირდაპირ თქვა, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებოდნენ, და იქაც შეიძლებოდა, გემტკიცებინა, რომ პროცესი შეუქცევადი იყო, დაპირება გაიცა, ეს იყო მკაფიო პოლიტიკური განზრახვა და ამის შემდეგ ბევრი არც არაფერი მომხდარა ამ დაპირების ხორცშესასხმელად. პარალელურად, კომუნიკეში ისევ რჩება ფრაზა, რომელიც ვილნიუსის სამიტზე მოვისმინეთ: უკრაინა NATO-ში გაწევრდება მაშინ, როდესაც ამისთვის შესაფერისი პირობები იქნება, რაშიც მინიმუმ ის იგულისხმება, რომ ეს არ მოხდება, ვიდრე ომი არ დამთავრდება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, პოლიტიკური მზადყოფნა იმისთვის, რომ უკრაინა ალიანსში ვიხილოთ, თანდათან იზრდება - მე თუ მკითხავთ, უკრაინა დღესვეა მზად NATO-ს წევრობისთვის, მაგრამ ამ აზრს ფაქტია, რომ NATO-ს ყველა წევრი არ იზიარებს. უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო საერთოდ აღარ არის ნახსენები NATO-ს დეკლარაციაში, არადა, ადრე ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ ბუქარესტის სამიტზე გაცემული დაპირება ძალაშია, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან. რას მოასწავებს ეს – ის ღია კარი, რომელშიც ვერა და ვერ შევაბიჯეთ, ახლა საერთოდ იხურება? პიტერ ტერნერი: საქართველოს ჰქონდა მკაფიო დაპირება, რომ NATO-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ როდესაც NATO-ს გაწევრების მოწადინე ქვეყნები თავიანთ მიდგომებსა და გეზს ცვლიან... როდესაც შიდაპოლიტიკური ცვლილებები იწვევს დანარჩენი წევრების უნდობლობას, როდესაც მათ აღარ სჯერათ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების მისწრაფებები გულწრფელია, ამას რა თქმა უნდა, მოჰყვება შედეგები. NATO-ს არ სჩვევია ზეწოლა, ის ძალით არავის მიათრევს ალიანსში. NATO-ს მიდგომა ასეთია - რასაც ვხედავთ კიდეც უკრაინასთან მიმართებით - არსებობს სტანდარტები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოთ, ამის შემდეგ კი, ალიანსი იმსჯელებს და კონსენსუსზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, ვფიქრობ, სტანდარტებსაც რომ აკმაყოფილებდეთ, ეს მაინც რთული გამოწვევა იქნებოდა, როგორც მოკავშირეებისთვის, ასევე, თავად საქართველოსთვის...
NATO-ს აჟამად 500 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მაღალ მზადყოფნაში
ვიდრე რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას დაიწყებდა, ბევრი, მათ შორის, კიევი, სკეპტიკურად იყო განწყობილი, რომ დიდი ომი ევროპაში დაბრუნდებოდა. ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ აღადგინა ან გააფართოვა სავალდებულო სამხედრო სამსახური მოსკოვის მზარდი საფრთხის ფონზე, რაც არის რიგი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიმართულია თავდაცვის გაძლიერებისკენ, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაფართოვდება. ამ საკითხს ამერიკულმა CNN-მა სტატია მოამზადა. ჟურნალისტი ესაუბრა როგორც ალიანსის წარმომადგენელს, ასევე - ექსპერტებს. „ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შეიძლება, მოგვიწიოს ომისთვის მობილიზების წესის კორექტირება და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების და პერსონალის რეკრუტირება და მომზადება,“ - განაცხადა რობერტ ჰამილტონმა, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის კვლევის ხელმძღვანელმა. რომელიც 30 წლის განმავლობაში მსახურობდა აშშ-ის არმიის ოფიცრად. ევროპაში უფრო დიდი ომის რისკები მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „საბოლოოდ მიმართა ღია კონფლიქტს“ უკრაინაში, მიზნად ისახავდა „საბჭოთა იმპერიის ხელახლა შექმნას,“ აღნიშნა გენერალმა უესლი კლარკმა, რომელიც ევროპაში მოკავშირეთა უმაღლეს მეთაურად მსახურობდა. „ამდენად. ჩვენ ახლა გვაქვს ომი ევროპაში, რომელსაც ვერასოდეს ვიფიქრებდით. ეს არის ახალი ცივი ომი თუ ახალი ცხელი ომი, გაურკვეველია.“ „ეს არის ძალიან გარდაუვალი გაფრთხილება NATO-სსთვის, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი თავდაცვა. ეს ძალისხმევა ასევე მოიცავს გაწვევის პოლიტიკას,“ მიიჩნევს კლარკი. „იმის გამო, რომ გაწვევა ზოგიერთ ქვეყანაში არაპოპულარულ თემად რჩება, NATO ცდილობს, მიაღწიოს ახალ მიზანს, რომ 300 000 პერსონალი იყოს მზად ერთი თვის განმავლობაში გასააქტიურებლად და კიდევ ნახევარი მილიონი - ხელმისაწვდომი ექვს თვეში,“ აღნიშნავს თავის მხრივ, შინ მონაგანი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ანალიტიკოსი. „მიუხედავად იმისა, რომ NATO-მ განაცხადა, რომ უკვე მიაღწია ამ მიზანს, ევროკავშირმა თქვა, რომ ეს მის წევრებს გაუჭირდებათ. NATO მიზნის მისაღწევად ამერიკულ ძალებს ეყრდნობა. ევროპელმა მოკავშირეებმა კადრების გამომუშავების ახალი გზები უნდა მოძებნონ. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ეს მიზანი ალიანსს მხოლოდ ექვს თვემდე ხანმოკლე კონფლიქტის საშუალებას მისცემს,“ განმარტა შინ მონაგანმა. NATO-ს ერთ-ერთ უახლეს წევრს, ფინეთს, აქვს შესაძლებლობა, 900,000-ზე მეტი რეზერვისტი გაააქტიუროს, 280,000 სამხედრო მოსამსახურე მზად არის, დაუყოვნებლივ ირეაგიროს საჭიროების შემთხვევაში. თუმცაა მშვიდობის დროს ფინეთის თავდაცვის ძალებში დასაქმებულია მხოლოდ 13000 ადამიანი, მათ შორის, სამოქალაქო პერსონალი. ნორვეგიას და შვედეთს, რომელიც NATO-ს უახლესი წევრია, ასევე აქვთ მსგავსი მოდელები, ორივეს აქვს რეზერვისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, თუმცა არა იმდენი, რამდენიც ფინეთს. შვედეთი, სადაც გაწვევა ახლა ასევე გენდერულად ნეიტრალურია, 2024 წელს გამოიძახეს დაახლოებით 7000 ადამიანი. შვედეთის შეიარაღებული ძალების თანახმად, 2025 წელს ეს რიცხვი 8000-მდე გაიზრდება. ცნობისთვის, 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. ალიანსმა გაზარდა თავისი წარმომადგენლობა ალიანსია აღმოსავლეთ ფლანგზე. ალიანსი აძლიერებს შესაძლებლობებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოსკოვის მზარდი საფრთხის საპასუხოდ. „2014 წლიდან NATO-მ განიცადა ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია ჩვენს კოლექტიური თავდაცვის სფეროში ბოლო თაობის განმავლობაში,“ განუცხადა NATO-ს სპიკერმა ფარა დახლალამ CNN-ს. „ჩვენ განვახორციელეთ ყველაზე ყოვლისმომცველი თავდაცვის გეგმები ცივი ომის შემდეგ, ამჟამად 500 000-ზე მეტი ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაშია.“ მაგრამ არსებობს მოწოდებები მოკავშირეების მიმართ, რომ გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობები უფრო და უფრო სწრაფად. მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს მოკავშირეები მზადყოფნაში არიან, ჯერ კიდევ ჩნდება კითხვა, მზად არიან თუ არა ისინი ისეთი გაჭიანურებული ომისთვის, როგორიც არის უკრაინაში,“ აღნიშნა მონაგანმა და მიუთითა, რომ ჯერ კიდევ სამუშაოა გასაკეთებელი რიგ სფეროებში. მათ შორისაა, სამრეწველო შესაძლებლობები, თავდაცვის ხარჯები და საზოგადოების მედეგობა - სადაც გაწვევის საკითხი დადგება.“ „სამხედრო პერსონალის რეკრუტირება და წვრთნა არის ცალკეული ერების გადაწყვეტილება,“ აღნიშნა დახლალამ და დაამატა: „NATO-ს წევრთა დაახლოებით მესამედს აქვს გარკვეული სახის სავალდებულო სამხედრო სამსახური.“ „ზოგიერთი მოკავშირე აბალანსებს გაწვევის პოლიტიკას. თუმცა, როგორც ალიანსი, ჩვენ არავის არ ვუწესებთ სავალდებულო სამხედრო სამსახურს,“ - განაცხადა დახლალამ. „მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა გააგრძელონ შეიარაღებული ძალები, რათა დაიცვან ჩვენი ტერიტორია და ჩვენი მოსახლეობა.“ უკრაინაში ბრძოლების გარდა, რუსეთმა ასევე წამოიწყო ჰიბრიდული ომი მთელ ევროპაში, ექსპერტების თქმით, რომელიც მოიცავს თავდასხმებს ინფრასტრუქტურაზე, კიბერშეტევებს, დეზინფორმაციას, დივერსიას, არჩევნებში ჩარევას და მიგრაციის შეიარაღებას. „ეს მხოლოდ უფრო აგრესიული გახდა,” - აღნიშნა მონაგანმა. „ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მოკავშირეები ახლა ძალიან განსხვავებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას აწყდებიან, ვიდრე ეს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში იყო.“
რუსეთში, აფშერონსკის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა
რუსული მედიის ცნობით, რომელიც ოფიციალურ უწყებას ეყრდნობა, რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ აფშერონსკის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები. რეგიონული პროკურატურა საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქების შესახებ იტყობინება. სავაჭრო ცენტრის შენობა თითქმის მთლიანად დანგრეულია. შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილნი. მაშველებმა უკვე შეძლეს ერთი ადამიანის ამოყვანა და ის საავადმყოფოში მოათავსეს. „რია ნოვოსტის“ თანახმად, ჰოსპიტალიზებულია სამი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი არის აფთიაქის გამგე, იტყობინება ტელეგრამ არხი Mash. ცნობისთვის, რუსეთის სამხრეთის რეგიონებს წუხელ უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს. კრასნოდარის მხარეში დარტყმების სამიზნე კვლავ გახდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ტუაფსეში, როსტოვის ოლქში კი, მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომი.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დასკვნით ფაზაში, თავდაცვითი ოპერაციის რაიონში, „ბრავო“ ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა, საინჟინრო ასეულმა, 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნების ოცეულმა და სნაიპერთა ჯგუფმა. გეგმიური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დადებითად შეფასდა. სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.
კლიჩკოს თქმით, ტერიტორიული კომპრომისის შემთხვევაში, ზელენსკის რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 21 ივლისს, იტალიური მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, სავარაუდოდ, საჯარო რეფერენდუმის ჩატარება დასჭირდება, ვიდრე რუსეთთან რაიმე ტერიტორიულ კომპრომისზე დათანხმდება. ეს განცხადება უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინადადებას მოჰყვა. უკრაინული მედია, რომელიც ამ ინტერვიუს აქვეყნებს, წერს, რომ რამდენადაც ტრამპის გამარჯვება 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში უფრო სავარაუდო ხდება, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ის უკრაინის მხარეზე გადაიყვანონ და უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი პოტენციური შეთანხმება ხელსაყრელი იყოს კიევისთვის. „„მომავალი თვეები ძალიან რთული იქნება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის. მოუწევს გააგრძელოს ომი, თუ განიხილოს პუტინთან ტერიტორიული კომპრომისის შესაძლებლობა და თუ ასეა, რა ზეწოლა იქნება ამერიკიდან ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში? და როგორ უნდა ავუხსნათ ქვეყანას, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილები, რომლებიც ათასობით ჩვენი მებრძოლი გმირის სიცოცხლეს ემსხვერპლა? რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკზე წავა. მართალი გითხრათ, ომი უნდა მოვიგოთ, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო რთულდება, ეს დამოკიდებულია მოკავშირეების დახმარებაზე, კოშმარი იქნება კიდევ ორი წელი რომ მოგვიწიოს ბრძოლა. ზელენსკის, ალბათ, მოუწევს მიმართოს რეფერენდუმს. არ მგონია, მან შეძლოს ასეთი მტკივნეული და მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა დამოუკიდებლად, სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე. მისთვის გამოსავალი, შესაძლოა, იყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა, როგორც ისრაელში მოხდა „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მზად არის, დათმოს მის ხელში ცენტრალიზებული ძალაუფლება,“ - აღნიშნა კლიჩკომ. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების სამი მეოთხედი ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ტერიტორიულ დათმობებს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ეს მონაცემები 2023 წლის მაისში ოდნავ შემცირდა. როგორც უკრაინული მედია წერს, კლიჩკო და ზელენსკი დაპირისპირებულნი არიან ზელენსკის საპრეზიდენტო ვადის პირველივე წლიდან. მათი კონფლიქტი განმეორებით დაიწყო გამოძიებებისა და კიევის საქალაქო ადმინისტრაციის მერის გადაყენების მცდელობების დროს. კლიჩკომ ზელენსკი მის ოფისში „ძალაუფლების კონცენტრირების“ გამო ახლაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინის პარლამენტი არარელევანტური იყო. იმის გამო, რომ არჩევნების ჩატარება ახლა შეუძლებელია, კლიჩკო ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ უბიძგებდა. ტრამპის გამარჯვების გეშინიათ? ჟურნალისტის ამ შეკითხვას კლიჩკო პასუხობს: „ჩვენ მოგვიწევს მასთან მუშაობა, თუ მას აირჩევენ. მაგრამ ძალიან არ ვიჩქარებდი, ახლა საარჩევნო კამპანიის პიკში ვართ. რესპუბლიკური პარტია ყოველთვის ანტირუსული იყო, არ მესმის, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი პუტინის მიზეზებს. ვაშინგტონში ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთის დიქტატურა საფრთხეს წარმოადგენს დასავლური დემოკრატიული საზოგადოებებისთვის.“
ირანი, რუსეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს მართვენ
ირანმა, რუსეთმა, ყაზახეთმა, თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი წვრთნები "CASAREX24“ დაიწყეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ირანის საზღვაო ძალების ჩრდილოეთ ფლოტის მიერ ორგანიზებული სწავლება მიზნად ისახავს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას და მონაწილე ქვეყნების მზადყოფნის გაუმჯობესებას სამძებრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელებისას. ეს წვრთნები კასპიის ზღვაში ირანის ინიციატივით პირველად ტარდება. წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტიპის ირანული ხომალდები, მათ შორის, სარაკეტო კატარღები Paykan, Joshan, Derafsh და Separ, ასევე IRGC-ის (ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი) საზღვაო ქვედანაყოფი Martyr Basir. უსაფრთხოებისა და სამაშველო წვრთნებში მონაწილეობს რუსული ხომალდი SB 45. კასპიის ზღვის სანაპირო ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის, ირანის ისლამური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაცია, წვრთნების სხვადასხვა ეტაპს მონიტორინგს გაუწევენ.
სასამართლომ იუსტიციის საბჭოს არასამომართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნა შეაჩერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება შეაჩერა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშვნის შესახებ განკარგულება 15 ივლისს გამოსცა. განცხადებაში, რომელიც სასამართლომ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ 2024 წლის 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი (მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი). კაკოჩაშვილმა, რომელიც წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, მოითხოვა „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის [მანუჩარ კაკოჩაშვილის] დანიშვნის დავალება.“ სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. ამით სასამართლომ დააკმაყოფილა კაკოჩაშვილის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას, უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ამოეწურა. კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობდნენ: გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე; დიმიტრი გაბუნია - პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი; მანუჩარ კაკოჩაშვილი - ადვოკატი. კახა წიქარიშვილი - დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი; თამარ ალფაიძე - სეუ-ს პროფესორი. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ამ ხუთი კანდიდატიდან რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი, მათ შორის წიქარიშვილი გამოარჩია. ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განკარგულების შეჩერების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე მიუთითებს და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევაზე ამახვილებს ყურადღებას. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს საზოგადოებას, საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს - ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შერჩევის პროცესს. ადმინისტრაცია ყველას მოუწოდებს ამ საკითხზე სათანადო რეაგირებისკენ. „დღეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა, ამჯერად უკვე საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი. მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით, აქვს სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი,“ - განაცხადა მსხილაძემ. მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა: „პირველი, თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ; მეორე, ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა; მესამე, ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა, მიუღებელი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის.“
ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს
ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ავრცელებს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს „ისტორიული გადაწყვეტილებებისთვის“ მადლობა გადაუხადა. „მივესალმებით საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებს, ევროპული ფონდის ფარგლებში სომხეთის მიმართ მხარდაჭერის გამოყოფისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა არარატ მირზოიანმა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა. არარატ მირზოიანმა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს „სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი ეტაპი“ უწოდა. ევროკავშირი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ათი მილიონი ევროთი დაეხმარება სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა ბოლო თვეებში, რუსეთთან სწრაფად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, დასავლეთის ქვეყნებთან კავშირების დამყარებას ჩქარობდა. სომეხი ოფიციალური პირები მოსკოვს ადანაშაულებენ მეზობელი და დიდი ხნის კონკურენტი აზერბაიჯანისგან მის ვერდაცვაში.
თურქეთსა და საბერძნეთს შორის ახალი ხიდის აშენება იგეგმება
თურქეთსა და საბერძნეთს შორის ახალი ხიდი აშენდება. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხიდის პროექტი დასასრულს უახლოვდება. მისივე თქმით, პროექტის ტენდერი 2024 წელს იგეგმება. ურალოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება ათენში 2004 წელს გაფორმდა. „პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ თურქეთისა და საბერძნეთისთვის, არამედ, მთელი რეგიონისთვის. ეს გააძლიერებს მეგობრობას და თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის," - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, ხიდის სიგრძე 841 მეტრი იქნება.
ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, „დემოკრატიულმა პარტიამ“ $55 მილიონზე მეტი შემოწირულობა შეაგროვა - Politico
აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, მცირე დონორების ActBlue პლატფორმაზე 55 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეაგროვა. Politico-ს ცნობით, ბაიდენის განცხადებიდან პირველ ხუთ საათში 27.5 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. მოგვიანებით, ActBlue-მ განაცხადა, რომ ერთ დღეში 46.7 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც 2024 წლის ციკლისთვის პლატფორმის ყოველდღიურ რეკორდს წარმოადგენს. ეს თანხა მოხმარდება როგორც კამალა ჰარისის, ასევე, სხვა დემოკრატი კანდიდატების კამპანიას. კამალა ჰარისი პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში ერთვება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ნოემბერში მეორე ვადით კენჭს არ იყრის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პირველი საჯარო გამოსვლისას განაცხადა, რომ თანამედროვე ისტორიაში ჯო ბაიდენის მიღწევები შეუდარებელია. „ერთ ვადაში, მან იმ პრეზიდენტების მემკვიდრეობას გადააჭარბა, რომლებმაც ორი ვადის განმავლობაში იმსახურეს. პირველად ჯო ბაიდენი მისი შვილის, ბოს მეშვეობით გავიცანი. მაშინ ჩვენს შტატებში გენერალურ პროკურორებად ვმუშაობდით და ბო მამის შესახებ ისტორიებს ხშირად მიყვებოდა. ის მიყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორი მამა და როგორი ადამიანია ჯო ბაიდენი. თვისებები, რომლებსაც ბო პატივს სცემდა, ის თვისებებია, რომლებსაც მე ჩვენს პრეზიდენტში ყოველდღე ვხედავ, მისი პატიოსნება, მისი რწმენისა და ოჯახის ერთგულება, მისი დიდი გული და ჩვენი ქვეყნის სიყვარული. მე პირადად ვარ მოწმე იმისა, თუ როგორ იბრძვის ყოველდღე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნის წინაშე მისი სამსახურისთვის ჩვენ ღრმად მადლობელი ვართ,“ - განაცხადა კამალა ჰარისმა. კამალა ჰარისმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს კამპანიის პირველი სრული დღეა და დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში მიემგზავრება, სადაც ბაიდენ-ჰარისის საარჩევნო კამპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი: ჩვენი მისია ქვეყნის ლიდერების დაცვაა, ეს ვერ შევძელით - ნებისმიერ შეცდომაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩიტლიმ განაცხადა, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპის დაცვის მისია ვერ შეასრულა. კიბერლი ჩიტლის თქმით, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის კითხვებს პასუხობდა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 13 ივლისის მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს. „საიდუმლო სამსახურის მისიას ჩვენი ქვეყნის ლიდერების დაცვა წარმოადგენს. 13 ივლისს ჩვენ ეს ვერ შევძელით. მე, როგორც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეცდომაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ,“ - აღნიშნა კიბერლი ჩიტლიმ. ცნობისთვის, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენებმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა კიმბერლი ჩიტლიმ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
მილერი: მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი
„მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი,“ - ეს კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამის შეკითხვას უპასუხა. მეთიუ მილერის თქმით, აშშ რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევის მცდელობებს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდება. „ჩვენ გვინახავს რუსეთის არამხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ, არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში და ამას ყოველთვის ფხიზლად ვაკვირდებით. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. როგორც ცნობილია, დაახლოებით, ორი კვირის წინ, საქართველოში ვიზიტის შეჯამებისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უზრა ზეიამ სამი გზავნილი გაახმოვანა, ერთ-ერთი მათგანი სწორედ „ყველა ქართველისთვის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების მხარდაჭერას“ მოიცავდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებთან გამკლავებას გააგრძელებს. ბლინკენის თქმით, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, მათ შორის, სოციალური მედიის კომპანიების წახალისებით, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი შინაარსის ინფორმაცია გამოავლინონ. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება შეგახსენებთ, გასული წლის 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა. NATO მოელის, რომ ევროკავშირის არჩევნების ფონზე რუსეთის კიბერშეტევები და დეზინფორმაცია გააქტიურდება
უკრაინის ომზე ორბანის პოზიციის გამო, ევროკავშირი მინისტრების შეხვედრას ბუდაპეშტის ნაცვლად, ბრიუსელში გამართავს
ორბანის ე.წ. სამშვიდობო ვიზიტების გამო, ევროკავშირი უნგრეთში მინისტრების შეხვედრას აუქმებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტის ნაცვლად ბრიუსელში გაიმართება. ბორელმა განმარტა, რომ აგვისტოს ბოლოს ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა ახლა ბრიუსელში გაიმართება, მას შემდეგ რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვსა და პეკინს ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე ეწვია და მისმა მთავრობამ ევროკავშირის პოლიტიკას "ომის მომხრე" უწოდა. ჯოზეფ ბორელის თქმით, დღეს გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვიქტორ ორბანის ე.წ. სამშვიდობო მისიები ერთი წევრი სახელმწიფოს გარდა ყველამ გააკრიტიკა. „ზოგიერთს ბუდაპეშტში წასვლა სურდა, ზოგიერთს იქ წასვლა არ სურდა, ზოგიერთმა თქვა, რომ უმაღლეს წარმომადგენელს გადაეწყვიტა. მივხვდი, რომ ჩვენ სიგნალი უნდა გავგზავნოთ, თუნდაც ეს სიმბოლური იყოს... გადავწყვიტე, რომ არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის მოწვევა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. „ჩვენ გავაანალიზეთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები და ქმედებები“ განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა. მანვე განმარტა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა არ არის ომის მომხრე პოლიტიკა. „ჩვენ კატეგორიულად უარვყავით ეს,“ - აღნიშნა ბორელმა და განმარტა, რომ „ერთადერთი, ვინც ომის მომხრეა, ეს პუტინია.“ ევროკავშირის საბჭოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრები ბუდაპეშტში 28-დან 30 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო სააგენტო Reuters-ი ბორელზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა გაიმართება ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტები მდებარეობს. შეხვედრის გადავადების შესახებ განცხადება 22 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიმდინარე შეხვედრის ფარგლებში გახმოვანდა. გარდა ამისა, როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, შეხვედრაზე ბევრმა ევროპელმა მინისტრმა პირდაპირ გამოხატა საკუთარი პოზიცია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან პირად საუბარში. პირველი ივლისიდან უნგრეთი როტაციის წესით, ექვსი თვით გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. მეორე დღესვე ვიქტორ ორბანი გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა კიევსა და მოსკოვში. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მის ვიზიტებს "სამშვიდობო მისია" უწოდა და ისაუბრა ბუდაპეშტის შესაძლო შუამავლობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში. ორბანი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი „ომის მომხრე პოლიტიკას წარმართავს.“ ევროკავშირის ხელმძღვანელებმა ვიქტორ ორბანის მიერ მათთან შეუთანხმებელი ვიზიტები დაგმეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეახსენა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი არ აძლევს ევროკავშირის სახელით საერთაშორისო არენაზე მოქმედების უფლებას და მას ევროკავშირისგან არ მიუღია მოლაპარაკებებში მონაწილეობის მანდატი. 16 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ევროკომისიამ უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა. 16 ივლისს ევროპარლამენტის 63-მა დეპუტატმა ევროკავშირის ხელმძღვანელებს მოუწოდა, უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვან.