ძებნის რეზულტატი:

ზუგდიდის სპეცოპერაციის შედეგან, ყველა მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი კი გაიქცა

ზუგდიდის სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში აყვანილი ყველა მძევალი თავოსუფალია, თავად თავდამსხმელი კი გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა. შს სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, თუმცა მასში არ არის ხაზგასმული, რა მიმართულებით გაიქცა თავდამსხმელი და წაიღო თუ არა მან ნახევარი მილიონი დოლარი. ბოროტმოქმედმა, მძევლები და მანქანა, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში დატოვა. გათავისუფლებულ მძევლებს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებათ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად. პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, დაახლოებით 14:30სთ-ზე დაიწყო, მაშინ როცა შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ხალხის ნაწილმა, სახანძრო კიბით მოასწრო გაქცევა, ნაწილი კი ბოლოტმოქმედთან ერთად ბანკში, საღამომდე იმყოფებოდა. მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელი მძევლებს ეტაპობრივად ათავისუფლებდა და მოთხოვნეს, ერთ-ერთი დაკავებულის საშუალებით, პირდაპირ ეთერში აჟღერებდა.

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა. გამოცემა The Guardians-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 26 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 1 000 357-ს შეადგენს. საფრანგეთში კორონავირუსს 34 075 ადამიანი ემსხვერპლა, 107 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი ესპანეთის შემდეგ ევროპის მე-2 ქვეყანაა, სადაც კოვიდინიფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოს მასშტაბით კი, ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს 7 ქვეყანაში - აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთში, არგენტინაში, ესპანეთსა და საფრანგეთში გადააჭარბა.

საქართველოში, კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. სულ საქართველოში კორონავირუსის 22803 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 6 პაციენტი და საერთო რაოდენობამ 178-ს მიაღწია.

აშშ-ს დაზვერვა: რუსეთმა და ირანმა ამომრჩევლების სარეგისტრაციო ინფორმაცია მოიპოვეს

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის უფროსმა, ჯონ რეტკლიფმა თქვა, რომ რუსეთმა და ირანმა ამერიკელი ამომრჩევლების ნაწილის სარეგისტრაციო ინფორმაცია მოიპოვეს. მოპარული ინფორმაცია მათ რეგისტრირებული ამომრჩევლებისათვის ყალბი ინფორმაციის გასაგზავნად გამოიყენეს. მიზანს ქაოსის შექმნა და აშშ-ს არჩევნების და დემოკრატიისადმი რწმენის შერყევა წარმოადგენდა. მისივე თქმით, ირანი დგას დემოკრატი ამომრჩევლებისათვის გაგზავნილი ელექტრონული წერილების უკან, რომელთა მიზანს მათი დაშინება წარმოადგენდა. ისინი თავს ტრამპის მხარდამჭერ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფად აჩვენებდნენ და ცდილობდნენ არეულობა წაეხალისებინათ. "არჩევნების დღეს ხმას მისცემ ტრამპს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგაკითხავთ", "შეიცვალე პარტია, გახდი რესპუბლიკელების მხარდამჭერი, გაგვაგებინე, რომ მიიღე ჩვენი გზავნილი და დაემორჩილები" - ნათქვამი იყო წერილებში. აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით მსგავსი ქმედებები არ განუხორციელებია რუსეთს, თუმცა იციან, რომ მოპარული ინფორმაცია მათაც აქვთ. ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ მოიპოვეს რუსეთმა და ირანმა ეს ინფორმაცია. ზოგიერთ შტატში ამომრჩევლების სარეგისტრაციო ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, სხვა შტატებში კი მისი გამოთხოვა მხოლოდ კონკრეტულ პირებს განსაზღრული მიზნებისათვის შეუძლიათ. აშშ-ს დაზვერვა არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა ტიპის ინფორმაცია მოიპოვა რუსეთმა და ირანმა. "თუ თქვენ მიიღებთ შემაშინებელ ან მანიპულაციურ გზავნილს ელექტრონულ ფოსტაზე, ნუ შეშფოთდებით და ნუ გაავრცელებთ მას". - მიმართა დაზვერვის უფროსმა ამომრჩევლებს. გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, კრისტოფერ ვრაის თქმით, აშშ-ს საარჩევნო სისტემა კვლავ უსაფრთხო და გამძლეა. რეტკლიფმა განცხადება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 13 დღით ადრე გააკეთა. რუსეთმა აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც სცადა ჩარევა. მაშინ ე.წ. ტროლების ქარხნებმა ათასობით ყალბი ანგარიში შექმენს, თავს ამერიკელ ამომრჩევლებად აჩვენებდნენ და დაპირისპირების წამახალისებელ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ჰაკერული თავდასხმა მოხდა დემოკრატიული პარტიის სისტემებზეც.

რუსეთისგან სამხედრო-საველე ჰოსპიტალს ოკუპირებული ცხინვალიც ითხოვს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის დავალებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაიგზავნა წერილი „სამხრეთ ოსეთში“ სამხედრო-საველე ჰოსპიტლის გაგზავნის თხოვნით,– იუწყება სააგენტო „რესი“. დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იბრაჰიმ გასეევი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს წერს, რომ რესპუბლიკაში კორონავირუსული ინფექციის აფეთქებაა და თხოვს, რაც შეიძლება მოკლე ვადაში განათავსონ 150 ადგილიანი ჰოსპიტალი და მიავლინონ შესაბამისად აღჭურვილი სპეციალისტები. ოკუპირებულ ცხინვალშიბ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად 15 სექტემბრიდან მოიმატა, რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, მაისიდან 21 ოქტომბრამდე გამოვლენილია სულ 305 შემთხვევა, მათგან 215 „საზღვრის“ გახსნის შემდეგ. სავალე ჰოსპიტლის გარდა, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ითხოვს რუსეთის არმიის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ბიოლაბორატორიას PCR-ტესტირებისთვის და რეგიონის სამხედრო ნაწილებსა და სოციალურ ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად. დაახლოებით ერთი კვირის ხნის წინ, რუსეთს ასეთივე თხოვნით მიმართა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამაც. აპრილიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 3172 შემთხვევა. მათგან 1278 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 32 ადამიანი.

მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის სპეცოპერაციას აფასებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მაღალჩინოსანი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკის შენობაზე მომხდარ თავდასხმას. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის, რაც ხალხმა გუშინ იხილა, საქართველოში არცერთი ხელისუფლების პერიოდში არ იყო წარმოსადგენი, მათ შორის არც ედუარდ შევარდნაძის მმმართველობის დროს. "ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფო მათ პრაქტიკულად გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოში აღარ არის სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდების და კრიმინალების ჰიბრიდი". – ამბობს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში. ენმ-ს ლიდერის თქმით, მაშინ, როდესაც ყაჩაღი თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული, სავარაუდოდ, გატაცებული მანქანით ქუჩაში გადაადგილდებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პოლიცია დაკავებული იყო იმით, რომ ეკონტროლებინა სიტუაცია ზუგდიდში, სადაც ენმ-ს აქცია იყო დაგეგმილი. "მთელი სუს-ი და პოლიცია გადართული იყო იმაზე, "მარშუტკა" არავის არ წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, სურათებს უღებდნენ ხალხს და მათ აღარ ეცალათ ნამდვილად მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის და არ ეცალათ კრიმინალისთვის. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ". – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტი მომხდარს "წარმოუდგენლად" აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სრული დაუცველობის განცდა აქვთ, როგორც ჯანმრთელობის და ფინანსური კუთხით, ისე ფიზიკურადაც. "ეს ყველაფერი გააკეთა პირადად ივანიშვილმა, რომელიც მთელი ეს პერიოდი მოგვიწოდებდა, გაგებით მოვკიდებოდით კრიმინალს, ეს ყველაფერი გააკეთა იმან, ვინც მოვიდა რამდენიმე თვის ბავშვის მკვლელობით ხელისუფლებაში და ეს ყველაფერი უნდა ლოგიკურად დასრულდეს რამდენიმე დღეში, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, რაც მოხდა გუშინ, მიიღებს ბევრად უფრო მასშტაბურ და გავრცელებულ ხასიათს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ, საქართველო ამას არ დაუშვებს, ქართველი ხალხი იმსახურებს ნორმალურ პირობებში ცხოვრებას". – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა, გაიქცა, მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი კი გაათავისუფლა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საკითხზე "კონფლიქტი საქართველოში“ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საკითხზე, „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ რიგით მეშვიდე გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 ოქტომბერს მიღებულ დოკუმენტში, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში წელსაც მკაფიოდ დაფიქსირებულია, რომ კონფლიქტი ევროპის საბჭოს ორ წევრ ქვეყანას - რუსეთსა და საქართველოს შორისაა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის უკანონო ქმედებები, მათ შორის გახშირებული სამხედრო წვრთნები და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაძლიერება, საქართველოს რეგიონებთან ე.წ. ხელშეკრულებების დადება, ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობასთან შერწყმა, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების საინფორმაციო და საკოორდინაციო გაერთიანებული ცენტრების შექმნა, ე.წ. საბაჟო პუნქტების ფუნქციონირება საქართველოს ორივე რეგიონში, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უკანონო ბარიერებისა და მავთულხლართების ინსტალაცია, მათ შორის გუგუთიანთკარისა და ჩორჩანა/წნელისის არეალში ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვა ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს, რაც საქართველოს ორი რეგიონის სტატუსის შეცვლისკენაა მიმართული, მათ შორის ე.წ. პასპორტების გაცემას და უცხოელი რეზიდენტების სტატუსის შემოღებას, არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი ძალა. მინისტრთა კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დაუსჯელობის გამო, რაც ახლავს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტებს. ასევე, გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამო. დოკუმენტი მკაცრად გმობს, აფხაზეთის რეგიონში გადაადგილების შეზღუდვებს და ცხინვალის რეგიონში „გამშვები პუნქტების“ ხანგრძლივ დაკეტვას, რის გამოც უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებაში უწევს ცხოვრება ადგილობრივ მოსახლეობას. მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირები კვლავ მოკლებულნი არიან ფუნდამენტურ უფლებას, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელშესახები შედეგების მისაღწევად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს მაღალი პრიორიტეტულობა გააჩნია. ამავდროულად, გამოთქმულია შეშფოთება 2018 წლის ივნისიდან, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების შეჩერების გამო. მინისტრთა კომიტეტი ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას: - შექმნას ყველა პირობა საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის; - შეწყვიტოს ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმა გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის მიმართ, უცხოელი რეზიდენტის სტატუსით რეგისტრაციისა და სახელის შეცვლის მოთხოვნის ჩათვლით; - მოხსნას ყველა წინააღმდეგობა საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტების ობიექტური გამოძიებისა და დამნაშავე პირთა დასჯის მიზნით; - დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევისკენ მიმართული პოლიტიკა, მოხსნას შეზღუდვები ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად, შეწყვიტოს სამედიცინო ევაკუაციის აკრძალვა განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიის ფონზე, შეწყვიტოს პირთა უკანონო დაკავება, მათ შორის ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით და გახსნას ე.წ. გამშვები პუნქტები; - უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება და შეაჩეროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება.ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური დოკუმენტია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ვითარების შესაბამისი შეფასება და იმ გარემოების ხაზგასმა, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ რეგიონში, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

"ამ შეშლილ სამყაროში ბელარუსსა და რუსეთს ცოტა მეგობარი ჰყავთ"

ჩვენს გარშემო, სამოკავშირეო სახელმწიფოს გარშემო, მარტივი ვითარება არ არის, - ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან, სერგეი ნარიშკინთან, დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსსა და რუსეთს ბევრი მეგობარი არ ჰყავთ თუმცა მათ მიმართ ინტერესი ყველას აქვს. „ბელარუსს და რუსეთს ამ შეშლილ სამყაროში, განსაკუთრებით კი ამ პანდემიისგან გადარეულში, ცოტა მეგობარი ჰყავთ. ჩვენს მიმართ კი ინტერესი ყველას აქვთ. ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ “, – აღნიშნა ლუკაშენკომ. მან სერგეი ნარიშკინს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიდან ინფორმაციის რეგულარული მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ალექსანდრე ლუკაშენკოსა და სერგეი ნარიშკინს შორის შეხვედრა მინსკში გაიმართა.

ზურაბ ჯაფარიძე საჯარო აქტივობებს ზღუდავს

გირჩის ლიდერი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე საჯარო აქტივობებს ზღუდავს. აღნიშნულის მიზეზი, მისი შვილის კოვიდინფიცირებაა. "კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამჟამად ბევრად უკეთესადაა. სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა სამწუხაროდ ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო. კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ. 31-ში უნდა მოვიგოთ." - წერს ჯაფარიძე. 22 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა.

"საზღვრის" გადაკვეთის შემთხვევაში, სოხუმი თავდამსხმელს თბილისს გადასცემს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, თუ დამნაშავემ, რომელმაც ზუგდიდში ბანკზე თავდასხმა განახორციელა, „საზღვარი“ გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას SOVA ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შამბა არარეალურს უწოდებს თავდამსხმელის მიერ აფხაზეთში შესაძლო გადასვლის ფაქტს, თუმცა, მისივე განმარტებით, „რეგიონში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს“. კითხვაზე, დაკავების შემთხვევაში გადასცემს თუ არა დამნაშავეს აფხაზური მხარე თბილისს, შამბამ უპასუხა: “რა თქმა უნდა”. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს 21 ოქტომბერს დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ მძევლებს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

აღნიშნული გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ რუსთავის სამრეწველო ზონაში მდებარე ყველა უმსხვილესი საწარმოს სრული ინსპექტირების და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდა. გეგმის მიზანია რუსთავსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, რაც გარემოს გაჯანსაღების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა სამრეწველო გაფრქვევების რეგულაციის კუთხით გაწერილ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს: სამრეწველო ობიექტებიდან გადაჭარბებული გაფრქვევებისთვის ჯარიმების მნიშვნელოვნად გაზრდა; მსხვილ საწარმოებში გაფრქვევების უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის დაწესება; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის გაფრქვევების მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში საწარმოს გაჩერების უფლების მინიჭება; სამრეწველო სექტორის გაფრქვევების რეგულირების თანამედროვე ევროპული საკანონმდებლო ბაზის შემუშავება; უფრო აქტიური გარემოსდაცვითი ზედამხედველობის განხორციელება მსხვილ სამრეწველო საწარმოებზე; აღსანიშნავია, რომ რუსთავის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნები არსებულ 25 მსხვილ საწარმოზე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ სამრეწველო ობიექტზე გავრცელდება. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საწარმოებს ობიექტებზე თანამედროვე მტვრის შემაკავებელი ფილტრაციის სისტემების დაყენება და გაფრქვეული ნივთიერებების მონიტორინგი დაევალებათ. გეგმის ბიუჯეტი 62 მლნ ლარს აღემატება. მნიშვნელოვანია, რომ სამრეწველო გაფრქვევების რეგულირებასთან ერთად, გეგმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ქალაქში გამწვანებული არეალების გაზრდა, საგზაო ინფრასტრუქტურის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაფართოება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 მლნ დოლარი გაყიდა

2020 წლის 22 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2173 შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები წელს არაერთხელ გაყიდა. მხოლოდ ოქტომბერში სებ-მა უკვე 110 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე, სექტემბერში კი - 150 მილიონზე მეტი. საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. დღეს 1 დოლარი ოფიციალურად 3.2274 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.8267 ლარი. ამ პერიოდში ლარი ევროსთან 77 თეთრით გაუფასურდა, ხოლო დოლართან - 40 თეთრით.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო თვითიზოლაციაში გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მინისტრმა იზოლაციაში გადასვლის გადაწვეტილება ოჯახის ერთ-ერთი წევრის ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო მიიღო. მიხაილ მურაშკოს ასისტენტის თქმით, ჯანდაცვის მინისტრი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 15 000–ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსს 25 242 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 1 463 306 შემთხვევა. კორონავირუსის მეორე ტალღა რუსეთში სექტემბერში დაიწყო. თვის განმავლობაში ახალი პაციენტების დღიური რაოდენობა 5-დან 10 ათასამდე გაიზარდა, ოქტომბრის პირველი ორი კვირის განმავლობაში ზრდა განაგრძო და ახლა უკვე 15 ათასს ასცდა. 14 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებს მეორე რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ განუცხადა. მისი მტკიცებით, ვაქცინა სახელწოდებით “ეპივაქკორონა” ნოვოსიბირსკის ცენტრმა “ვექტორმა” დაარეგისტრირა. ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს მომავალში ელიან მესამე ვაქცინის დარეგისტრირებასაც – ამჯერად მეცნიერებათა აკადემიის იმუნობიოლოგიური პრეპარატების შემუშავებისა და კვლევის ცენტრის ავტორობით. პირველი რუსული ვაქცინის შექმნის შესახებ ქვეყანას ასევე პრეზიდენტმა პუტინმა აცნობა. თუმცა არც ერთი სერიოზული მეცნიერი მსოფლიოში მას არ ენდობა. მკვლევარები მიუთითებენ სერიოზულ კითხვებზე ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსი გამომგონებლების მიერ ვაქცინის გამოცდის III – გადამწყვეტი მნიშვნელობის მესამე ფაზის სრულად გამოტოვება და გამოსაცდელთა მერისმეტად მცირე რაოდენობაა. იხილეთ ასევე: კითხვები რუსული ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 136 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 518 000–ზე მეტი ადამიანი, 30 931 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 გარდაიცვალა.

„არჩევნების დროს საერთაშორისო დამკვირვებლები მსოფლიოს თვალები და ყურები არიან“

საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების დროს მსოფლიოს თვალები და ყურები არიან,– ნათქვამია საქართველოში აშშ–ის საელოს განცხადებაში. განცხადების თანახმად, ამერიკის საელჩო სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფებს „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან“, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტიდან“ და „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდიდან“. „არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა" - განუცხადა ელჩმა დეგნანმა დამკვირვებლებს მათი სამუშაოს განხილვისას.

შს მინისტრის განცხადებით, მძარცველისთვის გადაცემული თანხა, საქართველოს ბანკმა გადაიხადა

მძარცველს თანხა საქართველოს ბანკმა გადაუხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. „ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის, „საქართველოს ბანკის“ თანხაა. ეს ასე ხდება, ყველგან ხდება, მსოფლიოში ასე ხდება, როცა ბანკში შედიან და იყვანენ მძევლებს.... ყველამ იცის და მეკითხებით - „თიბისი ბანკი“ ხომ არ გადაიხდის, „საქართველოს ბანკში“ იყო ხალხი შესული?“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გომელაურმა. კითვაზე, ჰყავდა თუ არა, ბანკზე თავდამსხმელს თანამზრახველები, შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს. „ვინ თქვა, რომ მარტო იყო ან ვინ თქვა, რომ მარტო არ იყო? გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს რა თქმა უნდა“, - განაცხადა გომელაურმა. კითხვაზე, იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი, ან იმყოფება თუ არა ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, აცხადებს, რომ „ამაზე ვერ გასცემს პასუხს, რადგან გამოძიება მიდის“. შეგახსენებთ, რომ მძარცველი საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში, 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:20 სთ-ზე შეიჭრა. მან ნახევარი მილიონი მოითხოვა და 8 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. მოგვიანებით კი მძევლები ტყეში დატოვა და გაიქცა.

აშშ-ში კორონავირუსის 71 671 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 856 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 71 671 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 407 702-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 856 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 223 032-ს მიაღწია. ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ჯო ბაიდენი:"ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც აშშ-ის არჩევნებში ჩაერევა, საფასურს გადაიხდის"

ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც აშშ-ის არჩევნებში ჩაერევა, საფასურს გადაიხდის, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელევიზიო დებატების დროს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას განაცხადა. „ნებისმიერი ქვეყანა, რომელივ ჩაერევა აშშ-ის არჩევნებში, საფასურს გადაიხდის. თვალსაჩინოა, რომ 2020 წლის არჩევნებში რუსეთი ერევა. ასევე ერევა ჩინეთი და ახლა შევიტყვე, რომ იმავეს აკეთებს ირანიც. თუ მე პრეზიდენტად ამირჩევენ, ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. ისინი აშშ-ის სუვერენიტეტში ერევიან. როგორც ვიცი, პრეზიდენტმა ტრამპმა მსგავსი ჩარევების შესახებ რუსეთის პრეზიდენტს არაფერი უთხრა. არ ვიცი რატომ არ უთხრა, მაგრამ ეს ასეა. არც ის ვიცი, ელაპარაკა თუ არა ტრამპი არჩევნებში ჩარევის თემაზე ირანელებს. ახლა არის სიტუაცია, როდესაც უცხო ქვეყნები ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ ჩვენი არჩევნების შედეგებზე. ტრამპის მრჩეველ რუდი ჯულიანს რუსეთი მარიონეტად იყენებს. მას სპეციალურად აწვდიან ინფორმაციას, რომელიც სიმართლე არ არის. რუსეთის ქმედებების მიზანია, რომ მე აშშ-ის პრეზიდენტად არ ამირჩიონ, რადგან რუსებს კარგად ვიცნობ და ისინიც მიცნობენ. ვერ გეტყვით, რატომ არაფერს ეუბნება პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, როდესაც რუსეთი ჯილდოს უხდის იმ ხალხს, ვინც ავღანეთში ამერიკელ სამხედროებს დახოცავს. რატომ არაფერს ეუბნება ტრამპი პუტინს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ნატო-ს დესტაბილიზაციას ცდილობს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებული პაციენტებიდან 397 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „აჭარის რეგიონში-487 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში- 356, ქვემო ქართლში-36, შიდა ქართლში-35, გურიაში -17, სამეგრელო-ზემო სვანეთში-69, კახეთში-24, მცხეთა -მთიანეთში-12, სამცხე ჯავახეთში-30, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7, თბილისში -686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება“,-განაცხადა ბერია სიჭინავამ. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9 751-მდე გაიზარდა. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 183-ს შეადგენს.

მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას იძლევა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც მოხდეს

მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას იძლევა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც მოხდეს. შესაბამისი განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა. „მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ, რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომაროება მოითხოვს და ეს ქალაქებია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, პირბადის ტარება მოხდეს გარე სივრცეებშიც, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ღია სივრცეებში პირბადე ვატაროთ. ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების - შსს-სა და შრომის ინსპექციის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება ცნობიერების ამაღლებასა და მითითებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამაზე პოლიციის რესურსის გამოყენება არ იქნება საჭირო. ამას ამ ეტაპზე აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, თუმცა, მკაცრი რეკომენდაციაა, გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ, რომ არ დაგვჭირდეს გარე სივრცეებზეც ჯარიმის დაწესება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ წესს მოქალაქეები შეასრულებენ. პირბადე და დისტანცია არის ერთადერთი ქმედითი საშუალება ვირუსის გავრცელების შესანელებლად", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას ტოვებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თანამდებობას ტოვებს. ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალ მდივანს 30 ოქტომბერს აირჩევენ. ცნობისთვის: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე 2017 წელს აირჩიეს. მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტი 4 წლის ვადით ჩაიბარა. მან თანამდებობაზე ლევან მურუსიძე შეცვალა. საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ამბობს, რომ სასამართლო სისტემა საპარლამენტო არჩევნებისთვის "სერიოზულად ემზადება". "ვგულისხმობ იმას, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს თანამდებობების დაკავების და როლების გადანაწილების პროცესი. ამჯერად გიორგი მიქაუტაძე მიდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობიდან. საპარლამენტო არჩევნების წინ, 30 ოქტომბერს მოსამაართლეთა კონფერენციაა ჩანიშნული, სადაც საბჭოს 2 მოსამართლე წევრს და საბჭოს ახალ მდივანს აირჩევენ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მიქაუტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს". - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.